ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსური უზრუნველყოფა
ზემოთ აღწერილი ყველა საქმიანობა ნებაყოფლობით მომუშავეთა შრომაზეა დაფუძნებული და ამგვარად ეს დაბალი თვითღირებულების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. კარდაკარ მსახურებისა და ლიტერატურის გავრცელების საქმეს იეჰოვას მოწმეები ნებაყოფლობით ასრულებენ. ისინი თვითონ ფარავენ საკუთარ ხარჯებს. უხუცესები, რომლებიც კრებებს ზედამხედველობენ და რომლებსაც სამსახურებრივი თანაშემწეები ეხმარებიან, თავიანთი მსახურებისთვის არავითარ ფულად ანაზღაურებას არ ღებულობენ. ისინი საკუთარ ხარჯებს თვითონ ფარავენ.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიც კი, როგორც ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის მომზადებასა და გამოცემაზე მომუშავე ყველა სრული დროით მსახური, მხოლოდ საცხოვრებელ ოთახს, საკვებსა და პირადი ხარჯებისთვის მცირე თანხას ღებულობენ. იმავეს თქმა შეიძლება სრული დროით მსახური მიმომსვლელი ზედამხედველების შესახებაც.
ჩვენი ლიტერატურა უფასოდ ვრცელდება მათი წაკითხვით ნამდვილად დაინტერესებულ ადამიანებში. მასალების, წარმოებისა და გადატანის ხარჯები ძირითადად დაინტერესებული პიროვნებებისა და თვითონ იეჰოვას მოწმეების მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით, მემკვიდრეობით მიღებული ქონების შეწირვითა და სხვა მსგავსი შემოწირულობებით იფარება.
იეჰოვას მოწმეების ყველა შეხვედრაზე, იქნება ეს ადგილობრივი შეხვედრები თუ კონგრესები, დგას შესაწირავების ყუთები, რომლებიც მსურველებს შესაწირავების გაღების შესაძლებლობას აძლევს. არ ხდება არავითარი ფულის შეგროვება. არ არსებობს არავითარი ვალდებულება ან მეათედი, რომელიც უნდა გადაიხადონ. როგორც საღვთო წერილშია აღნიშნული, თითოეულს შეუძლია გულიდან გამომდინარე შესაწირავის გაღება (2 კორინთელთა 8:12; 9:7).
• როგორ ხდება იეჰოვას მოწმეთა ნებისმიერი საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა?