ვმადლობ იეჰოვას ხუთი ვაჟიშვილისთვის
მოგვითხრო ჰელენ სოლზბერიმ
1997 წლის 2 მარტი ერთ-ერთი ყველაზე ნაღვლიანი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. 600-ოდე კაცმა — მეგობრებმა და ნათესავებმა — თავი მოიყარა ჩემი საყვარელი ქმრის, დინის, დასაფლავებაზე უილმინგტონში (დელავერის შტატი, აშშ). ის ქრისტიანი უხუცესი იყო და იეჰოვას მოწმეების კრებაში თავმჯდომარე ზედამხედველად მსახურობდა. როცა ვიხსენებ ბედნიერ ცოლქმრობაში გატარებულ 40 წელიწადს, მრავალი რამ არის, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყო. ვიცი, რომ დინი ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას — ყოვლისშემძლე ღმერთ იეჰოვას მეხსიერებაში — იმყოფება და რომ მომავალში ვიხილავთ მას.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1950 წელს, დინი საჰაერო ძალებში შევიდა. მას რელიგია არ იზიდავდა და, როგორც ეტყობოდა, არ ეთანხმებოდა ჩემთვის იმ დროს საყვარელი კათოლიკური ეკლესიის მოძღვრებას. მაგრამ შევთანხმდით, რომ ბავშვები კათოლიკეებად აღგვეზარდა. ყოველღამ მუხლებზე ვდგებოდით და ჩუმად ვლოცულობდით. მე ჩემს კათოლიკურ ლოცვებს ვიმეორებდი, დინი კი იმას ამბობდა, რაც გულში ჰქონდა. მომდევნო წლებში ხუთი ვაჟიშვილი შეგვეძინა: ბილი, ჯიმი, დინი, ჯოუ და ჩარლი.
ეკლესიაში რეგულარულად დავდიოდი და შვილებიც ყოველთვის თან დამყავდა. მაგრამ მალე ეკლესიისადმი რწმენა დამეკარგა, განსაკუთრებით მისი ჩარევის გამო ვიეტნამის ომში. ხალხს, რომელსაც შეიძლებოდა ეჭვი შეჰპარვოდა შეერთებული შტატების სამართლიანობაში, აწ განსვენებულმა კარდინალმა სპელმანმა უთხრა: „მართალია თუ სტყუის, სამშობლო სამშობლოა“. მე არ მოვუწონებდი ჩემს შვილებს ომში წასვლას, თუნდაც ჩემი ეკლესია ყოფილიყო მასში ჩარეული. მიუხედავად ამისა, ვლოცულობდი, რომ ჩემი ვაჟებიდან ერთი მაინც გამხდარიყო მღვდელი, მეუღლე კი — კათოლიკე.
თვალსაზრისის შეცვლა
ერთ შაბათ საღამოს ადგილობრივი მღვდელი და რამდენიმე კათოლიკე შევიკრიბეთ. ჩვენ ვსვამდით და დროს ვატარებდით. ერთ-ერთმა ქალმა მღვდელს ჰკითხა: „მამაო, მართლა სასიკვდილო ცოდვაა, რომ ასეთი ქეიფის შემდეგ, როცა მეორე დღეს ადგომის თავი აღარა გაქვს, წირვას არ დაესწრო?“
— არა, რას ამბობ, — უპასუხა მან. — ამაში ცუდი არაფერია. სამშაბათ საღამოს წირვა სამრევლო მღვდლის სახლში ჩატარდება. ასე რომ, შეგიძლია იქ დაესწრო და შენი ვალი მოიხადო.
მე ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, კვირას წირვაზე მაინც უნდა წავსულიყავი. როცა მღვდელს შევეპასუხე, მან დამწყევლა და მკაცრად მითხრა, რომ ქალს უფლება არა აქვს, რამე შეუსწოროს მღვდელს.
ჩემთვის გავიფიქრე: „ნუთუ იმისთვის ვლოცულობ, რომ ჩემი შვილები ასეთები გამოვიდნენ?“ თუმცა ვიცოდი, რომ ყველა მღვდელი არ იყო ასეთი, მაინც ეჭვებში ჩავვარდი.
60-იანი წლების შუა პერიოდში იეჰოვას მოწმეებმა მოგვაკითხეს ჯერ ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი), მოგვიანებით კი — ნიუარკში (დელავერის შტატი). თუმცა მე მოხიბლული ვიყავი მათი ქრისტიანული სულისკვეთებით, მაინც ყოველთვის ვეუბნებოდი: „ბოდიში, მაგრამ არ მაინტერესებს; მე კათოლიკე ვარ“.
ერთხელაც, 1970 წლის ნოემბრის ცივ დილას, მოწმეები ისევ მოვიდნენ. მათ კითხვა დამისვეს ბიბლიის შესახებ და წამიკითხეს ფსალმუნის 118:105: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“. ამ სიტყვებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მახსოვს გავიფიქრე: „ბიბლია! იქნებ ეს არის პასუხი? მაგრამ მე რომ არა მაქვს ის?“ მე მასწავლიდნენ, რომ კათოლიკეებს ბიბლია არ სჭირდებოდათ, რადგან ის დააბნევდა მათ, და რომ ბიბლია მხოლოდ მღვდლებს უნდა წაეკითხათ და განემარტათ. რადგანაც ბიბლია არ მქონდა, მეგონა, ერთგული კათოლიკე ვიყავი.
იმ დღეს მოწმეებს გამოვართვი ბიბლიის შესწავლისთვის გამიზნული წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. ის იმ კვირასვე წავიკითხე და მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე! როცა მოწმეებმა კვლავ მომაკითხეს, თან მოიტანეს ორი ბიბლია — ერთი კათოლიკური თარგმანი იყო. ძალიან მიკვირდა, რომ მათ მიერ ადრე დატოვებულ წიგნში მოყვანილი ბიბლიური მუხლები კათოლიკურ ბიბლიაშიც იყო. იმ დღიდან საფუძვლიანად მოვკიდე ხელი ბიბლიის საშინაო შესწავლას და 1972 წლის აგვისტოში ჩემს დასთან, სალისთან, ერთად მოვინათლე — ისიც ბიბლიას სწავლობდა.
მეუღლე არ მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გაოგნებული იყო, რომ კათოლიკური რელიგიისგან განსხვავებული რამით დავინტერესდი. ის ყოველთვის მისმენდა და მაკვირდებოდა. მანამდე, როგორც ჩანს, შვილებს ვუყვიროდი, რომ მოესმინათ ჩემთვის. მაგრამ გავიგე, რომ ბიბლია გვაფრთხილებს, მოვერიდოთ „რისხვას, ყვირილსა და გმობას“ (ეფესელთა 4:31, 32). თანაც ბავშვებს ყვირილით ვერ აღზრდი. ერთხელ ყური მოვკარი, რომ ჩემმა მეუღლემ დედამისს იეჰოვას მოწმეებზე უთხრა: „დედი, ისინი იმას აკეთებენ, რასაც ქადაგებენ!“ ამ სიტყვებიდან ცოტა ხნის შემდეგ დინმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და 1975 წლის იანვარში მოინათლა.
ხუთი ვაჟიშვილის აღზრდა
როცა სამეფო დარბაზში სიარული დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილებისთვის შეხვედრები საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ამიტომ მათ მამასთან ვტოვებდი სახლში. მარტო წასვლა სასიამოვნო იყო, თანაც ვისვენებდი. მაგრამ ერთხელ მომხსენებელმა, რომელიც ქრისტიანული შეხვედრების ხანგრძლივობაზე ლაპარაკობდა, დასვა კითხვა: „გიფიქრიათ ოდესმე, რამდენ ხანს ატარებენ თქვენი შვილები ტელევიზორის წინ?“ ჩემი ვაჟიშვილები სწორედ ტელევიზორს უყურებდნენ ამ დროს! ასე რომ, გავიფიქრე: „კმარა! ერთად ვივლით!“ ქმარი დამთანხმდა, რომ შვილებს ჩემთან ერთად ევლოთ შეხვედრებზე და დროთა განმავლობაში თვითონაც დაიწყო სიარული.
შეხვედრებზე რეგულარულმა დასწრებამ მოწესრიგებულობა და სტაბილურობა შემატა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას. მაგრამ ყველაფერი ამით არ შემოიფარგლებოდა. მე და დინი ყოველთვის ვცდილობდით, უკეთესი მშობლები ვყოფილიყავით, ვაღიარებდით შეცდომებს და ზედმიწევნით მივყვებოდით ბიბლიის ხელმძღვანელობას. ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით გაორებულ ნორმებს. რაც ჩვენთვის იყო სწორი, ის სწორი იყო ჩვენი ბიჭებისთვისაც. სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარულობა აუცილებლობას წარმოადგენდა.
როცა საქმე გართობას ეხებოდა, გამორიცხული იყო ძალადობითა და უზნეობით გაჟღენთილი ფილმები. ოჯახისთვის სასარგებლო რამეს ყოველთვის ერთად ვაკეთებდით; მაგალითად: ვციგურაობდით, ვთამაშობდით კეგლის, მინი-გოლფს, დავდიოდით გასართობ პარკებში, ვაწყობდით პიკნიკებს, პარასკევ საღამოობით კი პიცას მივირთმევდით. დინი ოჯახის მოსიყვარულე უფროსი იყო. ერთად ცხოვრების მანძილზე დავასკვენით, რომ ოჯახური ცხოვრება ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო (ეფესელთა 5:22, 23).
როცა 1970 წელს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ბილი 12 წლის იყო, ჯიმი — 11-ის, დინი — 9-ის, ჯოუ — 7-ის, ჩარლი კი — 2-ის. მანამდე ისინიც დადიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ახლა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ეს ძალიან გვახარებდა. ზოგჯერ დავუძახებდი ხოლმე: „ნახეთ, რა საინტერესოა!“ ისინიც მოდიოდნენ და გატაცებით ვმსჯელობდით იმაზე, რაც ჩვენთვის ახალი იყო. დედამიწაზე უდიდესი ავტორიტეტის, ბიბლიის, შესწავლის საშუალებით ბიჭები სწავლობდნენ, ჰყვარებოდათ იეჰოვა და პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონოდათ მისადმი, როგორც ღვთისა და შემოქმედისადმი, — და არა მხოლოდ დედ-მამისადმი.
ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებამდე ბევრი ვალი გვქონდა. ნაწილი მაინც რომ გაგვესტუმრებინა, სახლი გავყიდეთ და ქირით დავიწყეთ ცხოვრება. გავყიდეთ აგრეთვე ახალი ავტომობილი და ნახმარი ვიყიდეთ. ვცდილობდით, რაც შეიძლებოდა უბრალოდ გვეცხოვრა. ეს საშუალებას მაძლევდა, მუშაობის ნაცვლად, სახლში, შვილებთან, ვყოფილიყავი. ჩვენ ვხედავდით იმის აუცილებლობას, რომ დედა ბავშვებთან ყოფილიყო. ეს აგრეთვე საშუალებას მაძლევდა მეტი დრო დამეთმო ქრისტიანული მსახურებისთვის, როცა ბიჭები სკოლაში იყვნენ. საბოლოოდ, 1983 წლის სექტემბერში, პიონერული (სრული დროით) მსახურებაც დავიწყე. მართალია, მატერიალურის მხრივ ბიჭებს ყოველთვის არ ჰქონდათ საუკეთესო, მაგრამ თავს ღარიბებად არ თვლიდნენ. მათ ტექნიკური სასწავლებლები დაამთავრეს და დაეუფლნენ მებაღეობას, ხუროობას, ავტომექანიკოსობასა და სახვით ხელოვნებას. ასე რომ, ისინი მოემზადნენ საკუთარი თავის სარჩენად.
ჩვენს ოჯახზე ხშირად მიფიქრია და გულში მითქვამს: „მდიდრები არა ვართ, მაგრამ, მგონი, დედამიწაზე ჩვენი ოჯახი ერთ-ერთი უბედნიერესია“. მალე დინს, აგრეთვე ჩვენს ვაჟებს, კრებაში პასუხისმგებლობები დაეკისრათ. 1982 წელს დინი ქრისტიან უხუცესად დაინიშნა. რვა წლის შემდეგ, 1990 წელს, უხუცესად დანიშნეს ჩვენი უფროსი ვაჟიშვილი, ბილი. ჯოუც იმავე წელს დანიშნეს, დინი — 1991-ში, ჩარლი — 1992-ში, ჯიმი კი — 1993-ში.
ვიცი, რომ ჩვენ, როგორც მშობლები, ზოგჯერ ვცდებოდით; არც ის არის ყოველთვის ადვილი, რომ გავიხსენოთ, სწორად რას ვაკეთებდით. ერთმა მეგობარმა ჰკითხა ჩემს ვაჟიშვილებს, რა ახსოვდათ ქრისტიანობაში გატარებული პირველი წლებიდან და განსაკუთრებით ადრე ნასწავლი რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარა მათ ქრისტიან უხუცესებად გახდომაში. მათმა პასუხებმა გული ამიჩუყა.
რას ამბობენ ჩემი შვილები
ბილი: «ყველაზე კარგად რომაელთა 12:9–12 მახსოვს. ნაწილობრივ ამ მუხლებში ნათქვამია: „ძმათმოყვარეობაში — ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით. . . სულით აღიგზენით. . . იხარეთ იმედში“. ჩემს მშობლებს შეეძლოთ იმის ჩვენება, რას ნიშნავს ხალხის სიყვარული. ჩვენ ვხედავდით, რომ სხვებისადმი სიყვარულის გამოვლენა მათ აბედნიერებდა. ჩვენს სახლში გამეფებულმა ზუსტად ასეთმა სიყვარულით აღსავსე ატმოსფერომ ბიბლიური ჭეშმარიტება ჩვენი აზროვნების ნაწილად აქცია. ამის წყალობით დავრჩით ჭეშმარიტებაში. ჩემს მშობლებს ბიბლიური ჭეშმარიტება სრულიად უყვარდათ. ამიტომ მეც არასოდეს გამჭირვებია, მყვარებოდა ჭეშმარიტება და მივყოლოდი მას».
ჯიმი: «პირველ რიგში, მათეს 5:37 მახსენდება: „არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო, არა — არა. რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა“. მე და ჩემმა ძმებმა ყოველთვის ვიცოდით, რას მოელოდნენ ჩვენგან მშობლები, და მათში ცოცხალ მაგალითს ვხედავდით, როგორები უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანები. ისინი ყოველთვის ჰარმონიულად მოქმედებდნენ და არასოდეს დაობდნენ. არ გვახსოვს, რომ ოდესმე ეკამათათ. მათ ერთობა ჰქონდათ, ეს კი, რა თქმა უნდა, ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე. არ გვინდოდა, რომ ჩვენი საქციელის გამო გული სტკენოდათ მშობლებს და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას».
დინი: «იგავნის 15:1-ში ნათქვამია: „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს“. მამა მშვიდი კაცი იყო. არ მახსოვს, ოდესმე კამათი გვქონოდა — მაშინაც კი, როცა მოზარდი ვიყავი. გაბრაზებულიც რომ ყოფილიყო, სიმშვიდეს ინარჩუნებდა. როცა მსჯიდა, ზოგჯერ ჩემს ოთახში მგზავნიდა ან რაიმეს გაკეთების უფლებას მართმევდა, მაგრამ არასოდეს გვიჩხუბია. ის მხოლოდ მამა არ იყო. ის ჩვენი მეგობარიც იყო, ამიტომ ვერიდებოდით მის განაწყენებას».
ჯოუ: „მე-2 კორინთელთა 10:5-ში ბიბლია ლაპარაკობს ‘ყოველგვარი აზრის დატყვევებაზე ქრისტესთვის დასამორჩილებლად’. ოჯახში გვასწავლიდნენ იეჰოვას ნორმებისა და მითითებებისადმი მორჩილებას. ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრება იყო, შეხვედრებზე დასწრება კი — სიცოცხლის გზა. ჩემთვის დღემდე უცხოა ის, რომ სხვა რამის გულისთვის შეხვედრა გავაცდინო. ქრისტიანული მსახურებაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო — ის არასოდეს ყოფილა არჩევნის საკითხი. მეგობრები სამეფო დარბაზში გვყავდა და არ გვჭირდებოდა მათი სხვაგან ძებნა. იმაზე მეტი რის გაკეთება შეუძლია მამას შვილებისთვის, ვიდრე სიცოცხლის გზაზე დააყენოს ისინი!“
ჩარლი: «კარგად მახსოვს იგავნის 1:7. მასში ნათქვამია: „უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ“. მშობლები დაგვეხმარნენ იმის დანახვაში, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა, და იმის გაგებაში, რომ აუცილებელია მისადმი შიშისა და სიყვარულის განვითარება. ისინი გვიხსნიდნენ: „ნუ გააკეთებთ რამეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გითხარით. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს იეჰოვა, როცა ამას ხედავს? ან რას გრძნობს სატანა?“
ეს საკითხის არსის დანახვაში გვეხმარებოდა. მამა და დედა ყოველთვის ვერ იქნებოდნენ ჩვენთან. მათ მხოლოდ შეეძლოთ ბიბლიური ჭეშმარიტება ჩაებეჭდათ ჩვენს გულსა და გონებაში. ჩვენ საკუთარ თავთან ვრჩებოდით სკოლაში, სამუშაოზე და მეგობრებთან. იეჰოვასადმი ჯანსაღმა შიშმა დიდი ცვლილება მოახდინა ჩვენში და ეს დღემდე მოქმედებს.
დედაც ყოველთვის გვიყვებოდა თავისი პიონერული მსახურებისა და სასიხარულო შემთხვევების შესახებ, რომლებიც მსახურებაში ჰქონდა. ის ყოველთვის ძალიან დადებითად აღწერდა მსახურებას და ამან შესანიშნავი გავლენა მოახდინა ჩვენზე. ჩვენც მისნაირად შეგვიყვარდა ხალხი და დავინახეთ, რომ კარდაკარ მსახურება შეიძლება დიდი სიხარულის მომტანი საქმე იყოს».
მადლიერების მიზეზი
ჩემი ვაჟიშვილები ახლა დაოჯახებულები არიან, ამიტომ ხუთი საყვარელი რძალი მყავს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. იეჰოვამ აგრეთვე ხუთი შვილიშვილით მაკურთხა — ხუთივე ბიჭია! ხუთივეს ისე ზრდიან, რომ უყვარდეთ იეჰოვა და მისი სამეფო მათს ცხოვრებაში ურყევად იდგეს პირველ ადგილზე. ვლოცულობთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინიც უხუცესები გახდნენ, როგორც მათი მამები არიან და როგორც მათი პაპა იყო.
დინის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა შვილმა მომწერა: „ძალიან მენატრება მამა. ახლა მას სძინავს. აღარაფერი სტკივა. აღარ იტანჯება. აღარც ოპერაციები, აღარც ნემსები და აღარც მილებით კვება — ის ახლა სიმშვიდეშია. ვერც კი დავემშვიდობე მას სიკვდილის წინ. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გეგმავ. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილი მაქვს ისე გავატარო ცხოვრება, რომ შევეგებო მას, როცა ამის დრო მოვა!“
დიდად ვმადლობ იეჰოვას ჩემი საყვარელი მეუღლისა და მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედისთვის! (იოანე 5:28, 29). დიდად ვმადლობ მას ჩემი ხუთი ვაჟიშვილისთვის!
[სურათი 23 გვერდზე]
ჰელენ სოლზბერი ოჯახთან ერთად.