წითელ პლანეტას კვლავ ესტუმრნენ
ორი „გამომძიებელი“ გაიგზავნა მზის სისტემაში ჩვენს უახლოეს მეზობელ პლანეტა მარსზე დასაკვირვებლად. მათი გაგზავნის მიზანი იყო ის, რომ წითელი პლანეტის გეოლოგიურ წარსულსა და ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ ბევრ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცემოდა.
უხსოვარი დროიდან მოყოლებული მარსი ყოველთვის ცნობისწადილს აღვიძებდა ადამიანებში. ჩვენი წინაპრები ხვდებოდნენ, რომ რაღაცით უჩვეულო იყო ეს კაშკაშა, სისხლისფერი ციური სხეული, რომელიც სხვა ვარსკვლავებთან შედარებით უფრო სწრაფად მოძრაობდა ღამეულ ცარგვალზე. ძველმა ბაბილონელებმა, ბერძნებმა და რომაელებმა მას სისხლისფერის გამო თავიანთი ომებისა და სიკვდილის ღვთაებათა სახელები დაარქვეს, რადგან არ იცოდნენ, რომ ასეთი შეფერილობა გამოწვეულია რკინის ჟანგეულის შემცველი მტვრით, რომლითაც მისი ზედაპირია დაფარული.
ბოლო დროს კი, როდესაც ასტრონომებმა უფრო მძლავრი ტელესკოპებით დაიწყეს მზის სისტემის გამოკვლევა, მათთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენს წითელ მეზობელს ჰქონია წელიწადის დროები, ყინულოვანი პოლუსები და სხვა, დედამიწისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. XX საუკუნეში საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მარსის თავდაპირველი გამოკვლევები დაიწყეს მთელი რიგი კოსმოსური ზონდების, ანუ კოსმოსური აპარატების, მათ შორის ორბიტული და დასაჯდომად განკუთვნილი ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების გამოყენებით. შემდეგ კი დაიწყო „პასფაინდერის“ მისია, რომელმაც მილიონობით ტელემაყურებლის ყურადღება მიიპყრო 1997 წლის ივლისშიa.
ამჟამად, წითელ პლანეტაზე მონაცემებს აგროვებს ორბიტული თანამგზავრი „მარს გლობალ სერვეიორი“. თუმცა ამ კოსმოსური გამოკვლევებით მრავალი ძვირფასი ინფორმაცია იქნა მოპოვებული, მარსთან დაკავშირებული უმთავრესი კითხვები მაინც უპასუხოდ რჩება.
სად გაქრა წყალი?
ამ კითხვებს საერთო თემად გასდევს წყალი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ შორეულ წარსულში მარსი აბსოლუტურად არ იყო ისეთი, როგორიც დღეს არის. მათი აზრით, მას ახასიათებდა უფრო თბილი, ნოტიო კლიმატი და წყალუხვი მდინარეებით ყოფილა დაქსელილი. მაგრამ წყალი როგორღაც გაუჩინარდა და მარსი იქცა უდაბურ, მტვრიან, ქარების სათარეშო პლანეტად, რომელთან შედარებით დედამიწის უდაბნოები წალკოტს წააგავს. სად გაქრა წყალი? სად და რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს წყალი მარსზე? რა გავლენას ახდენს წყალი პლანეტის ამინდსა და კლიმატზე?
„ეს ამბავი დეტექტივს წააგავს, — ამბობს ნორმან ჰეინესი, მარსის შემსწავლელი ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ნასა-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში (პასადენა, კალიფორნია), — დიდი მიღწევა იქნება მარსზე წყლის გაქრობის მიზეზის გარკვევა“. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე მეტნაკლებად გაარკვევენ სიმართლეს. დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მარსისა და დედამიწის პირისპირდგომისას, მკვლევარები რობოტ-აპარატების გაშვებას გეგმავენ, რათა თანდათანობით ახსნან მარსის საიდუმლო.
ამ მიზნისთვის განკუთვნილი ბოლო ასეთი „გამომძიებლები“ გაიგზავნა პოლუსის მიდამოებში ამინდზე დასაკვირვებლად და პლანეტის ქიმიური შედგენილობის გამოსარკვევად, რაც მეცნიერებს მარსის ზედაპირულ შრეებში უკეთესად გარკვევის შესაძლებლობას მისცემს. ამ „გამომძიებლებს“ უწოდეს „მარს კლაიმიტ ორბიტერი“ და „მარს პოლარ ლენდერი“.
მარსისაკენ
„მარს კლაიმიტ ორბიტერი“ 1998 წლის 11 დეკემბერს გაუშვეს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან (კანავერალის კონცხი, ფლორიდა), რითაც მარსის მიმართულებით ცხრათვიანი მოგზაურობა დაიწყო. მის დამპროექტებლებს განზრახული ჰქონდათ ამ აპარატის მარსის ორბიტაზე 400 კილომეტრის სიმაღლეზე გაყვანა, საიდანაც ის პლანეტის ატმოსფეროზე, ზედაპირსა და პოლარულ ქუდებზე მოახდენდა დაკვირვებას. დაკვირვება უნდა გაგრძელებულიყო მარსის სრული წელიწადის განმავლობაში, რაც დედამიწისთვის 687 დღეს შეადგენს.
23 სექტემბერს — როდესაც გეგმის თანახმად „მარს კლაიმიტ ორბიტერს“ მარსზე დაკვირვება უნდა დაეწყო — ნასა-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თანამგზავრთან კავშირი დაკარგეს. „ჩვენი აზრით, მარსის ორბიტაზე გასვლისას კოსმოსურმა აპარატმა უფრო დაბალ სიმაღლეზე დაიწყო ფრენა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით, — თქვა რიჩარდ კუკმა, პროექტის ხელმძღვანელმა, — ეს თავისთავად მისიის შეუსრულებლობას ნიშნავს“. თანამგზავრს პლანეტის ზედაპირზე მიმდინარე სეზონურ ცვლილებებზე უნდა მოეხდინა დაკვირვება და პლანეტის კლიმატის ადრინდელი ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მკვლევარებისთვის.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ისინი დიდ იმედებს ამყარებენ მეორე კოსმოსურ აპარატზე — „მარს პოლარ ლენდერზე“ — რომელიც მარსის მიმართულებით მიფრინავს. ის 1999 წლის 3 იანვარს გაუშვეს და გეგმის თანახმად ამავე წლის დეკემბრის დასაწყისში მარსზე იქნება. მაგრამ სად უნდა დაეშვას თავისი მისიის მაქსიმალური ეფექტურობით შესასრულებლად?
სად ჯობია დაშვება?
ალბათ, გახსოვთ, რომ წყლის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია მარსზე დაკვირვებისას. მაშ სად არის პლანეტაზე იდეალური ადგილი ამ კუთხით გამოკვლევის ჩასატარებლად? დედამიწაზე ამინდის, კლიმატისა და წყლის ცირკულაციის შესწავლა სხვადასხვა ადგილზე ათასობით ფართო პროფილის ხელსაწყოთი ჩატარებული ცალკეული გამოკვლევების შედეგების ურთიერთშედარებით ხდება. სხვა პლანეტების გამოკვლევას კი გაცილებით სპეციფიკური სამუშაოების შესრულება ესაჭიროება. რადგან მეცნიერებს იშვიათად ეძლევათ მარსის შესწავლის შესაძლებლობა თავად პლანეტის ზედაპირზე, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, როდესაც ღებულობენ გადაწყვეტილებას, თუ პლანეტის რომელ უბანზე გაგზავნონ და რა ხელსაწყოებით აღჭურვონ კოსმოსური აპარატი.
მარსის კლიმატის შესასწავლად პოლარული რეგიონები იდეალური ადგილმდებარეობაა — და ძალიან განსხვავდება „ნიაღვრით“ წარმოქმნილი ქვა-ღორღიანი ტერიტორიებისგან, სადაც ორი წლის წინათ „პასფაინდერი“ დაჯდა. სწორედ პოლარულ რეგიონებში შეიმჩნევა ყველაზე მკვეთრად სეზონური ცვლილებები. არსებობს აზრი, რომ სეზონური მტვრის ქარიშხლების შემდეგ პოლუსის რეგიონებში რჩება მტვრის თხელი ფენა. დაზამთრებისას ნახშირორჟანგისა და ყინულის ფენის ქვეშ მტვერი იყინება. დროთა განმავლობაში მრავალი ფენა დაგროვდა. «ამ ფენებშია „ჩაწერილი“ [მარსის] კლიმატის ისტორია», — ამბობს არიზონის უნივერსიტეტის თანამშრომელი რალფ ლორენცი. სპეციალისტებს სჯერათ, რომ ამ ახალი ტერიტორიის შესწავლა მარსის კვლევაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რატომ? რას გააკეთებს ავტომატური სადგური მარსზე დაშვების შემდეგ?
პლანეტის წიაღში
ერთი მეტრი სიმაღლის ავტომატური სადგური ობობას წააგავს: სამი ფეხი და ორმეტრიანი, ნიჩბით დაბოლოებული „მექანიკური ხელი“ აქვს. მისი მისია მარსის ზედაპირთან შეხებამდე დაიწყება. წითელი პლანეტის ატმოსფეროში შესვლამდე ავტომატურ სადგურს დაახლოებით კალათბურთის ბურთის ზომის ორი კონტეინერი მოსცილდება.
კონტეინერები თავისუფალი ვარდნის შემდეგ პლანეტის ზედაპირს 700 კილომეტრი საათში სიჩქარით შეეჯახებიან. ეს ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ მარსის ზედაპირთან შეჯახებისას კონტეინერები დაიშლებიან და ორ პატარა ზონდს გაათავისუფლებენ, რომლებიც ერთი მეტრის სიღრმეზე შეიჭრებიან გრუნტში. ეს ზონდები გამოუშვებენ წვრილ ბურღებს და მარსის ნიადაგის ქიმიური შედგენილობის შემოწმებას დაიწყებენ. უპირველესი მიზანია, წყალს მიაკვლიონ, რომელიც შეიძლება შეუმჩნევლად იყოს გაყინული მიწისქვეშ.
მას შემდეგ, რაც ზონდებიანი კონტეინერები ზედაპირს მიაღწევენ, ავტომატური სადგური პარაშუტით მალევე დაეშვება მარსზე. კამერებითა და მგრძნობიარე ხელსაწყოებით აღჭურვილი სადგური შეისწავლის მარსის ლანდშაფტსა და ამინდს, აგრეთვე გადაიღებს ფოტოსურათებს პლანეტაზე დაშვებამდე და დაშვების შემდეგ. დამონტაჟებული მიკროფონით პირველად მოხდება მარსის ქარის ხმაურის ჩაწერა. გეგმის თანახმად სადგური ზედაპირზე დაშვებიდან 90 დღე იმუშავებს.
კვლევა-ძიების მიზანი
რა თქმა უნდა მეცნიერებს წლები დასჭირდებათ ამ კოსმოსური მისიის დროს შეგროვილი მონაცემების შესწავლა-გაანალიზებისთვის — იმ მისიისა, რომელიც მარსის კვლევა-ძიების მიზნით გაწეული 16-წლიანი ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს. ნასას გარდა ამ გამოკვლევაში ჩაბმული არიან ევროპის, იაპონიისა და რუსეთის კოსმოსური ცენტრებიც. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სამომავლო კოსმოსური მისიების მეშვეობით დედამიწის ლაბორატორიებში მოიტანენ მარსის ნიადაგის სინჯებს. ეს შესაძლოა დაეხმაროს მათ, საბოლოოდ გაარკვიონ კლიმატის შეცვლის მიზეზი ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზე, მარსზე.
[სქოლიო]
a იხილეთ სტატია „რობოტი მარსზე“ ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ (8 ივლისი, 1998)
[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]
მარსიდან წარმოიშვა სიცოცხლე?
მეტეორიტი ALH84001 — რომელიც, როგორც ფიქრობენ, მარსიდან ჩამოვარდა დედამიწაზე — 1984 წელს იქნა ნაპოვნი ანტარქტიდაში. 1996 წლის აგვისტოში ნასა-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრისა და სტანფორდის უნივერსიტეტის რამდენიმე სწავლულმა განაცხადა, რომ კარტოფილის ზომის ქვა იძლევა მტკიცების საფუძველს, (მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ასაბუთებს) რომ მარსზე არსებობს სიცოცხლე; ქვა შედგება ორგანული ნაერთების, მინერალური დანალექებისა და მიკრობთა ნაშთებისგან. აქედან გამომდინარე ივარაუდეს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მარსიდან უნდა წარმოშობილიყო.
მაგრამ დღეს თითქმის ყველა სხვა მეცნიერი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ეს მეტეორიტი ვერ იქნება მყარი არგუმენტი იმისა, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე მარსიდან წარმოიშვა. „ვფიქრობ, საკმაოდ არადამაჯერებელია მათ მიერ ბიოლოგიური ორგანიზმების ნაშთების აღმოჩენა“, — თქვა ლოს-ანჯელესში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელმა უილიამ შოპფმა. მსგავსი აზრი გამოთქვა რალფ ჰარვიმ, ერთ-ერთი აღიარებული უნივერსიტეტის თანამშრომელმა: „მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ჩვენგანისთვის მარსზე სიცოცხლის არსებობა მიმზიდველი იდეაა, ALH[84001] ამის დასასაბუთებლად მოწოდებული ინფორმაცია მეტისმეტად მწირია“ (Case Western Reserve University)b.
[სქოლიო]
b დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებულ დამაჯერებელ არგუმენტაციასთან გასაცნობად იხილე 3—5 თავები საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული წიგნიდან „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“
[ჩარჩო⁄სურათები 16, 17 გვერდებზე]
მარსის შესწავლის ორმოცი წელი
◼ საბჭოთა კავშირმა 1960 წელს მარსის მიმართულებით პირველი საპლანეტათშორისო კოსმოსური სადგურები გაგზავნა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს თავიანთ ორბიტას.
◼ შეერთებული შტატების „მარინერ-4“-მა 1965 წლის 14 ივლისს მარსს ახლოს ჩაუარა და მისი ფოტოსურათები და სხვადასხვა გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემები დედამიწაზე გადმოსცა.
◼ საბჭოთა საპლანეტათშორისო სადგურმა „მარს 3-მა“ 1971 წელს მარსზე ჩაუშვა კაფსულა, რომელიც მის ზედაპირზე რბილად დაეშვა. იმავე წელს შეერთებული შტატების საპლანეტათშორისო სადგურმა „მარინერ-9“-მ მარსამდე მიაღწია და პლანეტის ზედაპირის უმეტესი ნაწილი გადაიღო. გარდა ამისა „მარინერ-9“-მ პლანეტის ორი პატარა მთვარე, ფობოსი და დეიმოსი დააფიქსირა.
◼ შეერთებული შტატების ორი საპლანეტათშორისო სადგური „ვიკინგ-1“ და „ვიკინგ-2“ მარსზე 1976 წელს დაეშვა. სადგურები წლების განმავლობაში რთულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ.
◼ საბჭოთა მეცნიერებმა 1988 წელს მარსის მიმართულებით ორი კოსმოსური ხომალდი გაუშვეს, „ფობოს-1“ და „ფობოს-2“. „ფობოს-1“-მა გზაში განიცადა მარცხი, მაგრამ „ფობოს-2“-მა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და რამდენიმე დღის განმავლობაში თავის აღმოჩენებს გადმოსცემდა.
◼ შეერთებულმა შტატებმა 1992 წელს მარსზე საპლანეტათშორისო სადგური „მარს ობზერვერი“ გაგზავნა, მაგრამ დაკისრებული მისიის შესრულება მან ვერ შეძლო.
◼ კოსმოსური აპარატი „პასფაინდერი“, რომლის ბორტზეც მოთავსებული იყო მარსმავალი „სოჯორნერი“, მარსზე 1997 წლის 4 ივლისს დაეშვა. წითელი პლანეტის ზედაპირის ამსახველი უნიკალური ფერადი სურათები დედამიწაზე იქნა გადმოცემული.
[სურათები]
„მარინერ-4“.
„ვიკინგის“ სერიის ერთ-ერთი დასაშვები აპარატი.
„ფობოს-2“.
[სურათი 15 გვერდზე]
„მარს კლაიმიტ ორბიტერი“.
[სურათი 15 გვერდზე]
„მარს პოლარ ლენდერი“.
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
პასფაინდერის“ მიერ გადაღებული მარსის ლანდშაფტის პანორამა.
[სურათის საავტორო უფლებები 14 გვერდზე]
Page 15: Meteorite: NASA photo; background: NASA/U.S. Geological Survey; orbiter and lander: NASA/JPL/Caltech
Pages 16 and 17: Landscape, Mariner 4, Viking lander: NASA/JPL/Caltech; planet: NASA photo; Phobos 2: NASA/National Space Science Data Center