ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . .
როგორ ამოვიგდო გულიდან?
„მე იეჰოვას 20 წლის მოწმე ვიყავი, როდესაც 28 წლის ბიჭს ვხვდებოდი, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებდა. მე ის ძალიან მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ვუყვარდი. მშობლებს ვერაფერს ვეუბნებოდი. ვიცოდი, არ მომიწონებდნენ ამ ამბავს. როდესაც გაიგეს, ეს მათთვის დიდი დარტყმა და ტკივილი იყო; ვერ გაეგოთ, როგორ შემეძლო სხვა რწმენის ადამიანთან მეგობრობა“.
ეს სიტყვები ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა, მონიკამ, მოგვწერაa. სამწუხაროდ, ზოგი მსგავსი პრობლემის წინაშე დგება, რადგან გატაცებულები ან მოხიბლულები არიან ადამიანებით, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები და არ იზიარებენ მათს ქრისტიანულ რწმენასა და ზნეობრივ ნორმებს. ამ სერიის წინა სტატიაში („გამოიღვიძეთ!“ 8 სექტემბერი, 1999) ნათქვამი იყო, რომ ასეთი ურთიერთობა არა მარტო ღმერთს არ მოსწონს, არამედ საშიშროებასაც უქმნის ადამიანის ბედნიერებასა და კეთილდღეობას. ახალგაზრდა რუთი მიხვდა ამას. „მე საკმაოდ დავუახლოვდი ბიჭს, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე, — აღიარებს ის, — მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ, თუ მსურდა, ურთიერთობა მქონოდა იეჰოვასთან, ამ ადამიანთან კავშირი უნდა გამეწყვიტა“.
თუ ქრისტიანი ხარ, ალბათ, გახსოვს ბიბლიაში იაკობის 4:4-ში ჩაწერილი სიტყვები: „განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“. მაგრამ, თუ სხვა რწმენის ადამიანით ხარ გატაცებული, ამ სიტყვების შესმენა არცთუ ისე ადვილი იქნება შენთვის. ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გაფიქრებაც კი შეიძლება გულს გტკენდეს. შეიძლება ისეთი გრძნობა გქონდეს, თითქოსდა შინაგანად იხლიჩები. „როგორ დავივიწყო ის, ვინც მომწონს ან მიყვარს?“ — შეიძლება იკითხო.
მოციქულმა პავლემ ერთხელ თქვა: „ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!“ (რომაელთა 7:22—24). პავლეს მსგავსად, შეიძლება შენც ებრძოდე შენს გრძნობებს. მაგრამ მრავალმა ქრისტიანმა ახალგაზრდამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, თითქოსდა ისინი ‘ცეცხლს გამოსტაცეს’ (შეადარე იუდა 23). როგორ? იმით, რომ გაწყვიტეს ეს არასასარგებლო ურთიერთობა, სანამ ის დიდ ზიანს მიაყენებდა.
დახმარების მიღება
მაგალითად, მარკი, როგორც თვითონ ამბობს, 14 წლის ასაკში ერთი ქვეყნიური გოგონასადმი გრძნობებმა „სერიოზულად ჩაითრია“. იმის ნაცვლად, რომ დახმარება ეთხოვა, ის ცდილობდა თავისი განცდები დაემალა. მაგრამ გრძნობა სულ უფრო ძლიერდებოდა. მალე მან სხვებისგან ფარულად მასთან რეკვა დაიწყო. როდესაც გოგონამაც დაიწყო მარკთან რეკვა, უკვე ცხადი იყო, რომ მშობლები მალე ყველაფერს მიხვდებოდნენ და ასეც მოხდა.
არ გაიმეორო იგივე შეცდომა და არ ეცადო მსგავსი პრობლემის შენით მოგვარებას. იგავის 28:26-ში ნათქვამია: „საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება“. მართლაც, განა აღმოჩნდებოდი მსგავს სიტუაციაში, საღად აზროვნება რომ არ შეგეწყვიტა? დროდადრო ჩვენი გრძნობები ჯაბნის გონებას და, ამიტომ უფრო საღად და ობიექტურად მოაზროვნე ადამიანის დახმარება გვჭირდება. ალბათ, ყველაზე კარგად შენი მშობლები დაგეხმარებიან, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ღვთისმოშიში ადამიანები არიან. უეჭველია, მშობლები ყველაზე კარგად გიცნობენ. ისინიც იყვნენ ახალგაზრდები და გაიგებენ შენს გრძნობებს. იგავნის 23:26-ში ბიბლიის მწერალი სოლომონი გვარიგებს: „შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ“. ხომ არ ჯობდა, გული გადაგეშალა მშობლებისთვის და გეჩვენებინა, რომ დახმარებას საჭიროებ?
ახალგაზრდა ჯიმი სწორედ ასე მოიქცა. მას ტანჯავდა ძლიერი გრძნობები, რომლებიც თანასკოლელი გოგონასადმი გაუჩნდა. ჯიმი ამბობს: „როგორც იქნა მშობლებს მივმართე დახმარებისთვის და ამის წყალობით გრძნობების მოთოკვა შევძელი. მშობლები ძალიან დამეხმარნენ“. ჯიმმა გამოსცადა მშობლების სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერა, ამიტომ გვირჩევს: „ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ქრისტიანებმა უყოყმანოდ უნდა მიმართონ მშობლებს. გაუზიარეთ მათ თქვენი გრძნობები. ისინი გაგიგებენ“.
მსგავს სიტუაციაში ახალგაზრდამ, სახელად ენდრიუმ, სხვა სახის დახმარებით ისარგებლა. ის იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ სარაიონო კონგრესს იხსენებს და ამბობს: „ერთმა მოხსენებამ სერიოზულად დამაფიქრა. სარაიონო ზედამხედველმა მტკიცედ გვირჩია, არ გვემეგობრა იმ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, რომლებიც არ არიან ქრისტიანები. მე დავინახე, რომ საჭირო იყო, სასწრაფოდ შემეცვალა აზროვნება“. როგორ მოიქცა ის? პირველ რიგში დაელაპარაკა დედას, რომელიც მას მარტო ზრდიდა, და გამოიყენა მისი რჩევა. შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრების უხუცესს მიმართა. დამწუხრებულებისთვის კრების უხუცესები შეიძლება იყვნენ „საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში“ (ესაია 32:2). ხომ არ ჯობდა, მისულიყავი ერთ მათგანთან და გაგეზიარებინა შენი გრძნობები?
ურთიერთობის სრული გაწყვეტა
როდესაც მარკის მშობლებმა შეიტყვეს შვილის საიდუმლო ურთიერთობის შესახებ, მაშინვე იმოქმედეს. „პირდაპირ მითხრეს, რომ უნდა შემეწყვიტა ეს ურთიერთობა, — ამბობს მარკი, — მე ჯერ ავუჯანყდი. ჩვენ უსიამოვნო შეკამათება მოგვივიდა, რის შემდეგაც ჩემს ოთახში ჩავიკეტე. მაგრამ მალე რეალურად შევხედე სიტუაციას და დავინახე, რომ მე და იმ გოგონას სხვადასხვა მიზნები გვქონდა. ასეთი ურთიერთობა კარგს არაფერს მომიტანდა“. დიახ, რეალურ მდგომარეობაზე ფიქრი დაგვეხმარება გრძნობების დაძლევაში. ჰკითხე შენს თავს: „იზიარებს ეს ადამიანი ჩემს მიზნებს, რწმენას, ზნეობრივ ნორმებს? ვთქვათ და დავქორწინდით, დამიჭერს მხარს ღვთისადმი მსახურებაში? გაიზიარებს ჩემს ენთუზიაზმს სულიერ საკითხებში? როგორი ურთიერთგაგება იარსებებს ასეთი კავშირის დროს? (შეადარე 2 კორინთელთა 6:14—18).
ურთიერთობის სრული გაწყვეტა არ იქნება ადვილი. მონიკა, რომელიც ზემოთ იყო ნახსენები, აღნიშნავს: „ორჯერ ვეცადე მასთან ურთიერთობის შეწყვეტას, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არ მინდოდა, მას საერთოდ დავშორებოდი. ვცდილობდი მექადაგა მისთვის და იმედი მქონდა, რომ იწამებდა იეჰოვას. ერთ-ერთ კვირა დღეს კრებაზეც კი მოვიდა. მაგრამ მას სინამდვილეში არ აინტერესებდა ღმერთი. მივხვდი, რომ მართებული იქნებოდა, მასთან უთიერთობა საერთოდ გამეწყვიტა“.
ეს ფრაზა გვახსენებს იესოს სიტყვებს, რომლებიც მათეს 5:30-შია ჩაწერილი. იქ საუბარია იმის შესახებ, რამაც შეიძლება ღვთის სამეფოს დამკვიდრებაში შეგვიშალოს ხელი და რაც შეიძლება მარჯვენა ხელივით ძვირფასი იყოს ჩვენთვის. მაგრამ იესო გვირჩევს: „მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში [მარადიული განადგურების სიმბოლო] ჩავარდეს“. გამოიყენე ეს პრინციპი, თამამად შეხვდი იმ ადამიანს და ‘უთხარი ჭეშმარიტება’ (ეფესელთა 4:25). საზოგადოებრივ ადგილას — არა განმარტოებით ან რომანტიკულ გარემოში — მტკიცედ და ნათლად აუხსენი, რომ წყვეტ ურთიერთობას. ახალგაზრდა შილა იხსენებს: „სიმტკიცე ძალიან დამეხმარა. არავითარი ერთად საუზმობა. არავითარი შეხვედრები სკოლის ბიბლიოთეკაში. ნათლად დავანახვე მას ჩემი პოზიცია“. ახალგაზრდა ქრისტიანმა პემმაც მსგავსი სიმტკიცე გამოავლინა: „ბოლოს და ბოლოს ვუთხარი, თავი დაენებებინა ჩემთვის, და მას შემდეგ თვალს ვარიდებდი“.
ტკივილის გადალახვა
ასეთი დასასრულის შემდეგ შეიძლება იგივეს გრძნობდე, რასაც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც თქვა: „წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები“ (ფსალმუნი 37:7). ბუნებრივია, გარკვეულ ხანს დამწუხრებული იქნები. ბიბლიაში ნათქვამია, რომ არის „ჟამი ტირილისა“ (ეკლესიასტე 3:4). მაგრამ შენი მწუხარება მარადიული არ იქნება. ტკივილს დრო შეგიმცირებს. „დიახ, თავდაპირველად ძალიან განვიცდიდი. მშობლები გრძნობდნენ ამას და ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ ჩემთვის, რომ მეტი ურთიერთობა მქონოდა სხვა ახალგაზრდა ქრისტიანებთან. ეს ძალიან დამეხმარა“ — ამბობს მარკი. ენდრიუ, რომელმაც მსგავსი რამ განიცადა, იხსენებს: „მე უხუცესები დამეხმარნენ. ამასთანავე, უფრო აქტიურად ვმონაწილეობდი სამქადაგებლო საქმეში და მეტად დავუახლოვდი იმ ქრისტიან ძმებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა“. დიახ, დაკავდი სულიერი საქმეებით (1 კორინთელთა 15:58). ასეთ სიტუაციაში შეიძლება ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში დაგეხმაროს. ნუ განმარტოვდები (იგავნი 18:1, აქ). იფიქრე იმაზე, რაც სასიხარულო და გამამხნევებელია (ფილიპელთა 4:8).
იმასაც ნუ დაივიწყებ, რომ იეჰოვას ახარებს შენი სიმტკიცე. თამამად სთხოვე მას ლოცვისას დახმარება და მხარდაჭერა (ფსალმუნი 54:23; 64:3). „ბევრს ვლოცულობდი“, — იხსენებს ახალგაზრდა შილა. მართლაც არ იყო ადვილი ასეთი ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა ვხვდებოდი რომ მასთან მეგობრობა კარგს არაფერს მომიტანდა. შილა ამბობს: „თუმცა ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, ზოგჯერ მაინც ვფიქრობ მასზე და მაინტერესებს, რას აკეთებს ახლა. მაგრამ მტკიცე ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში და ვიცი, რომ ამით იეჰოვას ვუხარებ გულს“.
[სქოლიო]
a სახელები შეცვლილია.
[სურათი 27 გვერდზე]
პირდაპირ და ნათლად აუხსენი, რომ წყვეტ ურთიერთობას.