მკითხველთა წერილები
ქუჩის ბანდები შემძრა ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ გამოქვეყნებულმა სტატიებმა ქუჩის ბანდების შესახებ (1998 წლის 8 მაისი). ამჟამად გამოსასწორებელ კოლონიაში ვიმყოფები. დედაჩემი იეჰოვას მოწმეა, მაგრამ მე რამდენიმე ხნის წინ შევწყვიტე კრების შეხვედრებზე სიარული. შემდეგ ცუდი მეგობრების წრეში მოვხვდი და ხშირად ვმონაწილეობდი ყაჩაღობაში. სწორედ ამიტომ გამომიგზავნა დედამ ეს ჟურნალი. თავდაპირველად გავიფიქრე: „ოჰ, ისევ ეს!“, მაგრამ, როგორც კი ჟურნალს დავხედე, თვალი ვერ მოვწყვიტე და ბოლომდე წავიკითხე. კითხვა ჯერ დამთავრებულიც არ მქონდა, რომ აზროვნება შემეცვალა. ვერ წარმომედგინა, რომ ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“ ასეთი ძლიერი დახმარება შეეძლო. მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო და კვლავ დავესწრო კრების შეხვედრებს. ვგრძნობ, რომ აღარ მსურს შეცდომების გამეორება, და მინდა, მთელი სიცოცხლე იეჰოვას ვემსახურო.
მ. ს. (იაპონია)
მარტოხელა დედა ვარ და 11 წლის ბიჭსა და 9 წლის გოგონას ვზრდი. ჩვენს უბანში ბევრი განსხვავებული ბანდაა. წავიკითხე ეს ჟურნალი და დაუყოვნებლივ განვიხილე შვილებთან ერთად. სტატიის წყალობით ბავშვებმა დაინახეს, რომ ბანდა ვერასოდეს გასწევდა სიყვარულისა თუ მყარი ოჯახური ცხოვრების მაგივრობას.
ბ. ს. (აშშ)
გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ ამ სტატიებისთვის. ხშირად მაღელვებს ჩემი მოზარდი ძმისწულების მომავალი, თქვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კი უაღრესად სასარგებლო აღმოჩნდა.
ი. მ. მ. (ბრაზილია)
ეს სტატიები მართლაც დროული იყო, რადგან ზოგი ჩემი თანაკლასელი ბანდას აყალიბებს. ზოგიერთს ვერ გადაუწყვეტია, გახდნენ თუ არა ბანდის წევრები, რადგან ლიდერმა აიძულა ისინი, სკოლის დირექტორის მისამართით კედელზე უწმაწური სიტყვები დაეწერათ. გმადლობთ, რომ ამ მძიმე დროს ეხმარებით ახალგაზრდებს.
ბ. კ. გ. (მექსიკა)
შეზღუდვა მეგობრების მხრიდან მინდა გითხრათ, რომ დიდად ვაფასებ ახალგაზრდებისთვის გამოქვეყნებულ სტატიას „როგორ მოვიქცე, როცა მეგობარი გასაქანს არ მაძლევს?“ (1998 წლის 8 მაისი). მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აღარა ვარ და მაქვს ოჯახი, ყოველთვის მომწონს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სტატიები. სტატიაში აღწერილი სიტუაცია ისე ძალიან ჰგავს იმ მდგომარეობას, რომელშიც ამჟამად მე და ჩემი ქმარი ვიმყოფებით, რომ სტატია ხუთჯერ წავიკითხე. ის დამეხმარა გამეგო, რომ თვით იესოც კი საჭიროებდა განმარტოებისთვის დროის გამოყოფას.
ფ. ა. (ტრინიდადი, ვესტინდოეთი)
ხანდახან უბრალო გაუგებრობის გამო მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს არ ველაპარაკებით. ეს კი იმდენად მამწუხრებს, რომ დღედაღამ ამაზე ვფიქრობ. ამ სტატიის რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს მეგობარს გასაქანს არ ვაძლევ სხვა საქმეების გასაკეთებლად. ვგრძნობ, რომ ეს სტატია ჩემთვის იყო დაწერილი, რადგან მან სხვებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მრავალი გზა მიჩვენა.
რ. ს. (ინდოეთი)
გრეის მარშის ცხოვრების ისტორია მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“ და გრეის მარშის ცხოვრების ისტორიის გამოქვეყნებისთვის (1998 წლის 8 მაისი). გამამხნევებელი იყო იმის წაკითხვა, თუ, წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორი სიმამაცით განაგრძობდა ის ქადაგებას. სტატია დამეხმარა, უფრო მეტად დავაფასო თავისუფლად ქადაგების უფლება, რომელიც ჩვენი ძმების ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ.
კ. ფ. (აშშ)
კბილების ღრჭიალი სტატია „აღრჭიალებთ კბილებს?“ ნამდვილად მე მჭირდებოდა (1998 წლის 8 აპრილი). იმის გამო, რომ ეს პრობლემა მაწუხებს, სტატია ჩემთვის ძალიან სასარგებლო და გამამხნევებელი აღმოჩნდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ თემაზე რაიმეს გამოაქვეყნებდით. ასეთი სხვადასხვაგვარი ინფორმაციით უშუალოდ თითოეულ მკითხველს ეხებით.
ა. მ. ნ. ს. (ბრაზილია)