თავი 8
რა ხდება სიკვდილის დროს?
1. რა კითხვები ებადებათ, ხშირად, ადამიანებს მკვდრების შესახებ?
შეიძლება შენთვის ნაცნობია დანაკლისის გრძნობა, რომელსაც განიცდიან საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო. როგორ უკიდურესად დამწუხრებულად და უმწეოდ შეიძლება გრძნობდე თავს! ამიტომ, ბუნებრივია, მრავალს ებადება კითხვა: „რა ემართება ადამიანს სიკვდილის დროს? თუ აგრძელებს ცხოვრებას სადმე? თუ შეუძლიათ ცოცხლებს კვლავაც გაიხარონ აქ, დედამიწაზე, მათთან ურთიერთობით, ვინც ახლა მკვდარია?“
2. რა დაემართა პირველ ადამიანს, ადამს, სიკვდილის დროს?
2 ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება იმის ცოდნა, თუ რა დაემართა ადამს სიკვდილის დროს. როდესაც ადამმა შესცოდა, ღმერთმა უთხრა: „მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). დაუფიქრდი რას ნიშნავს ეს. სანამ ღმერთი შექმნიდა მას მტვრისგან, ადამი არ არსებობდა. სიკვდილის შემდეგ ადამი კვლავ დაუბრუნდა არარსებობის მდგომარეობას.
3. ა) რა არის სიკვდილი? ბ) რა არის ნათქვამი ეკლესიასტეს 9:5, 10-ში მკვდრების მდგომარეობაზე?
3 უბრალოდ რომ ვთქვათ, სიკვდილი სიცოცხლის საპირისპიროა. ბიბლია ამას გვიჩვენებს ეკლესიასტეს 9:5, 10-ში: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“.
4. ა) რა ემართება ადამიანის აზროვნების უნარს სიკვდილის დროს? ბ) რატომ წყვეტს სიკვდილის დროს ადამიანის ყველა გრძნობა ფუნქციონირებას?
4 ეს ნიშნავს, რომ მკვდრებს არაფრის გაკეთება შეუძლიათ და არც არაფერს გრძნობენ. ისინი მეტად აღარ აზროვნებენ, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სულიa, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:3, 4). ადამიანის სული (რუაჰ), მისი სასიცოცხლო ძალა, რომელიც სუნთქვის საშუალებით ნარჩუნდება, სიკვდილის დროს ‘გამოდის’ მისგან. ის მეტად აღარ არსებობს. ადამიანის გრძნობები — სმენა, მხედველობა, შეხება, ყნოსვა და გემოვნება — რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული აზროვნების უნართან, წყვეტენ ფუნქციონირებას. ბიბლიის თანახმად, მკვდრები სრულიად უგრძნობ მდგომარეობაში არიან.
5. ა) როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ სიკვდილის დროს ადამიანები და ცხოველები ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან? ბ) რა არის „სული“ (რუაჰ), რომლითაც ნარჩუნდება სიცოცხლე, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში?
5 როგორც ადამიანები, ასევე ცხოველებიც, სიკვდილის დროს ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი ცნობიერება. ყურადღება გაამახვილე, თუ როგორი ხაზგასმით აღნიშნავს ამას ბიბლია: „რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია — ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა“ (ეკლესიასტე 3:19, 20). სულის (რუაჰ) მეშვეობით ნარჩუნდება სიცოცხლე, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. როდესაც ეს „სული“ (რუაჰ), ანუ სასიცოცხლო ძალა წყვეტს ფუნქციონირებას, როგორც ადამიანები, ასევე ცხოველებიც მიიქცევიან მტვრად, რომლისგანაც იყვნენ შექმნილი.
სული (ნეფეშ) კვდება
6. როგორ ნათელყოფს ბიბლია, რომ ცხოველები სულები (ნეფეშ) არიან?
6 ზოგიერთის აზრით, ადამიანი ცხოველისაგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანს სული (ნეფეშ) აქვს. მაგრამ დაბადების 1:20-სა და 30-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა ‘ყოველი სულდგმული [ცოცხალი სული, აქ]’ წყალში საცხოვრებლად და რომ ცხოველებს აქვთ „სიცოცხლე, როგორც სული [აქ]“. ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი ამ მუხლებში სიტყვა „სულის“ (ნეფეშ) ნაცვლად იყენებს „არსებას“ ან „სიცოცხლეს“, მაგრამ სქოლიოში მიუთითებს, რომ თავდაპირველ ტექსტში წერია სიტყვა „სული“ (ნეფეშ). ერთ-ერთი ბიბლიური მუხლი, რომელშიც ცხოველებს სულები (ნეფეშ) ეწოდებათ, ესაა რიცხვნის 31:28, სადაც ნათქვამია: „თითო სული ხუთასზე — ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან“.
7. რა არის ნათქვამი ბიბლიაში, იმის დასამტკიცებლად, რომ როგორც ცხოველის, ასევე ადამიანის სული (ნეფეშ) კვდება?
7 რადგან ცხოველები არიან სულები (ნეფეშ), სიკვდილის დროს კვდება მათი სული (ნეფეშ). ბიბლია ამბობს: „დაიხოცა ყველა ცოცხალი სული ზღვაში“ (გამოცხადება 16:3, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ხოლო რა ემართება ადამიანის სულს (ნეფეშ)? ჩვენ წინამდებარე თავიდან გავიგეთ, რომ ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი სულთან (ნეფეშ) ერთად. ადამიანი — თვითონ არის სული (ნეფეშ). მაშასადამე, როდესაც ადამიანი კვდება — კვდება მისი სული (ნეფეშ). ბიბლია ისევ და ისევ ადასტურებს ამას. მასში საერთოდ არ არის ნათქვამი, რომ სული უკვდავია, ან რომ მას არ შეუძლია სიკვდილი. „[ღმერთის] წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა“ (ფსალმუნი 21:30). „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ — აცხადებს ეზეკიელი 18:4-სა და 20-ში. თუ მიმართავ ფსალმუნებს, აღმოაჩენ მრავალ მუხლს, რომლებშიც ნათქვამია, რომ სული (ნეფეშ) შეიძლება განადგურდეს, ანუ მოკვდეს (ფსალმუნი 25:9; 32:19; 39:15; 55:14; 62:10; 77:50; 114:8).
8. საიდან ვიცით, რომ იესო ქრისტე მოკვდა, როგორც ადამიანი, სული (ნეფეშ)?
8 ბიბლიამ იესო ქრისტეზე იწინასწარმეტყველა: „განეცა სიკუდიდ სული მისი. . . მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა“ (ესაია 53:12, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). მოძღვრება გამოსყიდვის შესახებ ამტკიცებს, რომ სულმა [ადამმა] შესცოდა და ადამიანთა გამოსასყიდად უნდა შეწირულიყო შესაფერისი სული [ადამიანი]. ქრისტემ ‘სასიკვდილოდ გაწირა სული’ და ამით უზრუნველყო გამოსყიდვა. იესო მოკვდა, როგორც ადამიანი, სული (ნეფეშ).
9. რას ნიშნავს გამოთქმა: „სული [რუაჰ] დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“?
9 როგორც ვნახეთ, „სული“ (რუაჰ) სრულიად სხვაა, ვიდრე „სული“ (ნეფეშ). „სული“ (რუაჰ) არის ჩვენი სასიცოცხლო ძალა. ეს სასიცოცხლო ძალა იმყოფება როგორც ადამიანის, ასევე ცხოველის სხეულის თითოეულ უჯრედში. ის სუნთქვით ნარჩუნდება. მაშინ, რას უნდა ნიშნავდეს ბიბლიის სიტყვები, რომ სიკვდილისას „მიიქცეოდეს მტვერი მიწად. . . და სული [რუაჰ] დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა [მისცა, ძვო]“? (ეკლესიასტე 12:7). სიკვდილის დროს სასიცოცხლო ძალა თანდათანობით ტოვებს სხეულის ყველა უჯრედს და სხეული იწყებს ხრწნას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სასიცოცხლო ძალა პირდაპირი მნიშვნელობით ტოვებს დედამიწას და სივრცის გავლით მიფრინავს ღმერთთან. სული (რუაჰ) ბრუნდება ღმერთთან იმ გაგებით, რომ ამჟამად ჩვენი მომავალი სიცოცხლის იმედი დამოკიდებულია შემოქმედზე. მხოლოდ ღმერთს შეუძლია თავისი ძალით ხელახლა მოგვცეს სული (რუაჰ), ანუ სასიცოცხლო ძალა, რომ კვლავ ვიცოცხლოთ (ფსალმუნი 103:29, 30).
ლაზარე — ოთხი დღის მკვდარი ადამიანი
10. რა თქვა იესომ ლაზარეს მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე მკვდარი იყო?
10 თუ განვიხილავთ ლაზარეს შემთხვევას, რომელიც ოთხი დღე იყო მკვდარი, უკეთესად გავიგებთ, როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან მკვდრები. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა. მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება“. მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა: „ლაზარე მოკვდა“. რატომ თქვა იესომ, რომ ლაზარემ დაიძინა, თუ სინამდვილეში ის მკვდარი იყო? მოდი, ვნახოთ.
11. რა გააკეთა იესომ მკვდარი ლაზარესთვის?
11 როდესაც იესო მიუახლოვდა იმ სოფელს, სადაც ლაზარე ცხოვრობდა, შეხვდა მართას, ლაზარეს დას. შემდეგ ისინი, სხვებთან ერთად, წავიდნენ ლაზარეს სამარხისკენ. ეს იყო გამოქვაბული, რომლის შესასვლელთან იდო ლოდი. იესომ თქვა: „მოაშორეთ ლოდი“. რამდენადაც ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო, მართამ იუარა: „უფალო უკვე ყარს“. მაგრამ ლოდი მაინც მოაშორეს და იესომ დიდი ხმით დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ და ის გამოვიდა! ის ცოცხალი გამოვიდა, ხელ-ფეხი და სახე სახვევებითა და სუდარით ჰქონდა შეხვეული. იესო ეუბნება მათ: „გახსენით, გაუშვით, იაროს“ (იოანე 11:11–44).
12, 13. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მკვდარი ლაზარე უგრძნობ მდგომარეობაში იყო? ბ) რატომ თქვა იესომ, რომ ლაზარეს სძინავს, თუკი სინამდვილეში მკვდარი იყო?
12 ახლა კი დაუფიქრდი შემდეგს: როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა მკვდარი ლაზარე ოთხი დღის განმავლობაში? იყო ის ზეცაში? ლაზარე კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ზეცაში იყო. ის კი ამას ნამდვილად მოყვებოდა, იქ რომ ყოფილიყო. როგორც იესომ თქვა, ლაზარე ნამდვილად მკვდარი იყო. მაშ, რატომ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს, რომ ლაზარეს სძინავს?
13 იესომ იცოდა, რომ მკვდარი ლაზარე უგრძნობ მდგომარეობაში იყო, როგორც ამას ამბობს ბიბლიაც: ‘მკვდრებმა არაფერი იციან’ (ეკლესიასტე 9:5). მაგრამ ცოცხალი ადამიანის ღრმა ძილისგან გამოღვიძება შესაძლებელია. ამგვარად იესოს სურდა ეჩვენებინა, რომ ღმერთისგან მიცემული ძალით, შეიძლებოდა თავისი მეგობარი ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა.
14. რისკენ უნდა აღგვძრას იმის ცოდნამ, რომ ქრისტეს შესწევს მკვდრების აღდგენის ძალა?
14 როდესაც ადამიანს ღრმად სძინავს, არაფერი ახსოვს. მსგავს მდგომარეობაში არიან მკვდრებიც. ისინი არაფერს გრძნობენ, რადგან მეტად აღარ არსებობენ. მაგრამ დადგენილ დროს ღმერთის მიერ გამოსყიდული მკვდრები აღდგებიან (იოანე 5:28). ამ შემეცნებამ უსათუოდ უნდა აღძრას ჩვენში სურვილი — მივაღწიოთ ღმერთის კეთილგანწყობას. თუკი ჩვენ დავიმსახურებთ ამას, კიდეც რომ მოვკვდეთ, ღმერთი გაგვიხსენებს და აღგვადგენს (1 თესალონიკელთა 4:13, 14).
[სქოლიოები]
a აქ გამოყენებული სიტყვა „სული“ გადმოთარგმნილია ებრაული სიტყვიდან „რუაჰ“, რომელიც ნიშნავს სასიცოცხლო ძალას. როგორც უკვე გავიგეთ, ებრაული სიტყვა „ნეფეშ“-იც თარგმნილია სიტყვით „სული“ (იხილე მე-7 თავის მე-9 აბზაცის სქოლიო). ამიტომ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ამ თავში სიტყვა „სულს“ მიწერილი აქვს შესაბამისი ებრაული სიტყვა.
[სურათი 76-ე გვერდზე]
ადამი — შექმნილი იყო მტვრისგან. . . დაუბრუნდა მტვერს.
[სურათი 78-ე გვერდზე]
რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ლაზარე, სანამ იესო აღადგენდა მას?