მუსიკის ძალა
„თავისი განუმეორებელი ხიბლით მხოლოდ მუსიკას შეუძლია გრძნობების დატყვევება და აფორიაქებული გონების დამშვიდება“.
ეს სიტყვები დაახლოებით 300 წლის წინ დაწერა უილიამ კონგრივმა თავის ნაწარმოებში — „ჰიმნი ჰარმონიას“. საუკუნეებით ადრე ძველი ბერძნული ხელნაწერები აცხადებდა, რომ „მუსიკალური აღზრდა — უძლიერესი იარაღია, ვინაიდან რიტმი და ჰარმონია ადამიანის სულის სიღრმეში აღწევს“.
ამ სიტყვების ჭეშმარიტებას მოზარდების ცხოვრება აჩვენებს. ზოგიერთი მშობლის დაკვირვებით, ჰევი-მეტალის მოსმენის შემდეგ მოზარდები გულჩათხრობილები და ურჩები ხდებიან. ეს ნათლად გამოჩნდა გერმანიაში, 30-იან და 40-იან წლებში, როდესაც ნაცისტები აღმგზნებ მარშს ასმენინებდნენ ხალხს, რომ ისინი ადოლფ ჰიტლერის მომნუსხველი სიტყვების მოსასმენად მოემზადებინათ.
უდავოდ, მუსიკა მოქმედებს გონებასა და გულზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას მათ აღსაძვრელად, როგორც კარგის, ისე ცუდის გასაკეთებლად. მაგალითად, ცნობილია, რომ გარკვეული სტილის მუსიკის მოსმენა საგრძნობლად ზრდის ბავშვების ინტელექტუალურ და ემოციურ დონეს. ენაბლუებსაც კი შეუძლიათ ზოგჯერ გაიმღერონ ხოლმე ის ფრაზები, რომლებსაც საუბრისას ვერ გამოთქვამენ.
ენტონი სტორის ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის გამომწვევი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზე მუსიკის ზემოქმედება ზოგჯერ გასაოცარია (Musik and the Mind). მას მოჰყავს ერთი პაციენტი ქალის მაგალითი: „[პარკინსონის] დაავადების გამო, ის უმოძრაოდ რჩებოდა ასეთ უმწეო მდგომარეობაში, სანამ არ გაახსენდებოდა ახალგაზრდობის დროინდელი ნაცნობი მელოდიები, რასაც მისთვის მოძრაობის უნარის დაბრუნება შეეძლო“.
შეშფოთების მიზეზი
ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ მუსიკას მხოლოდ სარგებლობა მოაქვს. მაგრამ არსებობს საფრთხეც, როცა ზნედაცემულმა ან ხარბმა ადამიანებმა მუსიკის ძალა შეიძლება მომაკვდინებელ იარაღად გამოიყენონ. გამოკვლევები ცხადყოფს პირდაპირ კავშირს ანტისაზოგადოებრივ მოქმედებასა და მუსიკის გარკვეულ სტილებს შორის.
მსგავსი განცხადების მხარდასაჭერად Psychology of Women Quarterly იტყობინება: „ვარაუდობენ, რომ როკის ვიდეოჩანაწერების ყურება ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც პორნოგრაფიის. მამაკაცები, რომლებსაც „აგრესიული როკი“-ს ვიდეოჩანაწერები აყურებინეს, ქალების მიმართ უფრო უხეშ და მტრულ დამოკიდებულებას ავლენდნენ, ვიდრე ისინი, რომლებსაც „არააგრესიული როკი“ ჰქონდათ ნანახი“.
ეს ზემოქმედება მხოლოდ მამაკაცებზე არ ვრცელდება. გავლენის ქვეშ შეიძლება ქალებიც მოექცნენ. იგივე წყარო დასძენს: „როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზეც მოქმედებს ამ სიმღერების უარყოფითი იდეები, რომლებშიც ქალებს არაფრად აგდებენ“.
ჟურნალი Sex Roles ეთანხმება ამ დასკვნას და აღნიშნავს: „ახლახან ჩატარებული გამოკვლევები . . . ცხადყოფს, რომ არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და მუსიკალური ვიდეოჩანაწერებით გატაცება მოზარდ გოგონებში სექსისადმი თავისუფალი დამოკიდებულების განვითარებას უწყობს ხელს“. რეპ-მუსიკის ზოგ მიმდინარეობაში ტექსტში მკვეთრად გამოხატული ძალადობისა და სექსისაკენ პირდაპირი მოწოდების გამო შეერთებული შტატების ერთ-ერთმა საოლქო მოსამართლემ დაადგინა, რომ ზოგიერთი რეპ-ალბომი „არ შეესაბამებოდა საზოგადოებისთვის მისაღებ ნორმებს, რადგან თავისი შინაარსით უხამსი და მიუღებელი იყო“.
ზედმეტად რადიკალური ხომ არ იყო მოსამართლე? სრულებითაც არა! ჟურნალი Adolescence ასეთ დასკვნამდე მივიდა: „მოზარდებისა და მათი მშობლების სიტყვების თანახმად, არეული ცხოვრება უფრო მეტად იმ ახალგაზრდებს აქვთ, რომლებიც უსმენენ ჰევი-მეტალსა და რეპს“. ასეთი ახალგაზრდები „აგრესიულები და მავნებლები არიან“ და დაბალი აკადემიური მოსწრებით ხასიათდებიან.
ნამდვილად, მუსიკის გარკვეულ სტილს, სექსს, თვითმკვლელობასა და ანტისაზოგადოებრივ მოქმედებებს შორის კავშირის არსებობა კარგად არის ცნობილი. მაგრამ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყოველგვარი მუსიკა ასეთ უარყოფით მოვლენებთან არის დაკავშირებული? წაიკითხეთ მომდევნო სტატიები, რომლებშიც ეს საკითხი განიხილება.
[ჩანართი 4 გვერდზე]
მუსიკას შეუძლია გულსა და გონებაზე მოქმედება, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.