თავი 15
როგორ ხდებიან ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომები
1, 2. რა არის აუცილებელი, რომ გახდე ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი?
გსურს თუ არა იცხოვრო მარადიულად დედამიწაზე ღმერთის მთავრობის ხელმძღვანელობით? საღად მოაზროვნე ყოველი ადამიანი დადებითად უპასუხებდა ამ კითხვაზე! ასეთ ცხოვრებას თან სდევს შესანიშნავი კურთხევა. მაგრამ რომ მიაღწიო ამას, საკმარისი არ არის ხელი ასწიო და თქვა: „მე მსურს ვიყო ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი“. ამისთვის უფრო მეტია საჭირო.
2 დავუშვათ, გსურს გახდე რომელიმე ქვეყნის მოქალაქე. ამ მიზნისთვის შენ უნდა შეასრულო იმ ქვეყნის მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნები. მაგრამ ვიდრე შეძლებ ამის გაკეთებას, ჯერ უნდა გაეცნო ამ მოთხოვნებს. მსგავსად ამისა, საჭიროა გაეცნო ღმერთის მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი, შემდეგ კი შეასრულო ისინი.
აუცილებელია შემეცნება
3. რომელია ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ გახდე ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი?
3 ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომობის მსურველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ შეიძინონ შემეცნება მისი „ენის“ შესახებ. ეს ნამდვილად მიზანშეწონილია. ადამიანთა ზოგიერთი მთავრობა თავისი ახალი ქვეშევრდომებისგან მოითხოვს, რომ მათ შეეძლოთ ამ ქვეყნის ენაზე ლაპარაკი. მაგრამ რომელი „ენა“ უნდა შეისწავლონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომები იქნებიან?
4. რომელი ‘სუფთა ენის’ შესწავლაა აუცილებელი ღმერთის მსახურებისთვის?
4 ყურადღება მიაქციე, რა თქვა იეჰოვამ ამის შესახებ, თავის სიტყვაში, ბიბლიაში: „მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს [მივცემ სუფთა ენას, აქ], რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ“ (სოფონია 3:9). ეს ‘სუფთა ენა’ არის ღმერთის ჭეშმარიტება, რომელიც ბიბლიაშია მოცემული. განსაკუთრებით კი ესაა ჭეშმარიტება ღმერთის სამეფო მთავრობის შესახებ. მაშასადამე, ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი რომ გახდე, უნდა დაეუფლო ამ „ენას“, რაც მიიღწევა იეჰოვასა და მისი სამეფოს წყობილების შესახებ შემეცნების მიღებით (კოლასელთა 1:9, 10; იგავნი 2:1–5).
5. ა) რა უნდა ვიცოდეთ ღმერთის მთავრობის შესახებ? ბ) როგორი შემეცნებაა აუცილებელი, რომ მივაღწიოთ მარადიულ სიცოცხლეს?
5 დღეს ზოგიერთი ადამიანთა მთავრობა მათგან, რომლებსაც სურთ გახდნენ მათი ქვეყნის მოქალაქეები, მოითხოვს გარკვეულ ცოდნას სახელმწიფოს ისტორიასა და ფუნქციასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ. იმავეს ცოდნა გმართებს ღმერთის მთავრობის შესახებ, თუ გსურს გახდე მისი ქვეშევრდომი. ამ შემეცნებას შეუძლია მიგიყვანოს მარადიულ სიცოცხლემდე. იეჰოვას მიმართ ლოცვისას იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
6. ა) რომელია ზოგიერთი კითხვა, რომლის პასუხიც უნდა იცოდნენ ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომებმა? ბ) შეგიძლია თუ არა პასუხი გასცე ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს?
6 თუ შეისწავლე ამ წიგნის წინამდებარე თავები, უკვე უნდა ფლობდე ამ მნიშვნელოვანი შემეცნების დიდ ნაწილს. ფლობ თუ არა მას? მაგალითად, შეგიძლია თუ არა პასუხი გასცე შემდეგ კითხვებზე: როდის ახსენა პირველად ღმერთმა თავისი განზრახვა სამეფო მთავრობის შექმნის შესახებ? ღმერთის რომელი მსახურები იმედოვნებდნენ, გამხდარიყვნენ ამ მთავრობის მიწიერი ქვეშევრდომები? რამდენი მმართველი, ანუ მეფე ეყოლება ღმერთის მთავრობას? საიდან უნდა მართონ ამ მეფეებმა? ვინ იყვნენ ამორჩეული პირველად, რომ ყოფილიყვნენ ღმერთის მთავრობის მეფეები? როგორ დაამტკიცა იესომ, რომ კარგი მეფე იქნება? ღმერთის სამეფოს ქვეშევრდომი რომ გახდე, მოგეთხოვება უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ცოდნა ამ სამეფოს შესახებ.
მოითხოვება უბიწო მოქცევა
7. როგორი სხვადასხვა მოთხოვნებია წამოყენებული ადამიანთა მთავრობების მიერ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით?
7 დღეს მთავრობები მოითხოვენ, რომ ახალი მოქალაქეები დაემორჩილონ ქცევის გარკვეულ ნორმებს. მაგალითად, მათ შეიძლება დაადგინეს, რომ მამაკაცს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და ქალს — მხოლოდ ერთი ქმარი. ზოგიერთ მთავრობას სხვა კანონები აქვს. ისინი თავიანთ მოქალაქეებს ნებას რთავენ ჰყავდეთ ერთზე მეტი მეუღლე. ქცევის როგორი ნორმებია მოსალოდნელი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ გახდნენ ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომები? რას ამბობს ღმერთი ქორწინების შესახებ?
8. ა) როგორია ღმერთის ნორმა ქორწინებისთვის? ბ) რა არის მრუშობა და რას ამბობს ამის შესახებ ღმერთი?
8 იეჰოვამ დასაწყისშივე დაადგინა ქორწინების ნორმა, როდესაც ადამს მისცა მხოლოდ ერთი ცოლი. ღმერთმა თქვა: „მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბადება 2:21–24). იესომ ახსნა, რომ ქრისტიანებისთვის ეს მართებული ნორმაა (მათე 19:4–6). რამდენადაც ცოლ-ქმარი „ერთხორცად იქცნენ“, ისინი ბილწავენ ქორწინებას თუ სხვა ვინმესთან აქვთ სქესობრივი კავშირი. ამას ეწოდება მრუშობა და ღმერთი ამბობს, რომ გაასამართლებს მრუშებს (ებრაელთა 13:4; მალაქია 3:5).
9. ა) რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი? ბ) რა არის სიძვა?
9 არსებობს მრავალი წყვილი, რომლებიც ცხოვრობენ ერთად და აქვთ სქესობრივი კავშირი, მაგრამ არ ქორწინდებიან. ღმერთს კი არ სურს, რომ მამაკაცსა და ქალს შორის ეს მჭიდრო კავშირი მხოლოდ საცდელი იყოს. მაშასადამე, ქორწინების გარეშე ასეთი ერთობლივი ცხოვრება ცოდვაა ღმერთის წინაშე, რომელმაც დაადგინა ქორწინების წესი. ამას სიძვა ეწოდება. სიძვა არის სქესობრივი კავშირი დაუქორწინებელ ადამიანთა შორის. ბიბლიაში ნათქვამია: „ვი ნაიდან ღვთის ნებაა. . . განერიდოთ სიძვას“ (1 თესალონიკელთა 4:3–5). მაშასადამე, დაუქორწინებელი ადამიანისთვის ვინმესთან სქესობრივი კავშირის დამყარება დაუშვებელია.
10. კიდევ რომელი სექსუალური მოქმედებებით ირღვევა ღმერთის კანონი?
10 ამჟამად მრავალი ადამიანი ამყარებს სქესობრივ კავშირს თავისივე სქესის წარმომადგენელთან — მამაკაცი მამაკაცთან და ქალი ქალთან. ასეთ პირებს ჰომოსექსუალისტები ეწოდებათ. ჰომოსექსუალისტ ქალებს კი — ლესბოსები. მაგრამ ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ ასეთი საქციელი არასწორია და ‘სამარცხვინო’ (რომაელთა 1:26, 27). ასევე ღმერთის კანონს ეწინააღმდეგება ცხოველებთან სქესობრივი კავშირი (ლევიანნი 18:23). ყოველმა, ვისაც სურს ღმერთის სამეფოს ქვეშევრდომად ცხოვრება, თავი შორს უნდა დაიჭიროს ასეთი უზნეო მოქმედებებისგან.
11. ა) როგორ განიხილავს ღმერთი ალკოჰოლური სასმელების მიღებას? ბ) ჯანმრთელობისთვის საზიანო რომელ ჩვევებს უნდა მოერიდონ ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომები?
11 ღვინის, ლუდის ან სხვა სპირტიანი სასმელების ზომიერი მიღებით არ ირღვევა ღმერთის კანონი. ბიბლია გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში ცოტა ღვინის მიღება სასარგებლოც კი შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის (ფსალმუნი 103:15; 1 ტიმოთე 5:23). მაგრამ დათრობა ან თავაწყვეტილ ღრეობაში მონაწილეობა, სადაც ადამიანები ამორალურად იქცევიან, ღმერთის კანონის დარღვევაა (ეფესელთა 5:18; 1 პეტრე 4:3, 4). ზოგიერთი თავის გასაბრუებლად, სპირტიანი სასმელების გარდა, სხვადასხვა ნარკოტიკებსაც კი იყენებს. ზოგი, შესაძლოა, სიამოვნებისთვის მარიხუანას ან თამბაქოს ეწევა, სხვა კი ბეტელის კაკალს ღეჭავს ან კოკას ფოთლებს. ამით ისინი სხეულს იბილწავენ და ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას. ამიტომ, თუ შენ გსურს იყო ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი, თავი შორს უნდა გეჭიროს ასეთი მავნე ჩვევებისგან (2 კორინთელთა 7:1).
12. ა) რომელია ღმერთის კანონის საწინააღმდეგო ზოგიერთი უპატიოსნო ჩვევა? ბ) როგორ შეუძლია ამგვარად მოქმედ ადამიანს მიაღწიოს ღმერთის კეთილგანწყობილებას?
12 ცხადია, რომ ადამიანთა მთავრობებს არ სურთ ახალ მოქალაქეებად დამნაშავეები მიიღონ. იეჰოვას კი უფრო მაღალი ნორმები აქვს. ის მოითხოვს, რომ ჩვენ „ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18). ვინც ღმერთის კანონებს არ იცავს, უფლება არ ექნება, იცხოვროს მისი სამეფოს ქვეშევრდომად. დღეს ადამიანები ხშირად ამტკიცებენ, რომ პატიოსნები არიან, მაგრამ ისინი არღვევენ უამრავ კანონს. ღმერთს კი ყველაფრის დანახვის უნარი აქვს. ვერავინ შეძლებს მის მოტყუებას (ებრაელთა 4:13; იგავნი 15:3; გალატელთა 6:7, 8). ამიტომ იეჰოვა იზრუნებს, რომ მისი კანონების დამრღვევი ადამიანები, მაგალითად, იმ კანონების, რომლებიც კრძალავენ სიცრუესა და ქურდობას, არ გახდნენ მისი მთავრობის ქვეშევრდომები (ეფესელთა 4:25, 28; გამოცხადება 21:8). მაგრამ ღმერთი მომთმენია და მზადაა პატიებისთვის. ამიტომ, თუ დამნაშავე თავს დაანებებს ცუდ ჩვევებს და დაიწყებს სწორად მოქმედებას, ღმერთი მიიღებს მას (ესაია 55:7).
13. როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ღმერთის მსახურებს ადამიანთა მთავრობების კანონთა შესახებ?
13 მაგრამ რა შეიძლება ითქვას ადამიანთა მთავრობების მიერ დადგენილი კანონების დაცვის შესახებ? სანამ არსებობს ადამიანთა მთავრობები, ღმერთი თავისი მსახურებისგან მოითხოვს ამ ‘უმაღლესი ხელმწიფებისადმი’ მორჩილებას. გადასახადი მაშინაც კი უნდა გადავიხადოთ, თუ იგი მაღალია ან თუ არ ვეთანხმებით იმას, რისთვისაც იხარჯება ეს თანხები. ასევე აუცილებელია დავემორჩილოთ მთავრობის მიერ დადგენილ კანონებს (რომაელთა 13:1, 7; ტიტე 3:1). ერთადერთი გამონაკლისი ამასთან დაკავშირებით არის ის, თუ კანონის მორჩილებით, ირღვევა ღმერთის კანონი. მსგავსი შემთხვევის დროს პეტრემ და სხვა მოციქულებმა თქვეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
14. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვიზიარებთ ღმერთის თვალსაზრისს სიცოცხლის ფასეულობის შესახებ?
14 ღმერთი ძალიან აფასებს სიცოცხლეს. ვისაც სურს გახდეს მისი მთავრობის ქვეშევრდომი, უნდა ესმოდეს ეს. რასაკვირველია, მკვლელობა ეწინააღმდეგება ღმერთის კანონს. მაგრამ სიძულვილი ხშირად მკვლელობის წინამორბედია და თუ ვინმე განაგრძობს თავისი მოყვასის სიძულვილს, შეუძლებელია, გახდეს ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი (1 იოანე 3:15). ამიტომ, მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში გამოვიყენოთ ის, რაც ნათქვამია ბიბლიაში, ესაიას 2:4-ში, კერძოდ კი, რომ არ ავიღოთ იარაღი, რათა ადამიანი მოვკლათ. ღმერთის სიტყვა ცხადყოფს, რომ დედის მუცელში მყოფი ჩვილის სიცოცხლეც კი ძვირფასია იეჰოვასთვის (გამოსვლა 21:22, 23; ფსალმუნი 126:3). და მაინც წლიდან წლამდე მილიონობით აბორტი კეთდება. სიცოცხლის ასეთი განადგურება ეწინააღმდეგება ღმერთის კანონს, რადგან ადამიანი უკვე დედის ორგანიზმშივე ცოცხალი არსებაა და არ შეიძლება მისი მოკვლა.
15. ღმერთის მიერ დანიშნული მეფის რომელ მცნებებს უნდა დაემორჩილოს სამეფოს ყველა ქვეშევრდომი?
15 მაგრამ მათ, რომლებსაც სურთ იყვნენ ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომები, უფრო მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე მხოლოდ ცუდისა და ამორალურის თავიდან აცილება. მათ ნამდვილი ძალისხმევა უნდა მოახმარონ, რომ აკეთონ სიკეთე და არ იყვნენ ეგოისტები. მათ უნდა იცხოვრონ ღმერთის ნორმასთან შეთანხმებულად, რომელიც მეფე იესო ქრისტემ გამოხატა სიტყვებით: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ქრისტემ მაგალითი მოგვცა სხვებისადმი სიყვარულის გამომჟღავნებით. მან საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო კაცობრიობისთვის და თავის მიმდევრებს მისცა მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოანე 13:34; 1 იოანე 3:16). სხვების მიმართ ასეთი უანგარო სიყვარული და მზრუნველობა, ნამდვილ სიხარულად აქცევს სიცოცხლეს, ღმერთის სამეფოს მმართველობის დროს (იაკობი 2:8).
16, 17. ა) რა დამაჯერებელი მიზეზების გამო უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი, რომ შევესაბამებოდეთ ღმერთის მოთხოვნებს? ბ) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ შევძლებთ ჩვენს ცხოვრებაში აუცილებელი ცვლილებების შეტანას?
16 ბიბლია გვიჩვენებს, რომ ადამიანებმა ცვლილებები უნდა შეიტანონ თავიანთ ცხოვრებაში, თუ სურთ შეასრულონ ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომებისთვის დადგენილი მოთხოვნები (ეფესელთა 4:20–24). თუ ცდილობ, რომ შეიცვალო? ფაქტია, რომ ეს ნებისმიერ ძალისხმევად ღირს. რატომ? იმიტომ, რომ შენ გეძლევა არა უბრალოდ უკეთესი ცხოვრება რამდენიმე წლით, რომ იყო ადამიანთა რომელიმე მთავრობის ქვეშევრდომი, არამედ მარადიული სიცოცხლე სრულყოფილი ჯანმრთელობით სამოთხეში დედამიწაზე ღმერთის მიერ დადგენილი მთავრობის ქვეშევრდომობაში!
17 თუკი შეასრულებ ღმერთის მოთხოვნებს, დღესვე დატკბები უფრო ბედნიერი ცხოვრებით. მაგრამ შენ, შეიძლება, გესაჭიროება ცხოვრების წესის შეცვლა. დიახ, მრავალი ადამიანი, რომელიც ადრე მოძულე ან გაუმაძღარი იყო, შეიცვალა. თავიანთი ცხოვრება შეცვალეს, ასევე მრუშებმა, მეძავებმა, ჰომოსექსუალისტებმა, ლოთებმა, მკვლელებმა, ქურდებმა, ნარკომანებმა და მწეველებმა. ეს მათ შეძლეს ღმერთის დახმარებით და ნამდვილი ძალისხმევის ფასად (1 კორინთელთა 6:9–11; კოლასელთა 3:5–9). ამრიგად, თუ გესაჭიროება ცხოვრებაში დიდი ცვლილებების შეტანა ღმერთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, იმედს ნუ დაკარგავ. შენ შეძლებ ამის გაკეთებას!
ერთგულება ღმერთის მთავრობისადმი
18. როგორ უნდა გამოვხატოთ ღმერთის სამეფოსადმი ერთგული მხარდაჭერა?
18 ჩვენ არ უნდა გაგვაოცოს, რომ იეჰოვა ღმერთი თავისი ქვეშევრდომებისგან მოითხოვს სამეფო მთავრობისადმი ერთგულ მხარდაჭერას. ადამიანთა მთავრობებიც ხომ იმავეს მოითხოვენ თავიანთი მოქალაქეებისგან. მაგრამ რა განსაკუთრებული სახით მოელის ღმერთი ერთგულ მხარდაჭერას? იარაღით ხელში იბრძოლონ მისი სამეფოსთვის? არა, არამედ ისინი უნდა იყვნენ ღმერთის სამეფოს ერთგული წარმომადგენლები, ანუ მაუწყებლები (მათე 4:17; 10:5–7; 24:14). იეჰოვას სურს, რომ ყველამ გაიგოს, რა არის მისი სამეფო და როგორ გადაწყვეტს ის კაცობრიობის პრობლემებს. გაუზიარე თუ არა შენს ნათესავებს, მეგობრებსა და სხვა ადამიანებს ის, რაც ღმერთის სიტყვიდან ისწავლე? ღმერთს სურს, რომ შენ გააკეთო ეს (რომაელთა 10:10; 1 პეტრე 3:15).
19. ა) რატომ უნდა მოველოდეთ, რომ წინააღმდეგობას გაგვიწევენ ღმერთის სამეფოს შესახებ ქადაგების დროს? ბ) რომელ კითხვებზე გმართებს პასუხის გაცემა?
19 ქრისტესა და მის ადრინდელ მიმდევრებს ვაჟკაცობა ესაჭიროებოდათ, რომ სხვებთან სამეფოს შესახებ ესაუბრათ, რადგან ხშირად აწყდებოდნენ წინააღმდეგობას (საქმეები 5:41, 42). ეს დღესაც ასეა. ქვეყნიერებას, რომელსაც მართავს სატანა, არ სურს, რომ ნაქადაგები იყოს კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ. ამიტომ წამოიჭრება კითხვები: როგორი პოზიცია გიკავია შენ? გაუწევ თუ არა ერთგულ მხარდაჭერას ღმერთის სამეფოს? ღმერთის ნებაა, რომ აღსასრულის მოსვლამდე ფართო მასშტაბით ექადაგოს ცნობა სამეფოს შესახებ. მიიღებ თუ არა ამაში მონაწილეობას?
[სურათი 128-ე გვერდზე]
ვინც ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი ხდება, მის შესახებ უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა.
[სურათები 131-ე გვერდზე]
ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომები უნდა მოერიდონ მოქმედებებს, რომლებსაც ღმერთი განსჯის.
[სურათი 133-ე გვერდზე]
ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომებმა ამ მთავრობის შესახებ უნდა მოუთხრონ სხვებს.