საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 4/8 გვ. 15-17
  • ქსერქსეს სასტიკი მარცხი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქსერქსეს სასტიკი მარცხი
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ქსერქსე — შეუპოვარი დამპყრობელი
  • საბედისწერო ბრძოლა თერმოპილესთან
  • ეფიალტე — საშინელება
  • სალამინთან „ხის გალავნით“ თავის დაცვა
  • სასტიკი მარცხი
  • სპარსეთი, სპარსელები [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ახაშვეროში [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • სალამინი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 4/8 გვ. 15-17

ქსერქსეს სასტიკი მარცხი

ჩვენი კორესპონდენტისგან საბერძნეთში

მოგზაური, რომელიც არაა გაცნობილი ამ ადგილებს, შეიძლება განაცვიფროს ცხელმა წყაროებმა და გეიზერებმა, რომლებიდანაც გოგირდოვანი აირები იფრქვევა. მას შეიძლება გაუკვირდეს, როდესაც გაიგებს, რომ ეს სანაპირო — ადგილი, რომელსაც თერმოპილე ჰქვია, რაც „ცხელ წყაროებს“ ნიშნავს, — ერთ დროს თითქმის მიუვალი ადგილი იყო. მაგრამ მას შეიძლება უფრო მეტად ის გაუკვირდეს, რომ აქ და კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე სალამინის კუნძულზე შეუძლია ნახოს ბიბლიური წინასწარმეტყველების სიზუსტის დამადასტურებელი საბუთები.

მართლაცდა ნამდვილად განსაცვიფრებელია, თუ გადავხედავთ წარსულსა და იმას, თუ როგორ დეტალურად შესრულდა ბიბლიურ წიგნში „დანიელი“ მოცემული გარკვეული წინასწარმეტყველებები, რომლებიც ამ ადგილებთანაა დაკავშირებული. ისინი იმის სარწმუნო დამადასტურებელი საბუთებია, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. დანიელის მე-11 თავში მოცემულია ამის საოცარი მაგალითი. ეს წინასწარმეტყველება ღმერთმა დანიელს „დარიოს მიდიელის პირველ წელს“, დაახლოებით ძვ. წ. 538 წელს, დააწერინა (დანიელი 11:1). მაგრამ ის მრავალი საუკუნის მანძილზე სრულდებოდა.

დანიელის 11:2-ში ჩაწერილია წინასწარმეტყველება სპარსეთის ერთ-ერთ მეფეზე: „სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს“.

კიროს II-ის, კამბისე II-ისა და დარიოს I-ის შემდეგ ‘მეოთხე მეფე’ ქსერქსე I იყო, რომელიც, როგორც ჩანს, ბიბლიურ წიგნში „ესთერი“ მოხსენიებული მეფე ახაშვეროშია. ნამდვილად ‘აამხედრა მან ყველა იავანის სამეფოს წინააღმდეგ’? რა შედეგები მოჰყვა ამას?

ქსერქსე — შეუპოვარი დამპყრობელი

ქსერქსეს თავი უნდა გაერთვა მარათონთან მამამისის, დარიოსის, მეომრების მარცხის შედეგებისთვისa. ამიტომ თავისი მმართველობის პირველი წლები მან იმპერიაში აჯანყებების ჩახშობასა და ‘თავისი სიმდიდრით გაძლიერებას’ მოანდომა.

მას საბერძნეთის დაპყრობა ჰქონდა განზრახული, რისკენაც პატივმოყვარე კარისკაცები უბიძგებდნენ. ასე რომ, ძვ. წ. 484 წლიდან მოყოლებული სამი წლის მანძილზე სპარსეთის ყველა სატრაპიიდან და მისი ბატონობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან კრებდა ჯარს, რომელიც, ისტორიული ცნობების თანახმად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჯარი იყო. ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს, ჩანაწერების მიხედვით, ქსერქსეს გაერთიანებულ სახმელეთო და სამხედრო-საზღვაო ძალებში მეომრების რაოდენობა დაუჯერებელ ციფრს, 2 641 610-ს, აღწევდაb.

ამასობაში ბერძნებმაც დაიწყეს მათთვის ჩვეული წესით მზადება. მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაური ხალხი იყო, სამხედრო-საზღვაო ძალები ნაკლები ჰყავდათ. მაგრამ ახლა სპარსელების შემოტევის და დელფოში მყოფი ქურუმების მიერ ნაწინასწარმეტყველების გამო, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ თავი „ხის გალავნით“ დაეცვათ, ათენელებმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის შენება დაიწყეს.

საბერძნეთში ლავრიონის მთა ვერცხლის მაღაროებით იყო მდიდარი და თემისტოკლე, ცნობილი ათენელი სახელმწიფო მოღვაწე, არწმუნებდა არქონტების კოლეგიას, მთელი მონაგებით ორასტრიერიანი ფლოტი აეგოთ. მცირედი ყოყმანის შემდეგ, სპარტა სათავეში ჩაუდგა ელინური კავშირის ჩამოყალიბებას, რომელიც საბერძნეთის დაახლოებით 30 ქალაქ-სახელმწიფოსგან შედგებოდა.

ამასობაში ქსერქსე თავისი გამანადგურებელი ჯარით ევროპისკენ მიიწევდა, რაც, უეჭველად, რთული იყო. საკვებით ისინი იმ ქალაქებს უნდა მოემარაგებინა, რომლებზეც გაივლიდნენ; მთელი ჯარის გამოკვებას კი უბრალო საკვებით დღეში 400 ტალანტი ოქრო სჭირდებოდა. თვეებით ადრე მაცნეები გაგზავნეს, რომ სამეფო მაგიდისთვის მარცვლეული, საქონელი და შინაური ფრინველი გაემზადებინათ. კარავი მხოლოდ ქსერქსეს ჰქონდა; ჯარს კი ღია ცის ქვეშ ეძინა.

ამ უზარმაზარ ჯარს უნდა გადაეკვეთა ჰელესპონტი (დღევანდელი დარდანელი), ვიწრო სრუტე, რომელიც აზიას ევროპისგან ყოფს. მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა რამდენიმე პონტონის ხიდი დაამსხვრია, განრისხებულმა ქსერქსემ ბრძანა ჰელესპონტის წყლები 300 დარტყმით დაესაჯათ, დაედაღათ და ბორკილები დაედოთ. მან ხიდის მშენებლებიც სიკვდილით დასაჯა. მას შემდეგ, რაც ჰელესპონტზე კიდევ ორი პონტონის ხიდი ააგეს, მის ჯარს ერთი კვირა დასჭირდა ამ სრუტის გადასაკვეთად.

საბედისწერო ბრძოლა თერმოპილესთან

ძვ. წ. დაახლოებით 481 წლის შუა პერიოდში სპარსეთის იმპერიის უზარმაზარმა ჯარმა, რომელსაც ფლოტიც ახლდა, თესალიის ნაპირებს მიაღწია. საბერძნეთის მოკავშირეთა ძალებმა ბოლოს გადაწყვიტეს, თერმოპილესთან გაეწიათ მათთვის წინააღმდეგობა; ეს იყო კონტინენტურ ციცაბო მთებსა და ზღვას შორის არსებული 15-მეტრიანი მიწის ზოლიc.

სპარსელებს ამ ადგილის გავლა ისე ვიწრო კოლონებად მოუწევდათ, რომ მამაცი მეომრებისგან შემდგარი ჯარი შესძლებდა მათ შეჩერებას. 7 000-მა ბერძენმა მეომარმა სპარტის მეფე ლეონიდას მეთაურობით თერმოპილესთან ახლოს სრუტესთან დაიკავეს თავიანთი პოზიცია. ამასობაში ბერძნების ფლოტმა, რომელშიც 270 საბრძოლო ხომალდი შედიოდა, არტემისიონის სანაპიროსკენ დაიწია და სპარსეთის ფლოტს კატათაგვობანას ეთამაშებოდა.

ქსერქსემ აგვისტოს დასაწყისში მიაღწია თერმოპილეს; ის დარწმუნებული იყო, რომ მისი უზარმაზარი ჯარი დაარბევდა ბერძნებს. როდესაც ბერძნები არ შეუშინდნენ, მან მიდიელები და კისიელები გაგზავნა მათ გასანადგურებლად, მაგრამ დიდი დანაკლისი განიცადეს და არც მის „უკვდავებს“ (ძლიერი მეომარი რაზმი), რომელიც ქსერქსემ სატრაპ ჰიდარნესის მეთაურობით გაგზავნა, დაადგათ უკეთესი დღე.

ეფიალტე — საშინელება

სწორედ მაშინ, როდესაც ჩანდა, თითქოსდა სპარსელების ჯარი მოიგერიეს, ეფიალტემ (რაც ბერძნულიდან „საშინელებად“ ითარგმნება), ხარბმა თესალიელმა გლეხმა, უთხრა სპარსელებს, რომ გორაკებს შემოატარებდა, რათა ბერძნების ზურგში აღმოჩენილიყვნენ. მეორე დილას სპარსელები ბერძნებს ზურგიდან მიადგნენ. სპარტელები მიხვდნენ, რომ განწირულები იყვნენ და გააფთრებულებმა დაიწყეს თავის დაცვა; უამრავი სპარსელი დაიღუპა. ბევრიც ზღვაში ჩაიხრჩო, რადგან თავიანთი წინამძღოლები მათრახით მიერეკებოდნენ წინ. ამ ბრძოლაში დაიღუპა მეფე ლეონიდა და ყველა მისი თანმხლები, დაახლოებით 1 000 კაცი. ჰიდარნესმა სპარტას მიდამოებს მიაღწია.

სპარსელების ჯარი დარჩენილ ფლოტთან ერთად ათენელებს ქალაქამდე მისდევდა. ქსერქსე ატიკაში შევიდა და ყველაფერი გაძარცვა და გადაწვა. ათენელები ახლომდებარე კუნძულზე, სალამინზე, გაიხიზნენ. ბერძნული ფლოტი კი ათენსა და სალამინს შორის განლაგდა. ორი კვირის შემდეგ დაეცა ათენის აკროპოლისი. ქალაქის მცველები ამოხოცეს; ტაძრები გაძარცვეს, დაწვეს, მიწასთან გაასწორეს.

სალამინთან „ხის გალავნით“ თავის დაცვა

ბერძნულ საბრძოლო ხომალდებს მანამდეც ჰქონიათ თერმოპილესთან რამდენიმე საშინელი ბრძოლა სპარსელებთან, მაგრამ ამ ბრძოლებს არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაშინ, როცა ხმელეთზე ჯარი უკან იხევდა ბერძნული ფლოტიც უკან იწევდა სამხრეთისკენ. ახლა ისინი სალამინის სრუტესთან შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც თემისტოკლემ საბრძოლო გეგმის შედგენა დაიწყო.

მან იცოდა, რომ 300 ფინიკიური საბრძოლო ხომალდი, რომლებიც სპარსული ფლოტის ბირთვს წარმოადგენდა, უფრო დიდი იყო, მაგრამ მაინც უკეთესად შეეძლო მანევრირება, ვიდრე ბერძნულ პატარა ძლიერ ტრიერებს. სპარსულ ფლოტში დაახლოებით 1 200 ხომალდი შედიოდა, ბერძნულში კი — 380. გარდა ამისა, ბერძენი მეზღვაურები არ იყვნენ სპარსელებივით გამოცდილები. მაგრამ სალამინსა და ატიკას შორის არსებული სრუტე ვიწრო იყო, მასში მწკრივად მხოლოდ 50 ხომალდს შეეძლო შესვლა. თუ ბერძნები შეძლებდნენ სპარსელების შეტყუებას ამ ბუნებრივ „ძაბრში“, სპარსელების რიცხობრივ სიმრავლესა და მანევრირების უნარს აზრი აღარ ექნებოდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ თემისტოკლემ ბრძოლის დაწყება იმით დააჩქარა, რომ ქსერქსეს ცნობა გაუგზავნა, რითაც შეცდომაში შეიყვანა; ის ურჩევდა, რომ შეტევაზე გადასულიყო, სანამ ბერძნულ ფლოტს გაქცევის შესაძლებლობა მიეცემოდა.

ასეც მოხდა. სპარსეთის ფლოტმა, რომლის ყოველი ხომალდი თავისი მენიჩბეების მწკრივებით, შუბოსნებითა და მშვილდოსნებით მზად იყო საბრძოლველად, შემოუარა ატიკას და სრუტისკენ გაეშურა. გამარჯვებაში დარწმუნებულმა ქსერქსემ ერთ-ერთ მთაზე თავისი სამეფო ტახტი დაადგმევინა, რომ მოხერხებულად მჯდარიყო და თვალყური ედევნებინა ბრძოლისთვის.

სასტიკი მარცხი

როდესაც სპარსელებმა ვიწრო „დერეფანში“ მოიყარეს თავი, დიდი არევ-დარევა მოხდა მათში. უეცრად საყვირის ხმა მოისმა სალამინის მთებიდან და მწკრივებად მომავალი ბერძნული ხომალდები ეკვეთნენ. ბერძნული ტრიერები შეეჯახნენ სპარსულ ხომალდებს, დაუნგრიეს კორპუსები და ერთმანეთს დააჯახეს მათი ხომალდები. ბერძენი მეომრები მახვილებით ხელში შეესივნენ მტრის დამსხვრეულ ხომალდებს.

ატიკას სანაპირო ხომალდების ნამსხვრევებითა და დაჩეხილი გვამებით აივსო. ამ მარცხის დანახვაზე ქსერქსემ შეკრიბა დარჩენილი ხომალდები და სამშობლოსკენ გაეშურა. მისი ლაშქრობა იმავე წელს დასრულდა, მაგრამ თავისი უზარმაზარი ჯარი, რომელიც სიძეს, მარდონიოსს, ჩააბარა, იქ დატოვა გამოსაზამთრებლად.

ბიბლიის გულმოდგინე შემსწავლელებმა იცოდნენ, რომ სალამინთან დამარცხება კარგა ხნით ადრე მიანიშნებდა იმაზე, რომ დანიელის წინასწარმეტყველებაში ნახსენები ‘ფაჩვნიერი ვაცი’, საბერძნეთი, საბოლოოდ გაბატონდებოდა ‘ორრქიან ერკემალზე’, მიდია-სპარსეთზე (დანიელი 8:5–8). რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბიბლიური წინასწარმეტყველება ღვთის მსახურებს აღუთქვამს, რომ მეფე იესო ქრისტეს მმართველობისას საბოლოოდ შეწყდება ადამიანების უსარგებლო ბრძოლები ძალაუფლებისთვის (ესაია 9:5; დანიელი 2:44).

[სქოლიოები]

a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „მარათონის ბრძოლა — მსოფლიო მპყრობელის მარცხი“ („გამოიღვიძეთ!“, 8 მაისი, 1995 [რუს.]).

b ისევე, როგორც უძველესი დროის მრავალი ბრძოლის შემთხვევაში, სპარსეთის ჯარში მეომრების რაოდენობა საკამათო საკითხია. ისტორიკოსი უილ დიურანტი ეყრდნობა ჰეროდოტეს ცნობას, მაშინ, როცა სხვა ნაშრომებში ნათქვამია, რომ ამ ჯარში 250 000 —400 000-მდე მეომარი შედიოდა.

c ალუვიურმა დანალექმა ისე შეცვალა სანაპირო, რომ დღეს ის დაახლოებით 25 კილომეტრი სიგანის ჭაობიანი ვაკეა.

[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]

ტრიერა — სასიკვდილო ხომალდი

ათენელების ფლოტის სიძლიერე ეგეოსის ზღვაზე ძვ. წ. V საუკუნეში მათ ტრიერებში იყო; ეს იყო იალქნიანი მოგრძო ფორმის ხომალდები, რომელთაც სიძლიერეს ნიჩბები მატებდა. ყოველ გალერაზე მეომრების პატარა ჯგუფი იმყოფებოდა. მათი მიზანი მტრის ხომალდის აბორდაჟი კი არ იყო, არამედ ის, რომ 170 მენიჩბის საშუალებით ტრიერის ლითონის ტარანით დაჯახებოდა მას და დაემსხვრია.

[საავტორო უფლება]

Hellenic Maritime Museum/ Photo: P. Stolis

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ქსერქსეს ლაშქარი

ჰელესპონტი

თესალია

არტემისიონი

თერმოპილე

ატიკა

ათენი

მარათონი

ლავრიონი

სალამინი

სპარტა

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება