ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 52
მხარში ამოუდექით სხვებს გაჭირვების დროს
„ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვისაც ეკუთვნის, როცა დახმარების გაწევა შეგიძლია“ (ᲘᲒᲐᲕ. 3:27).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 103 მწყემსები — ძღვენი ადამიანთა სახით
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. ხშირ შემთხვევაში როგორ პასუხობს იეჰოვა თავისი მსახურების ლოცვებს?
ᲒᲘᲤᲘᲥᲠᲘᲐᲗ იმაზე, რომ შეიძლება თქვენ გახდეთ ვინმეს ლოცვაზე პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა უხუცესი ხართ, მომსახურე, პიონერი თუ ზოგადად მაუწყებელი, არც თქვენს ასაკს და სქესს აქვს მნიშვნელობა — ყველას შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ გაჭირვებაში მყოფ თანაქრისტიანებს. როცა იეჰოვას თავისი რომელიმე მსახური შესთხოვს დახმარებას, ის უხუცესებს და სხვა ერთგულ მსახურებს იყენებს მის დასახმარებლად და სანუგეშებლად (კოლ. 4:11). რამხელა ბედნიერებაა, რომ იეჰოვას შეუძლია ამ კუთხით გამოგვიყენოს! ამის საშუალება უფრო მეტად ეპიდემიების, სტიქიური უბედურებებისა თუ დევნების დროს გვეძლევა.
ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲔᲞᲘᲓᲔᲛᲘᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ
2. რატომ ხდება რთული ეპიდემიის დროს სხვების დახმარება?
2 ეპიდემიის დროს რთული ხდება სხვების დახმარება. მაგალითად, შეიძლება გვინდოდეს და-ძმების მონახულება, მაგრამ ეს არ იყოს მიზანშეწონილი. ასეთ დროს ვერც მათ ვეპატიჟებით სადილზე, ვისაც ეკონომიკურად უჭირს. შეიძლება ძალიან გვინდა სხვების დახმარება, მაგრამ ჩვენივე ოჯახის წევრი გვყავდეს დასახმარებელი. როგორც არ უნდა იყოს, იეჰოვა ხედავს ჩვენს სურვილს და გვიფასებს, რასაც შეძლებისდაგვარად ვაკეთებთ და-ძმებისთვის (იგავ. 3:27; 19:17). კონკრეტულად რისი გაკეთება შეგვიძლია სხვებისთვის?
3. რისი სწავლა შეგვიძლია დეზის კრების უხუცესებისგან? (იერემია 23:4).
3 უხუცესების როლი. თუ უხუცესად მსახურობთ, უკეთ გაეცანით კრებაში და-ძმებს და დაუახლოვდით მათ (წაიკითხეთ იერემიას 23:4). წინა სტატიაში მოხსენიებული დეზიb ასეთ რამეს ამბობს: „ადრე ჩემი სამქადაგებლო ჯგუფის უხუცესებთან ხშირად ვმსახურობდი და თავისუფალ დროსაც ვურთიერთობდი“. ამიტომ უხუცესებს გაუადვილდათ დეზის დახმარება, რომელმაც ᲙᲝᲕᲘᲓ-19 პანდემიის დროს ახლობლები დაკარგა.
4. რატომ გაუადვილდათ უხუცესებს დეზის დახმარება და რას ასწავლის ეს ძმებს?
4 დეზი ამბობს: „რადგან უხუცესებთან ვმეგობრობდი, მათთვის ჩემი გრძნობების და დარდის გაზიარება არ გამჭირვებია“. ასე რომ, უხუცესებო, მანამდე უნდა იყოთ კარგი მწყემსები, სანამ საგანგებო სიტუაცია შეიქმნება. იმეგობრეთ თქვენი კრების და-ძმებთან. თუ ეპიდემიის გამო ვერ ახერხებთ მათთან პირადად მისვლას, საკონტაქტოდ სხვა გზები გამონახეთ. აი, რას გვეუბნება დეზი: „ზოგჯერ ერთსა და იმავე დღეს რამდენიმე უხუცესი მირეკავდა და მწერდა. მართალია, ისინი ნაცნობ მუხლებს მიზიარებდნენ, მაგრამ ეს მუხლები ძალიან ეხებოდა ჩემს გულს“.
5. როგორ შეუძლიათ უხუცესებს გაიგონ, რა სჭირდებათ და-ძმებს და დაეხმარონ მათ?
5 დაუსვით და-ძმებს ტაქტიანი კითხვები და ასე გაიგეთ რა სჭირდებათ მათ (იგავ. 20:5). მაგალითად გაიგეთ, აქვთ საჭმელი, წამლები თუ სხვა საჭირო ნივთები? უმუშევრები ხომ არ დარჩნენ, რის გამოც უჭირთ გადასახადების გადახდა? რამის გარკვევა ხომ არ სჭირდებათ მთავრობისგან დახმარების მისაღებად? მართალია, დეზის და-ძმები მატერიალურად დაუდგნენ მხარში, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით დამხმარე აღმოჩნდა უხუცესების მხრიდან ემოციური და სულიერი მხარდაჭერა. ის ამბობს: „უხუცესები ჩემთან ერთად ლოცულობდნენ. რას ამბობდნენ, არ მახსოვს, მაგრამ ის კი არასდროს დამავიწყდება, რასაც მაშინ ვგრძნობდი. თითქოს იეჰოვა მეუბნებოდა, შენ გვერდით ვარო“ (ეს. 41:10, 13).
ძმას, რომელიც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას უძღვება, ახარებს როგორც დარბაზში მყოფი და-ძმების, ისე ვიდეოკონფერენციით ჩართული ავადმყოფი ძმის კომენტარების მოსმენა (იხილეთ აბზაცი 6).
6. როგორ შეუძლია თითოეულს თავისი წვლილი შეიტანოს სხვების გამხნევებაში? (იხილეთ სურათი).
6 სხვების როლი. მართალია, ინიციატივა უხუცესებმა უნდა აიღონ, მაგრამ იეჰოვა ჩვენგანაც მოელის, რომ გავამხნევებთ და დავეხმარებით სხვებს (გალ. 6:10). სიყვარულის თუნდაც ერთი პატარა ჟესტი შეიძლება გამამხნევებელი აღმოჩნდეს ავადმყოფი თანაქრისტიანისთვის. მაგალითად, ბავშვებს შეუძლიათ რამე დაუხატონ ან დაუწერონ, ახალგაზრდებს შეუძლიათ საყიდლებზე ან სხვა რამეზე გაეგზავნონ, ზოგს შეუძლია საჭმელი მოუმზადოს და სახლთან დაუტოვოს. როცა ეპიდემია მძვინვარებს, ფაქტია, ყველას სჭირდება კრებაში გამხნევება. კარგი იქნება, თუ კრების შეხვედრების შემდეგ მალევე არ დავიშლებით და პირისპირ ან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოვიკითხავთ ერთმანეთს. გამხნევება უხუცესებსაც სჭირდებათ. ზოგი თანაქრისტიანი სამადლობელ წერილს უგზავნის უხუცესებს, რომლებიც პანდემიის დროს ჩვეულებრივზე მეტად არიან დატვირთულნი. რა ჯობია იმას, როცა და-ძმები ერთმანეთს ამხნევებენ და აღაშენებენ! (1 თეს. 5:11).
ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲡᲢᲘᲥᲘᲣᲠᲘ ᲣᲑᲔᲓᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ
7. რა სავალალო შედეგები სდევს თან სტიქიურ უბედურებას?
7 სტიქიურმა უბედურებამ ადამიანის ცხოვრება შეიძლება თვალის დახამხამებაში შეცვალოს. სტიქიის გამო ადამიანმა არა მარტო მატერიალური ზარალი შეიძლება განიცადოს, არამედ ახლობელიც დაკარგოს. მსგავსი ტრაგედიისგან ჩვენი და-ძმებიც არ არიან დაზღვეულნი. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად?
8. რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებსა და ოჯახისთავებს, რომ მომზადებული შეხვდნენ სტიქიას?
8 უხუცესების როლი. უხუცესებო, დაეხმარეთ და-ძმებს, რომ სტიქიას მომზადებულები შეხვდნენ. დარწმუნდით, რომ კრებაში ყველამ იცის, რა უსაფრთხოების ზომები მიიღონ და როგორ დაგიკავშირდნენ. წინა სტატიაში ნახსენები მარგარეტი ამბობს: „ადგილობრივ მოთხოვნილებებში უხუცესებმა გაგვაფრთხილეს, რომ ჯერ კიდევ ხანძრების სეზონი იყო. გვირჩიეს, რომ თუ მთავრობა ევაკუაციას მოგვთხოვდა ან სიტუაცია დამძიმდებოდა, მაშინვე დაგვეტოვებინა სახლები“. ეს გაფრთხილება ძალიან დროული იყო, რადგან, სულ რაღაც, ხუთ კვირაში იმ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კარგი იქნება, თუ ოჯახისთავი ცოლ-შვილთან ერთად იმსჯელებს, ვინ რას გააკეთებს სტიქიის დროს. წინასწარ მომზადება ოჯახებს დაეხმარება, პანიკაში არ ჩაცვივდნენ, როცა საგანგებო სიტუაცია შეიქმნება.
9. რისი გაკეთება მართებთ უხუცესებს სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ?
9 თუ სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველი ხართ, დარწმუნდით, რომ თქვენს ჯგუფში ყველა მაუწყებლის ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია გაქვთ. დროდადრო განაახლეთ ეს ინფორმაცია. ასე რომ, თუ სტიქიური უბედურება მოხდება, ადვილად დაუკავშირდებით მაუწყებლებს და საჭირო დახმარებას აღმოუჩენთ. მაშინვე გადაუგზავნეთ განახლებული ინფორმაცია უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს, რომელსაც მუდმივი კონტაქტი ექნება სარაიონო ზედამხედველთან. თუ ყველა პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობას, საქმე უფრო ხარისხიანად გაკეთდება. მარგარეტის კრების სარაიონო ზედამხედველს 36 საათი თვალი არ მოუხუჭავს. ის ორგანიზებას უწევდა უხუცესებს, რომ დაკავშირებოდნენ დაახლოებით 450 ევაკუირებულ და-ძმას და ეზრუნათ მათზე (2 კორ. 11:27). ძმების ერთობლივი ძალისხმევით თავშესაფრის გარეშე არავინ დარჩენილა.
10. რატომ უნდა მოეკიდონ უხუცესები მთელი სერიოზულობით სამწყსოზე ზრუნვას? (იოანე 21:15).
10 უხუცესების მოვალეობაა, რომ თანაქრისტიანების სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე იზრუნონ (1 პეტ. 5:2). სტიქიის დროს უხუცესებმა, პირველ რიგში, ის უნდა გაარკვიონ, აქვს თუ არა ყველა და-ძმას საკვები, ჩასაცმელი და უსაფრთხო თავშესაფარი. დაზარალებულებს სტიქიის შემდეგაც სჭირდებათ სულიერი და ემოციური მხარდაჭერა (წაიკითხეთ იოანეს 21:15). ჰაროლდი, რომელიც ფილიალის კომიტეტში მსახურობს და სტიქიით დაზარალებულ არაერთ და-ძმას შეხვედრია, ასეთ რამეს ამბობს: „რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება. შეიძლება ცხოვრება მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს, მაგრამ დაზარალებულები ვერ ივიწყებენ სტიქიის დროს დაღუპულ ახლობელს, დაკარგულ ოჯახურ რელიკვიას ან ბეწვზე გადარჩენის მომენტებს. ყოველ ჯერზე ეს მოგონებები ტკივილს უახლებთ. ეს რწმენის ნაკლებობა კი არა, ბუნებრივი, ადამიანური რეაქციაა“.
11. კიდევ რაში შეიძლება დასჭირდეთ ოჯახებს დახმარება?
11 უხუცესები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპით: „მოტირალებთან იტირეთ“ (რომ. 12:15). დაზარალებულებს შეიძლება იმაში დასჭირდეთ დარწმუნება, რომ იეჰოვასა და და-ძმებისთვის კვლავაც ძვირფასები არიან. უხუცესები უნდა დაეხმარონ ოჯახებს, რომ არ ჩამორჩნენ სულიერ განრიგს, რაშიც შედის ლოცვა, შესწავლა, კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება. უხუცესებს იმაშიც შეუძლიათ დაეხმარონ მშობლებს, რომ თავიანთ შვილებს ყურადღება იმაზე გადაატანინონ, რასაც სტიქია ვერაფერს დააკლებს. კერძოდ იმაზე, რომ იეჰოვა ყოველთვის მათი მეგობარი იქნება და არასდროს მიატოვებს. კარგი იქნება, იმაშიც დაარწმუნონ, რომ მსოფლიო საძმოს ნაწილი არიან, რომელიც ყოველთვის მზად არის მათ დასახმარებლად (1 პეტ. 2:17).
რა შეგიძლიათ გააკეთოთ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად? (იხილეთ აბზაცი 12).e
12. როგორ შეუძლიათ მაუწყებლებს სტიქიით დაზარალებულთა დახმარება? (იხილეთ სურათი).
12 სხვების როლი. თუ სტიქიური უბედურება თქვენ მახლობლად მოხდება, გაარკვიეთ უხუცესებთან, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თანაქრისტიანებს. მაგალითად, შეგიძლიათ შეიფაროთ უთავშესაფროდ დარჩენილი და-ძმები ან მოხალისეები, რომლებიც დაზარალებულთა დასახმარებლად ჩამოვიდნენ; შეგიძლიათ ისინი საკვებითა თუ სხვა ნივთებით მოამარაგოთ. თუ სტიქია თქვენგან შორს მოხდება, ილოცეთ დაზარალებულებისთვის (2 კორ. 1:8—11). შეგიძლიათ მატერიალურად დაეხმაროთ და-ძმებს და გაიღოთ ნებაყოფლობითი შესაწირავი (2 კორ. 8:2—5). თუ მოხალისეობა გსურთ, რომ უშუალოდ დაეხმაროთ და-ძმებს, თქვენი სურვილის შესახებ უხუცესებს დაელაპარაკეთ. თუ მოხალისედ მიგიწვევენ, სავარაუდოდ, წინასწარ გაივლით მომზადებას, რათა დავალებულ საქმეს კარგად გაართვათ თავი.
ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲔᲕᲜᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ
13. რა სირთულეებს ხვდებიან ჩვენი და-ძმები იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია?
13 დევნა და აკრძალვები ბევრ და-ძმას კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას. მათ ეკონომიკური პრობლემებიც აქვთ, ავადაც ხდებიან და საყვარელ ადამიანებსაც კარგავენ. მდგომარეობას ის ართულებს, რომ აკრძალვების გამო უხუცესები ვერ ახერხებენ მათთან თავისუფლად მისვლას და კომუნიკაციას. ეს სიტუაცია ნაცნობია წინა სტატიაში მოხსენიებული ანდრეისთვის. მის სამქადაგებლო ჯგუფში ერთ დას ძალიან უჭირდა ფინანსურად. ამას ისიც დაემატა, რომ ის ავარიაში მოყვა და რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც ფიზიკურად არ შეეძლო მუშაობა. იეჰოვა ხედავდა მის მდგომარეობას, ამიტომ აკრძალვისა და პანდემიის პირობებშიც კი ძმები აღძრა, რომ შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ.
14. როგორ შეუძლიათ უხუცესებს იეჰოვაზე მინდობის კარგი მაგალითი მისცენ და-ძმებს?
14 უხუცესების როლი. ანდრეი ლოცულობდა და რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა. როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას? ლოცვის პასუხად გამოჩნდნენ ის და-ძმები, რომლებსაც შეეძლოთ ამ დისთვის პრაქტიკული დახმარება აღმოეჩინათ. ზოგს ის საკუთარი მანქანით მიჰყავდა ექიმთან, ზოგიც ფინანსურად ეხმარებოდა. იეჰოვამ აკურთხა ამ და-ძმების გაბედულება და ერთობლივი ძალისხმევა (ებრ. 13:16). უხუცესებო, თუ აკრძალვების გამო შეზღუდული ხართ, სხვები დაიხმარეთ (იერ. 36:5, 6). რაც მთავარია, იეჰოვას მიენდეთ და გჯეროდეთ, რომ ის დაგეხმარებათ და-ძმებზე ზრუნვაში.
15. როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა დევნების დროს?
15 სხვების როლი. აკრძალვების გამო შეიძლება მცირე ჯგუფებად შეკრება მოგვიწიოს. ამ დროს მნიშვნელოვანია ყველასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. ერთმანეთს კი არა, სატანას უნდა ვებრძოლოთ. ნუ გამოეკიდებით სხვების შეცდომებს და მალევე მოაგვარეთ უთანხმოებები (იგავ. 19:11; ეფეს. 4:26). მზად იყავით სხვების დასახმარებლად (ტიტ. 3:14). ზემოხსენებული დისთვის გაწეულ ერთობლივ ძალისხმევას დადებითი შედეგები მოჰყვა, რომელიც მთელმა სამქადაგებლო ჯგუფმა იგრძნო. ისინი ძალიან დაახლოვდნენ და ერთი ოჯახივით გახდნენ (ფსალმ. 133:1).
16. კოლოსელების 4:3, 18-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ იმ და-ძმებს, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან?
16 სამთავრობო შეზღუდვების მიუხედავად ათიათასობით და-ძმა ერთგულად ემსახურება იეჰოვას. ზოგი თავისი მრწამსის გამო დაპატიმრებულია კიდეც. მოდი ვილოცოთ მათთვის და მათი ოჯახებისთვის და იმ და-ძმებისთვის, რომლებიც რისკზე მიდიან, რომ სულიერი და ფიზიკური დახმარება აღმოუჩინონ დევნილ თანაქრისტიანებს და სასამართლოში მათ გვერდით იყვნენ.c (წაიკითხეთ კოლოსელების 4:3, 18). ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენს ლოცვებს დიდი ძალა აქვს (2 თეს. 3:1, 2; 1 ტიმ. 2:1, 2).
როგორ შეგიძლიათ დღესვე მოემზადოთ დევნისთვის? (იხილეთ აბზაცი 17).
17. როგორ უნდა მოვემზადოთ დღესვე დევნებისთვის?
17 დღესვე მოემზადეთ მთელი ოჯახი დევნებისთვის (საქ. 14:22). მაინცდამაინც ყველაზე ცუდ სცენარს ნუ წარმოიდგენთ. აჯობებს, იეჰოვასთან განიმტკიცოთ ურთიერთობა და ამაში შვილებსაც დაეხმაროთ. თუ შიშის გრძნობა დაგეუფლებათ, გული გადმოუღვარეთ იეჰოვას (ფსალმ. 62:7, 8). მთელმა ოჯახმა ერთად იმსჯელეთ იმ მიზეზებზე, რატომ უნდა მიენდოთ იეჰოვას.d თუ თქვენი შვილები დაინახავენ, რომ წინასწარ ემზადებით მოსალოდნელი მოვლენებისთვის და ენდობით იეჰოვას, ისინიც შეინარჩუნებენ სიმშვიდეს და არ შეშინდებიან.
18. რა გველის მომავალში?
18 ღვთის მშვიდობა თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს (ფილ. 4:6, 7). მისი წყალობით იეჰოვა სიმშვიდეს გვგვრის ეპიდემიის, სტიქიური უბედურებისა თუ დევნის დროს. ის გამრჯე უხუცესების მეშვეობით ზრუნავს ჩვენზე. იეჰოვა ყველას გვაძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთს შევეხიდოთ. ღვთისგან ბოძებული მშვიდობა გვეხმარება, გაბედულად შევხვდეთ მომავალ განსაცდელებს, მათ შორის „დიდ გასაჭირს“ (მათ. 24:21). მაშინ განსაკუთრებით დაგვჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება, რაშიც სხვებსაც უნდა დავეხმაროთ. „დიდი გასაჭირის“ შემდეგ აღარაფერი დაგვირღვევს სიმშვიდეს. იმ დროს საბოლოოდ გავიხარებთ დაუსრულებელი და ნანატრი მშვიდობით, რომელიც იეჰოვას ოდითგანვე ჰქონდა ჩვენთვის ჩაფიქრებული (ეს. 26:3, 4).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 109 გულითადად გიყვარდეთ
a ხშირ შემთხვევაში განსაცდელების დროს იეჰოვა თავის მსახურებს თანამორწმუნეების მეშვეობით ეხმარება. შეიძლება იეჰოვამ სწორედ თქვენ გამოგიყენოთ და-ძმების დასახმარებლად. მოდი ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია და-ძმებს მხარში ამოვუდგეთ.
b ზოგი სახელი შეცვლილია.
c გასათვალისწინებელია, რომ არც ფილიალები და არც მთავარი სამმართველო არ უწევს ორგანიზებას დაპატიმრებული და-ძმებისთვის პირადი წერილების მიწოდებას.
d იხილეთ 2019 წლის ივლისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „დღესვე მოემზადეთ დევნისთვის“.
e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ცოლ-ქმარს საკვები მიაქვს სტიქიით დაზარალებული ოჯახისთვის დროებით თავშესაფარში.