რიო-დე-ჟანეირო — მშვენიერი და თვალწარმტაცი
ჩვენი კორესპონდენტისგან ბრაზილიაში
რიო-დე-ჟანეიროში ყველაფერია: პლაჟები, გორაკები, ტბები და ტროპიკული ტყე. „იმდენად მიმზიდველია, რომ აღარ იცი რას შეხედო, საით გაიხედო!“ — აღტაცება ვერ დაფარა ერთმა სტუმარმა. ბევრი რიო-დე-ჟანეიროს, ანუ, უბრალოდ, რიოს მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მიიჩნევს. თუმცა სიტყვა „რიო“ „მდინარეს“ ნიშნავს, ქალაქი უბის სანაპიროზეა გაშენებული (იხილეთ ჩარჩო მე-18 გვერდზე).
რიო-დე-ჟანეირო დიდი ქალაქია 11 მილიონი მოსახლით და სწორედ ამიტომ, მასში ისეთი პრობლემებია, როგორიცაა: ძალადობა, უმუშევრობა, ბინების ნაკლებობა, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბინძურებასა და ტრანსპორტის უწესრიგოდ მოძრაობაზე. მიუხედავად ამისა, რიო-დე-ჟანეიროს მცხოვრებლები ამაყად მოიხსენიებენ მას როგორც „სედადე მარავილიოზეს“ (საოცარ ქალაქს). ერთი კარიოკას სიტყვების თანახმადa: „რიო-დე-ჟანეირო მხიარული ქალაქია. მზიან დღეს სამსახურში წასვლისას თუ უკან დაბრუნებისას პლაჟებისა და გორაკების მზერა სიამოვნების მომგვრელია“. გაიდეალებულია ეს შეხედულება? მოდი ვნახოთ.
უბეები, პლაჟები და მცხუნვარე მზე
პირველი, რასაც ვხედავთ გუანაბარის უბეა, საიდანაც რიო-დე-ჟანეირო იწყება. მისი ფართობი 380 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, აქვეა ტყით დაფარული კუნძულებიც. ქალაქი გარშემორტყმულია ბორცვებითა და მთებით, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი კორკოვადუს ბორცვი (რაც „კუზიანს“ ნიშნავს) და მთა პან-დი-ასუკარია (შაქრის თავი). კორკოვადუს ბორცვის მწვერვალი უბის დონიდან 704 მეტრის სიმაღლეზეა და თავზე გვირგვინად ქრისტეს 30-მეტრიანი და 1 145 ტონის ქანდაკება ადგას. პან-დი-ასუკარი 395 მეტრის სიმაღლისაა. სახელი თავის კონუსისებრი ფორმის გამო მიიღო, რომელსაც შაქრის დამამზადებლები იყენებდნენ. სტუმრებს კორკოვადუს ბორცვზე ასვლა პატარა მატარებლით ან ავტომობილით შეუძლიათ, საიდანაც საბაგირო გზით პან-დი-ასუკარზე გადადიან. რიო-დე-ჟანეიროს ხედი საოცარია. ის ღრმა კამკამა ზღვის, ხასხასა მწვანე ტყისა და ტბის, როდრიგუ-დი-ფრეიტას, შორის არის მოქცეული.
თეთრი ქვიშით მოფენილი პლაჟები და კაშკაშა მზე ტურისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროს ოცნების ქალაქად აქცევს. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ზაფხულობით აქ ტემპერატურა 40°C-ს აღწევს. 90-კილომეტრიან ზღვის სანაპირო ზოლზე 70-ზე მეტი პლაჟი ხალხითაა სავსე. რომელი პლაჟია საუკეთესო? პასუხი მათზეა დამოკიდებული, ვინც აქ დადის. კორიოკებისთვის პლაჟი საყვარელი ადგილი, სამკითხველო დარბაზი, ფეხბურთისა და ფრენბურთის სათამაშო მოედანი, ბარი, რესტორანი, სპორტული მოედანი, საკონცერტო დარბაზი და ოფისია, და რაც მთავარია, აქვეა ზღვა, სადაც ცურვა შეიძლება. დილაობით ქალაქის ზღვისპირა სასეირნო ადგილები სავსეა მორბენლებითა და ველოსიპედისტებით. მზიან დღეებში პლაჟები ყოველთვის გადაჭედილია. მაგრამ, ერთი შეხედვით, იოლი ცხოვრების მიუხედავად, კარიოკებმა მძიმედ უნდა იმუშაონ, რომ საშუალება მიეცეთ მზეს მიეფიცხონ.
XIX საუკუნის დასასრულამდე ქალაქი რიო-დე-ჟანეირო გუანაბარის უბის პლაჟების გასწვრივ იყო გაშენებული. შემდეგ, როცა ოკეანის პლაჟების უბესთან დასაკავშირებლად გვირაბები გაიყვანეს, ქალაქის ზრდა სამხრეთის სანაპიროებისკენ დაიწყო. 1923 წელს ოფიციალურად გახსნილი სასტუმრო პალას კოპაკაბანათი — ერთ-ერთი პირველი მდიდარი სასტუმრო სამხრეთ ამერიკაში — პირველი ცნობილი პლაჟი გახდა კოპაკაბანა, „ზღვის პატარა პრინცესა“. მოგვიანებით, 60-იან წლებში, იპანემას პლაჟი ინტელექტუალებისა და ბოჰემური ცხოვრების მოყვარულთა ადგილად იქცა. თუ აქ რაიმე არ იყო მიღებული, ეს უბრალოდ მოდაში არ იყო. რიო-დე-ჟანეიროს პლაჟებიდან ყველაზე ახლი და ყველაზე დიდი 18-კილომეტრიანი ბარა-და-ტეჟუკაა, რომელსაც მეტსახელად ბრაზილიის მაიამს უწოდებენ. აქ არის ქალაქის უდიდესი სავაჭრო ცენტრი და მრავალი ახალი საცხოვრებელი შენობა.
ტყე ქალაქის შუაში
რიო-დე-ჟანეიროში მცენარეულობას მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. მშვიდი 141-ჰექტარიანი ბოტანიკური ბაღი ქალაქის შუაგულშია მოთავსებული, პლაჟების ჟივილ-ხივილიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე. ბაღში, რომელიც XIX საუკუნეში გააშენეს, 6 200-ზე მეტი ჯიშის ტროპიკული მცენარე და ხეა.
ქალაქში არის აგრეთვე ტყე — ტიჟუკა. რიო-დე-ჟანეიროს ცენტრიდან ოციოდე კილომეტრით დაშორებული ეს დაახლოებით 6 000 ჰექტარიანი ტყე მსოფლიოს ქალაქებში არსებული ტყეებიდან ალბათ ყველაზე დიდია. მასში შედის ტროპიკული ტყის ნაწილი, რომელიც ერთ დროს ბრაზილიის სანაპირო ზოლს გასდევდა. სტუმრებს დიდებულ ვარდისფერ ჟეკიტიბასთან ერთად ლამაზი, ყვითელყვავილიანი კონელას-სანტასის ნახვა შეუძლიათ. აქ აგრეთვე Morpho გვარის ცისფერი თვალისმომჭრელი პეპლები დაფარფატებენ. რაც შეეხება ფრინველებს, ჭრელ, მწვანეთავიან და ლურჯქუდიან ტანაგრას ვხვდებით.
სტუმრად ცენტრში
რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში სიცოცხლე დუღს — ტროტუარებზე ხალხი ირევა, დიდია ხმაური და სიცხე. ვაჭრები, რომლებიც თითქმის ყველაფერს ყიდიან — იქნება ეს უცხოური ელექტრონული საქონელი, ტანსაცმელი, სანელებლები თუ წამლები — მგზავრებს გავლის საშუალებას არ აძლევენ. აქ შეგიძლიათ იმგზავროთ ტრამვაით, რომლის ხაზიც გრანიტის 42-თაღიან ხიდზე გადის და რომელიც არკუს-დი-კარიოკად არის ცნობილი. ის 1712—1750 წლებშია აშენებული ინდიელებისა და მონების მიერ. ის თავდაპირველად აკვედუკი იყო, რომლის მეშვეობითაც რიო-დე-ჟანეიროს ცენტრს წყალი ეწოდებოდა. მაგრამ 1896 წელს ამ აკვედუკზე ტრამვაის ხაზი გაიყვანეს და ვიადუკად იქცა.
ქალაქის ცენტრში ევროპული ნაწილიც იგულისხმება. 1906—1908 წლებში აგებული ნატიფი ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ფასადი ლუვრის მუზეუმს (საფრანგეთი) მოგაგონებთ, მისი ფერადი პანელები და მოზაიკები კი იტალიურ რენესანსს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენობა მუნიციპალური თეატრია, რომელიც პარიზის „გრანდ-ოპერის“ მიხედვით არის აგებული, ოფიციალურად 1909 წელს გაიხსნა და 2 357 მაყურებელს იტევს.
ფეხბურთი და სამბა
კარიოკებს უყვართ ფეხბურთის მატჩების ყურება და, როდესაც ლიგის მნიშვნელოვანი თამაშებია დაგეგმილი, მსოფლიოში უდიდეს სტადიონად ცნობილი მარაკანას სტადიონი ყურადღების ცენტრში ექცევა. აქ იმართება მატჩები, რომლებზეც 200 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება. დღეისათვის გულშემატკივართა კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ადგილები 100 000-მდეა შემცირებული.
კარიოკების საყვარელი ცეკვა აფრიკული წარმოშობის სამბაა. მთელ ქალაქში ამ ცეკვის სკოლები ათასებს იზიდავს — კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ხშირად ერთუბნელები არიან. კარნავალის დროს, რომელიც დიდი მარხვის წინ იმართება, სკოლები, რომლებიდანაც თითოეულში 5 000 მოცეკვავეა, მიდიან სამბოდრომოსკენ, სპეციალურად აშენებულ უზარმაზარ საპარადო მოედნისკენ, რომელიც პარალელურად განლაგებულ ბეტონის ტრიბუნებს შორისაა მოთავსებული, რომლებიც 100 000 მაყურებელს იტევს. სამწუხაროდ, კარნავალი უფრო ცნობილი გახდა თავისი თავდაუჭერლობით, დაწყებული მთვრალი მძღოლებიდან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებითა და სექსუალური აღვირახსნილობით დამთავრებული.
რიო-დე-ჟანეიროს თავისი პრობლემები აქვს
ათწლეულების განმავლობაში, სანამ 50-იან წლებში სან-პაულომ განვითარებით არ გაუსწრო, რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის ინდუსტრიული ცენტრი იყო. კარგ პირობებში ცხოვრების დიდმა სურვილმა ბევრი აღძრა, სოფლებიდან რიო-დე-ჟანეიროში გადასულიყვნენ, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მრავალსართულიან შენობებში უწევთ ცხოვრება. შედარებით ხელმოკლეები კი გორაკებზე „ავიდნენ“ და ააშენეს სახელდახელო საცხოვრებლები — ღარიბთა კვარტალები ანუ „ფაველები“. თავდაპირველად ეს საცხოვრებლები დაშლილი ყუთებისგანა და კოლოფებისგან იყო აშენებული და თუნუქით გადახურული. იქ მცხოვრებთ ჰქონდათ ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალი, მაგრამ ის, რომ სამუშაო საცხოვრებელთან ახლოს ჰქონდათ, სულ ცოტა მაინც უიოლებდათ ცხოვრებას. დღეს ღარიბთა უზარმაზარი კვარტლებითაა დაფარული ფერდობები. მათ გვერდზე შესანიშნავი სახცოვრებელი შენობებია, რომლებსაც კოპაკაბანა და იპანემა ესაზღვრება. მსოფლიოს მცირე ადგილებში თუა სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის ასეთი აშკარა კონტრასტი.
ღარიბთა უფრო ახალი კვარტლები აგურითაა აშენებული. ქალაქის დამგეგმარებლები ცდილობენ, შეცვალონ რაიმე: კეთილმოაწყონ ქუჩები და გააუმჯობესონ კომუნალური პირობები, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია. ახლახან ჩატარებული აღრიცხვების თანახმად, 900 000-ზე მეტი ადამიანი რიო-დე-ჟანეიროს 450-ზე მეტ ღარიბთა კვარტალში ცხოვრობს. ყველაზე დიდ კვარტალ როსენიაში 150 000 ცხოვრობს. „ეს ისეა, თითქოს ქალაქში კიდევ სხვა ქალაქია“, — ამბობს ანტონიო, რომელიც აქვე ცხოვრობს, მაგრამ იპანემაზე ბანკში მუშაობს. მცხოვრებლებს აქვთ საკაბელო ტელევიზია, ადგილობრივი რადიო და რადიოსადგური FM, აგრეთვე პროფესიონალი ფეხბურთის გუნდი და სამბას სკოლა. მაგრამ ღარიბთა კვარტალში ცხოვრებას უფრო სასტიკი მხარეც აქვს. ზაფხულობით წვიმების გამო გორაკებზე ხშირია მეწყერი, რასაც ზარალი, ზოგჯერ კი სიკვდილიანობაც მოსდევს. ახლახან ტყის გაშენებამ შეაჩერა ზოგ საშიშ ადგილზე სახლების აგება, ამიტომ ვითარება გაუმჯობესდა.
კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა ორგანიზებული დამნაშავეობაა. მისი ძირითადი მსხვერპლი ნარკოტიკებით მოვაჭრე ახალგაზრდები არიან. მათსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის გარკვეული წესები არსებობს. „ღარიბთა კვარტლებში ქურდობა, ყაჩაღობა და გაუპატიურება თითქმის არ ხდება. ვერავინ ბედავს ბოროტმოქმედების ჩადენას. ხალხმა იცის, რომ ამ მოქმედებისთვის სიკვდილით დაისჯებიან“, — გვიმარტავს ჟაუნი, რომელიც 40 წელია ღარიბთა კვარტალში ცხოვრობს. ნარკოტიკებით მოვაჭრეები მოსახლეობის მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სხვა ბოროტმოქმედებს სჯიან. „თუმცა ვითარება რამდენადმე შეიცვალა, — ამატებს ჟაუნი, — აქ მცხოვრებლები ჯერ კიდევ სთხოვენ ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, დაფარონ დაკრძალვებთან დაკავშირებული ხარჯები, უყიდონ წამლები ან საკვები, იზრუნონ ბინის ქირის გადახდაზე ან დააფინანსონ გართობა“.
სხვა სირთულეები
მთასა და ზღვას შორის მოქცეული რიო-დე-ჟანეირო გაშენდა ჭაობიან ვაკეზე — ადგილზე, რომელიც ძნელად შეესაბამება დიდი ქალაქის მოთხოვნილებებს. წლების მანძილზე აუცილებელი იყო, ებრძოლათ „სამი რამის წინააღმდეგ: ჭაობების, ზღვისა და მთების“, — ნათქვამია წიგნში „რიო-დე-ჟანეირო — ქალაქი და რეგიონი“ (Rio de Janeiro—cidade e região). ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად უთვალავი მიწისყრილი გააკეთეს და გვირაბი გაიყვანეს, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა უბნებს. თუმცა ჩვენს დროში მატარებლით მგზავრობა არცთუ ისე უსაფრთხოა, რკინიგზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეუბნების გაშენებაში. „იმდენი ხალხი ცდილობს მატარებელში შესვლას, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ ისე აღმოჩნდები ვაგონში“, — ამბობს სერჟიო, რომელიც მატარებლით გარეუბნიდან ყოველ დილით 5 საათზე მოდის, რომ 7 საათზე სამსახურში იყოს. მატარებლები იმდენად სავსეა, რომ ზოგჯერ ღია კარებითა და ვაგონების კიბეებზე ჩამოკიდებული მგზავრებით მიდიან. ყველაზე გაბედული კარიოკები ზემოდანაც კი სხდებიან მატარებლებზე, სადაც ელექტრო კაბელებისთვის თავის არიდების დროს პატარა შეცდომაც კი სასიკვდილოა.
გუანაბარის უბის, ქალაქის სილამაზის სიმბოლოს, დაცვა კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს. ერთი სააგენტოს ცნობის თანახმად, ზოგან მისი წყალი „თითქმის არაფრით განსხვავდება სამრეწველო ჩამდინარე წყლებისგან“ (World Bank). მისგან გამოწვეული ზარალი უზარმაზარია, რაშიც თევზის მრავალი სახეობის შემცირებაც შედის, რაც 70 000 მეთევზის შემოსავალზე ახდენს გავლენას, რომლებიც საზრდოსთვის უბეზე არიან დამოკიდებული. დაბინძურებული პლაჟები ტურისტებსაც აფრთხობს. მთავრობა ცდილობს, გააუმჯობესოს კანალიზაციის სისტემა და თვალყური ადევნოს მრეწველობას. დაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლმა კომპანიამ თავის სიმბოლოდ ორი დელფინი მოაშენა. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ 2025 წლისთვის აქ, გუანაბარას უბეში, დელფინები იცურავებენ.
რიო-დე-ჟანეირო მაინც ლამაზია!
რას იტყოდით რიო-დე-ჟანეიროსთვის თვალის გადავლების შემდეგ? ტურისტების უმეტესობისა და კარიოკებისთვის ის მაინც ლამაზია. რის თქმა შეიძლება პრობლემებზე? კარგი იქნებოდა, თუ მათ თავს გაართმევდნენ. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, ყველაზე უკეთესი, რის გაკეთებაც კარიოკებს შეუძლიათ, ქალაქის პრობლემებთან შეგუება და მის თვალწარმტაც გარემოში სიამოვნების მიღებაა, რაშიც შემოქმედებითი სულის და იუმორის გრძნობა ეხმარებათ.
[სქოლიო]
a „კარიოკა“ რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებს ჰქვია.
[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]
რიო-დე-ჟანეიროს ისტორიული ნარკვევები
1502 წელი: 1 იანვარს ანდრე გონსალვისმა, პორტუგალიელმა ზღვაოსანმა გუანაბარის უბე დიდი მდინარის შესართავად ჩათვალა და რიო-დე-ჟანეირო (იანვრის მდინარე) უწოდა.
1565 წელი: ესტასიუ დი სამ, პორტუგალიის სამხედრო ძალების მეთაურმა, აღმოაჩინა პატარა დასახლება პან-დი-ასუკარის მთისა და კარა-დი-კაუნის ბორცვებს შორის დამკვიდრებული ფრანგები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ამ ტერიტორიაზე. ამ დასახლებაში დაარსდა რიო-დე-ჟანეირო.
1763 წელი: იმის მცდელობით, რომ გაეკონტროლებინათ უდიდესი რაოდენობის ოქროსა და ალმასების გატანა, რომელიც მეზობლად მდებარე მინას-ჟერაისის შტატის გავლით პორტუგალიაში მიდიოდა, პორტუგალიელებმა დედაქალაქად რიო-დე-ჟანეირო გახადეს. აფრიკელი მონებით ვაჭრობა გაიზარდა.
1808 წელი: ნაპოლეონ I-ის ჯარების მიერ პორტუგალიის ოკუპაციის შემდეგ სამეფო კარი რიო-დე-ჟანეიროში გაიქცა და, ამგვარად, ქალაქი პორტუგალიის მონარქის დროებით სატახტო ქალაქად იქცა. ის ბრაზილიის აშენებამდე, კერძოდ კი 1960 წლამდე, დედაქალაქი იყო.
[საავტორო უფლება]
PHOTO: MOURA
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
ბარა-და-ტიჟუკას პლაჟი.
[სურათი 25 გვერდზე]
მარაკანა — მსოფლიოში უდიდესი ფეხბურთის სტადიონი.
[სურათი 26 გვერდზე]
არკუს-დი-კარიოკა — ვიადუკად გადაქცეული აკვედუკი.