წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან
ძვირფასო თანამორწმუნენო,
გვახარებს, თქვენთვის წერილის მოწერის შესაძლებლობა რომ მოგვეცა! მოციქულ იოანეს გულწრფელად უყვარდა თანამორწმუნეები და ხარობდა, რომ ჭეშმარიტებაში დადიოდნენ; ჩვენც იმავეს ვგრძნობთ თქვენ მიმართ (2 იოან. 1, 4). ჭეშმარიტება მართლაც უძვირფასესია თითოეული ჩვენგანისთვის! ჭეშმარიტებამ გაგვათავისუფლა დიდი ბაბილონისგან, მისი მოძღვრებების ზეგავლენისა და ღვთის შეურაცხმყოფელი ადათ-წესებისგან. ღვთის მორჩილება გვეხმარება მოსიყვარულე, კეთილი და გულმოწყალე ადამიანები ვიყოთ. ჭეშმარიტების წყალობით ღვთის კეთილგანწყობა და მარადიული სიცოცხლის იმედი გვაქვს.
მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა ყოველდღიურად გვხელმძღვანელობს და გვაძლიერებს წმინდა სულით. დარწმუნებულნი ვართ, რომ გასული წლის საოლქო კონგრესზე — დევიზით „მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“ — გაგამხნევათ იმის განხილვამ, თუ როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა წმინდა სულით. რაც უფრო უარესდება მსოფლიოში მდგომარეობა, მით უფრო აუცილებელია იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობაზე მინდობა, რათა მზად ვიყოთ მნიშვნელოვან მოვლენებთან შესახვედრად.
უეჭველია, გაგამხნევათ წელიწდეულში ჩაწერილმა ამაღელვებელმა შემთხვევებმა. წელიწდეულში მოთხრობილი იყო ძმებზე, რომლებსაც რწმენის გამო ბევრი განსაცდელის გადატანა მოუწიათ. როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, როცა სირთულეებმა იჩინა თავი, ზოგი მათგანი ახალი მონათლული იყო, ზოგი მონათლულიც კი არ ყოფილა. მათმა ერთგულებამ და სამართლიანი პრინციპების დასაცავად მათმა თავგანწირვამ ძალიან შეგვაყვარა ისინი. მათი შესანიშნავი მაგალითი ძალას გვმატებს, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ღვთის სამეფოს ერთგულები ვიყოთ (1 თეს. 1:6—8).
საყვარელო და-ძმებო, ვიცით, რომ მაქსიმალურად ცდილობთ ოჯახში სიყვარულისა და ერთიანობის შენარჩუნებას; გიწევთ ეკონომიკურ პრობლემებთან და უამრავ სხვა სირთულესთან გამკლავება; ზოგ თქვენგანს დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება სამეფოს შესახებ რეგულარულად ქადაგება და კრების შეხვედრებზე დასწრება. ბევრი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ცვლილებების შეტანა კრების შეხვედრების განრიგში, რაც 2009 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები ხელს შეგიწყობთ, მეტი დრო დაუთმოთ პირად და ოჯახურ შესწავლას.
სასიხარულო იყო, რომ გასული წლის განმავლობაში ჩატარებულ კონგრესებზე მრავალი მოინათლა, მათ შორის ბევრი მოზარდი იყო. მშობლებო, ქებას იმსახურებთ, რომ შვილებს ჭეშმარიტების სიყვარული გაუღვივეთ და იეჰოვასთვის ახალგაზრდობიდანვე მსახურების სურვილი ჩაუსახეთ. სკოლაში უამრავი სირთულის მიუხედავად, ჩვენი ახალგაზრდები სულიერად გაიზარდნენ და მოინათლნენ, რაც მათ კარგ აღზრდაზე მეტყველებს (ფსალმ. 128:1—6).
გვახარებს ბიბლიის შესწავლების რიცხვის ზრდა, რაშიც გულმოდგინე მისიონერებსა და სპეციალურ პიონერებს დიდი წვლილი შეაქვთ. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები დიდად ვაფასებთ ჩვენი და-ძმების მნიშვნელოვან როლს სამქადაგებლო საქმიანობაში. ისინი გულწრფელ ადამიანებს ეუბნებიან „მოდი!“ და ყველა მწყურვალს უსასყიდლოდ სთავაზობენ „სიცოცხლის წყალს“ (გამოცხ. 22:17). გვსურს, გულითადად მივესალმოთ 289 678 და-ძმას, რომლებიც გასული წლის განმავლობაში მიძღვნის ნიშნად მოინათლნენ და მსოფლიო საძმოს წევრები გახდნენ!
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მოციქული იოანეს სიტყვები: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:17). მართლაც, ეს ქვეყნიერება თავის არსებობის ბოლო წუთებს ითვლის. გონივრულია, ძალ-ღონე არ დავიშუროთ ღვთის ნების შესასრულებლად და ყოველთვის ვიფხიზლოთ (მათ. 24:42). ამგვარი ცხოვრების კურსი არასდროს გაგვაწბილებს და რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას სიკეთეს მოგვიტანს (ეს. 63:7).
ვიმედოვნებთ, რომ ამ წელიწდეულში ჩაწერილი შემთხვევები ძალას შეგმატებთ, რომ სამეფოს ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენოთ. გარწმუნებთ, ყოველთვის ვფიქრობთ და ვლოცულობთ თქვენზე! ძალიან გვიყვარხართ! დიდად გაკურთხოთ იეჰოვამ!
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო