ბიბლიის თვალსაზრისი
მრუშობა მისატევებელია თუ არა?
„მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი“ (მარკოზი 11:25). ამ სიტყვებმა, რომლებიც იესომ წარმოთქვა, წამოჭრა რამდენიმე საკმაოდ რთული შეკითხვა, რომლებიც მრუშობის ჩადენით ოჯახის სიმტკიცის შერყევას ეხება: უნდა მიუტევოს თუ არა უდანაშაულო ქრისტიანმა და უნდა შეინარჩუნოს თუ არა ოჯახი?a თუ განქორწინებას გადაწყვეტს საშიშროება ხომ არ ემუქრება ღმერთთან მის ურთიერთობას? მოდი განვიხილოთ, თუ როგორ პასუხობს ბიბლია ამ შეკითხვებს.
ყოველთვის უნდა მიუტევო?
ნიშნავს თუ არა იესოს სიტყვები, „მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ“, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, მაშინაც, თუ მეუღლემ იმრუშა — ქრისტიანი ვალდებულია, მიუტევოს? იესოს სიტყვები გაგებულ უნდა იქნეს იმ სიტყვების ფონზე, რომლებსაც მიტევების შესახებ ამბობდა.
მაგალითად, ჩვენ გავიგეთ იესოს სიტყვებიდან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რაც მიტევებას შეეხება, ეს სიტყვები ჩაწერილია ლუკას 17:3, 4-ში: „თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას; თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე“. რასაკვირველია, სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში შეურაცხყოფილს ურჩევენ, შეეცადოს, მიუტევოს, თუ ნამდვილ მონანიებას აქვს ადგილი. თვითონ იეჰოვას აქვს ასეთი თვალსაზრისი; ღმერთმა რომ მოგვიტევოს, გულწრფელად უნდა მოვინანიოთ (ლუკა 3:3; საქმეები 2:38; 8:22).
ეს აგრეთვე გვიჩვენებს, რომ, თუ მრუშობის ჩამდენი არ ინანიებს, უარს აცხადებს, პასუხისმგებლობა იგრძნოს ჩადენილ ცოდვაზე, გასაგებია, რომ უდანაშაულო მეუღლემ შესაძლოა ირჩიოს, რომ არ მიუტევოს (შეადარე 1 იოანე 1:8, 9).
მიტევება — რა შეიძლება ითქვას შედეგებზე?
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მრუშობის ჩამდენი ინანიებს? როდესაც ინანიებს, მიტევებისთვის საფუძველიც არსებობს. მაგრამ შეცდომის ჩამდენისთვის მიტევება ნიშნავს თუ არა, რომ არასწორი საქციელის ნაყოფისგან გათავისუფლდა? განვიხილოთ იეჰოვას მიერ მიტევების გამოვლენის ზოგი მაგალითი.
როდესაც ისრაელი აჯანყდა, როცა მოუსმინეს 10 მზვერავის ცუდ ინფორმაციას ქანაანის მიწის შესახებ, მოსე ევედრებოდა იეჰოვას: „შეუნდე დანაშაული ამ ხალხს“. იეჰოვამ უპასუხა: „შემინდვია, შენი სიტყვისამებრ“. ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ შეცდომის ჩამდენები თავიანთი მოქმედების ნაყოფისგან თავისუფლდებოდნენ? იეჰოვა აგრძელებს: „ვერცერთი იმათგანი, ვინც. . . არ დაიჯერა ჩემი სიტყვა, ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას“ (რიცხვნი 14:19–23). იეჰოვამ შეასრულა თავისი სიტყვა; უფროსმა თაობამ — იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნის ძის გარდა — ვერ იხილა აღთქმული მიწა (რიცხვნი 26:64, 65).
ასევე, როდესაც ნათან წინასწარმეტყველმა ამხილა დავითის ცოდვა ბარშებაყთან, დავითმა მოინანია, მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა და თქვა: „შევცოდე უფალს“. შემდეგ ნათანმა უთხრა დავითს: „უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები“ (მეორე მეფეთა 12:13). მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ მიუტევა დავითს, ის მაინც მთელი სიცოცხლე ჩადენილი ცოდვის ნაყოფით იტანჯებოდა (მეორე მეფეთა 12:9–14; იხილე აგრეთვე მეორე მეფეთა 24-ე თავი).
ღვთისგან მიღებული მიტევების შესახებ მაგალითები, ხაზგასმით გვაძლევს მნიშვნელოვან გაკვეთილს: ჩადენილი ცოდვა დაუსჯელად არ ჩაივლის (გალატელთა 6:7, 8). მომნანიებელი ცოდვილი, რომელსაც შესაძლოა მიუტევეს, ყოველთვის არ არის მის მიერ ჩადენილი არასწორი მოქმედების ნაყოფისგან თავისუფალი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უდანაშაულო მეუღლეს შეუძლია მიუტევოს მრუშობის ჩამდენს — სხვა თუ არაფერი, იმისთვის, რომ გაიაროს მწარე გულისტკივილმა — და მაინც განქორწინება გადაწყვიტოს?
მიტევება და განქორწინება
დედამიწაზე მსახურებისას იესომ სამჯერ მოიხსენია განქორწინება (მათე 5:32; 19:3–9; ლუკა 16:18). საინტერესოა, რომ ამ სამი შემთხვევიდან იესოს ერთხელაც არ მოუხსენებია მიტევება. მაგალითად, მათეს 19:9-ში ვკითხულობთ მის სიტყვებს: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“. სიტყვებით, „სიძვის (მრუშობის) მიზეზის გარეშე“, იესო გულისხმობდა, რომ სექსუალური გარყვნილება უდანაშაულო მეუღლეს განქორწინებისთვის აძლევდა უფლებას, ანუ ბიბლიიდან გამომდინარე „საფუძველს“. მაგრამ იესოს არ უთქვამს, რომ უდანაშაულო მეუღლე უნდა გაეყაროს. თუმცა მან ნათლად აღნიშნა, რომ მას შეუძლია ასეც მოიქცეს.
ქორწინება არის კვანძი, რომელიც ორ პიროვნებას აკავშირებს ერთმანეთთან (რომაელთა 7:2). მაგრამ, როდესაც ერთი უღალატებს მეორეს, კავშირი შეიძლება გაწყდეს. ასეთ შემთხვევაში უდანაშაულო მეუღლე ორი არჩევნის წინაშე დგას. პირველი, უნდა მიუტევოს? როგორც დავინახეთ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულწრფელად ინანიებს თუ არა მრუშობის ჩამდენი. როდესაც ინანიებს, უდანაშაულო მეუღლემ შეიძლება დროთა განმავლობაში მიუტევოს — სხვა თუ არაფერი იმისთვის, რომ გულისტკივილმა გაიაროს.
მეორე გადაწყვეტილება, უნდა ეცადოს თუ არა განქორწინებას? რატომ უნდა წამოიჭრას ეს შეკითხვა, თუ მან უკვე მიუტევაb? რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ მას საფუძვლიანი მიზეზი აქვს, გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ, ასევე ბავშვების უსაფრთხოებას განსაკუთრებით მაშინ, თუ წარსულში მეუღლე მგმობელი იყო? ან, თუ ეშინია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირების? ან გულის სიღრმეში გრძნობს, რომ ღალატის გამო აღარ შეუძლია ცოლქმრულ ურთიერთობაში ენდოს? ასეთ შემთხვევებში სავსებით შესაძლებელია, რომ უდანაშაულო მეუღლემ მიუტევოს ცოდვის ჩამდენს (რომ გულისტკივილმა ჩაიაროს) და შემდეგ გადაწყვიტოს, გაეყაროს, რადგან აღარ სურს მასთან ცხოვრება. გულისწყრომის განელება ალბათ დაეხმარება მას მშვიდად განაგრძოს ცხოვრება. ეს ასევე გაუადვილებს მომავალში მრუშობის ჩამდენთან ნებისმიერ აუცილებელ საზოგადოებრივ ურთიერთობას.
გაეყაროს თუ არა უდანაშაულო მოღალატე მეუღლეს პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ფაქტია, რომ უდანაშაულომ დაკვირვებითა და ლოცვით უნდა აწონ-დაწონოს ყველა ფაქტორი (ფსალმუნი 54:23). სხვებს არა აქვთ უფლება, შეეცადონ მიუთითონ ან გავლენა მოახდინონ უდანაშაულო მეუღლეზე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს (შეადარე გალატელთა 6:5). გახსოვდეთ, რომ იესოს არ უთქვამს, თუ რა უნდა გააკეთოს უდანაშაულო მეუღლემ. მაშასადამე, ნათელია, რომ იეჰოვა არ განაწყენდება მათზე, ვინც გადაწყვეტს განქორწინებას სათანადო ბიბლიური საფუძვლით.
[სქოლიოები]
a მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულო მეუღლედ ქალს ვიხსენიებთ, აქ განხილული პრინციპები სათანადოა უდანაშაულო მეუღლე ქრისტიანი მამაკაცისთვის.
b სქესობრივი კავშირის განახლებით, უდანაშაულო მეუღლე ცხადყოფდა, რომ შეცდომის ჩამდენ მეუღლესთან შერიგება გადაწყვიტა. ამით ის გააუქმებდა ბიბლიურ საფუძველს განქორწინებისთვის.
[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]
Life