ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
დიდი ხნის წინათ იოანე მოციქულმა წინასწარმეტყველურ ხილვაში ნახა უამრავი ხალხი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“. ესენი „დიდ გასაჭირს“ გადარჩენილები არიან, რომლებმაც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში უნდა იცხოვრონ (გამოცხ. 7:9, 14). ციფრები და შემთხვევები, რომლებსაც მომდევნო გვერდებზე გაეცნობით, არა მხოლოდ უამრავი ხალხის შეკრებას ცხადყოფს, არამედ იმასაც, რომ დღეს ამ ხალხის რიცხვი ისე იზრდება, როგორც არასდროს. განა არ გიძლიერებთ ეს იეჰოვას დაპირებებისადმი რწმენას?
აფრიკა
ქვეყნები 57
მოსახლეობა 949 533 064
მაუწყებლები 1 267 314
ბიბლიის შესწავლები 2 819 310
წერილმა მას ნუგეში მოჰგვარა. აირისი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობს და სამძიმრის წერილებს სწერს გარდაცვლილების ახლობლებს. ის წერილთან ერთად კონვერტში დებს ტრაქტატებს: „მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაჰბარდება!“ და „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“. ამას წინათ აირისმა სამადლობელი წერილი მიიღო სიდნეისგან, რომელსაც ცოლი 38-წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ დაეღუპა. ის წერდა: „ექიმებისგან ვიცოდი, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლე დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ მისმა სიკვდილმა ძალიან გამამწარა, თავზარი დამცა, გული მომიკლა და გაურკვევლობის გრძნობა დამიტოვა. მადლობას ვუხდი უფალს, რომ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ. თქვენ დროსა და ენერგიას ხარჯავთ, რომ სრულიად უცხო ხალხს ღვთის დაპირებების შესახებ ესაუბროთ, რაც უაღრესად კეთილშობილური საქმეა. გულში საუნჯესავით შევინახავ მძიმე წუთებისთვის იმას, რაც პირადად გამიზიარეთ. თქვენი წერილისა და ტრაქტატების წაკითხვის შემდეგ სულის სიმშვიდე ვიგრძენი და ბევრი რამ გავიგე“.
მან აბორტი არ გაიკეთა. გლორია, ახალგაზრდა და ბენინიდან უნივერსიტეტის სტუდენტთან, არნოსთან ქადაგებდა, როცა არნოს მობილურმა დარეკა. ბიჭმა მოიბოდიშა და თქვა, რომ მის მეგობარს დახმარება სჭირდებოდა და უნდა წასულიყო. გლორიამ უმალ ამოიღო ჩანთიდან პირველივე ჟურნალი, რაც ხელში მოხვდა, და მისცა. არნომ ისე გამოართვა, რომ გარეკანზე არც კი დაუხედავს და წავიდა.
ზარი არნოს მეგობრისგან იყო, რომელმაც უთხრა, რომ მისი შეყვარებული ფეხმძიმედ იყო და ფიქრობდა, რომ აბორტს გააკეთებინებდა. მეგობართან მისვლამდე არნომ ჟურნალს დახედა. «თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ჟურნალის გარეკანზე სიტყვა „აბორტი“ წავიკითხე», — თქვა მან მოგვიანებით. გლორიას მისთვის მიუცია 2009 წლის ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ი სათაურით „აბორტი — გავიკეთო თუ არა?“. ჟურნალის წაკითხვის შემდეგ არნოს მეგობარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აბორტი გამოსავალი არ იყო. მოგვიანებით ახალგაზრდა ქალს მშვენიერი გოგონა შეეძინა.
მას ექიმბაშთან ქადაგების არ შეშინებია. კინგი პიონერია. ის გადავიდა ზიმბაბვეში, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. რამდენიმე დასთან ერთად ქადაგებისას კინგი ერთი ცნობილი ექიმბაშის სახლს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ დები თავს იკავებდნენ ამ ქალთან საუბრისგან, კინგმა გადაწყვიტა, მისთვის ბიბლიის შესწავლა შეეთავაზებინა. მაუწყებლები რომ შენიშნა, ექიმბაშმა იფიქრა, ჩემი კლიენტები არიანო და მისვლის მიზეზი ჰკითხა. კინგმა მას აჩვენა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. ქალი დათანხმდა. „გაკვირვებულები ვიყავით, იმდენი კითხვა ჰქონდა, ამიტომ მასთან განმეორებითი მონახულება და შესწავლის დაწყება დავგეგმეთ“, — თქვა კინგმა. სამი კვირის შემდეგ მათ ექიმბაში კრების შეხვედრაზე მიიწვიეს. ის მივიდა. ქალმა ყველა სპირიტული ნივთი გაანადგურა, სულიერად სწრაფად გაიზარდა და რამდენიმე თვის შემდეგ მოინათლა.
„გთხოვთ, ილოცეთ, რომ ჩემთან მოვიდნენ“. ათი წლის წინათ პატრიკი ანგოლიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა. ის თავის დედას, ფელისიდადეს ტელეფონით უკავშირდებოდა. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ დედა-შვილმა ერთმანეთი ინტერნეტვიდეოკავშირის მეშვეობით ნახა. საუბრის დროს შვილმა დედის ოთახში ქალი შენიშნა და იკითხა, ვინ იყო ის. ფელისიდადემ, რომელიც იეჰოვას მოწმეა, უთხრა: „ეს თანამორწმუნეა ჩემი კრებიდან, ჩემ სანახავად მოვიდა“.
პატრიკმა ჰკითხა: „ჩემთან რატომ არ მოდიან მოწმეები? უკვე ათი წელია აქ ვარ და ერთხელაც არ მოსულან. გთხოვთ, ილოცეთ, რომ ჩემთან მოვიდნენ“.
ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა ფელისიდადემ და მასთან მყოფმა დამ მიუგეს: „კარგი, ვილოცებთ“.
ზუსტად სამ დღეში პატრიკის კარს იეჰოვას მოწმეები მიადგნენ. გაოგნებული პატრიკი დედას დაუკავშირდა და ჰკითხა, მისი ხელი ხომ არ ერია ამ საქმეში. აღმოჩნდა, რომ დედა არაფერ შუაში იყო. პატრიკი მიხვდა, რომ ეს ღვთის პასუხი იყო ლოცვაზე და ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. მან მაშინვე დაიწყო კრების ყველა შეხვედრაზე სიარული. როცა მომდევნო ჯერზე დედას დაუკავშირდა, ამაყად უჩვენა წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“ ის თავი, რომელსაც სწავლობდა. პატრიკმა ისიც უთხრა, რომ კრების შეხვედრებზე დასასწრებად კოსტიუმი შეიძინა.
მისმა თხოვნამ საგონებელში ჩააგდო ისინი. 2010 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზავილში საოლქო კონგრესის პირველ დღეს ერთმა ახალგაზრდამ, სახელად ედვარდმა, ნათლობის სურვილი გამოთქვა. კითხვაზე, რომელი კრებიდან იყო, მან მიუგო: „მოსაკადან“. ვინაიდან ამ შორეულ სოფელში მოწმეები არ იყვნენ, ძმები ვერ მიხვდნენ, საიდან უნდა გასჩენოდა მას ნათლობის სურვილი.
ედვარდმა უხუცესებს აუხსნა, რომ 2007 წელს ბრაზავილში პაპამ შეასწავლა მას ბროშურა „რას მოითხოვს“ და 14 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“. ამის შემდეგ ედვარდი მოსაკაში გადავიდა საცხოვრებლად მშობლებთან. რადგან სოფელში მოწმეები არ იყვნენ, ედვარდმა მამას სთხოვა, დახმარებოდა წიგნის დარჩენილი თავების შესწავლაში. მამა კითხვებს უსვამდა, ედვარდი კი პასუხობდა. ასე მან მთელი წიგნი შეისწავლა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ ჭეშმარიტება უნდა ექადაგა. ამგვარად, 2009 წლის ოქტომბერში მარტომ დაიწყო ქადაგება მოსაკაში ბროშურით „რას მოითხოვს“. მსახურებაში გატარებულ დროს იწერდა და რეგულარულად უგზავნიდა პაპას ბრაზავილში. მაგრამ პაპამისს არასოდეს გაუგზავნია კრებისთვის მისი ანგარიში.
მოგვიანებით ფილიალმა სამი თვით დროებითი სპეციალური პიონერები გაგზავნა მოსაკაში ისე, რომ ედვარდის შესახებ არაფერი იცოდნენ. მოსაკას დატოვებამდე ორი დღე ჰქონდათ დარჩენილი, როცა ერთ-ერთმა დროებითმა სპეცპიონერმა დანიელმა დაინახა ედვარდი, რომელიც ბიბლიას ასწავლიდა ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. დანიელი მივიდა მასთან და გამოელაპარაკა. ედვარდმა უთხრა: „მე ვქადაგებ. მაუწყებელი ვარ. თუ გინდა, მამაჩემს ჰკითხე!“. დანიელი შეხვდა ედვარდის მამას, რომელმაც შვილის ნათქვამი დაადასტურა. დროებითი სპეციალური პიონერები იმ დარჩენილი ორი დღის მანძილზე ედვარდს მსახურებას ასწავლიდნენ. მათი წასვლის შემდეგ ის განახლებული ენთუზიაზმით შეუდგა ქადაგებას და ათზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდა. ამასთან, მან თავი მიუძღვნა იეჰოვას.
ამ ინფორმაციის საფუძველზე ზემოხსენებული კონგრესის პარასკევ დღეს ორი უხუცესი შეხვდა ედვარდს. მათ ერთად განიხილეს კითხვები მოუნათლავი მაუწყებლობის მსურველთათვის. მისმა ბრწყინვალე პასუხებმა ძმები სახტად დატოვა. უხუცესებმა სპეციალური პიონერებისგან გაიგეს, რომ ედვარდის ყოფაქცევა სანიმუშო იყო და ცხრა თვის მანძილზე არაოფიციალურად უკვე ქადაგებდა. ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ვინაიდან ლინგალაენოვანი საოლქო კონგრესი მომდევნო შაბათ-კვირას უნდა ჩატარებულიყო, უხუცესებმა ისე დაგეგმეს, რომ იმ კვირის მანძილზე ედვარდთან განეხილათ კითხვები მონათვლის მსურველთათვის. მისი პასუხებიდან გამოჩნდა ჭეშმარიტების კარგი ცოდნა და ის 2010 წლის ივლისში ლინგალაენოვან კონგრესზე მოინათლა. ამრიგად, მოუნათლავ მაუწყებლად გახდომიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე უხუცესებმა გამოაცხადეს, რომ ედვარდი უკვე მონათლული ძმა იყო.
მონათვლის შემდეგ ედვარდი ორ თვეს დამხმარე პიონერად მსახურობდა ბრაზავილში. უხუცესების დახმარებით მან შეისწავლა წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“ და შემდეგ მოსაკაში დაბრუნდა. იმ დროს სოფელში ერთი სპეციალური პიონერი დანიშნეს. აპრილში ედვარდმა, რომელიც მაშინ დამხმარე პიონერად მსახურობდა, და სპეციალურმა პიონერმა გახსენების საღამოზე გულთბილად მიიღეს 182 დაინტერესებული. ედვარდი 16 ბიბლიის შესწავლას ატარებს. შემსწავლელთაგან 7 ესწრება კრების შეხვედრებს, რომლებსაც ორად ორი ძმა ატარებს. 2011 წელს ედვარდი 15 წლისა იყო.
ამერიკა
ქვეყნები 55
მოსახლეობა 941 265 091
მაუწყებლები 3 780 288
ბიბლიის შესწავლები 4 139 793
„შემთხვევითი არ იყო, რომ თქვენი ნომერი ავკრიფე“. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჩვენი და, სენდი სახლში იყო, როცა ტელეფონმა დარეკა. რეკავდა ქალბატონი, რომელმაც სენდისთვის უცნობი ადამიანი იკითხა. სენდიმ უთხრა, რომ ნომერი შეეშალა. ქალბატონს სუსტი მხედველობა ჰქონია და ხანდახან ნომერს არასწორად კრეფდა. საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ვაჟთან დაკავშირებას ცდილობდა, რათა ცუდი ამბავი ეცნობებინა. ექიმებს მისთვის კიბოს დიაგნოზი დაუსვამთ. ქალი განადგურებული იყო და თავის უბედურებაში ღმერთს ადანაშაულებდა. სენდი იმწამსვე მიხვდა, რომ ქალისთვის ბიბლიური ცნობა უნდა გაეზიარებინა. მან გულში სთხოვა იეჰოვას გამბედაობა და რამდენიმე მანუგეშებელი და დამაიმედებელი მუხლი წაუკითხა. სენდიმ უთხრა, რომ ღმერთს აქვს სახელი და ურჩია, ეს სახელი თავის ლოცვებში მოეხსენიებინა, ამასთანავე კონკრეტულ საკითხებზე ელოცა. ქალბატონმა მადლობა გადაუხადა სენდის მოსმენისა და თანადგომისთვის და უთხრა: „შემთხვევითი არ იყო, რომ თქვენი ნომერი ავკრიფე“.
საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის შემდეგ სენდიმ ქალბატონს გაუგზავნა აუდიოჩანაწერი წიგნისა „რას გვასწავლის ბიბლია?“ და იზრუნა, რომ ამ ქალთან ახლოს მცხოვრებ პიონერ დას მოენახულებინა ის. სენდიმ თქვა: „მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ გვასწავლის, როგორ ვანუგეშოთ სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანები“.
ტრაქტატმა მათ კითხვას უპასუხა. პუერტო რიკოში რამდენიმე და რეგულარულად ქადაგებს დიდი სამედიცინო ცენტრის ეზოში. ერთხელ ერთ-ერთმა მათგანმა საავადმყოფოსკენ მიმავალი ორი მამაკაცი გააჩერა. ვინაიდან ჩქარობდნენ, დამ მათ შესთავაზა ტრაქტატი „გაქვთ თუ არა უკვდავი სული?“. ჩვეულებრივ, ეს და ამ ტრაქტატს ქუჩაში არ სთავაზობს, მაგრამ სხვა არ ჰქონდა. მოგვიანებით ეს კაცები ერთ დას გამოელაპარაკნენ და უთხრეს, რომ როცა მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრის მოსანახულებლად მიდიოდნენ საავადმყოფოში, გზაში მსჯელობდნენ, განაგრძობდა თუ არა სული სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას და ტრაქტატიც სწორედ მაშინ მისცეს. ტრაქტატმა მათ კითხვას უპასუხა და ძალიან დაეხმარა.
წერილი იეჰოვას. შვიდი წლის ჯოშუა სკოლის მოსწავლეა შეერთებულ შტატებში. დეკემბერში მასწავლებელმა ჯოშუასა და მის კლასელებს სანტა კლაუსისთვის წერილის მიწერა დაავალა. როცა ჯოშუამ თავაზიანად თქვა უარი, მასწავლებელმა უთხრა, სხვა ვინმესთვის მიეწერა. ჯოშუამ გადაწყვიტა, წერილი იეჰოვასთვის მიეწერა. აი, რა დაწერა მან: „მადლობა, რომ სამოთხეს გვპირდები. მადლობა, რომ გყავს შვილი, რომელსაც იესო ჰქვია და რომელმაც სიცოცხლე შემოგვწირა. მადლობა, რომ ისეთი რაღაცეები შექმენი, რაც გვახარებს. იეჰოვა ღმერთო, მე შენ მიყვარხარ!“. ჯოშუას წერილი სხვა მოსწავლეების წერილებთან ერთად ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა.
ოჯახი გამოეხმაურა. კოლუმბიაში მცხოვრებ ალეჰანდროს სურდა, ოჯახის წევრებისთვის ექადაგა. მაგრამ ისინი შორს ცხოვრობდნენ. ამიტომ მან წერილი მისწერა მათ და რამდენიმე „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“-ი გაუგზავნა. როდესაც ალეჰანდროს ნათესავმა, პაბლომ ჟურნალები და მათში მითითებული ბიბლიური მუხლები წაიკითხა, მიხვდა, რომ კათოლიკური ეკლესიის სწავლებები მცდარი იყო. აღელვებულმა ინფორმაცია ოჯახის დანარჩენ წევრებს გაუზიარა, რომლებიც პაბლოს მსგავსად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჟურნალებში ჭეშმარიტება ეწერა და უარყვეს კათოლიკური რწმენა.
ცოტა ხანში ოჯახის 15-მა წევრმა დაიწყო ყოველ საღამოს შეკრება, რათა ჟურნალების დახმარებით ბიბლია შეესწავლათ. ცოდნასმოწყურებულებმა ახლომდებარე ქალაქებში მოწმეებს ძებნა დაუწყეს, მაგრამ ამაოდ. ამავე პერიოდში დაიწყეს ნასწავლის მეზობლებისთვის გაზიარება. ბოლოს, როგორც იქნა, გაიგეს, რომ მანქანით დაახლოებით ერთი საათის სავალი მანძილით დაშორებულ ქალაქში სამეფო დარბაზი იყო. ისინი მაშინვე გაეშურნენ იქ დახმარების სათხოვნელად.
ამჟამად მათ კვირაში ერთხელ აკითხავს პიონერი და ერთდროულად ასწავლის ბიბლიას ალეჰანდროს ოჯახსა და სხვა თერთმეტ დაინტერესებულს, მთლიანობაში 26 კაცს. მათ იქირავეს სატრანსპორტო საშუალება, ამიტომ ახლა მათგან უმეტესობას შეუძლია საჯარო მოხსენებასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას დაესწროს.
ამას შეცდომას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ! ეკვადორში ერთი და, რომელიც კეჩუაენოვან სოფელში ბიბლიის შესწავლას ატარებდა, ერთ დღეს ავად გახდა და თანამორწმუნეებს მის მაგივრად შესწავლის ჩატარება სთხოვა. ძმებმა არ იცოდნენ შემსწავლელის ზუსტი მისამართი, ამიტომ ერთ ოჯახს მიადგნენ და ჰკითხეს, ისინი ხომ არ სწავლობდნენ ბიბლიას. მასპინძლებმა თბილად მიიღეს, თითქოს ელოდნენ კიდეც ძმებს. მხოლოდ შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ბიბლიას მანამდე არ სწავლობდნენ. ამ ოჯახს ძალიან გაუხარდა, რომ ბიბლიის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ, ამიტომ თავი მოაჩვენეს ძმებს, ვითომ შემსწავლელები იყვნენ. ასე რომ, ახლა იმ სოფელში ახალი ბიბლიის შესწავლა ტარდება და ის შემსწავლელებიც, რომლებიც მაშინ ძმებმა ვერ იპოვეს, განაგრძობენ შესწავლას.
კექსი ქადაგების საბაბი გახდა. ქალები ექვსი წლისაა და კანადაში ცხოვრობს. სკოლაში მისვლის პირველივე დღეს მის კლასელს დაბადების დღე ჰქონდა. იუბილარი ბიჭის დედამ, ნატალიმ, კექსები მიიტანა და მთელ კლასს დაურიგა. ქალებმა ზრდილობიანად თქვა უარი კექსზე. ნატალიმ ქალებს ჰკითხა, საკვებზე ალერგია ხომ არ ჰქონდა. „არა, — უპასუხა ქალებმა, — მე იეჰოვას ვემსახურები!“.
გაკვეთილების შემდეგ ნატალი ქალების დედასთან მივიდა და ჰკითხა: „თქვენ იეჰოვას მოწმე ხომ არ ხართ?“. როცა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმე იყო, ძალიან გაუხარდა. თურმე ნატალი მოზარდობაში ბიბლიას სწავლობდა, მაგრამ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის გამო შესწავლას თავი დაანება. როდესაც ქალების დედამ ჰკითხა, ხომ არ სურდა შესწავლის განახლება, ნატალი დასთანხმდა.
ეს არ იყო უფლის ნება. ლალი, რომელიც პერუში ცხოვრობს, დაბადებიდან ყრუ-მუნჯია. როდესაც დედას ჰკითხა, რატომ დაიბადა ყრუ-მუნჯი, დედამ უპასუხა, რომ ასეთი იყო უფლის ნება. ლალი დამწუხრდა და ღმერთზე განაწყენდა. „რატომ მომექცა ღმერთი ასე ცუდად?“ — ფიქრობდა ის.
წლების შემდეგ ლალი ცოლად გაჰყვა ყრუ-მუნჯ მამაკაცს. მათი პირველი შვილი დაუნის სინდრომით დაიბადა. გამწარებულმა და გაუბედურებულმა დედას იგივე კითხვა დაუსვა: „რატომ დაიბადა ჩემი შვილი ასეთი?“. დედამისმა ლალი მღვდელთან გაგზავნა, რომელმაც იგივე უთხრა, რაც დედამ: „ასეთი იყო უფლის ნება“.
სასოწარკვეთილმა ლალიმ თქვა: „რატომ არის ღმერთი ასეთი სასტიკი? შევეგუე იმას, რომ ღმერთმა დამსაჯა და ყრუ-მუნჯი ვარ, მაგრამ ჩემმა ბიჭმა რა დააშავა?! ის ხომ სულ პატარაა! მან რა ცოდვა ჩაიდინა?!“. მას მერე ლალის ღმერთზე გაგონებაც არ სურდა. მან თავისი ეკლესია მიატოვა.
რამდენიმე წლის შემდეგ ჟესტების ენაზე მოლაპარაკე ერთი იეჰოვას მოწმე ლალის სახლის კარს მიადგა და ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. ლალიმ შესწავლაზე უარი თქვა და დასძინა, რომ ღმერთი არ სწამდა. დამ მოთმინებით აუხსნა, რომ ღმერთს, ვის შესახებაც მას არაფრის გაგონება არ სურდა, იეჰოვა ერქვა და მას სმენისა და მეტყველების დაბრუნების შესაძლებლობას აძლევდა. ლალი დაეჭვდა მის ნათქვამში და მოწმეს ამის დამტკიცება მოსთხოვა. დამ გადაშალა ბიბლია და წაუკითხა ესაიას 35:5, სადაც წერია: „ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ“. ლალი გაკვირვებული დარჩა; მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, სულიერად გაძლიერდა და მოინათლა. მისი ბიჭი ყველა შეხვედრაზე დაჰყვება და ჟესტების ენას სწავლობს. რაც დრო გადის, ლალი სულ უფრო მადლიერია ღმერთის, რომელიც მას არაჩვეულებრივ მომავალს ჰპირდება. ის დღეს პიონერად მსახურობს.
აზია და ახლო აღმოსავლეთი
ქვეყნები 47
მოსახლეობა 4 194 127 075
მაუწყებლები 664 650
ბიბლიის შესწავლები 629 729
ორი პასუხგაუცემელი შეკითხვა. ერთ აზიურ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია, 24 წლის ბიჭმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო იმ მიზნით, რომ დაემტკიცებინა მოწმეების სწავლებების სიყალბე და თავისი კათოლიკური მრწამსის სისწორე. მაგრამ მალე ახალგაზრდა დარწმუნდა, რომ იეჰოვას მოწმეები სიმართლეს ასწავლიდნენ.
როდესაც ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ ის ბიბლიას სწავლობდა, ოჯახურ შეკრებაზე დაიბარეს და აიძულებდნენ, კათოლიკურ ეკლესიას დაბრუნებოდა. ახალგაზრდა უარზე იდგა, ამიტომ ოჯახმა მთელი სანათესავო შეკრიბა სოფელში. ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად, ბიჭი დათმობაზე არ წავიდა. შემდეგ ოჯახმა მასზე მღვდელს შეატყობინა, რომელმაც ის სამრევლო საბჭოს წინაშე დააყენა. ახალგაზრდამ საბჭოს განუცხადა, რომ კათოლიკურ ეკლესიას იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ მღვდელი ორ კითხვაზე გასცემდა პასუხს: რა ჰქვია ღმერთს და რატომ აძლევს ეკლესია მრევლს სისხლის ჭამის უფლებას, როცა ბიბლია კრძალავს ამას? მღვდელმა შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა. სანაცვლოდ, ახალგაზრდას სილა გააწნა და, როგორც თვითონ თქვა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ „ეშმაკი განედევნა მისგან“. კრება ამით დასრულდა.
შემდეგ ბიჭის მშობლებმა მეგობრები შეკრიბეს, რათა აეძულებინათ ის, მარიამის ხატის წინ დაეჩოქა. მათ ისევ სცემეს ის, მაგრამ ახალგაზრდა დათმობაზე არ წასულა. შემდეგ ოჯახმა მას ლამაზი გოგონა მიუგზავნა, რომელიც ცოლად გაყოლას დაჰპირდა, თუ ეკლესიას დაუბრუნდებოდა. ახალგაზრდამ უთხრა გოგონას, რომ ეკლესიაში დაბრუნდებოდა, თუ იმავე კითხვებს უპასუხებდა, რომლებიც მანამდე მღვდელს დაუსვა. გოგონა წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბოლოს შვიდთვიანი ტერორის შემდეგ ახალგაზრდა სოფლიდან ქალაქში გაიქცა და ძმებს დაუკავშირდა. ერთი თვის შემდეგ ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, ხოლო 2011 წლის მარტში სარაიონო კონგრესზე მოინათლა.
ციხის თანამშრომელი დას იცავს. სამხრეთ კორეაში ერთი პიონერი და ციხეში მივიდა შვილის სანახავად, რომელიც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო იყო დაპატიმრებული. მოსაცდელ ოთახში დამ ტრაქტატი მიაწოდა გვერდით მჯდომ მამაკაცს. ტრაქტატის დანახვაზე კაცმა ყვირილი მორთო: „თქვე ცრუ რელიგიის მიმდევრებო, აქაც დაიწყეთ ქადაგება?!“. ამ კაცის ყვირილმა იქ მყოფი 30-40 მნახველის ყურადღება მიიქცია. ციხის თანამშრომელმა ხმამაღლა უსაყვედურა კაცს: „ეს ხალხი ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარია. სხვა ყველა რელიგია ცრუა. წლებია ვაკვირდები ამ ხალხს და ვრწმუნდები, რომ მხოლოდ ისინი ასრულებენ იმას, რასაც სწავლობენ“. ამ სიტყვებით დაადუმეს შარიანი კაცი.
წარწერებით გავსებული კედლები. ჰარინდრა სოფლიდან ნეპალის დიდ ქალაქში ოჯახის სარჩენად იყო ჩასული და უკვე ათ წელს ცხოვრობდა მარტო, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მან წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ მოწმე მას ბიბლიას ასწავლიდა ბროშურით „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“. ეს ბროშურა ნეპალურ ენაზე არ იყო, ამიტომ ისინი ინგლისურ გამოცემას იყენებდნენ. ერთ დღეს სოფლიდან ჰარინდრასთან ცოლი ჩავიდა. მას ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ქმარი ინგლისური ბროშურიდან სწავლობდა ბიბლიას. ჰარინდრამ სმასაც დაანება თავი და ცოლის ცემასაც შეეშვა. როცა ცოლმა გაიგო, რომ ეს ცვლილებები ბიბლიის შესწავლის დამსახურება იყო, თავადაც დაიწყო შესწავლა და სოფელში კრების შეხვედრებზე დასწრება. ჰარინდრას ძალიან უნდოდა, მეტი გაეგო იეჰოვას შესახებ, ამიტომ წერა-კითხვის სწავლა გადაწყვიტა. მან თავის ბიბლიის მასწავლებელს ნეპალური ანბანის ასოები ფურცლებზე დააწერინა და ოთახის კედლებზე იმდენი ფურცელი მიაკრა, რომ თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა. შემდეგ ყველა ახალი სიტყვისა და ასოების კითხვაში ვარჯიშობდა, სანამ თანდათანობით კითხვა არ ისწავლა. ბოლოს თავისი ოჯახი ქალაქში ჩაიყვანა, რათა ერთად ეცათ თაყვანი იეჰოვასთვის. ორი წლის შემდეგ ჰარინდრა მოინათლა. ახლა ის და მისი ოჯახი ერთად ესწრებიან კრების შეხვედრებს. დღეს მას ბიბლიის კითხვის დავალებას აძლევენ თეოკრატიული მსახურების სკოლაში. ის ამბობს: „იეჰოვასგან მიღებული განათლების წყალობით ჩვენი ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდა“.
მან 200 000 აშშ დოლარზეც თქვა უარი. ზარხანუმი, რომელიც აზერბაიჯანში ცხოვრობს, ძალიან იყო ჩაბმული სპირიტიზმში. 15 წლის მანძილზე ის ექსტრასენსი და მკითხავი იყო. ხალხს სჯეროდა, რომ მას ჯადოების მოხსნა და განკურნება შეეძლო. ზარხანუმს ყველა იცნობდა და მისი კლიენტებიდან ბევრი მთავრობის ხალხი და მათი ცოლები იყვნენ, რომლებიც ერთ სეანსში 2 000-დან 4 000-მდე აშშ დოლარს უხდიდნენ. ის ძალიან გამდიდრდა. სულიერ სამყაროსთან კავშირის მიუხედავად, სულიერ წყურვილს განიცდიდა და ბევრი კითხვა მოსვენებას არ აძლევდა. მას ოჯახი ჰქონდა დანგრეული და სიცოცხლის აზრს ვერ ხედავდა. ერთხელ, როცა სულგამწარებული ღმერთს გულს უღვრიდა, კაკუნის ხმა გაიგო. კარი რომ გააღო, ორმა დამ ქადაგება დაუწყო. ზარხანუმზე ძალიან იმოქმედა იმის მოსმენამ, რომ ღმერთი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა გავახაროთ. ის ბევრ მორწმუნეს იცნობდა, ვინც უღვთო საქმეებს სჩადიოდა. მან ისიც იცოდა, რომ სპირიტიზმთან კავშირი ცოდვა იყო. ზარხანუმი ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. მოგვიანებით, მან ლოცვაში იეჰოვას სახელის ხსენება დაიწყო და ლოცვებზე პასუხსაც ხედავდა. თუმცა ძველი საქმიანობისთვის თავის დანებება რთული აღმოჩნდა, რადგან დემონები გამუდმებით აწუხებდნენ და სცემდნენ კიდეც. ბოლოს იეჰოვას დახმარებით თავი დააღწია დემონებს და გაანადგურა ის ნივთები, რომლებიც სპირიტიზმსა და ცრუ რელიგიას უკავშირდებოდა.
ცოტა ხანში ზარხანუმი სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მაუწყებელი გახდა და 2011 წლის მაისში მოინათლა. ნათლობის შემდეგ მაშინვე დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება. ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად, საათების ნორმის შესრულება არ გასჭირვებია, რადგან მონათვლამდე თვეში 70 საათზე მეტს ქადაგებდა. სანამ მოინათლებოდა, ორი თვით ადრე მას ერთი სახელმწიფო ჩინოვნიკის ცოლმა 200 000 აშშ დოლარი შესთავაზა ჯადოს მოსახსნელად. ქალს სჯეროდა, რომ ჯადო იყო მისი ავადმყოფობისა და ფეხის ამპუტაციის მიზეზი. ზარხანუმმა უარი თქვა შემოთავაზებაზე, სამაგიეროდ, ორი მოწმე მიუგზავნა ქალს საავადმყოფოში სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. ჩვენი გულმოდგინე და ზარხანუმი ყოველთვის ქადაგებს ყოფილ კლიენტებთან და ეუბნება, რომ მისი ძველი საქმიანობა ღვთის თვალში დანაშაული იყო. მისი ქადაგების შედეგად ყოფილმა კლიენტმა, სწორედ მან, ვინც ჩინოვნიკის ცოლი გააცნო, ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე სიარული დაიწყო.
ქადაგება საპატიმროში. ინდოეთში ჩვენი ორი და ქადაგების გამო დააკავეს და ხუთი დღით საპატიმროში ჩასვეს. აი, რას ყვება ერთი-ერთი მათგანი: «საპატიმროში რომ ჩაგვსხეს, პოლიციელებმა დაკავების მიზეზი გვკითხეს და ჩვენც ქადაგება დავიწყეთ. თან ბევრი ჟურნალი და ტრაქტატი გვქონდა, რადგან პოლიციაში პირდაპირ მსახურებიდან წაგვიყვანეს. ჩვენ ყველას ვუქადაგეთ და ბევრი პუბლიკაცია გავავრცელეთ. ვამხნევებდით ერთმანეთს, ვლოცულობდით და ხელთ არსებულ ლიტერატურას ვკითხულობდით.
მოგვიანებით ქალაქის სხვა საპატიმროში გადაგვიყვანეს. მივედით თუ არა, პატიმრებმა იქ მოხვედრის მიზეზი გვკითხეს. მათთან ქადაგების შესაძლებლობა მოგვეცა, და ვუთხარით, რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით. ზედამხედველმა ქალმა ყური მოჰკრა ჩვენს საუბარს და გვითხრა: „ციხეში ქადაგების გამო მოხვდით და აქაც არ ჩერდებით?!“». ახლა დები გეგმავენ იმ პატიმრების მონახულებას, რომლებიც ჭეშმარიტებით დაინტერესდნენ.
პოლიციელმა მათ შორის არსებული სიყვარული დაინახა. ბეთლემში ორი და ის-ის იყო რამდენიმე პატარა მაღაზიაში ქადაგებას აპირებდა, რომ მოულოდნელად ორი ქალი მიიჭრა მათთან და აღტაცებულებმა ესპანურად ჰკითხეს, იეჰოვას მოწმეები ხომ არ იყვნენ. ეს ქალები ისრაელში ტურისტულ ჯგუფთან ერთად ჩასული მექსიკელი მოწმეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დების ხელში ნაცნობი ლიტერატურა შეამჩნიეს. ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ, გადაკოცნეს, სურათები გადაიღეს და მისამართები გაცვალეს. შემდეგ მექსიკელი დები თავიანთ ჯგუფს შეუერთდნენ, ორმა ადგილობრივმა დამ კი მაღაზიებში განაგრძო ქადაგება.
რამდენიმე საათის შემდეგ ადგილობრივ დებს პოლიციელი მიუახლოვდა და ჰკითხა, ესპანელები ხომ არ იყვნენ. როცა გაიგო, რომ ადგილობრივები იყვნენ, უთხრა, რომ შორიდან აკვირდებოდა მათ შეხვედრას და დიდი ხნის უნახავი მეგობრები ან ოჯახის წევრები ეგონა. დებმა უპასუხეს, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ და მაშინაც კი, როცა იეჰოვას მოწმეები არ იცნობენ ერთმანეთს ან სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, თანამორწმუნეს ახლობელივით ხვდებიან, რადგან ურთიერთშორის სიყვარული აქვთ. ამან პოლიციელზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, დებს ლიტერატურა გამოართვა და ჰკითხა, სად შეიძლებოდა ამ რელიგიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება. პოლიციელთან განმეორებითი მონახულება დაიგეგმა.
„ვინმე მაინც იქნება“. იუსუკე, ახალგაზრდა პიონერი ძმა იაპონიაში ინგლისურენოვან ჯგუფში მსახურობს. ერთ დღეს მან გაიგო, რომ მომდევნო დილას სხვადასხვა ქვეყნის მგზავრებით სავსე სამოგზაურო გემი უნდა ჩამომდგარიყო. ასე რომ, იუსუკე დილაადრიან ადგა და, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ნაგასაკის პორტამდე ორი საათი მანქანით იარა. თავსხმა წვიმაში ის მარტო იდგა ნავსადგურში. გემიდან გადმოსულ ბევრ მგზავრს ის გიდი ეგონა და მასთან მიდიოდნენ. ამ გაუგებრობის შედეგად იუსუკემ ნახევარ საათში რამდენიმე ენაზე 70 ჟურნალი და 50 ბროშურა გაავრცელა.
როცა ის ლიტერატურის ასაღებად თავის მანქანასთან მივიდა და უკან დაბრუნდა, დაინახა ერთი ახალგაზრდა მგზავრი. როგორც კი იუსუკე მიუახლოვდა, ახალგაზრდა კაცმა ინგლისურად ჰკითხა, იეჰოვას მოწმე ხომ არ იყო. იუსუკეს დასტურის შემდეგ კაცი აქვითინდა. იუსუკემ ის კაფეში წაიყვანა სასაუბროდ.
ახალგაზრდას ჯეისონი ერქვა და 21 წლისა იყო. მან თქვა, რომ მისი მშობლები გულმოდგინე იეჰოვას მოწმეები იყვნენ და რამდენიმე წლის წინ თვითონაც მოუნათლავი მაუწყებელი იყო. დაახლოებით ექვსი თვის წინ მან მოწმეებთან ურთიერთობა გაწყვიტა და კრუიზში გაემგზავრა რამდენიმე აზიური ქვეყნის დასათვალიერებლად, თან ფიქრობდა, რომ აზიაში იეჰოვას მოწმეებს ვერ ნახავდა. მაგრამ ჯეისონს კუჭი ასტკივდა და ტაილანდში, ვიეტნამსა და ტაივანში გემიდან გადმოსვლა ვერ შეძლო. ნაპირზე ის მხოლოდ იაპონიაში გადმოვიდა და პირველი, ვინც გამოელაპარაკა, იეჰოვას მოწმე იყო. ჯეისონმა მაშინვე გაიფიქრა: „იეჰოვას ვერასოდეს გავექცევი“. მისი ტირილის მიზეზიც სწორედ ეს იყო.
იეჰოვას სიყვარულში რომ დაერწმუნებინა, კაფეში იუსუკემ ჯეისონთან რამდენიმე აბზაცი განიხილა წიგნიდან „ღვთის სიყვარული“. მან სთხოვა, ორგანიზაცია არ დაეტოვებინა. სამწუხაროდ, ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ. იმავე საღამოს ჯეისონის გემმა სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩხონისკენ აიღო გეზი, სადაც ჯეისონი რამდენიმე დღით გეგმავდა დარჩენას.
იუსუკეს არ ასვენებდა იმაზე ფიქრი, კიდევ რით შეეძლო დახმარებოდა ჯეისონს. გაახსენდა ერთი ძმა, რომელიც საერთაშორისო კონგრესზე გაიცნო სამხრეთ კორეაში. ამ ძმამ ინგლისური იცოდა და ინჩხონში ცხოვრობდა. იუსუკემ იმ ღამესვე დაურეკა ძმას. ცხადია, ჯეისონმა არ იცოდა ამის შესახებ. მომდევნო დილას, როცა ჯეისონი გემიდან ჩამოვიდა, დაინახა დიდი პლაკატი წარწერით „კეთილი იყოს კორეაში შენი ჩამობრძანება, ჯეისონ!“, რომელიც ხუთ მომღიმარ მოწმეს ეჭირა. ჯეისონმა უარი თქვა ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე და დრო ძმებთან ურთიერთობაში გაატარა. მის გულს ღრმად შეეხო თავისი წლოვანების ძმებისგან მოსმენილი შემთხვევები, რომლებიც რწმენის გამო ციხეში ისხდნენ. ის იქ გახსენების საღამოსაც დაესწრო.
შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ ჯეისონი აქტიური მაუწყებელი გახდა. მან უხუცესებს კვირაში ოთხჯერ სთხოვა შესწავლის ჩატარება. შეისწავლა წიგნები „რას გვასწავლის ბიბლია?“ და „ღვთის სიყვარული“, და მოსანათლად მოემზადა. ის იუსუკესთან პირველი შეხვედრიდან 107 დღეში მოინათლა, მომდევნო თვეს კი დამხმარე პიონერად იმსახურა.
იუსუკე იხსენებს, რომ იმ ცივ და წვიმიან დილას, ძალიან მოუნდა ნაგასაკიში ჩასვლა, მიუხედავად იმისა, რომ მარტოს უწევდა გამგზავრება. ის ფიქრობდა: „ვინმე მაინც იქნება, ვინც მომისმენს“.
ევროპა
ქვეყნები 47
მოსახლეობა 736 505 919
მაუწყებლები 1 589 052
ბიბლიის შესწავლები 843 405
მათ რაღაც განსაკუთრებული იპოვეს! ანი ბულგარეთიდან ჰოლანდიაში რამდენიმე თვით გაემგზავრა სამუშაოდ. ერთხელ, ძალიან დათრგუნული, ქუჩაში შეჩერდა და ღმერთს სთხოვა, თავისი ეკლესიის მსახურები გაეგზავნა მასთან. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ჩვენი ორი და მიუახლოვდა საქადაგებლად. ანიმ ჩათვალა, რომ ეს ლოცვაზე პასუხი იყო, მოუსმინა და კრების შეხვედრებზეც დაიწყო სიარული. მართალია, ვერ იგებდა, რაზე ლაპარაკობდნენ შეხვედრებზე, მაგრამ კარგად ხედავდა მოწმეებს შორის არსებულ სიყვარულს. ეს არ ჰგავდა იმას, რაც ბულგარეთში მის ეკლესიაში ხდებოდა. ის დარწმუნდა, რომ რაღაც განსაკუთრებული იპოვა. სამშობლოში მასთან ერთად დაბრუნდა და, რომელიც ჰოლანდიაში ასწავლიდა ბიბლიას, რათა სოფიაში იეჰოვას მოწმეებთან დაეკავშირებინა. ანიზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მიხვდა, რომ ჭეშმარიტი რელიგია იპოვა.
მალე ანიმ და მისმა მეუღლე ივომ ერთად დაიწყეს შესწავლა და კრების შეხვედრებზე სიარული. შესწავლის დროს სხვებიც მიდიოდნენ მოსასმენად. ასენი, რომელიც ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მოძღვარი იყო, ანისთან და ივოსთან იმის დასამტკიცებლად მივიდა, რომ იეჰოვას მოწმეები ცდებოდნენ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო. ის ღრმა შინაარსის ბიბლიურ შეკითხვებს სვამდა. ასენს შესწავლა შესთავაზეს, რაზეც ის და მისი ოჯახი დათანხმდა. გარკვეულ ხანს ასენი აგრძელებდა თავისი ჯგუფისთვის რელიგიური შეხვედრების ჩატარებას, თუმცა ახლა ის უკვე ასწავლიდა ჭეშმარიტებას, რომელსაც თვითონ სწავლობდა წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“. ცოტა ხანში ბიბლიის შესწავლა ამ ჯგუფის დიაკვანმა, დენჩომაც მოინდომა. მალე ჯგუფიდან სამმა ოჯახმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ვინაიდან ამ ჯგუფიდან ბევრი იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა, გადაწყვიტეს, თავიანთი შეკრებები გაეუქმებინათ და კრების შეხვედრებზე ევლოთ. დენჩო მაუწყებელი გახდა და თავის რამდენიმე მეგობარს ბიბლიას ასწავლის. ჰოლანდიაში მოწმეებთან ანის შეხვედრის შემდეგ ბულგარეთში დაახლოებით 30-მა კაცმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება.
მან უბრალოდ ბიბლიური მუხლები წაიკითხა ქორწინებაზე. ერთი ცოლ-ქმარი ჩეხეთში ბიბლიას ასწავლიდა ახალგაზრდა მონღოლ წყვილს სამეფო დარბაზში. თუმცა მოწმეები თავს არ ზოგავდნენ მონღოლურის შესასწავლად, ენის ბარიერი სერიოზული დაბრკოლება იყო. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მონღოლი წყვილი შესწავლის დროს თავმდაბლობასა და მოთმინებას ავლენდა. ერთ საღამოს ახალგაზრდა ქალი მარტო მივიდა შეხვედრაზე და თქვა, რომ ქმრის მიტოვებას აპირებდა, რადგან ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ. რამდენიმე წუთში ქმარიც გამოჩნდა. მან თავის ცოლს ზედაც არ შეხედა. აშკარა იყო, რომ ურთიერთობა სერიოზულად ჰქონდათ დაძაბული. ძმამ ქმარი სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკაში გაიყვანა სალაპარაკოდ. მაგრამ ვინაიდან მონღოლური ძალიან უჭირდა, ვერ იგებდა, რა მოხდა მათ შორის და, შესაბამისად, კონკრეტულ რჩევასაც ვერ აძლევდა. ამიტომ ძმამ გადაწყვიტა, ქმრისთვის უბრალოდ ბიბლიური მუხლები წაეკითხა. ასე რომ, ქორწინებასა და ცოლქმრულ ურთიერთობაზე ყველა მუხლი წაიკითხა, რაც გაახსენდა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა კაცის გულს თითოეული მუხლი შეეხო. მოულოდნელად ბიბლიოთეკიდან გავარდა, ცოლთან მიირბინა და აკოცა. როცა დარბაზიდან გადიოდნენ, ქმარმა დაიჟინა, რომ ცოლის ჩანთას წაიღებდა, რადგან ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ უნდა დახმარებოდა.
მეორე დღეს ისინი ახალდაქორწინებულებივით იყვნენ და ბედნიერები ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რამდენად ემადლიერებოდნენ იეჰოვას ქორწინებასთან დაკავშირებული ბრძნული ბიბლიური რჩევებისთვის. მოგვიანებით ისინი მონღოლეთში თავიანთ ორ შვილთან დაბრუნდნენ პატარა ქალაქში, სადაც კრება არ არის. ცოლი მოინათლა, ქმარი კი ნათლობისთვის ემზადება.
„რატომ მომექცა ასე?!“. უკრაინაში პიონერმა დამ, ოლგამ უქადაგა სურსათის სადისტრიბუციო მანქანის მძღოლს. მან მძღოლს ჰკითხა: „ვის შეიძლება დღეს ენდოს კაცი?“.
„არავის, — უპასუხა მძღოლმა. — ცოლმა მიმატოვა და ჩვენი ორი წლის ბიჭი თან წაიყვანა. ნეტავ, ვიცოდე, რა დავაკელი! ყოველდღე ბევრს ვმუშაობდი, მისთვის ვწვალობდი. ბეჭედი მოინდომა? ვუყიდე! ჩექმები მომთხოვა? ვუყიდე! ყელსაბამი? ისიც მიიღო. ყველაფერი მისთვის მინდოდა. მაშ, რატომ მომექცა ასე?!“.
დამ თავაზიანად ჰკითხა მამაკაცს, რამდენ დროს ატარებდა ცოლ-შვილთან. კაცმა მიუგო: „რა დრო უნდა გამეტარებინა მათთან, როცა მუშაობას დილის ოთხ საათზე ვიწყებ და შუაღამემდე ვერ შევდივარ სახლში?! დასვენება შაბათ-კვირასაც არა მაქვს“.
ოლგამ მას 2009 წლის „გამოიღვიძეთ!“-ის სპეციალური ნომერი აჩვენა, რომელშიც განხილული იყო სტატიები სერიიდან „ოჯახური ბედნიერების გასაღები“. მან ყურადღება გაუმახვილა პირველ გასაღებზე: „თქვენი პრიორიტეტები“. როგორც ჩანს, ამ საუბარმა იმოქმედა კაცზე. მან თქვა: „მეგონა, რომ ოჯახური ბედნიერებისთვის მთავარი ფული იყო, სხვა დანარჩენი კი — უმნიშვნელო. ახლა ვხვდები, რომ ფული მთავარი არ არის. უკვე მესმის, რას ვაკლებ და რა სჭირდება ჩემს ცოლს“.
ერთ კვირაში ოლგა კვლავ შეხვდა იმ მძღოლს. მძღოლმა უთხრა, რომ ჟურნალი წაიკითხა, დიდხანს იფიქრა და ბევრი რამ გადააფასა, შემდეგ ცოლს დაურეკა და შეურიგდა. ოლგამ მძღოლს წიგნი „ოჯახური ბედნიერება“ მისცა. მომდევნო კვირას ოლგას იმავე სადისტრიბუციო მანქანაზე სხვა მძღოლი დახვდა. ახალმა თანამშრომელმა უთხრა, რომ იმ მძღოლმა სამუშაოს თავი დაანება და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მაგრამ ოლგასთან დააბარა: „მადლობა თქვენ და თქვენს ღმერთ იეჰოვას, რომ ოჯახი გადამირჩინეთ. თუ ისევ შევხვდები იეჰოვას მოწმეებს, არ გავწყვეტ მათთან კავშირს“.
ის ღვთისგან ნიშანს ელოდა. ლატვიაში მცხოვრები ერთი ახალგაზრდა კაცი 15 წლის წინ მოწმეების ქადაგების შედეგად ბიბლიით დაინტერესდა. ის პერიოდულად სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ მისთვის დაუჯერებელი იყო, რომ ბიბლია — „უბრალოდ“ წიგნი — ღმერთს აპოვნინებდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი პირადად გაუმჟღავნებდა საკუთარ თავს რაიმე ზებუნებრივი ან მისტიკური გზით. ახალგაზრდამ შეწყვიტა ბიბლიის შესწავლა და მოგვიანებით საერთოდ გაწყვიტა კავშირი მოწმეებთან. რამდენიმე წლის შემდეგ უამრავი პრობლემა შეექმნა და დახმარებისთვის ღმერთს მიმართა, სასწაული კი არსაიდან ჩანდა. ამ დროს ფანჯრიდან გაიხედა და ორი მქადაგებელი შენიშნა. რამდენიმე კვირაში ისევ ილოცა და ფანჯრიდან ისევ ის დები დაინახა. ერთი კვირის შემდეგ ისევ ილოცა და უკვე მესამედ დაინახა დები. მან დაასკვნა, რომ ეს ნიშანი იყო ღვთისგან, გარეთ გავარდა და გაკვირვებულ დებს უთხრა, რომ სურდა წლების წინ შეწყვეტილი ბიბლიის შესწავლის განახლება. ბოლოს მან იპოვა საკუთარ თავში ძალა პრობლემების გადასალახავად და ღმერთს დაუახლოვდა. როგორ? ბიბლიის დახმარებით! ეს ახალგაზრდა 2010 წელს საოლქო კონგრესზე მოინათლა.
პატარა ქოთნებსაც აქვთ ყურები. დანიაში ამ ანდაზით იმის თქმა სურთ, რომ ბავშვები უფროსების საუბრებიდან ბევრად მეტს იჭერენ, ვიდრე ეს უფროსებს წარმოუდგენიათ. დაახლოებით 16 წლის წინ ერთი დანიელი და ბიბლიას ასწავლიდა სამი ვაჟის დედას. სამივე შვილი ხშირად თან ახლდა დედას შესწავლაზე, რომელიც დის სახლში ტარდებოდა. როცა უმცროსი ვაჟი რონი 8 წლისა იყო, ქალმა შესწავლას თავი დაანება. რონი წამოიზარდა და ბევრ პრობლემას გადაეყარა. ერთხელ, 2008 წელს, 22 წლის რონიმ დედის სახლში ჟურნალები შენიშნა და უცებ ძალიან მოუნდა იმ მოწმეების ნახვა, ვინც მას ბიბლიას ასწავლიდნენ ბავშვობაში. თხუთმეტ წუთში რონი ცოლ-ქმრის კართან იდგა. კარი ძმამ გაუღო და რონი შინ შეიპატიჟა, თუმცა თავიდან ვერ იცნო. ერთმანეთის ნახვა ძალიან გაუხარდათ. რონიმ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ გამოართვა ძმას და ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. შესწავლა კარგად მიდიოდა. ვინაიდან რონი ძალიან იყო ჩაფლული კომპიუტერული თამაშების ილუზიურ სამყაროში, რომელთაგან ზოგი ოკულტური და ძალადობრივი ხასიათის იყო, ხშირად საუბარს ამ თემას უკავშირებდა. მაგრამ მოწმეებმა დაარიგეს, რომ სულიერ საკითხებში ჩასაწვდომად თამაშების მაგალითად მოყვანა არ გამოადგებოდა. რონიმ ეს კარგად გაიაზრა და უთხრა: „ძალიან გთხოვთ, როცა სისულელეებზე ლაპარაკს დავიწყებ, გამაჩერეთ!“. მას შემდეგ ის სულიერად პროგრესირებს. ეს ახალგაზრდა, რომელიც პირველად ჭეშმარიტებას მაშინ ეზიარა, როცა დედასთან ერთად შესწავლას ესწრებოდა და როცა „პატარა ყურებიანი ქოთანი“ იყო, დღეს მოუნათლავი მაუწყებელია.
ბიბლიიდან მიღებული ნუგეში. ბრიტანეთში ერთმა ძმამ სასაფლაოზე შენიშნა საფლავთან ჩაცუცქული მტირალი კაცი. ძმამ ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მის გვერდით ჩაცუცქულიყო. მამაკაცი, სახელად ალფი, დათანხმდა და შემდეგ თავის ამბავს მოუყვა: „ახლახან ქალიშვილი დამეღუპა. ის 42 წლისა იყო. ახლა აქ ჩემი ცოლი და შვილი ერთად არიან დამარხული“. მას ფსიქოლოგიური დახმარება უთხოვია სახელმწიფო დაწესებულებაში, მაგრამ სამი თვე უნდა დალოდებოდა რიგს. „მე მდიდარი ბიზნესმენი ვარ და ბევრ საქმეში ვარ ჩართული, მაგრამ არაფერს აქვს ფასი ოჯახის გარეშე. ყველაფერს დავთმობდი, ოღონდაც ისინი გვერდით მყოლოდა“. ალფმა თქვა, რომ სწამდა ღმერთი, პატივს სცემდა ბიბლიას და ეკლესიაშიც დადიოდა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღო. ნუგეშს ეკლესიაში ეძებდა, მაგრამ იქ უთხრეს, სანთელი დაენთო ან სათქმელი ფურცელზე დაეწერა და ის ხეზე ჩამოეკიდა. „ჩემს სათქმელს ფურცელი ვერ დაიტევს“, — უკმეხად უთქვამს ალფს. ძმამ ის ბიბლიური მუხლებით ანუგეშა. ალფი ახლა ბიბლიას სწავლობს.
ოკეანეთი
ქვეყნები 29
მოსახლეობა 38 162 658
მაუწყებლები 94 309
ბიბლიის შესწავლები 58 465
მათ ქმარი მიიწვიეს. ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა ძმამ ერთხელ თავისი ცოლი ახალგაზრდა ქალთან მიიყვანა შესწავლაზე. ცოლ-ქმარმა შენიშნა, რომ სახლში ამ ქალის ქმარიც იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, შესწავლაზე მიეწვიათ. ქმარი სიამოვნებით დათანხმდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამის შემდეგ შესწავლას მაშინ ჩაატარებდნენ, როცა ქმარი სახლში იქნებოდა. ის ცოლთან ერთად კვირას კრების შეხვედრაზეც მივიდა, სადაც თბილად შეხვდნენ და სულიერი საზრდო მიიღეს. მომდევნო შეხვედრის დროს ქმარმა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე კომენტარები გააკეთა. შესასწავლი სტატია ოჯახური თაყვანისცემის ჩატარებისკენ მოუწოდებდა ოჯახებს. მამაკაცმა იკითხა, როგორ ჩაეტარებინა შესწავლა ცოლთან და ოთხი წლის ბიჭუნასთან. მას უნდოდა კრების შეხვედრაზე ნასწავლი სხვა საკითხებიც გამოეყენებინა ცხოვრებაში. დაინტერესებული წყვილი განაგრძობს შესწავლას, ესწრება კრების შეხვედრებს და წარმატებას აღწევს. „მადლობა ღმერთს, რომ ქმარი შესწავლაზე მივიწვიეთ!“ — ამბობს ძმა.
გახსენების საღამო შორეულ კუნძულზე. კუნძული რაეუ, რომელზეც მხოლოდ 362 მოსახლეა, ეკუთვნის ტაიტიზე არსებული 18 კრებიდან ერთ-ერთს, ვაიეტის კრებას. რაეუ ტაიტის აღმოსავლეთით დაახლოებით 1 350 კილომეტრში მდებარეობს. ამ შორეულ კუნძულზე გახსენების საღამო არასდროს ჩატარებულა და 30 წლის მანძილზე იქ მოწმეებს ფეხი არ დაუდგამთ. მანოას, ვაიეტის კრების სამსახურებრივ ზედამხედველს, იქ პატარა ჯგუფთან ერთად უნდოდა გამგზავრება, რათა გახსენების საღამოს კვირაში ექადაგათ და საღამო აღენიშნათ. მაგრამ რაეუზე თვითმფრინავით გამგზავრება მას და მის ცოლს დაახლოებით 65 000 ფრანკი დაუჯდებოდათ (740 აშშ დოლარი), რის საშუალებაც მათ არ ჰქონდათ. თუმცა მოგვიანებით მანოამ სამსახურში 65 000 ფრანკის ოდენობის პრემია მიიღო. ისინი უმალვე მიხვდნენ, რომ იეჰოვამ აკურთხა ეს ჩანაფიქრი. საბოლოოდ, შვიდი მაუწყებელი გაემგზავრა რაეუზე, სადაც 47 დაესწრო გახსენების საღამოს. ამჟამად ტაიტელი მაუწყებლები ამ კუნძულზე ბიბლიის შესწავლას ტელეფონით უტარებენ დაინტერესებულებს.
საუზმის დროც კი არ იყო. მსგავსი შემთხვევა მოხდა ვანუატუზე, სადაც ერთი კრება 11-კაციან ჯგუფს ეხმარება შორეულ კუნძულ ამბრიმზე. კრების უხუცესებმა გამოცდილ მაუწყებლებს გახსენების საღამომდე ამბრიმში ჯგუფის დასახმარებლად რამდენიმე დღით ჩასვლა შესთავაზეს. მარინეტმა, გამოცდილმა პიონერმა და პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. მან და სხვებმა გადაწყვიტეს იქ ბიბლიის შესწავლების დაწყების მიზნით წასულიყვნენ. მსახურების დაწყებიდან ცოტა ხანში მარინეტი გაოცებული დარჩა, რადგან თითქმის შეუძლებელი იყო სახლიდან გასვლა. ის იხსენებს: „ხანდახან დილაობით ხელ-პირის დაბანისა და საუზმის დროც კი არ გვქონდა, რადგან ხალხი გარეთ იდგა და ბიბლიის შესასწავლად თავის რიგს ელოდა. მთელი დღე შინიდან გაუსვლელად ვქადაგებდი! კვირის განმავლობაში 31 ბიბლიის შესწავლა ჩავატარე“. ჯგუფი ერთ კვირას დარჩა ამბრიმში და აქტიურად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას. გახსენების საღამოს 158 კაცი დაესწრო. ჯგუფი გულდაწყვეტილი ტოვებდა იქაურობას. „როგორ შეიძლება აქედან წასვლა, როცა ამდენი ადამიანი ბიბლიურ ჭეშმარიტებას არის მოწყურებული?!“ — თქვა მარინეტმა. ფილიალმა კუნძულ ამბრიმზე დროებითი სპეციალური პიონერები გაგზავნა დაინტერესებულების სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
სკოლის დირექტორი კარგად განეწყო. სოლომონის კუნძულებზე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოსწავლეებისგან მოითხოვენ, ფეხზე ადგნენ და სამხრეთის ოკეანის ევანგელისტური ეკლესიის საგალობლები იმღერონ. ორმა ახალგაზრდა დამ დირექტორს სთხოვა, შეიძლებოდა თუ არა, რომ მათ არ ემღერათ საგალობლები, რადგან ამით საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წავიდოდნენ. დირექტორმა მადლობა გადაუხადა გოგონებს, რომ პატივისცემით მიმართეს და უთხრა, რომ შეეძლოთ არ ემღერათ და უბრალოდ სხვა მოწმე ბავშვებთან ერთად მსხდარიყვნენ.
შემდეგ დირექტორმა სთხოვა გოგონებს, მოეწვიათ კრებიდან ვინმე, ვინც იეჰოვას მოწმეებისა და განათლების შესახებ დაელაპარაკებოდა. მას ერთმა მისიონერმა მიაკითხა და მათ დაახლოებით საათ-ნახევარი ისაუბრეს ჩვენს რწმენასა და ახალგაზრდების პრობლემებზე. დირექტორმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით კითხულობს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს და რამდენიმე ეგზემპლარს სამასწავლებლოში ტოვებს ხოლმე. როდესაც მისიონერმა მას წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევების“ მეორე ტომი შესთავაზა, დირექტორმა 16 ცალი მასწავლებლებისთვის ითხოვა, 367 კი — მოსწავლეებისთვის. სკოლაში ოთხასი წიგნი მიიტანეს და გაავრცელეს.
დირექტორთან ამ ორი ახალგაზრდა დის გაბედულ საუბარს შესანიშნავი დამოწმება მოჰყვა. ბევრმა აღნიშნა, რომ ამ წიგნმა დიდი დახმარება გაუწია. ერთმა გოგონამ, რომლის მშობლებიც ახალი გაყრილები იყვნენ, თქვა, რომ წიგნში ზუსტად ის ეწერა, რაც პრობლემებთან გასამკლავებლად სჭირდებოდა. ეს ორი და განუსაზღვრელი ვადით მსახურობს დამხმარე პიონერად, დირექტორი კი რეგულარულად იღებს მათგან ჟურნალებს.
წინააღმდეგობის მიუხედავად ერთგული. ეს შემთხვევაც სოლომონის კუნძულებზე მოხდა. ერთი მისიონერი ბიბლიას ასწავლიდა ქალს, რომელსაც პირობითად ლიზას დავარქმევთ. ის შესანიშნავად მიიწევდა წინ სულიერად, მიუხედავად იმისა, რომ ტყუპ ბიჭუნებთან და ორ ქალიშვილთან ერთად სამეფო დარბაზამდე მისვლას ორ საათზე მეტს ანდომებდა. ამასთანავე ლიზას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ქმარი — სცემდა, უწვავდა გასასვლელ ტანსაცმელს, ბიბლიასა და თეოკრატიულ წიგნებს, თან ღალატობდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ლიზა მოინათლა და მტკიცედ განაგრძობს იეჰოვას მსახურებას.
მისმა მოთმინებამ და კარგმა საქციელმა იმდენად იმოქმედა ქმარზე, რომ შარშან საყვარელი მიატოვა და ბიბლიის შესწავლა ითხოვა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაახარებდა ეს ლიზას! მის სიხარულს ისიც დაემატა, რომ მათ სახლთან ახლოს ჯგუფი ჩამოყალიბდა და ახლა შეხვედრებზე მისასვლელად ლიზას ერთ საათზე ნაკლები სჭირდება. ქმრის ხელშეწყობით მან აგრეთვე დამხმარე პიონერად შეძლო მსახურება.
[ჩანართი 66 გვერდზე]
„რატომ არის ღმერთი ასეთი სასტიკი? . . . ჩემმა ბიჭმა რა დააშავა?! ის ხომ სულ პატარაა! მან რა ცოდვა ჩაიდინა?!“
[ჩანართი 68 გვერდზე]
ახალგაზრდამ საბჭოს განუცხადა, რომ კათოლიკურ ეკლესიას იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ მღვდელი ორ კითხვაზე გასცემდა პასუხს
[ჩანართი 72 გვერდზე]
„ციხეში ქადაგების გამო მოხვდით და აქაც არ ჩერდებით?!“
[დიაგრამა/რუკა 84 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ტაიტი → → → 1 350 კმ. → → → რაეუ
[სურათი 56 გვერდზე]
ზემოთ: ბიბლიის შესწავლა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (იხ. გვ. 59)
[სურათი 61 გვერდზე]
ედვარდი (მარჯვნივ) დანიელთან ერთად ქადაგებს ბაზარში
[სურათი 64 გვერდზე]
სამანიეგო, ნარინო (კოლუმბია)
[სურათი 67 გვერდზე]
ჟესტების ენაზე ჩვენი პუბლიკაციები ამჟამად 59 ენაზეა ხელმისაწვდომი
სან-პაულუ (ბრაზილია)