წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან
ძვირფასო და-ძმებო,
თანამორწმუნეების მიმართ სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად პავლე მოციქული ყველა შესაძლებლობას იყენებდა. რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მან მისწერა: „იესო ქრისტეს მეშვეობით მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს ყველა თქვენგანისთვის, რადგან მთელ ქვეყანაზე ლაპარაკობენ თქვენი რწმენის შესახებ“ (რომ. 1:8). პირველი საუკუნის ქრისტიანები რომის მთელ იმპერიაში ცნობილნი იყვნენ მტკიცე რწმენითა და გულმოდგინე ქადაგებით (1 თეს. 1:8). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პავლეს ძალიან უყვარდა ისინი.
პავლეს მსგავსად, ჩვენც მადლობას ვუხდით იეჰოვას ყოველთვის, როცა თქვენზე ვფიქრობთ. ყველანი ძალიან გვიყვარხართ! დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას თითოეული თქვენგანი უყვარს. ზოგიერთი დიდ წინააღმდეგობას ხვდებით, მაგრამ მაინც ქადაგებთ. თქვენი გაბედულება და სიმამაცე გულს უხარებს იეჰოვას! (იგავ. 27:11)
როცა გულდასმით წაიკითხავთ და იფიქრებთ ამ წელიწდეულის რწმენის გამაძლიერებელ ნაწილზე — „იეჰოვას მოწმეების საქმიანობა დღეს“, დაინახავთ უამრავ მტკიცებას, რომ უფალი იესო ქრისტე გამოსულია და ‘იპყრობს, რათა სრულად დაიპყროს’, და ნებისმიერი იარაღი, რომელიც ქრისტეს მიმდევრების წინააღმდეგ შეიქმნება, წარუმატებელი აღმოჩნდება (გამოცხ. 6:2; ეს. 54:17).
პავლე ფილიპელ ქრისტიანებს სწერდა: „ვმადლობ ჩემს ღმერთს . . . იმ წვლილის გამო, რომელიც სასიხარულო ცნობისთვის შეგაქვთ“ (ფილ. 1:3—5). ჩვენ, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, მსგავსად ვფიქრობთ თქვენზე. 2007 სამსახურებრივი წლის განმავლობაში 6 691 790 მაუწყებელი 1 431 761 554 საათს ქადაგებდა სასიხარულო ცნობას 236 ქვეყანაში. თქვენ მართლაც უდიდესი წვლილი შეგაქვთ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად! დაფიქრდით იმ ასობით ათას ადამიანზე, რომლებსაც ერთად დავეხმარეთ და ამით განვადიდეთ იეჰოვა!
პავლემ ასევე დიდი თანაგრძნობა გამოავლინა ძმების მიმართ. მან თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „ყოველთვის გვახსოვს თქვენი . . . მოთმინება, რაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იმედის წყალობით გაქვთ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე“ (1 თეს. 1:2, 3). მართლაც, დღეს უამრავი პრობლემა გვაქვს. სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანია მოვითმინოთ. რა პრობლემებს ხვდებით პირადად თქვენ? გული გწყდებათ, რომ სერიოზული ავადმყოფობის გამო იმდენს ვერ აკეთებთ იეჰოვასთვის, რამდენის სურვილიც გაქვთ? გახდა თქვენი მეუღლე გაუმაძღარი მტრის, სიკვდილის მსხვერპლი? (იგავ. 30:15, 16). დიდი ხანია ეძებთ მეუღლეს, რომელიც გაიზიარებდა იეჰოვასადმი თქვენს სიყვარულს, რადგან მხედველობიდან არ გრჩებათ ბიბლიის რჩევა, დაქორწინდეთ მხოლოდ უფალში? (1 კორ. 7:39). ცდილობთ ოჯახის რჩენას უკიდურესად რთულ ეკონომიკურ პირობებში? რა მდგომარეობაშიც უნდა იყოთ, თუ სამეფოს საქმეს პირველ ადგილზე აყენებთ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ‘არ დაივიწყებს თქვენს შრომასა და სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისთვის ავლენთ’. ძვირფასო და-ძმებო, გთხოვთ, ‘ნუ მოიშლით კარგის კეთებას’! (ებრ. 6:10; გალ. 6:9)
რა დაგეხმარებათ, რომ მოითმინოთ? თესალონიკელების მსგავსად, თქვენც დაგეხმარებათ „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იმედი“. პავლემ „ხსნის იმედი“ მუზარადს შეადარა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქრისტიანი უარყოფითი აზრებისა და მტანჯველი ეჭვებისგან (1 თეს. 5:8).
თქვენ სიხარულით ავლენთ მოთმინებას, რითაც პასუხს სცემთ სატანის ცრუ ბრალდებას, რომელიც უზენაესობის შესახებ საკამათო საკითხს ეხება. სატანა აცხადებს, რომ ღვთის მსახურები ბუნებით ეგოისტები არიან და, მიუხედავად იმისა, რომ მზად არიან, გარკვეულ ხანს ემსახურონ ღმერთს, ისინი ენთუზიაზმს კარგავენ, როცა პრობლემებს აწყდებიან ან ეს ქვეყნიერება იმაზე მეტხანს არსებობს, ვიდრე თავად ფიქრობენ. თქვენ წილად გხვდათ პატივი, გამოააშკარაოთ, რომ ეშმაკი საზიზღარი მატყურაა! ყოველი დღე უფრო და უფრო გაახლოებთ იმ დღესთან, როცა თქვენი იმედი რეალობად იქცევა.
პავლეს მსგავსად, რომელიც ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, შეექო თავისი ძმები ძლიერი და ცოცხალი რწმენისთვის, გულმოდგინე მსახურებისა და მოთმინებისთვის, ჩვენც გვინდა შეგაქოთ და დაგარწმუნოთ, რომ ძალიან გვიყვარხართ. კვლავაც განაგრძეთ კარგის კეთება!
დაე, მომავალმა წელმა უამრავი სულიერი კურთხევა მოგიტანოთ! გისურვებთ ყოველივე კარგს.
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო