მკითხველთა წერილები
ჩაცმულობა. მე 11 წლის ვარ. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვთქვა ჩემი მადლიერება შესანიშნავი მითითებებისთვის სტატიაში „ნამდვილად ენიჭება მნიშვნელობა, რას იცვამ?“ (8 თებერვალი, 1999). წინათ მსურდა, თანაკლასელების მსგავსად ჩამეცვა. მაგრამ ეს სტატია დამეხმარა იმის დანახვაში, რომ ჩემი ტანსაცმელი უნდა იყოს აკურატული და არა გამომწვევი.
ა. ს., ესტონეთი
ზოგჯერ დანაღვლიანებული ვარ ხოლმე, როდესაც სხვები მეუბნებიან, რომ ჩემი ტანსაცმელი ძველმოდური ან ოფიციალურია. თქვენი სტატია ძალზე გამამხნევებელი იყო, ვინაიდან დამარწმუნა, რომ ღირს ბიბლიური პრინციპების მიყოლა.
რ. ლ., ბრაზილია
მრავალი წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეებისადმი სიბრალულს ვგრძნობდი და, ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა მათ ვხედავდი. ამას წინათ მეგობარმა მომცა 1999 წლის 8 თებერვლის ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ეგზემპლარი. ჟურნალის წაკითხვა დიდი სიამოვნების მომგვრელი იყო, და მან შეცვალა ჩემი შეხედულება მოწმეებზე. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სტატიამ ჩაცმულობის შესახებ, რომელმაც ტანსაცმლის ყიდვასთან დაკავშირებით ჩემი საკუთარი ქცევა აღწერა. ამიერიდან აღარ დავუწყებ ძებნას მაინცდამაინც ცნობილი ფირმის ტანსაცმელს. და ვთხოვ ჩემს მეგობარს, მეტი ჟურნალი მომცეს წასაკითხად!
უ. ბ., გერმანია
ჭორაობა. დიდი მადლობა სტატიისთვის „ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ არის ჭორაობა ცუდი?“ (8 მარტი, 1999). რამდენიმე ხნის წინათ, როდესაც ერთმა ადამიანმა გაავრცელა ჩემზე ჭორი, თითქოს მე უნდა ვყოფილიყავი შემდეგი, ვინც კრებიდან გაირიცხებოდა, პირადად ვიგრძენი, თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ჭორი. ტყუილმა ძლიერ მატკინა გული! იმ ადამიანმა, რომელმაც ჭორი გაავრცელა, ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე მის მიმართ ნდობა დავკარგე.
რ. მ., შვეიცარია
ჩვენს სკოლაში მოდებულია ჭორი, ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებულმა სტატიამ მოქმედებისკენ აღმძრა და ჩემი გადაწყვეტილება განამტკიცა. მრცხვენია იმის თქმა, რომ სხვებზე არასასურველი წარმოდგენის შესაქმნელად ვჭორაობდი. და, როდესაც მეგობრები სხვებზე ჭორაობდნენ, ვუსმენდი მათ და საუბარშიც კი ვერთვებოდი. ამიტომ, როდესაც წავიკითხე სტატია, დიდად შევცბუნდი და ვიგრძენი, რომ ყოველი წინადადება მითითებდა იმ საქმეებზე, რასაც ვაკეთებდი. ძალიან მრცხვენია ჭორაობის გამო. ვიცი, რომ ჩვენს სკოლაში გააგრძელებენ ჭორაობას, მაგრამ მე გადავწყვიტე, აღარასოდეს მივიღო მონაწილეობა ამაში.
მ. უ., იაპონია
ციმბირში გადასახლება. გულს იმდენად შეეხო ლემბით ტოუმის შთამბეჭდავი ისტორია, „ნახევარსაუკუნოვანი ტოტალიტარული ტირანია“ (8 მარტი, 1999), რომ არ შემეძლო, არ გამომეხატა ჩემი მადლიერება. მართლაც დიდი რწმენა იყო საჭირო იეჰოვა ღმერთისადმი, რომ ასეთი მძიმე დრო გადაეტანა. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა ჩვენმა ძმებმა ნამდვილად დაიმსახურეს თავისუფლება, რომელიც დღეს აქვთ.
ჯ. დ., შეერთებული შტატები
რიო-დე-ჟანეირო. როგორც რიო-დე-ჟანეიროს მაცხოვრებელი, კარიოკების წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ თქვენი სტატია „რიო-დე-ჟანეირო — მშვენიერი და თვალწარმტაცი“ (8 მარტი, 1999) მიმზიდველიც იყო და შინაარსიანიც. სენსაციების მოყვარული ჟურნალისტების გამო ხალხს ეკარგება წარმოდგენა რიო-დე-ჟანეიროზე.
ო. დ. კ., ბრაზილია
როგორც ყოველთვის, თქვენი ინფორმაცია საგულდაგულოდ იყო მომზადებული. თქვენ არ შეეხეთ ფართოდ გავრცელებულ, თუმცა უსაფუძვლო წარმოდგენას, რომ თითქოს ღარიბები არიან რიო-დე-ჟანეიროს სოციალური პრობლემების მიზეზი.
ვ. რ. ლ., ბრაზილია