თავი 3
ნამდვილად შემეფერება?
შეავსე შემდეგი ტესტი:
როგორი უნდა იყოს შენი მომავალი მეუღლე? ქვემოთ ✔-ით აღნიშნე ოთხი რამ, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
□ კარგი გარეგნობის □ სულიერად ძლიერი
□ მეგობრული □ სანდო
□ პოპულარული □ პატიოსანი
□ მხიარული □ მიზანდასახული
მოგწონდა ვინმე, როცა უფრო პატარა იყავი? ზემოთ ×-ით აღნიშნე, რა გიზიდავდა ყველაზე მეტად მასში.
ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურებებიდან არც ერთი არ არის ცუდი. ყველა თავისებურად მიმზიდველია. მაგრამ, როცა შედარებით პატარა იყავი, შეიძლება უფრო მეტად იმას აქცევდი ყურადღებას, რაც მარცხენა სვეტშია.
ასაკის მატებასთან ერთად შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ისეთი თვისებები ხდება, როგორიც მარჯვენა სვეტშია. მაგალითად, ახლა შეიძლება ხედავ, რომ უბანში ყველაზე ლამაზი გოგო სულაც არ არის სანდო ადამიანი, ან კლასში ყველაზე პოპულარული ბიჭი სულაც არ არის წესიერი და პატიოსანი. თუ გარდატეხის ასაკიდან უკვე გამოხვედი, ალბათ მარტო გარეგნულ მხარეებს აღარ აქცევ ყურადღებას.
ჯერ საკუთარი თავი შეაფასე
სანამ იმაზე დაიწყებ ფიქრს, თუ ვინ არის შენი შესაფერისი, საკუთარი თავი შეაფასე. ამაში დაგეხმარება შემდეგი კითხვები:
რა დადებითი თვისებები მაქვს? ․․․․․
რა არ მომწონს ჩემს ხასიათში? ․․․․․
რა მჭირდება ემოციურად და სულიერად? ․․․․․
საკუთარი თავის სწორად შეფასება არცთუ ისე იოლია. ეს კითხვები დაგეხმარება ამ მხრივ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. საკუთარი თავის შეფასება გაგიადვილებს ისეთი ადამიანის მოძებნას, რომელიც შენს ღირსებებს წარმოაჩენს და არა სუსტ მხარეებსa. როგორ უნდა მოიქცე, თუ ფიქრობ, რომ ასეთი ადამიანი უკვე იპოვე?
სულერთია, ვინ იქნება?
როცა ვინმე მოგწონს, შეიძლება სიხარულით ცას ეწიო, თუ ის ახლოს გაცნობას შემოგთავაზებს. მაგრამ დროთა განმავლობაში როგორ უნდა განსაზღვრო, რომ შენი შეყვარებული ნამდვილად შეგეფერება?
დავუშვათ, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა გინდა. წახვედი მაღაზიაში და ძალიან მოგეწონა ერთი ფეხსაცმელი. იზომებ, მაგრამ სამწუხაროდ პატარა გაქვს. რას იზამ? მაინც იყიდი? ფაქტია, უკეთესი იქნება, თუ სხვას დაუწყებ ძებნას. ნამდვილად არ ღირს იმ ფეხსაცმლით სიარული, რომელიც პატარა გაქვს.
იმავეს თქმა შეიძლება, როცა საქმე ეხება შესაფერისი მეუღლის პოვნას. დროთა განმავლობაში შეიძლება ბევრმა მიიქციოს შენი ყურადღება, მაგრამ ყველა ნამდვილად არ გამოგადგება. შენ გჭირდება ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს კარგად იგრძნობ, რომელთანაც ბევრი რამ გექნება საერთო და რომელსაც კარგად შეეწყობი (დაბადება 2:18; მათე 19:4—6). იპოვე ასეთი ადამიანი?
გარეგნობით ნუ შემოიფარგლები
როგორ უნდა დარწმუნდე, რომ შენი რჩეული ნამდვილად შეგეფერება? იყავი ობიექტური. გაითვალისწინე, რომ შეყვარებული ადამიანი ხშირად მხოლოდ იმას ხედავს, რისი დანახვაც უნდა. ამიტომ ნუ აჩქარდები. ერთი შეხედვით ვერ დაინახავ ადამიანის ნამდვილ ბუნებას. ამისთვის უფრო მეტია საჭირო. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ მანქანის ყიდვას აპირებ. რას მიაქცევ ყურადღებას? საკმარისი იქნება, თუ მარტო გარედან შეხედავ და მოგეწონება? ჭკვიანი ადამიანი შეამოწმებს, რა მდგომარეობაში აქვს მანქანას ძრავა და სხვა ნაწილები.
ოჯახის შექმნა მანქანის ყიდვაზე გაცილებით სერიოზული საკითხია. მაგრამ ბევრი ამ საკითხს ძალიან მარტივად უდგება. ისინი მხოლოდ იმას ამჩნევენ, რაც საერთო აქვთ. მათ ასეთი არგუმენტები მოჰყავთ: „ჩვენ ერთნაირი მუსიკა მოგვწონს“, „ორივეს ერთი და იგივე რამ გვიზიდავს“, „ყველაფერში ერთნაირი გემოვნება გვაქვს“. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, თუ გარდატეხის ასაკიდან უკვე გამოხვედი, ამაზე მეტის — „შინაგანი ადამიანის“ — დანახვას შეეცდები (1 პეტრე 3:4; ეფესოელები 3:16).
მარტო იმას ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ რა გაქვთ საერთო. დაფიქრდი იმაზეც, თუ რა არ გაქვთ საერთო. როგორ იქცევა შენი შეყვარებული, როცა ერთმანეთს არ ეთანხმებით? ცდილობს თავისი გაიტანოს? ხომ არ რისხდება და „ლანძღვაზეც“ ხომ არ გადადის? (გალატელები 5:19, 20; კოლოსელები 3:8). რას აკეთებს იმისათვის, რომ ურთიერთობა არ დაიძაბოს? მიდის დათმობაზე, როცა ამით არაფერი შავდება? (იაკობი 3:17).
უნდა დაფიქრდე შემდეგ საკითხებზეც: ხომ არ უყვარს სხვების გამოყენება თავის სასარგებლოდ ან მათი თავის ჭკუაზე ტარება? ეჭვიანი ხომ არ არის? ყველა ნაბიჯს ხომ არ გიკონტროლებს? ნიკოლი ამბობს: „ზოგი ეჩხუბება თავის შეყვარებულს იმის გამო, რომ ყველაფერზე ანგარიშს არ აბარებს. ჩემი აზრით, ეს ცუდის ნიშანია“ (1 კორინთელები 13:4).
რაც ზევით მოვიხსენიეთ, ხასიათსა და საქციელს ეხებოდა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორი რეპუტაცია აქვს შენს შეყვარებულს. რას ამბობენ სხვები მასზე? შეიძლება ღირდეს მათთან დალაპარაკება, ვინც მას კარგად იცნობს, მაგალითად რომელიმე მოწიფულ ქრისტიანთან. ასე გაიგებ, ‘დადებითად ახასიათებენ’ თუ არა მას (საქმეები 16:1, 2).
კარგს იზამ, თუ შენი შეყვარებულის დასახასიათებლად შეავსებ ქვედა რამდენიმე ხაზს.
ხასიათი ․․․․․
საქციელი ․․․․․
რეპუტაცია ․․․․․
გადახედე აგრეთვე ჩარჩოს „როგორი ქმარი იქნება“ (გვერდი 39) ან „როგორი ცოლი იქნება“ (გვერდი 40). იქ მოცემული კითხვები უკეთ დაგანახვებს, ღირს თუ არა შენს შეყვარებულზე დაქორწინება.
როგორ უნდა მოიქცე, თუ ყველაფერს აწონ-დაწონი და მიხვდები, რომ ეს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად არ გამოგადგება? ასეთ შემთხვევაში სერიოზული გადაწყვეტილება გექნება მისაღები.
გავწყვიტო ურთიერთობა?
ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყველაზე ჭკვიანურია. აი, რას გვიყვება ჯილი: „თავიდან ძალიან მომწონდა, რომ ჩემს შეყვარებულს ყოველთვის აინტერესებდა, სად და ვისთან ერთად ვიყავი და რას ვაკეთებდი. მაგრამ ცოტა ხანში უკვე მოითხოვდა, რომ სულ მის გვერდით ვყოფილიყავი. იმასაც კი ვერ იტანდა, ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით კი მამასთან ერთად თუ ვიყავი. როცა გავწყვიტე ურთიერთობა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოვიხსენი“.
მსგავსი რამ სარასაც გადახდა. დროთა განმავლობაში მან დაინახა, რომ მისი შეყვარებული ზედმეტად მომთხოვნი და უხეში იყო, თან სხვების დაცინვა უყვარდა. სარა იხსენებს: «ერთხელ ჯონი ჩემთან უნდა მოსულიყო სახლში და სამი საათი დააგვიანა. როცა დედამ კარი გაუღო, წესიერად არც კი მიესალმა. მერე მითხრა: „წავედით, ისედაც დაგვაგვიანდა!“. იმაზე კი არაფერი უთქვამს, რომ თვითონ დააგვიანა. არც ბოდიში მოუხდია და არც დაგვიანების მიზეზი აუხსნია. დედაჩემი ხომ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა!». ცხადია, ერთი შეცდომით და წყენით არ უნდა გადაწყვიტო ყველაფერი (ფსალმუნი 130:3). მაგრამ სარა მიხვდა, რომ ჯონის ჩვევაში ჰქონდა ასეთი საქციელი და ეს არ იყო ერთხელ დაშვებული შეცდომა. ამიტომ მან გაწყვიტა მასთან ურთიერთობა.
რას გააკეთებ, თუ ჯილისა და სარას მსგავსად იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ შენი შეყვარებული სინამდვილეში არ შეგეფერება? თვალს ნუ დახუჭავ! რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ამ აზრთან შეგუება, შეიძლება ჯობდეს ურთიერთობის გაწყვეტა. იგავების 22:3-ში წერია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“. მაგალითად, თუ შენს შეყვარებულში ხედავ 39-ე და მე-40 გვერდებზე მოხსენიებულ ერთ ან რამდენიმე „საგანგაშო ნიშანს“, უკეთესი იქნება ურთიერთობის გაწყვეტა — დროებით მაინც, ვიდრე რამე არ შეიცვლება. გასაგებია, რომ ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი არ არის. მაგრამ შენ ერთი-ორი დღისთვის არ ქორწინდები. ჯობია ახლა გეტკინოს გული, ვიდრე მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს.
როგორ ვუთხრა?
როგორ უნდა დაუსვა წერტილი თქვენს ურთიერთობას? პირველ რიგში, შეარჩიე შესაფერისი სიტუაცია. შენი თავი წარმოიდგინე მის ადგილზე (მათე 7:12). გესიამოვნებოდა, ამის შესახებ შენს შეყვარებულს ყველას გასაგონად რომ ეთქვა? ალბათ, არა. გაუფრთხილდი მის გრძნობებს და, თუ შესაძლებელია, შენს გადაწყვეტილებას ნუ შეატყობინებ ავტომოპასუხით, SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით. ასე რომ, დაფიქრდი, სად და როდის აჯობებს ამ საკითხზე საუბარი.
რა უნდა უთხრა და როგორ? მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, სიმართლე ელაპარაკათ (ეფესოელები 4:25). იყავი ტაქტიანი, მაგრამ მტკიცე. გასაგებად აუხსენი, რატომ ფიქრობ, რომ არ ღირს თქვენი ურთიერთობის გაგრძელება. ნუ ჩამოუთვლი ყველა „ცოდვას“ და ნურც მეტისმეტად გააკრიტიკებ. მოერიდე ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „შენ არ . . .“ ან „შენ არასოდეს . . .“. უკეთესი იქნება, თუ საკუთარ გრძნობებზე ისაუბრებ და ასეთ ფრაზებს გამოიყენებ: „მე მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც . . .“ ან „ჩემი აზრით, უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, რადგან . . .“.
მტკიცედ დაანახვე შენი პოზიცია და ვაჭრობას ნუ დააწყებინებ. გახსოვდეს, რომ ურთიერთობის გასაწყვეტად სერიოზული მიზეზი გაქვს. შეიძლება მან სხვადასხვა ხერხით სცადოს, აზრი შეგაცვლევინოს. ნუ წამოეგები ანკესზე. ლორი იხსენებს: „ჩვენი დაშორების შემდეგ ჩემი შეყვარებული ისე იქცეოდა, თითქოს ძალიან განიცდიდა. ვფიქრობ, ის უბრალოდ თავს მაცოდებდა. მეც მეცოდებოდა, მაგრამ ამის გამო გადაწყვეტილება არ შემიცვლია“. ლორის მსგავსად, ჯერ კარგად გადაწყვიტე, რა გინდა და შემდეგ ნუ შეიცვლი გადაწყვეტილებას. შენი არა არა იყოს (იაკობი 5:12).
ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ
გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება ძალიან გაგიჭირდეს. თავი შეიძლება ერთ-ერთი ფსალმუნის დამწერივით იგრძნო: „აფორიაქებული ვარ, წელში მოვიკაკვე, მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ“ (ფსალმუნი 38:6). ზოგმა მეგობარმა შეიძლება გირჩიოს, რომ არ ღირს ყველაფრის ასე დამთავრება. მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ შენი გადაწყვეტილება პირველ რიგში შენზე იმოქმედებს და არა მათზე. ამიტომ დროებით ტკივილს ნუ შეუშინდები და უკან ნუ დაიხევ.
დარწმუნებული იყავი, რომ გავა დრო და ეს ტკივილი აღარც გაგახსენდება. მანამდე კი დიდ დახმარებას გაგიწევს შემდეგ აბზაცში მოცემული რჩევების გათვალისწინება.
ესაუბრე მას, ვისაც ენდობიb (იგავები 15:22). ილოცე ამ საკითხზე (ფსალმუნი 55:22). დაკავდი სხვადასხვა საქმით (1 კორინთელები 15:58). საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტები (იგავები 18:1). მალევე დაუბრუნდი მათ წრეს, ვინც შენზე დადებითად მოქმედებს. ეცადე, მხოლოდ დადებითზე იფიქრო (ფილიპელები 4:8).
დრო მოვა და სხვას შეხვდები. მასთან ურთიერთობაში ალბათ ყველაფერს კიდევ უფრო გაწონასწორებული თვალით შეხედავ. ვინ იცის, იქნებ სწორედ ის აღმოჩნდეს შენი შესაფერისი.
წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის 31-ე თავში.
როგორ უნდა განსაზღვრო, რა არის მისაღები და რა არა შეყვარებულთან ურთიერთობაში გრძნობების გამოვლენისას?
[სქოლიოები]
a საკუთარი თავის უკეთ შეფასებაში დაგეხმარება პირველ თავში მოცემული კითხვები ქვესათაურიდან „მზად ხარ დაქორწინებისთვის?“.
b შეიძლება დაგეხმარონ მშობლები ან სხვა მოწიფული ადამიანები, მაგალითად ქრისტიანი უხუცესები. შესაძლოა ახალგაზრდობაში მათაც ჰქონდეთ გამოცდილი მსგავსი ტკივილი.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“ (იგავები 20:11).
რჩევა
ისეთი რამ აკეთეთ ერთად, რაც უკეთ დაგანახვებს მის თვისებებს:
● ერთად შეისწავლეთ ბიბლია.
● იმსახურეთ ერთად და მონაწილეობა მიიღეთ კრების შეხვედრებში.
● მონაწილეობა მიიღეთ სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და სამშენებლო პროექტებში.
იცოდი, რომ . . . ?
როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, თუ ცოლ-ქმარს სხვადასხვა რელიგია აქვს, უფრო დიდია მათი ოჯახის დანგრევის ალბათობა.
რა უნდა გავაკეთო
თუ ურწმუნო მომეწონება․․․․․
ჩემს შეყვარებულზე სხვების აზრი რომ გავიგო․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე?․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რა თვისებებია საჭირო ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად?
● რა თვისებები უნდა ჰქონდეს შენს მომავალ მეუღლეს?
● რა პრობლემებს შეიძლება შეხვდე, თუ სხვა რწმენის ადამიანზე დაქორწინდები?
● როგორ უნდა გაიგო უფრო მეტი შენი შეყვარებულის ხასიათის, საქციელისა და რეპუტაციის შესახებ?
[ჩანართი 37 გვერდზე]
„შენი შეყვარებული მომავალში შენც ისე მოგექცევა, როგორც თავისი ოჯახის წევრებს ექცევა“ (ტონი).
[ჩარჩო 34 გვერდზე]
„ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში“
„ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“. ალბათ, შენც მოგწონს ეს ბიბლიური პრინციპი, რომელიც 2 კორინთელების 6:14-შია ჩაწერილი. თუმცა მაინც შეიძლება, რომ ურწმუნო შეგიყვარდეს. ასეთ შემთხვევებში ხშირად გარეგნობა თამაშობს დიდ როლს. „მას ყოველთვის ვხედავდი სპორტდარბაზში, — ამბობს მარკი. — სულ მოდიოდა ჩემთან და მელაპარაკებოდა. ნელ-ნელა ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით“.
თუ ჩამოყალიბებული გაქვს სულიერი ფასეულობები და არც იმ ასაკში ხარ, რომ გრძნობებმა გმართოს, შენ თვითონაც გეცოდინება, როგორ უნდა მოიქცე ასეთ სიტუაციაში. რაოდენ მიმზიდველი, სასიამოვნო და, ერთი შეხედვით, ზნეობრივად სუფთა ადამიანიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ის ვერ შეგიწყობს ხელს ღმერთთან მეგობრობის განმტკიცებაში (იაკობი 4:4).
თუ ერთმანეთი შეგიყვარდებათ, ბუნებრივია, განშორება ადვილი არ იქნება. სინდი ამბობს: „ყოველდღე ვტიროდი. სულ იმ ბიჭზე ვფიქრობდი, მაშინაც კი, როცა კრების შეხვედრაზე ვიყავი. ისე ძალიან მიყვარდა, რომ მის დაკარგვას სიკვდილი მერჩია“. მალე სინდი მიხვდა, რომ დედა მართალი იყო, როცა ურწმუნო შეყვარებულთან ურთიერთობის გაწყვეტა ურჩია. „კარგად მოვიქეცი, იმ ბიჭს რომ დავშორდი. მჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს იმაზე, რაც მჭირდება“.
თუ შენც მსგავს მდგომარეობაში ხარ, ნუ ეცდები პრობლემასთან მარტო გამკლავებას. ესაუბრე მშობლებს. ასე მოიქცა ჯიმი, რომელსაც სკოლაში ერთი გოგო ძალიან მოსწონდა. ის გვიყვება: „ბოლოს მშობლებს ვთხოვე დახმარება. ისინი რომ არა, საკუთარ თავს ვერ მოვერეოდი“. შენი დახმარება კრების უხუცესებსაც შეუძლიათ. გაესაუბრე რომელიმე უხუცესს და უთხარი, რასაც განიცდი (ესაია 32:1, 2).
[ჩარჩო⁄სურათი 39 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
როგორი ქმარი იქნება
რა უნდა ვიცოდე მის შესახებ:
□ როგორ იყენებს თავის უფლებებს? (მათე 20:25, 26).
□ რა მიზნები აქვს? (1 ტიმოთე 4:15).
□ ცდილობს ამ მიზნების მიღწევას? (1 კორინთელები 9:26, 27).
□ როგორ ექცევა ოჯახის წევრებს? (გამოსვლა 20:12).
□ ვისთან მეგობრობს? (იგავები 13:20).
□ რაზე უყვარს საუბარი? (ლუკა 6:45).
□ როგორი დამოკიდებულება აქვს ფულის მიმართ? (ებრაელები 13:5, 6).
□ რითი ერთობა ხოლმე? (ფსალმუნი 97:10).
□ როგორ ავლენს იეჰოვას სიყვარულს? (1 იოანე 5:3).
კიდევ რას უნდა მივაქციო ყურადღება:
□ შრომისმოყვარეა? (იგავები 6:9—11).
□ ხომ არ უყვარს ფულის უაზროდ ხარჯვა? (ლუკა 14:28).
□ აქვს თუ არა კარგი რეპუტაცია? (საქმეები 16:1, 2).
□ ყურადღებიანია? (ფილიპელები 2:4).
საგანგაშო ნიშნები:
□ ადვილად ბრაზდება? (იგავები 22:24).
□ ხომ არ გიბიძგებს ამორალური საქციელისკენ? (გალატელები 5:19).
□ ხომ არ აყენებს სხვებს ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას? (ეფესოელები 4:31).
□ ხომ არ ფიქრობს, რომ დალევის გარეშე კარგ დროს ვერ გაატარებს? (იგავები 20:1).
□ ეჭვიანი და ეგოისტი ხომ არ არის? (1 კორინთელები 13:4, 5).
[ჩარჩო⁄სურათი 40 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
როგორი ცოლი იქნება
რა უნდა ვიცოდე მის შესახებ:
◻ როგორ ავლენს მორჩილებას ოჯახში და კრებაში? (ეფესოელები 5:21, 22).
◻ როგორ ექცევა ოჯახის წევრებს? (გამოსვლა 20:12).
◻ ვისთან მეგობრობს? (იგავები 13:20).
◻ რაზე უყვარს საუბარი? (ლუკა 6:45).
◻ როგორი დამოკიდებულება აქვს ფულის მიმართ? (1 იოანე 2:15—17).
◻ რა მიზნები აქვს? (1 ტიმოთე 4:15).
◻ ცდილობს ამ მიზნების მიღწევას? (1 კორინთელები 9:26, 27).
◻ რითი ერთობა ხოლმე? (ფსალმუნი 97:10).
◻ როგორ ავლენს იეჰოვას სიყვარულს? (1 იოანე 5:3).
კიდევ რას უნდა მივაქციო ყურადღება:
◻ შრომისმოყვარეა? (იგავები 31:17, 19, 21, 22, 27).
◻ ხომ არ უყვარს ფულის უაზროდ ხარჯვა? (იგავები 31:16, 18).
◻ აქვს თუ არა კარგი რეპუტაცია? (რუთი 3:11).
◻ ყურადღებიანია? (იგავები 31:20).
საგანგაშო ნიშნები:
◻ უყვარს უაზროდ კამათი? (იგავები 21:19).
◻ ხომ არ გიბიძგებს ამორალური საქციელისკენ? (გალატელები 5:19).
◻ ხომ არ აყენებს სხვებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას? (ეფესოელები 4:31).
◻ ხომ არ ფიქრობს, რომ დალევის გარეშე კარგ დროს ვერ გაატარებს? (იგავები 20:1).
◻ ეჭვიანი და ეგოისტი ხომ არ არის? (1 კორინთელები 13:4, 5).
[სურათი 30 გვერდზე]
ნებისმიერი ზომის ფეხსაცმელს ვერ მოირგებ; ვერც ნებისმიერი ადამიანი იქნება შენი შესაფერისი.
[სურათი 31 გვერდზე]
იყიდი მანქანას, თუ მარტო გარედან შეხედავ და მოგეწონება? ცხოვრების თანამგზავრის არჩევა გაცილებით სერიოზული საკითხია!