გაკვეთილი 5
ყურადღების მიმართვა ბიბლიაზე
1, 2. რატომ უნდა მივაპყროთ მსმენელის ყურადღება ბიბლიაზე?
1 მსახურებისას ჩვენი სურვილია, ყველას ყურადღება მივმართოთ ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე. იგი შეიცავს იმ ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ, და გვსურს, ხალხმა გაიგოს, რომ ის, რასაც ვეუბნებით, ჩვენგან კი არ მომდინარეობს, არამედ — ღვთისგან. ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი, ენდობიან ბიბლიას. როდესაც მათ ბიბლიიდან უკითხავენ, ისინი ისმენენ და მისი რჩევა გულთან ახლოს მიაქვთ. მაგრამ, როდესაც ისინი ბიბლიის საკუთარ ეგზემპლარში კითხულობენ, ეს მათზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ამიტომ სამქადაგებლო მსახურებისას, როდესაც სიტუაცია ნებას გრთავს, ბრძნულია, მობინადრეს უთხრა, გამოიტანოს ბიბლიის საკუთარი ეგზემპლარი და შენთან ერთად მოძებნოს მუხლები. მსგავსად ამისა, თუ კრების ყველა წევრს წაახალისებენ ბიბლიის გამოყენებისკენ, ახლებს უფრო გაუადვილდებათ იმის აღიარება, რომ ის არის ჩვენი რწმენის წყარო, და აგრეთვე ყველა მიიღებს სარგებლობას იმ დამატებითი ხაზგასმისგან, რომელიც ტექსტის პირადი წაკითხვით კეთდება.
2 ამიტომ, თუ შენი მსმენელი, როცა მიზანშეწონილია, ყურადღებით მიადევნებს თვალს ბიბლიიდან შენ მიერ ამოკითხულ ადგილებს, ეს დაგეხმარება მოხსენების მიზნის მიღწევაში. გააკეთებენ თუ არა ისინი ამას, ბევრად არის დამოკიდებული შენი მხრიდან ამისკენ სათანადო მოწოდებაზე. ეს საკითხი რჩევების ბლანკზე აღნიშნულია შემდეგნაირად: „მსმენელი აღძრულია, გამოიყენოს ბიბლია“.
3, 4. როგორ შეგვიძლია ამის ეფექტურად გაკეთება?
3 შეთავაზებით. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, პირდაპირ აუდიტორიას მიმართო თხოვნით, გამოიყენონ ბიბლია; ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება. ზოგჯერ მსგავსი შედეგის მიღწევა შეიძლება, უბრალოდ, წაკითხვის წინ იმის თქმით, თუ რომელ ადგილს კითხულობ; შესაძლოა, ასეთი სახით: „მოდი წავიკითხოთ მე-2 ტიმოთეს 3:1–5 და დავფიქრდეთ იმ პირობებზე, რომლებიც დღეს ჩვენს გარშემოა გამეფებული“. შემდეგ, როდესაც დაიწყებ მუხლის კითხვას, თვალი შეავლე მსმენელს და დააკვირდი, გაითვალისწინეს თუ არა შენი რჩევა. ჩვეულებრივ, ისინიც დაიწყებენ ბიბლიაში ამ ადგილის მოძებნას.
4 მომხსენებელი თვითონ წყვეტს, თუ რომელ მუხლებზე გაამახვილებინოს მსმენელს ყურადღება და ჩაახედოს ბიბლიაში. დააკვირდი მსმენელს. დაინტერესდი, ადევნებენ თუ არა ისინი თვალს. ზოგჯერ, მაშინაც კი, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო შენგან მოითხოვება მოხსენების მზა ტექსტის წაკითხვა, შეგიძლია ძირითადი მუხლები ისე გააშუქო, რომ აუდიტორიამ შენთან ერთად ადევნოს თვალი ბიბლიას.
5, 6. განმარტე, რატომ არის სასარგებლო მსმენელისთვის იმ მუხლების მოსაძებნად დროის მიცემა, რომლის წაკითხვასაც ვაპირებთ.
5 მუხლების მოსაძებნად დროის მიცემით. ბიბლიური მუხლის მხოლოდ დასახელება საკმარისი არ არის. თუ მსმენელს ჯერ ერთი მუხლი არ მოუძებნია და შენ უკვე სხვაზე გადადიხარ, ისინი, ბოლოს და ბოლოს, დაკარგავენ ხალისს და შეწყვეტენ მათ ძებნას. დააკვირდი მსმენელს და, როდესაც უმრავლესობა მოძებნის მუხლს, შემდეგ წაიკითხე.
6 ჩვეულებრივ, მუხლის წაკითხვამდე, წინასწარ უნდა თქვა, თუ რომელ მუხლს კითხულობ, რათა არ დაიკარგოს ძვირფასი დრო ხშირ და ხანგრძლივ პაუზებზე ან არასაჭირო „შევსებებზე“ იმ დროის განმავლობაში, როცა მსმენელი ეძებს მითითებულ მუხლს. მაგრამ სათანადო პაუზები აქ საჭიროა. მეორე მხრივ, თუ მუხლს, რომელიც უნდა წაიკითხო, უშუალოდ წაკითხვის წინ არ მოიხსენიებ, გახსოვდეს, რომ შენი ნათქვამიდან ზოგ რამეს ყურადღებით არ მოისმენენ. ამიტომ ასეთ შემთხვევებში ის აზრები, რომლებიც შენი არგუმენტის განვითარებასთანაა დაკავშირებული, უშუალოდ მუხლების ციტირების წინ უნდა მოიხსენიო.
-•-◂▸-•-
7–18. რა მეთოდების გამოყენება შეიძლება ბიბლიური მუხლების ეფექტურად წარსადგენად?
7 მოხსენებაში გამოყენებული მუხლები, ჩვეულებრივ, მოხსენების ძირითადი პუნქტებია. არგუმენტები ამ მუხლებზეა დაფუძნებული. თუ რამხელა წვლილს შეიტანს ისინი მოხსენებაში, დამოკიდებულია მათ ეფექტურ გამოყენებაზე. ამიტომ პუნქტი „ბიბლიური მუხლები სათანადოდაა წარმოდგენილი“, რომელიც მოცემულია რჩევების ბლანკზე, ერთ-ერთი საყურადღებო პუნქტია.
8 არსებობს ბიბლიური მუხლების წარდგენის, წაკითხვისა და გამოყენების მრავალი სხვადასხვა ხერხი. მაგალითად, ზოგჯერ მუხლებისთვის შესავლის გაკეთება არა მარტო წაკითხვისკენ წარმართავს, არამედ აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება ეს მუხლი, ხოლო წაკითხვა მხოლოდ ხაზს უსვამს ანუ საბოლოოდ ბეჭდავს ამ საკითხს გონებაში. მეორე მხრივ, ზოგი მუხლი განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს, როდესაც შესავლის გარეშე იკითხება, მაგალითად, მოხსენების დასაწყისში.
9 ბიბლიური მუხლების ეფექტურად წარდგენის სასწავლად, გააანალიზე, თუ რას აკეთებენ გამოცდილი მომხსენებლები. ეცადე, დაინახო ბიბლიური მუხლების წარდგენის სხვადასხვა ხერხები. იფიქრე მათ ეფექტურობაზე. მოხსენების მომზადებისას მეტი ყურადღება მიაქციე, თუ რა მიზნით არის ეს მუხლი მოყვანილი, განსაკუთრებით თუ ის მთავარი საკითხის ძირითადი მუხლია. ყურადღებით მოამზადე მისი შესავალი, რათა მუხლის გამოყენებამ უძლიერესი ეფექტი მოახდინოს. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მეთოდი:
10 შეკითხვა. შეკითხვები მოითხოვს პასუხებს. ისინი აღძრავს ფიქრისკენ. პასუხი მუხლიდან და მისი გამოყენებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მაგალითად, სისხლის გადასხმაზე საუბრის დროს მას შემდეგ, რაც აჩვენებ, რომ, ებრაული წერილების თანახმად, ის აკრძალულია, შეგიძლია მოიყვანო საქმეების 15:28, 29. მუხლის შესავლად შეგიძლია გამოიყენო შემდეგი შეკითხვა: „მაგრამ ვრცელდება თუ არა ეს აკრძალვა ქრისტიანებზეც? ყურადღება მიაქციეთ იმ ავტორიტეტულ გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ საუკუნეში ქრისტიანთა ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო სულიწმიდით“.
11 წარსადგენ მუხლზე დაფუძნებული მტკიცება ან პრინციპი. მაგალითად, დამნაშავეობის შესახებ მოხსენების წარმოთქმისას შეგიძლია თქვა: „თვით ამხანაგების შერჩევაც კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ჩვენში სწორი ან არასწორი თვალსაზრისის განვითარება განაპირობოს“. შემდეგ შენი მტკიცების მხარდასაჭერად, შეგიძლია წაიკითხო პავლეს სიტყვები 1-ლი კორინთელთა 15:33-დან.
12 ბიბლიაზე, როგორც ავტორიტეტზე, დაყრდნობა. დამატებითი მუხლის მოყვანამდე შეგიძლია უბრალოდ თქვა: „ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობს ღვთის სიტყვა ამ საკითხის შესახებ“. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ინტერესით ელოდნენ მუხლის წაკითხვას; ამიტომ მისი გამოყენებისთვის აშკარა საფუძველი არსებობს.
13 პრობლემა. ჯოჯოხეთის შესახებ მოხსენების წარმოთქმისას შეგიძლია თქვა: „თუ ადამიანი მარადიული ცეცხლის ალში იტანჯება, ეს ნიშნავს, რომ მას სიკვდილის შემდეგ უნდა ჰქონდეს მგრძნობელობა. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობს ეკლესიასტეს 9:5, 10“.
14 რამდენიმე ვარიანტიდან ერთის არჩევა. თუ პირდაპირ დასმული კითხვა ან საკითხი ძალიან რთულია კონკრეტული აუდიტორიისთვის, მოიყვანე რამდენიმე ვარიანტი და აჩვენე, როგორ იძლევა მასზე პასუხს მუხლი და მისი გამოყენება. კათოლიკესთან საუბრისას შეგიძლია გამოიყენო მათეს 6:9, რათა აჩვენო, თუ ვის მიმართ გვმართებს ლოცვა. პირდაპირ დასმულმა შეკითხვამ ან რთულმა საკითხმა შეიძლება მობინადრის აზროვნებაში მცდარი წარმოდგენები გამოიწვიოს, ამიტომ შეგიძლია უთხრა: «მრავალი შეხედულება არსებობს იმის შესახებ, თუ ვის მიმართ უნდა ვილოცოთ. ზოგი ამბობს მარიამის მიმართ, ზოგი — „წმინდანების“, ხოლო სხვები ამბობენ, რომ მხოლოდ ღვთის მიმართ. აი, რას ამბობს იესო ამის შესახებ».
15 ისტორიული ფონი. თუ გამოსყიდვის შესახებ მოხსენებაში იყენებ ებრაელთა 9:12-ს იმის საჩვენებლად, რომ იესომ საკუთარი სისხლი შემოგვწირა და „მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა“, შეიძლება აუცილებლად ჩათვალო, მუხლის წაკითხვამდე მოკლედ განმარტო, თუ რას ნიშნავს კარავში ‘წმიდა’ ადგილი, რომელშიც, პავლეს ნათქვამის თანახმად, იესო შევიდა.
16 კონტექსტი. ზოგჯერ ბიბლიური მუხლის წარდგენაში დამხმარეა მისი მიმდებარე მუხლების განხილვა. მაგალითად, ლუკას 20:25-ის გამოყენებისას იმის საჩვენებლად, თუ რას ნიშნავს „მიეცით კეისრისა კეისარს“, შეიძლება საჭიროდ ჩათვალო იმ შემთხვევის ახსნა, როდესაც იესომ კეისრის გამოსახულებიანი მონეტა გამოიყენა, როგორც ეს მოცემულია კონტექსტში.
17 კომბინირება. რასაკვირველია, შესაძლებელია ამ მეთოდების კომბინირებაც და ხშირად ამას კარგი შედეგი მოაქვს.
18 ბიბლიური მუხლის წარსადგენად წარმოთქმულმა შესავალმა საკმაო ინტერესი უნდა აღძრას, რათა მსმენელი ყურადღებით განეწყოს მის მოსასმენად, ამავე დროს, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს მუხლის გამოყენების მიზეზზე.
19, 20. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, აღძრულია თუ არა ინტერესი იმ მუხლისადმი, რომლის წაკითხვასაც ვაპირებთ?
19 მუხლებისადმი ინტერესი აღძრულია. როგორ შეგიძლია გაიგო, აღძარი თუ არა მუხლისადმი ინტერესი? პირველ რიგში, მსმენელის რეაქციით, მაგრამ იმითაც, თუ როგორ წარადგენ მას. თუ მსმენელი გაურკვევლობაში ვარდება იმის გამო, რომ არ წაიკითხე მუხლი მას შემდეგ, რაც მოიხსენიე ის ან იმ კითხვაზე პასუხის გაუცემლობის გამო, რომელიც ამ მუხლის წარსადგენ სიტყვებში დასვი, დარწმუნებული იყავი, რომ მუხლისადმი ინტერესი აღძრულია. რასაკვირველია, შესავალი თემასა და მუხლს უნდა შეესაბამებოდეს. და როგორც თვითონ მუხლი, ისე მისი გამოყენებაც უნდა პასუხობდეს კითხვას, რომელიც შესავალში დაისვა.
20 შესავალი, რომელიც მუხლის წარსადგენად გამოიყენება, შეიძლება შეედაროს ბუკის ხმას, რომელიც წინ უძღვის განცხადებებს. მაცნე იმისთვის კი არ გამოდის, რომ მთელი კონცერტი გამართოს. პირიქით, ბუკის მომხმობ ბგერებს მთელი ინტერესი და ყურადღება განცხადებისკენ გადააქვს. ასეთნაირად წარდგენილ შენ მიერ არჩეულ მუხლს მსმენელი სიამოვნებით მოისმენს და სარგებლობასაც მიიღებს.
21. რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მუხლის გამოყენების მიზეზზე?
21 ყურადღება გამახვილებულია მუხლის გამოყენების მიზეზზე. თუმცა მუხლის წარსადგენად ნათქვამ შესავალში კითხვა შესაძლოა ჯერ კიდევ უპასუხოდ იყოს დატოვებული, ის უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, რამდენიმე მიზეზს, რომლებიც აჩვენებს, თუ რატომ არის ეს მუხლი სათანადო და საყურადღებო. მაგალითად, როცა ლაპარაკია დედამიწის, როგორც ადამიანთა მუდმივი სახლის შესახებ, შეგიძლია გამოიყენო გამოცხადების 21:3, 4. ადრე მოყვანილ სხვა არგუმენტებთან ერთად შეგეძლო გეთქვა: „ახლა კი შემდეგ ბიბლიურ მუხლებში, გამოცხადების 21:3, 4-ში ვნახოთ, სად იქნება ღვთის კარავი, როდესაც ტანჯვა და სიკვდილი მოისპობა“. მუხლის წარსადგენად წარმოთქმულ შესავალში რაღაცის თვითონ მუხლისთვის სათქმელად დატოვება აღძრავს არა მარტო ინტერესს, არამედ ყურადღებასაც მიაპყრობს შენ მიერ მოყვანილი მუხლის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც მისი წაკითხვის შემდეგ ადვილად შეგიძლია გამოიყენო შენს მტკიცებებში. საღვთო წერილის არსისადმი ყურადღების ამგვარად მიმართვით შენ ხაზს უსვამ ღვთის სიტყვის მნიშვნელოვნებას.