ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 21
როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე
„ვიცით, რომ, რაც ვთხოვეთ, გვექნება, რადგან მას ვთხოვეთ“ (1 ᲘᲝᲐᲜ. 5:15).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. რა კითხვა შეიძლება დაგვებადოს?
„ᲞᲐᲡᲣᲮᲝᲑᲡ იეჰოვა ჩემს ლოცვებს?“. თუ თქვენც გაგჩენიათ ასეთი კითხვა, გამონაკლისი არ ხართ. ეს კითხვა ბევრ და-ძმას უჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაცდელებს ხვდება. თუ თქვენც რთული დრო გიდგათ, შეიძლება გაგიჭირდეთ იმის დანახვა, თუ როგორ პასუხობს იეჰოვა თქვენს ლოცვებს.
2 მოდი შევიხსენოთ, რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა უპასუხოდ არ ტოვებს თავისი მსახურების ლოცვებს (1 იოან. 5:15). აგრეთვე ვიმსჯელოთ შემდეგ კითხვებზე: რატომ შეიძლება ზოგჯერ მოგვეჩვენოს, რომ იეჰოვა არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს? როგორ გვპასუხობს იეჰოვა დღეს?
ᲚᲝᲪᲕᲐᲖᲔ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲘᲡᲔᲗᲘ ᲐᲠ ᲘᲧᲝᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲡᲐᲪ ᲕᲔᲚᲘᲗ
3. რატომ მოგვიწოდებს იეჰოვა, რომ ვილოცოთ?
3 ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და გვაფასებს (ანგ. 2:7; 1 იოან. 4:10). ამიტომ მოგვიწოდებს, რომ დახმარებისთვის მას მივმართოთ ლოცვით (1 პეტ. 5:6, 7). იეჰოვას სურს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს და წარმატებით გავართვათ თავი სირთულეებს.
იეჰოვამ შეისმინა დავითის ლოცვა და მტრების ხელიდან იხსნა (იხილეთ აბზაცი 4).
4. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა უპასუხოდ არ ტოვებს თავისი მსახურების ლოცვებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
4 ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა მოთხრობილი, როცა იეჰოვამ შეისმინა თავისი მსახურების ლოცვები. თქვენ რომელი ღვთის მსახური გახსენდებათ? შესაძლოა მეფე დავითი. მის სიცოცხლეს ხშირად ემუქრებოდა საფრთხე, რა დროსაც ის იეჰოვას შესთხოვდა შველას. ერთხელ დავითმა ასე ილოცა: „იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა. მომისმინე, როცა შველას გთხოვ. მიპასუხე, რადგან ერთგული და მართალი ხარ“ (ფსალმ. 143:1). იეჰოვასაც არასდროს დაუტოვებია მარტო დავითი, რომელიც შველას შესთხოვდა (1 სამ. 19:10, 18—20; 2 სამ. 5:17—25). ამიტომ მას თამამად შეეძლო ეთქვა: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“ (ფსალმ. 145:18). ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში არც ჩვენ უნდა შეგვეპაროს ეჭვი.
იეჰოვამ შეისმინა პავლეს ლოცვა და სირთულეების ატანის ძალა მისცა (იხილეთ აბზაცი 5).
5. ყოველთვის ისე პასუხობდა წარსულში იეჰოვა თავისი მსახურების ლოცვებს, როგორც ამას ისინი ელოდნენ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
5 იეჰოვამ შეიძლება ლოცვაზე ისე არ გვიპასუხოს, როგორც ველით. ასე მოხდა მოციქული პავლეს შემთხვევაში, რომელმაც მას სხეულიდან ეკლის მოშორება შესთხოვა. კონკრეტულად ამ პრობლემაზე მან სამჯერ ილოცა. უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვებს? დიახ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას პავლე ელოდა. პრობლემა პრობლემად დარჩა, თუმცა იეჰოვამ მას ძალა მისცა, რომ ერთგულად გაეგრძელებინა მსახურება (2 კორ. 12:7—10).
6. რატომ შეიძლება ზოგჯერ გვეგონოს, რომ იეჰოვა არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს?
6 შეიძლება მსგავს სიტუაციაში ჩვენც აღმოვჩნდეთ. ასეთ დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ საუკეთესოდ იცის, როგორ დაგვეხმაროს. მას „შეუძლია იმაზე გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20). აქედან გამომდინარე, იეჰოვამ შეიძლება ისეთ დროს გვიპასუხოს, როცა ყველაზე ნაკლებად ველით, თანაც მოულოდნელი სახით.
7. რატომ შეიძლება გახდეს საჭირო, შევცვალოთ სათხოვარი? მოიყვანეთ მაგალითი.
7 როცა უკეთ ვწვდებით, რა არის იეჰოვას ნება კონკრეტულ სიტუაციაში, შეიძლება იმის საჭიროება დავინახოთ, რომ შევცვალოთ სათხოვარი. განვიხილოთ მარტინ პოეტზინგერის შემთხვევა. ოჯახის შექმნიდან მალევე ძმა მარტინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. თავიდან ის იეჰოვას სთხოვდა, რომ იქიდან გაეყვანა, რათა მეუღლეზე ეზრუნა და ქადაგება გაეგრძელებინა. თუმცა ორი კვირის შემდეგ მიხვდა, რომ იეჰოვა ამის გაკეთებას არ აპირებდა. ამიტომ მან იმაზე დაიწყო ლოცვა, რომ იეჰოვას დაენახვებინა, რის გაკეთებას ელოდა მისგან. მარტინი იმაზე დაფიქრდა, თუ რას განიცდიდნენ მასთან ერთად დაპატიმრებული ძმები და დაინახა, რომ მათ უმეტესობას ძალიან აღელვებდა ცოლ-შვილის ბედი და გამხნევება სჭირდებოდა. მარტინი მადლობას უხდიდა იეჰოვას ამ ახალი დავალებისთვის და დახმარებას სთხოვდა, რომ განემტკიცებინა ძმები. ამ დავალებას ის მომდევნო ცხრა წლის მანძილზე ასრულებდა.
8. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან?
8 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას თავისი განზრახვის შესასრულებლად დრო აქვს დადგენილი. მას განზრახული აქვს, ერთხელ და სამუდამოდ მოუღოს ბოლო ყველა იმ პრობლემას, რომლებიც ადამიანთა ტანჯვას იწვევს, მაგალითად სტიქიურ უბედურებებს, ავადმყოფობასა და სიკვდილს. ამ განზრახვას იეჰოვა თავისი სამეფოს მეშვეობით განახორციელებს (დან. 2:44; გამოცხ. 21:3, 4). თუმცა მანამდე ქვეყნიერებაზე მმართველობის უფლებას იეჰოვა სატანას აძლევსb (იოან. 12:31; გამოცხ. 12:9). დაფიქრდით, თუ დღესვე მოგვარდებოდა კაცობრიობის პრობლემები, განა ისე არ გამოჩნდებოდა, რომ სატანის მმართველობა წარმატებულია?! და მაინც, იეჰოვა მანამდეც გვიწვდის დახმარების ხელს, სანამ სისრულეში მოიყვანს თავის განზრახვას. ქვემოთ ვიმსჯელებთ, როგორ აკეთებს ამას.
ᲓᲦᲔᲡ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲞᲐᲡᲣᲮᲝᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ
9. როგორ გვეხმარება იეჰოვა გადაწყვეტილებების მიღებაში? მოიყვანეთ მაგალითი.
9 გვაძლევს სიბრძნეს. იეჰოვა გვპირდება, რომ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სიბრძნეს მოგვცემს. მისგან სიბრძნე განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, როცა ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ოჯახის შექმნას ეხება (იაკ. 1:5). მოვიყვანოთ ერთი დაუქორწინებელი დის, მარიას,c მაგალითი. ის პიონერად მსახურობდა, რაც დიდ სიხარულს ანიჭებდა. რაღაც დროის შემდეგ ის ერთ ძმას შეხვდა. მარია გვიყვება: „ერთმანეთს ძალიან დავუმეგობრდით და გრძნობებიც გაგვიჩნდა. გადაწყვეტილების წინაშე ვიდექი. ამიტომ ამის შესახებ გულმხურვალედ ვლოცულობდი. იეჰოვას ხელმძღვანელობა მჭირდებოდა, თუმცა კარგად მესმოდა, რომ გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო“. მარია დარწმუნებულია, რომ იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას და სიბრძნე მისცა. მან ეს საკითხი ჩვენს პუბლიკაციებში გამოიკვლია და ისეთი სტატიები ნახა, რომლებმაც მის კითხვებს მოჰფინა ნათელი. მას ღვთისმოშიში დედაც ბრძნულ რჩევებს აძლევდა, რაც დაეხმარა, გარკვეულიყო საკუთარ გრძნობებში და გონივრული გადაწყვეტილებაც მიეღო.
როგორ გვეხმარება იეჰოვა, ავიტანოთ განსაცდელები? (იხილეთ აბზაცი 10).
10. ფილიპელების 4:13-დან გამომდინარე, როგორ ეხმარება იეჰოვა თავის მსახურებს? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 გვაძლევს მოთმინების ძალას. პავლე მოციქულის მსგავსად, იეჰოვა ჩვენც მოგვცემს საჭირო ძალას, რომ მოთმინებით ავიტანოთ სირთულეები (წაიკითხეთ ფილიპელების 4:13). განვიხილოთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა ერთ ძმას, ბენჯამინს, რომელსაც საკმაოდ მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება. მთელი ახალგაზრდობა მან თავის ოჯახთან ერთად აფრიკაში ლტოლვილთა ბანაკებში გაატარა. ბენჯამინი გვიყვება: „გამუდმებით ვთხოვდი იეჰოვას, რომ ჩემთვის მის მოსაწონად მოქცევის ძალა მოეცა. მანაც შეისმინა ჩემი ლოცვები, შინაგანი სიმშვიდე მომცა, მსახურებისთვის გაბედულება შემმატა და არც სულიერი საზრდოს გარეშე დამტოვა, რაც ასე მჭირდებოდა. როცა ჩვენი და-ძმების შემთხვევებს ვკითხულობდი და ვიგებდი, თუ როგორ ატანინებდა იეჰოვა სირთულეებს, იმის სურვილი მიძლიერდებოდა, რომ მისი ერთგული დავრჩენილიყავი“.
როგორ გამოგიწოდათ იეჰოვამ დახმარების ხელი თანაქრისტიანების მეშვეობით? (იხილეთ აბზაცები 11, 12).d
11, 12. როგორ შეიძლება გვიპასუხოს იეჰოვამ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
11 ჩვენ დასახმარებლად და-ძმებს აღძრავს. სიკვდილის წინა ღამეს იესომ გულმხურვალედ მიმართა მამას ლოცვით და სთხოვა, რომ ისე არ მომკვდარიყო, როგორც ღვთისმგმობელი. მართალია, იეჰოვამ იესოს არ აარიდა სამარცხვინო სიკვდილი, მაგრამ დახმარების გარეშე არ დაუტოვებია და მისი ერთ-ერთი სულიერი ძმა, ანგელოზი, გაუგზავნა განსამტკიცებლად (ლუკ. 22:42, 43). იეჰოვამ შეიძლება ჩვენს შემთხვევაშიც რომელიმე და ან ძმა აღძრას, რომ დაგვირეკოს ან მოგვინახულოს. მოდი არც ჩვენ გავუშვათ ხელიდან თანაქრისტიანების ტკბილი სიტყვით გამხნევების შესაძლებლობა (იგავ. 12:25).
12 განვიხილოთ ერთი დის, მირიამის, შემთხვევა, რომელსაც მეუღლე დაეღუპა. ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა სახლში მარტო იყო, ის სასოწარკვეთილებამ მოიცვა. მირიამი გულამოსკვნილი ტიროდა და ვინმესთვის გულის გადაშლა ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ არავისთან დარეკვის თავი არ ჰქონდა. ამიტომ ილოცა. ჯერ კიდევ ცრემლებით იეჰოვას ესაუბრებოდა, როცა ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. მას ძვირფასი მეგობარი, კრების უხუცესი, ურეკავდა. უხუცესმა მეუღლესთან ერთად გაამხნევა და ანუგეშა მირიამი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ძმა მის გასამხნევებლად სწორედ იეჰოვამ აღძრა.
ვინ შეიძლება აღძრას იეჰოვამ ჩვენ დასახმარებლად? (იხილეთ აბზაცები 13, 14).
13. მოიყვანეთ მაგალითი, თუ კიდევ როგორ შეიძლება იეჰოვამ უპასუხოს ჩვენს ლოცვებს.
13 ჩვენ დასახმარებლად შეიძლება ისინი აღძრას, ვინც არ ემსახურებიან მას (იგავ. 21:1). ზოგჯერ იეჰოვამ თავის მსახურებს შეიძლება მათი მეშვეობით უპასუხოს, ვინც არ ემსახურებიან მას. მაგალითად, ძველად მან მეფე არტაქსერქსე აღძრა, რომ ნეემიასთვის უფლება მიეცა, იერუსალიმში დაბრუნებულიყო და ქალაქის აღდგენაში მიეღო მონაწილეობა (ნეემ. 2:3—6). იეჰოვა შეიძლება ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოიქცეს.
14. რას გამოყოფდით სუ-ჰინის შემთხვევიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 ერთი და სუ-ჰინი დარწმუნებულია, რომ იეჰოვამ მის დასახმარებლად ერთი ექიმი აღძრა. მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამას ისიც დაემატა, რომ ის სიმაღლიდან გადმოვარდა. შვილზე რომ ეზრუნათ, სუ-ჰინსა და მის მეუღლეს სამუშაოდან წამოსვლა მოუწიათ. ამის გამო მათ ეკონომიკურადაც გაუჭირდათ. ამდენი პრობლემის ფონზე სუ-ჰინი ფიქრობდა, რომ მეტის ატანას ვეღარ შეძლებდა. მან გული გადმოუღვარა იეჰოვას და დახმარება სთხოვა. ამის შემდეგ მკურნალი ექიმი მათი სიტუაციით მეტად დაინტერესდა. ამ ექიმის ძალისხმევის შედეგად მათ სახელმწიფოსგან დახმარება დაენიშნათ და ხელმისაწვდომ ფასად ბინაც იპოვეს. სუ-ჰინი აღნიშნავს: „აშკარად დავინახეთ იეჰოვას ხელი. ის ნამდვილად ლოცვების მომსმენია“ (ფსალმ. 65:2).
ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲒᲕᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛ ᲓᲐᲕᲘᲜᲐᲮᲝᲗ ᲚᲝᲪᲕᲐᲖᲔ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲕᲧᲕᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲜᲔᲑᲐᲡ
15. როგორ დარწმუნდა ერთი და, რომ იეჰოვა პასუხობდა მის ლოცვებს?
15 ხშირ შემთხვევაში ლოცვებზე პასუხი თვალშისაცემი არაა. და მაინც, ჩვენი ზეციერი მამა ყოველთვის გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება, რომ მას ერთგულად ვემსახუროთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს. ერთ დას, იოკოს, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ იეჰოვა არ პასუხობდა ლოცვებზე. ამიტომ გადაწყვიტა, ჩაენიშნა, რაზეც ლოცულობდა. რაღაც დროის შემდეგ მან გადახედა ჩანაწერებს და მიხვდა, რომ იეჰოვამ თითქმის ყველა ლოცვაზე უპასუხა, ისეთებზეც კი, რომლებიც არც კი ახსოვდა. იოკოს მსგავსად, ჩვენც დროდადრო უნდა დავფიქრდეთ, როგორ გვპასუხობს იეჰოვა (ფსალმ. 66:19, 20).
16. საიდან ჩანს ჩვენი რწმენა? (ებრაელები 11:6).
16 ჩვენს რწმენაზე მხოლოდ ის კი არ მეტყველებს, რომ ვლოცულობთ, არამედ ისიც, რომ მზად ვართ, დავყვეთ იეჰოვას ნებას, როგორი პასუხიც არ უნდა მივიღოთ (წაიკითხეთ ებრაელების 11:6). ამაზე მოწმობს ერთი ძმის, მაიკის, და მისი მეუღლის, კრისის, შემთხვევა. მათ ძალიან უნდოდათ ბეთელში მსახურება. ამიტომ წლების მანძილზე ავსებდნენ ბლანკს და იეჰოვას სთხოვდნენ, ხელი მოემართა მათთვის. მაგრამ ისინი არ მიუწვევიათ ბეთელში. მიუხედავად ამისა, მათ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ იეჰოვამ ზუსტად იცოდა, როგორ გამოეყენებინა საუკეთესოდ მათი პოტენციალი. მაიკი და კრისი ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძლოთ — მსახურობდნენ პიონერებად იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნა იყო, და თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებშიც მონაწილეობდნენ. დღეს ისინი მიმოსვლით მსახურებაში არიან ჩაბმული. მაიკი ამბობს: „მართალია, იეჰოვა ყოველთვის ისე არ გვპასუხობდა ლოცვებზე, როგორც ველოდით, მაგრამ უპასუხოდ არასდროს დავუტოვებივართ. ზოგჯერ მისი პასუხი ჩვენს მოლოდინსაც კი აჭარბებდა“.
17, 18. ფსალმუნის 86:6, 7-ის თანახმად, რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?
17 წაიკითხეთ ფსალმუნის 86:6, 7. ფსალმუნმომღერალი დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ისმენდა მის ლოცვებს და პასუხობდა. ამაში არც ჩვენ უნდა შეგვეპაროს ეჭვი! როგორც ამ სტატიაში განხილული მაგალითებიდან დავინახეთ, იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს სხვადასხვა სირთულის ასატანად საჭირო სიბრძნესა და ძალას. ჩვენ დასახმარებლად მან შეიძლება თანაქრისტიანები ან ისინიც კი აღძრას, ვინც არ ემსახურებიან მას.
18 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ შეიძლება ყოველთვის ისე არ გვიპასუხოს, როგორც ველით, ერთ რამეში დარწმუნებული ვართ — ის უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს ლოცვას. ის ზუსტად იმას გვაძლევს, რაც გვჭირდება, თანაც საჭირო დროს. ასე რომ, კვლავაც ილოცეთ და დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა დღესვე იზრუნებს თქვენზე, მომავალში კი ყველა სურვილს დაგიკმაყოფილებთ (ფსალმ. 145:16).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 46 გმადლობთ, იეჰოვა!
a იეჰოვა გვპირდება, რომ თუ მისი ნების თანახმად ვილოცებთ, აუცილებლად გვიპასუხებს. უნდა გვჯეროდეს, რომ განსაცდელების დროს ის დაგვეხმარება, ერთგულები დავრჩეთ. მოდი ვიმსჯელოთ, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე.
b მეტი ინფორმაციისთვის, თუ რატომ აძლევს იეჰოვა სატანას მმართველობის უფლებას, იხილეთ 2017 წლის ივნისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ნუ გამოგრჩებათ მხედველობიდან ყველაზე მთავარი“.
c ზოგი სახელი შეცვლილია.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: თავიანთი ქვეყნიდან გამოქცეულ დედა-შვილს სხვა ქვეყანაში გულთბილად ხვდებიან და-ძმები და დახმარების ხელს უწვდიან.