რწმენის გამო დაპატიმრებულები – უკრაინა
გასული 30 წლის მანძილზე უკრაინაში იეჰოვას მოწმეები სარგებლობდნენ კანონით მინიჭებული უფლებით, მრწამსის გამო უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური მოეთხოვათ. ამგვარად მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვადასხვა საქმე შეესრულებინათ და ნეიტრალიტეტიც შეენარჩუნებინათ.
თუმცა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო, მდგომარეობა სრულიად შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის სამართლებრივი მექანიზმი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. ამას მოჰყვა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მათ წინააღმდეგ, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. შედეგად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლება, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და საკუთარი სინდისის კარნახით იმოქმედოს. მსგავსი მოპყრობა შეუსაბამობაში მოდის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან და უკრაინის კონსტიტუციასთან, სადაც აღნიშნულია: „იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოვალეობის შესრულება ეწინააღმდეგება მოქალაქის რელიგიურ შეხედულებებს, სამხედრო სამსახური უნდა ჩანაცვლდეს ალტერნატიული (არასამხედრო) სამსახურით“.
2025 წლის 17 აპრილის მონაცემებით, 4 იეჰოვას მოწმე იმყოფება პატიმრობაში რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ბრალდებით. მათ 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. 3 იეჰოვას მოწმე კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ
გაეროს სამმა სპეციალურმა მომხსენებლებმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინაში მოქალაქეებს აღარ ეძლევათ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესრულების უფლება. უკრაინის ხელისუფლებისადმი 2023 წლის 8 ნოემბრით დათარიღებულ ოფიციალურ მიმართვაში მათ აღნიშნეს: „ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ იმ ფაქტის გამო, რომ სამართლებრივად იდევნებიან ის პირები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, მათ შორის ისინიც, ვინც ამ უკანასკნელთა უფლებებს იცავენ“.
დროის დიაგრამა
2025 წლის 17 აპრილი
მთლიანობაში დაპატიმრებულია 7 იეჰოვას მოწმე.
2022 წლის 24 თებერვალი
გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და დაიწყო საყოველთაო მობილიზაცია.
2015 წლის 23 ივნისი
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ვიტალი შალაიკო, რომლის წინააღმდეგაც მობილიზაციის დროს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო აღიძრა საქმე.
1991 წლის დეკემბერი
მიღებულ იქნა კანონი ალტერნატიული (არასამხედრო) სამსახურის შესახებ.
1991 წლის 28 თებერვალი
უკრაინაში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ოფიციალურად გაატარეს რეგისტრაციაში.