ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 48
ყოველთვის გქონდეთ იეჰოვას მხარდაჭერის იმედი
„გამაგრდით . . . მე თქვენთანა ვარ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ (ᲐᲜᲒ. 2:4).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 118 „რწმენა განგვიმტკიცე“
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. რა მსგავსება შეიძლება დავინახოთ ჩვენსა და სამშობლოში დაბრუნებული ებრაელების მდგომარეობას შორის? (იხილეთ ჩარჩო „ანგიას, ზაქარიას და ეზრას დროს მომხდარი მოვლენები“).
ᲖᲝᲒᲯᲔᲠ ხომ არ გაშინებთ მომავალზე ფიქრი? შესაძლოა სამსახური დაკარგეთ, თქვენს ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა ან დევნას ხვდებით. ბუნებრივია, ასეთ დროს გვაღელვებდეს საკუთარი თუ ოჯახის წევრების კეთილდღეობა. მსგავს პრობლემებს ძველად მცხოვრები ისრაელებიც შეხვდნენ. იმის შეხსენება, თუ როგორ დაეხმარა მათ იეჰოვა, გვჯერა, თქვენც გაგამხნევებთ.
2 ბაბილონში დაბადებულმა და გაზრდილმა ებრაელებმა ძლიერი რწმენა გამოავლინეს, როცა დატოვეს ყველაფერი და წავიდნენ იმ ქვეყანაში, რომლის შესახებაც მხოლოდ სხვებისგან სმენოდათ. სამშობლოში ჩასვლიდან მალევე ისინი ეკონომიკურ პრობლემებსა და დევნას შეხვდნენ, თანაც მთელ სპარსეთის იმპერიაში პოლიტიკურადაც არასახარბიელო მდგომარეობა იყო. მართალია, მათ შემართებით დაიწყეს იეჰოვას ტაძრის აღდგენა, მაგრამ არსებული ვითარების გამო გაუჭირდათ საქმის ბოლომდე მიყვანა. ამიტომ იეჰოვამ ძვ. წ. 520 წელს წინასწარმეტყველებს, ანგიასა და ზაქარიას, დაავალა ხალხის გამხნევება (ანგ. 1:1; ზაქ. 1:1). მათ მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია და ხალხმაც დაიბრუნა უწინდებური შემართება. თუმცა დაახლოებით 50 წლის შემდეგ ებრაელებს კვლავაც დასჭირდათ იმის შეხსენება, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე დაეყენებინათ. ამჯერად ღმერთმა მათ დასახმარებლად ეზრა აღძრა, რომელიც კანონის გადამწერი იყო (ეზრ. 7:1, 6).
3. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში? (იგავები 22:19).
3 ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები ჩვენც გვეხმარება, რომ სირთულეების დროს მივენდოთ იეჰოვას (წაიკითხეთ იგავების 22:19). ამ სტატიაში განვიხილავთ მათ მიერ ღვთის ხალხისთვის გადაცემულ ცნობას, აგრეთვე ვიმსჯელებთ ეზრას მაგალითზე და ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს: როგორ იმოქმედა სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებზე სირთულეებმა? რატომ უნდა დავაყენოთ ღვთის ნება ყოველთვის პირველ ადგილზე? რა დაგვეხმარება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მივენდოთ იეჰოვას?
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲛᲝᲥᲛᲔᲓᲐ ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲔᲑᲖᲔ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲛᲐ?
4, 5. რა შეიძლება გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ებრაელებმა თავდაპირველი შემართება დაკარგეს?
4 იერუსალიმში ჩასულ ებრაელებს საქმე თავზე საყრელად ჰქონდათ. მათ მალევე აღადგინეს სამსხვერპლო და ტაძრის საძირკველიც ჩაყარეს (ეზრ. 3:1—3, 10). თუმცა თავდაპირველი შემართება დიდხანს არ გაჰყოლიათ. რა გახდა ამის მიზეზი? ტაძრის გარდა მათ თავიანთი სახლებიც უნდა აეშენებინათ, დაეთესათ მარცვლეული და ოჯახებზე ეზრუნათ (ეზრ. 2:68, 70). ამას ისიც დაემატა, რომ ისინი წინააღმდეგობას შეხვდნენ მათი მხრიდან, ვისაც ტაძრის მშენებლობის შეჩერება სურდათ (ეზრ. 4:1—5).
5 იმ პერიოდში სპარსეთის იმპერიაში, რომელიც იუდეაზეც ბატონობდა, არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა იყო, რაც ეკონომიკურ პრობლემებსაც იწვევდა. ძვ. წ. 530 წელს სპარსეთის მეფე კიროსის სიკვდილის შემდეგ მისმა ტახტის მემკვიდრემ, კამბისემ, ეგვიპტის წინააღმდეგ გაილაშქრა. ისრაელებს ალბათ მოუწევდათ, რომ ეგვიპტისკენ მიმავალი ჯარისკაცები საჭმელ-სასმლით მოემარაგებინათ და მათთვის თავშესაფარი მიეცათ. მდგომარეობა არც შემდგომი მეფის, დარიოს I-ის, დროს გაუმჯობესებულა. მისი მეფობის პირველი წლები ხშირი ამბოხებებითა და პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩეოდა. ამ ყოველივეს ფონზე ალბათ ბევრ ებრაელს აფიქრებდა, როგორ უნდა მოეპოვებინათ ლუკმა-პური და შესაძლოა ამიტომაც ამბობდნენ, ჯერ არ არისო ტაძრის აღდგენის დრო დამდგარი (ანგ. 1:2).
6. კიდევ რა სირთულეს შეხვდნენ იუდეველები და რაში დაარწმუნა ისინი ზაქარიამ? (ზაქარია 4:6, 7).
6 წაიკითხეთ ზაქარიას 4:6, 7. ზემოხსენებულ სირთულეებთან ერთად იუდეველებს დევნის ატანაც უწევდათ. ძვ. წ. 522 წელს მათ მიმართ მტრულად განწყობილმა ხალხმა მიზანს მიაღწია და სპარსეთის მეფე დაიყოლია, რომ ტაძრის მშენებლობა შეეჩერებინა. თუმცა ზაქარიამ დაარწმუნა გულგატეხილი იუდეველები, რომ იეჰოვა თავისი სულით ნებისმიერ დაბრკოლებას მოაშორებდა. მართლაც, ძვ. წ. 520 წელს მეფე დარიოსმა იუდეველებს უფლება მისცა, გაეგრძელებინათ ტაძრის მშენებლობა და მათ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის მატერიალური (ეზრ. 6:1, 6—10).
7. როგორ შეიცვალა იუდეველების მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ღვთის ნების შესრულება პირველ ადგილზე დააყენეს?
7 ანგიასა და ზაქარიას პირით იეჰოვა თავის ხალხს დაჰპირდა, რომ მათ გვერდით იქნებოდა, თუ ტაძრის მშენებლობას პირველ ადგილზე დააყენებდნენ (ანგ. 1:8, 13, 14; ზაქ. 1:3, 16). წინასწარმეტყველების სიტყვებით გამხნევებულმა იუდეველებმა, სირთულეების მიუხედავად, ძვ. წ. 520 წელს გააგრძელეს მშენებლობა და ხუთ წელზე ნაკლებ დროში დაასრულეს კიდეც. იეჰოვამაც დაპირებისამებრ ხელი მოუმართა მათ და იმაშიც დაეხმარა, რომ სულიერად მტკიცენი ყოფილიყვნენ. ღვთის თაყვანისცემა ახლა მათ უკვე სიხარულს ანიჭებდა (ეზრ. 6:14—16, 22).
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲜᲔᲑᲐ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔ ᲓᲐᲐᲧᲔᲜᲔᲗ!
8. რაში დაგვეხმარება ანგიას 2:4-ში ჩაწერილი სიტყვები? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
8 „დიდი გასაჭირის“ მოახლოებასთან ერთად უფრო ნათლად ვხედავთ, რამდენად გადაუდებელია ის საქმე, რომელიც იესომ დაგვავალა (მარ. 13:10). თუმცა ფინანსური სირთულეებისა თუ დევნის გამო შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს ასე მოქცევა. რა დაგვეხმარება, რომ ღვთის მსახურებას ყოველთვის პირველ ადგილს ვუთმობდეთ? არასდროს უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“b ჩვენ გვერდითაა. შიშის მიზეზი არ გვაქვს, რადგან თუ მის მსახურებას უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ, სხვა დანარჩენზე ის იზრუნებს (წაიკითხეთ ანგიას 2:4).
9, 10. როგორ დარწმუნდა ერთი წყვილი მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში?
9 ვნახოთ, როგორ გამოსცადა ერთმა პიონერმა ცოლ-ქმარმა საკუთარ თავზე იეჰოვას მზრუნველობა. ოლეგი და ირინაc ერთი კრების დასახმარებლად სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ, თუმცა არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო შემოსავლის წყარო დაკარგეს. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ისინი ვერ ახერხებდნენ მუდმივი სამუშაოს პოვნას. თუმცა იეჰოვა მათ არასდროს ტოვებდა მხარდაჭერის გარეშე და არც და-ძმები აკლებდნენ ყურადღებას. შემოსავლის გარეშე დარჩენა თავიდან ოლეგისთვის მძიმე დარტყმა იყო. მაგრამ სამქადაგებლო საქმეში აქტიური მონაწილეობა დაეხმარა მათ, რომ სწორი პრიორიტეტები ჰქონოდათ. რა თქმა უნდა, ისინი კვლავაც აგრძელებდნენ სამსახურის ძებნას, თუმცა არა მსახურების ხარჯზე.
10 ოლეგი ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა მსახურებიდან დაბრუნებულებს სურსათით სავსე ორი ჩანთა დახვდათ. აღმოჩნდა, რომ ისინი მათ მეგობარს ჩამოეტანა, რომელმაც ამისთვის 160 კილომეტრი გამოიარა. ოლეგი ამბობს: „იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რაოდენ ძვირფასი ვართ იეჰოვასთვის და კრებისთვის. ოდნავაც არ გვეპარება ეჭვი, რომ იეჰოვა არასდროს მიატოვებს თავის მსახურებს, როგორი გამოუვალიც არ უნდა ჩანდეს სიტუაცია“ (მათ. 6:33).
11. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?
11 იეჰოვას სურვილია, რომ ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი მოწაფეების მომზადების საქმეს ეკავოს, რომელზეც ადამიანთა სიცოცხლეა დამოკიდებული. როგორც მე-7 აბზაციდან დავინახეთ, ანგიამ იეჰოვას ხალხს მოუწოდა, რომ თავდაპირველი ენთუზიაზმით განეახლებინათ მშენებლობა. მან ისინი იმაშიც დაარწმუნა, რომ თუ ასე მოიქცეოდნენ, იეჰოვა აკურთხებდათ (ანგ. 2:18, 19). ჩვენც მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, რომ თუ იეჰოვას საქმე ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი იქნება, ის არც ჩვენ მოგვაკლებს კურთხევას.
ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛ ᲜᲔᲑᲘᲡᲛᲘᲔᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲛᲘᲕᲔᲜᲓᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
12. რატომ დასჭირდებოდა ეზრასა და მასთან მყოფ ხალხს ძლიერი რწმენა?
12 ძვ. წ. 468 წელს ბაბილონში გადასახლებულ ებრაელთა კიდევ ერთი ნაკადი იერუსალიმისკენ მიმავალ გზას დაადგა. ამ ნაბიჯის გადასადგმელად მათ ნამდვილად დასჭირდებოდათ მტკიცე რწმენა. წინ სახიფათო გზა ელოდათ. თანაც, იმის გამო, რომ თან იეჰოვას ტაძრისთვის შეწირული უამრავი ოქრო-ვერცხლი მიჰქონდათ, შეიძლება ყაჩაღების თავდასხმის მსხვერპლიც გამხდარიყვნენ (ეზრ. 7:12—16; 8:31). ყველაფერს ისიც დაემატა, რომ არც იერუსალიმში ჩასულებს დახვდათ სახარბიელო მდგომარეობა. ქალაქი მჭიდროდ არ იყო დასახლებული და გალავანი და კარიბჭეებიც აღსადგენი იყო. იერუსალიმში ჩასულებს შორის იყო კანონის გადამწერი ეზრაც, რომელმაც რთულ სიტუაციებში იეჰოვაზე მინდობის მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია მისგან.
13. რა დაეხმარა ეზრას, რომ განემტკიცებინა იეჰოვასადმი რწმენა? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
13 ეზრამ კარგად იცოდა, რომ განსაცდელის დროს იეჰოვა მხარში ედგა თავის მსახურებს. წლებით ადრე, ძვ. წ. 484 წელს, როცა მეფე ახაშვეროშმა მთელ სპარსეთის იმპერიაში იუდეველთა განადგურების ბრძანებულება გამოსცა, ეზრა, დიდი ალბათობით, ბაბილონში ცხოვრობდა და მის სიცოცხლესაც დაემუქრებოდა საფრთხე (ესთ. 3:7, 13—15). მაშინ „ყველა სამთავროში, რომლამდეც მეფის ბრძანებულებამ მიაღწია, დიდი გლოვა ატყდა იუდეველთა შორის“. ისინი მარხულობდნენ და დახმარებას იეჰოვას შესთხოვდნენ (ესთ. 4:3). წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ იუდეველებს, მათ შორის ეზრას, როცა დაინახავდნენ, რომ იეჰოვას წყალობით მოვლენები სრულიად სხვაგვარად წარიმართა. მათ ხომ თავად სძლიეს იმ ხალხს, რომელსაც მათი გაჟლეტა ჰქონდა განზრახული (ესთ. 9:1, 2). უეჭველია, ეს შემთხვევა ეზრას მომავალში მოსახდენი მოვლენებისთვის მოამზადებდა და დაარწმუნებდა, რომ იეჰოვას ნამდვილად შესწევს თავისი ხალხის დაცვის ძალა.d
14. რაში დარწმუნდა ერთი და?
14 როცა სირთულეების დროს საკუთარ თავზე გამოვცდით ხოლმე იეჰოვას მზრუნველობას, მისადმი ნდობა ერთიორად გვიმტკიცდება. მოვიყვანოთ აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ერთი დის, ანასტასიას, მაგალითი. პოლიტიკურად ნეიტრალური რომ დარჩენილიყო, მას სამსახურიდან წამოსვლა მოუწია. ანასტასია გვიყვება: „პირველად აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ ფული საერთოდ გამომელია. თუმცა ბოლომდე მივენდე იეჰოვას და მანაც არ გამიმტყუნა იმედი. ახლა კიდევ რომ დავკარგო სამსახური, ოდნავადაც აღარ შემეშინდება. ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვა ხვალაც ისე იზრუნებს ჩემზე, როგორც დღეს ზრუნავს“.
15. რა დაეხმარა ეზრას, რომ იეჰოვასადმი ნდობა არ შერყეოდა? (ეზრა 7:27, 28).
15 ეზრა ხედავდა საკუთარ ცხოვრებაში იეჰოვას ხელს. როგორც ჩანს, ეზრა იხსენებდა ხოლმე, წარსულში როგორ უმართავდა იეჰოვა ხელს, რაც ეხმარებოდა, რომ მისადმი ნდობა არ შერყეოდა. დააკვირდით, რა თქვა მან: „ჩემი ღმერთი იეჰოვა მედგა მხარში“ (წაიკითხეთ ეზრას 7:27, 28). მსგავსი აზრი ეზრამ თავის წიგნში კიდევ ხუთჯერ გააჟღერა (ეზრ. 7:6, 9; 8:18, 22, 31).
რა სიტუაციებში შეიძლება დავინახოთ უფრო აშკარად იეჰოვას ხელი? (იხილეთ აბზაცი 16).e
16. რა სიტუაციებში შეიძლება დავინახოთ იეჰოვას ხელი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
16 სირთულეების დროს იეჰოვა ჩვენც გვიწვდის დახმარების ხელს. მაგალითად, მისი ხელი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებით მაშინ შეიძლება ვიგრძნოთ, როცა დამსაქმებელს ვთხოვთ, რომ კონგრესზე გაგვიშვას ან სამუშაო გრაფიკი შეგვიცვალოს, რათა კრების ყველა შეხვედრას დავესწროთ. ასეთ დროს შეიძლება იეჰოვამ ისე წარმართოს მოვლენები, რომ სასიამოვნოდ გავოცდეთ. ეს კი, თავის მხრივ, იეჰოვასადმი ნდობას ერთიორად განგვიმტკიცებს.
ხალხის ცოდვებით გულდამძიმებული ეზრა ტაძრის წინ დამხობილი მოთქვამს და ლოცულობს. ხალხიც მასთან ერთად ტირის. შექანია კი შემდეგი სიტყვებით ანუგეშებს: „ჯერ კიდევ არსებობს იმედი ისრაელისთვის . . . ჩვენც შენ გვერდით ვართ“ (ეზრ. 10:2, 4; იხილეთ აბზაცი 17).
17. როგორ ავლენდა ეზრა თავმდაბლობას სირთულეების დროს? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
17 ეზრა თავმდაბლად სთხოვდა იეჰოვას დახმარებას. ყოველ ჯერზე, როცა ეზრას რთული ეჩვენებოდა იეჰოვას მიერ მისთვის მინდობილი საქმის შესრულება, ის თავს იმდაბლებდა და მას შესთხოვდა ლოცვაში დახმარებას (ეზრ. 8:21—23; 9:3—5). მისი განწყობის შემხედვარეთ, სხვებსაც უჩნდებოდათ სურვილი, რომ მხარი დაეჭირათ მისთვის და მსგავსი რწმენა გამოევლინათ (ეზრ. 10:1—4). ჩვენც იეჰოვას უნდა მივენდოთ და მას შევთხოვოთ დახმარება, თუ მოსვენებას დაგვიკარგავს ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ან მატერიალურ საჭიროებებზე ფიქრი.
18. რა დაგვეხმარება, მეტად მივენდოთ იეჰოვას?
18 როცა თავმდაბლურად შევთხოვთ იეჰოვას, მხარში ამოგვიდგეს და უარს არ ვამბობთ თანაქრისტიანებისგან დახმარების მიღებაზე, მის მიმართ მეტი ნდობით ვიმსჭვალებით. ერთ დას, ერიკას, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, ერთი მეორის მიყოლებით დაატყდა უდიდესი განსაცდელები. უმოკლეს დროში მას ჯერ მუცელი მოეშალა, შემდეგ კი უსაყვარლესი მეუღლე გამოეცალა ხელიდან. მიუხედავად ამისა, ის ოდნავაც არ დაეჭვებულა იეჰოვას სანდოობაში. აი რას ამბობს ერიკა: „ზუსტად არასდროს ვიცით, რა სახით აღმოგვიჩენს იეჰოვა დახმარებას. თუმცა ის მარტო არასდროს გვტოვებს და, მეტიც, ხშირად სასიამოვნოდ გვაოცებს. საკუთარი მაგალითით დავრწმუნდი, რომ ლოცვაზე პასუხი მან შეიძლება თანაქრისტიანების მეშვეობით გაგვცეს. ამიტომ მათთან გულწრფელი უნდა ვიყო, რომ გაუადვილდეთ ჩემი დახმარება“.
ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲨᲔᲒᲔᲞᲐᲠᲝᲗ ᲔᲭᲕᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲐᲜᲓᲝᲝᲑᲐᲨᲘ
19, 20. რას ვსწავლობთ იმ იუდეველებისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს იერუსალიმში დაბრუნება?
19 ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იმ იუდეველებისგანაც, რომლებმაც ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება. ამის მიზეზი ზოგის შემთხვევაში ასაკი, შერყეული ჯანმრთელობა და ოჯახური ვალდებულებები გახდა. მიუხედავად ამისა, მათ გულუხვი შესაწირავებით დაუჭირეს მხარი იერუსალიმში მიმავალთ (ეზრ. 1:5, 6). როგორც ჩანს, ისინი შესაწირავებს იერუსალიმში პირველი ნაკადის ჩასვლიდან დაახლოებით 19 წლის შემდეგაც კი გზავნიდნენ (ზაქ. 6:10).
20 თუ იეჰოვას მსახურებაში იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენიც გულით გსურთ, გახსოვდეთ, რომ მას შეუმჩნეველი არ რჩება თქვენი ძალისხმევა და დიდად გაფასებთ. რა გვაძლევს ამის თამამად თქმის საფუძველს? გავიხსენოთ, რა დაავალა იეჰოვამ წინასწარმეტყველ ზაქარიას. ბაბილონში დარჩენილი იუდეველების მიერ გამოგზავნილი ოქროთი და ვერცხლით მას გვირგვინი უნდა დაემზადებინა მათი გულუხვი შესაწირავების სამახსოვროდ (ზაქ. 6:11, 14). გჯეროდეთ, იეჰოვას ყოველთვის ემახსოვრება, რომ მთელი გულით ცდილობდით სირთულეების დროს მის მსახურებას (ებრ. 6:10).
21. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სირთულეებმა იეჰოვასადმი ნდობა ვერ შეგვირყიოს?
21 ვიცით, რომ „ბოლო დღეებში“ სირთულეები კი არ მოიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს და მდგომარეობაც უფრო დამძიმდება (2 ტიმ. 3:1, 13). თუმცა ამაზე წუხილი ნამდვილად არ ღირს. გახსოვდეთ, რა სიტყვები უთხრა იეჰოვამ ანგიას დროს მცხოვრებ თავის ხალხს: „მე თქვენთანა ვარ . . . ნუ შეშინდებით!“ (ანგ. 2:4, 5). ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ იეჰოვა ჩვენთანაც იქნება, თუ ვეცდებით საუკეთესო გავიღოთ მისთვის. მიჰბაძეთ ეზრას და გაითვალისწინეთ ის, რაც ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებებიდან ისწავლეთ. ამგვარად, ვერანაირი სირთულე ვერ შეგირყევთ იეჰოვასადმი ნდობას.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!
a ამ სტატიაში განხილული რჩევები დაგვეხმარება, რომ ეკონომიკურმა სირთულეებმა, არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ თუ დევნამ ვერ შეგვირყიოს იეჰოვასადმი ნდობა.
b ანგიას წინასწარმეტყველებაში 14-ჯერ ვხვდებით გამოთქმას „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“. იუდეველთა მსგავსად, ეს ფაქტი ჩვენც შეგვახსენებს, რომ იეჰოვა განუზომლად დიდ ძალას ფლობს და სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ უზარმაზარ ლაშქარს მეთაურობს.
c ზოგი სახელი შეცვლილია.
d ღვთის კანონის დახელოვნებულმა გადამწერმა ეზრამ ჯერ კიდევ იერუსალიმში გამგზავრებამდე განივითარა იეჰოვას წინასწარმეტყველებებისადმი ნდობა (2 მატ. 36:22, 23; ეზრ. 7:6, 9, 10; იერ. 29:14).
e ᲡᲣᲠᲐᲗᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა დამსაქმებელს სთხოვს, რომ კონგრესზე გაუშვას, თუმცა მისგან ცივ უარს იღებს; იგივე ძმა ლოცულობს და ემზადება მასთან კვლავ შესახვედრად; ის დამსაქმებელს კონგრესის მოსაწვევს აჩვენებს და უხსნის, როგორ ცვლის ადამიანს უკეთესობისკენ ბიბლიური განათლება. დამსაქმებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მოსმენილი და თავდაპირველ გადაწყვეტილებას ცვლის.