სრული დროით მსახურები — მოწინავენი სამქადაგებლო საქმიანობაში
შესაძლოა, პირველი იეჰოვას მოწმე, რომელიც შენთან მოვიდა, სრული დროით მსახური პიონერი ან მისიონერი იყო. რადგან იეჰოვას მოწმეებს თავიანთი მსახურებისთვის ხელფასს არ უხდიან, შეიძლება გაგიკვირდეს, როგორ შეუძლია ამ ხალხს მთელი დროის მსახურებისთვის დათმობა.
იეჰოვას ნებისმიერი მოწმე, რომელიც მიძღვნილი და მონათლულია, მონაწილეობს მსახურებაში, მაგრამ უმეტესობას აქვს ოჯახი ან სხვა ვალდებულებები აკისრია, რაც მსახურებისთვის კვირაში რამდენიმე საათზე მეტის დათმობის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ მსოფლიოში ათასობით იეჰოვას მოწმემ იმდენად სადა გახადა თავისი ცხოვრების დონე, რომ შეძლო ნახევარ განაკვეთზე მუშაობით მიღებული შედარებით ნაკლები ხელფასით ცხოვრება და მსახურებას წელიწადში 1 000-ზე მეტი საათი მიუძღვნა.
მართალია, სრული დროით მსახური პიონერები დიდი სიმდიდრის პატრონები არ არიან, მაგრამ მათთვის ეს არის პირველ რიგში ღვთის სამეფოს ძიება. და ისინი მრავალ კურთხევებს ღებულობენ. მხოლოდ ის, რომ პიროვნებას 90 საათის ან მეტის განმავლობაში სხვებთან ღვთის სამეფოს შესახებ საუბრის შესაძლებლობა აქვს, უკვე შესანიშნავია. სრული დროით მსახური დახელოვნებული ხდება მსახურებაში და აგრეთვე დრო აქვს, ხელი შეუწყოს, რომ ბოლომდე განავითაროს გამოვლენილი ინტერესი. ამას ძალიან გამამხნევებელი შედეგები მოაქვს. მატერიალურად მათ აქვთ ის, რაც აუცილებელია და კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ (მათე 6:33).
საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ 1943 წლის თებერვალში დააფუძნა ბიბლიური სკოლა გალაადი. ამ სკოლის მიზანი იყო გამოცდილი, სრული დროით მსახური პიონერების მომზადება უცხო ქვეყნებში მისიონერებად მსახურებისთვის. სწავლების ხუთთვიანი კურსი მოიცავს ბიბლიის, ბიბლიის ისტორიის, იეჰოვას ორგანიზაციისა და უცხო ქვეყნებში მსახურებასთან დაკავშირებული საკითხების გულმოდგინე შესწავლას.
საზოგადოება ფარავს მისიონერული დანიშნულების ადგილზე გადასვლისთვის საჭირო ხარჯებს, მისიონერებს ჯანსაღი საკვებითა და მისიონერულ სახლებში უბრალო საცხოვრებელი ოთახებით უზრუნველყოფს. საზოგადოება აგრეთვე მცირეოდენ თანხას აძლევს მისიონერებს პირადი ხარჯებისთვის. მისიონერები რიგ-რიგობით ღებულობენ მონაწილეობას სახლისთვის საჭირო ნივთების ყიდვაში, საჭმლის მომზადებასა და დასუფთავებაში. ასეთი გონივრული წესრიგი მისიონერებს კარდაკარ ქადაგებისა და დაინტერესებულ პიროვნებებთან ბიბლიის შესწავლისთვის თვეში სულ მცირე 140 საათის დათმობის საშუალებას აძლევს.
მრავალი მისიონერი თავისი სახლიდან და ოჯახიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებში ინიშნება. ისინი უნდა შეეგუონ განსხვავებულ ცხოვრებისეულ ნორმებსა და კულტურას, უცხო საკვებსა და ჩვეულებებს, განსხვავებულ კლიმატსა და სხვა ენაზე ლაპარაკს. ისინი ამას ადამიანებისადმი სიყვარულისა და მათთვის ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის გაგებაში დახმარების ძლიერი სურვილის გამო აკეთებენ.
საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურმა სკოლა გალაადმა 1943-დან 1996 წლამდე 101 კლასი და 7 000-ზე მეტი მისიონერი მოამზადა. საზოგადოების ხელმძღვანელობით მათ პირველებმა შეიტანეს ბიბლიური განათლება აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში; აგრეთვე ბევრი რამ გააკეთეს ევროპაში.
იეჰოვას მოწმეები, სრული დროით პიონერებად მსახურობენ თუ მისიონერებად, ან თუ მსახურებას გარკვეულ დროს უთმობენ, ამას უსასყიდლოდ აკეთებენ. ისინი ხარჯავენ საკუთარ დროსა და სახსრებს, აგრეთვე საკუთარ ენერგიასაც, რათა სხვებს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების მიღებაში დაეხმარონ (იოანე 17:3).
• როგორ ახერხებს იეჰოვას ზოგი მოწმე, მთელი თავისი დრო მსახურებას დაუთმოს, და რატომ აკეთებენ ისინი ამას?
• როგორ ხდება მისიონერების მომზადება?
• როგორ ხდება მისიონერების უზრუნველყოფა უცხო ქვეყნებში მათი დანიშნულების ადგილებზე?
[სურათები 22 გვერდზე]
მარცხნივ: სკოლა გალაადის საკლასო ოთახი (ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ).
მარჯვნივ: მისიონერი ღვთის სიტყვას ასწავლის პაპუა-ახალ გვინეაში.
[სურათები 23 გვერდზე]
პიონერები და მისიონერები ღვთის სიტყვას ქადაგებენ სხვადასხვა ქვეყნებში.
ბრაზილია
დომინიკელთა რესპუბლიკა
ესპანეთი
სიერა ლეონე (აფრიკა)