შემოქმედება
განმარტება: ბიბლიის თანახმად, შემოქმედება გულისხმობს იმას, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო, მათ შორის სულიერი ქმნილებები და დედამიწაზე არსებული სიცოცხლე.
გონივრულია გვჯეროდეს შემოქმედების ჩვენს მეცნიერულ ეპოქაში?
„სამყაროში არსებული კანონები იმდენად ზუსტია, რომ ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს კოსმოსური ხომალდების აგება მთვარეზე გასაფრენად და ფრენის ხანგრძლივობის გამოთვლა [ასტრონომიული] სიზუსტით. ეს კანონები ვიღაცას უნდა დაედგინა“ (ვერნერ ფონ ბრაუნი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მთვარეზე ამერიკელი კოსმონავტების გაშვებაში).
მატერიალური სამყარო: დიდი სიზუსტით მომუშავე საათი რომ გენახათ, იფიქრებდით, რომ ის თავისით, არაფრისგან გაჩნდა? აშკარაა, რომ ის ვიღაცის გაკეთებულია. არსებობს გაცილებით დიდებული „საათი“. ჩვენი მზის სისტემის პლანეტები და სამყაროში არსებული ვარსკვლავები ადამიანის მიერ შექმნილ უზუსტეს საათებზე უფრო ზუსტად მოძრაობენ. გალაქტიკაში, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა შედის, 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია. ასტრონომების გამოთვლით, სამყაროში დაახლოებით 100 მილიარდი ასეთი გალაქტიკაა. თუ საათის დამზადებას სჭირდება გონიერი ადამიანი, რა შეიძლება ითქვას გაცილებით რთულ და უზარმაზარ სამყაროზე? ბიბლია ამბობს, რომ სამყაროს შემქმნელი არის „ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა, ცის შემოქმედი და მისი დიდებული გადამჭიმავი“ (ეს. 42:5; 40:26; ფსალმ. 19:1).
პლანეტა დედამიწა: შუა უდაბნოში ლამაზი, კეთილმოწყობილი, საჭმელ-სასმელით სავსე სახლი რომ გენახათ, დაასკვნიდით, რომ ის შემთხვევით გაჩნდა? ცხადია, არა. თქვენ იფიქრებდით, რომ სახლი ვიღაცამ ააშენა, რისთვისაც მას საკმაო ცოდნა და გამოცდილება დასჭირდებოდა. მეცნიერებმა დღემდე მზის სისტემაში ვერც ერთ პლანეტაზე ვერ აღმოაჩინეს სიცოცხლე დედამიწის გარდა. მათ ხელთ არსებული მონაცემები იმაზე მოწმობს, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლე არ არსებობს. ჩვენს პლანეტას უწოდებენ „სამყაროს საოცრებას, უნიკალურ სფეროს“ („The Earth“, ართურ ბაისერი, ნიუ-იორკი, 1963, გვ. 10). დედამიწა ზუსტად იმ მანძილით არის დაშორებული მზისგან, რაც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, და ზუსტად იმ სიჩქარით მოძრაობს, რაც მის ორბიტაზე დარჩენას სჭირდება. დედამიწა მეცნიერთათვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ატმოსფერო აკრავს. ატმოსფეროში აირები ზუსტად იმ თანაფარდობითაა, რაც აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მზის სინათლე, ჰაერში შემავალი ნახშირორჟანგი და ნიადაგში არსებული წყალი და მინერალები სათანადო პირობებს ქმნის იმისათვის, რომ ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს საკვებით. ნუთუ ეს ყველაფერი კოსმოსში მომხდარი აფეთქების შედეგია? „რთულია იმის დაჯერება, რომ ყოველმხრივ გაანგარიშებული და ასეთი განსაკუთრებული პირობები შემთხვევით შეიქმნა“ („Science News“, 24 და 31 აგვისტო, 1974, გვ. 124). უდავოდ ლოგიკურია ის, რასაც ბიბლია ამბობს: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრ. 3:4).
ადამიანის ტვინი: თანამედროვე კომპიუტერები ინტენსიური კვლევებისა და უდიდესი შრომის შედეგად გამოიგონეს. ისინი თავისთავად არ შექმნილა. მაშ, რაღას ვიტყვით ადამიანის ტვინზე? ნებისმიერი ცხოველის ტვინისგან განსხვავებით, ბავშვის ტვინის მოცულობა დაბადების შემდეგ პირველი წლის განმავლობაში სამჯერ იზრდება. მისი ფუნქციონირების შესახებ მეცნიერთათვის ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. ადამიანებს გვაქვს ენების ათვისების, სილამაზის აღქმისა და მუსიკალური ნაწარმოებების შექმნის თანდაყოლილი უნარი. ჩვენ ვფიქრობთ სიცოცხლის წარმოშობაზე და სიცოცხლის აზრზე. ნეიროქირურგი რობერტ უაიტი აღნიშნავს: „ისღა დამრჩენია, რომ ვაღიარო უდიდესი ინტელექტის მქონე უზენაესის არსებობა, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ტვინისა და აზროვნების გასაოცარ ურთიერთკავშირს. ამის გაგება ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება“ („The Reader’s Digest“, სექტემბერი, 1978, გვ. 99). ყველაფერი კი იწყება ერთი ციდა განაყოფიერებული უჯრედიდან. ბიბლიის დამწერი დავითი იეჰოვას მიმართავდა: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა“ (ფსალმ. 139:14).
ცოცხალი უჯრედი: უჯრედს ზოგი სიცოცხლის „მარტივ“ ფორმასაც უწოდებს. ერთუჯრედიან ორგანიზმებსაც კი აქვთ საკვების მოპოვებისა და გადამუშავების, ნარჩენების გამოყოფის, თავშესაფრის „აშენებისა“ და სქესობრივი გამრავლების უნარი. ადამიანის თითოეული უჯრედი შეიძლება შევადაროთ გალავნიან ქალაქს, რომელსაც ჰყავს მთავრობა წესრიგის შესანარჩუნებლად და გუშაგები ქალაქში შემსვლელ-გამსვლელთა შესამოწმებლად, აგრეთვე აქვს ელექტროსადგური საჭირო ენერგიის გამოსამუშავებლად, ქარხნები ცილების საწარმოებლად და რთული სატრანსპორტო ქსელი. ადამიანის ორგანიზმში 100 ტრილიონამდე უჯრედია. მართლაც, ჭეშმარიტია ფსალმუნის 104:24-ში ჩაწერილი სიტყვები: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი“.
შეიძლება ბიბლიიდან იმ დასკვნის გაკეთება, რომ ღმერთმა ევოლუციის გზით შექმნა ცოცხალი ორგანიზმების სხვადასხვა სახეობა?
დაბადების 1:11, 12-ში ნათქვამია, რომ მცენარეულობა „მათი გვარისდა მიხედვით“ შეიქმნა. 21-ე, 24-ე და 25-ე მუხლებში კი წერია, რომ ზღვისა თუ ხმელეთის ბინადარნი და ფრინველები ღმერთმა „მათი გვარისდა მიხედვით“ შექმნა. ეს მუხლები გამორიცხავს იმ აზრს, რომ სხვადასხვა გვარის ცხოველები თუ მცენარეები ერთი ძირითადი გვარიდან განვითარდნენ.
როგორც დაბადების 1:26-ში ვკითხულობთ, ადამიანთან დაკავშირებით ღმერთმა თქვა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად“. ასე რომ, ადამიანს უნდა ჰქონოდა ღვთისთვის დამახასიათებელი — და არა ცხოველთა განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული — თვისებები. დაბადების 2:7-ში ნათქვამია: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა [არა უკვე არსებული სიცოცხლის ფორმიდან, არამედ] მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“. აქ აღწერილია ახალი ქმნილების შექმნა და არანაირი მინიშნება არ არის იმაზე, რომ ღმერთმა ეს ევოლუციის საშუალებით გააკეთა.
ღმერთმა შექმნა დედამიწაზე დღეს არსებულ ცოცხალ ორგანიზმთა მილიონობით ნაირსახეობა?
დაბადების 1-ელ თავში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ღმერთმა ყველაფერი „მათი გვარისდა მიხედვით“ შექმნა (დაბ. 1:12, 21, 24, 25). წარღვნის წინ ღმერთმა ნოეს დაავალა, რომ კიდობანში შეეყვანა ცხოველებისა და ფრინველების თითოეული „გვარის“ წარმომადგენელი (დაბ. 7:2, 3, 14). თითოეულ „გვარს“ აქვს სხვადასხვა სახეობისა თუ ჯიშის წარმოქმნის გენეტიკური პოტენციალი. მაგალითად, როგორც ცნობილია, არსებობს ძაღლების 400-ზე მეტი და ცხენების 250 - ზე მეტი ჯიში. ერთი და იმავე ცხოველთა ნაირსახეობა, რომლებიც შეჯვარების გზით არის მიღებული, „დაბადების“ მიხედვით ერთ „გვარს“ მიეკუთვნება. მსგავსად ამისა, აზიელები, აფრიკელები თუ ევროპელები, ორ მეტრზე მეტი სიმაღლის სუდანელი დინკები თუ მეტრ-ნახევარზე დაბალი პიგმეები — ყველანი პირველი ადამიანების, ადამისა და ევას, შთამომავლები არიან (დაბ. 1:27, 28; 3:20).
რით არის განპირობებული ცოცხალ ქმნილებებს შორის არსებული ძირითადი მსგავსებები?
ღმერთი არის „ყოვლის შემქმნელი“ (ეფეს. 3:9). ამგვარად, ყველაფერს ერთი შემოქმედი ჰყავს.
„ყველაფერი მისი [ღვთის მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს] მონაწილეობით გაჩნდა, მის გარეშე არაფერი გაჩენილა“ (იოან. 1:3). აქედან გამომდინარე, შემოქმედების დროს იეჰოვამ ერთი „ოსტატი“ გამოიყენა (იგავ. 8:22, 30, 31).
რისგან შეიქმნა სამყარო?
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მატერია კონცენტრირებული ენერგიის ფორმაა. ამაზე მეტყველებს ბირთვული აფეთქებები. ასტროფიზიკოსი იოსეფ კლეჩეკი აღნიშნავს: „ელემენტარულ ნაწილაკთა უმეტესობა, თუ ყველა არა, შეიძლება შეიქმნას ენერგიის მატერიად გარდაქმნის შედეგად“ („The Universe“, ბოსტონი, 1976, ტ. XI, გვ. 17).
საიდან მოდის ეს ენერგია? ბიბლიაში დასმულია კითხვა: „ვინ შექმნა ეს ყველაფერი [ვარსკვლავები და პლანეტები]?“. პასუხს იქვე ვკითხულობთ, სადაც იეჰოვა ღმერთის შესახებ ნათქვამია: „მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“ (ეს. 40:26). ამგვარად, ღმერთია იმ უსაზღვრო ძალის ანუ ენერგიის მფლობელი, რომელიც საჭირო იყო სამყაროს შესაქმნელად.
მხოლოდ ექვს დღეში შეიქმნა მთელი სამყარო 6 000—10 000 წლის წინათ?
ფაქტები არ უჭერს მხარს ამ მოსაზრებას: 1) ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ღამით მოწმენდილ ცაზე შეიძლება ანდრომედეს ნისლეულის დანახვა. დაახლოებით 2 000 000 წელი სჭირდება იმას, რომ მისმა სინათლემ დედამიწამდე მოაღწიოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყარო, სულ მცირე, მილიონობით წლისაა. 2) დედამიწის ქანებში რადიოაქტიური დაშლის შედეგად დარჩენილი მინერალები იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთი ქანის ასაკი მილიარდობით წელია.
დაბადების 1:3—31-ში არ არის განხილული, თავდაპირველად როგორ შეიქმნა მატერია და ციური სხეულები. მასში აღწერილია, როგორ მზადდებოდა უკვე არსებული დედამიწა ადამიანის საცხოვრებლად. ამ დროს ღმერთმა შექმნა როგორც პირველი ადამიანები, ისე მცენარეთა, ფრინველთა და ზღვისა თუ ხმელეთის ბინადართა სხვადასხვა გვარი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი ექვს „დღეში“ შეიქმნა. თუმცა „დღედ“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელობაა „დიდი დრო; პერიოდი, რომლის განმავლობაშიც რაიმე განსაკუთრებული მოვლენა ხდება“ („Old Testament Word Studies“, უ. უილსონი, გრანდ-რეპიდზი, მიჩიგანის შტატი, 1978, გვ. 109). ეს სიტყვა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თითოეული „დღე“ ათასობით წელი გრძელდებოდა.