მთავარი თემა | მართლა ღვთის სიტყვაა ბიბლია?
მართლა ღვთის შთაგონებით დაიწერა ბიბლია?
თქვენი აზრით, ბიბლიის ავტორი ღმერთია თუ მასში ადამიანების აზრებია ჩაწერილი?
ეს საკითხი ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებს შორისაც კი დღემდე განხილვის საგნად რჩება. 2014 წელს შეერთებულ შტატებში გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქრისტიანების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ბიბლია ღვთისგანაა. თუმცა გამოკითხულთაგან ყოველი მეხუთე თვლის, რომ „ბიბლია არის უძველესი მითების, ლეგენდების, ისტორიებისა და ადამიანების მიერ დადგენილი წესების კრებული“. რადგან ბიბლიასთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო აზრები არსებობს, კარგი იქნება, გავიგოთ, რა გაგებით გამოიყენება ამ წიგნთან მიმართებით სიტყვა „შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16).
რას ნიშნავს ფრაზა „ღვთისგან შთაგონებული“?
ბიბლია 66 პატარა წიგნისგან შედგება, რომელიც 1 600 წელზე მეტი ხნის მანძილზე იწერებოდა. ამ წიგნს დაახლოებით 40 მამაკაცი წერდა. აქედან გამომდინარე, იბადება ლოგიკური კითხვა: თუ ის ადამიანებმა დაწერეს, როგორღაა „ღვთისგან შთაგონებული“? მოკლედ რომ ვთქვათ, ფრაზა „ღვთისგან შთაგონებული“ იმაზე მიუთითებს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი აზრები ღვთისგან მომდინარეობს. აი, რას ამბობს ამის შესახებ თავად ბიბლია: „ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი თავისი წმინდა სულის მეშვეობით გადასცემდა ცნობას ბიბლიის წიგნების დამწერებს. ეს პროცესი უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, მოვიყვანოთ ბიზნესმენის მაგალითი, რომელიც მდივანს წერილს აწერინებს. ცხადია, წერილის ავტორი ის კი არ არის, ვინც წერს ანუ მდივანი, არამედ ის, ვინ კარნახობს ანუ ბიზნესმენი.
ღმერთი ადამიანებს თავის ცნობას სხვადასხვა საშუალებით გადასცემდა: ზოგს ანგელოზის მეშვეობით ელაპარაკებოდა, ზოგს ხილვებს უჩვენებდა, ზოგსაც სიზმრებს ახილვინებდა. მართალია, ზოგჯერ ღმერთი ბიბლიის დამწერებს ნებას რთავდა, საკუთარი სიტყვებით გადმოეცათ მისი აზრები, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ის სიტყვასიტყვით კარნახობდა. ასე იყო თუ ისე, ფაქტი ერთია: ბიბლიის დამწერები ღვთის აზრებს წერდნენ და არა — საკუთარს.
საიდან ვიცით, რომ ბიბლიის დამწერები ნამდვილად ღვთისგან იყვნენ შთაგონებულნი. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ სამ მხარეზე, რაც ამტკიცებს, რომ ბიბლიის ავტორი მართლაც ღმერთია.