საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 მაისი გვ. 8-13
  • გჯეროდეთ, იეჰოვა განუგეშებთ!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გჯეროდეთ, იეჰოვა განუგეშებთ!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲞᲐᲢᲘᲝᲑᲡ
  • ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲣᲚᲨᲘ ᲘᲛᲔᲓᲡ ᲒᲕᲘᲡᲐᲮᲐᲕᲡ
  • ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲓᲐᲕᲫᲚᲘᲝᲗ ᲨᲘᲨᲘ
  • იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • იეჰოვა არასდროს გვტოვებს მარტო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 მაისი გვ. 8-13

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 20

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 7 იეჰოვა, ჩვენო ძალავ!

გჯეროდეთ, იეჰოვა განუგეშებთ!

„დიდება . . . თანამგრძნობ მამასა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“ (2 ᲙᲝᲠ. 1:3).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ ანუგეშებდა იეჰოვა გადასახლებულ ებრაელებს და ჩვენ რას გვასწავლის ეს.

1. რა მდგომარეობაში იყვნენ ბაბილონში გადასახლებული ებრაელები?

ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲗᲐ მიწა-წყალი განადგურებულია. მტერმა ისინი ტყვედ წაასხა და უცხო ქვეყანაში გადაასახლა. ეს უბედურება მათ საკუთარი და მათი მამა-პაპის ცოდვების გამო დაატყდათ (2 მატ. 36:15, 16, 20, 21). მართალია, ისინი ბაბილონში გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდნენ და ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ, მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, მათ სამშობლოში ყოფნა ერჩივნათ (იერ. 29:4–7). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მდგომარეობაში იყვნენ გადასახლებული ებრაელები? აი რა თქვა ერთ-ერთმა მათგანმა: „ბაბილონის მდინარეების პირას ვისხედით და ვტიროდით, როცა ვიხსენებდით სიონს“ (ფსალმ. 137:1). ვინ შეძლებდა ასეთი გულგატეხილი ხალხის ნუგეშისცემას?

2, 3. ა) რა გააკეთა იეჰოვამ გადასახლებული ებრაელებისთვის? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 იეჰოვას ბიბლიაში „ნუგეშისმცემელი ღმერთი“ ეწოდება (2 კორ. 1:3). მას უყვარს თავისი მსახურები და ყოველთვის მზად არის, ანუგეშოს ისინი. ის დარწმუნებული იყო, რომ გადასახლებულთაგან ზოგი მოინანიებდა და მას დაუბრუნდებოდა (ეს. 59:20). ამიტომ გადასახლებამდე დაახლოებით 100 წლით ადრე იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას წიგნი დააწერინა, რომელიც მათ დააიმედებდა და ანუგეშებდა. სწორედ ამაზე მეტყველებს ესაიას 40:1-ში ჩაწერილი შემდეგი სიტყვებიც: „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, – ამბობს თქვენი ღმერთი“.

3 გადასახლებული ებრაელების მსგავსად დროდადრო ჩვენც გვჭირდება ნუგეში. ამ სტატიიდან გავიგებთ, რა გააკეთა იეჰოვამ მათთვის, რომ ენუგეშებინა: 1) ის დაჰპირდა მათ, რომ მომნანიებლებს აპატიებდა, 2) იმედი ჩაუსახა და 3) შიშის დაძლევაში დაეხმარა. განხილვის დროს იმასაც დავინახავთ, რომ იეჰოვა დღესაც მსგავსად იქცევა.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲞᲐᲢᲘᲝᲑᲡ

4. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია? (ესაია 55:7).

4 იეჰოვას ბიბლიაში „თანამგრძნობი მამაც“ ეწოდება (2 კორ. 1:3). ეს კარგად გამოჩნდა მაშინაც, როცა ებრაელებს დაჰპირდა, რომ ვინც მოინანიებდა, აპატიებდა (წაიკითხეთ ესაიას 55:7). აი რა უთხრა მათ იეჰოვამ: „რაკი მარადიულია ჩემი სიყვარული, შეგიწყალებ“ (ეს. 54:8). რას ნიშნავდა ეს დაპირება მათთვის? მართალია, ისინი თავიანთი საქციელის შედეგებს იმკიდნენ და კიდევ არაერთი წელი მოუწევდათ გადასახლებაში ყოფნა, მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა მათ, რომ ერთ დღესაც სამშობლოში დააბრუნებდა (ეს. 40:2). ეს დაპირება ნამდვილად ანუგეშებდა მომნანიებელ ებრაელებს.

5. რატომ ვამბობთ, რომ დღეს უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს იეჰოვას გულმოწყალების?

5 რას ვსწავლობთ? როგორც ებრაელების მაგალითზე დავინახეთ, იეჰოვა მრავლის მიმტევებელია. თუმცა დღეს ჩვენ გაცილებით მეტი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს იეჰოვას მიმტევებლობის. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ესაიას წინასწარმეტყველებიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ იეჰოვამ თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რომ ყველა მომნანიებელი შემცოდველი გამოესყიდა. სწორედ ამ მსხვერპლის საფუძველზე გვპატიობს იეჰოვა და სრულად შლის ჩვენს ცოდვებს (საქ. 3:19; ეს. 1:18; ეფეს. 1:7). დიახ, ჩვენ დიდად გულმოწყალე ღმერთს ვემსახურებით.

6. რატომ უნდა ვიფიქროთ იეჰოვას გულმოწყალებაზე? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 ესაიას 55:7-ში ჩაწერილი იეჰოვას სიტყვები განსაკუთრებით მანუგეშებელი იქნება მათთვის, ვინც დანაშაულის გრძნობას ებრძვის. ზოგს არ ასვენებს წარსულზე ფიქრი მიუხედავად იმისა, რომ მოინანია ცოდვა. შესაძლოა მიზეზი ის იყოს, რომ ისინი დღემდე იმკიან თავიანთი დანაშაულის შედეგებს. მაგრამ თუ მათ აღიარეს ცოდვა და საჭირო ცვლილებებიც მოახდინეს, არ უნდა შეეპაროთ ეჭვი იეჰოვას მიმტევებლობაში. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა იეჰოვა გვპატიობს, აღარასოდეს იხსენებს ჩადენილს (შეადარეთ იერემიას 31:34). ამიტომ არც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ წარსულით. იეჰოვასთვის მთავარი ისაა, დღეს როგორ ვიქცევით (ეზეკ. 33:14–16). ისიც უნდა ითქვას, რომ მალე ჩვენი თანამგრძნობი მამა ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც შესაძლოა ჩვენ მიერ დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია.

ძმა თავდაჯერებული მიაბიჯებს. ფოტოკოლაჟი: პატარა სურათებზე ნაჩვენებია, როგორ იქცეოდა ის ერთ დროს და ახლა რას აკეთებს. წარსული: 1) ის ძალადობრივ ვიდეოთამაშებს თამაშობდა; 2) ის ბევრს სვამდა და ეწეოდა; 3) კომპიუტერში მიუღებელ მასალას უყურებდა. აწმყო: 1) ის დარბაზს ასუფთავებს; 2) ხანდაზმულ დას ესაუბრება; 3) ქადაგებს.

იეჰოვასთვის მთავარი ის კი არაა, რა შეცდომები დავუშვით წარსულში, არამედ ის, თუ დღეს როგორ ვიქცევით (იხილეთ აბზაცი 6).


7. რა გვიბიძგებს, დახმარებისთვის უხუცესებს მივმართოთ?

7 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ, მაგრამ ვმალავთ ამ ამბავს და სინდისი გვქენჯნის? ბიბლია გვირჩევს, დახმარებისთვის უხუცესებს მივმართოთ (იაკ. 5:14, 15). თუმცა ფაქტია, ამის გაკეთება შეიძლება ადვილი არ იყოს. ამ ნაბიჯის გადადგმა გაგვიადვილდება, თუ ვნანობთ ჩადენილს და გვახსოვს, რომ იეჰოვა და მის მიერ დანიშნული უხუცესები გულმოწყალენი და მოსიყვარულენი არიან. განვიხილოთ ერთი ძმის, არტურის,a მაგალითი, რომელსაც ჩადენილი დანაშაულის გამო სინდისი ქენჯნიდა. ის იხსენებს: „ერთი წლის მანძილზე პორნოგრაფიას ვუყურებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სინდისზე მოხსენება მოვისმინე, ჩემს ცოლსაც ვუთხარი ამის შესახებ და უხუცესებსაც. მართალია, იმ მომენტში დიდი შვება ვიგრძენი, მაგრამ დანაშაულის გრძნობა მაინც მტანჯავდა. თუმცა უხუცესებმა დამარწმუნეს, რომ იეჰოვას ზურგი არ შეუქცევია ჩემთვის და მისგან შეგონებას თუ დარიგებას სიყვარული უდევს საფუძვლად. მათმა თბილმა სიტყვებმა მანუგეშა. დავრწმუნდი, რომ იეჰოვამ მართლა მაპატია“. დღეს არტური პიონერად და მომსახურედ მსახურობს. ძალიან მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მზად არის ჩვენ საპატიებლად, თუ ვინანიებთ.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲣᲚᲨᲘ ᲘᲛᲔᲓᲡ ᲒᲕᲘᲡᲐᲮᲐᲕᲡ

8. ა) რისი იმედი ჩაუსახა იეჰოვამ გადასახლებულ ებრაელებს? ბ) როგორ იმოქმედებდა იეჰოვას დაპირება მომნანიებელ ებრაელებზე? (ესაია 40:29–31).

8 გადასახლებული ებრაელები, ერთი შეხედვით, უიმედო მდგომარეობაში იყვნენ, რადგან ბაბილონელები არასდროს ათავისუფლებდნენ ტყვეებს (ეს. 14:17). თუმცა იეჰოვამ დააიმედა თავისი ხალხი და დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაათავისუფლებდა ტყვეობიდან (ეს. 44:26; 55:12). ბაბილონელების დამარცხება იეჰოვასთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. ისინი ხომ მისთვის მტვერივით იყვნენ (ეს. 40:15). როგორ იმოქმედებდა ეს დაპირება გადასახლებულ ებრაელებზე? ამის ცოდნა მათ, ერთი მხრივ, ანუგეშებდა, მეორე მხრივ კი, ძალას შემატებდა. ეს კარგად ჩანს ესაიას სიტყვებიდანაც: „იეჰოვაზე მინდობილები ძალ-ღონეს მოიკრებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს“ (წაიკითხეთ ესაიას 40:29–31).

9. რატომ არ უნდა შეჰპაროდათ ებრაელებს ეჭვი იეჰოვას დაპირებებში?

9 რატომ არ უნდა შეჰპაროდათ ებრაელებს ეჭვი იეჰოვას დაპირებებში? მათ ამის საფუძველს შესრულებული წინასწარმეტყველებები აძლევდა. მაგალითად, მათ იცოდნენ, რომ ასურელებმა დაამხეს ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო და ხალხი გადაასახლეს (ეს. 8:4). ისინი იმის მომსწრენიც გახდნენ, როგორ გაასწორეს ბაბილონელებმა იერუსალიმი მიწასთან, მეფე ციდკია დააბრმავეს და იერუსალიმის მკვიდრებთან ერთად ისიც ტყვედ წაასხეს (ეს. 39:5–7; იერ. 39:7; ეზეკ. 12:12, 13). ფაქტია, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები (ეს. 42:9; 46:10). ეს მათ ნამდვილად განუმტკიცებდა იმის რწმენას, რომ იეჰოვა ბაბილონელების ტყვეობიდანაც დაიხსნიდა.

10. რა დაგვეხმარება, არ დავკარგოთ იმედი?

10 რას ვსწავლობთ? ჩვენ მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება და ძლიერი მტრებიც გვყავს. თუმცა ამის გამო გული არ უნდა გავიტეხოთ. იეჰოვამ ხომ დიდებული იმედი გვიბოძა. მისი დაპირებისამებრ წინ მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრება გველის, თანაც მარადიულად. მაგრამ რა შეიძლება მოხდეს, თუ ამ იმედზე არ ვიფიქრებთ? ჩვენ შეიძლება იმ ადამიანს დავემსგავსოთ, რომელიც ჭუჭყიან ფანჯარაში იყურება და კარგად ვერ არჩევს მის წინ გადაშლილ ულამაზეს პეიზაჟს. ჩვენი იმედი რომ არ გაფერმკრთალდეს, უნდა „გავწმინდოთ ფანჯარა“. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ხშირად უნდა წარმოვიდგინოთ თავი ახალ ქვეყნიერებაში. გარდა ამისა, ისეთი სტატიები ვიკითხოთ, ისეთ ვიდეოებს ვუყუროთ და ისეთ სიმღერებს ვუსმინოთ, რომლებიც მომავლის იმედზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ იეჰოვასაც უნდა ვესაუბროთ იმაზე, თუ ყველაზე მეტად რის შესრულებას ველით მომავალში. ამ შემთხვევაში მისი დაპირებები გვანუგეშებს და ძალას შეგვმატებს.

11. რა ეხმარება ერთ დას ძალების მოკრებაში?

11 ერთ დას, რომელსაც არაერთი ქრონიკული დაავადება ტანჯავს, იეჰოვასგან ბოძებული იმედი ანუგეშებს და ძალას მატებს. აი რას ამბობს ის: „ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის ჩემი. ამიტომ, როცა საკუთარი პრობლემებით ვარ მოცული, მას ვუშლი გულს. ისიც ყოველთვის მაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). ეს და ახალ ქვეყნიერებაზეც ხშირად ფიქრობს და წარმოიდგენს, როგორი იქნება ცხოვრება მაშინ, როცა „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ეს. 33:24). ჩვენც მოვიკრებთ ძალებს, თუ გულს გადავუშლით იეჰოვას და მზერას მომავლისკენ მივაპყრობთ.

12. რატომ უნდა გვჯეროდეს იეჰოვას დანაპირების? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 გადასახლებული ებრაელების მსგავსად ჩვენც გვაქვს საფუძველი, ვენდოთ იეჰოვას დაპირებებს. ჩვენც არაერთი წინასწარმეტყველების შესრულების მომსწრენი ვართ. მაგალითად, ვხედავთ, როგორ სრულდება მსოფლიოში წამყვან პოლიტიკურ ძალაზე წიგნ „დანიელში“ ჩაწერილი სიტყვები: „ნაწილობრივ ძლიერი იქნება და ნაწილობრივ მყიფე“ (დან. 2:42, 43). ჩვენ იმასაც ვხედავთ, როგორ სრულდება „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველებები (მათ. 24:7, 14). ამ და სხვა წინასწარმეტყველებების შესრულება იმის რწმენას გვიძლიერებს, რომ იეჰოვა თავის ყველა დაპირებასაც შეასრულებს.

და ბიბლიაში წაკითხულ წინასწარმეტყველებებზე ფიქრობს. ფოტოკოლაჟი: 1) ცოლ-ქმარი სტენდთან მოსულ მამაკაცს ესაუბრება; 2) მამა-შვილი სტიქიის შედეგად განადგურებულ ტერიტორიას უყურებს; 3) ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახ ქანდაკებას ქვა ეცემა, როგორც ეს დანიელის მეორე თავშია ნაწინასწარმეტყველები; 4) ადამიანები ხარობენ სამოთხეში ცხოვრებით.

ჩვენ თვალწინ შესრულებული წინასწარმეტყველებები იმის რწმენას გვიძლიერებს, რომ იეჰოვა თავის ყველა დაპირებას შეასრულებს (იხილეთ აბზაცი 12).


ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲓᲐᲕᲫᲚᲘᲝᲗ ᲨᲘᲨᲘ

13. ა) რატომ შეიძლებოდა გადასახლებულ ებრაელებს შიშის გრძნობა დაუფლებოდათ? ბ) როგორ ანუგეშა იეჰოვამ ისინი? (ესაია 41:10–13).

13 მართალია, იეჰოვამ ებრაელებს გათავისუფლების იმედი ჩაუსახა გულში, მაგრამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ამ დროის დადგომამდე გამოჩნდებოდა დამპყრობელი, რომელიც მეზობელ ერებს დაიმორჩილებდა და ბაბილონსაც დაესხმებოდა თავს (ეს. 41:2–5). ფაქტია, მოვლენების ასეთი განვითარება ებრაელებისთვისაც შიშის მომგვრელი იქნებოდა. ამიტომ იეჰოვამ მათ უთხრა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ! ნუ შეშფოთდები, რადგან შენი ღმერთი ვარ!“ (წაიკითხეთ ესაიას 41:10–13). რისი თქმა სურდა იეჰოვას სიტყვებით „შენი ღმერთი ვარ“? ფაქტია, იმის არა, რომ მისთვის უნდა ეცათ თაყვანი. ეს ხომ ისედაც ცხადი იყო. სინამდვილეში, იეჰოვა მათ იმაში არწმუნებდა, რომ ის კვლავაც მათ გვერდით იქნებოდა (ფსალმ. 118:6).

14. კიდევ როგორ დაეხმარა იეჰოვა გადასახლებულებს შიშის დაძლევაში?

14 თავისი ხალხი რომ დაემშვიდებინა, იეჰოვამ მათ უთხრა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის აეხედათ. რატომ მოუწოდა მათ ამისკენ? ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ თუ მას ვარსკვლავების შექმნის ძალა შესწევდა და თითოეულს სახელით იცნობდა, მით უმეტეს, არცერთი მისი მსახური არ გამორჩებოდა მხედველობიდან და არც მათი დახმარება გაუჭირდებოდა (ეს. 40:25–28). ამაზე დაფიქრება ებრაელებს იმაში დაარწმუნებდა, რომ შიშის არავითარი მიზეზი არ ჰქონდათ.

15. როგორ მოამზადა იეჰოვამ ებრაელები მოსახდენი მოვლენებისთვის?

15 იეჰოვამ თავისი ხალხი მოსახდენი მოვლენებისთვისაც მოამზადა. აი რა მითითება მისცა მათ: „შედით თქვენ-თქვენს ოთახებში და ჩაიკეტეთ კარები! ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა გადაივლის“ (ეს. 26:20). ამ მითითების გათვალისწინება, როგორც ჩანს, ებრაელებს მაშინ დასჭირდათ, როცა კიროსმა ბაბილონი აიღო. ბერძენი ისტორიკოსის, ქსენოფონტის, სიტყვების თანახმად, ბაბილონში შეჭრისას კიროსს ნაბრძანები ჰქონდა თავისი მეომრებისთვის, რომ ყველა გამოესალმებინათ სიცოცხლეს, ვისაც ქუჩაში შეხვდებოდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი შეშინებულები იქნებოდნენ ბაბილონელები ამ დროს, ებრაელები კი როგორ უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს, რადგან იეჰოვას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული.

16. რატომ არ უნდა გვაშინებდეს ის მოვლენები, რომლებიც „დიდი გასაჭირის“ დროს განვითარდება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

16 რას ვსწავლობთ? მალე „დიდი გასაჭირი“ დაიწყება, რომლის მსგავსიც კაცობრიობას არ ახსოვს. იმ დროს განვითარებული მოვლენები ხალხს დააბნევს და შეაშინებს. ჩვენ კი მშვიდად და მხნედ ვიქნებით, რადგან ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ჩვენი ღმერთი იეჰოვა ჩვენ გვერდითაა და მოახლოებულია ჩვენი ხსნა (ლუკ. 21:28). ჩვენ მაშინაც არ აგვიტანს შიში, როცა ერთა კოალიცია თავს დაგვესხმება. იმ დროს იეჰოვა ანგელოზების მეშვეობითაც დაგვიცავს და საჭირო ხელმძღვანელობასაც გაგვიწევს. ზუსტად არ ვიცით, როგორ მივიღებთ ამ ხელმძღვანელობას, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ ეს კრებების მეშვეობით მოხდება. როგორც ჩანს, სწორედ კრებები იქნება მაშინ ჩვენთვის „შიდა ოთახები“, სადაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ. თუმცა იმისთვის, რომ მოვემზადოთ ამ მოვლენებისთვის, უფრო უნდა დავუახლოვდეთ და-ძმებს, მზად ვიყოთ, მივყვეთ თეოკრატიულ ხელმძღვანელობას და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ ორგანიზაციას იეჰოვა მიუძღვის (ებრ. 10:24, 25; 13:17).

„დიდი გასაჭირის“ დროს ოთახში შეკრებილი და-ძმები ბიბლიას კითხულობენ. ერთ ძმას ფარდა აქვს გადაწეული, მეორე კი ყველას ყურადღებას ღამის ცისკენ მიაპყრობს.

თუ ვიფიქრებთ იეჰოვას ძლიერებაზე, „დიდი გასაჭირის“ დროს შიში არ აგვიტანს, რადგან დარწმუნებული ვიქნებით, რომ მას ჩვენი ხსნის ძალა შესწევს (იხილეთ აბზაცი 16).b


17. რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ გვანუგეშოს?

17 ბაბილონში გადასახლებული ებრაელების მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, თუმცა იეჰოვას ისინი ნუგეშის გარეშე არ დაუტოვებია. ჩვენც დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ის არც ჩვენ დაგვტოვებს ნუგეშის გარეშე. თუმცა ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ – ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იეჰოვას გულმოწყალებაში, მზერა მომავლისკენ მივაპყროთ და გვახსოვდეს, რომ რადგან ჩვენი ღმერთი იეჰოვაა, შიშის მიზეზი ნამდვილად არ გვაქვს.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲜᲣᲒᲔᲨᲔᲑᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘ?

  • ესაია 55:7

  • ესაია 40:29–31

  • ესაია 41:10–13

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

a ზოგი სახელი შეცვლილია.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და-ძმების პატარა ჯგუფი ერთად არის შეკრებილი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, დაიცვას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები თავისი მსახურები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება