ერიდე ზიანის მომტან მუსიკას!
„მაშ, უყურეთ, ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი“ (ეფესელთა 5:15, 16).
„მუსიკა — ესაა ძღვენი ღმერთისგან“. ასეთი რამ დაწერა ლულუ რამზი უილმა წიგნში „ბიბლიური მუსიკა“ (ინგლ.). უძველესი დროიდან ღვთისმოშიშ მამაკაცებსა და ქალებს ესმოდათ ეს. მუსიკის საშუალებით ადამიანი გამოხატავს ყველაზე ღრმა გრძნობებს — სიხარულს, მწუხარებას, რისხვასა და სიყვარულს. ამგვარად, მუსიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბიბლიურ დროში და ის მოიხსენიება მთელ საღვთო წერილში (დაბადება 4:21; გამოცხადება 18:22).
2 მუსიკამ თავისი უმშვენიერესი გამოხატულება ჰპოვა იეჰოვასადმი თაყვანისცემაში. იეჰოვა ღმერთისადმი ოდესმე წარმოთქმული ხოტბის შესხმის ყველაზე უფრო ამაღლებული გამონათქვამებიდან ზოგიერთი, თავდაპირველად მუსიკის ჰანგებზე იყო აჟღერებული. „ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ“ — წერდა ფსალმუნმომღერალი დავითი (ფსალმუნი 68:31). მუსიკა, როგორც აკომპანემენტი, გამოიყენებოდა განმარტოებულად ლოცვით ფიქრისთვის. „გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი“, — წერდა ასაფი (ფსალმუნი 76:7). იეჰოვას ტაძარში მუსიკას დიდი როლი ეჭირა (პირველი ნეშტთა 23:1–5; მეორე ნეშტთა 29:25, 26). ზოგჯერ ყალიბდებოდა დიდი ორკესტრები, როგორც მაგალითად, ტაძრის კურთხევის დროს, როდესაც 120 მამაკაცი უკრავდა საყვირზე (მეორე ნეშტთა 5:12, 13). ჩვენ არ გვაქვს ამ დიდებული მუსიკის ჰანგების ჩანაწერები. მაგრამ აი, რა არის აღნიშნული წიგნში „ბიბლიური მუსიკა“ (ინგლ.): „ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ მუსიკის ზოგადი გავლენა ტაძარში, საზეიმო შემთხვევების დროს. . . თუ რომელიმე ჩვენთაგანი შეძლებდა იქ გადანაცვლებას, გაგვიჩნდებოდა სიდიადისა და მოწიწების გრძნობა“a.
მუსიკის ბოროტად გამოყენება
3 მაგრამ მუსიკას ყოველთვის არ იყენებდნენ ასეთი ამაღლებული მიზნებისთვის. სინაის მთასთან მუსიკა გამოიყენეს კერპის — ოქროს ხბოსადმი თაყვანისმცემლობის აღსაძრავად (გამოსვლა 32:18). აგრეთვე, მუსიკა ზოგჯერ დაკავშირებული იყო მთვრალ მდგომარეობაში მოქმედებებსა და პროსტიტუციასთანაც კი (ფსალმუნი 68:13; ესაია 23:15). ისრაელის წარმართი მეზობლები არანაკლებ იყვნენ დამნაშავენი ღმერთის მიერ ნაბოძები ამ ნიჭის ბოროტად გამოყენებაში. «ფინიკიასა და ასურეთში, — ნათქვამია „ბიბლიის განმარტებით ლექსიკონში“ (ინგლ.), — თითქმის მთელი პოპულარული მუსიკა გამოხატავდა ნაყოფიერების ქალღმერთ ასტარტისადმი თაყვანისცემას. ამრიგად, პოპულარული სიმღერა ჩვეულებრივ იყო სქესობრივ ორგიებში ჩაძირვა“. ასევე, ძველმა ბერძნებმაც მუსიკა პოპულარული „ეროტიკული ცეკვების“ თანმხლებად გამოიყენეს.
4 დიახ, მუსიკას აქვს აღძვრის, გატაცებისა და ზეგავლენის მოხდენის ძალა. ათწლეულებით ადრე ჯონ სტეინერის წიგნში „ბიბლიური მუსიკა“ (ინგლ.) გაკეთებული იყო ასეთი მტკიცებაც: „ვერანაირი ხელოვნება ვერ ახდენს ისეთ ძლიერ ზეგავლენას კაცობრიობის თანამედროვე მოდგმაზე, როგორც მუსიკის ხელოვნება“. მუსიკის ძლიერი გავლენა დღესაც გრძელდება. მაშასადამე, ზოგიერთი სახეობის მუსიკა შეიძლება ნამდვილ საშიშროებას წარმოადგენდეს ღვთისმოშიში ახალგაზრდებისთვის.
სიფრთხილის აუცილებლობა
5 თუ ახალგაზრდა ხარ, მაშინ შენთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა როლს თამაშობს მუსიკა — განსაკუთრებით პოპ-მუსიკის ან როკ-მუსიკის სხვადასხვა ფორმა — მრავალი შენი თანატოლისთვის. მუსიკას ეწოდა „მოზარდობის ასაკში ნივთიერებათა ცვლის ნაწილი“. დადგინდა, რომ შეერთებულ შტატებში მოზარდები სკოლაში ყოფნის ბოლო ექვსი წლის მანძილზე როკ-მუსიკას უსმენენ, დღეში საშუალოდ, ოთხ საათზე მეტ ხანს! ეს გაწონასწორებულობის უკმარისობის მაჩვენებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასწორია გავერთოთ იმით, რაც სიხარულსა და ბედნიერებას გვგვრის. რა თქმა უნდა, იეჰოვას, სასიხარულო მუსიკის შემქმნელს, არ უნდა, რომ ახალგაზრდები მოღუშულები და უბედურები იყვნენ. სინამდვილეში, ის მიუთითებს თავის ხალხს: „იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო“ (ფსალმუნი 31:11). ახალგაზრდების მიმართ ღმერთის სიტყვაში ნათქვამია: „იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში“ (ეკლესიასტე 11:9).
6 მიუხედავად ამისა, შენ საფუძვლიანი მიზეზი გაქვს, მუსიკის არჩევისას იყო ფრთხილი. პავლე მოციქულმა ეფესელთა 5:15, 16 მუხლებში თქვა: „მაშ, უყურეთ, ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი“. ზოგიერთი ახალგაზრდა შეიძლება შემოგვეპასუხოს ერთი გოგონას მსგავსად, რომელმაც თქვა: „ჩემი მშობლები ისმენდნენ თავიანთი დროის მუსიკას, როდესაც ახალგაზრდები იყვნენ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია, მოვისმინოთ ჩვენი დროის მუსიკა?“ ზოგიერთ მუსიკას, რომელიც მოსწონდათ შენს მშობლებს, როცა ისინი შენი ასაკის იყვნენ, შეიძლება ჰქონდა საძრახისი მხარეები. დაწვრილებითი განხილვისას ნათელი ხდება, რომ საყოველთაოდ მიღებული მუსიკა ხშირად შეიცავს საოცარი რაოდენობის ქარაგმას სექსუალურ ურთიერთობაზე და ბუნდოვნად მოიხსენიებს უზნეობას. მაგრამ, ახლა აშკარად აღიწერება ის, რაზეც წინათ მხოლოდ გადაკვრით მიანიშნებდნენ. ერთი მწერალი შენიშნავს: „ახლა ბავშვები არაორაზროვანი იდეებით იმ მასშტაბით იბომბებიან, რომელიც არასოდეს უხილავს ჩვენს კულტურას“.
რეპ-მუსიკა — პროტესტის მუსიკა
7 მაგალითად, მოდით, განვიხილოთ თანამედროვე გატაცება რეპ-მუსიკით. ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად, რეპ-მუსიკა გახდა „აღიარებული როგორც რიტმის გლობალური რევოლუცია“ და დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრაზილიაში, ევროპაში, იაპონიაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხშირად, მისი თითქმის უმელოდიო სიმღერების სიტყვები არ იმღერება, არამედ წარმოითქმება ძლიერი რიტმის აკომპანემენტზე. მაგრამ ამ ენერგიულ რიტმში, როგორც ჩანს, იმყოფება რეპის დიდი კომერციული წარმატების საიდუმლო. „როცა მე ვისმენ რეპ-მუსიკას, — ამბობს ერთი იაპონელი გოგონა, — იგი აღმაფრთოვანებს და როცა ვცეკვავ, თავს თავისუფლად ვგრძნობ“.
8 რეპის სტილის მუსიკის სიმღერების სიტყვები — ხშირად გინებისა და ქუჩის ჟარგონის ნარევი — შეიძლება ამ მუსიკის პოპულარობის კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენდეს. ტრადიციული როკ-მუსიკის სიმღერებისგან განსხვავებით, რომელთაგან მრავალ მათგანს მთავარ თემად გასდევს ახალგაზრდული სასიყვარულო ისტორია, რეპ-მუსიკის ტექსტები ხშირად უფრო სერიოზულ თემას გამოხატავს. რეპის სტილის ზოგიერთი სიმღერა გადმოსცემს პროტესტს არასამართლიანობის, რასიზმისა და პოლიციელთა მხრიდან რეპრესიის სისასტიკის წინააღმდეგ. მაგრამ, ზოგჯერ, გარითმული მისამღერები გადმოიცემა ყველაზე უზრდელი, გამაოგნებელი ენით, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ეტყობა, რეპი ასევე წარმოადგენს ტანსაცმლის ნორმების, გარეგნობისა და სექსუალური მორალის წინააღმდეგ პროტესტს. გასაკვირი არ არის, რომ რეპი თავად იქცა ცხოვრების წესად. მისი მიმდევრების გამოცნობა შესაძლებელია გამორჩეული ჟესტებით, ქუჩის ჟარგონებითა და ჩაცმულობით: დაკერებული ჯინსებით, ყაითანშეხსნილი მაღალყელიანი „კრასოვკებით“, ოქროს ძეწკვით, ბეისბოლის კეპითა და შავი სათვალეებით.
9 ეფესელთა 5:10-ში ქრისტიანების მიმართ ნათქვამია: ‘გამოსცადონ, თუ რა არის სათნო უფლისა’. იმ რეპუტაციის მხედველობაში მიღებით, რომელიც რეპმა მოიპოვა, ფიქრობ თუ არა, რომ ‘უფლისათვის სათნო’ იქნებოდა თუ შენ გაგიტაცებდა რეპი? სურდა კი ახალგაზრდა ქრისტიანს, რომ მისი ცხოვრების სტილი ისეთად ჩაეთვალათ, რომელიც თვით ქვეყნიერების მრავალი ადამიანისთვისაც კი არ არის მისაღები? ყურადღება მიაქციე, როგორ აღწერა ერთმა კრიტიკოსმა ახლახანს ჩატარებული რეპ-მუსიკის კონცერტი: „რეპის სტილში მომღერალი მუსიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, თუ ვინ იქნებოდა უფრო გამაოგნებელი ლანძღვა-გინებასა და სექსის შესახებ თვალნათლივი ტექსტების წარმოდგენაში. „მოცეკვავე მამაკაცები და ქალები სცენაზე წარმოსახავდნენ სქესობრივი აქტების პროცესს“. პროგრამის მთავარ ნომერთან დაკავშირებით კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა: „ყოველი მეორე სიტყვა, რომელსაც ისინი წარმოთქვამენ, (უწმაწურია)“.
10 მიუხედავად ამისა, მუსიკა, რომელსაც იმ საღამოს უკრავდნენ, ოდნავ თუ განსხვავდებოდა საყოველთაოდ მიღებული მიმდინარეობის, რეპის, მუსიკისაგან. საკონცერტო დარბაზის დირექტორმა თქვა: „ის, რაც თქვენ გესმით, — არის ჩვეულებრივი რეპი, — ისეთივე, როგორსაც ისინი მაღაზიაში ყიდულობენ“. როგორ სამწუხაროა გაცნობოთ ის, რომ იმ საღამოს კონცერტზე დამსწრე 4 000 ახალგაზრდას შორის იმყოფებოდნენ ზოგიერთები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები არიან! აშკარაა, ზოგიერთები ფუქსავატურად ეკიდებიან იმ ფაქტს, რომ სატანა არის ‘ჰაერში გაბატონებული მთავარი’. ის მართავს ‘სულებს [ანუ გონების გაბატონებულ განწყობილებას] ამჟამად, ურჩ ძეებში, რომ მოქმედებს’ (ეფესელთა 2:2). ვის ინტერესებს მოემსახურებოდი, თუ აჰყვებოდი რეპის სტილის მუსიკას ან გექნებოდა რეპის ცხოვრების სტილი? უეჭველია, რეპის სტილის ზოგიერთი მუსიკა, შეიძლება შინაარსით ასე უზომოდ უწმაწური არ იყოს. მაგრამ აქვს კი აზრი გაერთო იმ მუსიკის ამა თუ იმ სახეობით, რომელიც ძირითადად ქრისტიანული ნორმებისათვის შეურაცხმყოფელია?
ჰევი-მეტალი — სექსი, ძალადობა და სატანიზმი
11 მუსიკის კიდევ ერთ პოპულარულ სტილს წარმოადგენს ჰევი-მეტალი. ის ჰარდ-როკზე უფრო გამაყრუებელია. „ჟურნალ ამერიკის სამედიცინო საზოგადოების“ (ინგლ.) ანგარიშში ნათქვამია: „ჰევი-მეტალის მუსიკა. . . გამოირჩევა ხმამაღალი პულსისებური რიტმით და აღსავსეა ტექსტებით, სადაც განდიდებულია ძალადობა, სასტიკი მოპყრობა, სექსუალური გარყვნილობა და ზოგჯერ სატანიზმი“. ზოგიერთი უფრო პოპულარული ჯგუფის თვით სახელწოდებაც კი მოწმობს როკის ამ სახეობის გახრწნილებაზე. ისინი შეიცავენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „შხამი“, „იარაღი“ და „სიკვდილი“. მაგრამ ჰევი-მეტალი საკმაოდ მშვიდი ჩანს ტრეშ-მეტალთან და მომაკვდინებელ მეტალთან შედარებით — დამატებით მუსიკალურ ჟანრებთან, რომლებიც წარმოიშვნენ ჰევი-მეტალის მუსიკისგან. ამ ჯგუფების სახელწოდებებში გამოიყენება ისეთი სიტყვები, როგორიცაა „კანიბალიზმი“ და „ნეკროლოგი“. ბევრ ქვეყანაში შეიძლება ვერც აცნობიერებენ, თუ რამდენად საზიზღარია ეს სახელწოდებები, რადგანაც ეს სიტყვები წამოითქმება ინგლისურ ან სხვა უცხო ენაზე.
12 ჰევი-მეტალის სტილის მუსიკა ხშირად დაკავშირებულია მოზარდების თვითმკვლელობასთან, დეპრესიებსა და ნარკოტიკების გამოყენებასთან. მასთან დაკავშირებულმა ძალადობრივმა ყოფაქცევამ ერთი რადიოკომენტატორი აღძრა მისთვის ეწოდებინა „მუსიკა, რომლის რიტმის ქვეშ კლავენ მშობლებს“. მისი კავშირი სატანიზმთან — აი, რა აღელვებს ბევრ მშობელს და ასევე, პოლიციელებსაც. ერთი გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა, რომელიც მისდევს სატანურ თაყვანისცემას, ოკულტიზმს გაეცნო ამ მუსიკის მეშვეობით. შემდეგ ეს გამომძიებელი ასკვნის: „მათ არ იციან, რასთან ამყარებენ კავშირს“.
13 მაგრამ ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის არ უნდა იყოს ‘უცნობი მისი [სატანის] ზრახვები’ (2 კორინთელთა 2:11). ვინაიდან ‘ჩვენი ბრძოლაა. . . ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ’ (ეფესელთა 6:12). როგორი სიბრიყვე იქნებოდა ჩვენს მიერ არჩეული მუსიკის საშუალებით დემონები მოგვეწვია ჩვენს ცხოვრებაში! (1 კორინთელთა 10:20, 21). მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ახალგაზრდა ქრისტიანს აშკარად უყვარს ეს მუსიკა. ზოგიერთები სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ თავიანთი მუსიკალური გემოვნების დასაკმაყოფილებლად. ერთი გოგონა აღიარებს: „მე ჰევი-მეტალის მოსმენაში, ზოგჯერ მთელ ღამეს თეთრად ვათენებდი. ვყიდულობდი ჟურნალებს ჰევი-მეტალის [თაყვანისმცემლებისათვის] და მშობლებისგან ვმალავდი ფეხსაცმლის ყუთებში. მე ვატყუებდი მშობლებს და ვიცოდი, რომ იეჰოვა არ იყო ჩემით კმაყოფილი“. ის გონს მოიყვანა სტატიამ ჟურნალიდან „გამოიღვიძეთ!“. კიდევ რამდენი ახალგაზრდა შეიძლება იყოს კვლავინდებურად ამ მუსიკით შეცდენილი?
მოიმკი იმას, რასაც თესავ
14 ნუ გააუბრალოებ იმ საშიშროებას, რომელშიც შეიძლება ამ მუსიკამ ჩაგაგდოს. მართალია, შეიძლება, არ მოინდომო ვინმეს მოკვლა ან უზნეობის ჩადენა მხოლოდ იმიტომ, რომ მოისმინე სიმღერა. მიუხედავად ამისა, გალატელთა 6:8-ში ნათქვამია: „ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის გახრწნას“. თუ მოისმენ მუსიკას, რომელიც არის ამქვეყნიური, ხორციელი და ეშმაკეულიც, ამან შეიძლება შენზე მხოლოდ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს (შეადარე იაკობი 3:15). მუსიკის დარგში ერთ-ერთმა პროფესორმა, ჯოზეფ სტუსმა, თქვა: «მუსიკის ნებისმიერი სახეობა გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, გრძნობებზე, გონებაზე და შედეგად ჩვენს ყოფაქცევაზე. . . ყოველი, ვინც ამბობს: „მე შემიძლია მოვუსმინო ჰევი-მეტალს ისე, რომ იგი ჩემზე არ მოახდენს ზეგავლენას“, უბრალოდ არ არის მართალი, ვინაიდან იგი სხვადასხვა ადამიანებზე სხვადასხვა ზომითა და სახით ახდენს ზეგავლენას».
15 ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი აღიარებს: „მე იმდენად ვიყავი ტრეშ-მეტალით გატაცებული, რომ ჩემი პიროვნება მთლიანად შეიცვალა“. მალე მას გაუჩნდა პრობლემები დემონებთან დაკავშირებით. „ბოლოს და ბოლოს მე გავთავისუფლდი ჩემი მუსიკალური პრობლემებისგან და დემონებმაც მიმატოვეს“. სხვა ახალგაზრდა კი ამბობს: „მუსიკა, რომელსაც ვისმენდი, დაკავშირებული იყო ან სპირიტიზმთან, ან ნარკოტიკებთან, ან კიდევ სექსთან. მრავალი ახალგაზრდა ამბობს, რომ მუსიკა მათზე არ ახდენს ზეგავლენას, მაგრამ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. მე, ფაქტიურად, ჩამოვცილდი ჭეშმარიტებას“. იგავნში დასმულია ასეთი კითხვა: „თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად?“ (იგავნი 6:27).
ნუ მოადუნებ სიფხიზლეს
16 პავლემ ქრისტიანებს ძველ ეფესოში მისწერა: „ამიტომ ამას ვამბობ და გაფიცებთ უფალს, რომ აღარ მოიქცეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან სხვა ხალხები, გონებადაბნეულნი და ღმერთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო“ (ეფესელთა 4:17, 18). შეიძლება თუ არა მსგავსი რამ ითქვას მათზე, რომლებიც წერენ და ასრულებენ მუსიკის დიდ ნაწილს დღეს? დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, მუსიკის ნებისმიერი სტილი ირეკლავს ‘წუთისოფლის ღმერთის’, სატანა ეშმაკის გავლენას (2 კორინთელთა 4:4).
17 „უკანასკნელ დღეებთან“ დაკავშირებით ბიბლიამ იწინასწარმეტყველა: „ბოროტი ადამიანები და მატყუარები კი წინ წაიწევენ ბოროტებაში“ (2 ტიმოთე 3:1, 13). ამიტომ, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე აუცილებელია, შენთვის მკაცრად ადევნო თვალყური, თუ როგორ მუსიკას ირჩევ. ხშირად უგემოვნოდ შერჩეული სახელწოდება მიუთითებს მთელი ალბომის უვარგისობაზე. იობის 12:11-ში ისმება კითხვა: „განა ყური არ განიცდის სიტყვას და სასა არა გრძნობს საჭმლის გემოს?“ ამგვარად, მუსიკის შემოწმება შეგიძლია კრიტიკული მიდგომით. როგორ გრძნობებს იწვევს შენში მელოდია? უწყობს თუ არა იგი ხელს აღვირახსნილ, გაფუჭებულ ყოფაქცევას — თავაშვებულობის სულისკვეთებას? (გალატელთა 5:19–21). რა შეიძლება ითქვას ტექსტზე? ხომ არ უწყობს იგი ხელს სექსუალურ უზნეობას, ნარკოტიკების გამოყენებას ან სხვა არასწორ მოქმედებებს, რომელთა შესახებ ‘ლაპარაკიც კი სამარცხვინოა’? (ეფესელთა 5:12). ბიბლია ამბობს, რომ ასეთი რამეები არათუ მეორდებოდეს სულ ხელახლა მუსიკის რიტმზე, არამედ „არც კი უნდა მოიხსენიებოდეს“ ღმერთის მსახურებს შორის (ეფესელთა 5:3). ხოლო რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ალბომის ყდა? ხომ არ არის მასში მოცემული სპირიტიზმის თემები ან სექსუალურად აღმგზნები ფოტოსურათები?
18 შესაძლოა, შენ უნდა მიიღო ცვლილება იმ მუსიკის სახეობასთან დაკავშირებით, რომელსაც ირჩევ. თუ გაქვს ფირფიტები, კასეტები და დისკები უზნეო და დემონურ თემებზე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდე მათგან (შეადარე საქმე 19:19). ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია ისიამოვნო მუსიკის მოსმენით; ყველა პოპულარული მუსიკა არ არის დასაგმობი. ზოგიერთმა ახალგაზრდამ ისწავლა მუსიკალური გემოვნების განვითარება და ახლა სიამოვნებით ისმენს ზოგიერთ კლასიკურ თუ ხალხურ მუსიკას, მსუბუქ ჯაზსა და მუსიკის სხვა სახეობებს. „სასუფევლის მელოდიების“ კასეტები ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა ორკესტრის შესრულებით ამაღლებული მუსიკისადმი კარგი გემოვნების განვითარებაში.
19 მუსიკა — ესაა ძღვენი ღმერთისგან. მაგრამ, ბევრისთვის იგი საზიანო გართობა ხდება. ისინი ჰგვანან ძველ დროში მცხოვრებ ისრაელებს, რომლებმაც სიამოვნება ჰპოვეს მაშინ, როცა უკრავდნენ ‘ებანზე, ქნარზე, დოლზე. . . უფლის საქმეს კი არ უყურებდნენ’ (ესაია 5:12). მიზნად დაისახე სათანადო ადგილზე დააყენო მუსიკა და დაე, იეჰოვასადმი მსახურება იყოს შენთვის უდიდესი მნიშვნელობის საქმე. მუსიკის შერჩევისას იყავი ფრთხილი და გარჩევის უნარის მქონე. ასეთნაირად შენ ბოროტად კი არ გამოიყენებ, არამედ შეძლებ ისარგებლო ღმერთის ამ ძღვენით.
[სქოლიოები]
a როგორც ჩანს, ისრაელი ერი გამოირჩეოდა მუსიკალური ხელოვნებით. ერთი ასირიული რელიეფი გვიჩვენებს, თუ მეფე სანხერიბი როგორ მოითხოვს მეფე ხიზკიასაგან ისრაელ მუსიკოსებს, როგორც ძღვენს. „გროუვას ლექსიკონში მუსიკისა და მუსიკოსების შესახებ“ (ინგლ.). აღნიშნულია: „მუსიკოსების ძღვნად მოთხოვნა. . . ნამდვილად უჩვეულო იყო“.
გახსოვს თუ არა შენ?
◻ რატომ შეიძლება ღმერთისაგან ძღვენი ვუწოდოთ მუსიკას?
◻ როგორ იყენებდნენ ბოროტად მუსიკას ძველ დროში?
◻ როგორ საშიშროებას წარმოადგენს რეპ-მუსიკა და ჰევი-მეტალი ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის?
◻ როგორ ფრთხილობენ ქრისტიანები მუსიკის არჩევისას?
[სასწავლო კითხვები]
1. რატომ შეიძლება ეწოდოს მუსიკას „ძღვენი ღმერთისგან“?
2. ბიბლიურ დროში როგორ იყენებდნენ მუსიკას იეჰოვას განსადიდებლად?
3, 4. როგორ იყენებდა ბოროტად მუსიკას ღმერთის ხალხი და მისი წარმართი მეზობლები?
5. ა) რამდენად დიდ როლს თამაშობს მუსიკა ბევრი მოზარდის ცხოვრებაში? ბ) როგორ უყურებს ღმერთი ახალგაზრდების მიერ დროის სასიამოვნოდ გატარებას?
6. ა) რატომაა ახალგაზრდებისთვის აუცილებელი მუსიკის შერჩევისას იყვნენ ფრთხილები? ბ) თანამედროვე მუსიკის უდიდესი ნაწილი რატომ არის უფრო საძრახისი, ვიდრე წინა თაობების მუსიკა?
7, 8. ა) რა არის რეპ-მუსიკა და რითი აიხსნება მისი პოპულარობა? ბ) როგორ შეიძლება ამოიცნო რეპის ცხოვრების სტილის მიმდევარი?
9, 10. ა) რა ფაქტორები უნდა მიიღონ მხვედველობაში ახალგაზრდებმა, როცა წყვეტენ, არის თუ არა რეპის სტილის მუსიკა და მასთან დაკავშირებული ცხოვრების სტილი ‘სათნო უფლისათვის’? ბ) როგორც ჩანს, რას ეკიდება ფუქსავატურად ზოგიერთი ქრისტიანი ახალგაზრდა?
11, 12. რა არის ჰევი-მეტალის სტილის მუსიკა და რა დასაგმობი ნიშნებით ხასიათდება?
13. ჰევი მეტალის მუსიკასთან კავშირით, რა საშიშროებაში შეიძლება გაეხვიო?
14, 15. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თუ მოვისმენთ მავნე მუსიკას, ის უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ჩვენზე? ახსენი.
16. რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, რომლებიც წერენ და ასრულებენ დღეს მუსიკის ძირითად ნაწილს?
17. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს შეაფასონ მუსიკის ხასიათი ან შეამოწმონ იგი?
18. ა) როგორი ცვლილებები უნდა გააკეთონ ზოგიერთმა ახალგაზრდებმა მუსიკასთან დაკავშირებით? ბ) როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს განავითარონ გემოვნება უფრო სასარგებლო მუსიკისადმი?
19. რატომ არის მნიშვნელოვანი სათანადო ადგილზე დავაყენოთ მუსიკა?