წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან
ძვირფასო და-ძმებო,
გვიხარია, რომ გწერთ შვიდ მილიონზე მეტ ძვირფას და ერთგულ იეჰოვას მსახურს. სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამორწმუნესთან შეხვედრისას მის მიმართ მაშინვე სიყვარულით განვიმსჭვალებით ხოლმე (იოან. 13:34, 35). დარწმუნებული ვართ, რომ ამ „წელიწდეულში“ თქვენი და-ძმების რწმენისა და ერთგულების საინტერესო შემთხვევების წაკითხვისას იგივე გრძნობა დაგეუფლებათ.
მსოფლიოდან მიღებული ანგარიშები იმაზე მეტყველებს, რომ უმრავლესობა თქვენგანი ოჯახური თაყვანისცემის პროგრამას სერიოზულად ეკიდება. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებო, თქვენ დიდ საზრიანობას იჩენთ და სხვადასხვა ხერხს მიმართავთ თქვენი პატარების დასაინტერესებლად (ეფეს. 6:4). სულიერი საზრდოს ერთად მიღება ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობას განამტკიცებს (ეფეს. 5:28—33). უდავოა, რომ ოჯახური თაყვანისცემის დროს ღვთის სიტყვის ძირფესვიანად შესწავლას დაუქორწინებლებისა თუ ოჯახებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს (იეს. 1:8, 9).
გითანაგრძნობთ ყველას, ვინც ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიური უბედურებების დროს დიდი დანაკარგი განიცადეთ. ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაზარალებულებს განსაცდელის დროს უყოყმანოდ გაუწოდა დახმარების ხელი (საქ. 11:28—30; გალ. 6:9, 10). ამასთანავე, თითოეულ კრებაში ხართ ისეთი გულისხმიერი და-ძმები, რომლებიც ამჩნევთ ძმების ეკონომიკურ გაჭირვებას და უსიტყვოდ ეხმარებით. ძველ დროში მცხოვრები ქურციკის მსგავსად, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ და მოწყალებასაც უხვად გასცემთ (საქ. 9:36). დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ხედავს ამას და სანაცვლოს მოგიზღავთ (მათ. 6:3, 4).
ზოგიერთ ქვეყანაში თქვენს უფლებებს ფეხქვეშ თელავენ ისინი, ვინც კანონებით მანიპულირებენ, რათა სირთულეები შექმნან დადგენილებით (ფსალმ. 94:20—22). თქვენ უშიშრად იტანთ ამ ყველაფერს და იეჰოვასთან ეძებთ თავშესაფარს, რადგან იცით, რომ დევნის შესახებ იესომ იწინასწარმეტყველა (იოან. 15:19, 20). დარწმუნებული იყავით, რომ ყოველთვის გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში, როცა დამცველებად გამოდიხართ „ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ“ (1 პეტ. 3:13—15).
გვინდა, მთელი გულით შეგაქოთ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სატანა პირდაპირ იერიშზე გადმოდის, რათა უზნეობა ჩაგადენინოთ და ამისთვის მზაკვრულ მეთოდებს იყენებს. მაშინ როცა მსოფლიოში ზნეობრივი ნორმები სულ უფრო და უფრო ეცემა, თქვენ ძლიერდებით უფალში და მის ძლევამოსილებაში (ეფეს. 6:10). თქვენ „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით“, ამიტომ მტკიცედ უწევთ წინააღმდეგობას „ეშმაკის ხრიკებს“ (ეფეს. 6:11, 12). იცოდეთ, იეჰოვა თქვენი მეშვეობით პასუხს სცემს თავის დამცინავს, სატანას! (იგავ. 27:11).
ძალიან გაგვიხარდა, რომ 2011 წელს ჩვენი უფლის სიკვდილის გახსენების საღამოს დაესწრო 19 374 737. დამსწრეთა ეს შთამბეჭდავი რიცხვი ნაწილობრივ იმის დამსახურებაა, რომ გასული წლის აპრილში ძალიან ბევრმა იმსახურეთ დამხმარე პიონერად. ერთგული მოწმეებისგან მთელი დედამიწის ზურგზე მილიონებმა მოისმინეს იეჰოვას განდიდების ხმა (რომ. 10:18). იმ თვეში 2 657 377 დამხმარე პიონერს შორის იყავით თუ ჩვეულებრივზე მეტი იმსახურეთ, თითოეულმა თქვენგანმა მზადყოფნის სულითა და გულმოდგინე შრომით ძალიან გაგვახარეთ (ფსალმ. 110:3; კოლ. 3:23).
გასულ წელს 263 131-მა მიუძღვნა თავი იეჰოვას და მოინათლა. ვმადლობთ იეჰოვას ამისთვის და გმადლობთ თქვენ, რომ ჩვენთან ერთად იწვევთ სხვებს: «„მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხ. 22:17). 2011 წელს საოლქო კონგრესზე ღვთის დამყარებული სამეფოს სხვადასხვა ასპექტის განხილვის შემდეგ უფრო მეტი გრძნობით ვამბობთ: „მოვიდეს ღვთის სამეფო!“. იესოს დაპირება „მალე მოვალ“, აღგვძრავს, მთელი გულით შევუერთდეთ იოანე მოციქულს და ვთქვათ: „ამინ! მოდი, უფალო იესო“ (გამოცხ. 22:20).
ძვირფასო და-ძმებო, ვიდრე ამ აღმაფრთოვანებელ მოვლენას ელოდებით, გვინდა თითოეული თქვენგანი, ვინც იეჰოვასადმი სიყვარულს „საქმითა და ჭეშმარიტებით“ ამტკიცებთ, ჩვენს გულწრფელ სიყვარულში დაგარწმუნოთ (1 იოან. 3:18).
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო