რწმენის გამო დაპატიმრებულები – სამხრეთი კორეა
პირველად სამხრეთ კორეის ისტორიაში 2020 წლის 26 ოქტომბერს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური ამოქმედდა მათთვის, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეფასებით სამხრეთ კორეაში ამოქმედებული არასამხედრო სამოქალაქო სამსახური დამსჯელობითი ხასიათისაა და დისკრიმინაციულია როგორც ხანგრძლივობის, ისე მეტისმეტად მძიმედ შესასრულებელი საქმის გამო. ალტერნატიული სამსახური 36 თვეს გრძელდება; ის ორჯერ აღემატება სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმადაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამხედრო სამსახურისთვის დადგენილ ვადას – წელიწად-ნახევარს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არსებობს ამის გონივრული და ობიექტური მიზეზები. სამხრეთ კორეაში რამდენიმე იეჰოვას მოწმე მამაკაცმა უარი თქვა ამგვარ ალტერნატიულ სამსახურზე. ზოგმა ალტერნატიული სამსახურის თაობაზე საჩივარი შეიტანა სასამართლოში. 2024 წლის 30 მაისს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 5-მა არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმეზე თანდართულ დოკუმენტში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების მიერ ასეთი რამ იქნა აღნიშნული: „ამგვარი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური სასჯელის ისეთი ზომაა, რომელიც არღვევს მათი სინდისის თავისუფლების უფლებას, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე“.
29 წლის ვუ ჯინ ბიონი პირველი იეჰოვას მოწმეა სამხრეთ კორეაში, რომელმაც გადაწყვიტა, არ შეესრულებინა ზემოაღნიშნული ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, რის გამოც ის დააპატიმრეს. მართალია, ვუ ჯინი მზად იყო, შეესრულებინა არასადამსჯელო ხასიათის ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, მაგრამ 2024 წლის 24 ივლისს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, 13-მა იეჰოვას მოწმემ განაცხადა უარი ალტერნატიულ სამსახურზე; 11 მათგანის საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. შესაძლოა ისინიც სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნონ და პატიმრობა შეუფარდონ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბევრია ისეთი, ვინც გადაწყვიტა, გაევლო ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მიუხედავად მისი სადამსჯელო ხასიათისა.
დროის დიაგრამა
2024 წლის 24 ივლისი
ვუ ჯინ ბიონს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურზე უარის თქმის გამო.
2022 წლის 10 ნოემბერი
ჯარში გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ვუ ჯინ ბიონმა წერილი გაგზავნა სამხედრო უწყებაში, სადაც აღნიშნა, რომ რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე და ითხოვდა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულებას.
2020 წლის 26 ოქტომბერი
სამხრეთ კორეის მთავრობამ დანერგა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მათთვის, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურის შესრულებაზე.
2018 წლის 1 ნოემბერი
სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლოს 13-დან 9 მოსამართლემ მიიჩნია, რომ რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად.
2018 წლის 28 ივნისი
სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის ერთ-ერთი პუნქტი არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან ის არ უზრუნველყოფს მოქალაქეებს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურით.
2016 წლის 18 ოქტომბერი
კვანჯუს სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და უდანაშაულოდ ცნო სამი ახალგაზრდა, რომლებმაც რწმენის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე.
2011 წლის 30 აგვისტო
საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ უჭერს მხარს კანონს, რომელიც ითვალისწინებს მათ დასჯას, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.
2004 წლის 26 აგვისტო
საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა კანონის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს მათ დასჯას, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.
1975 წელი
მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველას, გაიაროს სამხედრო სამსახური.
1973 წელი
მთავრობამ დაიწყო დაპატიმრებული მოწმეების წამება, რაც 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე გაგრძელდა.
1953 წელი
მთავრობამ პირველი იეჰოვას მოწმე დააპატიმრა რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.