ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ დავძლიო სიმორცხვე სხვებთან ურთიერთობისას?
„არასოდეს ვყოფილვარ ლაპარაკის მოყვარული. ვფიქრობდი, რამე რომ მეთქვა, სხვები გამერიდებოდნენ. დედაჩემი ძალიან მორცხვია და, მგონი, ამიტომ მაქვს მეც იგივე პრობლემა“ (არტი).
ზოგჯერ ხომ არ გინატრია, რომ არ ყოფილიყავი ასეთი მორცხვი და მეტად მეგობრული და ურთიერთობის მოყვარული ყოფილიყავი? როგორც ამ რუბრიკის წინა სტატიაში იყო აღნიშნული, სიმორცხვე ბევრს ახასიათებსa. სინამდვილეში სულაც არ არის ცუდი, თუ წყნარი, სერიოზული ან თავშეკავებული ხარ. მაგრამ ზედმეტი მორიდებულობა შეიძლება, მართლაც, პრობლემებს გიქმნიდეს. სულ თუ არაფერი, ეს შეიძლება ხელს გიშლიდეს სხვებთან მეგობრობაში. გარდა ამისა, სიმორცხვის გამო საზოგადოებაში შეიძლება თავს უხერხულად და შებოჭილად გრძნობდე.
ხშირად უფროსებსაც უწევთ სიმორცხვესთან ბრძოლა. ბერიb ქრისტიანულ კრებაში უხუცესად მსახურობს, მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის ჩუმად არის. ის ამბობს: „ყოველთვის მგონია, რომ ჭკვიანურს ვერაფერს ვიტყვი“. მის მეუღლეს, დაიანასაც, იგივე პრობლემა აქვს. რაში ხედავს გამოსავალს? დაიანა ამბობს: „მომწონს ურთიერთობის მოყვარულ ხალხში ყოფნა, რადგან ვხედავ, რომ მათ შეუძლიათ წარმართონ საუბარი“. რა შეგიძლია გააკეთო, რომ დასძლიო სიმორცხვე ურთიერთობისას?
დააფასე საკუთარი თავი
პირველ რიგში, შეიძლება საჭირო იყოს საკუთარ თავზე წარმოდგენის შეცვლა. გამუდმებით ხომ არ ამცირებ საკუთარ თავს იმით, რომ შთააგონებ, თითქოსდა სხვებს არ მოსწონხარ ან რომ საინტერესოს ვერაფერს იტყვი? ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეგიშლის სხვებთან ურთიერთობაში. გაიხსენე რა თქვა იესომ: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ — და არა შენი თავის ნაცვლად (მათე 19:19). ამრიგად, სასარგებლო და მართებულია, გიყვარდეს საკუთარი თავი გონივრულ საზღვრებში. ეს საკუთარ თავში დაგარწმუნებს, რაც, თავის მხრივ, სხვებთან დაახლოებაში დაგეხმარება.
თუ ღირსების გრძნობა გაკლია, დაგეხმარებოდა წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაკტიკული რჩევები“ მე-12 თავის წაკითხვა, რომლის სათაურია „რატომ არა მაქვს ღირსების გრძნობა?“c. მასში მოცემული ინფორმაცია შეიძლება დაგეხმაროს საკუთარი ღირსებების უკეთ დანახვაში. მარტო ის ფაქტი, რომ ქრისტიანი ხარ, იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი რაღაც ღირსეულს ხედავს შენში! იესომაც ხომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44).
იყავი ყურადღებიანი სხვების მიმართ
იგავნის 18:1 გვაფრთხილებს: «თავკერძა კაცი [„კაცი მნებებელი განშორებად მეგობრისაგან“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884] თავის გულისთქმას არის აყოლილი». დიახ, თუ განმარტოვდები, შეიძლება ზედმეტად გაამახვილო ყურადღება შენს თავზე. ფილიპელთა 2:4 მოგვიწოდებს: ‘თითოეულმა მარტო საკუთარ თავზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ სხვებზეც’. სხვების ინტერესებსა და საჭიროებებზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარება სიმორცხვის დაძლევაში. და, რაც უფრო მეტად იზრუნებ სხვებზე, მით უფრო გექნება სხვების გაცნობის სურვილი.
მაგალითად, გაიხსენე ლიდია, ქალი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი მეგობრულობითა და სტუმართმოყვარეობით. ბიბლია მოგვითხრობს, რომ, როდესაც მან პავლე მოციქულის სიტყვები მოისმინა და მოინათლა, პავლესა და მასთან ერთად მყოფთ სთხოვა: „თუ უფლის მორწმუნეთ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით“ (საქმეები 16:11—15). მიუხედავად იმისა, რომ ლიდია ახალი მორწმუნე იყო, მან ძმების გაცნობის ინიციატივა გამოავლინა და, უეჭველად, მრავალი კურთხევაც მიიღო. გახსოვს, სად წავიდნენ პავლე და სილა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ? დიახ, ისინი ლიდიას ესტუმრნენ (საქმეები 16:35—40).
მსგავსად ამისა, შენც დაინახავ, რომ უმეტესობა გამოეხმაურება მათდამი შენ მიერ გამოვლენილ ინტერესს. რით შეგიძლია დაიწყო? აი რამდენიმე პრაქტიკული რჩევა.
● ჯერ მცირედით დაიწყე. სულაც არ არის საჭირო, რომ ურთიერთობის მოყვარული ზედმეტად თავისუფალი ან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი იყოს. შეეცადე, ჯერ ცალკეულ ადამიანებთნ ლაპარაკი ისწავლო. შეგიძლია მიზნად დაისახო, ყოველ ქრისტიანულ შეხვედრაზე ერთს მაინც გაესაუბრო. ამ დროს გაღიმებას ნუ დაივიწყებ და მოსაუბრეს თვალს ნუ მოარიდებ.
● გაალღვე ყინული. „როგორ?“ — შეიძლება იკითხო. როდესაც ნამდვილად ხარ დაინტერესებული სხვებით, ძნელი არ არის სალაპარაკო თემის მოძებნა. ერთი ესპანელი ბიჭი, სახელად ხორხე, ამბობს: „დავინახე, რომ, უბრალოდ, იმის კითხვა, თუ როგორ არიან ან როგორ მიდის სამსახურში საქმე, მეხმარება ხალხის უკეთ გაცნობაში“. რა თქმა უნდა, ისიც არ იქნებოდა კარგი, სხვებისთვის დაკითხვა მოგეწყო. თუ სხვა პასუხს თავს არიდებს, შეეცადე შენს თავზე მოუთხრო რამე.
მერი, რომელსაც მოზარდი შვილი ჰყავს, ამბობს: „თუ გსურს, ადამიანმა შენთან თავისუფლად იგრძნოს თავი, საკუთარ თავზე მოაყოლე რამე“. ახალგაზრდა კეტრინი ამატებს: „საუბრის დაწყების კარგი საშუალებაა, მოუწონო ჩაცმულობა ან კიდევ სხვა რამ. ამით დაანახვებ, რომ სიმპათიით ხარ მისადმი განწყობილი“. იყავი გულწრფელი და მოერიდე პირფერობას (1 თესალონიკელთა 2:5). ჩვეულებრივ, უმრავლესობა ეხმაურება სასიამოვნო, გულწრფელ სიტყვებს, რომლებშიც ჩანს სიკეთე (იგავნი 16:24).
● იყავი კარგი მსმენელი. ბიბლიაში ნათქვამია: ‘ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი’ (იაკობი 1:19). ბოლოს და ბოლოს, საუბარი აზრების გაზიარებაა და არა მოხსენებით გამოსვლა. ასე რომ, სიმორცხვე შეიძლება დაგეხმაროს, კარგი მსმენელი იყო, კარგ მსმენელებს კი ხალხი აფასებს.
● შეუერთდი ჯგუფს. მას შემდეგ, რაც ცალკეულ პირებთან საუბარში დახელოვნდები, საზოგადოებაში საუბარი ისწავლე. ისევ და ისევ, ქრისტიანული შეხვედრები შესანიშნავი ადგილია საამისოდ. ზოგჯერ საუბარში ჩართვის ყველაზე ადვილი ხერხი ის არის, რომ უკვე დაწყებულ საუბარში ჩაება. რა თქმა უნდა, ამ დროს აუცილებელია შეგნებულობა და კარგი მანერები. არ ჩაერიო სხვების პირად საუბარში. მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ ჯგუფი საერთო თემაზე საუბრობს, შეეცადე შეუერთდე. ტაქტიანი იყავი, სიტყვა არ შეაწყვეტინო სხვას და მარტო შენ არ ილაპარაკო. ჯერ სხვებს მოუსმინე. როდესაც თავს თავისუფლად იგრძნობ, ორიოდე სიტყვას შენც იტყვი.
● საკუთარი თავისგან სრულყოფილებას ნუ ელი. ზოგჯერ ახალგაზრდები მეტისმეტად განიცდიან, როდესაც რამეს არასწორად ამბობენ. იტალიელი გოგონა, სახელად ელიზა, ამბობს: „ყოველთვის იმის მეშინოდა, რომ ცუდად მეთქვა რამე“. მაგრამ ბიბლია გვახსენებს, რომ ყველა არასრულყოფილი ვართ, ამიტომ შეუცდომლად საუბარი არც ერთს შეგვიძლია (რომაელთა 3:23; შეადარე იაკობი 3:2). ელიზა აღნიშნავს: „მე ვიფიქრე, ისინი ხომ ჩემი მეგობრები არიან, ამიტომ, გამიგებენ, თუ რაიმეს ისე არ ვიტყვი, როგორც საჭიროა“.
● იქონიე იუმორის გრძნობა. გასაგებია, რომ უხერხულად იგრძნობ თავს, როდესაც რამეს უადგილოდ იტყვი. მაგრამ, როგორც ფრედი ამბობს: „თუ არ დაიძაბები და გაიცინებ შენს თავზე, უხერხულობა მალე მოგეხსნება. აღელვებით, გულგატეხილობითა და ნერვიულობით კი მდგომარეობას მეტისმეტად გააზვიადებ“.
● იყავი მომთმენი. ნუ დაგავიწყდება, რომ ზოგი მაშინვე ვერ გამოგეხმაურება. საუბრისას ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმე მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ მოსწონხარ ან რომ აღარ უნდა ეცადო, ესაუბრო. ზოგჯერ სხვები ფიქრით არიან გართული ან შენსავით მორცხვები არიან. ასეთი სიტუაციებისას ცოტა მეტი დრო მიეცი ადამიანს, რომ შენთან თავი თავისუფლად იგრძნოს.
● შეეცადე უფროსებს ესაუბრო. ზოგჯერ მათ, განსაკუთრებით, თუ მოწიფული ქრისტიანები არიან, ესმით იმ ახალგაზრდების, რომლებიც თავიანთი სიმორცხვის დაძლევას ცდილობენ. ასე რომ, ნუ მოგერიდება უფროსებთან საუბარი. კეტრინი ამბობს: „უფროსებთან თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, ისინი ჩემი თანატოლების მსგავსად არ განმსჯიან, არ დამცინებენ და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაგდებენ“.
სიყვარულით აღძრული
თუმცა ეს რჩევები დამხმარეა, სიმორცხვის სწრაფად დაძლევა შეუძლებელია. ამ პრობლემას რაიმე რთული მეთოდი თუ პროცედურა ვერ გადაწყვეტს. სიმორცხვის დაძლევის გასაღები ‘საკუთარი თავივით მოყვასის სიყვარულია’ (იაკობი 2:8). დიახ, ისწავლე სხვებზე — განსაკუთრებით კი შენს ქრისტიან დებსა და ძმებზე — ზრუნვა (გალატელთა 6:10). თუ ნამდვილი სიყვარული გაქვს, გადალახავ შიშს და დაუახლოვდები სხვებს. იესომ თქვა: „გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი“ (მათე 12:34).
ბერიმ, რომლის შესახებაც ზემოთ იყო საუბარი, თქვა: „რაც უფრო მეტად ვეცნობი მათ, მით უფრო მიადვილდება მათთან საუბარი“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო ცდილობ, მეტი ურთიერთობა გქონდეს სხვებთან, მით უფრო გიადვილდება ამის კეთება. როდესაც დაინახავ, რომ ახალ მეგობრებს იძენ და სხვები უფრო გიახლოვდებიან, მიხვდები, რომ ფუჭი არ იყო შენი მცდელობა!
[სქოლიოები]
a იხილე სტატია „ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ არ შემიძლია უფრო თავისუფლად ურთიერთობა?“ (1999 წლის 8 ნოემბრის ნომერში).
b ზოგი სახელი შეცვლილია.
c გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 13 გვერდზე]
გამოავლინე ინიციატივა და ჩაები საუბარში!