საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 5 გვ. 97-გვ. 100 აბზ. 4
  • პაუზები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პაუზები
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • ხმის სიმაღლე და პაუზები
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • გამართული კითხვა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • სასარგებლო რჩევა
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • ბიბლიური მუხლების ხაზგასმით წაკითხვა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 5 გვ. 97-გვ. 100 აბზ. 4

გაკვეთილი 5

პაუზები

რა უნდა გააკეთო?

ლაპარაკის დროს სათანადო მომენტში შეჩერდი. ზოგჯერ საჭიროა, ოდნავ შეყოვნდე ან ხმას დაუწიო. პაუზას მაშინ აქვს ფასი, თუ კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

პაუზების სათანადოდ გამოყენება საჭიროა იმისათვის, რომ ლაპარაკი ადვილი გასაგები იყოს. პაუზებით უკეთ იკვეთება მნიშვნელოვანი აზრები.

პაუზების სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მოხსენების წაკითხვის დროს, ისე საუბრისას. პაუზების გარეშე ლუღლუღით ილაპარაკებ და გასაგებად ვერ გადმოსცემ აზრებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პაუზებს გამოიყენებ, უფრო გასაგები იქნება შენი ნათქვამი და მთავარი აზრებიც უკეთესად გამოიკვეთება.

როგორ უნდა განსაზღვრო პაუზის ადგილი და ხანგრძლივობა?

პაუზა სასვენ ნიშნებთან. სასვენ ნიშნებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება წერა-კითხვის დროს. მათი დახმარებით ვხედავთ, სად მთავრდება წინადადება და შინაარსის მიხედვით როგორია იგი. ზოგ ენაში ისინი ციტატის გამოსაყოფადაც გამოიყენება. სასვენი ნიშნებით წინადადების წევრებს შორის კავშირიც გამოიხატება. კითხვის დროს ვხედავთ სასვენ ნიშნებს, მაგრამ როდესაც სხვებს ვუკითხავთ, ინტონაციაში უნდა ჩანდეს, თუ სად არის დასმული სასვენი ნიშანი (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილე გაკვეთილი 1, „გამართული კითხვა“). თუ სასვენ ნიშნებთან პაუზებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, მსმენელს გაუჭირდება წაკითხულის გაგება და შეიძლება აზრიც დამახინჯდეს.

სასვენი ნიშნების გარდა წინადადებაში აზრების თანამიმდევრობაც განსაზღვრავს პაუზების ადგილს. აი, რა თქვა ერთმა ცნობილმა პიანისტმა: „მეც იმას ვუკრავ, რასაც სხვა მრავალი პიანისტი. მაგრამ რაც შეეხება პაუზებს, სწორედ აქ ჩანს მთელი ხელოვნება“. ლაპარაკის დროსაც ასეა. სათანადო პაუზები გაალამაზებს და უფრო აზრიანს გახდის შენ მიერ მომზადებულ მასალას.

შეიძლება ხმამაღლა კითხვისთვის მომზადება გაგიადვილდეს, თუ ტექსტში აღნიშნავ, სად გააკეთო პაუზა. ერთი ვერტიკალური ხაზი ჩამოუსვი იქ, სადაც ხანმოკლე პაუზა უნდა გააკეთო, ანუ სულ მცირე ხნით უნდა შეყოვნდე. ხანგრძლივი პაუზების ადგილი კი ორი ვერტიკალური ხაზით აღნიშნე. თუ რომელიმე ფრაზის წაკითხვა გიჭირს და არასწორ ადგილზე აკეთებ პაუზას, ფანქრით გადააბი ასეთი რთული ფრაზის შემადგენელი სიტყვები. შემდეგ თავიდან ბოლომდე წაიკითხე ფრაზა. ამ მეთოდს ბევრი გამოცდილი მომხსენებელი იყენებს.

ყოველდღიურ საუბრებში პაუზების გაკეთება რთული არ არის, რადგან იცი, რისი თქმა გსურს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვევად გაქვს დროდადრო ერთი და იმავე შუალედით შეჩერება, მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა პაუზა, შენი მეტყველება რთული გასაგები იქნება და ნათქვამს ძალა დაეკარგება. მეტყველების გასაუმჯობესებლად რჩევები მოცემულია მე-4 გაკვეთილში, სათაურით „გამართული მეტყველება“.

პაუზები ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლის დროს. როდესაც ერთი მთავარი აზრიდან მეორე მთავარ აზრზე გადადიხარ, პაუზით მსმენელს შესაძლებლობას აძლევ, დაფიქრდეს, გონებით გადაერთოს, დაინახოს, რომ მსჯელობა სხვა კუთხით განვითარდება და უკეთ აღიქვას მომდევნო აზრი. ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლისას პაუზის გაკეთება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლისთვის მოსახვევში სიჩქარის შენელება.

ზოგი მომხსენებელი ერთი აზრიდან მეორეზე პაუზის გარეშე გადადის, რადგან მცირე დროში საკმაოდ დიდი მასალის გადმოცემას ცდილობს. ზოგზე უბრალოდ მეტყველების ჩვეული სტილი ახდენს გავლენას. შეიძლება ჩვენ გარშემო ყველა ასე ლაპარაკობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პაუზებს თუ არ გამოვიყენებთ, ვერ ვიქნებით კარგი მასწავლებლები. თუ ინფორმაცია მნიშვნელოვანია და გინდა, რომ მსმენელმა გაიგოს და დაიმახსოვროს შენი ნათქვამი, საკმარისი დრო დაუთმე აზრის ნათლად გადმოცემას. გახსოვდეს, რომ პაუზები აუცილებელია აზრის ნათლად გადმოსაცემად.

როდესაც მოხსენების გეგმა გაქვს მოცემული, აზრები ისე უნდა ჩამოაყალიბო, რომ აშკარად იკვეთებოდეს ერთი მთავარი აზრიდან მეორეზე გადასვლისა და, შესაბამისად, პაუზების ადგილები. იმ შემთხვევაში კი, თუ მოხსენება მზა ტექსტიდან უნდა წაიკითხო, კარგი იქნება, ერთი მთავარი აზრიდან მეორეზე გადასვლის ადგილები მონიშნო.

ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლისას, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი პაუზა უნდა გააკეთო, ვიდრე სასვენ ნიშნებთან. მაგრამ არც იმდენად ხანგრძლივი, რომ მოხსენება არასასიამოვნო მოსასმენი გახდეს. მეტისმეტად ხანგრძლივმა პაუზებმა შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ კარგად არ მომზადებულხარ და არ იცი, რა თქვა.

პაუზები ხაზგასმის მიზნით. ხაზგასმის მიზნით გაკეთებულმა პაუზებმა, ჩვეულებრივ, მსმენელის ყურადღება უნდა მიიქციოს. ასეთი პაუზები მნიშვნელოვანი აზრისა თუ შეკითხვის წინ ან შემდეგ კეთდება. ისინი მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, გაიაზროს ნათქვამი ან ინტერესით დაელოდოს იმას, რაც უნდა ითქვას. შესაბამისად, ეს პაუზები ორ სხვადასხვა მიზანს ემსახურება. თავად გადაწყვიტე, რომელს გამოიყენებ. მხოლოდ, ერთი რამ გახსოვდეს: ასეთი პაუზები ბევრი არ უნდა იყოს; ისინი ნამდვილად მნიშვნელოვან აზრებთან უნდა გამოიყენო ხაზგასმის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათქვამი ფასს დაკარგავს.

იესომ ეფექტურად გამოიყენა პაუზები ნაზარეთის სინაგოგაში წმინდა წერილების კითხვის დროს. მან ჯერ ტექსტი წაიკითხა ესაიას წინასწარმეტყველებიდან საკუთარი როლის შესახებ. შემდეგ კი, ვიდრე ახსნიდა, თუ როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება, გრაგნილი მსახურს გადასცა და დაჯდა. და მხოლოდ მაშინ, როდესაც სინაგოგაში ყველას თვალი მისკენ იყო მიპყრობილი, მან თქვა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“ (ლუკ. 4:16—21).

პაუზები, რომლებსაც გარემოება მოითხოვს. ზოგჯერ ხელისშემშლელი ფაქტორების გამო საჭირო ხდება პაუზის გაკეთება. ქადაგების დროს შესაძლოა ტრანსპორტის ხმაურმა ან ბავშვის ტირილმა შეგვიშალოს ხელი. კრებაში ან კონგრესზე გამოსვლის დროს ხმაურის დასაფარავად ხშირად საკმარისია, ხმას აუწიო და განაგრძო ლაპარაკი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან გეშლება ხელი და ხმაური ხანგრძლივია, უმჯობესია, შეჩერდე. მსმენელი მაინც ვერ შეძლებს მოსმენას. შეეცადე, ეფექტურად გამოიყენო პაუზები და მსმენელს დაეხმარო, მაქსიმალურად მიიღოს შენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

პაუზა, როდესაც მსმენელს დაფიქრებისა და პასუხის გაცემის შესაძლებლობას აძლევ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენი გამოსვლის დროს გათვალისწინებული არ არის განხილვაში მსმენელის მონაწილეობა, მნიშვნელოვანია, შესაძლებლობა მისცე მას თავისთვის, გონებაში უპასუხოს შეკითხვებს. თუ დამაფიქრებელ შეკითხვებს დასვამ, მაგრამ პაუზებს არ გააკეთებ, შეკითხვებს ფასი დაეკარგება.

ცხადია, პაუზების გაკეთება არა მხოლოდ სცენაზე გამოსვლის დროს, არამედ ქადაგების დროსაც არის საჭირო. ზოგი ყოველთვის სულმოუთქმელად ლაპარაკობს. თუ შენც ეს პრობლემა გაქვს, შეეცადე პაუზების გამოყენებას. ამგვარად უკეთ შეძლებ ხალხთან ურთიერთობას და ქადაგებას. პაუზა მეტყველების ხანმოკლე შეჩერებაა, ასეთი შეჩერება კი ხაზს უსვამს ნათქვამს, მსმენელს ყურადღებას ამახვილებინებს და მოსმენას უადვილებს.

საუბარი აზრების ურთიერთგაზიარებაა. მოსაუბრე უფრო მეტი ინტერესით მოგისმენს, თუ თავად მოუსმენ ყურადღებით და მისი ნათქვამისადმი ინტერესს გამოავლენ. ამაში ისიც იგულისხმება, რომ სათანადო ხანგრძლივობის პაუზები გააკეთო, რათა მასაც მისცე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

სამქადაგებლო მსახურების დროს უკეთესი შედეგები საუბრებს მოაქვს. ბევრი მაუწყებელი მისალმების შემდეგ რომელიმე თემაზე იწყებს საუბარს და შეკითხვას აძლევს მოსაუბრეს. ისინი აკეთებენ პაუზას, რითაც მობინადრეს პასუხის გაცემის შესაძლებლობას აძლევენ და მის თვალსაზრისს იგებენ. მთელი საუბრის განმავლობაში პაუზები მობინადრეს საკუთარი აზრების გამოთქმის საშუალებას აძლევს. მქადაგებლებს ესმით, რომ უკეთ დაეხმარებიან ადამიანს, თუ ეცოდინებათ, რას ფიქრობს ის მსჯელობის საგანზე (იგავ. 20:5).

ცხადია, ყველა კეთილგანწყობით არ გამოეხმაურება ჩვენს შეკითხვებს. სწორედ ასე იყო იესოს შემთხვევაში, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მოწინააღმდეგეთათვის სიტყვის თქმის საშუალება მიეცა (მარ. 3:1—5). თუ ადამიანს აზრის გამოთქმის შესაძლებლობას მივცემთ, მას დაფიქრებისკენ აღვძრავთ. ამის შედეგად მან შეიძლება გაგვიზიაროს ის, რაც გულში აქვს. ჩვენი მსახურების ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ადამიანი გულით გამოეხმაუროს ღვთის სიტყვის ცნობას და მასში მოცემულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სწორი არჩევანი გააკეთოს (ებრ. 4:12).

მსახურებაში პაუზების სათანადოდ გამოყენება ნამდვილი ხელოვნებაა. პაუზების ეფექტურად გამოყენება აზრების ნათლად გამოხატვაში გვეხმარება და მსმენელს მათი უკეთესად დამახსოვრების შესაძლებლობას აძლევს.

პაუზების გამოყენება

  • კითხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებს.

  • ყურადღებით მოუსმინე გამოცდილ მომხსენებლებს და დააკვირდი პაუზების ადგილსა და ხანგრძლივობას.

  • თუ გინდა, რომ მსმენელმა დაიმახსოვროს მნიშვნელოვანი აზრი, გააკეთე პაუზა. ამის შედეგად მას ნათქვამი უკეთესად ჩაებეჭდება გონებაში.

  • საუბრისას სხვასაც მიეცი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და ყურადღებით მოუსმინე. ბოლომდე ათქმევინე სათქმელი. სიტყვას ნუ გააწყვეტინებ.

სავარჯიშო: ხმამაღლა წაიკითხე მარკოზის 9:1—13; სათანადო პაუზები გააკეთე სასვენ ნიშნებთან. ფრთხილად იყავი, ხანგრძლივი პაუზებით არასასიამოვნო მოსასმენი არ გახადო შენ მიერ წაკითხული ტექსტი. ვარჯიშის შემდეგ ვინმეს სთხოვე, მოგისმინოს და გირჩიოს, რა მხრივ გააუმჯობესო პაუზები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება