რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?
„თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ — იკითხა იობმა დიდი ხნის წინ (იობი 14:14). შესაძლოა, შენც გსურს, იცოდე ამის შესახებ. რას იგრძნობდი, თუ გეცოდინებოდა, რომ საყვარელ განსვენებულებთან შეხვედრა შესაძლებელია სწორედ აქ, დედამიწაზე, საუკეთესო პირობებში?
ბიბლია გვპირდება: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან“. ბიბლია, ასევე ამბობს: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ესაია 26:19; ფსალმუნი 36:29).
მტკიცედ რომ ვირწმუნოთ ეს დაპირებები, საჭიროა რამდენიმე ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემა: რატომ კვდებიან ადამიანები? სად იმყოფებიან მკვდრები? და რით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ისინი კვლავ იცოცხლებენ?
სიკვდილი და რა ხდება სიკვდილის დროს
ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთს თავდაპირველად არ დაუწესებია ადამიანებისთვის სიკვდილი. მან შექმნა ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა, დაასახლა დედამიწაზე, სამოთხეში, რომელსაც ერქვა ედემი, დაავალა, რომ ჰყოლოდათ ბავშვები და სამოთხე გაევრცელებინათ მთელ დედამიწაზე. ისინი მოკვდებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებოდნენ ღმერთის მითითებებს (დაბადება 1:28; 2:15–17).
ღმერთის სიკეთისადმი მადლიერების გრძნობის უკმარისობის გამო, ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს და პასუხისგება მოუწიათ წინასწართქმული სასჯელის მიხედვით. „მიწად მიიქცეოდე, — უთხრა ღმერთმა ადამს, — რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). ადამი შექმნამდე არ არსებობდა; ის მტვერი იყო. თავისი დაუმორჩილებლობით, ანუ ცოდვით განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს — დაუბრუნდა მტვერს, არარსებობის მდგომარეობას.
მაშასადამე, სიკვდილი არის სიცოცხლის არარსებობა. ბიბლია ხაზს უსვამს ამ კონტრასტს: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლის ნიჭი — მარადიული სიცოცხლე“ (რომაელთა 6:23). რათა გვიჩვენოს, რომ სიკვდილი არის სრული უგრძნობლობის მდგომარეობა, ბიბლია ამბობს: „რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ადამიანის სიკვდილს ბიბლია ასე ხსნის: „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:3, 4).
მაგრამ, რატომ ვკვდებით ჩვენ ყველა, თუ მხოლოდ ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს ედემში? ეს იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანი დაიბადა ადამის დაუმორჩილებლობის შემდეგ და ამიტომ ჩვენ ყველამ მისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა და სიკვდილი. ბიბლია ხსნის: „როგორც ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“ (რომაელთა 5:12; იობი 14:4).
შეიძლება ვინმემ იკითხოს: „ნუთუ არა აქვს ადამიანს უკვდავი სული, რომელიც სიკვდილს გადაიტანს? “ მრავალი ფიქრობს ასე, და იმასაც კი ამბობს, რომ სიკვდილი სხვა სიცოცხლეში გადასვლაა. მაგრამ ეს აზრი არ გამომდინარეობს ბიბლიიდან. პირიქით, ღმერთის სიტყვა ასწავლის, რომ შენ ხარ სული, რომ შენი სული, სინამდვილეში, შენ ხარ, ყველა ფიზიკურ და აზრობრივ მხარეებთან ერთად (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; იერემია 2:34, ძვო; იგავნი 2:10). ბიბლია, აგრეთვე ამბობს: „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4). ბიბლია არსად ასწავლის, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ აგრძელებს სიცოცხლეს.
როგორ შეუძლიათ ადამიანებს ხელახლა ცხოვრება
ქვეყნიერებაში ცოდვისა და სიკვდილის შემოსვლის შემდეგ ღმერთმა ცნობილი გახადა, რომ განიზრახა მკვდარი ადამიანის სიცოცხლეში დაბრუნება, აღდგენის მეშვეობით. ამიტომ ბიბლია ხსნის: „ [აბრაამმა] მიიჩნია, რომ ღმერთს [მისი ძის, ისააკის] მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს“ (ებრაელთა 11:17–19). აბრაამის დაჯერებულობა არ იყო უსაფუძვლო, ვინაიდან ბიბლია ყოვლისშემძლეზე ამბობს: „ღმერთი მკვდრებისა კი არა, არამედ ცოცხლებისაა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია“ (ლუკა 20:37, 38).
დიახ, ყოვლისშემძლე ღმერთს აქვს არა მხოლოდ ძალა, არამედ, სურვილიც, აღადგინოს პიროვნებები, რომლებსაც ირჩევს. იესო ქრისტემაც თქვა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და. . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29; საქმე 24:15).
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ იესო შეხვდა ისრაელის ქალაქ ნაინიდან მომავალ დამკრძალავ პროცესიას. მკვდარი იყო ქვრივი ქალის დედისერთა ყმაწვილი. დამწუხრებული ქალის შემხედვარე იესო სიბრალულით აივსო. ამიტომ, გვამს მიმართა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ! “ ყმაწვილი წამოჯდა და იესომ გადასცა იგი დედამისს (ლუკა 7:11–17).
ამ ქვრივის შემთხვევის მსგავსად კიდევ იყო დიდი აღფრთოვანების მიზეზი, როდესაც იესო სახლში ეწვია იუდეველთა სინაგოგის მთავარს, იაიროსს. მისი 12 წლის გოგონა მოკვდა. მაგრამ, როდესაც იესო შევიდა იაიროსის სახლში, მიუახლოვდა მის მკვდარ ქალიშვილს და უთხრა: „გოგონა, ადექ! “ ისიც წამოდგა! (ლუკა 8:40–56).
მოგვიანებით, მოკვდა იესოს მეგობარი, ლაზარე. როცა იესო მივიდა მის სახლში, ლაზარე ოთხი დღის მკვდარი იყო. ღრმად დამწუხრებულმა ლაზარეს დამ, მართამ, გამოამჟღავნა იმედი და თქვა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“. მაგრამ, იესო მიუახლოვდა სამარხს, ბრძანა, გადაეწიათ ლოდი და დაიძახა: „ლაზარე, გამოდი! “ ისიც გამოვიდა! (იოანე 11:11–44).
შენი აზრით, სად იყო ლაზარე იმ ოთხი დღის განმავლობაში, როცა მკვდარი იყო? ლაზარეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ნეტარებდა ზეცად ან ჩასული იყო ჯოჯოხეთში, ვინაიდან სადმე რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად იტყოდა. არა, სიკვდილის დროს ლაზარე სრულიად უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ასევე დარჩებოდა ‘აღდგომამდე, უკანასკნელ დღემდე’, იესოს რომ არ დაებრუნებინა მისთვის სიცოცხლე.
იესოს სასწაულებს მხოლოდ დროებითი სარგებელი მოჰქონდა, რადგანაც ისინი, ვინც მან აღადგინა მკვდრეთით, ხელახლა მოკვდნენ. მიუხედავად ამისა, მან 1 900 წლის წინ დაამტკიცა, რომ ღმერთის ძალის დახმარებით მკვდრებს ნამდვილად შეუძლიათ ხელახლა ცხოვრება! ამიტომ, თავისი სასწაულებით იესომ მცირე ზომით აჩვენა, თუ რა მოხდება დედამიწაზე ღმერთის სამეფოს მმართველობის დროს.
როდესაც საყვარელი ადამიანი კვდება
როდესაც საყვარელ ადამიანს მტერი, სიკვდილი, განგმირავს, შეიძლება მწუხარება დიდი იყოს მაშინაც კი, როცა, შესაძლოა, გაქვს აღდგომის იმედი. აბრაამს სწამდა, რომ თავის ცოლს უნდა ეცხოვრა ხელახლა, მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ, რომ „მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად“ (დაბადება 23:2). ხოლო, რა შეიძლება ითქვას იესოს შესახებ? ლაზარეს სიკვდილის გამო მან „ამოიოხრა სულით და დაღონდა“, ცოტა ხნის შემდეგ კი, „აცრემლდა“ (იოანე 11:33, 35). ამიტომ, როდესაც შენთვის საყვარელი ადამიანი კვდება, ტირილი არ ნიშნავს სისუსტეს.
ბავშვის სიკვდილი განსაკუთრებით მძიმეა დედისთვის. ბიბლიაც გვიდასტურებს, რომ დედა ღრმა მწუხარებას განიცდის (მეოთხე მეფეთა 4:27). რა თქმა უნდა, შვილის დაკარგვა მამისთვისაც ძნელია. „ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი“, დასტიროდა მკვდარ შვილს, აბესალომს, მეფე დავითი (მეორე მეფეთა 19:1).
და მაინც, როცა გაქვს აღდგომის იმედი, შენი მწუხარება არ იქნება გაუნელებელი. როგორც ბიბლია ამბობს: „არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თესალონიკელთა 4:13). უფრო მეტიც, შენ უნდა მიუახლოვდე ღმერთს ლოცვით; ბიბლია გვპირდება, რომ „ის შეგეხიდება“ (ფსალმუნი 54:23).
თუ არ არის მითითება, ებრაული წერილებიდან ციტირებული ტექსტი აღებულია ბიბლიიდან „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989“. ციტატები ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან კი აღებულია წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა.