გაკვეთილი 4
ხმის სიმაღლე და პაუზები
1, 2. რატომ უნდა ვილაპარაკოთ სათანადო სიმაღლის ხმით?
1 თუ მსმენელს კარგად არ ესმის შენი ხმა, შენს ნათქვამს ფასი დაეკარგება. მეორე მხრივ, თუ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობ, ამან შეიძლება გააღიზიანოს მსმენელი და შეამციროს შენ მიერ მომზადებული შესანიშნავი აზრების ფასი. ხმის სათანადო სიმაღლის აუცილებლობა თვალნათლივ ჩანს სამეფო დარბაზებში, სადაც კრების შეხვედრებზე წინა რიგებში მსხდომთა კომენტარების გაგონება ხშირად უჭირთ უკანა რიგებში მსხდომთ. ზოგჯერ მომხსენებლის ხმა არ არის საკმარისი სიმაღლის და ამიტომ მისი გამოსვლა არ არის აღმძვრელი. სამქადაგებლო მსახურების დროსაც გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ცუდი სმენა აქვთ, ხოლო ბინებში, სადაც ჩვენ მივდივართ, ან ქუჩაში ყოველთვის ხმაურია, რომელიც უნდა გადავფაროთ. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ საჭიროა გულმოდგინე ყურადღება მიექცეს ხმის სათანადო სიმაღლეს.
2 ხმის საკმარისი სიმაღლე, რათა მისი მოსმენა თავისუფლად შეიძლებოდეს. იმის დასადგენად, თუ ხმის როგორი სიმაღლის გამოყენებაა საჭირო, ყველაზე უკეთესია შემდეგი კითხვის გაანალიზება: იყო თუ არა ხმა საჭირო სიძლიერის? ეს ნიშნავს, რომ ისმოდა თუ არა შენი ხმა უკანა რიგებში და, ამავე დროს, ხომ არ აყრუებდა წინა რიგებში მსხდომთ? ამის გათვალისწინება დამწყები მოწაფისთვის შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ შედარებით გამოცდილები უნდა ცდილობდნენ, დახელოვნდნენ იმ საკითხებშიც, რომლებიც მომდევნო აბზაცებში იქნება განხილული. ამ პუნქტთან დაკავშირებით სკოლის ზედამხედველმა უნდა დაადგინოს მოწაფისთვის მისაცემი რჩევის ფარგლები.
3–10.რომელი სიტუაციები დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორი სიმაღლის ხმა გამოვიყენოთ?
3 ხმის სიმაღლე შეესაბამება სიტუაციას. მოსაუბრემ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის ვითარება, სადაც მას ლაპარაკი უწევს. ეს ზრდის მისი გარჩევის უნარს, ხდის უფრო მოხერხებულს და საშუალებას აძლევს, ბევრად უფრო ადვილად დაიპყროს და შეინარჩუნოს მსმენელის ყურადღება.
4 პირობები დამოკიდებულია დარბაზსა და მსმენელის რაოდენობაზე. ვითარებას რომ ფლობდე, საჭიროა კონტროლი გაუწიო ხმის სიმაღლეს. სამეფო დარბაზში მოხსენების წარმოთქმისას საჭიროა უფრო ხმამაღალი ლაპარაკი, ვიდრე საცხოვრებელ ოთახში დაინტერესებულ პიროვნებასთან საუბრისას. გარდა ამისა, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე დარბაზის წინა რიგებში მსხდომი მცირე ჯგუფის წინაშე გამოსვლისას საჭიროა უფრო დაბალი ხმით ლაპარაკი, ვიდრე სამსახურებრივი შეხვედრისას, როცა დარბაზი სავსეა.
5 მაგრამ ზოგჯერ ვითარებები იცვლება. მოულოდნელად დარბაზში ან გარეთ იქმნება ხმაური. გამვლელი მანქანა ან მატარებელი, ცხოველის მიერ გამოცემული ხმამაღალი ბგერები, ბავშვების ტირილი, დაგვიანებულები — ასეთ შემთხვევებში საჭიროა, ცვალო ხმის სიმაღლე. ყოველივე ამის გაუთვალისწინებლობის და შესაბამისად ხმის სიმაღლის შეუცვლელობის გამო შეიძლება მსმენელს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩეს.
6 მრავალ კრებას აქვს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა. მაგრამ, თუ მას დაუდევრად იყენებენ და ხმა ხან მაღალი, ხან კი დაბალია, შეიძლება აუცილებელი იყოს მოწაფისთვის რჩევის მიცემა ამ ვითარებების მხედველობიდან გამორჩენის გამო (იხილე წიგნი „თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელო“, გაკვეთილი 13 მიკროფონების გამოყენების შესახებ [რუს.]).
7 ზოგჯერ, უბრალოდ, საკუთარი ხმის თავისებურების გამო მომხსენებელს უჭირს ამ საკითხში დახელოვნება. თუ შენც მსგავსი პრობლემა გაქვს რჩევების მოცემისას სკოლის ზედამხედველი გაითვალისწინებს ამას. მან შეიძლება შემოგთავაზოს გარკვეული ვარჯიშები ან მეცადინეობის გეგმა, რომელიც დაგეხმარება ხმის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში. მაგრამ თვითონ ინტონაცია ცალკე პუნქტია რჩევების ბლანკში და ამ გაკვეთილში მასზე ყურადღება არ გამახვილდება.
8 შეუძლებელია ყველა არსებული ვითარების ერთ რომელიმე მოხსენებაში განხილვა. რჩევა უნდა მიეცეს მოცემულ მოხსენებაზე და არა ყოველ შესაძლო ვარიანტზე. მაგრამ, თუ სკოლის ზედამხედველი ხედავს ამის აუცილებლობას, შეუძლია გააფრთხილოს მოწაფე შესაძლო პრობლემების შესახებ, რომლებსაც შეიძლება შეხვდეს სხვა სიტუაციების დროს, მაშინაც კი, როდესაც მოწაფე ქებას იმსახურებს მოცემული მოხსენებისთვის და რჩევების ბლანკზე აღინიშნება „კ“.
9 როგორ შეუძლია მოწაფეს დაადგინოს, არის თუ არა მისი ხმა საჭირო სიმაღლის? ერთ-ერთი საუკეთესო ბარომეტრია მსმენელის რეაქცია. გამოცდილი მომხსენებელი შესავლის წარმოთქმის დროს დააკვირდება უკანა რიგებში მსხდომთ და მათი სახის გამომეტყველებითა და საერთო განწყობილებით შეძლებს დაადგინოს, კარგად ისმის თუ არა და შესაბამისად შეცვლის ხმის სიმაღლეს. როდესაც მომხსენებელი „შეიგრძნობს“ დარბაზს, ყოველგვარი სიძნელე მოეხსნება.
10 კიდევ ერთი საშუალებაა იმავე პროგრამაში სხვა მომხსენებლებზე დაკვირვება. კარგად ისმის მათი ხმა? როგორია მათი ხმის სიმაღლე? შესაბამისად შეასწორე შენიც.
11, 12. რატომ არის აუცილებელი, რომ ხმის სიმაღლე შეესაბამებოდეს მასალას?
11 ხმის სიმაღლე მასალის შესაფერისია. ჩვენი განხილვის ეს მხარე არ უნდა შეგვეშალოს ხმის ინტონაციაში. ახლა ჩვენ დაინტერესებული ვართ, უბრალოდ, ხმის სიმაღლე შევუსაბამოთ კონკრეტულ განსახილველ მასალას. მაგალითად, თუ ბიბლიიდან იკითხება ერთ შემთხვევაში ბრალდებები, ხოლო მეორეში — რჩევა ძმებს შორის სიყვარულის შესახებ, ცხადია, ხმის სიმაღლე ამ ორ შემთხვევაში უნდა განსხვავდებოდეს. შეადარე აგრეთვე ესაიას 36:11 ამავე თავის მე-12 და მე-13 მუხლებთან და დაუკვირდი განსხვავებას, რომელიც ამ მუხლების წაკითხვისას უნდა გაკეთდეს. ხმის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს მასალას, მაგრამ გადაჭარბება საჭირო არ არის.
12 იმის გადაწყვეტისას, თუ ხმის როგორი სიმაღლე გამოიყენო, ყურადღებით გააანალიზე შენი მასალა და მოხსენების მიზანი. თუ გსურს, რომ შეცვალო მსმენელის აზროვნება, ნუ ჩამოიშორებ მათ ძალიან მაღალი ხმის გამოყენებით. მაგრამ, თუ გსურს მათი სულიერი საქმიანობისკენ აღძვრა, შეიძლება ხმას აუწიო. თუ მასალაში უნდა გამოვლინდეს სიმტკიცე ძალიან რბილი წარმოთქმით ნუ შეასუსტებ მას.
-•-◂▸-•-
13–16. აჩვენე პაუზების მნიშვნელობა.
13 მოხსენების წარმოთქმისას სათანადოდ დასმული პაუზებიც თითქმის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხმის შესაბამისი სიმაღლე. სხვაგვარად ნათქვამის მნიშვნელობა ადვილად ბუნდოვნდება და ძირითადი დასამახსოვრებელი აზრები მალე ავიწყდება მსმენელს. პაუზების საშუალებით დაჯერებულობასა და წონასწორობას ინარჩუნებ, საშუალება გეძლევა, თანაბრად ისუნთქო და მოხსენების რთული მომენტების დაძლევისას შეინარჩუნო სიმშვიდე. პაუზები მსმენელს აჩვენებს, რომ ფლობ სიტუაციას, მეტისმეტად არ ნერვიულობ, ითვალისწინებ მსმენელს და გაქვს რაღაცა, რაც გინდა, რომ მათ მოისმინონ და დაიმახსოვრონ.
14 დამწყებმა მომხსენებლებმა დრო არ უნდა დაკარგონ პაუზების ეფექტურად გაკეთების უნარის შეძენაზე. დარწმუნებული უნდა იყო, რომ მნიშვნელოვანი რამის თქმას აპირებ, რაც გინდა, რომ მსმენელმა დაიმახსოვროს. ზოგჯერ დედა შვილის გამოსწორებას იმით იწყებს, რომ შენიშვნის მიცემამდე ეუბნება რაღაცას, რითაც მის ყურადღებას იპყრობს. ის აღარაფერს ეუბნება მანამ, სანამ შვილი მთელი ყურადღებით არ განეწყობა მოსასმენად. შემდეგ დედა გაუზიარებს თავის აზრს. მისი სურვილია, დარწმუნებული იყოს, რომ შვილი არ უგულებელყოფს და არ დაივიწყებს მის ნათქვამს.
15 ზოგი თავის ყოველდღიურ საუბარში არასოდეს აკეთებს პაუზებს. თუ შენც გახასიათებს მსგავსი რამ, სამქადაგებლო მსახურებაში წარმატების მისაღწევად აუცილებლად დაგჭირდება ამ თვისების გამომუშავება. ქადაგებისას ჩვენ საუბრის სტილში ვლაპარაკობთ. პაუზების დროს მობინადრემ რომ არ შეგვაწყვეტინოს საუბარი, არამედ გვისმენდეს და გველოდებოდეს, საჭიროა პაუზების სწორად გაკეთება. მაგრამ საუბრისას პაუზების გაკეთებაში დახელოვნება და გამოცდილება ისევე აუცილებელია, როგორც სცენაზე გამოსვლის დროს.
16 პაუზების სათანადოდ გაკეთებასთან დაკავშირებით არსებობს ერთი სერიოზული პრობლემა — ძალიან ვრცელი მასალის განხილვა. მოერიდე ამას. გაითვალისწინე დრო პაუზებისთვის; ისინი მნიშვნელოვანია.
17–21. ახსენი სასვენ ნიშნებთან პაუზების გაკეთების მნიშვნელობა.
17 პაუზები სასვენ ნიშნებთან. პაუზების გაკეთება სასვენ ნიშნებთან ერთმანეთთან დაკავშირებული აზრების გამოყოფისა და მათი ნათლად გადმოცემის საშუალებაა. მათი საშუალებით აღინიშნება ფრაზების, დამოკიდებული წინადადებების, წინადადებისა და აბზაცის დასრულება. ხშირად ასეთი ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს ინტონაციით, მაგრამ პაუზებიც ეფექტურია ზეპირი გადმოცემისას პუნქტუაციის ნიშნების დასასმელად. და, ვინაიდან წინადადებაში მძიმესა და წერტილ-მძიმეს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, პაუზები ზუსტად მათ შესაბამისად უნდა გაკეთდეს.
18 უადგილოდ გაკეთებულმა პაუზამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს წინადადების აზრი. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს იესოს სიტყვები ლუკას 23:43-დან (აქ): „ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. თუ მძიმე დაისმებოდა ანუ პაუზა გაკეთდებოდა „შენსა“ და „დღეს“ შორის, სულ სხვა აზრს მივიღებდით, რაც ამ მუხლის საყოველთაოდ გავრცელებული არასწორი გაგების მიზეზია. ამგვარად, აზრის ზუსტად გადმოსაცემად აუცილებელია პაუზის სწორად გაკეთება.
19 გეგმის მიხედვით შედგენილი მოხსენების წარმოთქმისას დაწერილ ტექსტში თვალყური ადევნე პუნქტუაციის ნიშნებს და ისწავლე ზეპირი მეტყველებისას ამ ნიშნებთან პაუზების გაკეთება. ერთადერთი პუნქტუაციის ნიშანი, რომელსაც შეიძლება კითხვისას ზოგჯერ იგნორირება გაუკეთდეს, არის მძიმე. მძიმესთან პაუზის გაკეთება-არგაკეთება ხშირად გემოვნების საკითხია. მაგრამ წერტილ-მძიმე, წერტილი, ბრჭყალები, აგრეთვე აბზაციდან აბზაცზე გადასვლა აუცილებლად უნდა აღინიშნოს.
20 ამაში შეიძლება დაგეხმაროს დაწერილი ტექსტის ან ბიბლიის კითხვისას აღნიშვნების გაკეთება. იმ ფრაზებს შორის, სადაც საჭიროა მოკლე პაუზის გაკეთება (შესაძლოა, მხოლოდ ოდნავ შეჩერება), პატარა ვერტიკალური ხაზი ჩამოუსვი; ორი ხაზი ან „x“ — ხანგრძლივი პაუზებისთვის.
21 მეორე მხრივ, თუ ამჩნევ, რომ გიჭირს ზოგი წინადადების წაკითხვა და ისევ არასწორ ადგილებზე აკეთებ პაუზებს, შეგიძლია ფანქრით გახაზო მთელი ფრაზა. შემდეგ, კითხვისას, არ გააკეთო პაუზა მანამ, სანამ აღნიშნული ფრაზის ბოლო სიტყვამდე არ მიხვალ. მრავალი გამოცდილი მომხსენებელი ასე აკეთებს.
22–24. რატომ არის აუცილებელი პაუზის გაკეთება ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლისას?
22 პაუზები ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლისას. ერთი მთავარი აზრიდან მეორეზე გადასვლის დროს გაკეთებული პაუზა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, დაფიქრდეს წარმოთქმულ სიტყვებზე. გარდა ამისა, ის აზრის არასწორად გაგების თავიდან აცილების საშუალებაცაა. ის გონებას შესაძლებლობას აძლევს ერთი აზრიდან მეორეზე გადაირთოს, დაინახოს აზრების ცვლილების მიმართულება და მიჰყვეს წარმოდგენილი ახალი აზრის განვითარებას. მომხსენებლისთვის ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლისას პაუზების გაკეთება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლისთვის მოსახვევში სიჩქარის შენელება.
23 გეგმის მიხედვით წარმოსათქმელი მოხსენებების გეგმაში მასალა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ძირითად პუნქტებს შორის შესაძლებელი იყოს პაუზის გაკეთება. ამისათვის საჭირო არ არის მოხსენების მთლიანობისა და თანამიმდევრულობის დარღვევა, არამედ აზრები ისე კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ შეძლო მთავარი პუნქტის კულმინაციურ წერტილამდე აყვანა, პაუზის გაკეთება და შემდეგ ახალი აზრის დაწყება. ასეთი კულმინაციები და ცვლილებები, თუ აუცილებელია, გახსენების მიზნით, შეიძლება აღნიშნო კიდეც შენს გეგმაში.
24 პაუზები, რომლებიც ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლისას კეთდება, ჩვეულებრივ, უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სასვენ ნიშნებთან გაკეთებული პაუზები; მაგრამ პაუზები არ უნდა იყოს ძალიან დიდი, რადგან ეს მოხსენების გაწელვას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ასეთ პაუზებს არაბუნებრიობის ელფერიც ექნება.
25–28. აჩვენე, თუ როგორ გვეხმარება პაუზების გაკეთება როგორც მნიშვნელოვანი აზრების ხაზგასმაში, ასევე ხელის შემშლელი სიტუაციების გადალახვაში.
25 პაუზები ხაზგასმის მიზნით. ხაზგასმის მიზნით გაკეთებული პაუზა, ჩვეულებრივ, შთამბეჭდავია. ის მოლოდინს აღძრავს მსმენელში ან დაფიქრების საშუალებას აძლევს მათ.
26 მნიშვნელოვან აზრზე გადასვლის წინ გაკეთებული პაუზა მსმენელში მოლოდინს აღძრავს. აზრის გამოთქმის შემდეგ გაკეთებული პაუზა კი მის სიღრმეში სრულად წვდომის საშუალებას იძლევა. ამ ორ პაუზას სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ამიტომ შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, რომელი მათგანია უფრო შესაფერისი მოცემულ სიტუაციაში ან არის თუ არა სათანადო ორივეს გამოყენება.
27 ხაზგასმის მიზნით გამოყენებული პაუზები მხოლოდ მნიშვნელოვან ადგილებზე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფასს დაკარგავს.
28 პაუზები, როცა პირობები მოითხოვს ამას. ხშირად ხელის შემშლელი ფაქტორების გამო მომხსენებელი გარკვეული დროით უნდა შეჩერდეს. თუ ისინი ძალიან დიდი არ არის და შეგიძლია ხმას აუწიო და განაგრძო მოხსენება, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ, თუ ისინი საკმარისია იმისთვის, რომ გადაფაროს შენი ხმა, მაშინ პაუზა უნდა გააკეთო. მსმენელი მადლიერი იქნება შენი ყურადღებიანობისთვის. გარდა ამისა, ხშირად, კიდეც რომ განაგრძო მოხსენება, დროებით არსებული ხელის შემშლელი ფაქტორი მაინც არ მისცემს მათ მოსმენის შესაძლებლობას. ამიტომ ეფექტურად გამოიყენე პაუზები, რათა მსმენელმა სრული სარგებლობა მიიღოს შენი ნათქვამიდან.