საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 11/15 გვ. 7-9
  • ცხოვრება სრულ წყვდიადში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცხოვრება სრულ წყვდიადში
  • გამოიღვიძეთ! — 2015
  • მსგავსი მასალა
  • დაეხმარე უსინათლოებს იეჰოვას გაცნობაში
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
  • თითებით ნაპოვნი ჭეშმარიტება
    რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
  • დავიხვეწოთ ქადაგებაში — უსინათლოებთან ქადაგება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • ლუი ბრაილი — სიბნელის ტყვეთათვის სინათლის მომტანი
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2015
g 11/15 გვ. 7-9
პაკი მეუღლესთან ერთად

ცხოვრება სრულ წყვდიადში

„მხედველობის დიდი ნაწილი მაშინ დავკარგე, როცა ახალშობილს თვალში რაღაც ძლიერი წვეთები ჩამაწვეთეს. მოზარდობის ასაკში თვალისჩინი საერთოდ წამერთვა, რის გამოც ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი“ (პაკი, შუახნის ქალბატონი, რომელსაც მეუღლეც უსინათლო ჰყავს).

უსინათლობის ან მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს, მათ შორის ტრავმა და სხვადასხვა დაავადება. ამ დროს შეიძლება დაზიანდეს უშუალოდ თვალი, მხედველობის ნერვები ან ტვინი. ხშირად ადამიანებს, რომლებსაც მხედველობა საგრძნობლად უქვეითდებათ ან საერთოდ კარგავენ მას, უჭირთ რეალობასთან შეგუება და დარდი და შიში იპყრობთ. თუმცა ბევრმა ისწავლა მდგომარეობასთან საუკეთესოდ გამკლავება. დღეს ისინი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ.

ადამიანისთვის თვალი ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს; სწორედ თვალი გვეხმარება სამყაროს შეცნობაში. ამიტომ თვალისჩინის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი უფრო მეტად ხდება დამოკიდებული სხვა შეგრძნებებზე: სმენაზე, ყნოსვაზე, შეხებასა და გემოვნებაზე.

ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ თანახმად, მკვლევრებმა, რომლებმაც შეისწავლეს ტვინის ნეიროპლასტიურობა, დაასკვნეს, რომ ტვინს აქვს უნარი, „შეიცვალოს გამოცდილებისა და განცდილის მიხედვით“. იმავე სტატიაში აღნიშნულია: „უამრავი ფაქტი ცხადყოფს, რომ როცა ტვინი განიცდის რომელიმე შეგრძნების ნაკლებობას, ნერვული კავშირები ისე გადაეწყობა, რომ უფრო მეტად აქტიურდება სხვა შეგრძნებები“. დავფიქრდეთ შემდეგზე:

სმენა: ადამიანის ხმით დაწყებული ფეხის ხმით დამთავრებული ბგერები გონებაში სურათის წარმოსახვის საშუალებას იძლევა. ერთი უსინათლო კაცი, სახელად ფერნანდო, ამბობს: „ხალხს ხმით და სიარულის მანერითაც კი ვცნობ“. ხუანი, რომელიც აგრეთვე უსინათლოა, გვიზიარებს: „უსინათლო კაცისთვის ხმა ადამიანის ამოსაცნობი ნიშანია“. მხედველი ადამიანის მსგავსად, უსინათლოებიც დიდ ყურადღებას აქცევენ ხმის ტონს, რომლითაც შეიძლება სხვადასხვა ემოციის გადმოცემა.

თვალისჩინწართმეულს ყური ისე აქვს გაწაფული, რომ ხმით შეუძლია აღიქვას გარემო, მაგალითად გაიგოს, რომელი მიმართულებით მოძრაობენ მანქანები, განსაზღვროს ოთახის ზომა და შენიშნოს მის წინ არსებული დაბრკოლებები.

ყნოსვა: ყნოსვის მეშვეობით არა მარტო სურნელს შევიგრძნობთ, არამედ უხვ ინფორმაციასაც ვიღებთ. მაგალითად, უსინათლოს ყნოსვა ეხმარება, გონებაში წარმოისახოს ერთგვარი რუკა, სად ყავის სახლია, სად რესტორანი, სად ბაზარი ან სხვა რამ. „რუკას“ ემატება ნაცნობი ხმები და დეტალები, რომელთა ამოცნობასაც ის შეხებით ახერხებს.

შეხება: „თითები თვალების მაგივრობას მიწევს“, — ამბობს ფრანცისკო. უსინათლოების თვალთახედვის დიაპაზონი ხელჯოხის სიგრძეს არ სცდება. მანასესი, რომელიც დაბადებიდან ვერ ხედავს და ხელჯოხის გამოყენება ბავშვობიდანვე ისწავლა, აღნიშნავს: „სხვა შეგრძნებების, მახსოვრობისა და ტროტუარის თავისებურებების წყალობით, რომელთაც ხელჯოხით შევიგრძნობ, ზუსტად ვიცი, სად ვარ“.

უსინათლო კითხულობს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ საგუშაგო კოშკს

„საგუშაგო კოშკი“ ბრაილის შრიფტით

თვალისჩინდაკარგულებს შეხება ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი პუბლიკაციების წაკითხვაშიც ეხმარება. დღეს არსებობს უამრავი საშუალება, რითაც უსინათლოებს შეუძლიათ, დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილება და გაიფართოვონ თვალსაწიერი. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლიტერატურის გარდა ამ მხრივ მათ დიდ სამსახურს აუდიოჩანაწერები და კომპიუტერული ტექნიკა უწევს. ამ ყოველივეს წყალობით უსინათლოებს შეუძლიათ, წაიკითხონ ბიბლია და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სხვადასხვა პუბლიკაცია.a

ამგვარი სულიერი საზრდო უდიდესი ნუგეშისა და იმედის წყარო აღმოჩნდა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული პაკისა და მისი მეუღლისთვის. მათ აგრეთვე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა მოსიყვარულე სულიერმა ოჯახმა, იეჰოვას მოწმეების ადგილობრივმა ქრისტიანულმა კრებამ. „დღეს ჩვენ უკვე სრულფასოვანი და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ცხოვრება გვაქვს“, — აღნიშნავს პაკი.

უდავოა, რომ უსინათლობას გარკვეული სირთულეები ახლავს თან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია, გადალახოს ეს სირთულეები და გაიხაროს ცხოვრებით, იმაზე მოწმობს, რომ ადამიანი ძლიერი და შემგუებელი ბუნებისაა.

a იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესასწავლ პუბლიკაციებს ბრაილის შრიფტით 25-ზე მეტ ენაზე გამოსცემენ.

უსინათლობის მიუხედავად ბედნიერი

მარკო ანტონიო და მისი გამყოლი ძაღლი, დანტე

მარკო ანტონიოს, რომელიც დაბადებიდან უსინათლოა, ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი. ის მეწილესთან ერთად ბიზნესსაც ეწევა. მან ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს მოუყვა იმ სიხარულისა და სირთულეების შესახებ, რაც მის მდგომარეობას ახლავს თან.

როგორც ბიზნესმენი, როგორ ართმევთ თავს საქმეს?

ტელეფონის მეშვეობით ხალხს ჩვენს სერვისს ვთავაზობ, ვხვდები კლიენტებსა და მომწოდებლებს, აგრეთვე ვაწარმოებ საბანკო ოპერაციებს.

თავისუფალ დროს თავს რით იქცევთ?

ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა. ეს ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა. ვუკრავ პიანინოზე, თუმცა ეს ადვილი არ არის, რადგან მიჭირს, ერთდროულად ნოტებიც წავიკითხო ბრაილის შრიფტით და დავუკრა კიდეც. თავიდან, როცა ახალ ნაწარმოებს ვსწავლობ, მარჯვენა ხელით ნოტებს ვკითხულობ, მარცხენათი კი ვუკრავ. ხელების მონაცვლეობით ამ პროცესს რამდენჯერმე ვიმეორებ. როცა ნოტებს ზეპირად ვისწავლი, უკვე ორივე ხელით ვუკრავ.

ბუნებრივია, არაერთ სირთულეს შეხვდებოდით. ყველაზე მეტად რას გამოყოფდით?

ძალიან მზრუნველი მშობლები და დედმამიშვილები მყავდა. ისინი არასდროს მაგრძნობინებდნენ, რომ უსინათლო ვიყავი. რა თქმა უნდა, ხან ძირს ვვარდებოდი, ხან რაღაცას ვეჯახებოდი, მაგრამ ნელ-ნელა თითქმის ყველაფრის გაკეთება ვისწავლე, რასაც მხედველი ადამიანი აკეთებს. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის არის, რომ მანქანას ვერ ვმართავ.

მყავს მოსიყვარულე ცოლ-შვილი. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვუდგავართ მხარში. ჩემი საყვარელი ვაჟი, დევიდიც, სამწუხაროდ, უსინათლოა. მასაც ჩემსავით მხედველობის ნერვის ატროფია აქვს. ვცდილობ, მას კარგი მაგალითი მივცე და ვასწავლო, რომ მოთმინებითა და მიზანდასახულობით ბევრ რამეს მიაღწევს.

რატომ გადაწყვიტეთ, გყოლოდათ გამყოლი ძაღლი?

დანტეს მეშვეობით უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადავაადგილდები. როცა სადმე პირველად მივდივარ, გზა კარგად რომ შევისწავლოთ, მე და დანტეს ჩემი მეუღლე, ლოლი მოგვყვება ხოლმე, რომელიც ჩემგან განსხვავებით ხედავს. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან მიჭირდა ძაღლის ნდობა, მაგრამ დანტემ შეძლო ჩემი ნდობის მოპოვება. მას გარემო ფაქტორები ყურადღებას არ უფანტავს და მთლიანად „საქმეზეა“ კონცენტრირებული. მაგრამ როგორც კი ღვედს შევხსნი, სხვა ძაღლებისგან არაფრით განსხვავდება.

როგორც იეჰოვას მოწმე, როგორ ახერხებთ ბიბლიის კვლევას?

როცა უსინათლოთათვის არ არსებობდა ამდენი ტექნიკა, ბიბლიას და მის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციებს ლოლი მიკითხავდა, რითაც უდიდეს დახმარებას მიწევდა. მისი ასეთი თანადგომით კრების შეხვედრებზე მოხსენებებითაც კი გამოვდიოდი. მაგრამ დღეს დამოუკიდებლად შემიძლია კითხვა, რადგან მაქვს ბიბლია და სხვა ლიტერატურა ბრაილის შრიფტით. აგრეთვე შემიძლია ვისარგებლო იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდით jw.org და ჩამოვტვირთო აუდიოჩანაწერები. ბრაილის რელიეფური მონიტორით კი ელექტრონულ ინფორმაციას ვკითხულობ. ამ მონიტორს აქვს ქინძისთავისმაგვარი ღილაკები, რომლებიც იბურცება და ბრაილის შრიფტს ქმნის. ეს მართლაც საოცარია!

მაქვს პატივი, დავეხმარო მადრიდში (ესპანეთი) იეჰოვას მოწმეების ფილიალში ბრაილის შრიფტზე მომუშავე ჯგუფს, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბრაილის შრიფტით გამოცემული პუბლიკაციების ხარისხი რომ გააუმჯობესონ, ამ პროექტზე მომუშავე ჯგუფი ძალიან აფასებს უსინათლოების აზრს. აშკარად ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ და მაფასებენ სულიერი და-ძმები.

განიჭებთ სიამოვნებას ადამიანებთან ურთიერთობა?

რასაკვირველია! განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან და თანამორწმუნეებთან, რომლებთან ერთადაც კარდაკარ მსახურებაში დავდივარ. ჩემი სულიერი და-ძმები თვალხილული ადამიანებისგან არ მარჩევენ. ზოგჯერ ავიწყდებათ კიდეც, რომ უსინათლო ვარ.

ვიტყვი იმასაც, რომ მსახურების მეშვეობით სხვებს ვუზიარებ ბიბლიაში ჩაწერილ უძვირფასეს იმედს. კერძოდ იმას, რომ ესაიას 35:5-ის თანახმად, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „ბრმებს თვალები აეხილებათ“. როდესაც იესო ქრისტე დედამიწაზე იყო, მან ბრმას მხედველობა დაუბრუნა, რითაც ნათლად დაგვანახვა, თუ როგორი მომავალი გველის (მათე 15:30, 31). ამიტომ მჯერა, რომ უსინათლობა და სხვა ფიზიკური შეზღუდვები უბრალოდ დროებითია, რადგან დედამიწაზე დამყარებულ სამოთხეში აღარავინ „იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24; ლუკა 23:43).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება