იურისტი იკვლევს იეჰოვას მოწმეების რელიგიას
„ძალიან ცოტა რამ ვიცოდი იეჰოვას მოწმეების შესახებ“, — ამბობს იურისტი ლეს სივენი, რომელიც ერთ-ერთი იურიდიული ფირმის დირექტორია სამხრეთ აფრიკაში. რატომ გადაწყვიტა მან იეჰოვას მოწმეების რელიგიის უკეთ გაცნობა? რა დასკვნა გააკეთა ლეს სივენმა მოწმეების მრწამსზე დაკვირვებით? აი, როგორ უპასუხა მან „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვებს.
რომელი რელიგიის მიმდევარი იყავით?
წარმოშობით ებრაელი ვარ. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დავქორწინდი ქეროლზე, რომელიც ანგლიკანი იყო. მას არ აინტერესებდა რელიგია. იმ დროს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით რელიგიას. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენი ვაჟი, ენდრიუ რვა წლის გახდა, ქეროლს სურვილი გაუჩნდა, რომ ბავშვი მორწმუნე გამხდარიყო. ერთმა რაბინმა გვითხრა, რომ თუ ქეროლი იუდაიზმზე მოექცეოდა, ენდრიუ ავტომატურად გახდებოდა იუდაიზმის მიმდევარი და 13 წლის ასაკში, სპეციალური მსახურების „ბარ-მიცვას“ აღნიშვნის შემდეგ, სრულწლოვნად აღიარებდნენ. ამიტომ, ჩვენ ახალმოქცეულებმა ყოველკვირა დავიწყეთ სინაგოგის სკოლაში სიარული.
როგორ გაიცანით იეჰოვას მოწმეები?
როდესაც მოწმეები ჩვენს კარზე აკაკუნებდნენ, ყოველთვის ვაწყვეტინებდი საუბარს და ვეუბნებოდი: „მე ებრაელი ვარ და ახალი აღთქმის არ მწამს“. მოგვიანებით ქეროლმა მითხრა, რომ მისი ერთი მეგობარი იეჰოვას მოწმე იყო და ძალიან კარგად იცოდა ბიბლია. ქეროლმა მთხოვა, ცოტათი მაინც გავრკვეულიყავით ბიბლიაში. დიდად არ მინდოდა, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე.
როგორ იმოქმედა თქვენზე ბიბლიის შესწავლამ?
მოწმეების მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. სწორედ მაშინ ამომიტივტივდა გონებაში, რომ რჩეული ერის შვილი ვიყავი და სიამაყით გავიხსენე ჩემი წინაპრების რელიგია. ჩემთვის გავიფიქრე: „რა უნდა მასწავლოს ამ ხალხმა?“. მოწმეს, რომელიც პირველად მოვიდა ჩვენს სახლში, ვუთხარი: „მე დავიბადე ებრაელად და მოკვდები ებრაელად. რა უნდა მითხრათ ისეთი, რომ აზრი შევიცვალო!“ ის პატივისცემით მოეკიდა ჩემს თვალსაზრისს. პარასკევ და ორშაბათ საღამოს ჩვენ დავდიოდით სინაგოგის სკოლაში, ხოლო კვირა დილით (თუ თავს ვერ დავიძვრენდი) მოწმეებთან ვსწავლობდით ბიბლიას. სინაგოგის სკოლისგან განსხვავებით, მოწმეები უფასოდ გვიტარებდნენ შესწავლას.
მოწმეებთან შესწავლის დროს ჩემს ებრაულ ბიბლიას ვიყენებდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი ისეთი თარგმანით სარგებლობდნენ, რომლებიც მათ სწავლებებს ერგებოდა. გავოცდი, როცა დავინახე, რომ ჩემი და მათი ბიბლია ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. ამის შემდეგ უფრო მეტად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მოწმეებისთვის დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე.
სინაგოგის სკოლაში რამდენჯერმე მისვლის შემდეგ ქეროლმა მითხრა, რომ რაბინებმა ბიბლია კარგად არ იცოდნენ. მან გადაწყვიტა, აღარ ევლო სინაგოგის სკოლაში, რადგან არ ეთანხმებოდა მათ იმაში, რომ იესო არ იყო ქრისტე ანუ ცხებული. იმდენად გამიტყდა გული, რომ ვიფიქრე, წერტილი დამესვა ჩვენი ქორწინებისთვის. როცა დავმშვიდდი, სხვა გამოსავალი ვიპოვე — გადავწყვიტე, კანონის ძალით დამემტკიცებინა ჩემი მეუღლისთვის, რომ იეჰოვას მოწმეები „ფანატიკოსების სექტას“ წარმოადგენდნენ და სიცრუეს ქადაგებდნენ.
რას მიაღწიეთ?
ერთმა რაბინმა მომცა წიგნი, რომლის თანახმადაც მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები იესოზე არ შესრულებულა. 18 თვე მე და ქეროლი ამ წიგნს ერთად ვსწავლობდით და ყოველკვირა იეჰოვას მოწმეებთანაც ვაგრძელებდით შესწავლას. რაბინების წიგნიდან თითოეული წინასწარმეტყველების განხილვის შემდეგ ნელ-ნელა ძირი ეთხრებოდა ჩემს რწმენას. რაბინების წიგნში მოყვანილი არგუმენტების საპირისპიროდ, მესიის შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები მხოლოდ ერთ ადამიანს — იესო ქრისტეს — ეხება. საბოლოოდ მაშინ გამინათდა გონება, როცა დანიელის 9:24—27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გავარჩიეთ. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ახ. წ.a 29 წელს უნდა გამოჩენილიყო. ერთმა მოწმემ მოგვცა „ებრაული წერილების სტრიქონობრივი თარგმანი“, რომელსაც იქვე დართული ჰქონდა სიტყვასიტყვითი თარგმანი ინგლისურ ენაზე. ყველა სიტყვა შევამოწმე და პირადად გამოვთვალე ქრონოლოგიური თანმიმდევრობის სიზუსტე. ამის შემდეგ ვკითხე მოწმეს: „ამ წინასწარმეტყველების გამოკვლევას ახ. წ. 29 წლამდე მივყავართ. რა კავშირი აქვს ამას იესოსთან?“
„ამ წელს მოინათლა იესო“, — მიპასუხა მოწმემ.
ენა ჩამივარდა! გაოცება ვერ დავმალე იმის გამო, თუ როგორი ზუსტი და ურთიერთშეთანხმებულია ბიბლიური წინასწარმეტყველებები.
რა რეაქცია ჰქონდათ მეგობრებს თქვენს ახალშეძენილ რწმენაზე?
ზოგი სერიოზულად შეშფოთდა. ისინი დაგვპირდნენ, რომ გაგვაცნობდნენ ისეთ ხალხს, რომლებიც დაგვარწმუნებდნენ, რომ მოწმეებმა თავიანთ რელიგიაში ჩაგვითრიეს. მაგრამ ჩვენთვის საკუთარი აზრი თავზე არავის მოუხვევია. ჩვენ ბრმად კი არ მიგვიღია რწმენა, არამედ ღრმა კვლევისა და ლოგიკური მსჯელობის შედეგად თავად მივედით სწორ დასკვნამდე.
რატომ გახდით იეჰოვას მოწმე?
თავდაპირველად სამეფო დარბაზში რამდენიმე შეხვედრას ვესწრებოდი ცოლთან ერთად, რომელიც უკვე იყო იეჰოვას მოწმე.b გულგრილი არ დამტოვა მოწმეებს შორის მეგობრულმა და თბილმა დამოკიდებულებამ; სხვადასხვა ეროვნების მიუხედავად, მათ უყვართ ერთმანეთი. ჩემი რელიგიის წევრებს შორის ასეთი რამ არ მინახავს. მოწმეებთან სამი წელი ვსწავლობდი ბიბლიას, რის შემდეგაც მოვინათლე.
ხომ არ ნანობთ, რომ იეჰოვას მოწმე გახდით?
ჩემთვის დიდი პატივია, ვიწოდებოდე იეჰოვას მოწმედ! როცა ვიხსენებ, რა სკეპტიკურად ვუყურებდი ჭეშმარიტებას, ვფიქრობ, რომ იეჰოვასგან დაუმსახურებლად მივიღე ამხელა სულიერი სიმდიდრე. არასდროს ვინანებ იმას, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთე!
რა კურთხევები მიიღეთ?
რომელი ერთი ჩამოვთვალო! განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთს — დღეს უხუცესად, სულიერ მწყემსად, ვმსახურობ კრებაში. აგრეთვე მაქვს პატივი, დავეხმარო იეჰოვას მოწმეების სამხრეთ აფრიკის ფილიალის იურიდიულ განყოფილებას. მაგრამ ყველაზე დიდი კურთხევა ის არის, რომ ვიცნობ იეჰოვასა და მის ძეს. დღეს კარგად მაქვს გააზრებული, რომ ამ ბოლო დღეებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები მალე კულმინაციას მიაღწევს მთელ მსოფლიოში.
[სქოლიოები]
a ახ. წ. ნიშნავს „ახალ წელთაღრიცხვას“. მესიის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველება განიხილება წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდი 197.
b ქეროლი დაიღუპა 1994 წელს. ლეს სივენი ხელმეორედ დაქორწინდა.
[ჩანართი 11 გვერდზე]
გაოცება ვერ დავმალე იმის გამო, თუ როგორი ზუსტი და ურთიერთშეთანხმებულია ბიბლიური წინასწარმეტყველებები