ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
ერთ დროს იუგოსლავიის სახელით ცნობილი ქვეყანა საოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მის ჩრდილოეთით მდებარეობს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რამდენიმე ქვეყანა, სამხრეთით — თურქეთი და საბერძნეთი, ხოლო დასავლეთით — იტალია. იქ სხვადასხვა კულტურის, ენისა და აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა ბევრისთვის სიტყვა „იუგოსლავია“ დაპირისპირებასთან და კონფლიქტთან ასოცირდება. 1914 წლიდან მოყოლებული, როდესაც ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი მოკლეს, რამდენიმე წლის წინ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ჩათვლით, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ამ ნაწილში იშვიათად თუ ყოფილა მშვიდობა. დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლებს იუგოსლავიის რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბება მოჰყვა. ეს ქვეყნებია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო, სერბია, სლოვენია და ხორვატია.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განუწყვეტლივ მიმდინარეობდა პოლიტიკური, ეთნიკური თუ რელიგიური დაპირისპირებები, არსებობდა ხალხი, რომელიც სიყვარულით, ერთიანობითა და ურთიერთნდობით გამოირჩეოდა. იუგოსლავიის მოსახლეობას შორის არსებულმა შუღლმა და მტრობამ იეჰოვას მოწმეებზე ვერ იმოქმედა. მიუხედავად კულტურული სხვადასხვაობისა, მათი ერთიანობა უზენაესი ხელისუფლების, ღვთის სამეფოს მიმართ მათმა ერთგულებამ განაპირობა.
პირველი ნაბიჯები
როგორ დაიწყო იეჰოვას ხალხის საქმიანობა ამ ტერიტორიაზე? ერთი ახალგაზრდა დალაქი, ფრანც ბრანდი, რომელიც ჩრდილოეთ იუგოსლავიის ქალაქ ვოევოდინაში ცხოვრობდა, სამუშაოს საძებნელად ავსტრიაში გადავიდა, და სწორედ იქ გაიგო ჭეშმარიტება. 1925 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის იმ პატარა ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კითხულობდა და იკვლევდა ბიბლიის შესასწავლ სახელმძღვანელოს „საღვთო წერილის გამოკვლევა“; ეს წიგნი მათთვის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ნათესავებს გაეგზავნათ.
ბიბლიის კვლევის შედეგად ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საჭირო იყო ქადაგება. ამიტომ ბიბლიური სწავლებების ასახსნელად მათ სერბულ ენაზე ორი ბროშურა თარგმნეს. ეს ბროშურები ჯერ გავრცელებულიც არ ჰქონდათ, რომ ჯგუფი ერთმა განდგომილმა მოინახულა, რომელსაც ყველა კარგად იცნობდა. მან თავისი სექტა ჩამოაყალიბა. ფრანცის გარდა მან ბიბლიის მკვლევარების ჯგუფის ყველა წევრი გადაიბირა.
ამის შემდეგ ფრანცი მარიბორში (სლოვენია) გადავიდა, სადაც დალაქად მუშაობდა. მან სადალაქოს მეპატრონეს, რიკარტ ტაუცს უქადაგა, რომელმაც მოისმინა და მიიღო ჭეშმარიტება. ფრანცმა და რიკარტმა სადალაქო სამქადაგებლო უბნად აქციეს, რის გამოც მათ „მორწმუნე დალაქები“ შეარქვეს. კლიენტები მათ დიდი ყურადღებით უსმენდნენ; იმის შიშით, რომ კანი არ გასჭროდათ, ვერც ინძრეოდნენ და ვერც ხმას იღებდნენ. მათი ერთ-ერთი კლიენტი პოლიტიკოსი ჯიურო ჯამონია იყო; მათ სადალაქოს საბეჭდი მანქანების სახელოსნოს მეპატრონე, რუდოლფ კალეც სტუმრობდა ხოლმე. ჯიურომაც და რუდოლფმაც სულიერი პროგრესი განიცადეს და მალე მოინათლნენ. ჯიურომ დატოვა პოლიტიკა და დააფუძნა ორგანიზაცია სახელწოდებით «იუგოსლავიის სამეფოს ბიბლიის მკვლევართა საზოგადოება „შუქურა“». ეს იურიდიული ორგანიზაცია ძმებს ქადაგებისა და კრების შეხვედრების თავისუფლად ჩატარების საშუალებას აძლევდა.
„ფოტოდრამა“ — გზა ჭეშმარიტებისკენ
იუგოსლავიის დიდ ქალაქებში „შემოქმედების ფოტოდრამის“ საჩვენებლად 1931 წელს იეჰოვას მოწმეთა შვეიცარიის ფილიალიდან ორი ძმა გაგზავნეს. დარბაზებში ტევა არ იყო. ყველა დიდი ინტერესით უყურებდა ჯიუროს მიერ წარმოდგენილ ფოტოდრამას, რომელმაც ხალხს ჭეშმარიტების მიმართ ინტერესი გაუღვივა. ამ დროს მარიბორში ძმები სლოვენურ და გერმანულ ენებზე ქრისტიანულ შეხვედრებს ატარებდნენ, ზაგრებში და მის მახლობლად კი ჯგუფები ხორვატულ ენაზე თარგმნილი პუბლიკაციების განსახილველად იკრიბებოდნენ.
ძმებმა გადაწყვიტეს, სლოვენურ და ხორვატულ ენებზე ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ თარგმნა დაეწყოთ, რაც იმ დროისათვის დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თარგმნის შემდეგ ერთი და პირგადასაღები ასლებით ხორვატულ და სლოვენურ ენებზე ერთ ჯერზე იმდენ ფურცელს ბეჭდავდა, რომ 20 ჟურნალი აკინძულიყო. მოგვიანებით, მიმეოგრაფის შეძენის შემდეგ ერთ ჯერზე 200-მდე ჟურნალი მზადდებოდა.
ამ ჟურნალებით „ხელდამშვენებული“ და-ძმები მატარებლით ჩადიოდნენ საქადაგოდ იუგოსლავიის სხვადასხვა კუთხეში. სლოვენიაში ძმები ზოგჯერ სატვირთო ავტომობილებსაც ქირაობდნენ. ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, ისინი სამქადაგებლო უბნებამდე მიჰყავდათ და ქადაგების დასრულებამდე მთელი დღე იქ ელოდებოდნენ. თავდაპირველად სამეფოს მაუწყებლებს ქადაგების გამოცდილება არ ჰქონდათ, ამიტომ ზოგჯერ დიდი ტაქტიანობით ვერ გამოირჩეოდნენ. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ აკურთხა მათი ძალისხმევა და იმათ მოძებნაში დაეხმარა, „ვინც მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი“ (საქ. 13:48).
„ჭეშმარიტება 1931 წელს გავიგე დეიდაჩემი ტერეზია გრადიჩისა და მისი ქმრისგან, ფრანცისგან, — იხსენებს ფრანც ზაგმაისტერი. — ფრანცი სლოვენიაში ერთ-ერთი პირველი მაუწყებელი იყო. როცა დავინახე, რომ რელიგიების მიმართ მტრულად განწყობილმა ფრანცმა ბიბლიის გულდასმით კითხვა დაიწყო, ამან ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მეც დავიწყე წმინდა წერილების კითხვა. ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ვუზიარებდი სხვებს ახალშეძენილ ცოდნას. ეს ამბავი ერთი მღვდლის ყურამდეც მივიდა. მან მაშინვე დამიბარა და მითხრა, რომ მე ბიბლია არ უნდა მქონოდა, მაინც ვერაფერს გავიგებდი, და ჯობდა მისთვის მიმეცა. მე ცივი უარი განვუცხადე. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ის მღვდელი ქუჩაში შემხვდა და გაბრაზებულმა მისაყვედურა:
— მამაშენისთვის ერთი მესაც კი არ გადაგიხდია.
— ერთს კი არა, ასს და ათასს გადავუხდი, თუ ეს მამაჩემს რამეს არგებს.
— არგებს, როგორ არ არგებს! — მკვახედ მიპასუხა მღვდელმა.
— თუ ზეცაშია, რაში სჭირდება შენი მესა, და თუ ჯოჯოხეთშია, რაღას უშველი?!
— განსაწმენდელში რომ იყოს?! — მითხრა ნიშნის მოგებით.
— ჩემო ბატონო, კარგად იცი, რომ დიდი ქონების პატრონი ვარ. ახლავე წამოგყვები ნოტარიუსთან და მთელ ჩემს ქონებას გადმოგიფორმებ, თუ ბიბლიით დამარწმუნებ, რომ სული უკვდავია და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს, რომ ჯოჯოხეთი და განსაწმენდელი ნამდვილად არსებობს, და რომ ღმერთი სამებაა.
მღვდელმა შემომიბღვირა, სიგარეტს მოუკიდა და წავიდა“.
პიონერები საქმეს შეუდგნენ
30-იან წლებში გულმოდგინე და-ძმების წყალობით ჭეშმარიტების სინათლე მთელ იუგოსლავიას მოეფინა. მარიბორში (სლოვენია) ეგრეთ წოდებული დროებითი პიონერული მსახურება დაიწყეს გრატ შტაუდინგერმა და კატარინა კონაჩნეკმა, მოგვიანებით მათ კაროლინა სტროპნეკიც შეუერთდა. მოსტარში, ჰერცეგოვინას ერთ დიდ ქალაქში, ორკესტრის დირიჟორი ალფრედ ტუჩაკიც გამოეხმაურა მოწოდებას და პიონერად დაიწყო მსახურება. 23 წლის ზაგრებელ (ხორვატია) დუშან მიკიჩმა, მას შემდეგ, რაც წაიკითხა ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, სულიერად სწრაფად წაიწია წინ, მოინათლა და პიონერულ მსახურებას შეუდგა. სულ მალე ადგილობრივ პიონერთა რიგებს გერმანიიდან ჩასული გულმოდგინე და მხნე და-ძმები შეუერთდნენ.
მაშინ, როცა იუგოსლავიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა წინ მიიწევდა, გერმანიაში — აკრძალული იყო. შვეიცარიის ფილიალმა იუგოსლავიაში 20 გამოცდილი პიონერი გაგზავნა. მათ შორის იყვნენ: მარტინ პოეტზინგერი, ალფრედ შმიტი, ვინკო და ჟოზეფინა პლატაისები, ვილი და ელისაბეტ ვილკები. მართალია, მათ არც სლოვენური იცოდნენ, არც სერბული, არც ხორვატული, მაგრამ ეს გულმოდგინე პიონერები სამქადაგებლო ბარათებით მაინც გაბედულად ქადაგებდნენ, და ჭეშმარიტებაც ვრცელდებოდა.
სირთულეები პიონერულ მსახურებაში
პიონერებმა უცხო ენა კარგად არ იცოდნენ და არც ფული ჰქონდათ საკმარისი, მაგრამ იეჰოვას ერთგულება და მოყვასის სიყვარული ეხმარებოდათ, კვლავაც გაეგრძელებინათ მსახურება. მათთვის არც გადაადგილება იყო იოლი; უამინდობისა და ცუდი გზის მიუხედავად, როგორც წესი, მივარდნილ სოფლებამდე მისასვლელად ფეხით 40 კილომეტრს გადიოდნენ. ერთ დას ფეხსაცმელი რომ არ გაჰფუჭებოდა, სოფლიდან სოფლამდე ფეხშიშველი მიდიოდა. მარტინ პოეტზინგერი, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, სიამოვნებით იხსენებდა, როგორ დადიოდა სოფელ-სოფელ ლიტერატურით სავსე ზურგჩანთით და როგორ უზიარებდა ცნობას ყველა მომსმენს.
გადაადგილება მხოლოდ მას შემდეგ გაადვილდა, რაც ერთმა შვეიცარიელმა ძმამ ამ ერთგულ პიონერებს ველოსიპედები აჩუქა. ეს ველოსიპედები რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ემსახურებოდა და-ძმებს.
იუგოსლავიელები სტუმართმოყვარე ხალხია, თუმცა პიონერებმა მათი წინააღმდეგობის ძალაც გამოსცადეს. მღვდლები ადვილად ახდენდნენ გავლენას თავიანთ მრევლზე, განსაკუთრებით პატარა სოფლებში. ზოგჯერ ისინი სკოლის მოსწავლეებსაც კი აქეზებდნენ, რომ პიონერებისთვის ქვები დაეშინათ. სამღვდელოება ხელისუფლების წარმომადგენლებსაც განაწყობდა პიონერების წინააღმდეგ, რომ შეევიწროებინათ, ლიტერატურა ჩამოერთმიათ და დაეპატიმრებინათ.
ერთხელ, როდესაც ხორვატიის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში ქადაგებდა, ვილი ვილკს სოფლის სკვერიდან ხალხის ღრიალის ხმა შემოესმა. ის და მისი ცოლი კიდევ ერთ პიონერთან, გრატ შტაუდინგერთან ერთად იქ მყოფ ხალხს სთავაზობდნენ ბროშურას სახელწოდებით „სამართლიანი მმართველი“, რომლის პირველ გვერდზეც იესო ქრისტე ეხატა. ვილი იხსენებს: „თავზარი დამეცა, როცა ჩემი ცოლი ნამგლებით შეიარაღებულ, გახელებულ ბრბოს შუაგულში დავინახე. იქვე ახლოს ბროშურებიც იწვოდა“.
პიონერები ვერ მიხვდენენ ამ უბრალო ხალხის გახელების მიზეზს; და ვილკიმაც ისე არ იცოდა ხორვატული, რომ საქმის ვითარება გაერკვია. სამაგიეროდ, გრატ შტაუდინგერმა იცოდა გერმანულიც და ადგილობრივი ენებიც. მივარდა იგი ბრბოსთან და შეჰყვირა:
— ქალბატონებო და ბატონებო, ამას რას შვრებით?!
— ჩვენ არ გვჭირდება მეფე პეტრე! — ერთხმად წამოიძახეს.
— არც ჩვენ, — უპასუხა გრატმა.
გაოცებულმა ხალხმა სურათისკენ გაიშვირა ხელი და ჰკითხა:
— მაშ, რატომღა უწევთ მას პროპაგანდას?!
მაშინღა მიხვდა გრატი, რა იყო მათი გაშმაგების მიზეზი. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე, 1934 წელს, მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I, რომლის ნაცვლად მისი ვაჟი პეტრე უნდა გამეფებულიყო. მაგრამ იმ სოფლის მოსახლეობას ავტონომია უნდოდა და არა სერბი მონარქის მეფობა; ბროშურაზე გამოსახული იესო მათ სწორედ მეფე პეტრე ეგონათ.
მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა ყველაფერი, რაც მოწმეებმა ხალხს ზეციერი მეფის, იესო ქრისტეს შესახებ უქადაგეს. ვინც ბროშურები დაწვა, მათ ახალი ბროშურები მოითხოვეს წასაკითხავად. პიონერებმა გახარებულებმა დატოვეს სოფელი, რადგან აშკარად დაინახეს იეჰოვას ძლიერი მკლავის ძალა.
პიონერებს ადგილობრივი ტრადიციებიც უნდა გაეთვალისწინებინათ. მოსახლეობა რომ არ გაეღიზიანებინათ, ბოსნიის მუსულმანურ სოფლებში ქადაგებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებდათ. თუ ძმა გათხოვილ მუსულმან ქალს ქადაგების დროს თვალებში შეხედავდა, ამას შეიძლებოდა მისი ქმრის უკმაყოფილება გამოეწვია.
იმ დროს იუგოსლავიაში სულ რამდენიმე კრება და ჯგუფი იყო. ამიტომ შორეულ სოფლებში ქადაგების შემდეგ ღამის გასათევი ადგილის მოძებნა პიონერებისთვის არც ისე ადვილი იყო. მათ იმდენი ფულიც არ ჰქონდათ, რომ ოთახი ექირავებინათ. ჟოზეფინა პლატაისი იხსენებს: „ერთ სოფელში ერთი კათოლიკე მღვდლის შიშით ღამის გათევაზე ყველამ უარი გვითხრა. სოფლიდან წამოსვლა რომ დავაპირეთ, უკვე შებინდებული იყო. გზაში ერთი დიდი ხე დავინახეთ, რომლის ძირას ხმელი ფოთლები ეყარა. ის ღამე სწორედ იქ გავათიეთ. ჩვენმა ზურგჩანთებმა ბალიშების მაგივრობა გაგვიწია. ჩემმა ქმარმა ველოსიპედი თოკით ფეხზე გამოიბა. დილით რომ გავიღვიძეთ, აღმოჩნდა, რომ ჭის მახლობლად გვძინებია. ჭიდან წყალი ამოვიღეთ და ტანსაცმელი გავისუფთავეთ. იეჰოვა არა მარტო გვიცავდა, არამედ ზრუნავდა ჩვენს ფიზიკურ საჭიროებებზეც“.
ეს პიონერები ყოველმხრივ გრძნობდნენ იეჰოვას მზრუნველობას, რადგან მათი მთავარი მიზანი სასიხარულო ცნობის გავრცელება იყო და არა პირად ინტერესებზე ზრუნვა.
მაკედონიის გავლით
ალფრედი და ფრიდა ტუჩაკები პიონერებად მსახურობდნენ. ერთხელ, როდესაც სლოვენიიდან ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ, გზად სამეფოს შესახებ ქადაგების შესაძლებლობა მიეცათ. ქალაქ სტრუმიცაში (მაკედონია) მათ მაღაზიის მფლობელს, დიმიტარ იოვანოვიჩს უქადაგეს და პუბლიკაციებიც დაუტოვეს. ერთი თვის შემდეგ ბულგარეთიდან რომ ბრუნდებოდნენ, იგი მოინახულეს. როდესაც გაიგეს, რომ პუბლიკაციები წაკითხული არ ჰქონდა, სთხოვეს, უკან დაებრუნებინა, რათა იმისთვის მიეცათ, ვინც წაიკითხავდა. დიმიტარს ცნობისმოყვარეობა აღეძრა და შეეხვეწა, რომ ოღონდ არ წაეღოთ და აუცილებლად წაიკითხავდა. მან მართლაც წაიკითხა და ჭეშმარიტებაც იპოვა. იგი მოინათლა და მაკედონიაში პირველი იეჰოვას მოწმე იყო.
ამის შემდეგ დიმიტარმა ჭეშმარიტება ძმებს, ალექსა და კოსტა არსოვებს უქადაგა. მალე მაკედონიაში უკვე სამი მოწმე იყო. გრამოფონებით ხალხს მოხსენებებს ასმენინებდნენ, ავრცელებდნენ ჟურნალებს და ასე მიდიოდა ქადაგება. ერთ-ერთი ჟურნალი მეთოდისტი პასტორის ხელში მოხვდა. ჟურნალი მან თავისი მრევლის წევრს, ტუშო სარჩავს მისცა, რომელსაც ისე მოეწონა, რომ პასტორს სხვა ნომრებიც სთხოვა. ტუშომ შეიტყო, რომ ქადაგების სანაცვლოდ ფულის აღება სწორი არ იყო. მან მაშინვე ახარა პასტორს ამის შესახებ, რის შემდეგაც პასტორმა ჟურნალების მიტანაზე უარი განუცხადა. ტუშომ ჟურნალებიდან მარიბორის ფილიალის მისამართი გაიგო და წერილი მისწერა, რომ მისთვის ჟურნალები გაეგზავნათ. ფილიალმა დიმიტარს, ალექსას და კოსტას ტუშოს მონახულება სთხოვა. ასე რომ, მალე ჯგუფიც ჩამოყალიბდა.
1935 წელს ფილიალი მარიბორიდან (სლოვენია) იუგოსლავიის დედაქალაქში, ბელგრადში (სერბია) გადაიტანეს, ზედამხედველებად კი ფრანც ბრანდი და რუდოლფ კალე დანიშნეს.
ჩვენი საქმიანობის აკრძალვა
1933 წელს ერთ კათოლიკურ ჟურნალში დაიწერა, რომ ჩვენი ძმები აქტიურად ქადაგებდნენ. ჟურნალში დაწვრილებით იყო განხილული მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობა, თუმცა ისიც იყო ნათქვამი, რომ მალე ეს საქმიანობა შეჩერდებოდა. რა მწარედ ცდებოდნენ!
ჩრდილოეთ იუგოსლავიაში პიონერთა პატარა ჯგუფის აქტიურმა ქადაგებამ სამღვდელოება გააღიზიანა. ისინი კიდევ უფრო განრისხდნენ, როცა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს სამქადაგებლო საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნები. მაგრამ ერთ დღესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იეზუიტი მღვდელი გახდა. მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება საზოგადოება „შუქურა“-ს გაუქმება იყო. 1936 წლის აგვისტოს ჩვენი საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალა. დალუქეს სამეფო დარბაზები და ჩამოგვართვეს ლიტერატურა. საბედნიეროდ, ამის შესახებ კრებებმა დროულად შეიტყვეს, რისი წყალობითაც ბევრი ლიტერატურა ვერ წაიღეს. საქმე რომ არ შეჩერებულიყო, ბელგრადში პატარა სტამბა „კულა სტრაჟარა“ (საგუშაგო კოშკი) დაარსდა. შეხვედრები საკუთარ სახლებში ტარდებოდა.
ჩვენი საქმიანობის აკრძალვის შემდეგ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა სამქადაგებლო საქმიანობის შესაჩერებლად. მათი სამიზნე, ძირითადად, სრული დროით მსახურები იყვნენ. დიდი სირთულეები ექმნებოდათ გერმანულ ენაზე მოლაპარაკე პიონერებს, რომლებიც იუგოსლავიაში იმიტომ ჩავიდნენ, რომ მაშინ ევროპის სხვა ქვეყნებში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო; ახლა კი, აქაც აიკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ პიონერებს აპატიმრებდნენ, მათ ენთუზიაზმი არ განელებიათ. „ზოგჯერ მნახველებსაც არ უშვებდნენ, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ჩვენთან იყო,— იხსენებს ერთი და. — ერთხელ, როდესაც ციხის ზედამხედველმა არ შემოუშვა ჩვენ სანახავად მოსული ძმა, იგი ისე ხმამაღლა დაელაპარაკა მას, რომ ჩვენც გავიგონეთ. მისი ხმის გაგონება ჩვენთვის დიდი გამხნევება იყო“.
აკრძალვის დროს დიდ გაბედულებას მოითხოვდა ბროშურის „მოსამართლე რუტერფორდი ამხელს მეხუთე კოლონას“ თარგმნა და გავრცელება. ეს ბროშურა, რომელიც კათოლიკურ ეკლესიებს ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერაში ამხელდა, სერბულ, ხორვატულ და სლოვენურ ენებზე ითარგმნა. თითოეულ ენაზე 20 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. ბროშურის გავრცელება დაუყოვნებლივ აკრძალეს, შემდეგ კი უცხოელი პიონერები გააძევეს ქვეყნიდან. გენერალურმა პროკურორმა მოითხოვა ბროშურის გამომცემლების 10-15 წლით დაპატიმრება. დიდი საფრთხისა და რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად, მაუწყებლებმა სწრაფად გაავრცელეს 60 000 ბროშურა.
„იმ დროს ისე სწყუროდა ხალხს ჭეშმარიტება, რომ სიამოვნებით კითხულობდნენ ლიტერატურას“ — იხსენებს ლინა ბაბიჩი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო ჭეშმარიტება. იგი ყოველთვის ერთგული და-ძმების გვერდით იდგა. ლინა განაგრძობს: „ისეთი დრო იყო, რომ ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. ზოგჯერ პუბლიკაციებიდან თემებს ბლოკნოტში ვიწერდი. თუ გამჩხრეკდნენ, იფიქრებდნენ, რომ ბლოკნოტში პირადი ჩანაწერები მქონდა“.
ან იეჰოვა ან ტოლსტოი
ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იუგოსლავიის ერთ-ერთ დიდ კრებაში განხეთქილება ჩამოვარდა. კრების ზოგი წევრი რუსი მწერლისა და ფილოსოფოსის, ლევ ტოლსტოის შეხედულებებით მოიხიბლა და მათი გავრცელებაც დაიწყო. ტოლსტოი, რომელიც ერთ დროს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მიეკუთვნებოდა, დარწმუნდა, რომ ყველა ქრისტიანული ეკლესია სიცრუის ბუდე იყო, და რომ სწორედ მათ დაამახინჯეს ქრისტიანობა. ზოგიერთი ძმა დაეთანხმა ტოლსტოის და დაასკვნა, რომ ვერც ერთი რელიგიური ორგანიზაცია ვერ ჩაითვლებოდა სიმართლის მქადაგებლად და ამის გამო ზურგი აქცია იეჰოვას ორგანიზაციას. ძმამ, რომელიც ზაგრების კრებას ხელმძღვანელობდა, ბოროტად გამოიყენა კრების ნდობა და მაუწყებლების უმრავლესობა ტოლსტოის შეხედულებების სისწორეში დაარწმუნა. მისი გავლენა კრებაზე იმდენად დიდი იყო, რომ კრების უმეტესობამ, 60-ზე მეტმა კაცმა მიიღო წინასწარ შემუშავებული რეზოლუცია და უარი თქვა იეჰოვას ორგანიზაციის წევრობაზე.
ეს რომ რუდოლფ კალემ შეიტყო, მაშინვე ბელგრადიდან ზაგრებში გაემგზავრა კრებასთან შესახვედრად. მან ის ძირითადი ბიბლიური სწავლებები განიხილა, რომლებიც იეჰოვამ თავის მსახურებს ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით გაუმჟღავნა (მათ. 24:45—47). მერე იკითხა: „ვისგან იცით ეს სწავლებები? ტოლსტოისგან თუ იეჰოვას ორგანიზაციისგან?“ რუდოლფმა ციტატა მოიყვანა იესო ნავეს ძის 24:15-დან, და აუდიტორიას სთხოვა, ხელი აეწიათ მათ, ვინც იეჰოვას ორგანიზაციაში რჩებოდა. მხოლოდ ორმა ასწია ხელი.
„ენით გამოუთქმელი ტკივილი ვიგრძენი“, — იხსენებს რუდოლფი.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თითქოს ყველაფერი, რაც კი აქამდე კრებაში გაკეთებულა, წყალში ჩაიყარა.
რუდოლფმა ის ორი ერთგული მოწმე სცენაზე აიყვანა და თქვა: „ამ ქალაქში მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით იეჰოვას თაყვანისმცემლები. დანარჩენებმა დატოვეთ ოთახი და თქვენ-თქვენი გზა მონახეთ. დაგვტოვეთ! ჩვენ გვინდა, ჩვენს ღმერთს, იეჰოვას ვემსახუროთ, თქვენ კი თქვენს ტოლსტოის ემსახურეთ. ჩვენ თქვენთან საერთო აღარაფერი გვაქვს!“
რამდენიმე წამის განმავლობაში კრინტი არავის დაუძრავს; შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ასწიეს ხელები, ამბობდნენ, მეც მინდა იეჰოვას ვემსახუროო. საბოლოოდ ოთახი მხოლოდ კრების განდგომილმა მსახურმა და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ დატოვეს. ერთგულების ასეთმა გამოცდამ იეჰოვას მსახურები იმ ბევრად მძიმე განსაცდელებისთვის მოამზადა, რომელთა წინაშეც მალე აღმოჩნდებოდნენ.
ომის დროინდელი სირთულეები
1941 წლის 6 აპრილს იუგოსლავიას გერმანელთა ჯარებმა შეუტიეს. ბელგრადზე მიტანილი მასობრივი საჰაერო იერიშის შედეგად ფილიალიც დაზიანდა. გერმანელებმა იუგოსლავიის ყველა რესპუბლიკა დაიკავეს. გაწყდა კავშირი სერბიის ბეთელსა და სლოვენ, ხორვატ და მაკედონელ ძმებს შორის. გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სამხრეთ მაკედონიაში მცხოვრები ძმები, რომლებმაც კავშირის აღდგენა ომის შემდეგაც ვერ შეძლეს.
მოულოდნელად ძმების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ომმა მთელი მსოფლიო მოიცვა, რამაც ძმები და დები ურთულესი განსაცდელების წინაშე დააყენა. მათ რწმენასა და იეჰოვას სიყვარულს უდიდესი გამოცდა ელოდა.
ბელგრადში ფილიალი დაიხურა. ამიტომ სულიერი საზრდო ახლა ზაგრებიდან (ხორვატია) უნდა განაწილებულიყო. მათ განსაკუთრებული წინდახედულობა უნდა გამოეჩინათ და ყოველი ინფორმაცია საიდუმლოდ უნდა შეენახათ; ერთ დროს თუ მათ ფულად ჯარიმებს ახდევინებდნენ და აპატიმრებდნენ, ახლა საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ და სიკვდილს უსჯიდნენ.
გერმანელმა ჯარებმა იუგოსლავიაში საკონცენტრაციო ბანაკები ამ ქვეყნის ნაწილებად დაყოფის შემდეგ გახსნეს. ხორვატიის საკონცენტრაციო ბანაკებში ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური (არაკათოლიკე) უმცირესობის წარმომადგენლები და იმდროინდელი რეჟიმის მოწინააღმდეგეები მიჰყავდათ და ხოცავდნენ. სერბეთში ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკების გარდა, შრომა-გასწორების კოლონიებიც ააშენეს. ნეიტრალიტეტის დაცვის გამო 150-ზე მეტი უნგრელი ძმა გაგზავნეს ბორის (სერბია) საკონცენტრაციო ბანაკში. ნაცისტები იეჰოვას მოწმეებს იუგოსლავიაშიც ავიწროებდნენ. ამის გამო ქადაგება, ძირითადად, არაფორმალურად მიმდინარეობდა. მაუწყებლებს თან მხოლოდ ბიბლია, ერთი ჟურნალი ან ბროშურა ჰქონდათ. თუ დაიჭერდნენ, წინასწარ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. პატარ-პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ და არ იცოდნენ, თუ სხვა ჯგუფები სად ატარებდნენ შეხვედრებს.
ვინაიდან ლიტერატურა იუგოსლავიაში ვერ შედიოდა, ადგილზევე მზადდებოდა, ოღონდ ჩუმად. ჟურნალებისა და ბროშურების დასაბეჭდად და ასაკინძად ძმები ღამეებს თეთრად ათენებდნენ, თანაც არაერთგან. გარდა ამისა, მუშაობითაც ბევრს მუშაობდნენ, რომ პუბლიკაციების დასაბეჭდად საჭირო ფული ჰქონოდათ. სხვადასხვა გზებით, მაგრამ ძმები ყოველთვის ახერხებდნენ იმის შოვნას, რაც დასაბეჭდად სჭირდებოდათ. მაშინ, როცა იუგოსლავიაში ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული სიძულვილი უფრო და უფრო ღვივდებოდა, ჩვენს ძმებს შორის ერთიანობა სუფევდა. მათ არ დაუზოგავთ თავიანთი სახსრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს მისაღებად. როგორ მიეწოდებოდათ სულიერი საზრდო იმ ძმებს, ვისთანაც კავშირის დამყარება თითქმის შეუძლებელი იყო?
წარმოშობით სერბი სტეივან სტანკოვიჩი, რომელიც რკინიგზის სადგურში მუშაობდა, ყოველთვის ეხმარებოდა თავის სულიერ ძმებს. მას ხორვატიიდან სერბიაში ჩუმად შეჰქონდა ლიტერატურა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ერთ დღესაც პოლიციამ მის ჩემოდანში ლიტერატურა აღმოაჩინა; მას მოსთხოვეს, ეთქვა, საიდან მოჰქონდა პუბლიკაციები. იგი ძმების ერთგული დარჩა და არაფერი უთქვამს. პოლიციამ დააპატიმრა, დაჰკითხა და შემდეგ იასანოვაცის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. ამ განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ ბანაკში ამ ერთგულ ძმას სიცოცხლე მოუსწრაფეს.
მიჰოვილ ბალკოვიჩი, საკმაოდ წინდახედული და მოხერხებული ძმა, იმ ძნელბედობის ჟამს ხორვატიაში სანტექნიკოსად მუშაობდა. მიუხედავად ამისა, იგი ძმებს ინახულებდა, ამხნევებდა და მათთან ლიტერატურა ჩაჰქონდა. „ერთხელ, — იხსენებს მისი შვილიშვილი, — მან შეიტყო, რომ მატარებელი, რომლითაც მგზავრობდა, მომდევნო ქალაქში უნდა გაეჩხრიკათ. ამიტომ მიჰოვილი ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვიდა. თითქმის მთელი ქალაქი მავთულხლართებით იყო შემოღობილი, მაგრამ მან ვენახ-ვენახ იარა და ასე დააღწია თავი მავთულხლართებს. ზურგჩანთაში ლიტერატურა ელაგა, რომელზეც ორი ბოთლი კონიაკი და ცოტაოდენი სურსათი ეწყო. ვენახის გავლის შემდეგ სანგარს ჩაუარა. უცებ ჯარისკაცის ყვირილი მოესმა:
— სდექ! ვინა ხარ?
როცა მიჰოვილი ახლოს მივიდა, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ჰკითხა:
— რა მიგაქვს?
— ცოტაოდენი ფქვილი, ლობიო და კარტოფილი.
მერე ჯარისკაცმა ჰკითხა, რა ესხა ბოთლებში. მიჰოვილმა მიუგო:
— უსუნე, გასინჯე.
როდესაც ჯარისკაცმა კონიაკს გემო გაუსინჯა, მიჰოვილმა უთხრა:
— ერთი შენ, შვილო, და ერთიც — მე.
კმაყოფილი ჯარისკაცები აღარაფერზე გამოდევნებიან:
— შეგიძლია წახვიდე, ბიძაჩემო!
ასე შეძლო მიჰოვილმა ლიტერატურის უსაფრთხოდ გადატანა“.
მიჰოვილი გაბედული ძმა იყო. მას ისეთ ტერიტორიებზე უწევდა სიარული, რომელსაც მოწინააღმდეგეთა ჯარები აკონტროლებდნენ. მიჰოვილი ხან კომუნისტ პარტიზანებს გადაეყრებოდა ხოლმე, ხან — უსტაშებსa, ხანაც — სერბ პარტიზანებს. მას არც ერთხელ არ შეშინებია, ყოველთვის ბიბლიიდან ესაუბრებოდა მათ მომავლის იმედის შესახებ. ეს მართლაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა, რადგან მისი სიცოცხლე ყოველთვის საფრთხეში იყო. მიჰოვილი რამდენჯერმე დაიჭირეს, დაჰკითხეს და დააპატიმრეს კიდეც.
ომის მიწურულს, 1944 წლის 9 ნოემბერს, მიჰოვილის სახლში პარტიზანები შეცვივდნენ, იქიდან ლიტერატურა წამოიღეს და მიჰოვილიც წამოიყვანეს. სამწუხაროდ, ის შინ აღარ დაბრუნებულა; მას თავი მოჰკვეთეს.
იოსიფ საბო პატარა ბიჭი იყო, როცა ხორვატიის ერთ-ერთ ოლქში, კერძოდ სლავონიაში, თავისი ველოსიპედით ლიტერატურა დაჰქონდა. ველოსიპედის საბარგულზე მიმაგრებული ჰქონდა ყუთი, რომელშიც ლიტერატურას ალაგებდა, ლიტერატურაზე კი მსხლებს აწყობდა. მაშინ თითქმის ყველა სოფლის შესასვლელი ბარიკადებით იყო ჩახერგილი და იქაურობას ჯარიკაცები მეთვალყურეობდნენ.
— რა გაქვს მაგ ყუთში? — თითქმის ყველა პუნქტთან ეკითხებოდნენ იოსიფს ჯარისკაცები.
— მსხალი მიმაქვს ბიძაჩემისთვის, — უპასუხებდა იოსიფი, და ჯარისკაცებიც ერთი-ორ მსხალს ამოიღებდნენ ხოლმე. დანიშნულების ადგილს რომ მიუახლოვდებოდა, ლიტერატურაზე სულ რამდენიმე მსხალიღა იდო. ამიტომ იოსიფი ზოგჯერ იძულებული ხდებოდა, დიდი ხნის მიტოვებული გზით წასულიყო, რომ მსხლებიც გადაერჩინა და მსხლების ქვემოთ დამალული ძვირფასი ლიტერატურაც.
სიკვდილამდე ერთგულები
ზაგრებში მცხოვრებმა კალატოზმა, ლასტან ფაბიანმა, ჭეშმარიტება გაუზიარა ივან სივარს, ფრანიო დრევენს და ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირს. ექვს თვეში სამივენი მოინათლნენ; დაიწყეს ქადაგება და შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება. 1943 წლის 15 იანვრის საღამოს სამხედრო პოლიცია ივან სივარის სახლში მივიდა, სადაც დააკავეს თვითონ ივანი, ფრანიო დრევენი და კიდევ ერთი ძმა, ფილიპ ილიჩი. სახლი გაჩხრიკეს, ლიტერატურა წაიღეს და თან ძმებიც წაიყვანეს.
ეს რომ ლასტანმა და ფილიპმა შეიტყვეს, ფრანიოს დედისა და დის სანუგეშებლად წავიდნენ. პარტიზანებმა გაიგეს ამის შესახებ და ორივე, ლასტანიცა და ფილიპიც, დააპატიმრეს. ხუთივე ძმა ბიბლიით ხელში უხსნიდა მათ, რომ მხოლოდ იეჰოვას მსახურები და ქრისტეს მეომრები იყვნენ. ვინაიდან იარაღის აღებასა და ბრძოლაზე მტკიცე უარი განაცხადეს, მათ სიკვდილი მიუსაჯეს.
ერთ ღამეს ხუთივე ძმა გააღვიძეს, ტანსაცმელი გახადეს და ტყეში წაიყვანეს. გზაში ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ, გადაწყვეტილება შეეცვალათ. ჯარისკაცები ძმების გატეხას იმით ცდილობდნენ, რომ მათ გარეშე დარჩენილ ოჯახის წევრებზე ელაპარაკებოდნენ. მაგალითად, ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირს შეახსენეს, რომ სახლში ფეხმძიმე ცოლი და ოთხი შვილი ელოდა. ფილიპმა მტკიცედ უპასუხა, რომ იეჰოვა მათ მზრუნველობას არ მოაკლებდა. ფრანიო დრევენს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ჯარისკაცები იმას უმეორებდნენ, რომ მისი დედისა და დის პატრონი არავინ იქნებოდა.
საშინლად ციოდა. დანიშნულ ადგილამდე რომ მივიდნენ, ძმები ერთმანეთის გვერდით დააყენეს და განაჩენის აღსრულება დაიწყეს. ჯერ ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირი დახვრიტეს. ამის შემდეგ დანარჩენებს ჰკითხეს, ხომ არ შეცვლიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ძმები სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დახვრიტეს ფრანიო, ივანი და ლასტანი. ბოლოს ფილიპ ილიჩიღა დარჩა ცოცხალი, რომელიც კომპრომისზე წავიდა და ჯარისკაცებს შეუერთდა; თუმცა სამი თვის შემდეგ ავად გახდა და შინ დაბრუნება მოუწია. იგი ყველაფერს მოყვა, რაც მოხდა. სიცოცხლე, რომლის დახსნასაც ფილიპ ილიჩი კომპრომისზე წასვლით შეეცადა, უდროოდ წაართვა ავადმყოფობამ.
სლოვენიაში მრავალი და-ძმა იმსხვერპლა დევნამ. ერთ-ერთი მათგანი ფრანკ დროზგი იყო, 38 წლის მჭედელი, რომელიც უარს აცხადებდა ომში მონაწილეობაზე. ამის გამო ნაცისტებმა იგი 1942 წლის 8 ივნისს მარიბორში სიკვდილით დასაჯეს. ვინც მასთან ერთად იყო, გვიამბობს, რომ დახვრეტამდე მას კისერზე ეკიდა წარწერა: „მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან“ (იოან. 17:14). ფრანკის ძლიერი რწმენა კარგად გამოჩნდა მეგობრისთვის მიწერილი წერილიდან, რომელიც მან განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა: „ძვირფასო მეგობარო, რუპერტ! დღეს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. ნუ მიგლოვებ. ძალიან მიყვარხართ შენც და შენი ოჯახის წევრებიც. გნახავ ღვთის სამეფოში“.
მთავრობა ნებისმიერ ხერხს მიმართავდა სამქადაგებლო საქმიანობის შესაჩერებლად, მაგრამ იეჰოვა ამტკიცებდა, რომ ხსნის ღმერთი იყო. მაგალითად, პოლიციას არაერთხელ მოუწყვია საყოველთაო შემოწმება და მწკრივშიც კი დაუყენებია მოსახლეობა მათი პირადობის მოწმობების შესამოწმებლად. მათგან საეჭვო პირები ციხეში გადაჰყავდათ. პარალელურად პოლიცია ჩხრეკდა სახლებსა და ბინებს. ძმებს არაერთხელ დაუნახავთ იეჰოვას ძლიერი მკლავი. პოლიცია ისე ჩაუვლიდა ხოლმე მათ სახლებს, რომ ეგონათ, უკვე გაჩხრეკილი იყო. მაგალითად, სულ ცოტა ორი შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც პოლიციამ არ გაჩხრიკა იმ ძმების ბინები, სადაც ბევრი ლიტერატურა და არაერთი მიმეოგრაფი ინახებოდა. და-ძმებმა, რომლებიც ურთულესი და სახიფათო მდგომარეობის მიუხედავად მაინც განაგრძობდნენ ქადაგებას, საკუთარ თავზე გამოსცადეს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას“ (იაკ. 5:11).
სიკვდილმისჯილები
1945 წელს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ეპოქა. ჰიტლერისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ ძმებს იმედი მიეცათ, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ვეღარაფერი შეაჩერებდა. ოპტიმიზმის საფუძველს მათ ახალი კომუნისტური მთავრობის პირობა აძლევდათ, რომ უზრუნველყოფდნენ პრესის, სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.
პირობა პირობად დარჩა. 1946 წლის სექტემბერში თხუთმეტი ძმა და სამი და დააპატიმრეს. მათ შორის იყვნენ რუდოლფ კალე, დუშან მიკიჩი და ედმუნდ სტროპნიკი. დაკითხვები ხუთ თვეს გაგრძელდა. მთავრობა ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში სდებდა მათ ბრალს, რითაც თითქოს იუგოსლავიის თვითმყოფადობას უქმნიდნენ საფრთხეს. მათი აზრით, ჩვენი საქმიანობა პირდაპირ შეერთებული შტატებიდან იმართებოდა, და ღვთის სამეფოს ამოფარებულნი სოციალიზმის დანგრევასა და კაპიტალიზმის აღდგენას ვცდილობდით. მთავარი ბრალმდებელი ერთი კათოლიკე მღვდელი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ სინამდვილეში ამერიკელი ჯაშუშები ვიყავით.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ძმებმა ღირსეულად დაიცვეს თავი და იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებაც იქადაგეს. ახალგაზრდა ძმამ, ვიაკოსლავ კოსმა, სასამართლოზე თქვა: „პატივცემულო მოსამართლეებო, ეს რელიგია, ეს ბიბლიური სწავლებები, მე დედაჩემისგან მივიღე. მე ღმერთს ვცემ თაყვანს. ჩემი ორი და და ერთი ძმა იმავე მრწამსს იზიარებდნენ, რასაც დედაჩემი. გერმანელმა ოკუპანტებმა დედაჩემი დააპატიმრეს, ჩემი დედმამიშვილები კი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში დახვრიტეს. მათ ისინი კომუნისტები ეგონათ, რადგან ღმერთს ისე სცემდნენ თაყვანს, როგორც სწორად მიაჩნდათ. მეც ამავე მიზეზით ვდგავარ თქვენ წინაშე — ფაშისტი გგონივართ“. ამის შემდეგ სასამართლომ ბრალდება მოუხსნა მას და გაათავისუფლა.
სამწუხაროდ, სასამართლოს სხვა და-ძმების მიმართ შემწყნარებლობა არ გამოუჩენია. დაპატიმრებულთაგან სამს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და დახვრიტეს, დანარჩენებს კი 1-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ამ უსამართლობამ აღაშფოთა ჩვენი საერთაშორისო საძმო. შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოწმეებისგან იუგოსლავიის მთავრობამ ათასობით საპროტესტო წერილი და ტელეგრამა მიიღო. ჩვენი ძმების სასარგებლოდ სახელმწიფოთა წარმომადგენლებმაც კი აღიმაღლეს ხმა. ამ საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგი ის იყო, რომ იუგოსლავიის მთავრობამ სასჯელის ფორმა შეცვალა და სიკვდილით დასჯის ნაცვლად ოცწლიანი პატიმრობა შემოიღო.
და-ძმების დევნას ბოლო არ უჩანდა. სლოვენიის მთავრობამ ქადაგებისთვის იანეზ რობასი და მისი ცოლი მარია, იოჟე მარლოტი და ფრანჩიშკა ვერბეცი დააპატიმრა. საბრალდებო დასკვნაში ეწერა: «„იეღოველთა სექტამ“ ახალი წევრები მიიღო და ისინი ჩვენი სოციალური სისტემისა და სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ განაწყო». ბრალმდებელთა აზრით, ჩვენი ძმები ძირს უთხრიდნენ ქვეყნის თავდაცვის სისტემას. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ და-ძმებს შრომა-გასწორების კოლონიაში სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
1952 წელს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ყველა პატიმარი გაათავისუფლეს. სამეფოს შესახებ ქადაგება თავისუფლად გაგრძელდა. იეჰოვას დანაპირების შესრულებას ვერაფერმა შეუშალა ხელი: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს“ (ეს. 54:17).
იუგოსლავიის მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობდა ძმების ერთგულების შესარყევად. მასმედია მოწმეებს „შეშლილებს“ და „სიგიჟემდე მისულ ფანატიკოსებს“ უწოდებდა. ბოროტმა ხმებმა და გაუთავებელმა თვალთვალმა ზოგიერთ ძმას მოსვენება დაუკარგა. ციხიდან გათავისუფლებული ერთგული ძმები კრების წევრებს ჯაშუშები ეგონათ, თუმცა იეჰოვა გულმოდგინე და მოწიფული ძმების მეშვეობით მაინც განაგრძობდა კრებების განმტკიცებას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის ხელისუფლების სათავეში იოსიპ ბროზ ტიტო მოვიდა. მალევე გახდა ცხადი, რომ ქვეყანაში სამხედრო თვალსაზრისით დიდი ძვრები მოხდებოდა. ყველა, ვინც სამხედრო სამსახურზე უარს იტყოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მიზეზით, ავტომატურად ხდებოდა მთავრობის მოწინააღმდეგე.
ერთგულება იცდება
ხორვატი ლადისლავ ფორო ცხრა წლის იყო, როდესაც იძულებით შეკრებილ ხალხთან ერთად კათოლიკე მღვდლის ქადაგებას უსმენდა. ცნობისმოყვარე ლადისლავი ქადაგების შემდეგ სცენის ფარდასთან მიიპარა და ფარდის მიღმა დაინახა, რომ მღვდელმა ანაფორა გაიხადა; მას შიგნიდან უსტაშების ფორმა ეცვა, წელზე პატრონტაში ჰქონდა შემორტყმული და ზედ ხელყუმბარა ეკიდა. მერე მღვდელმა ხმალი აიღო, გარეთ გავიდა, ცხენზე შეჯდა და ხმამაღლა შეჰყვირა: „წავიდეთ, ძმებო, გავაქრისტიანოთ ხალხი! ვინც წინააღმდეგობას გაგიწევთ, კი იცით, რაც უნდა უქნათ!“.
ლადისლავმა იცოდა, რომ ღვთის კაცი ასე არ მოიქცეოდა. მან ბიძამისთან ერთად მალევე დაიწყო იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება, რომლებიც მაშინ ჩუმ-ჩუმად ტარდებოდა. ამან მისი მშობლები აღაშფოთა, მაგრამ მას შეხვედრებზე სიარული არ შეუწყვეტია და სულიერ წარმატებებსაც მიაღწია.
1952 წელს ლადისლავი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მაგრამ ის მტკიცედ დადგა და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი არ დაარღვია. ზემოქმედების მოხდენის მიზნით იგი არაერთხელ დაკითხეს, ცდილობდნენ, როგორმე სამხედრო ფიცის დადებაზე დაეყოლიებინათ. წაიყვანეს ყაზარმაში, სადაც ფიცის მისაღებად 12 000 წვევამდელი შეეკრიბათ. ჯარისკაცებმა ლადისლავი ყველას წინაშე დააყენეს და მხარზე ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოჰკიდეს. მან ის მაშინვე ძირს დააგდო. შემდეგ მათ ყველას გასაგონად რუპორებში ჩასძახეს, რომ თუ ლადისლავი იგივეს გაიმეორებდა, დახვრეტა არ ასცდებოდა. მან მეორედაც დააგდო იარაღი. მაშინ ლადისლავი წაიყვანეს და რამდენიმე მეტრის სიღრმის ორმოში ჩააგდეს. გაიცა დახვრეტის ბრძანება და ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ორჯერ ისროლა ორმოში. ამის შემდეგ ყველანი ბარაკებისკენ გაემართნენ. საბედნიეროდ, ლადისლავს ორივე ტყვია ასცდა!
იმ ღამით, ლადისლავი ორმოდან ამოიყვანეს და სარაევოს ციხეში გადაიყვანეს. მას გადასცეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მისი თანამორწმუნეები, რომლებიც კომპრომისზე წავიდნენ, გაათავისუფლეს, ის კი ბოროტმოქმედებთან ერთად ლპებოდა ციხეში. მის გასატეხად მრავალი ამგვარი არგუმენტი მოჰყავდათ. ლადისლავი კი თავისთვის ფიქრობდა: „ვინმეს ხათრით გავხდი იეჰოვას მსახური? არა! აქ ადამიანის გულის მოსაგებად ვზივარ? არა! იმის მიხედვით უნდა ვიცხოვრო, რასაც სხვები ამბობენ, ფიქრობენ ან აკეთებენ? არა!“
ამ კითხვებზე ფიქრი ლადისლავს დაეხმარა, რომ ოთხწელიწად-ნახევრიანი პატიმრობის დროს ერთგულება შეენარჩუნებინა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სარაიონო ზედამხედველად დაიწყო მსახურება. მას ყოველთვის გვერდში ედგა თავისი მეუღლე, ანიცა.
სირთულეები კანონიერი აღიარების მიუხედავად
1948 წელს საბჭოთა კავშირთან აქტიური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ტიტომ ხელისუფლების დეცენტრალიზაცია მოახდინა. მოსახლეობას ნელ-ნელა მეტი თავისუფლება მიეცა. მართალია, წყობა სოციალისტური დარჩა, მაგრამ მთავრობა რელიგიების მიმართ უფრო ტოლერანტული გახდა.
იუგოსლავიის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ იეჰოვას მოწმეებს და სპეციალური ქარტიის მომზადება შესთავაზეს, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა ჩვენი საქმიანობის ლეგალიზაცია. ძმებმა მოამზადეს ქარტია, და 1953 წლის 9 სექტემბერს იუგოსლავიის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონიერად ცნო.
მაშინ, როცა სხვა კომუნისტური ქვეყნებიდან ჩვენს ძმებს აძევებდნენ, იუგოსლავიაში მოწმეები თავისუფლად ატარებდნენ ქრისტიანულ შეხვედრებს. ეს მაკედონელ ძმებს საშუალებას აძლევდა, რომ შეუფერხებლად მიეღოთ ლიტერატურა და ზაგრების ფილიალთან კავშირი ჰქონოდათ. მართალია, იეჰოვას მოწმეები, როგორც რელიგიური გაერთიანება, 1953 წელს გაატარეს რეგისტრაციაში, მაგრამ კარდაკარ მსახურებისთვის კანონიერი უფლების მოპოვებას კიდევ 38 წელი დასჭირდა.
პრობლემებს ბოლო არ უჩანდა. ნეიტრალიტეტის შენარჩუნების გამო მთავრობა ძმებს სამქადაგებლო საქმიანობას პროპაგანდად უთვლიდა. ქადაგებას განსაკუთრებით საიდუმლო პოლიციისა და დამბეზღებლების ურთიერთთანამშრომლობა ართულებდა. ქადაგების დროს ძმებს იჭერდნენ და აჯარიმებდნენ. ერთ წიგნში ნათქვამი იყო: „ძმებს აკავებენ და ასამართლებენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სლოვენიაში, სადაც ძალიან ძლიერია კათოლიციზმის გავლენა. პოლიცია თავის აგენტებთან ერთად უთვალთვალებს იეჰოვას ხალხს, რომ სწორედ მაშინ დააკავონ, როცა დაინტერესებულებს ღვთის სიტყვას ასწავლიან. მაგრამ ძმები მხნედ არიან, და დევნის მიუხედავად, მზად არიან, ადამიანებზე მეტად ღმერთს დაემორჩილონ“.
„გველივით ფრთხილნი“
სლოვენიის სოფლებში ქადაგების დროს ძმები მობინადრეებს ეკითხებოდნენ, კვერცხი ხომ არ ჰქონდათ გასაყიდად. თუ ფასი ხელსაყრელი იყო, მაუწყებლები ყიდულობდნენ კვერცხს, რათა ყოველგვარი ეჭვი გაექარწყლებინათ. კვერცხი რომ მოუგროვდებოდათ, ახლა უკვე შეშის ყიდვით ინტერესდებოდნენ. თუ დაინახავდნენ, რომ ქადაგება უსაფრთხო იქნებოდა, ყიდვის დროს საუბარი ბიბლიაზე გადაჰქონდათ (მათ. 10:16).
ზაგრების (ხორვატია) მახლობლად ძმები რეგულარულად ქადაგებდნენ, ოღონდ ისე, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ. ისინი მხოლოდ ყოველი მეათე სახლის კართან მიდიოდნენ. მაგალითად, თუ პირველი სახლიდან დაიწყებდნენ, მაშინ შემდეგი მე-11 იქნებოდა, მერე 21-ე, 31-ე და ასე შემდეგ. და-ძმების გულმოდგინების წყალობით ბევრმა გაიცნო იეჰოვა. ყველაზე ხშირად არაფორმალურად ქადაგებდნენ, რადგანაც კარდაკარ ქადაგებას დიდი სირთულეები ახლდა.
სერბიაში ძმები საკუთარ სახლებში იკრიბებოდნენ. დამირ პორობიჩი იხსენებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ როგორ ტარდებოდა კრების შეხვედრები ბებიამისის სახლში: „ხუთიდან ათ კაცამდე ვიკრიბებოდით ხოლმე. საამისოდ ბებიაჩემის სახლი იდეალურ ადგილზე იდგა, ორი ქუჩიდან ჰქონდა შესასვლელი, რაც და-ძმებს ჩუმად წასვლა-მოსვლის შესაძლებლობას აძლევდა, ისე, რომ ეჭვი არავის აეღო“.
ვერონიკა ბაბიჩი ხორვატიაში დაიბადა. მისმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა 50-იან წლებში დაიწყო. ვერონიკა 1957 წელს მოინათლა, რის შემდეგაც თავის მეუღლესთან ერთად სარაევოში (ბოსნია) გადავიდა. სლავონიაში (ხორვატიის ერთ-ერთი ოლქი) მცხოვრები მილიცა რადიშიჩი 1950 წელს მოინათლა და თავის ოჯახთან ერთად ისიც ბოსნიაში გადავიდა. იქ ორივე ოჯახმა ერთად დაიწყო სამეფოს შესახებ ქადაგება. როგორც იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებში, აქაც დიდი სიფრთხილე მართებდათ. ვერონიკა ჰყვება: „პოლიციაში მიგვიყვანეს და ლიტერატურა წაგვართვეს, დაგვკითხეს, დაგვაჯარიმეს და ციხეში ჩასმით დაგვემუქრნენ. მაგრამ ვერაფერმა შეგვაშინა, პირიქით, იეჰოვასადმი რწმენა უფრო განგვიმტკიცდა“.
„ერთ დღეს, — იხსენებს მილიცა, — სამეფო დარბაზში ერთი მამაკაცი მოვიდა, გულწრფელად დაინტერესებული ჩანდა. კრებამ თბილად მიიღო და გარკვეული ხანი ძმებთანაც კი რჩებოდა. კრების შეხვედრებზე კომენტარებსაც ხშირ-ხშირად აკეთებდა. მაგრამ ერთ დღეს ჩვენმა ქალიშვილმა თავისი სამსახურიდან დაინახა, რომ ეს მამაკაცი საიდუმლო პოლიციის შეხვედრას ესწრებოდა. მაშინღა მივხვდით, რომ პოლიციას ჰყავდა გამოგზავნილი ჩვენ დასაზვერად. რაც ეს ამბავი გამჟღავნდა, ის კაცი კრების შეხვედრებზე აღარ გამოჩენილა“.
პირველი სამეფო დარბაზები
რეგისტრაციაში გატარებამდე იეჰოვას მოწმეებს საკუთარ სახლებში შეკრება ეკრძალებოდათ. მაგრამ დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად, მაინც იკრიბებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სირთულეები ერთად შეკრების ნებართვის მიღების შემდეგაც ექმნებოდათ; შეხვედრებისთვის შესაფერის ადგილს ვერ პოულობდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ უმრავლესობას არ უყვარდა იეჰოვას მოწმეები, რის გამოც ბევრი მათ შენობის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა. ამიტომ ძმებმა გადაწყვიტეს, თვითონ შეეძინათ შენობა შეხვედრების ჩასატარებლად.
მალე ძმებმა ზაგრების (ხორვატია) ცენტრში მდებარე სახელოსნო შეიძინეს და ლამაზ სამეფო დარბაზად აქციეს. ეს სამეფო დარბაზი 160 კაცს იტევდა. შენობაში იყო ერთი პატარა ოთახი, სადაც ლიტერატურა იბეჭდებოდა. ამ სამეფო დარბაზში არაერთი კონგრესიც ჩატარებულა. 1957 წელს აქ ჩატარებულ პირველ კონგრესს მთელი იუგოსლავიიდან ჩასული იეჰოვას მოწმეები ესწრებოდნენ. რამდენიმე წელიწადში ძმებმა ზაგრების ცენტრში კამაუფოვას ქუჩაზე მდებარე კიდევ ერთი შენობა შეისყიდეს, რომლითაც 1998 წლამდე ბეთელის ოჯახი სარგებლობდა.
1957 წელს ძმებმა ბელგრადშიც (სერბია) შეიძინეს შენობა, სადაც სამეფო დარბაზიც იყო და ბეთელის სამუშაოებიც სრულდებოდა. შემდეგ ლიუბლიანაში (სლოვენია) საჯინიბო შეისყიდეს და სამეფო დარბაზად აქციეს. 1963 წელს სარაევოში გარაჟი გადააკეთეს სამეფო დარბაზად, სადაც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პირველი კრება შევიდა. ამ შენობათაგან ზოგიერთი დიდ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა, მიუხედავად ამისა, ძმებს არც თავი დაუზოგავთ და არც ფულადი სახსრები, და იეჰოვამაც აკურთხა მათი ძალისხმევა.
კარგი ორგანიზება სულიერი ზრდის საწინდარია
1960 წელს კრებების დასახმარებლად და გასამხნევებლად ძმები მიმომსვლელ ზედამხედველებად დანიშნეს. ზოგიერთი ძმა მხოლოდ შაბათ-კვირას მსახურობდა სარაიონო ზედამხედველად. ეს ძმები დიდი სიამოვნებით უთმობდნენ დასვენების დღეებს და-ძმების გამხნევებასა და განმტკიცებას.
„ჩემს ცოლთან ერთად შაბათ-კვირაობით დაახლოებით ერთ წელიწადს ვმსახურობდი სარაიონო ზედამხედველად, — იხსენებს ჰენრიკ კოვაჩიჩი, ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრი, — ხოლო შემდეგ სრული დროით დავიწყე მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება. ძმები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. ზოგჯერ იქ, სადაც ვრჩებოდით, არც წყალი გვქონდა და არც უნიტაზები, მაგრამ ძმები დიდ მადლიერებას გამოხატავდნენ ჩვენდამი, გვაგრძნობინებდნენ სიყვარულს და დიდ სტუმართმოყვარეობას იჩენდნენ. თავიანთ საწოლებს გვითმობდნენ და სიღარიბის მიუხედავად, მშივრებს არასოდეს გვტოვებდნენ. ხანდახან, კრების მონახულების დროს, ერთ ოჯახს რომ არ დავწოლოდით ტვირთად, ყოველ ღამეს სხვადასხვა ოჯახში ვათევდით“.
„შაბათ-კვირას სარაიონო ზედამხედველად მსახურება უდიდეს სიხარულს მანიჭებდა, — იხსენებს ანდორ პალფი, ქვეყნის კომიტეტის წევრი სერბიაში, — თუმცა ასეთი მსახურება ადვილი არ იყო. ძმები მოუთმენლად გველოდნენ. თვითონ თითქმის არაფერი ჰქონდათ, მაგრამ თავს არ ზოგავდნენ იმისათვის, რომ ჩვენ ყველაფერი გვქონოდა. მათთვის სარაიონო ზედამხედველის მონახულება განსაკუთრებული მოვლენა იყო“.
მილოშ კნიჟევიჩი სარაიონო ზედამხედველად მსახურების გარდა იუგოსლავიის ფილიალსაც ხელმძღვანელობდა. იუგოსლავიაში კომუნისტური რეჟიმის დროს ძმა კნიჟევიჩმა ათწლეულების მანძილზე სასამართლოებში ჩვენი ძმების წინააღმდეგ შეტანილი არაერთი საჩივრის უსაფუძვლობა დაამტკიცა.
სასიხარულო ძვრები მაკედონიაში
1968 წელს ზაგრების ერთ-ერთ კოლეჯში ერთი კოჩანელი (მაკედონია) ახალგაზრდა სწავლობდა. ჭეშმარიტება სწორედ კოლეჯში გაიგო. შინ რომ დაბრუნდა, სასიხარულო ცნობა თავის ნათესავებსა და მეგობრებს გაუზიარა.
«ის ახალგაზრდა ჩემი დეიდაშვილი იყო, — იხსენებს სტოიან ბოგატინოვი, პირველი მონათლული მოწმე კოჩანიში. — ოფიციანტად ვმუშაობდი. ხანდახან მე და ჩემი თანამშრომლები რელიგიაზე ვსაუბრობდით. ერთ-ერთი ჩვენი საუბრის შემდეგ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის წევრი შემოვიდა. საჭმელი რომ მივუტანე, ვთხოვე, ეკლესიიდან ბიბლიას ხომ ვერ მომიტან, ძალიან მინდა, წავიკითხო-მეთქი. დამპირდა, მოგიტანო. მალე „ახალი აღთქმის“ პირადი ეგზემპლარი უკვე მქონდა. იმდენად გახარებული ვიყავი, ერთი სული მქონდა, სახლში მალე მივსულიყავი და კითხვა დამეწყო.
გზაში ჩემი დეიდაშვილი შემხვდა და თავისთან დამპატიჟა. ვუთხარი, ვერ წამოვალ, სახლში მეჩქარება, ბიბლია უნდა წავიკითხო-მეთქი. რაღაც საინტერესო მაქვსო შენთვის; ისეთ წიგნებს გაჩვენებ, ბიბლიის უკეთ გაგებაში რომ დაგეხმარებაო. დავთანხმდი, და როდესაც ხორვატულ ენაზე სრული ბიბლია, ბროშურები და „საგუშაგო კოშკის“ ნომრები ვნახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ზოგიერთი პუბლიკაცია მაჩუქა. მაშინვე დავიწყე კითხვა. მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვკითხულობდი. მანამდე იეჰოვას მოწმეებს არასდროს შევხვედროდი, მაგრამ ახლა მათი გაცნობის სურვილი გამიჩნდა.
ჩემი დეიდაშვილი ზაგრებში რომ ბრუნდებოდა, მეც თან გავყევი. იქ გავიცანი ერთი სტუმართმოყვარე ძმა, ივიცა პავლაკოვიჩი, რომელმაც სტუმრად დამპატიჟა. იქ სამი დღე დავრჩი. კითხვას კითხვაზე ვუსვამდი; ის ყოველთვის ბიბლიიდან მპასუხობდა, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კრების შეხვედრასაც დავესწარი. გამამხნევა და-ძმებს შორის თბილმა ურთიერთობამ.
ივიცამ ზაგრების ბეთელის დასათვალიერებლად წამიყვანა. იქიდან გახარებული წამოვედი, უამრავი ჟურნალი გამომატანეს. რამდენიმე დაუვიწყარი დღის შემდეგ კოჩანიში დავბრუნდი, სადაც, ასე ვთქვათ, სულიერი საუნჯე ჩავიტანე. ივიცას სისტემატურად ვწერდი წერილებს, რადგან მოწმეები ახლომახლო არ ცხოვრობდნენ. წერილებში უამრავ კითხვას ვუსვამდი და ისიც პასუხებს მწერდა. რასაც ვსწავლობდი, ჩემს ცოლ-შვილს ვუზიარებდი. მალე ისინიც დაინტერესდნენ. ჭეშმარიტებამ მთელი ოჯახი გაგვაერთიანა. ბიბლიიდან ბევრი რამ ვისწავლეთ. გახარებულებმა ჩვენს ნათესავებთან და მეგობრებთან სასიხარულო ცნობის შესახებ ენთუზიაზმით დავიწყეთ ქადაგება; ბევრი მათგანი გვისმენდა. მალე ქადაგებას დევნაც მოჰყვა».
ერთად შეკრებილნი გერმანიაში
სხვა კომუნისტურ ქვეყნებში მცხოვრები ძმებისგან განსხვავებით იუგოსლავიაში ძმებს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ რიცხობრივად ცოტანი იყვნენ. ამიტომ ძალიან უნდოდათ, რომ მსოფლიო საძმოს სიყვარული ენახათ. როდესაც შეიტყვეს, რომ 1969 წელს იგეგმებოდა საერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით „მშვიდობა დედამიწაზე“, მაშინვე დაიწყეს მზადება იმისათვის, რომ მთავრობისგან ქვეყნიდან გასვლის ნებართვა მიეღოთ. წარმოიდგინეთ მათი სიხარული, როცა მთავრობამ დააკმაყოფილა მათი თხოვნა!
ეს კონგრესი ნიურნბერგის (გერმანია) დიდ სტადიონზე ჩატარდა, სადაც რამდენიმე ათწლეულის წინ ჰიტლერმა, რომელიც იეჰოვას მოწმეებს განადგურებით ემუქრებოდა, აღლუმი მოაწყო. კონგრესის პროგრამა მრავალ ენაზე მიმდინარეობდა. იუგოსლავიელ დელეგატებს გაუხარდათ, როდესაც შეიტყვეს, რომ სტადიონთან ახლოს ხეების ჩრდილქვეშ უნდა დამსხდარიყვნენ. მოაწყვეს დიდი სცენა, რომელიც ორ ნაწილად ჰყოფდა იმ ადგილს. ერთ ნაწილში მსხდომი დელეგატები სერბულ და ხორვატულ ენებზე ისმენდნენ პროგრამას, მეორე ნაწილში მსხდომი დელეგატები — სლოვენურზე. ამ რვადღიანმა პროგრამამ და-ძმებს რწმენა განუმტკიცა და ცოდნა გაუღრმავა.
გერმანიაში დელეგატების ჩასაყვანად ძმებმა იუგოსლავიის ყველა რეგიონში დაიქირავეს მატარებლები და ავტობუსები. ერთი ხორვატი ძმა ჰყვება: „ისე გვიხაროდა ჩვენს და-ძმებთან შეხვედრა, რომ ვაგონების ფანჯრებზე წარწერები გამოვაკარით, რომ კონგრესზე მივემგზავრებოდით“.
ძმებმა დიდად გაიხარეს მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლების, ნეითან ნორისა და ფრედერიკ ფრანცის ნახვით და მათი მოხსენებების მოსმენით. ერთი დელეგატი იხსენებს: „აღტაცებას ვერ ვმალავდით, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვესალმნენ“. ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც იუგოსლავიელ ძმებს კონგრესზე დასასწრებად მოუწიათ, ნამდვილად ღირდა კონგრესზე მიღებული კურთხევის ფასად. „მგზავრობის ხარჯების დასაფარავად ორი თვის ხელფასი დამჭირდა, — აღნიშნავს სერბი მილოსია სიმიცი. — თანაც, უფროსს სამსახურიდან ჩემი ათი დღით გაშვება არ უნდოდა. დარწმუნებული არ ვიყავი უკან დაბრუნებულს ისევ მიმიღებდა თუ არა, მაგრამ წასვლა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. დაუჯერებელია! მას შემდეგ ორმოცი წელიწადი გავიდა და დღესაც ვერ ვიკავებ სიხარულის ცრემლებს, როცა იმ დღეებს ვიხსენებ“.
მსოფლიო საძმოს ერთობამ იუგოსლავის ყველა ქვეყნიდან ჩასული ძმები სულიერად განამტკიცა და მომავალი სირთულეებისთვის მოამზადა.
ადგილობრივი პიონერების როლი
30-იან წლებში იუგოსლავიაში ჩასულმა გერმანელმა პიონერებმა დიდი წვლილი შეიტანეს სასიხარულო ცნობის გავრცელებაში. ადგილობრივი მაუწყებლების რიცხვის ზრდასთან ერთად, იუგოსლავიაში პიონერების რიცხვიც გაიზარდა. გამოცდილი პიონერები სლოვენიიდან იუგოსლავიის შორეულ ტერიტორიებზე გაგზავნეს, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ისინი მტკიცედ შეეჭიდნენ იმ სირთულეებს, რომლებიც უცხო ენისა და უცხო კულტურის შესწავლას ახლავს თან.
„მე პრიშტინაში ჩავედი, კოსოვოს ყველაზე დიდ ქალაქში, — იხსენებს იოლანდა კოციანჩიჩი. — სადაც ალბანურად და სერბულად ლაპარაკობენ. მე და მინკა კარლოვშეკმა არც ერთი ენა არ ვიცოდით, მაგრამ ქადაგება მაინც დავიწყეთ. ასე ნელ-ნელა შემოგვესწავლა ეს ენები. პირველ სახლთან რომ მივედით, გამოგვხედა ჩეხი ქვრივი ქალის უფროსმა ვაჟმა. შეთავაზება ნახევრად სლოვენურად და ნახევრად სერბულად გავაკეთეთ:
— გვინდოდა თქვენთან სასიხარულო ცნობაზე გვესაუბრა ბიბლიიდან.
— შემობრძანდით, დედა სწორედ თქვენ გელოდებოდათ.
სახლში შევედით თუ არა, დედამისი რუჟიცა ჩვენკენ გამოემართა. თურმე თოთხმეტი დღის წინ იეჰოვას სთხოვდა, ვინმე გაეგზავნა მასთან, რომ მის გაცნობაში დახმარებოდა. მის დას, რომელიც ჩეხეთში ცხოვრობდა, არაერთხელ ჰქონდა მისთვის ნათქვამი, რომ ელოცა და იეჰოვასთვის დახმარება ეთხოვა; ჩვენმა სტუმრობამ კი რუჟიცა იმაში დაარწმუნა, რომ ლოცვაზე პასუხი მიიღო. ჩვენ ჭეშმარიტებას ვასწავლიდით, ის კი სერბულს გვასწავლიდა. მასთან ქირით ცხოვრობდნენ სტუდენტები, რომლებიც ბიბლიის შესწავლაში შემოგვიერთდებოდნენ ხოლმე. ერთ-ერთმა ალბანური ლექსიკონიც კი გვაჩუქა, რომელიც ალბანურის შესწავლაში დაგვეხმარა“.
მონტენეგროში მცხოვრები ზორან ლალოვიჩი პატარა ბიჭი იყო, როდესაც ერთმა ზაგრებელმა პიონერმა ბიბლია მისცა. ხუთი წლის შემდეგ, 1980 წელს, სერბიიდან ჩასულმა სპეციალურმა პიონერმა მასთან შესწავლა დაიწყო. „მიჭირდა მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა, ვისთან ერთადაც დისკოთეკაზე დავდიოდი ხოლმე, — იხსენებს ზორანი, — მაგრამ როგორც იქნა, დავშორდი მათ. ამის შემდეგ სულიერი პროგრესი განვიცადე და რამდენიმე თვეში ბელგრადში (სერბია) მოვინათლე კიდეც. რადგანაც ძმები ცოტანი ვიყავით, მალევე მომეცა საჯარო მოხსენების წაკითხვის შესაძლებლობა. ქალაქ პოდგორიცაში კრების ყველა შეხვედრის ჩატარება დავიწყეთ“.
ნათლობა ბრინჯის ყანებში
„ვინც მზად იყო მოსანათლავად, მე ვნათლავდი, — იხსენებს მაკედონელი სტოიან ბოგატინოვი. — აბაზანა არ გვქონდა და მდინარეც შორს იყო. მაგრამ ჩვენთან ახლოს იყო ბრინჯის ყანები და არხები, საიდანაც ყანები ირწყვებოდა. ზოგი არხი სუფთა იყო და სიღრმეც საკმარისი ჰქონდა. არ დამავიწყდება პირველი ნათლობა ბრინჯის ყანაში. არხამდე მისასვლელად ყანა უნდა გაგვევლო, ერთ-ერთმა მომკელმა დამიძახა:
— ვა, სტოიან, მუშები მოგიყვანია!
— ჰო, ჰო, იმდენი სამუშაოა . . .
წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ჩვენ სულიერი სამკლის მუშები ვიყავით“.
მაკედონელ ძმებს ფილიალთან მჭიდრო თანამშრომლობის საშუალება არ ჰქონდათ, რის გამოც თეოკრატიული წესები კარგად არ იცოდნენ. სტოიან სტოიმილოვი გერმანიაში ესწრებოდა კრების შეხვედრებს. მერე კოჩანიში (მაკედონია) დაბრუნდა და იქაც მოძებნა მოწმეები. «როდესაც ძმებს მოვუყევი, როგორ ტარდებოდა შეხვედრები გერმანიაში, — ჰყვება სტოიანი, — მაშინვე „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ჩატარება და საჯარო მოხსენების წაკითხვა მთხოვეს. ავუხსენი, რომ ჯერ მონათლულიც არ ვიყავი, მაგრამ არ დაიშალეს, მიმტკიცებდნენ, ყველაზე გამოცდილი შენა ხარო. რა მექნა, დავთანხმდი. დროთა განმავლობაში მე და ჩემი ცოლი სულიერად გავიზარდეთ და ბოლოს ბრინჯის ყანაში მოვინათლეთ».
ვესელინ ილიევი, რომელიც კოჩანიში უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „მართალია, თეოკრატიული საკითხები კარგად არ გვესმოდა, მაგრამ ჭეშმარიტება ძალიან გვიყვარდა“. იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დამდგარიყო. რაც უფრო მეტი პუბლიკაცია ითარგმნებოდა მაკედონურ ენაზე, მით უფრო უკეთ ესმოდათ და-ძმებს ჭეშმარიტება და კრებებიც მით უფრო მტკიცდებოდა.
სიფრთხილე თავისუფლების მიუხედავად
მას შემდეგ, რაც იუგოსლავია რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლდა, ხალხს იმაზე მეტი თავისუფლება მიეცა, ვიდრე მანამდე, ეგრეთ წოდებული რკინის ფარდის მიღმა ჰქონდათ. 60-იანი წლების ბოლოს იუგოსლავია პირველი კომუნისტური ქვეყანა გახდა, რომელმაც სავიზო სისტემა და სასაზღვრო კონტროლი გაამარტივა. ამან იუგოსლავიის ჩრდილოეთში მცხოვრებ ძმებს შესაძლებლობა მისცა, ლიტერატურა ჩაეტანათ იმ ძმებისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში ცხოვროდნენ, სადაც სამქადაგებლო საქმიანობა ჯერ კიდევ აკრძალული იყო.
სატვირთო ავტომობილებით ძმებს ლიტერატურა გერმანიიდან ჯერ იუგოსლავიაში შეჰქონდათ. ჯიურო ლანდიჩი, რომელიც ამჟამად ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრია, იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის დაცემამდე ლიტერატურის საწყობი მის სახლში იყო. ჯიურო ჰყვება: «მანქანების ძირზე და „ტორპედოში“ ლიტერატურის სამალავები გვქონდა. ვიცოდით, რომ თუ დაგვიჭერდნენ, შეიძლებოდა მანქანებიც წაერთმიათ და ჩვენც დავეპატიმრებინეთ, მაგრამ ძმებს იმდენად უხაროდათ ლიტერატურის მიღება, რომ ღირდა რისკზე წასვლა».
და მილოსია სიმიჩი, რომელსაც ლიტერატურა სერბიიდან ბულგარეთში ჩაჰქონდა, იხსენებს: „არ ვიცოდი, კონკრეტულად ვისთვის უნდა გადამეცა ლიტერატურა; მარტო მისამართები მქონდა. ერთხელ ავტობუსიდან ჩამოვედი და მითითებულ მისამართზე მივედი, მაგრამ სახლში არავინ დამხვდა. კორპუსს შემოვუარე და შემდეგ სხვა მხრიდან შევედი. არც მაშინ გამომხედეს. მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით ათჯერ გავაკეთე იგივე, ოღონდ ძალიან ვფრთხილობდი, ეჭვი რომ არავის აეღო. არც ერთხელ არ დამხვდნენ სახლში. კიდევ კარგი, არ მხვდებოდნენ; მოგვიანებით გავიგე, რომ მისამართი ზუსტი არ ყოფილა.
დილემის წინაშე აღმოვჩნდი. საქმე ის იყო, რომ ლიტერატურის ასლებს მე ვამზადებდი, ამიტომ გადაყრა დამენანა. გადავწყვიტე, ისევ სერბიაში წამეღო, სადაც და-ძმები გამოიყენებდნენ. უკან დასაბრუნებელი ბილეთი ნაყიდი მქონდა, მაგრამ სადგურამდე მისასვლელი ბილეთი არ მქონდა. ვისთანაც ლიტერატურა მიმქონდა, ის მაძლევდა ხოლმე ბილეთის ფულს. ასე იმიტომ ვაკეთებდით, რომ საზღვარზე მხოლოდ შეზღუდული ოდენობის თანხის გატანა შეგვეძლო. ვიდრე სალაროსთან მივიდოდი, ვლოცულობდი, რომ დახლთან ქალი დამხვედროდა. მივედი თუ არა, სწორედ მაშინ შეცვალა ქალმა კაცი. ბილეთი რომ მოეცა, ფულის მაგივრად ის ტანსაცმელი შევთავაზე, რომელშიც ლიტერატურას ვახვევდი ხოლმე. მოლარე დამთანხმდა“.
80-იანი წლების დასაწყისში ლიტერატურა ალბანურად და მაკედონურად ითარგმნებოდა და ხელნაწერები ბელგრადის პატარა ოფისში იგზავნებოდა. იქ მილოსი საბეჭდი მანქანითა და პირგადასაღები ფურცლით ერთ ჯერზე რვა ასლს აკეთებდა. ეს არ იყო ადვილი, რადგან ხელით იყო ნაწერი და თანაც, არც ერთი ენა იცოდა და არც მეორე.
ახალგაზრდა ძმები სიმტკიცეს იჩენენ
მართალია, მთავრობა ოფიციალურად აცხადებდა, რომ რელიგიის თავისუფლება არ იზღუდებოდა, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებდით, ამაში იუგოსლავიის ერთიანობის დარღვევის საშიშროებას ხედავდა. ამის გამო ძმები წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ბევრი სიკვდილით დასაჯეს. სამწუხაროდ, შემდგომი სამი ათწლეულის განმავლობაში ყველამ ვერ შეინარჩუნა ერთგულება. ზოგიერთი ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა და მხარს უჭერდა სამეფო საქმიანობას, მაგრამ როდესაც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, წინააღმდეგობა არ გაუწიეს და თავიანთ მოქმედებას გამართლებასაც უძებნიდნენ.
ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ძმებისთვის შეიძლებოდა 10-წლიანი პატიმრობაც კი მიესაჯათ. უფრო მეტიც, 30 წლამდე შეიძლებოდა რამდენჯერმე მოეხადათ სასჯელი. ზოგიერთი ძმა, რომლებმაც ერთგულების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, ახალი მონათლული იყო. მათგან ბევრი დღეს კრებებს ხელმძღვანელობს.
დაუვიწყარი საერთაშორისო კონგრესი
იუგოსლავიაში იეჰოვას მოწმეებს არასოდეს განეცადათ ის სიხარული, რომელიც საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობას ახლავს თან. წარმოიდგინეთ მათი აღფრთოვანება, როდესაც 1991 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საერთაშორისო კონგრესი „თავისუფლების მოყვარულნი“ ზაგრებშიც ჩატარდებოდა!
თუმცა მალევე წამოიჭრა პრობლემები. მას შემდეგ, რაც ხორვატიამ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ომის დაწყების საშიშროება ყოველ დღე არსებობდა. რამდენად გონივრული იქნებოდა ასეთ ვითარებაში კონგრესის ჩატარება? ადგილობრივი თუ უცხოელი დელეგატების უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ბევრი ლოცვისა და აწონ-დაწონის შემდეგ ძმებმა გადაწყვიტეს, კონგრესისთვის მზადება დაეწყოთ.
კონგრესის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, თეოდორ იარაჩი, ხორვატიაში ჩავიდა. ვინაიდან იმ დროისთვის ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმებული იყო, საზოგადოების ინტერესის საგნად „დინამოს სტადიონი“ იქცა. კონგრესის ჩატარების თარიღის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა. ძმები ყოველდღე მსჯელობდნენ მხოლოდ ერთ საკითხზე — გაეგრძელებინათ თუ არა საკონგრესო მზადება. ისინი განუწყვეტლივ სთხოვდნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტა და 1991 წლის 16—18 აგვისტოს კონგრესი ჩატარდა.
მაშინ, როცა მეზობელი ქვეყნები ომის დაწყების მოლოდინში იყვნენ, იეჰოვას მოწმეეები ათასობით უცხოელ სტუმარს მასპინძლობდნენ საერთაშორისო კონგრესზე „ღვთიურიb თავისუფლების მოყვარულნი“. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა ქვეყანას ტოვებდა, ხოლო უშიშარი და-ძმები 15 ქვეყნიდან ჩადიოდნენ და თბილი ურთიერთობით ტკბებოდნენ. ბევრი შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩაფრინდა. საგანგებო ვითარების გამო ზაგრების აეროპორტი არ ფუნქციონირებდა. ამიტომ თვითმრინავები ლიუბლიანას (სლოვენია) აეროპორტში სხდებოდნენ და დელეგატები იქიდან ზაგრებში ავტობუსებით მიემგზავრებოდნენ. იქაური მოსახლეობა გააოცა უცხოელი და-ძმების გამბედაობამ, ადგილობრივი ძმები კი გაამხნევა მათმა ჩამოსვლამ. ყველაზე ბევრი სტუმარი, დაახლოებით 3 000 კაცი, იტალიიდან ჩავიდა. სიხარულმა და დაძმურმა სითბომ კონგრესის დელეგატები სულით აანთო (1 თეს. 5:19).
განსაკუთრებით გამამხნევებელი იყო ხელმძღვანელი საბჭოდან ხუთი წევრის სტუმრობა. დღემდე თბილად იხსენებენ კერი ბარბერის, ლოიდ ბარის, მილტონ ჰენშელის, თეოდორ იარაჩისა და ლაიმან სუინგლის მიერ წარმოთქმულ მოხსენებებს. ეს გამოცდილი ძმები ვერ შეაშინა არასტაბილურმა მდგომარეობამ. მათ გაბედულად გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი და ძმები გამახნევებელი მოხსენებებით განამტკიცეს.
პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მთავრობა შიშობდა, რომ იუგოსლავიის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩასულ დელეგატებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო. მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ მშვიდობიანად შეიკრიბნენ და ერთმანეთს თბილად, ძმური სიყვარულით ეპყრობოდნენ, შვებით ამოისუნთქეს. კონგრესის ყოველ მომდევნო დღეს სტადიონზე პოლიციელთა რიცხვი კლებულობდა.
ეს დაუვიწყარი კონგრესი კიდევ ერთი მტკიცება იყო იმისა, რომ იეჰოვას მოწმეებს ნამდვილი საერთაშორისო საძმო აქვთ. ამის დანახვა ძმებს სტიმულს აძლევდა, განსაცდელების დროს ერთგულები დარჩენილიყვნენ. იმ ავტობუსებმა, რომლითაც სერბი და მაკედონელი ძმები თავ-თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ, საზღვარი ხორვატიასა და სერბიას შორის ყველაზე ბოლოებმა გადაკვეთეს. დღემდე ბევრი აღნიშნავს, რომ ჩვენს ძმებს საზღვრის გადაკვეთა დასცალდათ და ომიც დაიწყო.
მას შემდეგ, ერთ დროს იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალმა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს, რამაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ხალხს მოუშუშებელი ჭრილობები დაუტოვა. როგორ გადაიტანეს ძმებმა ის რთული პერიოდი და როგორ აკურთხა იეჰოვამ სამქადაგებლო საქმიანობა უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებში? ვნახოთ.
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის თანამედროვე ისტორია
„1992 წლის 16 მაისს, როდესაც სარაევო ინტენსიურად იბომბებოდა ჭურვებით, 13 კაცი ერთ ბინაში ვიყავით შეკრებილი. უცბად ჩვენს შენობას ორი ჭურვი მოხვდა. შეკრებილთა შორის ხორვატები, სერბები და ბოსნიელები ვიყავით, გარეთ კი სწორედ ამ ერების შვილები იბრძოდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ წმინდა თაყვანისმცემლობა გვაერთიანებდა. გამთენიისას ჭურვების აფეთქების ინტენსივობამ რომ იკლო, ბინიდან გამოვედით და შედარებით უსაფრთხო ადგილის საძებრად გავემართეთ. როგორც წინა ღამეს, ახლაც ხმამაღლა შევღაღადებდით იეჰოვას, და მანაც შეისმინა ჩვენი ლოცვა“ — იხსენებს ჰალიმ ცური.
სარაევო, რომლის მოსახლეობაც იმ დროისთვის 400 000-ს აღემატებოდა, თანამედროვე ისტორიაში ალბათ ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე საშინელ ალყაში იყო მოქცეული. გადაურჩებოდნენ ჩვენი სულიერი და-ძმები იმ რელიგიურ და ეთნიკურ კონფლიქტებს, რომლებიც ქვეყანას აქუცმაცებდა? ვიდრე ჩვენს და-ძმებზე მოგითხრობდეთ, მოდი, ჯერ ბოსნიასა და ჰერცეგოვინას გავეცნოთ.
ბოსნია და ჰერცეგოვინა ყოფილი იუგოსლავიის შუაგულში მდებარეობს. მას ესაზღვრება ხორვატია, სერბია და მონტენეგრო. ტრადიციები და ოჯახური კვანძები საკმაოდ ძლიერია. ეს ქვეყანა სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩევა. მეზობელთან სტუმრობისას თუ კაფეში თურქული ყავის სმა ტრადიციულ დროსტარებად ითვლება. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოსახლეობა შედგება ბოსნიელებისგან, სერბებისა და ხორვატებისგან, თუმცა გარეგნულად ერთმანეთს ჰგვანან. მათი უმრავლესობა რელიგიური არ არის, მაგრამ მაინც რელიგიური ნიშნით არიან დაყოფილნი. ბოსნიელები, ძირითადად, მუსულმანები არიან, სერბები — მართლმადიდებლები, ხოლო ხორვატები — კათოლიკები.
რელიგიურმა შეუწყნარებლობამ და ეთნიკურმა სიძულვილმა 90-იანი წლების დასაწყისში ეთნიკური წმენდა გამოიწვია. სოფლებშიც და ქალაქებშიც ჯარისკაცებმა ადგილობრივი მოსახლეობა აიძულეს, თავ-თავიანთი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით დასახლებულიყვნენ. ეს ჩვენი ძმებისთვის ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. როგორც ყოფილი იუგოსლავიის სხვა ქვეყნებში, ბოსნიაშიც შვილები მშობლების რელიგიას იღებენ; ხშირად ადამიანის გვარი განსაზღვრავს, თუ რომელ აღმსარებლობას ეკუთვნის იგი. ამიტომ ვინც იეჰოვას მსახური ხდება, მას ოჯახისა და ტრადიციების მოღალატედ თვლიან. მიუხედავად ამისა, ჩვენმა და-ძმებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ იეჰოვას ერთგულება საუკეთესო დაცვაა.
ალყაშემორტყმული ქალაქი
როგორც აღვნიშნეთ, იუგოსლავიელი ძმები განამტკიცა იმ სიყვარულმა და ერთიანობამ, რომელიც მათ დაინახეს 1991 წელს ზაგრებში ჩატარებულ კონგრესზე „ღვთიური თავისუფლების მოყვარულნი“. ამ დაუვიწყარმა კონგრესმა ძმები მომავალი განსაცდელებისთვის მოამზადა. თუკი სარაევოში ერთ დროს ბოსნიელებიც, ხორვატებიცა და სერბებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ახლა ყველანი ერთად ალყაში აღმოჩნდნენ, მათ შორის ჩვენი და-ძმებიც. პოლიტიკური ვითარება იმდენად არასტაბილური იყო, რომ ზუსტად ვერავინ იტყოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ბრძოლა.
„ხალხი შიმშილობდა, — იხსენებს ჰალიმ ცური, ერთ-ერთი სარაევოელი უხუცესი. — ყოველთვიურად მხოლოდ რამდენიმე კგ. ფქვილს, 100 გრ. შაქარსა და 0,5 ლ. ზეთს გვაძლევდნენ. სადაც აუთვისებელ მიწას ნახავდნენ, ყველგან რაღაცას თესავდნენ. მთელ სარაევოში ჭრიდნენ ხეებს და შეშად იყენებდნენ. ხეები რომ გამოილია, გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად სახლებში პარკეტის აყრა დაიწყეს. წვავდნენ ყველაფერს, ძველ ფეხსაცმელსაც კი“.
იმ დროს, როცა სარაევო ალყაში მოაქციეს, ლილიანა ნინკოვიჩმა და მისმა ქმარმა ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხეს და იქ ჩარჩნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ, მაგრამ სახლში ვერც ერთი ვერ ბრუნდებოდა. ლილიანა ჰყვება: „ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა, გვყავდა ორი შვილი, გვქონდა ბინა და მანქანა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი თავდაყირა დადგა“.
ისინი ხშირად გრძნობდნენ იეჰოვას მფარველი მკლავის ძალას. „ბინიდან გამოსვლა და ჩვენი შენობის ზედიზედ დაბომბვა ერთი იყო, — განაგრძობს ლილიანა. — სირთულეების მიუხედავად, სიხარული არ დაგვიკარგავს. პარკში ბაბუაწვერას ფოთლების მოსაკრეფად დავდიოდით და მისგან სალათას ვამზადებდით, მარტო ბრინჯი რომ არ გვეჭამა. ამ ყველაფერმა გვასწავლა, იმით დავკმაყოფილებულიყავით, რაც გვქონდა, და თან მადლიერები ვყოფილიყავით“.
ფიზიკური და სულიერი საზრდო
ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა უწყლობა იყო. სახლში წყალი იშვიათად მოდიოდა. ხალხს ზოგჯერ წყლის მოსატანად 5 კმ-ის გავლა უწევდა, თანაც იმ გზით, რომელიც სნაიპერთა თვალთახედვის არეში იყო. იქ, სადაც წყალი მოდიოდა, ჭურჭლის ასავსებად საათობით უნდა მდგარიყავი რიგში და მერე წყლით სავსე ჭურჭელი ძლივძლივობით უნდა გეზიდა.
„განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მაშინ ვიყავით, როცა სახლში წყალი ცოტა ხნით მოდიოდა — ჰყვება ჰალიმი. — ყველას უნდა გვებანავა, ტანსაცმელი გაგვერეცხა და რაც შეიძლება მეტი წყალი აგვეღო. მაგრამ რა უნდა გვექნა, თუ წყალი კრებაზე წასვლის წინ მოვიდოდა? დიდი არჩევანი არ გვქონდა, ან კრების შეხვედრას უნდა დავსწრებოდით ან წყლის ასაღებად შინ უნდა დავრჩენილიყავით“.
ძმებს ესმოდათ, რომ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არანაკლებ აუცილებელი იყო. ისინი კრების შეხვედრებზე არა მარტო დროულ სულიერ საზრდოს იღებდნენ, არამედ დეტალურ ინფორმაციასაც, თუ ვინ დააპატიმრეს, ვინ დაშავდა და ვინ დაიღუპა. მილუტინ პიიჩი, რომელიც უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „ერთი ოჯახივით ვიყავით. კრების შეხვედრებიდან წამოსვლა აღარ გვინდოდა. შეხვედრების შემდეგ ხშირად ვრჩებოდით და საათობით ვლაპარაკობდით ჭეშმარიტებაზე“.
იმ დროს ადვილი არ იყო ცხოვრება. ძმების სიცოცხლეს ხშირად ემუქრებოდა საფრთხე, მაგრამ იეჰოვას თაყვანისცემას მაინც პირველ ადგილს უთმობდნენ. ომმა თუ ქვეყანა დაანაწევრა, იეჰოვას მსახურები ერთმანეთთან და ზეციერ მამასთან დააახლოვა. ბავშვები ხედავდნენ თავიანთი მშობლების ერთგულებას, და მერე თვითონაც ცდილობდნენ, იეჰოვას ერთგულები ყოფილიყვნენ.
ხორვატიის საზღვართან მდებარე ქალაქი ბიჰაჩი ოთხი წლის მანძილზე იზოლირებული იყო. ვერც ქალაქიდან გადიოდა ხალხი და ვერც ჰუმანიტარული დახმარება შედიოდა ქალაქში. „ყველაზე რთული ომის პირველი დღეები იყო, — ჰყვება ოსმან შაჩირბეგოვიჩი, იმ დროს ერთადერთი ძმა ბიჰაჩში, — მაგრამ არა დაძაბულობის გამო. ირგვლივ ისეთი რამ ხდებოდა, რაც მანამდე არასდროს გვენახა. გასაოცარია, მაგრამ დაბომბვა რომ დაიწყო, დაძაბულობა მალევე შემცირდა, რადგან დავინახეთ, რომ ყველა ჭურვს სიკვდილი არ მოჰქონდა თან. ზოგიერთი ჭურვი არც კი ფეთქდებოდა“.
ვინაიდან არავინ იცოდა, როდის დასრულდებოდა ომი, ზაგრებისა (ხორვატია) და ვენის (ავსტრია) ფილიალებმა სარაევოში, ზენიცაში, ტუზლაში, მოსტარში, ტრავნიკსა და ბიჰაჩში სამეფო დარბაზებსა და მოწმეების სახლებში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას გაუწიეს ორგანიზება. ბრძოლის გამწვავებას ქალაქების ალყაში მოქცევა მოჰყვა. მოულოდნელად შეწყდა საკვებით მომარაგება, არსებული საკვები მარაგი მალე გამოილეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიის რამდენიმე ქალაქი საერთოდ მოწყვეტილი იყო სამყაროს, ამას იეჰოვას მოწმეთა ერთიანობა არ დაურღვევია. მართლაც მკვეთრი სხვაობა იყო მოწმეებსა და მათ შორის, ვინც ეთნიკური თუ რელიგიური სიძულვილის გამო მიწასთან გაასწორეს ქვეყანა.
გულმოდგინენი, მაგრამ ფრთხილნი
ყოველდღიურ პრობლემებს ისიც ემატებოდა, რომ მთელ სარაევოში სნაიპერები იყვნენ ჩასაფრებულები და უმოწყალოდ ხოცავდნენ უდანაშაულო მოქალაქეებს. ჭურვების სეტყვა მოდიოდა, რასაც მოსახლეობის სიცოცხლე ეწირებოდა. ალყაშემორტყმულ ქალაქებში გადაადგილება სახიფათო იყო. ხალხი შიშს მოეცვა, მაგრამ სიბრძნისა და გამბედაობის წყალობით ჩვენი ძმები მაშინაც კი უზიარებდნენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მათ, ვისაც ნუგეში ჰაერივით სჭირდებოდა.
„სარაევოზე მიტანილი ერთ-ერთი მწვავე იერიშის დროს, — იხსენებს ერთი უხუცესი, — ერთ დღეში ათასობით ჭურვი აფეთქდა. მახსოვს, შაბათი იყო, დილით ძმებმა დამირეკეს და მკითხეს, სამქადაგებლო შეხვედრა სად გვექნებაო“.
„ვხედავდი, როგორ სჭირდებოდა ხალხს ჭეშმარიტება, — ჰყვება ერთი და. — სწორედ ეს მეხმარებოდა, რომ არა უბრალოდ გამეძლო ამ საშინელებისთვის, არამედ სიხარულიც შემენარჩუნებინა“.
ადგილობრივი მოსახლეობა გრძნობდა, რომ ბიბლიური იმედი სჭირდებოდათ. „სულიერი დახმარების მისაღებად ხალხი თვითონ გვეძებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოვძებნოთ, — ამბობდა ერთი ძმა, — სამეფო დარბაზში მოდიან და შესწავლას ითხოვენ“.
ომის დროს სამქადაგებლო საქმიანობის წარმატება ჩვენი ქრისტიანული საძმოს ერთიანობის შედეგი იყო. მათი ერთიანობა მოსახლეობას შეუმჩნეველი არ დარჩენია. „ეს დიდი დამოწმება იყო, — იხსენებს და ნადა ბეშკერი, დიდი ხნის სპეციალური პიონერი. — ხალხი ხედავდა, რომ ბოსნიელი და სერბი ძმები ერთად მსახურობდნენ. როდესაც ხედავდნენ, რომ ხორვატი და ყოფილ მუსლიმანთან, ახლა უკვე დასთან, ერთად სერბს უტარებდა შესწავლას, მაშინვე ხვდებოდნენ, რომ მათსა და ჩვენ შორის დიდი სხვაობა იყო“.
ძმების გულმოდგინებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ბევრი მათგანი, ვინც ომის დროს მიიღო ჭეშმარიტება, დღესაც ერთგულად ემსახურება იეჰოვას. მაგალითად, ბანია-ლუკას კრება ორჯერ გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 100 მაუწყებელი სხვა კრებებში გადავიდა.
ღვთის ერთგული ოჯახი
ძმები ყოველთვის ფრთხილობდნენ, თუმცა დროდადრო მაინც ხდებოდნენ „დროისა და შემთხვევის“ მსხვერპლი (ეკლ. 9:11). წარმოშობით სერბი ბოსო ჯორემი 1991 წელს ზაგრებში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე მოინათლა. სარაევოში დაბრუნების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს; ნეიტრალიტეტის დაცვის გამო საშინლად ექცეოდნენ. 1994 წელს თოთხმეტთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი ის იყო, რომ ცოლს, ჰენას, და ხუთი წლის გოგონას, მაგდალინას, დააშორეს.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე ბოსო და მისი ოჯახი უბედურმა შემთხვევამ შეიწირა. როცა სამივენი ერთად ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მიდიოდნენ, მოულოდნელად სიჩუმე საარტილერიო ჭურვის აფეთქების ხმამ დაარღვია. ჰენა და მაგდალინა იქვე გათავდნენ, ბოსო კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქრისტიანული ნეიტრალიტეტი
ნაციონალიზმი ხალხზე დიდ გავლენას ახდენდა, რაც ნეიტრალიტეტის დაცვას განსაკუთრებით ართულებდა. ბანია-ლუკას კრებაში ბევრი ახალგაზრდა ძმა იყო, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ნეიტრალიტეტის დაცვის გამო მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ოსმან შაჩირბეგოვიჩი იხსენებს: „პოლიციელები ხშირად გვიწყობდნენ დაკითხვას. გვეუბნებოდნენ ლაჩრები ხართ, თქვენ-თქვენ ოჯახებს არ იცავთო“.
აი როგორი დიალოგი იმართებოდა ხოლმე ოსმანსა და პოლიციელებს შორის:
— ეგ იარაღი ხომ გიცავთ?
— რა თქმა უნდა.
— ზარბაზანში თუ გაცვლიდით, უფრო დაცულად რომ გეგრძნოთ თავი?
— კი.
— ზარბაზანს თუ გაცვლიდით ტანკში?
— რასაკვირველია.
— ამ ყველაფერს ხომ იმიტომ გააკეთებდით, რომ თავი უფრო დაცულად გეგრძნოთ, — ეტყოდა ხოლმე ოსმანი. — მე კი ქვეყნიერების შემოქმედი, ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა მიცავს. მასზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი დამიცავს? პოლიციელებისთვის ყველაფერი ცხადი ხდებოდა და თავს ანებებდნენ.
ჰუმანიტარული დახმარება ჩამოდის
ბოსნიის მეზობელ ქვეყნებში ძმებმა იცოდნენ, რომ ბოსნიელ მოწმეებს უკიდურესად უჭირდათ, მაგრამ გარკვეულ ხანს მაინც ვერ ახერხებდნენ მათთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას. 1993 წლის ოქტომბერში ძმებმა მთავრობისგან შეიტყვეს, რომ ახლა შედარებით იოლი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა, თუმცა საშიშროება მაინც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ძმებმა გადაწყვიტეს, შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვათ და 26 ოქტომბერს ვენიდან (ავსტრია) ბოსნიაში 16 ტონა საკვებითა და შეშით დატვირთული 5 სატვირთო მანქანა გაუშვეს. როგორ გაივლიდა კოლონა იმ ადგილებს, სადაც გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობდა?c
გზაში ძმების სიცოცხლეს რამდენჯერმე შეექმნა საფრთხე. „იმ დილით გვიან დავადექი გზას, — იხსენებს ერთ-ერთი მძღოლი, — რის გამოც ჩემ წინ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული რამდენიმე მანქანა უკვე იდგა. ერთ-ერთ საგუშაგოსთან ყველა მანქანა გაჩერდა და ოფიცრებმა საბუთების შემოწმება დაიწყეს. უცბად იარაღის გავარდნის ხმა გავიგონე და დავინახე, რომ ერთ-ერთ მძღოლს, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, სნაიპერის ტყვია მოხვდა“.
სარაევოში შესვლის უფლება მხოლოდ მძღოლებს მისცეს, ის ძმები კი, რომლებიც მძღოლებს თან ახლდნენ, ქალაქში არ შეუშვეს. მაგრამ იმდენად უნდოდათ ადგილობრივი ძმების გამხნევება, რომ ტელეფონით მაინც დაუკავშირდნენ სარაევოში მცხოვრებ მაუწყებლებს და ერთ-ერთმა ძმამ მათ დროული, გამამხნევებელი საჯარო მოხსენება წაუკითხა. ომის დროს მიმომსვლელ ზედამხედველებს, ბეთელელებსა და ქვეყნის კომიტეტის წევრებს არაერთხელ ჩაუგდიათ სიცოცხლე საფრთხეში იმისათვის, რომ ძმებისთვის სულიერი თუ ფიზიკური დახმარება გაეწიათ.
თითქმის ოთხ წელიწადს შეუძლებელი იყო ბიჰაჩში მცხოვრები ძმებისთვის ტვირთის გაგზავნა. მართალია, ბარიკადების გამო, რომელიც ქალაქს იზოლირებულს ხდიდა, საკვები პროდუქტების შეტანა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ ჩვენი ძმები სულიერი საზრდოს გარეშე მაინც არ დარჩენილან. „ჩვენი სამეფო მსახურებისა“ და „საგუშაგო კოშკის“ ასლებს ფაქსით იღებდნენ. შემდეგ ასლებს ამრავლებდნენ ისე, რომ ოჯახს ერთი ეგზემპლარი შეხვედროდა. ომი რომ დაიწყო, ქალაქში მხოლოდ 3 მონათლული და 12 მოუნათლავი მაუწყებელი იყო, რომლებსაც ორი წელი მოუწიათ ლოდინი, რომ იეჰოვასთვის მიძღვნის ნიშნად წყალში მონათლულიყვნენ.
დიდ სირთულეს ქმნიდა ის, რომ ქალაქი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო. „ჩემი დაინტერესებულები არც კონგრესზე ყოფილან და არც სარაიონო ზედამხედველის მონახულებას დასწრებიან, — იხსენებს ოსმანი. — ხშირად ვნატრობდით იმ დროს, როდესაც ძმებთან ურთიერთობით ტკბობის საშუალება მოგვეცემოდა“.
წარმოიდგინეთ ძმების სიხარული, როდესაც 1995 წლის 11 აგვისტოს ბიჰაჩში ორი სატვირთო მანქანა შემოვიდა წარწერით „ჰუმანიტარული დახმარება იეჰოვას მოწმეებისთვის“. ალყაშემორტყმულ ქალაქში მაშინ პირველად შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარება და სწორედ იმ დროს, როცა ძმები ფიზიკურად თუ ემოციურად ძალაგამოცლილები იყვნენ.
ბიჰაჩში ჩვენი და-ძმების მეზობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორ ზრუნავდნენ ძმები ერთმანეთზე, მაგალითად, როგორ სვამდნენ დამტვრეული ფანჯრების ნაცვლად ახლებს. „ამან ჩემს მეზობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, — იხსენებს ოსმანი, — რადგან იცოდნენ, რომ ფული არ გვქონდა. ეს ისეთი დამოწმება იყო, რომ ამაზე დღემდე ლაპარაკობენ“. დღეს ბიჰაჩის კრებაში 34 მაუწყებელი და 5 პიონერია.
დაუვიწყარი მგზავრობა
ძმებს არაერთხელ ჩაუგდიათ სიცოცხლე საფრთხეში, ოღონდ საკვები პროდუქტები და ლიტერატურა ბოსნიის ნაომარ ქალაქებში ჩაეტანათ. მაგრამ სულ სხვა იყო 1994 წლის 7 ივნისი. დილაადრიან სამი სატვირთო ავტომობილი დაიძრა ზაგრებიდან, რომელშიც ქვეყნის კომიტეტის წევრები და მოხალისეები ისხდნენ. მათი მიზანი იყო ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა და ბოლო სამი წლის მანძილზე პირველად შემოკლებული პროგრამით სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ჩატარება.
სპეციალური პროგრამა ჯერ ქალაქ ტუზლაში ჩატარდა. როცა ომი დაიწყო იქაურ კრებაში მხოლოდ 20 მაუწყებელი იყო. ახლა კი კონგრესის პროგრამის მოსასმენად 200-კაცზე მეტი შეიკრიბა! იმ დღეს 30 მაუწყებელი მოინათლა. დღეს ტუზლაში 3 კრება და 300-ზე მეტი მაუწყებელია.
ზენიცაში კონგრესის ჩასატარებლად ძმებმა შესაფერისი ადგილი კი მოძებნეს, მაგრამ ნათლობისთვის საჭირო აუზი არ ჰქონდათ. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ერთი კასრი იპოვეს, ოღონდ საქმე ის იყო, რომ კასრი ყარდა, თურმე ადრე შიგ თევზს ინახავდნენ. მაგრამ ამას არ შეუშინებია მონათვლის კანდიდატები, რომლებმაც იესოს მოწვევა მიიღეს და „ადამიანთა მებადურები“ გახდნენ (მათ. 4:19). ნათლობის მოხსენება ჰერბერტ ფრენზელმა წაიკითხა, რომელიც ახლა ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრია. ჰერბერტი იხსენებს: „მონათვლის მსურველებს იმდენ ხანს მოუწიათ ლოდინი, რომ უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდათ. ნათლობის შემდეგ გამარჯვების განცდა დაეუფლათ“. დღეს ზენიცას კრებაში 68 მაუწყებელია.
სარაევოში კონგრესი ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ახლოს ჩატარდა, რომელიც სნაიპერთა თვალთახედვის არეში იყო. უკეთესი ადგილი ვერ მოიძებნა. ძმები უსაფრთხოდ კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ, რაშიც მაუწყებლების მონათვლა შეიძლებოდა, არც წყალი ჰქონდათ საკმარისი. წყლის დასაზოგად მონათვლის მსურველებიდან ჯერ ტანით ყველაზე პატარებს ნათლავდნენ და მერე დიდებს.
და-ძმებისთვის ეს მართლაც დაუვიწყარი მოვლენა იყო. მათ არ დაუშვეს, რომ შემაშფოთებელ მოვლენებს მათთვის ის სიხარული წაერთმია, რომელიც გაერთიანებულ თაყვანისცემას მოაქვს. დღესდღეობით სარაევოში სამი კრებაა.
ომის შემდეგ
მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებისთვის გზები გაიხსნა, და-ძმების მდგომარეობა შემსუბუქდა. თუმცა ეთნიკური წმენდა და იძულებითი გადასახლება არ შეწყვეტილა. ივიცა არაბაჯიჩს, რომელიც ხორვატიაში უხუცესად მსახურობს, ბანია-ლუკაში თავისი სახლი დაატოვებინეს. ივიცა ჰყვება: «მოვიდა ერთი შეიარაღებული კაცი და გვითხრა, რომ დღეიდან ეს სახლი ჩემია და დატოვეთო. მასაც იძულებით დაატოვებინეს სახლი შიბენიკში (ხორვატია), რადგან სერბი იყო, და ახლა ჩვენ გვაიძულებდა სახლიდან გასვლას. დაგვეხმარა ერთი ოფიცერი, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი. მართალია, სახლს ვერ შევინარჩუნებდით, მაგრამ იმაზე მაინც დავითანხმეთ, რომ ჩვენ მის სახლში შევსულიყავით. გაგვიჭირდა სახლის და იმ კრების დატოვება, სადაც სულიერად ფეხი ავიდგით, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევანი არ გვქონდა. ისე გავემგზავრეთ ჩვენი „ახალი“ სახლის მოსაძებნად, რომ ბევრი არაფერი წაგვიღია. როცა შიბენიკში ჩავედით, იმ სახლში, რომელიც უკვე ჩვენ გვეკუთვნოდა, სხვა შესულიყო. არ ვიცოდით, რა გვექნა. იქაურმა ძმებმა თბილად მიგვიღეს. ერთმა უხუცესმა თავის სახლში შეგვიფარა, სადაც ერთი წელი ვიცხოვრეთ, მანამ, სანამ ჩვენი საცხოვრებელი გვექნებოდა».
ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში პოლიტიკური არასტაბილურობა დღემდე გრძელდება, თუმცა ჭეშმარიტება მაინც ფართოდ ვრცელდება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი მუსლიმანია. ომის დამთავრების შემდეგ ძმებმა სამეფო დარბაზები ააშენეს. ერთ-ერთი დარბაზი ბანია-ლუკაში მდებარეობს, რომლის აშენებაც ძმებს დიდი ბრძოლის ფასად დაუჯდათ. ისინი წლების მანძილზე ცდილობდნენ სამეფო დარბაზის ასაშენებლად საჭირო ნებართვის მიღებას, მაგრამ იმ ქალაქში სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა. ომის შემდეგ ბოსნიაში, მართალია, კანონიერად აღიარეს ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ბანია-ლუკაში სამეფო დარბაზის აშენების ნებართვა მაინც არ მოუციათ. ბოლოს, ბევრი ლოცვისა და დიდი ძალისხმევის შედეგად, როგორც იქნა, მოიპოვეს საჭირო ნებართვა, რაც კარგი პრეცედენტი იყო იმისათვის, რომ მომავალში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ამ რეგიონში სხვა სამეფო დარბაზებიც აშენებულიყო.
ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში რელიგიურმა შემწყნარებლობამ გზა გაუხსნა 32 სპეციალურ პიონერს, რომელთაგან უმეტესობა სხვა ქვეყნებიდანაა ჩასული და მსახურობს იქ, სადაც ამის დიდი საჭიროებაა. მათ ერთგულ მსახურებასა და მორჩილებას დიდი კურთხევები მოაქვს.
სარაევო, სადაც წლების წინ შეიძლებოდა ძმები სნაიპერის ტყვიას გაეთავებინა, დღეს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან კონგრესებზე ჩასულ დელეგატებს მასპინძლობს. სამწუხაროა, რომ გასულ საუკუნეში ომებმა ეს მშვენიერი მთიანი მხარე მიწასთან გაასწორა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს იეჰოვას მსახურები ერთმანეთის მიმართ „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას“ ავლენდნენ და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს (1 პეტ. 1:22). ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში დღეს 16 კრება და 1 163 მაუწყებელია, რომლებიც ერთად განადიდებენ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას.
ხორვატიის თანამედროვე ისტორია
1991 წელს ზაგრებში საერთაშორისო კონგრესის დამთავრების შემდეგ საზღვარი ხორვატიასა და სერბიას შორის მოულოდნელად ჩაიკეტა. მთავარი გზები და ხიდები ზოგან მწყობრიდან გამოვიდა და ზოგან ჯარისკაცებმა ბარიკადებით ჩახერგეს. ამიტომ აღმოსავლეთ ხორვატიიდან კონგრესზე ჩასულმა და-ძმებმა შინ დაბრუნება ვეღარ შეძლეს და ისინი ხორვატიის სხვა რეგიონებში მცხოვრებმა და-ძმებმა შეიფარეს, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად თვითონაც უჭირდათ. მათი მხრიდან ეს დიდი სიყვარულის გამოვლენა იყო.
ზაგრებში სირენების ხმა მოსახლეობას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ატყობინებდა მოსალოდნელ დაბომბვას. ხალხი ზოგჯერ კვირებისა და თვეების განმავლობაშიც კი ხან სად აფარებდა თავს და ხან — სად. რადგან ბეთელის სარდაფი საიმედო თავშესაფარი იყო, ქალაქის მუნიციპალიტეტმა ის საჯარო თავშესაფრად გამოაცხადა. ამან და-ძმებს ქადაგების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მისცა. ბეთელის სარდაფი მხოლოდ ფიზიკური თავშესაფარი როდი იყო. ერთ დღეს, როცა სირენების ხმა გაისმა, ხალხი ტრამვაიდან ჩამოვიდა და ბეთელის შენობისკენ გაიქცა. ყველა დაძაბული იყო. ამ დროს ერთმა უხუცესმა, რომელიც ბეთელში მსახურობდა, იქ ჩასულ ხალხს რამდენიმე თვის წინ ზაგრებში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე გადაღებული სურათების ჩვენება შესთავაზა, უარი არავის უთქვამს. სურათების ნახვის შემდეგ ძმას ყველა მადლობას უხდიდა.
ომის გამო კრებებზე დასწრება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ძმებს მაშინ განსაკუთრებით კარგად ესმოდათ სულიერი საზრდოს მიღების აუცილებლობა. სამწუხაროდ, ზოგი სამეფო დარბაზი ტყვიებმა და ხელყუმბარებმა დააზიანეს. მიუხედავად ამისა, ძმებს მაინც ‘არ მიუტოვებიათ თავიანთი შესაკრებელი’ (ებრ. 10:25). სარაკეტო ჭურვებით შიბენიკი ექვსი თვის განმავლობაში იბომბებოდა, რის გამოც სამეფო დარბაზში მისვლა შეუძლებელი იყო. «ქალაქგარეთ ვცხოვრობდით, — იხსენებს ერთი უხუცესი, — ამიტომ ჩემს სახლში ვატარებდით წიგნის შესწავლას და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას. რთული მდგომარეობის მიუხედავად, ქადაგება არ შეგვიწყვეტია, ახლომახლო სოფლებშიც კი ვქადაგებდით. გვცნობდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით, და ხედავდნენ, რომ ყველასგან განვსხვავდებოდით».
ძმათმოყვარეობა ომის დროს
კრებები ყველაფერს აკეთებდნენ იმ და-ძმების დასახმარებლად, რომლებსაც თავშესაფარი სჭირდებოდათ. ოსიეკის (ხორვატია) სამეფო დარბაზში ძმებმა გულთბილად მიიღეს ტუზლადან (ბოსნია) დევნილი ერთი ოჯახი და გაიხარეს როდესაც გაიგეს, რომ ცოლი მონათლული და ყოფილა.
მთავრობამ ეს ოჯახი ერთ ძველ, მიგდებულ სახლში შეასახლა. როდესაც ძმებმა დაინახეს, რომ იქ საცხოვრებელი პირობები არ იყო, ერთმა ღუმელი მიუტანა, ერთმა — ფანჯარა, ერთმა —კარი, ერთმა — საწოლი, ზოგმა — სამშენებლო მასალები, ზოგმაც — საკვები პროდუქტები და შეშა. ერთ ოთახში მეორე დღესვე შექმნეს საცხოვრებელი პირობები. მაგრამ იმ სახლში გამოზამთრებას მაინც ვერ შეძლებდა კაცი. ამიტომ კრებამ საჭირო ნივთების სია შეადგინა და ვისაც, რა შეეძლო, ის მიჰქონდა. ყველაფერი შეგროვდა, კოვზით დაწყებული და სახლის გადასახურავად საჭირო მასალებით დამთავრებული.
რაც დრო გადიოდა, საკვები პროდუქტების მარაგი მით უფრო მცირდებოდა. ფილიალი არაფერს იშურებდა იმისათვის, რომ და-ძმებზე მატერიალურადაც ეზრუნა და სულიერადაც. ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით ფილიალმა ორგანიზება გაუწია საკვების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სამედიცინო პრეპარატების შეგროვებას. თავდაპირველად ყველაფერს ადგილობრივი ძმები სწირავდნენ, მაგრამ თავადაც უჭირდათ, ამიტომ ბევრის გაკეთება არ შეეძლოთ. ავსტრიელმა, გერმანელმა, იტალიელმა და შვეიცარიელმა ძმებმაც გულუხვად გაიღეს ტანსაცმელი, სამედიცინო პრეპარატები და სულიერი საზრდო. მთელი დღე-ღამის განმავლობაში შემოდიოდა სატვირთო მანქანები, რომელთა მძღოლებიც ხორვატი ძმების კეთილდღეობას საკუთარ უსაფრთხოებაზე წინ აყენებდნენ. ზაგრებში ჰუმანიტარული დახმარება ერთ ადგილზე გროვდებოდა და შემდეგ სხვადასხვა კრებაში იგზავნებოდა.
ხორვატი ძმების გარდა დახმარება ბოსნიელ ძმებსაც სჭირდებოდათ. 16 ტონა შეშითა და საკვებით დატვირთული მანქანები ხორვატიიდან ბოსნიისკენ გაემართნენ. მგზავრობა სახიფათო იყო, რადგან არეულობით არაერთი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება სარგებლობდა. რომელიმე დაჯგუფებას რომ გადაყროდნენ, შეიძლებოდა არა მარტო ჰუმანიტარული დახმარება წაერთმიათ, არამედ დაეხოცათ კიდეც.
ერთი ძმა ჰყვება: «ტყეში გაჭრილი გზით მივდიოდით, გავიარეთ ერთი საგუშაგო, შემდეგ მეორე, რამდენჯერმე ბრძოლის წინა ხაზსაც მივუახლოვდით. საფრთხის მიუხედავად, ტრავნიკში (ბოსნია) მშვიდობით ჩავედით. ერთმა ჯარისკაცმა როგორც კი დაგვინახა, იმ სახლთან მიირბინა, სადაც ჩვენი ძმები იყვნენ, და დაიძახა: „თქვენი ხალხი მოვიდა მანქანებით!“ წარმოიდგინეთ, რა სიხარულს იგრძნობდნენ ძმები! სახლში პროდუქტები შევზიდეთ, ცოტა გამოველაპარაკეთ და მალევე განვაგრძეთ გზა, რადგან სხვებთანაც უნდა მივსულიყავით».
ძმებმა ზაგრების ბეთელს არაერთი სამადლობელი წერილი მისწერეს. ერთმა კრებამ ფილიალს მისწერა: „დიდ მადლობას გიხდით იმ მძიმე შრომისთვის, რომლის წყალობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებდეთ სულიერ საზრდოს. მადლობას გიხდით ჰუმანიტარული დახმარებისთვისაც, რომელიც ძმებს მართლაც სჭირდებოდათ. მთელი გულით გმადლობთ მზრუნველობისა და გაწეული შრომისთვის!“
კრებაში რამდენიმე ლტოლვილი ძმა გვყავს, — ეწერა ერთ წერილში. — გვყავს ისეთებიც, ვისაც არანაირი შემოსავალი არა აქვს. როდესაც ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს და თანაც დიდი რაოდენობით, ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ძმების მზრუნველობამ და გულუხვობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და დიდად გაამხნევა ისინი“.
იმ რთული პერიოდის განმავლობაში ძმები სულიერ საზრდოს მაინც იღებდნენ, თუმცა ეს ადვილი არ ყოფილა. მათ არა მარტო გადაიტანეს სირთულეები, არამედ სულიერადაც გაძლიერდნენ. აშკარა იყო, რომ მათ იეჰოვას სული ეხმარებოდა (იაკ. 1:2—4).
ცნობა, რომელიც ადამიანს ცვლის
მართალია, ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა შეძლებისდაგვრად ყველაფერი იღონეს, მაგრამ ის მაინც ვერ გააკეთეს, რაც იეჰოვას მოწმეებმა. ჩვენს ძმებს ომიანობის დროს წუთითაც არ შეუწყვეტიათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება.
სერბიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი ვუკოვარი, რომელიც მიწასთან გასწორდა, მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა, მათ შორის ჩვენმა ძმებმაც, დატოვეს; მაგრამ დარჩა ერთი და, მარია. ხორვატმა ძმებმა მთელი ოთხი წლის განმავლობაში არ იცოდნენ მისი ასავალ-დასავალი. მარია ერთგულად განაგრძობდა ქადაგებას ქალაქში დარჩენილებთან. მისი ერთგულება მართლაც რომ დაჯილდოვდა. 1996 წელს ჩატარებულ საოლქო კონგრესზე ვუკოვარიდან 20 კაცი ჩავიდა, რამაც ხორვატი ძმები დიდად გააოცა.
სასიხარულო ცნობას ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ომი ახალი დაწყებული იყო. ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი ხორვატიის სპეცრაზმში მსახურობდა და თანაც დიდი წარმატებით. 1994 წელს მას მატარებლების სადგურზე მისცეს ტრაქტატი „სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“ ყურადღებით წაიკითხა და გაიგო, რომ ყოველგვარ ძალადობაში დამნაშავე სატანა ყოფილა და არა იეჰოვა ღმერთი. ამან მასზე უდიდესი გავლენა იქონია. ვიდრე ჯარში წავიდოდა, მას ოჯახის წევრები დაუხოცეს, მათ შორის 19 წლის და. ამ ახალგაზრდის ჯარში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მკვლელებზე შურისძიება იყო. ვიდრე ტრაქტატს მისცემდნენ, იმ სოფელში ჩასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, სადაც მისი ოჯახის წევრების მკვლელები ცხოვრობდნენ. მაგრამ ტრაქტატმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა. დაიწყო ბიბლიის შესწავლა; რამდენიმე წელიწადი დასჭირდა საჭირო ცვლილებების მოსახდენად, და 1997 წელს მოინათლა კიდეც. იგი იმ სოფელში მაინც წავიდა, ოღონდ არა შურის საძიებლად, არამედ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საუწყებლად.
ხორვატიაში მაუწყებლებს ომის დროსაც კი არ შეუწყვეტიათ გულმოდგინედ მსახურება, რამაც ამ ქვეყანაში მაუწყებელთა რიცხვის არნახულ ზრდას შეუწყო ხელი. 1991 წლიდან 1995 წლის ჩათვლით პიონერების რიცხვი 132 პროცენტით გაიზარდა, ბიბლიის შესწავლების რაოდენობა — 63 პროცენტით, ხოლო მაუწყებელთა რაოდენობა — 35 პროცენტით. იეჰოვამ აკურთხა ხორვატი ძმები ღვთის სიტყვის გაბედულად ქადაგებისთვის.
თავგანწირვის სულისკვეთება
1991 წელს, საერთაშორისო კონგრესის ჩატარებამდე, კანადიდან ხორვატიაში პირველი მისიონერები, „გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებულები, დანიელ და ჰელენ ნიზანები ჩავიდნენ. ხორვატიაში ევროპის ქვეყნებიდანაც მიიწვიეს ის და-ძმები, რომლებმაც ხორვატული ენა იცოდნენ.
იმავე წელს ხორვატიაში გაგზავნეს ავსტრიელი ცოლ-ქმარი, ჰაინც და ელკე პოლაკები, რომლებიც დანიის იმ მონაკვეთში მსახურობდნენ სპეციალურ პიონერებად, სადაც იუგოსლავიელები ცხოვრობდნენ. ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მიმოსვლით საქმიანობას იწყებდნენ. ომმა მათი პირველი რაიონიც მოიცვა — დალმატიის სანაპირო და ბოსნიის ნაწილი. ჰაინცი იხსენებს: „ომიანობის დროს ბოსნიაში კრებების მონახულება ნამდვილად არ იყო იოლი. ჩვენი საკუთარი მანქანით ვერსად მივდიოდით, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა. ამიტომ იძულებულები ვიყავით, ისევ ავტობუსებით გვემგზავრა. თან დაგვქონდა რამდენიმე ჩემოდანი და ერთი საბეჭდი მანქანა.
საჭირო იყო გამჭრიახობა. ერთხელ, როცა ავტობუსით ტუზლადან ზენიცაში მივემგზავრებოდით, ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ გზის გაგრძელება სახიფათო იყო. ავტობუსიდან ყველანი ჩამოვედით. მოცდა არ შეგვეძლო, რადგან ზენიცაში ძმები მოუთმენლად გველოდნენ, ამიტომ გამვლელებს ვთხოვდით, გავეყოლებინეთ. ბოლოს ერთმა ბენზინმზიდმა გაგვიჩერა. გზაში დრო არ დაგვიკარგავს და მძღოლს ვუქადაგეთ; მან ყურადღებით მოგვისმინა.
სროლის გამო გზაში კიდევ მოგვიწია გაჩერება. იძულებულები გავხდით, ცუდი გზით წავსულიყავით; სვლას თოვლიც აფერხებდა. ხშირად ვჩერდებოდით თოვლში ჩაფლული მანქანების ამოსაყვანად. უცბად ისეთ ადგილზე მოვხვდით, სადაც სროლა არ წყდებოდა. იძულებულები გავხდით, მიმართულება შეგვეცვალა და ვარეშამდე ჩავსულიყავით. ჩვენი დანიშნულების ადგილს 50 კილომეტრით დავშორდით.
მძღოლი წინა სკამებზე დაწვა და დაიძინა, ჩვენ კი კაბინაში სკამებს უკან ერთმანეთს ჩავეხუტეთ, რომ არ შეგვცივნოდა. ის ღამე ყველაზე გრძელ ღამედ მომეჩვენა. მეორე დღეს, როგორც იქნა, ჩავაღწიეთ ზენიცაში. ძმებს ძალიან გაუხარდათ ჩვენი ნახვა. მართლაც ღირდა ჩასვლა! მართალია, არც წყალი ჰქონდათ და არც დენი, მაგრამ რაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ ჩვენთვის ესიამოვნებინათ. მატერიალურად უჭირდათ, მაგრამ სულიერად მდიდრები იყვნენ. ეტყობოდათ, რომ ჭეშმარიტება ძალიან უყვარდათ“.
ომის შემდეგ ავსტრიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან ხორვატიაში 50-მდე სპეციალური პიონერი გაგზავნეს. მოგვიანებით მისიონერებიც ჩავიდნენ, რამაც ხორვატი და-ძმები დიდად გაამხნევა. ამ გულმოდგინე სრული დროით მსახურებმა დიდი წვლილი შეიტანეს კრებების ზრდასა და სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებაში.
„არ მეგონა, თუ ამ დღეს მოვესწრებოდი“
80-იანი წლების ბოლომდე „საგუშაგო კოშკის“ ყოველთვიურ გამოცემას გერმანულიდან ხორვატულზე ბეთელს გარეთ მცხოვრები ძმები თარგმნიდნენ, 1991 წლიდან კი ამ საქმის კეთება ბეთელის მთარგმნელობითმა ჯგუფმა განაგრძო. მალე ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ დაიწყეს მუშაობა. მანამდე და-ძმები 150 წლის წინათ ნათარგმნი ბიბლიით სარგებლობდნენ. ეს ბიბლია ძველი ენით იყო დაწერილი და რთულად აღიქმებოდა. თარგმნის დროს ხორვატული ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობდა სერბულ და მაკედონურ ჯგუფებთან. მუშაობის პროცესში სამივე ჯგუფს შეეძლო ერთმანეთის თარგმანებით სარგებლობა.
იეჰოვას მოწმეებს ხორვატიაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, სერბიასა და მაკედონიაში დიდხანს ემახსოვრებათ 1999 წლის 23 ივლისი, პარასკევი დღე. ოთხივე საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“ ერთდროულად გამოცხადდა, რომ გამოვიდა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხორვატულ და სერბულ ენებზე. გამოცხადდა ისიც, რომ ბიბლიის თარგმნა წარმატებით მიმდინარეობდა მაკედონურ ენაზე. ხანგრძლივმა ტაშმა მომხსენებლებს რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხსენების გაგრძელების საშუალება არ მისცა. დელეგატების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ერთმა ხანდაზმულმა უხუცესმა აღნიშნა: „არ მეგონა, თუ ამ დღეს მოვესწრებოდი!“ 2006 წელს სრული ბიბლია სამივე ენაზე გამოიცა.
1996 წლამდე იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ხორვატიაში და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ხორვატიის ქვეყნის კომიტეტი ხელმძღვანელობდა, რომელსაც, თავის მხრივ, ავსტრიის ფილიალი ზედამხედველობდა. 1996 წლიდან ამ ქვეყნებში სამქადაგებლო საქმიანობის წარმართვა უკვე ხორვატიის ფილიალის კომიტეტმა განაგრძო, რომელიც ოთხი წევრისგან შედგებოდა. იეჰოვამ აკურთხა მათი ძალისხმევა!
ფილიალის ახალი შენობა და სამეფო დარბაზები
როგორც ყველგან, თეოკრატიულმა ზრდამ ზაგრებში არსებულ ბეთელის ოჯახზეც იმოქმედა. თუ თავიდან ბეთელის ოჯახში 10 კაცი იყო, ეს ციფრი მოგვიანებით 50-მდე გაიზარდა. საჭირო გახდა ბინების დაქირავება, რადგან ბეთელის შენობა მხოლოდ 10 კაცისთვის იყო გათვლილი.
ფილიალის კომიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით ფილიალის ასაშენებლად ზაგრებში ტერიტორია შეიძინეს. ადგილობრივმა მოხალისეებმა და საერთაშორისო მსახურებმა მალე ააშენეს ლამაზი შენობები, რომლებიც სამეფო საქმის წინსვლას მოემსახურებოდა. 1999 წლის 23 ოქტომბერს, შაბათს, ფილიალის შენობებისა და სამეფო დარბაზის მიძღვნა გაიმართა. ამავე დღეს ჩატარდა ზაგრების ცენტრში მდებარე ორსამეფოდარბაზიანი კომპლექსის მიძღვნაც. იქაურები 15 ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს მასპინძლობდნენ, მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს წევრს, ძმა გერიტ ლოშს, რომელმაც მიძღვნის მოხსენება წაიკითხა. მეორე დღეს სულიერ ნადიმზე დასასწრებად დიდ სპორტდარბაზში 4 886 კაცი შეიკრიბა. ეს დაუვიწყარი მოვლენა იყო ხორვატიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის, რომელთაგანაც ზოგიერთი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროში 50 წელზე მეტხანს ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.
ინტენსიურად მიმდინარეობდა სამეფო დარბაზების მშენებლობა. 1990 წლამდე კრებების უმეტესობა კერძო ბინებსა და სარდაფებში ტარდებოდა. მაგალითად, ქალაქ სპლიტში ერთი კრება მთელი 20 წლის განმავლობაში კერძო სახლის ერთ პატარა ოთახში იკრიბებოდა, სადაც მხოლოდ 50 სკამი ეტეოდა, მაგრამ დამსწრეთა რაოდენობა ზოგჯერ 100-საც კი აღემატებოდა; ზოგჯერ და-ძმები იძულებულები იყვნენ, ოთახის გარეთ ფეხზე მდგარიყვნენ. ამ ოთახში კონგრესებიც ჩატარებულა და 150-კაცზე მეტიც დასწრებია. სპლიტში დღეს ოთხი კრებაა და ორი მშვენიერი სამეფო დარბაზი. ვინაიდან დიდია მაუწყებლების რიცხვი, კონგრესების ჩასატარებლად ძმები ერთ-ერთი სასტუმროს საკონფერენციო დარბაზს ქირაობენ ხოლმე. სამეფო დარბაზების მშენებლობის განყოფილება, რომელსაც ზელტერსიდან (გერმანია) რეგიონალური სამშენებლო ოფისი ხელმძღვანელობს, კვლავაც განაგრძობს მოხერხებული და ლამაზი სამეფო დარბაზების შენებას.
ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ყველა, ვინც სამეფო დარბაზების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას, დიდ საქმეს ემსახურება. დღემდე 25 სამეფო დარბაზი აშენდა და 7 შენობა სამეფო დარბაზად გადაკეთდა. შედეგად იეჰოვას სახელი განდიდდა და სამეფო საქმემ წინ წაიწია!
სამეფო საქმე წინ მიიწევს
მართალია, 1991 წელს ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ქვეყანაში ახალი კანონმდებლობა არ შექმნილა. ახლად შექმნილი სახელმწიფოს მოსახლეობის 90 პროცენტი კათოლიკე იყო, რის გამოც სამღვდელოებას მთავრობაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მაგრამ, რადგან გასულ წლებში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონიერად აღიარებული იყო და ჩვენი ძმებიც კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ, 2003 წლის 13 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტრომ ისინი რეგისტრაციაში გაატარა როგორც „იეჰოვას მოწმეების რელიგიური კავშირი ხორვატიაში“. იეჰოვას მსახურთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მრავალწლიანი სირთულეების შემდეგ მათი საქმიანობა კანონიერად იქნა აღიარებული!
90-იანი წლების დასაწყისში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ყოველწლიურად ერთხელ ტარდებოდა პიონერული სკოლა, ახლა კი წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. 2008 წლის სექტემბერში ხორვატიის 69 კრებაში 5 451 მაუწყებელი მსახურობდა, გახსენების საღამოს კი 9 728 კაცი დაესწრო. ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ ხორვატიაში ჯერ კიდევ ბევრი საქმეა.
მართალია, ხორვატია რელიგიური შემწყნარებლობით ვერ დაიკვეხნის, და ყოველდღიური საზრუნავიც ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ იეჰოვას მსახურებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ სატანის რისხვის მიუხედავად, კვლავაც შემართებით განაგრძონ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (გამოცხ. 12:12). ხორვატიის მოსახლეობის უმთავრესი საზრუნავი ოჯახის შენახვაა, მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც შეწუხებულია მსოფლიოში ზნეობრივი ნორმების დაცემით, და აცნობიერებს, რომ სულიერს მოწყურებულია (ეზეკ. 9:3, 4; მათ. 5:6). იეჰოვას მოწმეების დახმარებით ისინი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ხდებიან და ამბობენ: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ (ეს. 2:3).
მაკედონიის თანამედროვე ისტორია
„ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“, — ასე უთხრა ხილვაში პავლე მოციქულს ერთმა კაცმა (საქ. 16:8—10). პავლე მიხვდა, რომ ეს მითითება ღვთისგან იყო, და ამიტომ უნდა წასულიყო ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად იქ, სადაც არავის უქადაგია. პავლემ და მისმა თანამსახურებმა გაითვალისწინეს ეს მითითება. იქ ქრისტიანთა რიცხვი მალე გაიზარდა. იყო თუ არა ასეთივე ზრდა ძველი მაკედონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თანამედროვე მაკედონიაში?
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაკედონია იუგოსლავიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე რესპუბლიკად იქცა. 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 1993 წელს იეჰოვას მოწმეები რეგისტრაციაში გაატარეს. ამის შემდეგ მუშაობა დაიწყო ოფისმა, რომელსაც ავსტრიის ფილიალის კომიტეტი გაუწევდა ზედამხედველობას. ამავე წელს ქალაქ სკოპიეში ალჯირსკას ქუჩაზე შეიძინეს შენობა, რომელშიც ზაგრებიდან (ხორვატია) მაკედონური მთარგმნელობითი ჯგუფი გადავიდა.
გერმანიიდან მიხაილ და დინა შიბენები ჩავიდნენ და სარაიონო მსახურება დაიწყეს. კანადელი დანიელ და ჰელენ ნიზანები, რომლებიც მანამდე სერბიაში მსახურობდნენ, ახლა მაკედონიაში გაგზავნეს. შეიქმნა ქვეყნის კომიტეტი და ბეთელიც ამუშავდა.
შეზღუდული რაოდენობის ლიტერატურა
მართალია, იეჰოვას მოწმეები რეგისტრირებული იყვნენ, მაგრამ ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა მაინც ფერხდებოდა. 1994—1998 წლებში მთავრობის მიერ ჟურნალების იმპორტზე შეზღუდვა იყო დაწესებული, ისე რომ, ერთ მაუწყებელს მხოლოდ ერთი ჟურნალი შეხვედროდა. ძმები იძულებულები იყვნენ, ბიბლიის შემსწავლელებისთვის „საგუშაგო კოშკის“ ასლები ადგილზევე დაემზადებინათ. ჟურნალებს უცხოეთიდანაც ფოსტით იღებდნენ, ზოგჯერ ცოტაოდენი ჟურნალები ჩასულ სტუმრებსაც ჩაჰქონდათ. ბოლოს, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული არაერთი სასამართლო პროცესის შედეგების გათვალისწინებით უზენაესმა სასამართლომ მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება — მათ ქვეყანაში იმდენი ჟურნალის შეტანა შეეძლოთ, რამდენსაც მოისურვებდნენ.
2000 წლის აგვისტოში მაუწყებელთა რიცხვი პირველად ასცდა 1 000-ს და 1 024-ს მიაღწია. მაკედონურ ენაზე პუბლიკაციების რაოდენობისა და მაუწყებელთა რიცხვის ზრდის გამო საჭირო გახდა ბეთელში დამატებითი პერსონალის მიწვევა, მაგრამ საამისოდ ბეთელის შენობა ძალიან პატარა იყო. ამიტომ მომდევნო წელს იქვე მეზობლად სამი პატარა სახლი შეიძინეს, რომლებიც დაანგრიეს, ეზო გააერთიანეს და ორი ახალი შენობის ასაშენებლად გაამზადეს. დღეს მაკედონიის ბეთელში სამი კეთილმოწყობილი შენობა დგას, სადაც 34 კაცი ცხოვრობს და მუშაობს. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგეს, რომ 2003 წლის 17 მაისს მიძღვნის პროგრამა ჩატარდებოდა და ხელმძღვანელი საბჭოს წევრს, გაი პირსს უმასპინძლებდნენ.
სამეფო დარბაზების მშენებლობა
მაკედონელი და-ძმები მადლიერნი არიან, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის გათვალისწინებული სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამა მათ ქვეყანაშიც ხორციელდება. ადგილობრივი კრებებისთვის სამეფო დარბაზების შენება ხუთკაციან სამშენებლო ბრიგადას დაევალა. 2001—2007 წლებში ცხრა სამეფო დარბაზი აშენდა. სხვადასხვა ეროვნების და-ძმებისგან შემდგარი სამშენებლო ბრიგადის წევრებს შორის არსებულმა მშვიდობამ და ერთიანობამ გააკვირვა ადგილობრივი მოსახლეობა. ახალაშენებული სამეფო დარბაზით მოხიბლულმა ერთმა ბიზნესმენმა აღნიშნა: „ამ შენობას აშკარად ეტყობა, რომ სიყვარულით არის აშენებული“.
ქალაქ შტიპში სამეფო დარბაზის მშენებლობას ერთი მეზობელი სკეპტიკურად უყურებდა. ეგონა, რომ ბრიგადის ახალგაზრდა წევრებს საკმარისი გამოცდილება არ ექნებოდათ. მაგრამ მშენებლობის წარმატებით დამთავრების შემდეგ მან ძმებს თავისი სახლის პროექტი მიუტანა და შეეხვეწა, რომ მისთვის სახლი აეშენებინათ. მეზობელს მათი ნამუშევარი ისე მოეწონა, რომ დაჰპირდა, თუ ამიშენებთ, კარგად გადაგიხდითო. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ძმებმა უთხრეს, რომ სამეფო დარბაზი ფულის შოვნის მიზნით კი არ აუშენებიათ, არამედ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.
ახალი ქვეყნიერების თარგმანი
ერთგული დებისა და ძმების პატარა ჯგუფი ახალ საქმეს შეუდგა. დაიწყეს „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მაკედონურ ენაზე თარგმნა. იეჰოვამ აკურთხა მათი მძიმე შრომა. ხუთ წელიწადში სრულად ითარგმნა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. წარმოიდგინეთ დელეგატების სიხარული 2006 წელს სკოპიეში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე „ხსნა ახლოსაა“, როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გერიტ ლოშმა, ახალი ბიბლიის გამოცემა გამოაცხადა. არ წყდებოდა მქუხარე აპლოდისმენტები. ბევრი ცრემლებს ვერ იკავებდა. ზოგიერთმა დელეგატმა შესვენების დროს წიგნის მიღებისთანავე დაიწყო ღვთის სიტყვის ბრწყინვალე თარგმანის კითხვა მშობლიურ ენაზე.
მაკედონელთა უმრავლესობა აფასებს ბიბლიას. ორჰანმა ბიბლიის შესწავლა ექვსი წლის წინ დაიწყო. მას წერა-კითხვა იმ ძმამ ასწავლა, ვინც ბიბლიის შესწავლაში ეხმარებოდა. სამი წლის მონათლულია, და უკვე ექვსჯერ წაიკითხა ბიბლია.
ქალაქ რეზენში გარკვეული ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჰანი იყო იეჰოვას მოწმე. ბევრი პატივისცემით განეწყო ერთ დროს წერა-კითხვის უცოდინარი ორჰანის მიმართ. ზოგიერთმა მშობელმა ძმებს სთხოვა, რომ მათ ბავშვებთანაც დაეწყოთ შესწავლა. ჭეშმარიტების მიმართ ხალხის ინტერესი გაიზარდა, და ერთ დღესაც, იმ ქალაქში წიგნის შესწავლა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი დაინტერესებული მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, დღეს კი ორჰანი მომსახურე და სრული დროით პიონერია.
მაკედონიაში ჩასვლა დასახმარებლად
2004 წლის ივლისში ერთი ცოლ-ქმარი, რომლებიც სპეციალური პიონერები იყვნენ, მაკედონიაში ალბანურენოვან მოსახლეობასთან საქადაგებლად გაგზავნეს. ალბანურენოვანი მოსახლეობა მაკედონიის მოსახლეობის 25 პროცენტს შეადგენს. მალე ცხადი გახდა, რომ დახმარების გარეშე ისინი ვერაფერს გახდებოდნენ, რადგან ნახევარმილიონიან მოსახლეობაში მაუწყებელი მათ გარდა არავინ იყო. ერთი წლის შემდეგ მათ კიდევ ერთი ალბანელი ცოლ-ქმარი შეუერთდა, რომლებიც აგრეთვე სპეციალურ პიონერებად მსახურობდნენ. ქალაქ კიჩევოში მცხოვრები შვიდი დაინტერესებულისთვის მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გაზაფხულზე გახსენების საღამოს 61 კაცი დაესწრო. მოხსენება ალბანურად და მაკედონურად წაიკითხეს. მას შემდეგ კრებაში უკვე 17 მაუწყებელი მსახურობდა, შეხვედრებს კი საშუალოდ 30 კაცი ესწრებოდა.
სასიხარულო ცნობა მთელ მაკედონიაში რომ გავრცელებულიყო, 2007 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით ხელმძღვანელი საბჭოს თანხმობით სპეციალური კამპანია მოეწყო. ეს კამპანია მიზნად ისახავდა ალბანურენოვან და სხვა დაუმუშავებელ ტერიტორიებზე ქადაგებას.
ამ კამპანიაში სიხარულით ჩაება შვიდი ქვეყნიდან ჩასული 337 მაუწყებელი. როგორი იყო შედეგი? მთელ მაკედონიაში სასიხარულო ცნობა 200-ზე მეტ დასახლებაში იქადაგეს, სადაც მთლიანობაში 400 000-მდე კაცი ცხოვრობდა. მათმა უმრავლესობამ პირველად მოისმინა სასიხარულო ცნობა. ოთხ თვეში სულ 25 000 წიგნი, ბროშურა და 40 000 ჟურნალი გაავრცელეს, ქადაგებას 25 000 საათი დაუთმეს და 200 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
„როდესაც იგებდნენ, საიდან ვიყავით ჩასულები და რა მიზნით, თვალები ცრემლით ევსებოდათ, — იხსენებს ერთი ძმა. — ზოგს კი თვალს ის უწყლიანებდა, რასაც ღვთის სიტყვაში კითხულობდა“.
კამპანიის მონაწილეთაგან ბევრი სიამოვნებით იხსენებდა მობინადრეების საქებარ სიტყვებს. ერთი და წერს: «ერთმა მასწავლებელმა გვითხრა: „ღმერთმა გაკურთხოთ! არაჩვეულებრივ საქმეს ემსახურებით! ის, რაზეც თქვენ მესაუბრეთ, ცხოვრების ხალისს მმატებს“».
„ძნელია ასეთი ნაყოფიერი ტერიტორიის დატოვება, — აღნიშნა ერთმა მაუწყებელმა. — ბიბლიის შემსწავლელებს ჭეშმარიტება სწყურიათ, ჩვენ კი მათთან დამშვიდობება გვიწევს“.
„ვნანობთ, რომ უფრო დიდხანს არ ავიღეთ შვებულება, — ამბობს ერთი ცოლ-ქმარი. — ქადაგების საჭიროება ძალიან დიდია“.
ერთმა მაუწყებელმა ასე გამოხატა ყველას განცდა: „ჯერ არ მახსოვს, მთელ ოჯახს ასე სასიამოვნოდ გაგვეტარებინოს დრო!“
მთიან მხარეში, ქალაქ ტეტოვოს მახლობლად, რამდენიმე მაუწყებელი დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ქადაგებდა. ორმა მათგანმა ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყო ქადაგება, ორმაც — მარცხენა მხარეს. მესამე სახლთან რომ მივიდნენ, უკვე მთელმა ქუჩამ იცოდა, რომ იეჰოვას მოწმეები ქადაგებდნენ. მალე ეს ამბავი მთელ სოფელს მოედო. დებს სოფლის ქალები შემოეხვივნენ გარს, კაცები კი ცოტა მოშორებით იდგნენ და მოუთმენლად ელოდნენ ძმების გამოჩენას. მობინადრეებმა სწრაფად გამოუტანეს და-ძმებს ოთხი სკამი და ყავით გაუმასპინძლდნენ. მაუწყებლებმა პუბლიკაციები ყველას სათითაოდ ჩამოურიგეს, ბიბლიიდან მუხლებს უკითხავდნენ და ქადაგებდნენ.
ხალხი ბევრ კითხვას სვამდა და პასუხებსაც ყურადღებით ისმენდა. წამოსვლისას ყველა სათითაოდ ემშვიდობებოდა მაუწყებლებს. უცბად ძმებს ერთმა მოხუცმა ქალმა დაუძახა და ჯოხით ხელში მათკენ გაემართა, ეჩხუბებოდა, ახლა გიჩვენებთ სეირსო, და თან ჯოხს იქნევდა. ისეთი რა დაუშავეს მას ძმებმა? „ყველას მიეცით წიგნი ჩემ გარდა, — უსაყვედურა მოხუცმა. — მეც მინდა ის დიდი ყვითელი წიგნი!“ და ხელს მეზობლისკენ იშვერდა, რომელსაც ხელში წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ ეჭირა. ძმებს ბოლო ეგზემპლარიღა ჰქონდათ დარჩენილი და მაშინვე მისცეს.
ბოშებთან ქადაგება
მაკედონიაში ბევრი ბოშა ცხოვრობს. მათი მშობლიური ენა ბოშურია, რომელიც რამდენიმე ბოშური დიალექტის შერწყმით წარმოიქმნა, თუმცა ისინი მაკედონურადაც ლაპარაკობენ. როგორც ამბობენ, მთელ ევროპაში ბოშათა ყველაზე დიდი დასახლება მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეშია, კერძოდ 30 000-იანი. შუტო ორიზარის რაიონში მდებარე სამეფო დარბაზში სამი ბოშური კრება იკრიბება. ნაყოფიერ ბოშურ ტერიტორიას 200 მაუწყებელი ამუშავებს. ერთ მაუწყებელზე 150 კაცი მოდის, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ბოშათა დადებით გამოხმაურებაზე მეტყველებს ის, რომ 2008 წელს გახსენების საღამოს 708 ბოშა დაესწრო.
რა კეთდება იმისათვის, რომ ჭეშმარიტებასმოწყურებული თავმდაბალი ბოშები ღვთის განზრახვას მშობლიურ ენაზე გაეცნონ? ბოშურ ენაზე ითარგმნა 2007 წლის სპეციალური საჯარო მოხსენების კონსპექტი, რომელიც წარმოშობით ბოშა უხუცესმა წარმოთქვა. ამ მოხსენებას 506 კაცი დაესწრო. 2007 წლის საოლქო კონგრესზე კი გამოცხადდა ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ბოშურ ენაზე გამოცემა. სიხარულს ვერც ბოშები მალავდნენ, ვერც მაკედონელები და ვერც ალბანელები. მანამდე მაუწყებლები ბიბლიის შესწავლებს ბოშურად ატარებდნენ, ოღონდ მაკედონური ლიტერატურით, ახლა კი გულწრფელ ბოშებთან შესწავლებს ატარებენ ბოშური ბროშურით „რას მოითხოვს?“ და წარმატებებსაც აღწევენ.
დღეს მაკედონიის 21 კრების 1 277 მაუწყებელი პავლე მოციქულს ჰბაძავს. ჭეშმარიტებასმოწყურებული მადლიერი ხალხის გამოხმაურება იმაზე მეტყველებს, რომ „მაკედონიაში ჩასვლა“ ნამდვილად ღირდა!
სერბიის თანამედროვე ისტორია
სერბია მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის შუაგულში, სადაც სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ქალაქ ბელგრადში 1935 წელს ფუნქციონირება დაიწყო ფილიალმა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს უწევდა ზედამხედველობას, ამან კი, თავის მხრივ, არნახულ თეოკრატიულ ზრდას შეუწყო ხელი. როგორ დაეხმარნენ სერბი ძმები ბოლო ათწლეულში ახალჩამოყალიბებულ ქვეყნებში მცხოვრებ თანამორწმუნეებს?
მაშინ, როცა რესპუბლიკებს შორის საზღვრები იკეტებოდა, ხოლო რელიგიური და რასობრივი სიძულვილი ღვივდებოდა, ზაგრების ოფისში სხვადასხვა ეროვნების ძმები ერთმანეთთან მშვიდობიანად თანამშრომლობდნენ. მაგრამ ბეთელს გარეთ ისე დაიძაბა მდგომარეობა, რომ სერბი ძმები იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. 1992 წელს ბელგრადის (სერბია) ბეთელში ისევ განახლდა ლიტერატურის თარგმნა სერბულ ენაზე, როგორც ეს 50 წლის წინათ ხდებოდა. იმ დროისათვის სერბი ძმების მიერ ხორვატიის დატოვება დროული აღმოჩნდა.
ბოსნიაში, ომიანობის პერიოდში, საჭირო იყო ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. ავსტრიის ფილიალის ხელმძღვანელობით ბოსნიის იმ ნაწილში, რომელსაც სერბები აკონტროლებდნენ, ჰუმანიტარული დახმარება სწორედ სერბმა ძმებმა შეიტანეს.
მართალია, სერბიაში ომი არ იყო, მაგრამ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ომებმა სერბიაზეც დატოვა თავისი კვალი. ეკონომიკური ემბარგოს გამო გართულდა ლიტერატურის მიღება გერმანიიდან (ლიტერატურა გერმანიაში იბეჭდებოდა). ახალი ჟურნალების მიღებამდე და-ძმები ძველ ჟურნალებს კითხულობდნენ; თუმცა საბოლოოდ მაინც ახერხებდნენ ყველა ნომრის წაკითხვას.
„გამაძლიერებელნი“
„1991 წელს სერბიაში ჩასულებს — იხსენებს გალაადის კურსდამთავრებული დანიელ ნიზანი, — დაძაბული პოლიტიკური ვითარება დაგვხვდა. მიუხედავად ამისა, ძმები უშიშრად განაგრძობდნენ მსახურებას, რამაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გაოცებას ვერ ვმალავდით, როდესაც სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე იქ პირველად ვესწრებოდით, 50 კაცი ელოდა მონათვლას. ამან ძალიან გაგვამხნევა!“
ნიზანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბელგრადის ოფისის ამოქმედებაში. თავდაპირველად, ოფისი, რომელიც მილორადა მიტროვიჩას ქუჩაზე მდებარეობდა, მხოლოდ ათი კაცისთვის იყო განკუთვნილი. პირველ სართულზე სამეფო დარბაზი იყო. მთარგმნელობითი ჯგუფის ზრდასთან ერთად დამატებითი ოთახების საჭიროება შეიქმნა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ტერიტორია შეიძინეს და დაიწყო მშენებლობა. 1995 წლის ბოლოს ბეთელის ოჯახი ახალ შენობებში გადავიდა.
რაც უფრო იძაბებოდა პოლიტიკური ვითარება, მით უფრო მეტი ადამიანი ეხმაურებოდა ჭეშმარიტებას. მაუწყებელთა რიცხვის მატებასთან ერთად იზრდებოდა კარგი ორგანიზებულობის აუცილებლობაც. იტალიიდან სერბიაში თავგანწირვის სულისკვეთების მქონე ენერგიული სპეციალური პიონერები ჩავიდნენ. მართალია, მათთვის ადვილი არ ყოფილა ახალი ენის სწავლა და უცხო კულტურასთან შეგუება, თანაც ომიანობის დროს, მაგრამ სერბი ძმების განსამტკიცებლად მათი ჩასვლა ნამდვილად ღირდა (კოლ. 4:11).
უცხოეთიდან ჩასულმა პიონერებმა სერბ და-ძმებს მრავალმხრივი დახმარება გაუწიეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ „მათ დიდი თეოკრატიული გამოცდილება ჩამოიტანეს თან“, — აღნიშნავს რაინ შოლცი, სერბიის ქვეყნის კომიტეტის კოორდინატორი. სერბიაში დღეს 55 კრებაა. კრების წევრები აშკარად გამოხატავენ თავიანთ მადლიერებას 70 სპეციალური პიონერის გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის.
ჰიპერინფლაციის საშინელი შედეგები
სერბია ვერ გადაურჩა ომით გამოწვეულ ზარალს. მის ეკონომიკაზე განსაკუთრებით ჰიპერინფლაციამ იმოქმედა. როგორც ერთ წყაროში იყო აღნიშნული, „116 დღის განმავლობაში, კერძოდ 1993 წლის ოქტომბრიდან 1994 წლის 24 იანვრამდე ინფლაციის ზრდის ტემპმა 500 ტრილიონი პროცენტი შეადგინა“. მირა ბლაგოევიჩი, რომელიც 1982 წლიდან ბეთელში მსახურობს, იხსენებს, რომ ცოტაოდენი ბოსტნეულის საყიდლად ერთი ჩანთა ფული იყო საჭირო.
ერთი და, გორდანა სირიშკი იხსენებს, რომ დედამისის პენსიით ერთი ტუალეტის ქაღალდის მეტს ვერაფერს ყიდულობდნენ. „წარმოდგენა არა მაქვს, რით სულდგმულობდა ხალხი, — ჰყვება გორდანა. — ყველაფერს უცბად ეკარგებოდა ფასი. ჩვენი საერთაშორისო საძმო საზღვარგარეთიდან ჰუმანიტარულ დახმარებას გვიგზავნიდა. ბევრმა დაკარგა ნდობა ბანკებისა და მთავრობის მიმართ, მაგრამ ღვთის მიმართ გაუჩნდა რწმენა. ძმებიც უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს“.
ბიბლიის თარგმნა
ზაგრებში იუგოსლავიის მთარგმნელობითი ჯგუფები წლების მანძილზე მუშაობდნენ ერთად. ომის შემდეგ ყველა მთარგმნელობითი ჯგუფი თავის ქვეყანაში დაბრუნდა, თუმცა ხორვატულ მთარგმნელობით ჯგუფთან არც ერთს არ გაუწყვეტია კავშირი. მათთან თანამშრომლობა განსაკუთრებით სერბულ მთარგმნელობით ჯგუფს დაეხმარა, რომელიც მაშინ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ იწყებდა მუშაობას. მათი მიზანი იყო, წიგნის გამოცემა 1999 წლის საოლქო კონგრესზე გამოცხადებულიყო.
ბიბლიის თარგმნა თითქმის დამთავრებული ჰქონდათ, როდესაც თვითმფრინავებმა სერბიის დაბომბვა დაიწყეს. ბომბები, ძირითადად, ბელგრადში ეცემოდა, სადაც ბეთელი მდებარეობდა. ერთ-ერთი მთარგმნელი იხსენებს: „ყველაზე ინტენსიური დაბომბვის დროსაც კი ფაქსით მზა ტექსტი ჩვეულებრივად იგზავნებოდა გერმანიაში დასაბეჭდად. ხშირად გვიწევდა მუშაობის შეწყვეტა და ბეთელის თავშესაფრისკენ გაქცევა. დენი იშვიათად მოდიოდა. დაძაბულები ვმუშაობდით, წიგნზე მუშაობის დასრულება კონგრესამდე რომ მოგვესწრო“.
მძიმე შრომითა და იეჰოვას კურთხევით 1999 წლის ივლისში სერბულ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოვიდა. გახარებული დელეგატები მადლიერნი იყვნენ, ღვთის სიტყვა რომ მშობლიურ ენაზე მიიღეს; 2006 წელს კი საოლქო კონგრესებზე ლათინური და კირილიცა შრიფტით სრული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა გამოცხადდა.
რელიგიური წინააღმდეგობა იზრდება
სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენა იმდენად დიდია, რომ სერბები ეროვნებას მართლმადიდებლობასთან აიგივებენ. მათი აზრით, ყველა სერბი მართლმადიდებელი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, 90-იან წლებში ბევრმა მიიღო სასიხარულო ცნობა. 1999 წლისთვის, ომის დამთავრებისას მაუწყებელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 4 026-ს მიაღწია.
იეჰოვას ხალხის წარმატებულმა საქმიანობამ მართლმადიდებლური ეკლესია განარისხა. ხალხში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებით ეკლესია სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას ცდილობდა. ძმების გასატეხად მოწინააღმდეგეები ძალადობას მიმართავდნენ და ქვეყნის კანონებს სათავისოდ იყენებდნენ. იმ დროს ნეიტრალიტეტის დაცვის გამო 21 ძმა იჯდა ციხეში. უმეტესობა ომის დამთავრების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. ეს ძმები მადლიერები იყვნენ იეჰოვასი, რომ განსაცდელების დროს მათ რწმენა განუმტკიცა.
2001 წლის 9 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა აკრძალა. მათი მტკიცებით, ჩვენი პუბლიკაციები ახალგაზრდებზე უარყოფით გავლენას ახდენდა. აკრძალულ პუბლიკაციათა სიაში ბიბლიაც შეეტანათ.
მასმედიის გავლენით გახელებული მობინადრეები ზოგჯერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. „კარდაკარ მსახურების დროს არც მუშტს გვაკლებდნენ და არც სილას, — იხსენებს ერთი სპეციალური პიონერი. — ზოგჯერ ქვებსაც კი გვესროდნენ“. სამეფო დარბაზებსაც აზიანებდნენ. მართალია, დღეს კანონიერად ნებადართულია კრების შეხვედრების ჩატარება, მაგრამ ძმები მაინც ფრთხილობენ.
ყველაფრის მიუხედავად, ძმები აქტიურად მსახურობენ. ხალხი ხედავს, რომ მათ შორის ერთიანობა და ქრისტიანული სიყვარულია. ბოლო წლებში ორგანიზება გაეწია სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიებს. ამ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად და დაუმუშავებელ ტერიტორიებზე საქადაგებლად ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები და-ძმები შვებულებით სერბიასა და მონტენეგროში ჩადიოდნენ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობა დაახლოებით სამ მილიონ კაცს ექადაგოს.
დღეს ბელგრადის ბეთელის ტერიტორიას სამი შენობა და რამდენიმე ლამაზი ბაღი ამშვენებს. სერბიასა და მონტენეგროში სამქადაგებლო საქმიანობას ქვეყნის კომიტეტის სამი წევრი ხელმძღვანელობს. ამიერიდან სერბიის ხსენებაზე შეიძლება გაგახსენდეთ არა ომგადახდილი ქვეყანა, არამედ გაბედული და გულმოდგინე იეჰოვას მოწმეები, რომლებსაც ღვთის კურთხევა არ მოჰკლებიათ.
კოსოვოს თანამედროვე ისტორია
80-იან წლებში კოსოვოში სერბებსა და ალბანელებს შორის დაძაბული ურთიერთობა 90-იანი წლებისთვის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა და შედეგად მრავალი ტანჯვა და ტკივილი მოუტანა ხალხს. ამ მძიმე მდგომარეობაში უკეთ გამოჩნდა სხვადასხვა წარმოშობის ძმებს შორის არსებული „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა“ (1 პეტ. 1:22). ისინი ემორჩილებოდნენ იესოს მითითებას: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:43—48). თუმცა ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო.
„ძმებს, რომლებიც ადრე მუსლიმანები ვიყავით, სხვა მუსლიმანები დღემდე ცუდი თვალით გვიყურებენ, — ჰყვება სალიუ აბაზი, ალბანურ ენაზე მოლაპარაკე ყოფილი მუსლიმანი, — და რადგან სხვა რელიგიის მიმდევრობა ვარჩიეთ, ჩვენს ნათესავებს ჰგონიათ, რომ ვუღალატეთ. გარდა ამისა, ალბანელებსა და სერბებს შორის ეთნიკური დაძაბულობის გამო ყოფილი მუსლიმანებისთვის სერბებთან ქადაგება ადვილი არ არის“.
ყოველივე ამის მიუხედავად, შეხვედრების ჩასატარებლად სალიუს სახლში სხვადასხვა წარმოშობის 30 კაცი იკრიბებოდა. „იმ წლებში, — იხსენებს სალიუ, — შეხვედრები სერბულ ენაზე ტარდებოდა, ლიტერატურა კი ბელგრადიდან ჩამოდიოდა. ერთხელ, როდესაც ბელგრადიდან ძმებმა ლიტერატურა ჩამოგვიტანეს და ყველანი ერთად ვიყავით შეკრებილნი, მოულოდნელად პოლიციელები დაგვადგნენ. ვუთხარი, რომ სტუმრები ჩემი ძმები იყვნენ; ვერაფრით ვერ მიხვდნენ, როგორ შეიძლებოდა სერბები და ალბანელები ძმები ყოფილიყვნენ“. 1998 წელს კოსოვოს უდიდეს ქალაქ პრიშტინაში მაუწყებლებმა დაიქირავეს შენობა, რომელსაც სამეფო დარბაზად იყენებდნენ.
1999 წლის გაზაფხულისთვის ეთნიკური კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. „ჩემი მეზობელი დამემუქრა, რომ თუ მე და ჩემი ვაჟი იარაღს არ ავიღებდით ხელში, სახლს გადაგვიწვავდა, — ჰყვება სალიუ. — მაშინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ ხალხზე დიდი გავლენა იქონია; ისინი არ სცნობდნენ სერბიის ყოფილ მთავრობას, არ ემორჩილებოდნენ კანონს, და გაბოროტებული ხალხი თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა“.
კოსოვოში პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავება სერბებს სულ უფრო და უფრო ურთულებდა იქ ცხოვრებას. 1999 წელს სერბები და ალბანელები მეზობელ ქვეყნებში გადაასახლეს. უკიდურესად დაძაბული ეთნიკური კონფლიქტის მიუხედავად, სალიუმ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და სერბი ძმები სახლში შეიფარა.
იეჰოვას თვალსაზრისის გათავისება
„სერბებსა და ალბანელებს ერთმანეთი სძულდათ, — ამბობს ერთი და. — ერთმანეთის სიძულვილს პატარაობიდან გვინერგავდნენ. ამ სიძულვილის დაძლევა ჭეშმარიტების გაგების შემდეგაც გვიჭირდა. ბევრს დიდი შინაგანი ბრძოლა დაგვჭირდა იეჰოვას თვალსაზრისის გასათავისებლად. ვიცოდი, რომ იეჰოვა სიყვარულის ღმერთი იყო, მაგრამ კრებაში ერთ დას სულ გავურბოდი მხოლოდ იმიტომ, რომ სერბი იყო, თუმცა რაც უფრო ღრმად ვიკვლევდი ბიბლიას, მით უფრო ვხვდებოდი, რომ სხვა რელიგიები ხალხს ერთმანეთს აშორებდა, ღვთის სიტყვა კი — აერთიანებდა“. ჩამოაყალიბა ახალ პიროვნებად ეს და ღვთის სიტყვის ძალამ? ის ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ დღესაც იმავე კრებაში ვმსახურობ სერბი და-ძმების გვერდით“ (კოლ. 3:7—11; ებრ. 4:12).
რელიგიურად დაყოფილ მსოფლიოში ქრისტიანული ერთობა ადვილი შესამჩნევია. მაშინ, როცა ნაციონალურმა შუღლმა ზოგს ხელში ყუმბარა ააღებინა, ზოგს კი მეზობლის სახლი გადააწვევინა, იეჰოვას მოწმეები 1998 წლის ივლისში ბელგრადში (სერბია) კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრნენ. კონგრესზე მიმავალ ავტობუსში ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ალბანელები, ხორვატები, მაკედონელები და ბოშები. დაშურიე გაში, რომელიც ამავე კონგრესზე მოინათლა, იხსენებს: „როცა ჯარისკაცებმა ჩვენი ავტობუსი გააჩერეს, გაოგნებულები გვიყურებდნენ. ამ ქვეყნების ხალხებს შორის არსებული სიძულვილის მიუხედავად, ჩვენ ყველანი ერთი ხალხი — იეჰოვას ხალხი ვიყავით“.
ბავშვობაში ერთმა ახალგაზრდა ბოშა ქალმა ჭეშმარიტება საზღვარგარეთ მცხოვრები დეიდებისგან გაიგო. პირველი დაბრკოლება, რისი გადალახვაც მას მოუწია, წერა-კითხვის უცოდინარობა იყო. იეჰოვას სიყვარულით აღძრულმა წერა-კითხვაც ისწავლა იმ სამი წლის განმავლობაში, როცა ბიბლიას სწავლობდა. მეორე დაბრკოლება პაპა იყო, ვისთანაც ცხოვრობდა. „კრებაზე რომ წავსულიყავი, სახლიდან გამოპარვა მიწევდა“, — ამბობს ის. შინ დაბრუნებულს პაპა სცემდა. „ჭეშმარიტების გამო მცემდნენ, მაგრამ ვითმენდი. იმ წუთებში ერთგულ იობზე ვფიქრობდი, რომელმაც მძიმე ტანჯვა აიტანა. იეჰოვა ძალიან მიყვარდა, ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, შესწავლა არ შემეწყვიტა“, — იხსენებს ის. დღეს ეს და პიონერად მსახურობს და ბიბლიას ასწავლის ორ გოგონას, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან. მართალია, მას არასდროს უვლია სკოლაში, მაგრამ თეოკრატიული მსახურების სკოლის წყალობით, დღეს ის ბიბლიის კარგი მასწავლებელია.
ადემ გრაიჩავციმ, რომელიც მუსლიმანი იყო, ჭეშმარიტება 1993 წელს გერმანიაში გაიგო. 1999 წელს სამშობლოში, კოსოვოში დაბრუნდა და სხვა მოწმეებივით ისიც შეხვდა ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას. ადემი ჰყვება: „როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ ქვეყნიერების მმართველი სატანა იყო და ის იდგა ყველა იმ საშინელების უკან, რაც მსოფლიოში ხდებოდა“. ადემის მამას არ მოეწონა, მისმა შვილმა რელიგია რომ შეიცვალა და უთხრა: ან იეჰოვა, ან ოჯახიო. ადემმა იეჰოვა აირჩია და განაგრძო სულიერი წინსვლა. დღეს ის კრებაში უხუცესად მსახურობს. ადემის მამამ წლების შემდეგ აზრი შეიცვალა და დღეს პატივს სცემს შვილის არჩევანს.
ადემის ვაჟს, ადნანს, მოზარდობის პერიოდში რელიგია საერთოდ არ აინტერესებდა. ის იმდენად იყო გატაცებული საბრძოლო ხელოვნებით, რომ თანატოლებმა მეტსახელად „კილერი“ (მკვლელი) შეარქვეს. მაგრამ, როცა ჭეშმარიტება შეეხო მის გულს, მან უარი თქვა საბრძოლო ხელოვნებაზე. სულიერად წინ წაიწია და მოინათლა. „მონათვლიდან მალე სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, — ამბობს ის. — მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა, მაგრამ სულიერად წინ ვერ მივიწევდი. არც მსახურებისთვის მრჩებოდა საკმარისი დრო. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, და სამუშაოს თავი დავანებე“. მან პიონერად დაიწყო მსახურება და კრებაში მომსახურედ დაინიშნა. მოგვიანებით ალბანეთში დახელოვნების სკოლის პირველ კლასში მიიწვიეს. დღეს უხუცესია და მეუღლესთან, ჰადეიესთან ერთად, სპეციალურ პიონერად მსახურობს. ხომ არ ნანობს, რომ მან ერთ დროს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? „სხვაგვარად ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, წუთითაც არ ვნანობ, რომ სამსახურს სრული დროით მსახურება ვარჩიე“, — ამბობს ის.
გაერთიანებული თაყვანისცემა და სწავლება
დღეს კოსოვოში არსებული ექვსივე კრება დაქირავებულ შენობებში ატარებს შეხვედრებს. ზოგი კრება პატარაა, მაგალითად, ქალაქ პეკში 28 მაუწყებელია. ძმების სიმცირის გამო, ზოგ კრებაში საჯარო მოხსენებები ყოველ კვირა ვერ იკითხება. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც პეკში, ერთგული და-ძმები ყოველ კვირა იკრიბებიან ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ შესასწავლად და სხვა შეხვედრების ჩასატარებლად.
წლების განმავლობაში, მათ შორის უმძიმეს პერიოდშიც, კოსოვოში მცხოვრებ ქრისტიანებზე სერბიის ქვეყნის კომიტეტი ზრუნავდა. 2000 წელს კოსოვოში სამქადაგებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა ხელმძღვანელმა საბჭომ ალბანეთის ფილიალს დააკისრა.
ბოლო დრომდე კოსოვოში იეჰოვას მოწმეების უმეტესობა სერბები იყვნენ, შესაბამისად კრებებიც სერბულ ენაზე ტარდებოდა. ძმები ალბანურ ენაზე მოლაპარაკე მოწმეებს პროგრამას უთარგმნიდნენ. დღეს სხვა სურათია. ამჟამად კოსოვოში უფრო მეტი ალბანელი მოწმეა, ვიდრე სერბი. სერბულენოვანი კრება მხოლოდ ერთია. სხვა კრებები შეხვედრებს ალბანურად ატარებენ, და, თავის მხრივ, ალბანელი ძმებიც სიამოვნებით უთარგმნიან სერბ და-ძმებს პროგრამას. კონგრესები ორივე ენაზე ტარდება. მაგალითად, 2008 წელს საოლქო კონგრესის პროგრამა, რომელიც ალბანურ ენაზე იყო წარმოდგენილი, სერბულად ითარგმნებოდა. კოსოვოელი უხუცესები მხოლოდ წამყვან მოხსენებებს წარმოთქვამდნენ სერბულად. ერთმა ძმამ აღნიშნა: „დარბაზის გარეთ არსებული სიძულვილის მიუხედავად, ამ დარბაზში ყველა ერთი ოჯახის წევრია“.
მართალია, კოსოვოს მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანია, მაგრამ ბიბლიას პატივს სცემენ. ბევრს უყვარს რელიგიაზე საუბარი. 2008 წელს კოსოვოში მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 164-ს მიაღწია, რაც დიდად ახარებთ იქაურ ძმებს. ისინი იეჰოვაზე არიან მინდობილი და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანს მიაწვდინონ.
მონტენეგროს თანამედროვე ისტორია
ხმელთაშუაზღვისპირეთის ეს პაწაწინა მარგალიტი ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე პატარა ქვეყანაა. საოცრად ლამაზსა და მრავალფეროვან მონტენეგროს გარს აკრავს ალბანეთი, კოსოვო, სერბია, ბოსნია და ჰერცეგოვინა. ადრიატიკის საუცხოო სანაპირო ზოლი 293 კილომეტრზე გასდევს ქვეყანას. მდინარე ტარას ხეობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და გრძელი ხეობაა. სკუტარის ტბა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდია; აქ ევროპაში ფრინველთა ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალია. და ეს ყოველივე იმ ქვეყანაშია, რომელიც შვეიცარიაზე სამჯერ პატარაა.
მონტენეგროს (ჩერნოგორია) ისტორიას არაერთი ომი, კონფლიქტი თუ ადამიანთა ტანჯვა-წამება ახსოვს. ბრძოლებმა დიდი გავლენა იქონია მონტენეგროელთა ტრადიციების, მენტალიტეტისა თუ კულტურის ჩამოყალიბებაზე. ისინი მამაცი, ერთგული, ღირსეული, თავმდაბალი, თავგანწირული და სხვათა პატივისმცემელი ხალხია. მათგან ბევრმა მიიღო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა და დღესაც შემართებით იცავენ ჭეშმარიტებას.
თეოკრატიული ზრდა
ვინც 1991 წელს ზაგრებში ჩატარებულ საოლქო კონგრესს დაესწრო, არასოდეს დაავიწყდება იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან ჩამოსულ ძმებს შორის არსებული სიყვარული და ერთიანობა. „მაშინ შეიძლებოდა ყოველ წუთს დაწყებულიყო ომი. ამის გამო მონტენეგროდან ხორვატიაში ჩასვლა საშიში იყო, — იხსენებს სავო ჩეპრნიჩი, რომელსაც იმ დროს ბიბლიის შესწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა. — გაოცებული ვიყავი, იმდენი ავტობუსი ჩამოვიდა კონგრესზე, თანაც შეუფერხებლად. თუმცა ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეებს შორის არსებულმა მშვიდობამ და ერთიანობამ. კონგრესის პირველ დღეს ასობით პოლიციელი იყო მოსული, მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ ერთმანეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდა, მომდევნო დღეებში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სულ რამდენიმე პოლიციელი გამოჩნდა“.
ომის დაწყებამდე ერთი ცოლ-ქმარი რეგულარულად ჩადიოდა ხორვატიიდან მონტენეგროში სავოსთვის ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად. მაგრამ საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ვინღა გააგრძელებდა სავოსთან ბიბლიის შესწავლას?
«ბიბლიის შესწავლებს ის დაინტერესებულები ატარებდნენ, ვისაც შედარებით მეტი ცოდნა ჰქონდა, — ჰყვება სავო. — თავიდან ერთი მონათლული ძმა მასწავლიდა, ერთად განვიხილავდით წიგნს „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, მაგრამ როცა მან შესწავლის ჩატარება ვეღარ შეძლო, მის ნაცვლად ერთი მოუნათლავი მაუწყებელი მასწავლიდა. ჰერცეგნოვიში რამდენიმეკაციანი ჯგუფი წიგნის შესწავლას და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ატარებდა. 1992 წლისთვის ამ ჯგუფში უკვე 15 წევრი იყო». სავომ, მისმა ცოლმა და გოგონამ სულიერი წინსვლა განიცადეს და 1993 წელს მოინათლნენ. დღეს ამ სანაპირო ქალაქში ერთი სამეფო დარბაზია, სადაც 25 მაუწყებელი იკრიბება.
90-იანი წლების დასაწყისში მონტენეგროს დედაქალაქში, პოდგორიცაში, მაუწყებელთა პატარა ჯგუფი იყო. ეს ჯგუფი ნელ-ნელა გაიზარდა და 1997 წელს სამეფო დარბაზის ასაშენებლად მიწის შეძენა გახდა საჭირო. იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც ძმებმა იყიდეს, ერთ მხარეს კედელი ჰქონდა ამოშენებული. ძმებმა გადაწყვიტეს, რომ სიმყუდროვის შესანარჩუნებლად კედელი არ დაენგრიათ. მაგრამ კედლის იქით ერთი პოლიციელი ცხოვრობდა, რომელმაც ძმებს კედლის დანგრევა სთხოვა, რადგან მის სახლს აბნელებდა. ძმებმა კედელი დაანგრიეს და მის ნაცვლად ღობე გააკეთეს, რითაც კარგ მეზობლურ ურთიერთობას ჩაუყარეს საფუძველი.
როდესაც სხვა მეზობლებმა ძმებს პრობლემები შეუქმნეს, იმ პოლიციელმა გააფრთხილა მეზობლები, რომ, თუ სამეფო დარბაზის გამო ძმებს შეავიწროებდნენ, სასამართლოში საქმეს აღძრავდა მათ წინააღმდეგ. დღეს იქ დგას ლამაზი სამეფო დარბაზი, სპეციალური პიონერების სახლი და გადახურული ავტოსადგომი, სადაც კონგრესის ჩატარებაც შეიძლება.
სახარბიელო მდგომარეობა არც ქალაქ ნიკშიჩში იყო. 1996 წელს ძმებმა შეიძინეს მიწა, მაგრამ მეზობლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ იქ სამეფო დარბაზი აეშენებინათ. ძმები დღედაღამ იცავდნენ სამეფო დარბაზის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ შენობას. ერთ დღესაც ადგილობრივმა მღვდელმა 200 კაცი შეკრიბა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი სამეფო დარბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ჰაერში დაიწყეს სროლა. სამეფო დარბაზი მთლიანად დაანგრიეს. იქვე იყო პოლიციაც, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია.
ძმებმა ახალი ნაკვეთის ძებნა დაიწყეს. ოთხი წლის შემდეგ იპოვეს ერთი შენობა, რომელიც გაარემონტეს და სამეფო დარბაზად გადააკეთეს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მეზობლებმა ჩუმად დაწვეს სამეფო დარბაზი. ძმებმა გული არ გაიტეხეს და დარბაზი ხელახლა ააშენეს. მას შემდეგ მდგომარეობა აღარ გამწვავებულა.
დღეს მონტენეგროში 4 კრებაა. მათ საქმიანობას სერბიის ქვეყნის კომიტეტი ხელმძღვანელობს. იქ 201 მაუწყებელი მსახურობს და ერთ მაუწყებელზე 2 967 კაცი მოდის. სასიხარულოა, რომ მონტენეგროში 6 სპეციალური პიონერი მსახურობს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის აზრით, ის უფრო რელიგიურია, ვინც ტრადიციებს იცავს, ვიდრე ის, ვინც ბიბლიას კითხულობს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მონტენეგროელი და-ძმები გაბედულად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას.
სლოვენიის თანამედროვე ისტორია
დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, კერძოდ 1991 წლამდე, სლოვენია იუგოსლავიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს წარმოადგენდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სლოვენია ეკონომიკურად გაძლიერდა და 2004 წელს ევროკავშირის წევრი გახდა. ამ ერთ პატარა ქვეყანას არაჩვეულებრივ სილამაზეს სძენს მრავალფეროვანი ლანდშაფტი — ცადაზიდული ალპები, მთებში მიმოფანტული ტბები, მდიდარი და ნაირფერი ტყეები, უზარმაზარი კირქვული მღვიმეები და, რაღა თქმა უნდა, თვალისმომჭრელი რივიერა (საკურორტო ზონა). ალპების ფერდობებიდან სულ რაღაც ერთ საათში დაეშვები ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, სადაც ზეთისხილის კორომებისა და ვენახების სასიამოვნო სურნელი იფრქვევა. უამრავი კულტურული და ისტორიული ძეგლი მრავალ დამთვალიერებელს იზიდავს. მაგრამ ამ პატარა ქვეყნის მშვენება მხოლოდ ეროვნული პარკები და ისტორიული ქალაქები როდია. სლოვენიას დიდი სულიერი საგანძური აქვს.
სამეფო დარბაზები და პიონერები
გემახსოვრებათ ქალაქი მარიბორი, სადაც „მორწმუნე დალაქებმა“ ახალშეძენილი მრწამსის შესახებ დაიწყეს ქადაგება. მაუწყებელთა პატარა ჯგუფი ერთ რესტორანში იკრიბებოდა, რომელსაც მოგვიანებით „ნოვი სვეტი“ (ახალი ქვეყნიერება) ეწოდა; დღეს კი სლოვენ მოწმეებს ლამაზი სამეფო დარბაზები აქვთ, რისთვისაც იეჰოვას ემადლიერებიან. მაუწყებელთა მზარდი რიცხვისა და ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესების გამო 90-იან წლებში ჩამოყალიბდა რეგიონალური სამშენებლო კომიტეტი. 100-ზე მეტი მოხალისის დახმარებით და მსოფლიო საძმოს მიერ გაღებული შესაწირავებით 1995 წლიდან დღემდე 14 სამეფო დარბაზი აშენდა და განახლდა.
მაუწყებლების რიცხვის ზრდასთან ერთად პიონერების რიცხვიც გაიზარდა. თუ 1990 წელს სლოვენიაში 10 პიონერი იყო, 2000 წელს მათმა რიცხვმა 107-ს მიაღწია. მათ შორის იყო ანიკა კრისტანიც, რომელიც ჭეშმარიტების გაგებამდე აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში.
დებმა და ძმებმა, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან სლოვენიაში ჩავიდნენ საქადაგებლად, დიდი სტიმული მისცეს ადგილობრივ მაუწყებლებს. 1992 წელს იქ პირველი მისიონერები, ფრანკო და დებ დაგოსტინები ჩავიდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ აფრიკაში სთხოვეს მსახურების გაგრძელება, სლოვენიაში კი მათ ნაცვლად ავსტრიელი მისიონერები, დანიელ და კარინ ფრიდლები გაგზავნეს. ბოლო წლებში იქ გალაადის კურსდამთავრებულები — ჯეფრი და ტანია პოუელები და იოკინ და მიკაელა ფიშერები — ჩავიდნენ. სლოვენიაში ჩასული მისიონერები და ავსტრიელი, იტალიელი და პოლონელი სპეციალური პიონერები იეჰოვას სიყვარულით აღძრულები ყველას სიამოვნებით ეხმარებოდნენ.
საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები
1994 წელს ბეთელში შეიქმნა სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო განყოფილება და საავადმყოფოებთან თანამშრომლობის ორი კომიტეტი. ამ კომიტეტების წევრები შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც სლოვენიის ყველა საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ჰყავდა მოწვეული. ძმებმა გააცნეს მათ, რა ევალებოდათ მათ კომიტეტებს და, საერთოდ, რატომ ამბობდნენ უარს იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმაზე. ამან ხელი შეუწყო ექიმებსა და იმ პაციენტებს შორის თანამშრომლობას, რომლებიც უარს ამბობდნენ სისხლის გადასხმაზე. ამის შემდეგ სამედიცინო ჟურნალებში უსისხლო მკურნალობაზე სტატიების გამოქვეყნება დაიწყო.
1995 წელს სლოვენიაში პირველად გაკეთდა გულის ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე. ამ წარმატებულ ოპერაციაზე მასმედიამაც გაამახვილა ყურადღება; ქირურგმა და ანესთეზიოლოგმა, რომლებმაც ამ ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, ამ შემთხვევის შესახებ სამეცნიერო სტატიაც კი დაწერეს. იმ დროიდან მოყოლებული სლოვენიაში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა უსისხლო მკურნალობა. დღეს სულ უფრო მეტი ექიმი სცემს პატივს იეჰოვას მოწმეების არჩევანს.
სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლა
1991 წელს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, ხელმძღვანელმა საბჭომ სლოვენიაში სამეფო საქმიანობის წინსვლის მიზნით ოფისის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ლიუბლიანას (სლოვენიის დედაქალაქი) ცენტრში ძმებმა ერთსართულიანი შენობა შეისყიდეს და განაახლეს, 1993 წლის 1 ივლისს კი იქ ბეთელის ოჯახის წევრები გადავიდნენ. თავიდან ბეთელში 10 კაცი მსახურობდა, მაგრამ ათ წელიწადში ეს რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ძმებმა მეზობლად შენობა იქირავეს, სადაც სამზარეულო, სასადილო და სამრეცხაო იქნებოდა. სამუშაოდ რომ მეტი ოფისი ჰქონოდათ, ბეთელის ოჯახის წევრები იქვე ახლოს ბინებში გადავიდნენ საცხოვრებლად. 1997 წელს სლოვენიის ოფისმა სტატუსი შეიცვალა და იეჰოვას მოწმეების ფილიალი გახდა.
მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელმა საბჭომ ახალი ფილიალის მშენებლობის იდეა მოიწონა, ძმებმა მიწის ძებნა დაიწყეს. 40-მდე ადგილის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, ძმებმა არჩევანი ქალაქ კამნიკთან ახლოს, ულამაზესი ალპების ძირში მდებარე ერთ მიწის ნაკვეთზე შეაჩერეს, რომელიც დედაქალაქიდან 20 კილომეტრით იყო დაშორებული. მათ შეიძინეს მიწის ნაკვეთი, ყველაფერი ადგილობრივი კანონების გათვალისწინებით გააკეთეს, მშენებლობაზე ნებართვა მიიღეს, სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს და საერთაშორისო მსახურებიც მიიწვიეს. მშენებლობის დასაწყებად ყველაფერი მზად იყო.
როგორც კი მშენებლობის დაწყების შესახებ ხმები გავრცელდა, მეზობლებმა პროტესტი გამოხატეს. იმ დღეს, როცა მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მოწინააღმდეგეებმა იქ მისასვლელი გზა ბარიკადებით ჩახერგეს და ცოტა ხანში საპროტესტო დროშებიც მიიტანეს. ექვსი დღის შემდეგ, ნაშუადღევს, მუშების დასაცავად 30 პოლიციელი მივიდა, რომლებსაც ბარიკადების დაშლა ჰქონდათ დავალებული. მოწინააღმდეგეებმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვინაიდან იმ დროს მშენებლობა ჯერ არ იყო დაწყებული, მშენებლობაზე არავინ ყოფილა, არც ძმები და არც სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები. მშენებლობის გაჭიანურების გამო ნელ-ნელა წინააღმდეგობამაც იკლო; ამასობაში კი ძმები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდნენ.
მოწინააღმდეგეებმა აშენებული ღობე სამჯერ დაანგრიეს. მიუხედავად ამისა, ერთი თვით გვიან, მაგრამ მშენებლობა მაინც დაიწყო და შეუფერხებლადაც დასრულდა. იეჰოვას ხალხზე თავდასხმით დაწყებული საქმე კურთხევით დამთავრდა. პროცესში მასმედიაც ჩაება და ტელევიზიით, რადიოთი თუ გაზეთებით ამ სამეფო დარბაზის ამბავი დაახლოებით 150-ჯერ გააშუქეს. მშენებლობა დაახლოებით 11 თვეში, 2005 წლის აგვისტოში დასრულდა, და ბეთელის ოჯახი ახალ შენობებში გადავიდა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მეზობლებსა და მოწმეებს შორის ურთიერთობა. ბევრი მათგანი ახალი შენობების დასათვალიერებლად მივიდა. ერთი ყოფილი მოწინააღმდეგე სერიოზულად დაინტერესდა ჩვენი ვინაობით და იმით, თუ რა მიზნით აშენდა ეს შენობები. მისული სტუმარი გააოგნა ექსკურსიის დროს მოწმეების თბილმა სალამმა და იქაურმა სისუფთავემ. მან ძმებს უთხრა: „მეზობლები მეკითხებიან, მათ მხარეს გადახვედიო? მე ვეუბნები, იეჰოვას მოწმეებს ადრე კი ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ახლა მათ მხარეს ვარ, რადგან ნამდვილად კარგი ხალხი ყოფილა-მეთქი“.
სლოვენი მოწმეების ისტორიაში 2006 წლის 12 აგვისტო დაუვიწყარი დღე იყო. 20 ქვეყნიდან ჩასული 144 დამსწრე ხელმძღვანელი საბჭოს წევრს, თეოდორ იარაჩს უსმენდა, რომელიც ბეთელის მიძღვნისთვის განკუთვნილ მოხსენებას კითხულობდა. შეხვედრა ლიუბლიანაში გაიმართა და მთელი სლოვენიიდან, ხორვატიიდან და ბოსნია და ჰერცეგოვინიდან 3 097 ადამიანი დაესწრო.
შესანიშნავი მომავალი
სლოვენი იეჰოვას მოწმეები იმედის თვალით უყურებენ მომავალს და ღრმად სწამთ, რომ არ მოაკლდებათ ზეციერი მამის კურთხევები. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 2004 წელს გამართულ საოლქო კონგრესზე სლოვენურ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მიიღეს. ახალი ფილიალისა და პიონერების მხარდაჭერით სლოვენ მაუწყებლებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ღირსეულად შეასრულონ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე (მათ. 28:19, 20).
სლოვენიაში, რომელიც ძირითადად კათოლიკური ქვეყანაა, კომუნისტურმა რეჟიმმა მრავალი გახადა ათეისტი. ბევრს ტვირთად აწევს ცხოვრებისეული საზრუნავი, ბევრიც მატერიალიზმშია ჩაფლული, ზოგს გართობა და სპორტი იტაცებს. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან გულწრფელი ადამიანებიც, რომლებსაც ღვთის დაპირებები უფრო იზიდავს, ვიდრე ქვეყნიერება.
სლოვენიაში მოწმეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. 2008 წლის აგვისტოში მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა — 1 935, აქედან ერთი მეოთხედი ამა თუ იმ სახის პიონერულ მსახურებას ეწევა. ქადაგება მიმდინარეობს უცხო ენებზეც — ალბანურად, ინგლისურად, სერბულად, ჩინურად და ხორვატულად, ასევე სლოვენურ ჟესტების ენაზე. ორი გულმოდგინე დალაქის წამოწყებულ საქმეს დღეს სხვადასხვა წარმოშობის და-ძმების დიდი გუნდი აგრძელებს; ისინი ღირსეულებს ეძებენ, რომელთაც სურვილი აქვთ, ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას ემსახურონ (მათ. 10:11).
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე, ადრე იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალ ამ ქვეყანას ჯერაც არ მოშუშებია ეთნიკური კონფლიქტებით მიყენებული ჭრილობები. რელიგიური შეუწყნარებლობისა და ეთნიკური სიძულვილის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეებს შორის ნამდვილი სიყვარული სუფევს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები არიან; მათი სიყვარული განადიდებს იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, რაც ამ ქვეყნად ყველაფერზე აღმატებულია. სწორედ ეს სიყვარული იზიდავს უამრავ ადამიანს წმინდა თაყვანისმცემლობისკენ; ქრისტიან და-ძმებს კი განაწყობს, მარადიულად ემსახურონ იეჰოვას (ეს. 2:2—4; იოან. 13:35).
[სქოლიოები]
a უსტაშები იყვნენ ხორვატი ფაშისტები, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. უსტაშები განსაკუთრებული სისასტიკით იყვნენ ცნობილნი.
b არსებული პოლიტიკური ვითარების გამო კონგრესის სახელწოდებას დაემატა სიტყვა „ღვთიური“, რითაც მინიშნება გაკეთდა იმაზე, თუ რა სახის მშვიდობისკენ ისწრაფოდნენ ძმები.
c იხილეთ სტატია „ბოსნიელი თანამორწმუნეები დახმარების იღებენ“ 1994 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 23—27 (რუს.).
[ჩანართი 165 გვერდზე]
მაშინ, როცა იუგოსლავიაში ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული სიძულვილი უფრო და უფრო ღვივდებოდა, ჩვენს ძმებს შორის ერთიანობა სუფევდა
[ჩანართი 173 გვერდზე]
„ვინმეს ხათრით გავხდი იეჰოვას მსახური? არა! აქ ადამიანის გულის მოსაგებად ვზივარ? არა! იმის მიხედვით უნდა ვიცხოვრო, რასაც სხვები ამბობენ, ფიქრობენ ან აკეთებენ? არა!“
[ჩარჩო 144 გვერდზე]
რელიგიური და ეთნიკური სხვაობები
თუ ყოფილი იუგოსლავიის ხალხებს შორის არსებული სხვაობებით დაინტერესდებით, ალბათ, განსხვავებულ პასუხებს მიიღებთ. მაგრამ ყველა გეტყვით, რომ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე შვიდი ეთნიკური ჯგუფი იყო და ხალხს განსხვავებული რელიგიები, ენა და ანბანი ჰქონდა. ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთისგან ძირითადად რელიგიური ნიშნით განსხვავდება. დაახლოებით 1 000 წლის წინათ ქრისტიანული სამყარო ორად გაიყო, კერძოდ, მართლმადიდებლურ და რომის კათოლიკურ ეკლესიად. გამყოფი ხაზი დღემდე სწორედ ყოფილი იუგოსლავიის შუაგულზე გადის. ხორვატები და სლოვენები ძირითადად კათოლიკები არიან, სერბები და მაკედონელები — მართლმადიდებლები, ბოსნიაში კი მართლმადიდებლებიც ცხოვრობენ, კათოლიკებიც და მუსლიმანებიც.
ხალხის ეთნიკურ ჯგუფებად დაყოფა გამოიწვია არა მარტო განსხვავებულმა რწმენამ, არამედ ენამაც. კოსოვოს გარდა, ყოფილი იუგოსლავიის ყველა ქვეყანაში სამხრეთსლავურ ენებზე ლაპარაკობენ. მართალია, ყველა ქვეყანას თავისი ენა აქვს, მაგრამ იმდენი სიტყვაა საერთო, რომ სერბების, ხორვატების, ბოსნიელებისა და მონტენეგროელებისთვის ერთმანეთის ენები გასაგებია, რასაც კოსოვოელებზე, მაკედონელებსა და სლოვენებზე ვერ ვიტყვით. მე-19 საუკუნის ბოლოს გადაწყდა, რომ მონათესავე ენებისგან ერთი საერთო ენა შეექმნათ, მაგრამ 1991 წელს იუგოსლავიის დაშლამ ხელი შეუშალა ამ მიზნის განხორციელებას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითოეული ეთნიკური ჯგუფი ცდილობს თვითმყოფადობის აღდგენას.
[ჩარჩო⁄სურათი 148 გვერდზე]
სლავონიაში ჭეშმარიტებას მესაათე ავრცელებს
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ხორვატიაში მესაათე ანტუნ აბრამოვიჩი სოფელ-სოფელ დადიოდა და კედლისა თუ მაჯის საათებს არემონტებდა. ერთხელ ერთ პატარა სასტუმროსთან ჩვენი ბროშურა იპოვა. წაიკითხა და დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტებას მიაგნო. მან ადგილობრივ ფილიალს წერილი მისწერა და სთხოვა, რომ მისთვის ლიტერატურა გაეგზავნათ. იგი მალე მოინათლა და იეჰოვას მსახური გახდა. ამის შემდეგ სოფელ-სოფელ დადიოდა და არა მხოლოდ საათებს აკეთებდა, არამედ ქადაგებდა კიდეც. მაშინ ხორვატიაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო, ასე რომ, ქადაგებაში მას ხელობა ეხმარებოდა. ერთ პატარა დასახლებაში, სახელდობრ პრივლაკაში, ანტუნმა გაიცნო რამდენიმე კაცი, რომლებმაც ჭეშმარიტება მთელი გულით მიიღეს. დროთა განმავლობაში იქ პატარა კრებაც ჩამოყალიბდა, მერე კი ჭეშმარიტება ვინკოვცსა და მის შემოგარენშიც გავრცელდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ძმა აბრამოვიჩს დიდი წვლილი შეჰქონდა იატაკქვეშ ლიტერატურის დაბეჭდვაში, რომელიც შემდგომ მთელ იუგოსლავიაში ვრცელდებოდა. გულმოდგინე მსახურების გამო იგი იმ თოთხმეტ ძმას შორის აღმოჩნდა, რომლებსაც 1947 წელს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ძმა აბრამოვიჩმა მიმომსვლელ ზედამხედველად დაიწყო მსახურება. ის მთელი ცხოვრება ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.
[ჩარჩო⁄სურათი 151 გვერდზე]
დირიჟორი პიონერი ხდება
დიდი ხნის წინათ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სამეფო გვარდიის ორკესტრის დირიჟორს, ალფრედ ტუჩეკს, თავისმა კოლეგამ, ფრიც გროგერმა, ბიბლიური ლიტერატურა მისცა. დაახლოებით 20-იანი წლების ბოლოს ალფრედი მარიბორში საზოგადოება „შუქურას“ დაუკავშირდა და აუხსნა, რომ სრული დროით პიონერად მსახურების სურვილი ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ იუგოსლავიაში მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო პიონერად მსახურება. როგორც სამხედრო ორკესტრის დირიჟორს, მას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას სიყვარულმა აღძრა, სამსახურზე უარი ეთქვა და ‘უკან არ ეყურებინა’ (ლუკ. 9:62). 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იუგოსლავიაში გერმანელი პიონერები „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენებებს აწყობდნენ, ალფრედიც მათთან ერთად იყო. სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებისთვის მან სამქადაგებლო უბნების რუკებიც შეადგინა. 1934 წელს ალფრედმა ცოლად შეირთო გერმანელი პიონერი და, ფრიდა. თავდაპირველად ისინი სარაევოში (ბოსნია) გაგზავნეს, შემდეგ მაკედონიაში, კოსოვოში, მონტენეგროში, ხორვატიასა და სერბიაში. თავიდან კრებიდან კრებაში ველოსიპედებით დადიოდნენ, შემდეგ კი მოტოციკლით. მაშინ ბევრი არ ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, სამქადაგებლო საქმიანობაც აკრძალული იყო, მაგრამ მათ კარგად ესმოდათ, რომ სასიხარულო ცნობა, რაც შეიძლება, მეტ ადამიანამდე უნდა მიეტანათ.
[ჩარჩო⁄სურათები 155, 156 გვერდებზე]
ავადმყოფობის მიუხედავად ერთგული
ვიდრე იუგოსლავიაში პიონერთა ზედამხედველად გაგზავნიდნენ, მარტინ პოეტზინგერი ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მსახურობდა. იმ დროს მან გერმანელი პიონერი გერტრუდ მენდე გაიცნო, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. მათ იეჰოვაზე მინდობა განსაკუთრებით მაშინ სჭირდებოდათ, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხებოდა. სადაზღვევო სისტემის არარსებობის მიუხედავად, ისინი ერთხელაც არ დარჩენილან დახმარების გარეშე. კრიტიკულ ვითარებაში იეჰოვა მათ დასახმარებლად იმ ადამიანებს აღძრავდა ხოლმე, რომლებიც მზად იყვნენ დასახმარებლად. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი იყო და მენდე, რომელიც ზაგრებში ძმა პოეტზინგერს მძიმე ავადმყოფობის დროს გვერდიდან არ მოშორებია.
გერტრუდი იხსენებს: «1930-იანი წლების პირველ ნახევარში, მეც და მარტინსაც სარაევოში მსახურება გვთხოვეს, თუმცა მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ველოდით. ერთ საღამოს მარტინი ავად გახდა, ღამით სიცხემ 40°C-მდე აუწია. მეორე დილით მის სანახავად მისულს ბინის პატრონი შეშფოთებული დამხვდა. ხალხური წამალი დავუმზადეთ, ცხელ ღვინოში ბევრი შაქარი გავხსენით, მაგრამ ჩვენმა წამალმა ვერ უშველა. სატელეფონო ცნობარში რამდენიმე ექიმის ნომერი მოვძებნე, მაგრამ არც ერთმა არ ინება მოსვლა, ყველამ რაღაც მოიმიზეზა.
ბინის პატრონმა მირჩია, პირდაპირ საავადმყოფოში დამერეკა. მეც დავურეკე საავადმყოფოს მთავარ ექიმს და ავუხსენი, რომ მარტინს 40°C-მდე ჰქონდა სიცხე. ექიმმა გულისყურით მომისმინა და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოგზავნა. როდესაც მარტინი მანქანაში დავაწვინეთ, ბინის პატრონმა მითხრა, მარტინს ვეღარასდროს ნახავო.
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ცოტა ფული გვქონდა, რასაც გავრცელებული ლიტერატურის სანაცვლოდ ვიღებდით, და ისიც ძლივს გვყოფნიდა. არ ვიცოდით, რა გვექნა და როგორ დაგვეფარა მკურნალობის ხარჯები. ექიმმა ტალერმა გასინჯა მარტინი და თქვა: „პლევრიტი აქვს, აუცილებელია ოპერაცია და მერე მომჯობინებასაც გარკვეული დრო დასჭირდება“.
ექიმი ტალერი მიხვდა, რომ ფინანსურად გვიჭირდა და გვითხრა: „მე მინდა, დავეხმარო თქვენისთანა რწმენის ხალხს“. მან მარტინს ოპერაცია უფასოდ გაუკეთა. ამ რთულ მდგომარეობაში იეჰოვას დახმარების გარეშე არ დავუტოვებივართ. მარტინის ავადმყოფობის გამო სარაევოში ვეღარ გავაგრძელეთ მსახურება და გერმანიაში დავბრუნდით».
[სურათი]
მარტინ პოეტზინგერი გერმანიაში, 1931 წელი
[ჩარჩო⁄სურათი 161, 162 გვერდებზე]
დღისით ვმუშაობდი ღამით ვბეჭდავდი
ლინა ბაბიჩი
დაიბადა: 1925 წელს
მოინათლა: 1946 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1953 წლიდან, იმ დროიდან, როდესაც იუგოსლავიაში ჩვენი საქმიანობა კანონიერად აღიარეს, ბეთელში მსახურობს. იგი ბეჭდავდა ლიტერატურას და აქტიურად მონაწილეობდა მის განაწილებაშიც. იგი დღემდე ერთგულად მსახურობს ზაგრების ბეთელში.
როგორც კი ძმები ციხიდან გაათავისუფლეს, მათ მაშინვე ჟურნალების დასაბეჭდად დაიწყეს მზადება. რიცხობრივად ცოტანი იყვნენ, საქმე კი ბევრი იყო. როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, გადავწყვიტე, მეც რაღაც წვლილი შემეტანა ამ საქმეში. იმ დროს მთელი დღე ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ კი შუაღამემდე ვბეჭდავდი ლიტერატურას.
იმ დროს ფილიალში საკმარისი ადგილი არ იყო. ამიტომ ერთმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა, პეტარ და ელენა იელიჩებმა, თავისი ერთოთახიანი ბინა დაგვითმეს, სადაც მიმეოგრაფით პუბლიკაციების ასლებს ვაკეთებდით. დაბეჭდილი ფურცლების დასალაგებლად საწოლზე ხის ჩარჩო იდო, რომელზეც ზეწარი იყო გადაჭიმული. საწოლის გვერდით მაგიდაზე კი ხელით სამართავი მიმეოგრაფი იდო, რომლითაც საათში რვაას ასლს ვამზადებდით. მართალია, მაშინდელი მიმეოგრაფი თანამედროვე საბეჭდ დანადგარებს ვერ შეედრება, მაგრამ ჩვენ მაინც კმაყოფილები ვიყავით, რადგან მოთმინებისა და მძიმე შრომის წყალობით საჭირო რაოდენობის ლიტერატურა გვქონდა.
იელიჩები ყოველთვის მოთმინებით ელოდებოდნენ, როდის დავამთავრებდით მუშაობას, რომ დაძინება შესძლებოდათ. მათ არასდროს დაუჩივლიათ, პირიქით, თვალები ყოველთვის სიხარულით უბრწყინავდათ, სამეფო საქმიანობას რომ უჭერდნენ მხარს. ელენა და სხვა მოხუცებული დები შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ დაბეჭდილი ფურცლების დალაგებაში, დაკეცვასა და აკინძვაში. მათი შრომა მართლაც ფასდაუდებელი იყო.
1958 წელს ელექტრომიმეოგრაფი შევიძინეთ, რამაც საგრძნობლად გააადვილა ბეჭდვა. თუ 1931 წელს ერთ ჯერზე მხოლოდ ოცი ჟურნალის დაბეჭდვას ვახერხებდით, 60-იანი წლების დასაწყისში 2 400 ეგზემპლარს ვბეჭდავდით, თანაც სამ ენაზე — ხორვატულზე, სერბულზე (კირილიცა) და სლოვენურზე. მართალია, წიგნებს ვერ ვკინძავდით, მაგრამ დიდი რაოდენობით ბროშურებს ვბეჭდავდით. ყველაზე მეტი ბროშურა 1966 წელს დავბეჭდეთ. წიგნი „რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ 12 ბროშურად გამოვეცით. ყოველი 12 ბროშურა ერთ წიგნს შეადგენდა. ამიტომ სამ ენაზე 50 000 წიგნის მაგივრად 600 000 ბროშურის დაბეჭდვა მოგვიწია.
მე დღესაც ზაგრების ბეთელში ვმსახურობ. სიამოვნებით ვიხსენებ განვლილ წლებს. იეჰოვამ ჩემ თვალწინ აკურთხა სამქადაგებლო საქმიანობა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში.
[ჩარჩო⁄სურათი 176, 177 გვერდებზე]
„ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს“
ივიცა ზემლიანი
დაიბადა: 1948 წელს
მოინათლა: 1961 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ხუთჯერ დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ შაბათ-კვირას სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. დღეს ზაგრების ერთ-ერთი კრების უხუცესია.
ჩემი მშობლები ჭეშმარიტებაში იყვნენ და ჩვენს ოჯახში სულიერ თემებზე ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე. როდესაც სამხედრო სამსახურში გამიწვიეს, გამოვცხადდი და ავუხსენი, რომ მე ნეიტრალიტეტის დამცველი ვიყავი, რის გამოც ცხრათვიანი პატიმრობა მომისაჯეს. გათავისუფლების შემდეგ ისევ გამიწვიეს, ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა. კიდევ ერთხელ გამასამართლეს და ამჯერად ერთწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. როცა გამათავისუფლეს, კიდევ ერთხელ დამიბარეს. მესამედაც გამასამართლეს და ახლა უკვე თხუთმეტთვიანი პატიმრობა მომისაჯეს, მეოთხედ — ოცთვიანი, მეხუთედ კი — ორწლიანი. 1966 წლიდან 1980 წლის ჩათვლით ციხეში ექვს წელზე მეტი გავატარე.
ორჯერ ადრიატიკის ზღვაში, კუნძულ გოლი-ოტოკზე მოვიხადე სასჯელი. ყველა პოლიტიკური პატიმარი ამ კუნძულზე იხდიდა სასჯელს. მეც პოლიტიკურ პატიმრად მთვლიდნენ. „ზღვის ამოვსება“ დაგვავალეს. მთელი დღის განმავლობაში ხის ყუთით ქვები კუნძულის ერთი ნაწილიდან მეორეში მიგვქონდა და ზღვაში ვყრიდით. დატვირთული ყუთის წონა 100 კილოგრამს აღემატებოდა.
გოლი-ოტოკში მეორედ რომ მოვხვდი, უკვე წესად ჰქონდათ ერთი თვით ახალი პატიმრების კარცერში ჩასმა. საშინელება იყო საკანში სრულიად მარტო ყოფნა. არასდროს მილოცია ისე ხშირად, როგორც მაშინ. არც ბიბლია მქონდა და არც პუბლიკაციები. დამლაპარაკებელი რომ არავინ მყავდა, ძალიან მიჭირდა. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მშობლების წერილი მამხნევებდა. მაშინ საკუთარ თავზე გამოვცადე პავლე მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტება: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორ. 12:10). ბედნიერი ვიყავი, როცა ციხიდან გამომიშვეს. მალე მუშაობაც დავიწყე.
ერთხელ, ციხეში რომ ვიჯექი, ფსიქოლოგთან წამიყვანეს, რომელიც უხეშად მელაპარაკა და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას მორიდებია. მიყვიროდა და მეუბნებოდა, გიჟი ხარო. თავის დასაცავად ხმაც არ ამომაღებინა. მეორე დღეს ისევ დამიბარა და ახლა სულ სხვა ტონით მელაპარაკა; მითხრა, შენზე ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ციხეში შენი ადგილი არ არის, ციხის გარეთ გიშოვი სამუშაოსო. ჩემდა გასაკვირად, თავისი სიტყვა შეასრულა. არ ვიცი, რამ შეაცვლევინა აზრი, მაგრამ ის კი დავინახე, რომ არ გვაქვს შიშის მიზეზი, არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამოსავალი არ არსებობს. ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ განსაცდელებმა მასთან უფრო დამაახლოვა.
[ჩარჩო⁄სურათი 179 გვერდზე]
„ფეხბურთზე ლაპარაკი მხოლოდ სტადიონზე შეიძლება?“
ჰენრიკ კოვაჩიჩი
დაიბადა: 1944 წელს
მოინათლა: 1962 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1973 წელს შაბათ-კვირას მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, 1974—1976 წლებში კი სრული დროით დაიწყო მსახურება მიმომსვლელ ზედამხედველად. ამჟამად ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრია.
წინასწარ არასდროს ვიცოდით, დავბრუნდებოდით თუ არა მსახურებიდან სახლში. პოლიცია ხშირად გვაკავებდა და დაკითხვას გვიწყობდა. ხშირი იყო უსაფუძვლო ბრალდებები.
ერთხელ განყოფილებაში პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ ღვთის შესახებ ლაპარაკი მხოლოდ ამ მიზნისთვის განკუთვნილ ადგილებში შეიძლებოდა, და არა ქუჩაში თუ კარდაკარ. ნეემიასავით გულში ვილოცე და ვთხოვე იეჰოვას, რომ სწორი სიტყვების შერჩევაში დამხმარებოდა. შემდეგ ვკითხე, ფეხბურთზე ლაპარაკი მხოლოდ სტადიონზე შეიძლება-მეთქი თუ სხვაგანაც? მან მიპასუხა, რომ ფეხბურთზე ლაპარაკი ყველგან შეიძლებოდა. მერე ვუთხარი: „ესე იგი, თავისუფალ დროს ღმერთზეც ყველგან შეიძლება ლაპარაკი, და არა მარტო ეკლესიაში თუ თაყვანისცემისთვის განკუთვნილ სხვა ადგილებში“. ჩვენი დაკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა, ბოლოს გამოგვიშვეს.
მე და ჩემი ცოლი ანა ორმოცი წელია, რაც ერთად ვმსახურობთ. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ განვლილ წლებს არაფერზე გავცვლიდით. ერთად თითქმის 70 კაცს დავეხმარეთ ჭეშმარიტების გაგებაში. იეჰოვასგან მიღებული ნებისმიერი დავალება მხოლოდ ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას.
[ჩარჩო⁄სურათი 195, 196 გვერდებზე]
პირობა დავდეთ, რომ დავბრუნდებოდით
ჰალიმ ცური
დაიბადა: 1969 წელს
მოინათლა: 1988 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: სარაევოში ორგანიზებას უწევდა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და განაწილებას. ამჟამად მსახურობს უხუცესად, არის საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის წევრი და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში იეჰოვას მოწმეების ოფიციალური წარმომადგენელი.
ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტ წელს სარაევო ალყაში მოაქციეს. ლიტერატურა ვერ შემოდიოდა და ძველ სასწავლო სტატიებს ვკითხულობდით. სასწავლო სტატიებს ძმები ძველი საბეჭდი მანქანით ბეჭდავდნენ. სულ 52 მაუწყებელი ვიყავით, მაგრამ კრების შეხვედრებს 200 კაცზე მეტი ვესწრებოდით და 240 ბიბლიის შესწავლას ვატარებდით.
1993 წლის ნოემბერში, სწორედ მაშინ, როცა ომი მძვინვარებდა, შეგვეძინა ქალიშვილი, არიანა. იმ დროს ჩვილი ბავშვის მოვლა არც ისე ადვილი იყო. კვირების განმავლობაში არ გვქონდა არც წყალი, არც დენი და საწვავად ავეჯს ვიყენებდით. კრებაზე რომ მივსულიყავით, სახიფათო გზა უნდა გაგვევლო. სნაიპერები განურჩევლად ყველას ესროდნენ. ამიტომ იძულებულები ვიყავით, რომ ბარიკადებით ჩახერგილი ქუჩები სწრაფად გაგვერბინა.
ერთ დღეს ჩემს ცოლ-შვილთან და ძმა დრაჟენ რადიშიჩთან ერთად კრებიდან სახლში ვბრუნდებოდით. ტყვიამფრქვევის სროლის ხმა შემოგვესმა. დავწექით, მაგრამ ფერდში ტყვია მაინც მომხვდა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ბევრმა ფანჯრიდან დაინახა, რაც მოხდა. რამდენიმე გაბედულმა კაცმა მოირბინა და უსაფრთხო ადგილას გაგვიყვანა. სასწრაფოდ წამიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების აზრით, აუცილებელი იყო სისხლის გადასხმა. მე ავუხსენი, რომ სინდისი ამის ნებას არ მრთავდა. დაჟინებით მთხოვდნენ, კიდევ კარგად დავფიქრებულიყავი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, აზრი არ შემეცვალა. ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე გამიკეთეს და ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ოპერაციის შემდეგ დასვენება მჭირდებოდა, მაგრამ ომიანობის გამო ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, ავსტრიაში ჩემი ოჯახის წევრებთან წავსულიყავით. სარაევოს დატოვება მხოლოდ აეროპორტის მიწისქვეშა გვირაბის გავლით შეიძლებოდა. გვირაბის სიგრძე 900 მეტრი იყო, სიმაღლე კი 120 სანტიმეტრი. მეუღლეს ბავშვი მიჰყავდა და თან ბარგის ტარებაში მეხმარებოდა, რადგან ახალი ნაოპერაციები ვიყავი.
ვერ წარმოიდგენთ იმ სიხარულს, რომელიც ავსტრიაში ყოფნით განვიცადეთ. როდესაც სარაევოდან მოვდიოდით, ძმებსა და ჩვენს შემოქმედს პირობა მივეცით, რომ დავბრუნდებოდით. ძალიან გვიჭირდა ოჯახის წევრების დატოვება, განსაკუთრებით დედის. მაგრამ ვუხსნიდით, რომ ღვთისთვის პირობა გვქონდა მიცემული, რომ თუ სარაევოდან გასვლაში და დასვენებაში დაგვეხმარებოდა, აუცილებლად დავბრუნდებოდით უკან. ახლა რა გვეთქვა ღვთისთვის, მადლობა ღმერთო, რომ დაგვეხმარე, მაგრამ ახლა აქ ისე კარგად ვგრძნობთ თავს, რომ დარჩენა გვირჩევნიაო? თანაც სარაევოელ ძმებს ვჭირდებოდით. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემი ცოლი ამრა მხარში მედგა.
1994 წლის დეკემბერში ისევ სარაევოს გვირაბს მივადექით. მაშინ თუ გამოვდიოდით სარაევოდან, ამჯერად სარაევოში უნდა შევსულიყავით. ხალხი გვიყურებდა, რომ უკან ვბრუნდებოდით, და გვეკითხებოდნენ: „რას შვრებით?! ყველა გარბის ამ ალყაშემორტყმული ქალაქიდან და თქვენ იქ შედიხართ?!“ სიტყვები არ მყოფნის იმ სიხარულის გამოსახატავად, რომელიც სარაევოს სამეფო დარბაზში ჩვენს და-ძმებთან შეხვედრით განვიცადეთ. არასდროს გვინანია უკან დაბრუნება!
[ჩარჩო 210 გვერდზე]
ხორვატიის კუნძულები
ხორვატიის სანაპიროზე, რომელიც 1 178 კილომეტრზეა გადაჭიმული, 1 000-ზე მეტი კუნძულია თავმოყრილი; აქედან მხოლოდ 50-ია დასახლებული. ზოგი კუნძულის ფართობი 1 კვადრატული კილომეტრიც არ არის, ზოგისა კი — 400 კვადრატული კილომეტრია.
კუნძულების მოსახლეობას, ძირითადად, ზეთისხილი მოჰყავს და მევენახეობას, მებაღეობასა და მეთევზეობას მისდევს. კორნატის ეროვნული პარკი, რომელიც 140 კუნძულსა და რიფებს აერთიანებს, დაივინგის მოყვარულთათვის არაჩვეულებრივი ადგილია. კრაპანისა და ზლარინის მოსახლეობა მარჯნებისა და ცოცხალი ღრუბლების შეგროვებითაა დაკავებული. კუნძულ ჰვარის მოსახლეობა მეფუტკრეობას მისდევს; აქვე ხარობს ლავანდა და როზმარი, რომლისგანაც ზეთს ხდიან. პაგის ხრიოკ კუნძულზე ცხვარი მარილოვანი ბალახეულით იკვებება. ადგილობრივი მოსახლეობა ცხვრის უგემრიელეს ყველს ამზადებს.
იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსახლეობამდე სასიხარულო ცნობა მიიტანონ. ზოგ კუნძულზე მისასვლელად ხიდიც საკმარისია, ზოგან კი ბორანია საჭირო. ზოგჯერ მოწმეები სპეციალურ კამპანიებს აწყობენ და საქადაგებლად კუნძულზე რამდენიმე დღით რჩებიან. კუნძულის მოსახლეობასთან საუბარი გარკვეულ სირთულეებს ქმნის, რადგან მათი დიალექტი ბევრისთვის ძნელად გასაგებია.
საბედნიეროდ, იქაურები დადებითად ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. კუნძულ კორჩულაზე ერთი კრებაა, რომელშიც დაახლოებით 52 მაუწყებელია. ეს კუნძული საკმაოდ შორს არის, ამიტომ ყოველთვის ადვილი არ არის იქ მიწვეული მომხსენებლის ჩასვლა; თუმცა ძმების ძალისხმევა ამ კრების მაუწყებლებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ მსოფლიო საძმოს წევრები არიან (1 პეტ. 5:9).
[ჩარჩო⁄სურათი 224 გვერდზე]
„ციხეში თერთმეტი დღით ადრე გამოვცხადდი“
პავლინა ბოგოევსკა
დაიბადა: 1938 წელს
მოინათლა: 1972 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1975 წელს დაიწყო პიონერად მსახურება. 1977 წელს მაკედონიაში განაგრძო სპეციალურ პიონერად მსახურება და 80 კაცს დაეხმარა ჭეშმარიტების მიღებაში.
როდესაც ვმსახურობდი, ხშირად მაბეზღებდნენ პოლიციაში. წამიყვანდნენ ხოლმე განყოფილებაში და საათობით მიწყობდნენ დაკითხვას. ბევრჯერ დამაჯარიმეს. სასამართლოზე უსაფუძვლოდ დამდეს ბრალი, თითქოს სახელმწიფოს მტერი ვიყავი და დასავლურ პროპაგანდას ვეწეოდი. ერთხელ ოცდღიანი პატიმრობა მომისაჯეს, მეორედ — ოცდაათდღიანი.
ჩემი პატიმრობის დღეები საოლქო კონგრესის დღეებს ემთხვეოდა. თხოვნით მივმართე სასამართლოს, რომ სასჯელი გადაევადებინათ, რაზეც უარი მივიღე. მაშინ გადავწყვიტე, ციხეში თერთმეტი დღით ადრე მივსულიყავი. ციხის თანამშრომლები გაოცებას ვერ მალავდნენ. ვერ წარმოედგინათ, თუ შეიძლებოდა ვინმეს სასჯელის მოხდა დანიშნულ ვადაზე ადრე მონდომებოდა. მათთან ქადაგების შესაძლებლობაც მომეცა. დამპირდნენ, რომ ჩემზე ყოველმხრივ იზრუნებდნენ. თერთმეტი დღის შემდეგ ციხეში პოლიციელი მოვიდა, რათა ენახა, ადგილზე ვიყავი თუ არა. გაწბილებული დარჩა, როდესაც ციხის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თერთმეტი დღე უკვე მოხდილი მქონდა. ასე შევძელი საოლქო კონგრესზე დასწრება.
[ჩარჩო⁄სურათი 232 გვერდზე]
„რაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ“
შანდორ პალფი
დაიბადა: 1933 წელს
მოინათლა: 1964 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მისი ოჯახის წევრებმა ჭეშმარიტება მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში გაიგეს. შაბათ-კვირას მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. დღეს სერბიის ქვეყნის კომიტეტის წევრია.
საკონცენტრაციო ბანაკში იმიტომ მოვხვდით, რომ წარმოშობით უნგრელები ვიყავით, ოღონდ ცოტა ხნით. ჩემი ოჯახის წევრებმა სწორედ იქ გაიგეს ჭეშმარიტება. მაშინ პატარა ვიყავი და ჭეშმარიტება არ მაინტერესებდა. ერთხელ ფრანც ბრანდი გვესტუმრა. მისმა საუბარმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მან მთხოვა, რომ ერთ-ერთი ჩვენი პუბლიკაცია უნგრულიდან სერბულად მეთარგმნა. უარი არ მითქვამს, მეგონა, რომ ამით დიდ დახმარებას გავუწევდი; თუმცა, როგორც მოგვიანებით გავიგე, თარგმნა სულ არ ყოფილა საჭირო, მას უბრალოდ უნდოდა, რომ ის პუბლიკაცია წამეკითხა. მისმა ტაქტიკამ გაამართლა და 1964 წელს მოვინათლე.
ძალიან მიხარია, რომ მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი საქმე იყო, რადგან ძმებს უჭირდათ. ბევრჯერ მასპინძლის ოჯახთან ერთად მძინებია ერთ ოთახში. ეს მსახურება ღირდა ძალისხმევად. ძმები დიდი სიხარულით ელოდნენ სარაიონო მონახულებას. თუკი რამ შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ. როგორ არ უნდა ვყოფილიყავით მათი მადლიერი?!
[ჩარჩო⁄სურათი 236, 237 გვერდებზე]
„სად ვიპოვო ეს ხალხი?“
აგრონ ბაშოტა
დაიბადა: 1973 წელს
მოინათლა: 2002 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: იბრძოდა კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიაში. ამჟამად პიონერია და მომსახურე.
ომის დროს მომხდარმა საშინელებებმა, მათ შორის პატარა ბავშვების მკვლელობამ, ღვთის არსებობაში დამაეჭვა. ვფიქრობდი, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არაფერს აკეთებს, როცა ირგვლივ ამდენი ბოროტებაა-მეთქი? ჩემში რწმენის ბოლო მარცვალი მაშინ ჩაკვდა, როდესაც დავინახე, რომ მუსლიმანი რელიგიური წინამძღოლები ხალხს სერბების წინააღმდეგ აქეზებდნენ. ომამდე მუსლიმანი ვიყავი, მაგრამ ომის დამთავრებამდე ათეისტი გავხდი და კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიაში დავიწყე მსახურება. მცირე ხანში ოფიცრების პატივისცემა დავიმსახურე და დამაწინაურეს. ვინაიდან ხელქვეითები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ჩემს ბრძანებებს, ამპარტავანი და აგრესიული გავხდი.
სამწუხაროდ, ჩემს ცოლსაც, მერიტასაც, ზემოდან დავუწყე ყურება. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც მე მინდოდა, და ჩემი ბრძანებები უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა. ჩემმა მეუღლემ ომის დროს იეჰოვას მოწმეები გაიცნო და სახლში მათი ლიტერატურაც მოიტანა. ერთ საღამოს მან მითხრა: „აი, წაიკითხე. ღვთის შესახებაა“. გადამრია იმის გაფიქრებამ, რომ მას შეეძლო ჩემთვის რამე ესწავლებინა, თუნდაც ღმერთზე. მერიტა დროზე გამერიდა და დასაძინებლად წავიდა.
მარტო დარჩენილმა გადავწყვიტე, წამეკითხა ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. მერე წავიკითხე მუსლიმანებისთვის განკუთვნილი ბროშურა „ჟამი ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილებისა“. გავოცდი, როცა ყურანიდან მოყვანილი ციტატები დავინახე. მერე ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს გადავავლე თვალი. შუაღამისას საძინებელში შევედი, ცოლი გავაღვიძე და ვკითხე: „საიდან გაქვს ეს ჟურნალები? სად ვიპოვო ეს ხალხი?“
წაკითხულმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა ჩემს ცოლს ცოტა არ იყოს შეეშინდა, და ვერ მიხვდა, რატომ დავინტერესდი ამ ხალხით. იმ ღამით ერთ მოწმეს დავურეკეთ და გავიგეთ, სად და როდის ტარდებოდა კრების შეხვედრები. მეორე დღეს კრებაზე წავედით. გავოცდი, ისე თბილად მიგვიღეს. ვერ წარმომედგინა, ასეთ ხალხს თუ სადმე შევხვდებოდი. ყველასგან განსხვავებულები იყვნენ. შეხვედრის მსვლელობის დროს კითხვა გამიჩნდა, ვერ მოვითმინე, მაშინვე ავიწიე ხელი და დავსვი. უხუცესები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ, როცა მიხვდნენ, რომ მხოლოდ ის მაინტერესებდა, რა მომეთხოვებოდა, იეჰოვას მოწმე რომ გავმხდარიყავი, შვებით ამოისუნთქეს.
იმავე დღეს დავიწყე ბიბლიის შესწავლა. ბევრი თვისება მქონდა შესაცვლელი. პირველ რიგში, მოწევისთვის უნდა დამენებებინა თავი და ჩემს ძველ მეგობრებთან უნდა გამეწყვიტა კავშირი. ლოცვა და კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება დამეხმარა, რომ მომენანიებინა და ახალი პიროვნებით შევმოსილიყავი. ჭეშმარიტებამ საოცარი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებასა და ჩემს ოჯახზე. ამჟამად მე და ჩემი მეუღლე პიონერებად ვმსახურობთ. 2006 წელს მომსახურე გავხდი. მიხარია, რომ დღეს მე ვუხსნი სხვას უბედურებების არსებობის მიზეზს, და მალე როგორ მოაგვარებს იეჰოვა ყველა პრობლემას.
[ჩარჩო⁄სურათი 249, 250 გვერდებზე]
„თითქოს იეჰოვა აბრმავებდათ“
იანეზ ნოვაკი
დაიბადა: 1964 წელს
მოინათლა: 1983 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: რწმენის გამო სამი წელი გაატარა ციხეში; დღეს სლოვენიის ფილიალის კომიტეტის წევრია.
სამხედრო სამსახურში არაერთხელ გამომიძახეს 1984 წლის დეკემბერში. ერთხელაც კარზე უწყება დამხვდა გამოკრული, რომ თუ კომისარიატში არ გამოვცხადდებოდი, პოლიცია ძალით წამიყვანდა. ჩემი პოზიციის ასახსნელად კომისარიატში წასვლა გადავწყვიტე. ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ოფიცრებმა ჯარში ჩემი ძალით წაყვანა განიზრახეს. თავი გადამპარსეს, სამოქალაქო ტანსაცმელი გამხადეს და ჯარისკაცის ფორმის ჩაცმა მიბრძანეს. უარი რომ ვთქვი, ძალით ჩამაცვეს. ხელში კალამი მომაჩეჩეს და ჯარში მსახურებაზე ხელის მოწერას მაიძულებდნენ. ამჯერადაც უარი განვაცხადე.
უარი განვაცხადე საწვრთნელ ვარჯიშებში მონაწილეობის მიღებასა და დროშისთვის სალმის მიცემაზეც. ოთხმა ჯარისკაცმა ეზოში გამიყვანა და ვარჯიშის დაწყება მიბრძანა, ხელიც არ ამიწევია. მანამდე ცდილობდნენ, ძალით აეწევინებინათ ჩემთვის ხელები, სანამ არ მიხვდნენ, რომ სასაცილო მდგომარეობაში იგდებდნენ თავს. მერე იარაღი დამიმიზნეს და მოკვლით დამემუქრნენ. გულის მოსაგებად ყავასა და ნამცხვარსაც კი მთავაზობდნენ.
ზოგი თანაგრძნობით განეწყო ჩემ მიმართ, მტკიცე პოზიციას რომ ვიცავდი, ზოგი კი — პირიქით. ერთხელ ცხვირთან მარშალ ტიტოს სურათი მომიტანეს და მიბრძანეს, შემეფურთხებინა. მე უარი ვთქვი. ამან ოფიცრები მდგომარეობიდან გამოიყვანა. ორიოდე დღის შემდეგ იარაღის ტარება მომთხოვეს. მე ამჯერადაც მტკიცედ დავიცავი ჩემი პოზიცია. ეს სამხედრო კანონის დარღვევად ჩამითვალეს, რის გამოც ერთი თვით დამაპატიმრეს. მერე რამდენიმე კვირით ზაგრების (ხორვატია) ციხეში გადამიყვანეს, სადაც განაჩენს ველოდი. საკანში მთელი ღამე წითელ შუქს ტოვებდნენ, და ტუალეტში გასვლის ნებას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მრთავდა ზედამხედველი, თუ კარგ გუნებაზე იყო.
ბოლოს გამასამართლეს, სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს და ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულ გოლი ოტოკის ციხეში გადამიყვანეს, სადაც ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. ხელებზე ბორკილდადებული სასტიკი დამნაშავეების გვერდით დამსვეს. იქ ოთხ მოწმეს შევხვდი, რომლებიც ჩემსავით ნეიტრალიტეტის გამო იხდიდნენ სასჯელს.
აკრძალული გვქონდა ციხეში ბიბლიისა და სხვა ლიტერატურის შეტანა. მაგრამ როგორღაც იქ ერთი ბიბლია უკვე იყო. ჩემი ოჯახის წევრები სავსე ყუთს მიგზავნიდნენ ხოლმე, „საგუშაგო კოშკის“ ჟურნალებს კი მის ძირში მალავდნენ. მცველებს არასდროს შეუნიშნავთ ჩვენი ლიტერატურა; მათ არც ის იცოდნენ, რომ ციხეში ქრისტიანულ შეხვედრებს ვატარებდით. ზოგჯერ, როცა მცველები შემოდიოდნენ, ლიტერატურა პირდაპირ მათ თვალწინ ეწყო, მაგრამ ვერ ხედავდნენ, თითქოს იეჰოვა აბრმავებდათ.
ერთი წლის მერე სლოვენიის ციხეში გადამიყვანეს. მაშინ დავქორწინდი რაჰელაზე. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მეუღლესთან ერთად პიონერად დავიწყე მსახურება. 1993 წლიდან ორივე სლოვენიის ბეთელში ვმსახურობთ.
[ცხრილი⁄დიაგრამა 244, 245 გვერდებზე]
დროის დიაგრამა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
20-იანი წლები — მარიბორში (სლოვენია) ჩამოყალიბდა ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი.
30-იანი წლები — გერმანულენოვანი პიონერები იუგოსლავიაში გაგზავნეს.
1935 წელი — ბელგრადში (სერბია) ფუნქციონირება დაიწყო ფილიალმა, რომელიც სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა.
1940
1941 წელი — გერმანელთა ჯარებმა იუგოსლავია აიღეს. დაიწყო ინტენსიური დევნა.
1950
1953 წელი — იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია კანონიერად აღიარეს, თუმცა კარდაკარ ქადაგება კვლავაც შეზღუდული იყო.
1960
1969 წელი — ნიურნბერგში (გერმანია) სტადიონზე საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა.
1970
1991 წელი — ზაგრებში (ხორვატია) პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ხორვატიაში პირველად ჩავიდნენ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები. სლოვენიაში გაიხსნა ოფისი, რომელსაც ზედამხედველობას ავსტრიის ფილიალი უწევდა. დაიწყო ომი.
1993 წელი — მაკედონიაში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია რეგისტრაციაში გაატარეს.
1994 წელი — სლოვენიაში შეიქმნა საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი.
2000
2003 წელი — ხორვატიაში კანონიერად აღიარეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია. მაკედონიაში ბეთელის მიძღვნის პროგრამა ჩატარდა.
2004 წელი — სლოვენურ ენაზე გამოვიდა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
2006 წელი — სლოვენიაში ფილიალის მიძღვნის პროგრამა ჩატარდა. ხორვატულ, სერბულ და მაკედონურ ენებზე სრულად გამოვიდა „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ბელგრადში (სერბია) ჩინური ჯგუფი ჩამოყალიბდა.
2007 წელი — მაკედონიაში პირველად წარმოითქვა მოხსენება ბოშურ ენაზე. ამავე ენაზე გამოიცა პირველი პუბლიკაცია.
[სქემა]
(იხილეთ პუბლიკაცია)
მაუწყებელთა საერთო რაოდენობა
პიონერთა საერთო რაოდენობა
14000
10500
7000
3500
1940 1950 1960 1970 1990 2000 2010
[რუკები 147 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ჩეხეთი
ავსტრია
ვენა
სლოვაკეთი
ბრატისლავა
უნგრეთი
ბუდაპეშტი
რუმინეთი
ბულგარეთი
საბერძნეთი
ალბანეთი
ტირანა
იონიის ზღვა
იტალია
ადრიატიკის ზღვა
ყოფილი იუგოსლავია
სლოვენია
ლიუბლიანა
მარიბორი
კამნიკი
ზაგრები
სლავონია
ოსიეკი
ვუკოვარი
ვინკოვცი
პრივლაკა
იასენოვაცი
შიბენიკი
სპლიტი
დალმატიის სანაპირო
გოლი-ოტოკი
პაგი
კორნატი
ზლარინი
კრაპანი
ჰვარი
კორჩულა
ბოსნია და ჰერცეგოვინა
სარაევო
ბიჰაჩი
ბანია-ლუკა
ტუზლა
ტრავნიკი
ზენიცა
ვარეში
მოსტარი
სერბია
ბელგრადი
ვოევოდინა
ბორი
მონტენეგრო
პოდგორიცა
ნიკშიჩი
ჰერცეგ ნოვი
ტარა
სკუტარის ტბა
კოსოვო
სკოპიე
ტეტოვო
კოჩანი
შტიპი
კიჩევო
სტრუმიცა
რეზენი
შენიშვნა: „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ ცნობით „კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა [2008 წლის] თებერვალში გამოაცხადა“. კოსოვოს პოლიტიკურ სტატუსის თაობაზე წამოჭრილი საკითხების გარკვევა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „საერთაშორისო სასამართლოს მიანდო“.
[გვერდი 142 დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 145 გვერდზე]
ფრანც ბრანდი
[სურათები 146 გვერდზე]
რუდოლფ კალე და მისი საბეჭდი მანქანა
[სურათი 149 გვერდზე]
სლოვენიაში დაქირავებული სატვირთო მანქანით ქადაგება
[სურათი 154 გვერდზე]
პირველი პიონერები არაერთ სირთულეს ხვდებოდნენ
[სურათი 157 გვერდზე]
ალფრედ და ფრიდა ტუჩაკები ველოსიპედებით
[სურათი 158 გვერდზე]
რუდოლფ კალე ბელგრადის (სერბია) ბეთელის წინ
[სურათები 168 გვერდზე]
ფრანკ დროზგი და მისი წერილის ასლი
[სურათი 180 გვერდზე]
მარჯვნივ: საჯინიბო, რომელიც სამეფო დარბაზად გადაკეთდა, ლიუბლიანა (სლოვენია)
[სურათი 180 გვერდზე]
ქვემოთ: ერთ-ერთი პირველი სამეფო დარბაზი ზაგრებში (ხორვატია)
[სურათი 182 გვერდზე]
სტოიან ბოგატინოვი
[სურათები 184, 185 გვერდებზე]
უკან: საერთაშორისო კონგრესი „მშვიდობა დედამიწაზე“, 1969 წელი, ნიურნბერგი (გერმანია); მარცხნივ: იუგოსლავიიდან კონგრესზე მიმავალი მატარებელი; მარჯვნივ: ნეითან ნორი
[სურათი 188 გვერდზე]
ჯიურო ლანდიჩი
[სურათები 192 გვერდზე]
მილტონ ჰენშელი მოხსენებას კითხულობს; ნათლობა საერთაშორისო კონგრესზე „ღვთიური თავისუფლების მოყვარულნი“, ზაგრები (ხორვატია), 1991 წელი
[სურათი 197 გვერდზე]
ლილიანა თავის ქალიშვილებთან ერთად
[სურათები 199 გვერდზე]
ჰუმანიტარული დახმარება ავსტრიიდან სატვირთო მანქანით შედის
[სურათი 200 გვერდზე]
ჯორემების ოჯახი, 1991 წელი
[სურათი 204 გვერდზე]
ნათლობა კასრში, ზენიცა, 1994 წელი
[სურათები 209 გვერდზე]
ჰუმანიტარული ტვირთის საწყობი ზაგრებში
[სურათი 215 გვერდზე]
ელკე და ჰაინც პოლაკები
[სურათები 216 გვერდზე]
ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრები, და ფილიალის შენობა
[სურათი 228 გვერდზე]
ბოსნიაში ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთ
[სურათები 233 გვერდზე]
სერბიის ქვეყნის კომიტეტის წევრები და ბეთელის შენობები ბელგრადში
[სურათი 235 გვერდზე]
სალიუ აბაზი
[სურათები 243 გვერდზე]
ქადაგება პოდგორიცაში; პოდგორიცას სამეფო დარბაზი
[სურათი 247 გვერდზე]
ძველი ქალაქი პირანი, სლოვენია
[სურათი 251 გვერდზე]
ყოფილი ფილიალი ლიუბლიანაში, სლოვენია, 2002 წელი
[სურათი 253 გვერდზე]
ფილიალი კამნიკში, სლოვენია, 2006 წელი
[სურათი 254 გვერდზე]
სლოვენიის ფილიალის კომიტეტის წევრები