უმიზნოდ ვცხოვრობდი, მაგრამ ვიპოვე სიცოცხლის აზრი
წარმოიდგინეთ ჩემი შეშფოთება და უხერხულობა, როდესაც დილაადრიან მოულოდნელად გამეღვიძა და ორი უხეში მამაკაცი ჩემს საძინებელ ოთახს ჩხრეკდა. ფერწასული და უმწეო დედა გაოგნებული უყურებდა მათ. მამაკაცები გამომძიებლები იყვნენ.
მაშინვე მივხვდი, რას ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ მხნეობას ვინარჩუნებდი და გამომწვევად ვიქცეოდი, გულის სიღრმეში შიშს მაინც ვგრძნობდი. მივხვდი, რომ პოლიციელების მახეში ებმებოდა ჩვენი, არასრულწლოვანი მძარცველების, ბანდა ნიუ-ჯერზიში (აშშ). გამომძიებლებმა უხეშად მითხრეს, რომ ჩამეცვა და სასწრაფოდ წამიყვანეს პოლიციის მთავარ განყოფილებაში დაკითხვაზე.
როგორ აღმოვჩნდი ამ საზიზღარ სიტუაციაში? ეს დაიწყო ჩემი ცხოვრების ადრეულ ხანაში. ჯერ კიდევ მოზარდი, თავს თავდაჯერებულ ახალგაზრდა დამნაშავედ მივიჩნევდი. მრავალი ახალგაზრდა 1960-იან წლებში ფიქრობდა, რომ ყოველი მიზეზის გარეშე ყველაფრით უკმაყოფილოდ ყოფნა „ნაღდია“ და მეც მთელი გულით ვეთანხმებოდი ამ აზრს. ამგვარად, 16 წლის ასაკში, რადგან მთელ დროს საბილიარდოში ვატარებდი, სკოლიდან გამრიცხეს. ამ დროს ჩამითრია ახალგაზრდების ბანდამ, რომელიც ღამე ბინებს ტეხდა. მას შემდეგ, რაც მათთან ერთად ვასრულებდი შედარებით უმნიშვნელო დავალებებს, აღტაცებული სიხარულს ვგრძნობდი და ყოველ შემთხვევას ძალიან სასიამოვნოდ მივიჩნევდი.
ამგვარად დაიწყო ცხრათვიანი თავაშვებული მხიარულება სახლებისა და დაწესებულებების გატეხვით. როგორც ბანდა, ყურადღებას ძირითადად ვამახვილებდით დაწესებულებებზე, სადაც ხშირად დიდი თანხები ინახებოდა. საკმაოდ ბევრი დანაშაული ისე ჩავიდინეთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ დაუჭერიათ, ამიტომ უფრო გავთამამდით. ბოლოს, გადავწყვიტეთ სახელმწიფო ბანკის ფილიალის გატეხვა.
პირველი შემთხვევა იყო, რომ საქმე ცუდად წაგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკში ყოველგვარი სირთულეების გარეშე შევედით, ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა ღამით ბანკში ყოფნისას, რადგან მხოლოდ სალაროს გახსნა შევძელით. უფრო სერიოზული პრობლემა ის იყო, რომ ბანკის გატეხვამ ფეხზე დააყენა გამოძიების ფედერალური ბიურო (გფბ). ჩვენი საქმის გამოძიების შემდეგ, ძალიან მალე ყველა აგვიყვანეს.
ბოროტმოქმედების
სამწუხარო გავლენა
პირადად მე ბრალი მედებოდა ბანდის სხვა 78 წევრთან ერთად და საკმაოდ დაბნეული აღმოვჩნდი, როდესაც თითოეულ ჩვენგანზე ყოველი წვრილმანი ხმამაღლა წაიკითხეს სასამართლოზე. ამას დაემატა ადგილობრივ გაზეთებში ჩვენი დანაშაულობების გახმაურება, რამაც გამანადგურებლად იმოქმედა ჩემს მშობლებზე. მაგრამ ის დამცირება და სირცხვილი, რასაც ჩემს გამო განიცდიდნენ, იმ დროს საერთოდ არ მაწუხებდა. მე მომისაჯეს განუსაზღვრელი ვადით გამოსასწორებელ კოლონიაში ყოფნა, ეს ნიშნავდა, რომ 21 წლამდე პატიმრობაში ყოფნა მომიწევდა. მაგრამ შესანიშნავი ადვოკატის ძალისხმევის შედეგად გადამიყვანეს სპეციალურ გამოსასწორებელ სკოლაში.
ციხეში არ მოვხვედრილვარ, მაგრამ შეთანხმება ისეთი იყო, რომ უნდა ჩამოვცილებოდი ჩემს წრესა და ყოფილ ამხანაგებს. ამ განზრახვით გადამიყვანეს ნიუარკის კერძო სკოლაში, რომელიც, ძირითადად, ჩემი მსგავსი მოზარდი დამნაშავეებისთვის იყო განკუთვნილი. ამასთანავე, ჩემგან მოითხოვებოდა ყოველკვირვეული შეხვედრა ფსიქოლოგთან იმისთვის, რომ მიმეღო პროფესიული დახმარება. ასეთი პირობები შემიქმნეს ჩემმა მშობლებმა — ეს მათი მხრიდან დიდი ფინანსური მსხვერპლის გაღება იყო.
ძალისხმევა გამოსწორებისთვის
უეჭველია, კარგად გახმაურებული პროცესის საფუძველზე ჩვენი ქალაქის გაზეთში გამოჩნდა მოწინავე სტატია, სათაურით „წკეპლისგან თავის შეკავება“. სტატია, როგორც ჩანს, აკრიტიკებდა ბანდის მიმართ რბილ მოპყრობას. ამ სტატიის კომენტარებმა პირველად შეაწუხა ჩემი სინდისი. მე ამოვჭერი ის ადგილი გაზეთიდან და დავიფიცე, რომ ოდესმე რამენაირად სიკეთით გადამეხადა ჩემი მშობლებისთვის იმ ტანჯვის, სირცხვილისა და დანახარჯისთვის, რომელიც მათ ჩემს გამო განიცადეს.
ჩემი აზრით, ერთადერთი საშუალება, დამემტკიცებინა მშობლებისთვის, რომ შემეძლო შეცვლა, იყო ის, რომ ჩემს კლასთან ერთად დამემთავრებინა სკოლა. ისე ბეჯითად შევუდექი სწავლას, როგორც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მისწავლია. შედეგი იყო ის, რომ სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც გამოსაცდელი ვადის ოფიცრის თანდასწრებით კვლავ იმ სასამართლოს წინაშე წარმადგინეს, რომელმაც განაჩენი გამომიტანა, ოფიცერს სახე სიხარულით გაებადრა, როდესაც ნახა რომ ყოველ სემესტრში მაღალ შეფასებას მივაღწიე. ასე რომ, გზა გამეხსნა ძველ სკოლაში დასაბრუნებლად, რომელიც შემდეგ წელს დავამთავრე.
ჩემი უმიზნო ცხოვრება
კვლავ გრძელდება
იმ დროს, როდესაც 1966 წელს ბევრი თანაკლასელი ვიეტნამში საბრძოლველად წავიდა, გავემგზავრე „კონკორდ კოლეჯში“ (ვირჯინია). კოლეჯში შემომთავაზეს ნარკოტიკები, სამშვიდობო გამოსვლები და საერთოდ ახალი კულტურა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ტრადიციულ ფასეულობებს. ვეძებდი რაღაცას, მაგრამ თვითონაც არ ვიცოდი — რას. როდესაც დადგა „სამადლობო დღესასწაული“, იმის ნაცვლად, რომ სახლში წავსულიყავი, ვაჩერებდი მანქანებს და „მადლობაზე“ ვმოგზაურობდი სამხრეთით „ბლუ-რიჯის მთების“ გავლით ფლორიდისკენ.
უწინ არასოდეს მიმოგზაურია ამდენი, მშვენიერი დღეები იყო, როდესაც ვხედავდი ახალ და განსხვავებულ ადგილებს — მაგრამ „სამადლობო დღის“ დადგომამდე მოხეტიალე ცხოვრების გამო დეიტონის სანაპიროს ციხეში აღმოვჩნდი. მშობლებთან დაკავშირება ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ ციხის ხელმძღვანელობამ თავისი გაიტანა. მამაჩემმა კიდევ ერთხელ იზრუნა დიდი ჯარიმის გადახდისთვის და არ დაუშვა ციხეში ჩავმჯდარიყავი.
ამის შემდეგ კოლეჯში აღარ დავრჩენილვარ. ერთი ხელჩანთითა და ახლადგაღვიძებული მოგზაურობის წყურვილით კვლავ დავადექი გზას და აღმა-დაღმა უმიზნოდ ვმოგზაურობდი შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვაჩერებდი მანქანებს „მადლობაზე“ და ვმუშაობდი შემთხვევით სამუშაოებზე, რომ მატერიალურად უზრუნველმეყო თავი. მშობლებმა იშვიათად იცოდნენ, სად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ვბრუნდებოდი სახლში. ჩემდა გასაკვირად, ისინი ყოველთვის თბილად მხვდებოდნენ, მაგრამ ერთ ადგილზე მაინც ვერ ვჩერდებოდი.
უკვე აღარ ვიყავი კოლეჯში და ამიტომ დავკარგე სტუდენტის კლასიფიკაცია, რომელიც სამხედრო სამსახურიდან მათავისუფლებდა. ჩემი კლასიფიკაცია გახდა 1-A და დროის ამბავი იყო, თუ როდის გამიწვევდნენ სამხედრო სამსახურში. სამხედრო სამსახურში წასვლასა და თავისუფლების დაკარგვაზე ფიქრიც არ მინდოდა. ამგვარად, გადავწყვიტე გემით დამეტოვებინა ქვეყანა. თანდათან ახალი კარიერის შესაძლებლობა გამომიჩნდა. ნუთუ, ბოლოს და ბოლოს, ეს იქნებოდა ჩემი ცხოვრების ნამდვილი მიზანი?
ცხოვრება ზღვაზე,
როგორც დაქირავებული ჯარისკაცი
ჩვენი ოჯახის ძველი მეგობარი იყო შეერთებული შტატების კერძო ეროვნული გემის კაპიტანი. მან გამაგებინა ახლად ჩამოყალიბებული სასწავლო პროგრამის შესახებ გემის ინჟინრობასთან დაკავშირებით. მე თავისუფლად მიმიღეს ორწლიანი შემოკლებული პროგრამის შესწავლისთვის, რომელიც ორმაგად იყო სასარგებლო: მათავისუფლებდა სამხედრო ვალდებულებისგან და მთავაზობდა გემის ინჟინრის პროფესიას. სწავლა დავამთავრე და დიპლომი მივიღე 1969 წელს და დავინიშნე მესამე კლასის ინჟინერ-ოფიცრად სან-ფრანცისკოში გემზე, რომელიც ჩემთვის პირველი გემი იყო. ჩვენ დაუყოვნებლივ გავცურეთ ვიეტნამისკენ საბრძოლო მარაგის ტვირთით. მოგზაურობა უსაფრთხო იყო და, როდესაც სინგაპურში ჩავედით, იმ გემიდან საკუთარი სურვილით გავთავისუფლდი.
სინგაპურში დავინიშნე საშიშ ზონას მოცილებულ ფლაგმანის გემზე — ასე იმიტომ ეწოდებოდა, რომ გემზე ხდებოდა უმუშევრად დარჩენილი დოკში მომუშავეების დაქირავება. ეს გემი გამოიყენებოდა ვიეტნამის სანაპიროებზე მიმოსვლისთვის, სამხრეთით ფანრანგიდან ჩრდილოეთისკენ დანანგამდე, დემილიტარიზებულ ზონამდე. აქ არასოდეს წყდებოდა შემზარავი დაბომბვის ექოს გუგუნი. მაგრამ ეს მარშრუტი ფინანსურად მომგებიანი იყო და ბრძოლაში სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისა და დროგამოშვებით თავდასხმის დროს საბრძოლო ოპერაციებისთვის ფულადი პრემიებიც მქონდა, ამგვარად, როგორც აღმოვაჩინე, დაქირავებულ ჯარისკაცს წელიწადში 35 000-ზე მეტი დოლარი შემოსავალი მქონდა. მიუხედავად ასეთი ფუფუნებისა, ცხოვრებაში არავითარი მიზანი არ მქონია და მაინტერესებდა, რა იყო ცხოვრება — საით მივექანებოდი?
სიცოცხლის აზრი აციმციმდა
მტრების მხრიდან ერთ-ერთი საშიში შემოტევის დროს ალბერტმა, საქვაბეში ჩემმა თანმხლებმა, დაიწყო ჩემთან საუბარი იმის შესახებ, თუ ძალიან მალე როგორ აპირებს ღმერთი მშვიდობის დამყარებას დედამიწაზე. ასეთი უჩვეულო ინფორმაციის მოსმენისას ყურები ვცქვიტე. როდესაც შემდეგ უკან გავცურეთ სინგაპურისკენ, ალბერტმა მითხრა, რომ ერთ დროს იეჰოვას მოწმე იყო, მაგრამ იმ დროისთვის აღარ იყო აქტიური. ასე რომ, ორივე ვცდილობდით, სინგაპურში გვეპოვა ადგილობრივი მოწმეები. თითქოს არავის შეეძლო ჩვენი დახმარება, მაგრამ, სანამ გავცურავდით, წინა ღამეს, ალბერტმა სასტუმროს მისაღებში იპოვა „საგუშაგო კოშკი“. იქ მოცემული იყო მისამართი. ჩვენ არ გვქონდა იმის დრო, შეგვემოწმებინა მისამართი, რადგან მეორე დილით გავცურეთ სასებოსკენ (იაპონია), სადაც გემი, გეგმის თანახმად, ორი კვირით მშრალ დოკში უნდა გაჩერებულიყო.
იქ ეკიპაჟის წევრებს ხელფასი გადავუხადეთ და ალბერტი თავის გზაზე წავიდა. ერთი კვირის შემდეგ ძალიან გავოცდი, როცა მივიღე დეპეშა, რითაც მამცნობდა, რომ დამდეგ შაბათ-კვირას სასებოში იეჰოვას მოწმეთა კონგრესი იქნებოდა. გადავწყვიტე წავსულიყავი და მენახა, რის შესახებ იყო კონგრესი.
ის დღე — 1970 წლის 8 აგვისტო — ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. კონგრესზე ტაქსით წავედი; მანქანიდან გადმოვედი სასიამოვნოდ ჩაცმულ ასობით იაპონელს შორის. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობამ არ იცოდა ინგლისური, ყველას სურდა, ხელი ჩამოერთმია ჩემთვის. ამის მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არაფერი მინახავს და, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვაც არ მესმოდა იაპონურ ენაზე ჩატარებული კონგრესის პროგრამიდან, გადავწყვიტე მეორე დღესაც წავსულიყავი და მენახა, ისეთივე სითბოთი შემხვდებოდნენ თუ არა. ასეც მოხდა!
ჩვენ ახალი ეკიპაჟი დავიქირავეთ და ერთი კვირის შემდეგ კვლავ სინგაპურისკენ გავცურეთ. პირველი, რაც იქ ჩასვლისას გავაკეთე, იყო ის, რომ დავიქირავე ტაქსი და გავეშურე „საგუშაგო კოშკში“ მოცემულ მისამართზე. სახლიდან სასიამოვნო მანდილოსანი გამოვიდა და მკითხა, რით შეეძლო დახმარება. მე ვუჩვენე „საგუშაგო კოშკში“ მოცემული მისამართი და მანაც დაუყოვნებლივ შემიპატიჟა შინ. მე მის მეუღლეს შევხვდი და გავიგე, რომ ისინი იყვნენ ავსტრალიიდან წამოსული მისიონერები, ნორმან და გლადი ბელოტები. მე ავუხსენი, როგორ ვიპოვე მათი მისამართი. მათ ძალიან გაუხარდათ ჩემი მისვლა და მრავალ შეკითხვაზეც მიპასუხეს — მათგან ბიბლიური ლიტერატურით დატვირთული წამოვედი. შემდეგი თვეების განმავლობაში ვიეტნამის სანაპიროებზე ცურვისას ვკითხულობდი ამ წიგნებს, მათ შორის წიგნს — „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“, (ინგლ).
მაშინ, პირველად ჩემს სიცოცხლეში მივხვდი, ნამდვილი მიზნის მნიშვნელობასა და მიმართულებას. მეორე მარშრუტზე სინგაპურისკენ გამგზავრების შემდეგ სამსახურიდან დავეთხოვე.
გულგატეხილობის გამომწვევი დაბრუნება
პირველად ვიგრძენი შინ დაბრუნების სურვილი. ამიტომ რამდენიმე კვირის შემდეგ აღფრთოვანებული და უდიდესი სურვილით, იეჰოვას მოწმეებზე მომეთხრო მშობლებისთვის, დავბრუნდი შინ. მათ ჩემი ენთუზიაზმი არ გაუზიარებიათ. ეს გასაგები იყო, რადგან ჩემი ყოფაქცევა არ იყო კარგი. მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიყავი სახლში, რომ, კვლავ ძალიან გახელებულმა, ღამის კლუბში ყველაფერი ნამსხვრევებად ვაქციე. გონზე ციხის საკანში მოვედი.
იმ დღიდან დავრწმუნდი, რომ ჩემი გამოსწორება არ იქნებოდა და შეუძლებელი იყო, კონტროლი გამეწია ფიცხი ხასიათისთვის. ალბათ, ყოველთვის უმიზეზო მეამბოხე ვიქნებოდი. სახლში დარჩენის არავითარი სურვილი მქონდა. სახლიდან უნდა წავსულიყავი. ასე რომ, რამდენიმე დღის შემდეგ ვიყიდე ბილეთი ინგლისისკენ მიმავალ ნორვეგიის სატვირთო გემზე.
ინგლისი და დრამატურგიული სკოლა
ძალიან მიხაროდა ინგლისში ყოფნა, მაგრამ პრობლემა იყო უმუშევრობა. ამიტომ გადავწყვიტე სხვადასხვა დრამატურგიულ სკოლაში მეცადა ბედი და ჩემდა გასაოცრად, ლონდონის დრამატურგიული ხელოვნების სკოლაში მიმიღეს. ორი წელი ლონდონში ისე გავიდა, რომ ხშირად ბევრს ვსვამდი, დავდიოდი საღამოს წვეულებებზე და, რასაკვირველია, ვღებულობდი ყოველნაირ ნარკოტიკს.
უცაბედად გადავწყვიტე შეერთებულ შტატებში კვლავ ჩემს ოჯახს ვწვეოდი. წარმოგიდგენიათ, რა საოცრად შემაძრწუნებლად იმოქმედებდა მათზე ჩემი უცნაური ჩაცმულობა? მოხურული მქონდა შავი მოსასხამი ორი ოქროსთავიანი ლომის გამოსახულებით, რომლებიც ოქროს ძეწკვით ერთდებოდა კისერთან, მეცვა წითელი ვილვეტის ქურთუკი და ტყავით გაწყობილი, მუხლამდე ჩექმებში ჩატანებული შავი ვილვეტის შარვალი. გასაკვირი არ არის, რომ მშობლებზე კარგი შთაბეჭდილება არ მომიხდენია და ამიტომ სავსებით გარიყულად ვგრძნობდი თავს მათი ტრადიციული გარემოსგან! ასე რომ, დავბრუნდი ინგლისში, სადაც 1972 წელს დრამატურგიის დარგში დიპლომი მივიღე. ამით კიდევ ერთ მიზანს მივაღწიე. მაგრამ კვლავ არ მასვენებდა კითხვა: საით მივდივარ? კვლავ მესაჭიროებოდა სიცოცხლის ნამდვილი აზრის გაგება.
უმიზნო ცხოვრება, ბოლოს და ბოლოს, მთავრდება
ამის შემდეგ, ძალიან მალე, როგორც იქნა ჩემი ცხოვრება თანდათან წყნარი ხდებოდა. ეს მეზობელ კაროლინთან მეგობრობით დაიწყო. ის ავსტრალიიდან იყო და სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ამასთანავე, იყო მეგობრული, სტაბილური პიროვნება — ჩემი პიროვნებისგან სრულიად განსხვავებული. ჩვენ ორი წლის განმავლობაში ისე ვმეგობრობდით, რომ არავითარი რომანტიკა არ იყო ჩვენს შორის. შემდეგ კაროლინი სამი თვით ამერიკაში გაემგზავრა და ჩვენი კარგი მეგობრობის გამო მოვახერხე, რამდენიმე კვირით ჩემს მშობლებთან დარჩენილიყო. ისინი, შესაძლოა, გაოცებულები იყვნენ, რა საერთო ჰქონდა მას ისეთი ხასიათის პიროვნებასთან, როგორიც მე ვიყავი.
მას შემდეგ, რაც კაროლინი გაემგზავრა, მეგობრებს ვუთხარი, რომ მეც სახლში მივდიოდი და მათაც დიდი გაცილება მომიწყეს. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ამერიკაში წავსულიყავი, გავემგზავრე სამხრეთისკენ, კენსინგტონში (ლონდონი), სადაც დავიქირავე ნახევრად სარდაფი ბინა და იეჰოვას მოწმეთა ფილიალში (ლონდონი) დავრეკე. როგორც იქნა მივხვდი, თუ ცხოვრების რომელი გზა უნდა ამერჩია. ერთ კვირაში სასიამოვნო წყვილი მოვიდა და მაშინვე დაიწყეს ჩემთან ბიბლიის რეგულარული შესწავლა. იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები უკვე წაკითხული მქონდა, დიდი მონდომებით ვსწავლობდი და კვირაში ორჯერ მოვითხოვე შესწავლა. ბობმა, როდესაც დაინახა ჩემი ენთუზიაზმი, სამეფო დარბაზში მიმიწვია და ძალიან მალე კვირის ყოველ შეხვედრას ვესწრებოდი.
როდესაც გავიგე, რომ იეჰოვას მოწმეები არ ეწევიან, გადავწყვიტე მეც დაუყოვნებლივ ასე მოვქცეულიყავი. მაგრამ როგორი იყო ჩემი გარეგნობა? აღარ მსურდა, ჩაცმულობით ყველასგან გამორჩეული ვყოფილიყავი და ვიყიდე ელეგანტური პერანგი, ჰალსტუხი და კოსტიუმი. მალე იმდენად კვალიფიცირებული გავხდი, რომ შემეძლო კარდაკარ მსახურებაში მიმეღო მონაწილეობა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ძალიან ვნერვიულობდი, დიდი სიხარული ვიგრძენი.
ჩემი აზრით, კაროლინს ჩამოსვლისას დიდი სიურპრიზი ელოდებოდა. მაგრამ მისი რეაგირება ისეთი იყო, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდი! ის ვერ იჯერებდა დროის ასე მცირე მონაკვეთში ჩემს ასეთ ცვლილებას — ჩემი თმის ვარცხნილობის, გარეგნობისა და კიდევ ვინ ჩამოთვლის, იმდენი რამის შეცვლას. მე ავუხსენი, თუ როგორ დამეხმარა ბიბლიის შესწავლა და მასაც შევთავაზე სწავლის დაწყება. კაროლინი პირველად შეშინდა, მაგრამ ბოლოს დამთანხმდა, შემიპირა, რომ მხოლოდ ჩემთან ისწავლიდა. ძალიან მიხაროდა, როდესაც ვხედავდი, რა სწრაფად გამოეხმაურა ბიბლიის ჭეშმარიტებას და რა მალე დააფასა ის.
რამდენიმე თვის შემდეგ კაროლინმა გადაწყვიტა ავსტრალიაში დაბრუნება და სიდნეიში განაგრძო ბიბლიის შესწავლა. ლონდონში იქამდე დავრჩი, სანამ შვიდ თვეში არ მოვინათლე. მას შემდეგ დიდი სურვილი მქონდა, კვლავ შეერთებულ შტატებში წავსულიყავი და ოჯახი მენახა. ამგვარად, გადაწყვეტილი მქონდა, ნამდვილად მიმეღწია მიზნისთვის!
დიდი ცვლილებით სახლში დაბრუნება
შეცბუნებულ მშობლებს აინტერესებდათ, რა ხდებოდა — მე ზედმიწევნით პატივცემულ პიროვნებად გამოვიყურებოდი! მაგრამ ძალიან მიხაროდა, რომ თავს ნამდვილად სახლში ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს, ბუნებრივია, აინტერესებდათ ჩემი ასეთი ძლიერი ცვლილება, ტაქტიანები იყვნენ და მოქმედებდნენ ჩვეული თავაზიანობითა და შემწყნარებლობით. შემდეგ თვეს უპირატესობა მქონდა, მონაწილეობა მიმეღო მათთან ბიბლიის სწავლაში. შესწავლა დავიწყე ჩემს უფროს დებთან, რომლებზეც, უეჭველია, ძალიან იმოქმედა ჩემი ცხოვრების სტილის შეცვლამ. დიახ, ეს ნამდვილად ოჯახში დაბრუნება იყო!
ბედნიერი ვიყავი, როდესაც 1973 წლის აგვისტოში გავემგზავრე კაროლინთან ავსტრალიაში და გავიგე, რომ იეჰოვას მოწმეთა 1973 წლის საერთაშორისო კონგრესზე 1 200 პიროვნებასთან ერთად მოინათლა. შემდეგი კვირის ბოლოს ჩვენ კანბერაში, ავსტრალიის ეროვნულ დედაქალაქში, დავქორწინდით. იქ ბოლო 20 წლის განმავლობაში სრული დროით სამქადაგებლო სამსახურით ვიყავი დაკავებული და, როგორც კრების უხუცესი, უკვე 14 წელია ვმსახურობ.
მადლობა ჩემს მეუღლეს, რომ ერთობლივად აღვზარდეთ სამი ბავშვი — ტობი, ამბერი და იონათანი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ოჯახური სიძნელეებიც გვაქვს, კვლავ სრული დროით სამქადაგებლო მსახურებას ვასრულებ, როგორც პიონერი და, ამავე დროს, ვზრუნავ ოჯახის მატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის.
დღეს შეერთებულ შტატებში ჩემი მშობლები იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები არიან და, მიუხედავად იმისა, რომ ორივემ უკვე 80 წელს მიაღწია, კვლავაც მონაწილეობენ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო მსახურებაში. მამაჩემი ადგილობრივი კრების სამსახურებრივი თანაშემწეა. ჩემი დებიც გულმოდგინედ ემსახურებიან იეჰოვას.
რა მადლიერი ვარ იეჰოვა ღმერთის, რომ მრავალწლიანი უმიზნო მოხეტიალე ცხოვრება წარსულს ჩაბარდა! ის მხოლოდ ცხოვრების საუკეთესო გზის მოძებნაში კი არ დამეხმარა, არამედ გაერთიანებული და მზრუნველი ოჯახითაც დამაჯილდოვა. (მოგვითხრო დავიდ ზაგ პატრიკმა).
დავიდი და მისი მეუღლე, კაროლინი.