საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 2/11 გვ. 10-12
  • ახალგაზრდების შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ახალგაზრდების შეკითხვები
  • გამოიღვიძეთ! — 2011
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ ამბობენ მშობლები უარს
  • რა უნდა გააკეთო, რომ მშობლები დაითანხმო
  • რატომ არ მაძლევენ მშობლები გართობის უფლებას?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • რატომ არ მაძლევენ არასოდეს მშობლები გართობის უფლებას?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • როდემდე უნდა მიდგენდნენ წესებს?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?
    გამოიღვიძეთ! — 2009
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2011
g 2/11 გვ. 10-12

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არ მაძლევენ მშობლები გართობის უფლებას?

ელისონისთვის,a ავსტრალიელი თინეიჯერისთვის, ყოველი ორშაბათი სკოლაში სტრესით იწყება.

„ყველა იმაზე ლაპარაკობს, როგორ გაატარეს შაბათ-კვირა, — ამბობს ის. — ისინი მაგარ ამბებს ყვებიან, მაგალითად რამდენ წვეულებაზე იყვნენ, რამდენ ბიჭს აკოცეს და როგორ გაექცნენ პოლიციას . . . თითქოს საშიშია, მაგრამ გასახსენებლად სახალისოა. სახლში დილის ხუთ საათზე ბრუნდებიან და მშობლები არაფერს ეუბნებიან. მე კი მაშინ ვწვები, როცა ისინი გართობას იწყებენ.

თავიანთი თავგადასავლების მოყოლას რომ მორჩებიან, მერე მე მეკითხებიან, შაბათ-კვირა როგორ გავატარე. მე კი რა მაქვს მოსაყოლი?! დავესწარი ქრისტიანულ შეხვედრებს და ვიქადაგე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემთვის გართობა არ არსებობს. როცა ვეუბნები, რომ არაფერი გამიკეთებია, მეკითხებიან, ჩვენთან ერთად რატომ არ წამოხვედიო.

ორშაბათი რომ ჩაივლის, გგონია, რომ ყველაფერმა გადაიარა. მაგრამ სამშაბათს ყველა მომავალ შაბათ-კვირის გეგმებზე იწყებს ლაპარაკს. მე კი ვზივარ და ვუსმენ. თავს გარიყულად ვგრძნობ“.

ორშაბათობით სკოლაში შენც მსგავს სიტუაციაში ხომ არ ხვდები? შესაძლოა ფიქრობ, რომ იმ „კარების“ მიღმა, რომელიც შენმა მშობლებმა მაგრად ჩარაზეს, ათასგვარი გასართობია. თითქოს გასართობ პარკში ხარ, მაგრამ ატრაქციონზე დაჯდომის უფლებას არ გაძლევენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გინდა გააკეთო, რასაც შენი თანატოლები აკეთებენ. უბრალოდ გინდა, ზოგჯერ მაინც გაერთო. მაგალითად, ყველაზე მეტად რის გაკეთებას ისურვებდი მომავალ შაბათ-კვირას?

◯ ცეკვა

◯ კონცერტი

◯ კინო

◯ წვეულება

◯ სხვა ․․․․․

დასვენება ყველას გვჭირდება (ეკლესიასტე 3:1, 4). ჩვენს შემოქმედს უნდა, რომ გაიხარო ახალგაზრდული წლებით (ეკლესიასტე 11:9). შენს მშობლებსაც უნდათ, რომ გაერთო, თუმცა შეიძლება ზოგჯერ ეჭვი გეპარება ამაში. მაგრამ ამავე დროს შენს მშობლებს შესაძლოა ორი რამ აფიქრებთ: 1) რით გაერთობი და 2) ვისთან ერთად.

რას იზამ, თუ მეგობრები სადმე დაგპატიჟებენ, შენ კი დარწმუნებული არა ხარ, რას გეტყვიან მშობლები? ბიბლია მოგიწოდებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდე და აწონ-დაწონო, რა არის კარგი და რა ცუდი და გაითვალისწინო შედეგები (კანონი 32:29; იგავები 7:6—23). როცა მეგობრები სადმე გეპატიჟებიან, არჩევნის რა ვარიანტები გაქვს?

ვარიანტი I: მშობლების დაუკითხავად წავალ

რატომ შეიძლება იფიქრო ასე: გინდა შთაბეჭდილება მოახდინო შენს მეგობრებზე და აჩვენო, რომ დამოუკიდებელი ხარ. გგონია, რომ შენ ყველაფერი უკეთ იცი, ვიდრე შენმა მშობლებმა, ან არ აფასებ მათ აზრს (იგავები 15:5).

შედეგები: შენი მეგობრები გაიგებენ, რომ მატყუარა ხარ. თუ მშობლებს ატყუებ, მეგობრებსაც ადვილად მოატყუებ. როცა მშობლები გაიგებენ, რომ მათ დაუკითხავად წახვედი, თავს მოტყუებულად იგრძნობენ და გული ეტკინებათ, შენ კი დასჯა არ აგცდება. მშობლების დაუმორჩილებლობა და მათ უკითხავად სადმე წასვლა არაგონივრული არჩევანია (იგავები 12:15).

ვარიანტი II: არც მშობლებს ვკითხავ და არც წავალ

რატომ შეიძლება იფიქრო ასე: ფიქრობ, რომ სიტუაცია იქ, სადაც შენ დაგპატიჟეს, შენთვის მისაღები არ იქნება და არც კომპანია იქნება შენთვის სასიამოვნო (1 კორინთელები 15:33; ფილიპელები 4:8). ან შეიძლება გინდა წასვლა, მაგრამ გამბედაობა არ გყოფნის, მშობლებს დაელაპარაკო.

შედეგები: თუკი გესმის, რომ ეს არასწორია და იმიტომ არ მიდიხარ, უფრო დამაჯერებლად შეძლებ შენი მეგობრებისთვის უარის თქმას. მაგრამ, თუ იმიტომ არ მიდიხარ, რომ გეშინია მშობლებს სთხოვო ნებართვა, მოგიწევს სახლში ჯდომა და იმაზე ფიქრი, რომ შენ გარდა ყველა ერთობა.

ვარიანტი III: ვკითხავ მშობლებს და დაველოდები პასუხს

რატომ შეიძლება იფიქრო ასე: შენ აღიარებ მშობლების უფლებებს და პატივს სცემ მათ აზრს (კოლოსელები 3:20). გიყვარს შენი მშობლები, არ გინდა გული ატკინო და მათ ზურგს უკან რამე აკეთო (იგავები 10:1). გარდა ამისა, გაქვს უფლება, შენი სათქმელი თქვა.

შედეგები: მშობლები იგრძნობენ, რომ გიყვარს და პატივს სცემ მათ. თუ ისინი შენს თხოვნას გონივრულად ჩათვლიან, წასვლის უფლებას მოგცემენ.

რატომ ამბობენ მშობლები უარს

რას იზამ, თუ მშობლები უარს გეუბნებიან? შეიძლება ამის გამო გაბრაზდე კიდეც, მაგრამ თუ შეეცდები გაუგო მათ, შეზღუდვები ნაკლებად გაგაღიზიანებს. მაგალითად, მათ შეიძლება უარი ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე მიზეზის გამო გითხრან.

მეტი ცოდნა და გამოცდილება. შენი ნება რომ იყოს, ალბათ იმ პლაჟზე იბანავებდი, რომელსაც მაშველები აკონტროლებენ. როცა წყალში ერთობი, ყურადღებას ადუნებ და საფრთხეს ვერ ხედავ. მაგრამ მაშველი თავისი სათვალთვალო პუნქტიდან უკეთესად ხედავს საფრთხეს.

მსგავსადვე, შენს მშობლებს მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, ამიტომ ისინი უკეთესად ხედავენ იმ საფრთხეს, რომელსაც შენ ვერ ხედავ. მაშველების მსგავსად შენი მშობლების მიზანი ის კი არ არის, რომ სიამოვნება ჩაგიშხამონ, არამედ დაგიცვან შეცდომის დაშვებისგან, რომელიც შეიძლება ძვირად დაგიჯდეს.

სიყვარული. შენს მშობლებს ძალიან სურთ შენი დაცვა. სწორედ სიყვარულის გამოა, რომ ისინი ზოგჯერ რაღაცის ნებას გრთავენ, ზოგჯერ კი — არა. როცა მათ რაიმეს სთხოვ, ისინი საკუთარ თავს ეკითხებიან, შეუძლიათ თუ არა ამის უფლება მოგცენ და შედეგებზე პასუხი აგონ. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემენ წასვლის უფლებას, როცა დარწმუნდებიან, რომ საფრთხე არ გემუქრება.

მწირი ინფორმაცია. მოსიყვარულე მშობლები ყოველთვის ფრთხილობენ. როცა ბოლომდე არ ესმით, რა გინდა, ან გრძნობენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს უმალავ, მეტია იმის ალბათობა, რომ არ მოგცენ სადმე წასვლის უფლება.

რა უნდა გააკეთო, რომ მშობლები დაითანხმო

უნდა გაითვალისწინო ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

პატიოსნება: პირველ რიგში იყავი პატიოსანი საკუთარ თავთან. დაფიქრდი: სინამდვილეში რატომ გინდა წასვლა, იმიტომ, რომ გსიამოვნებს ასეთი სახის გართობა, თუ იმიტომ, რომ არ გინდა თანატოლებისგან განსხვავებული იყო? ან იქნებ იმიტომ გინდა წასვლა, რომ იქ შევხვდები მას, ვინც მოგწონს? ამასთანავე იყავი გულწრფელი მშობლებთან. ერთ დროს ისინიც იყვნენ ახალგაზრდები და შენც კარგად გიცნობენ. ასე რომ, ისინი როგორღაც მაინც მიხვდებიან შენს ნამდვილ მოტივებს. ისინი დააფასებენ შენს გულწრფელობას, შენ კი ბევრ რამეს ისწავლი მათი გამოცდილებიდან (იგავები 7:1, 2). მეორე მხრივ, როცა პატიოსნად არ იქცევი, კარგავ მშობლების ნდობას და იმის შანსს, რომ მათგან თანხმობა მიიღო.

შესაფერისი დრო: თავს ნუ მოაბეზრებ მშობლებს თხოვნით მაშინ, როცა ისინი სამუშაოდან ახლი მოსულები არიან, ან რაიმე საქმით არიან დაკავებულნი. საუბრისთვის ისეთი დრო შეარჩიე, როცა ისინი დაკავებული არ იქნებიან. მათთან საუბარს ბოლო წუთამდე ნუ გადადებ და პასუხის გაცემას სწრაფად ნუ მოსთხოვ. შენს მშობლებს არ მოეწონებათ, თუ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად მიაღებინებ. ისინი დააფასებენ, თუ თხოვნით დროულად მიმართავ.

შინაარსი: ყველაფერი დეტალურად აუხსენი მშობლებს და ნუ დაუმალავ იმას, რის გაკეთებასაც აპირებ. როცა მშობლები გეკითხებიან: „ვინ იქნება შენთან ერთად?“, „უფროსები იქნებიან თუ არა?“ და „რამდენი ხანი გაგრძელდება?“, ნამდვილად არ ესიამოვნებათ, თუ უპასუხებ „არ ვიცი“.

განწყობა: მშობლებს მტრებად ნუ ჩათვლი. ისინი შენი გუნდის წევრებად აღიქვი, რადგან სინამდვილეში თქვენ ერთი გუნდი ხართ. თუ მშობლებს მოკავშირეებად ჩათვლი, მათ ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევ და ისინიც უფრო მეტად გაგიგებენ. თუ უარს გეტყვიან, პატივისცემით სთხოვე აგიხსნან მიზეზი. მაგალითად, თუ კონცერტზე წასვლაზე უარს გეუბნებიან, ეცადე გაარკვიო ამის მიზეზი. შეიძლება მათ მომღერალი არ მოსწონთ, ან ადგილი, სადაც კონცერტი გაიმართება. შეიძლება მათ შენი კომპანია არ მოსწონთ, ან ბილეთის ფასი ეძვირებათ. მოერიდე ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „თქვენ მე არ მენდობით“, „ჩემ გარდა ყველა მიდის“, ან „ჩემს მეგობრებს მშობლები უშვებენ“. თუ მშობლების გადაწყვეტილებებს პატივს სცემ, ამით დაუმტკიცებ მათ, რომ უკვე მოწიფული ხარ. თუ ასე მოიქცევი, ისინიც დაგაფასებენ. მომავალში კი მეტი შანსი გექნება, რომ მათგან თანხმობა მიიღო.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

a სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]

„ჩემი მშობლები მენდობიან, რადგან ხედავენ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. მე მათ არაფერს ვუმალავ ჩემს მეგობრებზე. თუ რომელიმე შეხვედრაზე სიტუაცია არ მომწონს, ვდგები და იქაურობას ვტოვებ“

[სურათი]

კიმბერლი

[ჩარჩო 12 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

არ გინდა იცოდე, რას ფიქრობენ შენი მშობლები იმ საკითხებზე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ? ამას მხოლოდ მაშინ გაიგებ, თუ ჰკითხავ. წამოიწყე საუბარი შესაფერის დროს და გაიგე, რატომ აღელვებთ მშობლებს ის, თუ როგორ გაერთობი. მოიფიქრე კითხვები, რომელიც გინდა, შენს მშობლებს დაუსვა და ჩამოწერე.

․․․․․

[სურათი 12 გვერდზე]

მაშველების მსგავსად შენი მშობლები უკეთესად ხედავენ მოსალოდნელ საფრთხეს

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება