მოციქულთა მემკვიდრეები
განმარტება: სწავლება, რომლის თანახმადაც თორმეტ მოციქულს ჰყავს ღვთისგან უფლებამოსილი მემკვიდრეები. მოციქულთა მემკვიდრეებად ითვლებიან ეპისკოპოსები. კათოლიკური ეკლესია პაპს პეტრეს მემკვიდრედ მიიჩნევს. კათოლიკური სწავლებით, ქრისტემ პეტრეს მთელ ეკლესიაზე ერთპიროვნული ძალაუფლება მისცა, რომის პაპებმა კი პეტრეს სიკვდილისთანავე დაიკავეს მისი ადგილი და აგრძელებენ მის საქმეს. ეს არ არის ბიბლიური სწავლება.
ნამდვილად პეტრე იყო „კლდე“, რომელზეც ეკლესია აშენდა?
მათ. 16:18, ბსგ: „მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი“ (ყურადღება მიაქციეთ კონტექსტს [მე-13, მე-20 მუხლები]. აქ ძირითადად საუბარია იესოს ვინაობაზე).
ვის მიიჩნევდნენ პეტრე და პავლე მოციქულები „კლდედ“ და „ქვაკუთხედად“?
საქ. 4:8—11, ბსგ: «პეტრე აღივსო სულიწმიდით და უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო . . . იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა“».
1 პეტ. 2:4—8, ბთი: «რომელთანაც [უფალ იესო ქრისტესთან] მიხვედით . . . თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად . . . რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება“. ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, ძვირფასია იგი. ურწმუნოთათვის კი ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა ქვაკუთხედად, შებრკოლების ლოდად და საცდურის კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან».
ეფეს. 2:20: „მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაშენებულნი, თვითონ ქრისტე იესო კი ამ საძირკვლის ქვაკუთხედია“.
რა შეხედულება ჰქონდა ავგუსტინეს (რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა)?
«მღვდლად მსახურების დროს აგრეთვე დავწერე წიგნი დონატუსის წერილის საპასუხოდ . . . ამ წიგნში მოციქულ პეტრეზე ვწერდი, რომ „მასზე, როგორც კლდეზე, აშენდა ეკლესია“ . . . მაგრამ მოგვიანებით, როცა ვხსნიდი უფლის სიტყვებს — „შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას“ — ხშირად ვამბობდი, რომ ეკლესია აიგო მასზე, ვისზეც პეტრემ თქვა: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“. ამგვარად, ამ კლდეზე აშენებული ეკლესიის წარმომადგენელია პეტრე, რომელსაც კლდე ეწოდა და რომელმაც მიიღო „ცათა სასუფევლის გასაღებები“. იესომ პეტრეს უთხრა „შენა ხარ პეტრე“ და არა „შენა ხარ კლდე“. „კლდე იყო ქრისტე“, რაც სიმონმა აღიარა, ისევე როგორც მთელმა ეკლესიამ, და სწორედ ამიტომ ეწოდა მას პეტრე» („The Fathers of the Church—Saint Augustine, the Retractations“, ვაშინგტონი, 1968, წიგნი I, გვ. 90).
თვლიდნენ სხვა მოციქულები, რომ პეტრე მათზე უპირატესობდა?
ლუკ. 22:24—26: «მათ [მოციქულებს] შორის გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი. იესომ უთხრა მათ: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ძალაუფლების მქონეებს კეთილისმყოფელებს უწოდებენ. თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ“» (პეტრე ნამდვილად „კლდე“ რომ ყოფილიყო, წამოეჭრებოდათ კითხვა, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი?).
სჭირდება მემკვიდრეები იესო ქრისტეს, კრების თავს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის ცოცხალია?
ებრ. 7:23—25: „მრავალს მოუწია მღვდლად გახდომა [ისრაელში] იმის გამო, რომ წინამორბედებს სიკვდილმა წაართვა მღვდლობა, მისი [იესო ქრისტეს] მღვდლობა კი უცვლელია, რადგან ის მარადიულად ცოცხლობს. ამიტომ მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“.
რომ. 6:9: „ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“.
ეფეს. 5:23, სსგ: „ქრისტე თავია ეკლესიისა“.
რა „გასაღებები“ მიანდო იესომ პეტრეს?
მათ. 16:19: „მოგცემ ზეციერი სამეფოს გასაღებებს და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავ, ზეცაში შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნი, ზეცაში გახსნილი იქნება“.
„გამოცხადებაში“ იესომ მოიხსენია სიმბოლური გასაღები, რომელსაც ადამიანებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის მისაცემად იყენებს.
გამოცხ. 3:7, 8: «აი რას ამბობს-თქო წმინდა და ჭეშმარიტი, ვისაც აქვს დავითის გასაღები და ვინც ისე აღებს, რომ ვერავინ დაკეტავს და ისე კეტავს, რომ ვერავინ გააღებს . . . („აი, დავდგი შენ წინაშე ღია კარი, რომელსაც ვერავინ დაკეტავს“)».
ჩაბარებული „გასაღებებით“ პეტრემ იუდეველებს, სამარიელებსა და უცხოტომელებს ღვთის სულის მიღებისა და ზეციერ სამეფოში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა.
საქ. 2:14—39: «წამოდგა პეტრე თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: „იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! . . იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“. ეს რომ მოისმინეს, გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს ჰკითხეს: „ძმებო, როგორ მოვიქცეთ?“ პეტრემ მიუგო: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს — წმინდა სულს, რადგან ეს დანაპირები თქვენთვის, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისთვის არის, ვისაც კი მოუხმობს იეჰოვა, ჩვენი ღმერთი“».
საქ. 8:14—17: „როცა იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიელებმა ღვთის სიტყვა მიიღეს, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან. ისინი ჩავიდნენ და ილოცეს, რომ მათ წმინდა სული მიეღოთ, რადგან ის ჯერ არც ერთ მათგანზე არ გადმოსულიყო, მხოლოდ უფალ იესოს სახელით იყვნენ მონათლულები. მაშინ მოციქულებმა მათ ხელები დაადეს და გადმოვიდა მათზე წმინდა სული“ (მე-20 მუხლიდან ჩანს, რომ ამ შემთხვევაში წამყვან როლს პეტრე ასრულებდა).
საქ. 10:24—48: „მომდევნო დღეს ის კესარეაში შევიდა. კორნელიუსი [წინადაუცვეთელი უცხოტომელი] ელოდა მათ . . . პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა წმინდა სული გადმოვიდა ყველაზე, ვინც სიტყვას ისმენდა“.
პეტრეზე იყო დამოკიდებული, თუ რა გადაწყდებოდა ზეცაში?
საქ. 2:4, 14: „აღივსო ყველა წმინდა სულით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, როგორც სული ალაპარაკებდა მათ . . . წამოდგა პეტრე [მას შემდეგ, რაც ქრისტემ, კრების თავმა, წმინდა სულით აამოქმედა ისინი] თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ“ (იხილეთ 33-ე მუხლი).
საქ. 10:19, 20: «სულმა უთხრა [პეტრეს]: „აი, სამი კაცი გეძებს. ადექი, ჩადი დაბლა და გაჰყევი მათ [უცხოტომელი კორნელიუსის სახლში]. არაფერმა დაგაეჭვოს, ისინი მე გამოვგზავნე“».
შეადარეთ მათეს 18:18, 19.
პეტრე წყვეტს, თუ ვინ შევა ღვთის სამეფოში და ვინ არა?
2 ტიმ. 4:1: „ქრისტე იესომ . . . უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები“.
2 ტიმ. 4:8: „ამიერიდან სიმართლის გვირგვინი მენახება, რომლითაც იმ დღეს დამაჯილდოებს უფალი [იესო ქრისტე], მართალი მოსამართლე, და მარტო მე კი არა, ყველას, ვინც მისი გამოცხადება შეიყვარა“.
იყო პეტრე რომში?
წმინდა წერილებში რომი ცხრა მუხლში მოიხსენიება, მაგრამ არსად არის ნათქვამი, რომ პეტრე რომში იყო. 1 პეტრეს 5:13-დან ვიგებთ, რომ პეტრე ბაბილონში იმყოფებოდა. იგულისხმებოდა ამაში რომი? მას დავალებული ჰქონდა იუდეველებისთვის ქადაგება (როგორც ეს გალატელების 2:9-დან ჩანს). ვინაიდან ბაბილონსა და მის შემოგარენში ბევრი იუდეველი ცხოვრობდა, გასაკვირი არ არის, თუ რატომ იყო იქ პეტრე. ერთ ენციკლოპედიაში, სადაც საუბარია ბაბილონის თალმუდის წარმოშობაზე, მოხსენიებულია ბაბილონში ჩვენი წელთაღრიცხვით მოქმედი იუდეველთა „დიდებული აკადემიები“ („Encyclopaedia Judaica“, იერუსალიმი, 1971, ტ. XV, სვ. 755).
მივყავართ მემკვიდრეების უწყვეტ ხაზს თანამედროვე პაპებიდან პეტრემდე?
იეზუიტი თეოლოგი ჯონ მაკენზი, ნოტრ-დამის უნივერსიტეტის პროფესორი, წერდა: „ისტორიული ცნობები არ ადასტურებს ეკლესიის წინამძღოლთა მემკვიდრეების უწყვეტი ხაზის არსებობას“ („The Roman Catholic Church“, ნიუ-იორკი, 1969, გვ. 4).
„ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „დოკუმენტური მასალის სიმწირის გამო ეპისკოპატის განვითარების ადრეულ ისტორიაში ბევრი რამ ბინდითაა მოცული“ (1967, ტ. I, გვ. 696).
თუ ადამიანი ღმერთსა და ქრისტეს არ ემორჩილება, აზრი არა აქვს იმის მტკიცებას, რომ ის ღვთისგან არის დანიშნული.
მათ. 7:21—23: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!».
იხილეთ აგრეთვე იერემიას 7:9—15.
მიჰყვებოდნენ მოციქულთა ეგრეთ წოდებული მემკვიდრეები იესო ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლებასა და მაგალითს?
„საქართველოს ეკლესიის კალენდარში“ (1989) ნათქვამია: „ეკლესია ღვთის არის სამოციქულო . . . და იცავს მოციქულთაგან გარდმოცემულს სწავლა-მოძღვრებას უცვალებელად და მტკიცედ“ (გვ. 156). იმავეს ამბობს კათოლიკური ეკლესია: „რომის კათოლიკური ეკლესია სამოციქულოა, რადგან მისი მოძღვრებები სხვა არაფერია, თუ არა მრწამსი, რომელსაც ერთ დროს ეზიარნენ მოციქულები. ეკლესია იცავს ამ მრწამსს და ისე განმარტავს, რომ არც არაფერს უმატებს და არც არაფერს აკლებს“ („A Catholic Dictionary“, ვ. ადისი და თ. არნოლდი, ლონდონი, 1957, გვ. 176). მაგრამ რაზე მეტყველებს ფაქტები?
ვინ არის ღმერთი?
„სამების დოგმატი ქრისტიანობის ძირითადი დოგმატია“ („დოგმატური ღვთისმეტყველება“, მეორე გამოცემა, თბილისი, 2006).
„ახალ აღთქმაში სიტყვა სამება არ გვხვდება და მასში არაფერია ნათქვამი, რაც აშკარად დაუჭერდა მხარს ამ დოგმატს. . . ეს დოგმატი თანდათანობით, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში განვითარდა, რასაც თან ახლდა მწვავე დისკუსიები“ („The New Encyclopædia Britannica“, 1976, „მიკროპედია“, ტ. X, გვ. 126).
„ეგზეგეტებისა და თეოლოგების . . . აზრით, სრული დარწმუნებით არავინ უნდა ამტკიცებდეს, რომ ახალი აღთქმა მხარს უჭერს სამებას. მსგავსად ამისა, დოგმატების შემსწავლელი ისტორიკოსები და დოგმატური თეოლოგიის სპეციალისტები აღიარებენ, რომ ის, ვინც სამერთიანობის მოძღვრების უცილობლობაზე ლაპარაკობს, სცდება ქრისტიანული საწყისების პერიოდს და პირდაპირ IV საუკუნის ბოლო მეოთხედში ინაცვლებს“ („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XIV, გვ. 295).
სასულიერო პირთა ცელიბატი (დაუქორწინებლობა).
პაპმა პავლე VI-მ თავის მიმართვაში „Sacerdotalis Caelibatus“ (მღვდელთა ცელიბატზე, 1967) დაადასტურა სასულიერო პირთა ცელიბატის აუცილებლობა, მაგრამ ამავე დროს აღიარა: „ახალ აღთქმაში, რომელმაც შემოგვინახა ქრისტესა და მოციქულთა სწავლებები . . . არ არის აშკარა მოთხოვნა წმინდა მსახურთა ცელიბატის შესახებ . . . თორმეტის არჩევისას იესოსთვის ეს არ ყოფილა გადამწყვეტი, არც მოციქულები მოითხოვდნენ ამას მათგან, ვისაც პირველი ქრისტიანების ხელმძღვანელობას ანდობდნენ“ („The Papal Encyclicals“, 1958—1981, „Falls Church“, Va.; 1981, გვ. 204).
1 კორ. 9:5, ბთი: „განა არა გვაქვს უფლება, მოვიყვანო მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ?“ („კეფა“ პეტრესთვის დარქმეული არამეული სახელია. იხილეთ იოანეს 1:42. აგრეთვე იხილეთ მარკოზის 1:29—31, სადაც საუბარია სიმონის, იგივე პეტრეს, სიდედრზე).
1 ტიმ. 3:2, სსგ: „ეპისკოპოსი უნდა იყოს . . . ერთი ცოლის ქმარი“.
ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე, ბუდისტი მღვდლებისა და ბერებისგან დაუქორწინებლობა მოითხოვებოდა („History of Sacerdotal Celibacy in the Christian Church“, ჰენრი ლი, ლონდონი, 1932, მეოთხე განახლებული გამოცემა, გვ. 6). კიდევ უფრო ადრე, ბაბილონში დაუქორწინებლობა მაღალი რანგის ქურუმებს მოეთხოვებოდათ („Two Babylons“, ა. ჰისლოპი, ნიუ-იორკი, 1943, გვ. 219).
1 ტიმ. 4:1—3: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას . . . ისინი კრძალავენ დაქორწინებას“.
ქვეყნიერებისგან გამოყოფა.
1965 წელს პაპმა პავლე VI-მ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მთელი მსოფლიო თანხმობისა და მშვიდობის მიღწევის უკანასკნელ იმედად გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიიჩნევს. ჩვენ ვუერთდებით ხალხის საერთო აზრს, რომ მას პატივი მივაგოთ და ნდობა გამოვუცხადოთ“ („The Pope’s Visit“, ნიუ-იორკი, 1965, გვ. 26).
იოან. 15:19: „[იესო ქრისტემ თქვა:] ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“.
იაკ. 4:4: „განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა?“
ომებში მონაწილეობა.
ისტორიკოსი ე. უოტკინი წერს: «რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, მოჩვენებითი სათნოებისა თუ ერთგულების გამო ვერ უარვყოფთ იმ ისტორიულ ფაქტს, რომ ეპისკოპოსები მუდამ მხარს უჭერდნენ ომებს, რომლებსაც მათი ქვეყნები აწარმოებდნენ. ჩემთვის უცნობია თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ ქვეყნის სამღვდელოებას დაეგმო რომელიმე ომი . . . ოფიციალური მრწამსის მიუხედავად, ომების დროს ეპისკოპოსები ხელმძღვანელობდნენ პრინციპით: „ჩემი ქვეყანა ყოველთვის მართალია“» („Morals and Missiles“, რედაქტორი ჩარლზ ტომფსონი, ლონდონი, 1959, გვ. 57, 58).
მათ. 26:52: «მაშინ იესომ უთხრა მას: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“».
1 იოან. 3:10—12: „ამით ამოიცნობიან ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები. . . ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის . . . უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ არა კაენის მსგავსად, რომელიც ბოროტისგან იყო და დაუნდობლად მოკლა თავისი ძმა“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნამდვილად მიჰყვებიან ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლებასა და მაგალითს ისინი, ვინც თავს მოციქულთა მემკვიდრეებს უწოდებენ?