სიხარული და ღვთის განდიდება კონგრესებზე
ბიბლიის მკვლევარები 1880-იანი წლების დასაწყისიდანვე მიხვდნენ, რომ, კრების ადგილობრივი შეხვედრების გარდა, მათთვის სასარგებლო იქნებოდა, გასცნობოდნენ სხვა ადგილებში მცხოვრებ თანამორწმუნეებს. ამიტომ მათ დაიწყეს ყოველწლიური კონგრესების მოწყობა, სადაც თავდაპირველად თითქმის მთელი შეერთებული შტატებიდან იკრიბებოდნენ ბიბლიის მკვლევარები, შემდეგ კი — კანადიდანაც. ეს სულიერი განახლების პერიოდები იყო; რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიეწოდებოდათ ბიბლიური დარიგებები და ყველა ურთიერთგამხნევებით ხარობდა. კონგრესებისთვის დამახასიათებელი გახდა ახალი მორწმუნეების მონათვლა. კონგრესები უფრო ფართო საჯარო დამოწმებასაც ემსახურებოდა (რომაელთა 1:11, 12).
დღეს იეჰოვას მოწმეები რეგულარულად ატარებენ კონგრესებს. ჩვეულებრივ, 18–25 კრება შეადგენს რაიონს, რომელსაც მიმომსვლელი ზედამხედველი ემსახურება. წელიწადში ორჯერ მთლიანი რაიონისთვის ან მისი ნაწილისთვის ტარდება კონგრესები, რომლებზეც შაბათს და/ან კვირას იკრიბებიან.
წელიწადში ერთხელ თითოეულ ქვეყანაში ტარდება უფრო დიდი, სამი ან ოთხდღიანი კონგრესები, რომლებსაც საოლქო ეწოდება და სადაც შეიძლება ათასობით ადამიანი შეიკრიბოს. ეს კონგრესები იეჰოვას მოწმეებისა და მათი საქმიანობით დაინტერესებული სხვა პიროვნებების სულიერი წინსვლისთვისაა გამიზნული; აგრეთვე, ამ კონგრესების საშუალებით ხდება საჯარო დამოწმება.
კონგრესების პროგრამას იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო ამზადებს და ეს პროგრამა მთელი მსოფლიო მასშტაბით იეჰოვას მოწმეების საჭიროებებზეა დაფუძნებული. მასში შედის მოხსენებები, განხილვები და ცხოვრებისეული მაგალითების ჩვენება, რომლებსაც ინსცენირებები ეწოდება და რომლებშიც მიმომსვლელი ზედამხედველები და კრების გამოცდილი წევრები ღებულობენ მონაწილეობას. სხვადასხვა პიროვნებებიც ყვებიან ცხოვრებისეულ მაგალითებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ უღვთო წუთისოფელში ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრების სიძნელეებს, ან იმას, თუ რა შედეგებს მიაღწიეს სამქადაგებლო მსახურებაში. საოლქო კონგრესების კიდევ ერთი თავისებურებაა ბიბლიური დრამა ან დრამა, რომელიც თანამედროვე ყოველდღიურ ცხოვრებაზეა დაფუძნებული და აღწერილია, თუ როგორ ართმევენ თავს ქრისტიანები დღევანდელ პრობლემებს.
კონგრესზე შესვენების დროს შესაძლებელია თანამორწმუნეებთან სასიამოვნო ურთიერთობა. ყველა სამუშაო, პროგრამის წაყვანის ჩათვლით, იეჰოვას მოწმეების მიერ ნებაყოფლობით სრულდება. კონგრესის კეთილმოწყობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ხარჯები ნებაყოფლობითი შესაწირავებით იფარება. დასწრება თავისუფალია და არ ხდება ფულის შეგროვება.
იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ კრებაში შეგიძლია გაიგო შენს მახლობლად სად და როდის არის დაგეგმილი კონგრესი. იქვე შეგიძლია გაიგო ინფორმაცია როგორც მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ორგანიზების, ასევე დაბინავების შესახებ.
ეს კონგრესები იეჰოვას მოწმეებსა და მათთან კავშირში მყოფ ყველა პიროვნებას ეხმარება, გაიხედონ თავიანთი ადგილობრივი კრებების იქით და დააფასონ მსოფლიო საძმოსთან ურთიერთობა (1 პეტრე 2:17).
• რა სარგებლობას ღებულობდნენ კონგრესებიდან ბიბლიის ადრინდელი მკვლევარები?
• აღწერე, როგორ ხდება სარაიონო და საოლქო კონგრესების ორგანიზება და პროგრამის შედგენა.
[სურათები 18 გვერდზე]
საოლქო კონგრესზე წარმოდგენილი ბიბლიური დრამა (აშშ).
საერთაშორისო კონგრესი (პოლონეთი).
საერთაშორისო კონგრესი (არგენტინა).
სარაიონო კონგრესი (იაპონია).
დელეგატები ღებულობენ ბიბლიურ ლიტერატურას (შვეიცარია).
ნათლობა საერთაშორისო კონგრესზე (სამხრეთ აფრიკა).
გამოიცა ახალი ბიბლიური პუბლიკაცია (კანადა).
კონგრესის დელეგატები სიმღერისას (ესპანეთი).