ძალადობაზე შეყვარებულები
დღევანდელი მსოფლიო ძალადობაზეა შეყვარებული. ძალადობა ოდითგანვე ხიბლავდა გართობის მოყვარულთ. თუმცაღა, როგორც „Media Awareness Network“-ის ვებ-გვერდზე იყო აღნიშნული, „ბოლო წლებში მედიის მიდგომა ძალადობის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. ერთი მხრივ, იმატა ძალადობის ამსახველმა კადრებმა, ხოლო მეორე მხრივ, ასეთ კადრებში სცენები უფრო დეტალურად, სექსუალურად და სადისტურადაა ასახული“. შევეხოთ რამდენიმე სფეროს.
მუსიკა: ამავე წყაროს თანახმად, მუსიკის სფეროში არნახულად იზრდება ისეთი სიმღერების რიცხვი, რომელთა ტექსტებიც გაჯერებულია ძალადობის გამომხატველი სიტყვებით. ზოგიერთ სიმღერას უხამსი და ბილწი სიტყვებით დიდების ზენიტში აჰყავს მკვლელობა და გაუპატიურება, თუნდაც საკუთარი ცოლისა და დედის.
ვიდეოთამაშები: „შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ვიდეოთამაშები მთლიანად ძალადობაზე და სისხლისღვრაზეა აგებული“, — აცხადებს ვიდეოთამაშების მოყვარულთათვის განკუთვნილი ბრიტანეთში გამომავალი ერთ-ერთი ჟურნალი. „თუ ძალადობა არ გიყვარს, ფაქტობრივად, ვიდეოთამაშებს ვერ შეიყვარებ“, — დასძენს იგივე ჟურნალი. მაგალითად, ერთ პოპულარულ თამაშში მოთამაშეს შეუძლია ბეისბოლის ჯოხით ცემით მოკლას ქალი. ზოგი ექსპერტი აცხადებს, რომ ბავშვებზე ვიდეოთამაშებს უფრო მეტი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ტელევიზორს.
ფილმები: მრავალი აღნიშნავს, რომ ფილმებში გახშირდა ბილწსიტყვაობა; იმატა ძალადობისა და უზნეობის ამსახველმა კადრებმა. რეიტინგით უკვე ვეღარ განსაზღვრავ ფილმის ავკარგიანობას. უფრო მეტიც, ერთი წყაროს თანახმად, ფილმის მოძალადე და მოჩხუბარი გმირები ყოველთვის „ცუდი ბიჭები“ არ არიან. ფილმებსა და მუსიკალურ კლიპებში ასახული ძალადობის თითქმის 50%-ს „კარგი ბიჭები“ სჩადიან.
ახალი ამბები: დასავლეთის ქვეყნებში მასმედიაში ასეთი გამონათქვამი არსებობს: „სადაც მეტი სისხლია, იქ მეტი მაყურებელია“. ახალი ამბები მსხვილი ბიზნესია, ამიტომ მისმა შემქმნელებმა იციან, რომ ძალადობის შემცველ ინფორმაციას უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს; ეს ფაქტი კარგად უწყიან რეკლამის მწარმოებლებმაც და შესაბამისად, დიდ თანხებსაც დებენ ასეთ გადაცემებში.
ვებ-გვერდები: ინტერნეტში ყველას თავისუფლად შეუძლია ნახოს ადამიანის წამებისა და დასახიჩრების ვირტუალური თუ ცოცხალი კადრები. ასეთ საიტებს ბავშვებიც ხშირად სტუმრობენ.
ახდენს გავლენას საზოგადოებაზე?
შეიძლება რომ ფილმებში, წიგნებში, სიმღერებსა თუ გართობის სხვადასხვა სფეროში გადმოცემულმა ძალადობამ გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე? საინტერესოა, რომ ისინი, ვინც ასეთი საშუალებებით ითბობენ ხელს, ხშირად აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია არავის ვნებს. მაგრამ მოდი, ერთ რამეზე დავფიქრდეთ: მასების აზროვნებაზე რომ იმოქმედოს, კომერციული სამყარო მილიარდებს ხარჯავს რეკლამაზე — რეკლამაზე, რომელიც შესაძლოა სულ რაღაც 30 წამი გაგრძელდეს. ნუთუ შეიძლება იმის თქმა, რომ საათნახევრიანი ფილმი, რომლის გმირებიც უზნეობასა და ძალადობას ყველასგან დაუფარავად სჩადიან, გავლენას არ მოახდენს ადამიანზე, განსაკუთრებით გულუბრყვილო ბავშვებზე?!
ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვამ ჩვენზე უკეთ იცის ჩვენი ბუნება. რას ამბობს ღმერთი მოძალადე საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, მათ შორის ფილმებისა და პოპულარული სატელევიზიო გადაცემების გმირებთან ჩვენს ურთიერთობაზე? გთავაზობთ, რამდენიმე ბიბლიურ რჩევას:
● „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5).
● „ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება, და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს, რათა მის ბილიკებს არ შეეჩვიო და შენს სულს მახე არ დაუგო“ (იგავები 22:24, 25).
რა თქმა უნდა, ცუდი გავლენისგან თავს ბოლომდე ვერავინ დაიცავს; მაგრამ იმის გაკეთება კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ავირჩიოთ, ვისთან და როგორ გავერთოთ. დაუსვით თქვენს თავს კითხვა: როგორი ადამიანი მინდა ვიყო? შემდეგ შეეცადეთ ისეთ ხალხთან იქონიოთ ურთიერთობა, ვისაც თქვენნაირი შეხედულებები და მიზნები აღმოაჩნდება (იგავები 13:20).
როგორც გამოჩნდა, ძალადობაზე ჩვენს შეხედულებას აყალიბებს ის, თუ ვისთან გვაქვს ურთიერთობა და რით ვერთობით. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც . . .
[სურათი 4 გვერდზე]
ჩვენ მიერ არჩეული გართობის სახეობა გარკვეულ შეხედულებას გვიყალიბებს ძალადობაზე