ბიბლიის წიგნი 11 — 1 მეფეები
დამწერი: იერემია
დაწერის ადგილი: იერუსალიმი და იუდა
წერა დასრულდა: ძვ. წ. 580
მოიცავს პერიოდს: დაახლ. ძვ. წ. 1040—911
1. ა) როგორ დაკნინდა ისრაელის დიდებული სამეფო? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ „პირველი მეფეები“ „ღვთისგან შთაგონებული და სასარგებლოა“?
დავითის დაპყრობითი ომების შედეგად ისრაელის ტერიტორია ჩრდილოეთით მდინარე ევფრატიდან სამხრეთით ეგვიპტის მდინარემდე გადაიჭიმა, როგორც ეს ღმერთს ჰქონდა აღთქმული (2 სამ. 8:3; 1 მეფ. 4:21). დავითის სიკვდილის შემდეგ, როცა მისი ვაჟი სოლომონი განაგებდა ქვეყანას, „იუდა და ისრაელი ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანნი იყვნენ; ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ“ (1 მეფ. 4:20). სოლომონი ბრძნულად მართავდა ქვეყანას. მისი სიბრძნე ბევრად აღემატებოდა ძველი ბერძნების სიბრძნეს. მან დიდებული ტაძარი აუშენა იეჰოვას. მაგრამ სოლომონი მაინც განუდგა იეჰოვას და ცრუღმერთების თაყვანისმცემელი გახდა. მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო ორად გაიყო. ისრაელისა და იუდას მოქიშპე მეფეების ბოროტების გამო ხალხი იტანჯებოდა, რის შესახებაც სამუელმა იწინასწარმეტყველა (1 სამ. 8:10—18). 14 მეფიდან, რომლებიც სოლომონის სიკვდილის შემდეგ მეფობდნენ იუდასა და ისრაელში და რომელთა შესახებაც „პირველ მეფეებში“ ვკითხულობთ, მხოლოდ ორი იქცეოდა სწორად იეჰოვას თვალში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ამ წიგნს „ღვთისგან შთაგონებული და სასარგებლო“ ვუწოდოთ? უდავოდ. ამას დავინახავთ მასში მოცემული დარიგებებიდან, წინასწარმეტყველებებიდან, სიმბოლიზმიდან და იქიდან, თუ როგორ უკავშირდება ის ბიბლიის მთავარ თემას, ღვთის სამეფოს.
2. როგორ მოხდა მეფეების წიგნის ორ ნაწილად გაყოფა და რის საფუძველზე დაიწერა ისინი?
2 თავდაპირველად, პირველი და მეორე მეფეების წიგნი ერთი გრაგნილი იყო და ებრაულად „მელაქიმ“ (მეფეები) ეწოდებოდა. სეპტუაგინტის მთარგმნელებმა მას „ბასილეიონ“ (სამეფოები) უწოდეს და მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, ორ ნაწილად გაყვეს. მოგვიანებით ამ წიგნებს მესამე და მეოთხე მეფეები უწოდეს და ზოგ ბიბლიაში დღემდე ასე მოიხსენიებენ. მაგრამ დღეს ისინი ძირითადად პირველი და მეორე მეფეების სახელწოდებით არის ცნობილი. პირველი და მეორე სამუელისგან განსხვავებით პირველ და მეორე მეფეებში მოხსენიებულია უფრო ადრეული წყაროები, რომელთა საფუძველზეც დაიწერა ეს წიგნები. შემდგენელი ორივე წიგნში 15-ჯერ მოიხსენიებს „იუდას მეფეთა მატიანეს“, 18-ჯერ „ისრაელის მეფეთა მატიანეს“ და ერთხელ „სოლომონის მატიანეს“ (1 მეფ. 15:7; 14:19; 11:41). თუმცა ეს ადრეული წყაროები მთლიანად დაიკარგა, ღვთივშთაგონებულმა წიგნებმა, პირველმა და მეორე მეფეებმა დღემდე მოაღწია.
3. ა) ვინ დაწერა მეფეების წიგნები და რატომ პასუხობთ ასე? ბ) როდის დასრულდა წიგნების წერა და რომელ პერიოდს მოიცავს „პირველი მეფეები“?
3 ვინ დაწერა პირველი და მეორე მეფეები? მათში ყურადღება მახვილდება წინასწარმეტყველთა, განსაკუთრებით ელიასა და ელისეს, საქმიანობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დამწერი იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო. როგორც ჩანს, ამ წიგნებსა და იერემიას წიგნს ერთი დამწერი ჰყავდა, რადგან წიგნების ენა, სტრუქტურა და სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მრავალი ებრაული სიტყვა და გამოთქმა ბიბლიის სხვა წიგნებისგან განსხვავებით მხოლოდ მეფეებისა და იერემიას წიგნებში გვხვდება. თუ მეფეების წიგნი იერემიამ დაწერა, რატომ არ მოიხსენიება მასში მისი სახელი? ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან მისი საქმიანობა უკვე აღწერილი იყო წიგნში, რომელიც იერემიას სახელს ატარებდა. გარდა ამისა, მეფეების წიგნი იეჰოვასა და მისი თაყვანისმცემლობის განსადიდებლად დაიწერა და არა იერემიას რეპუტაციის ასამაღლებლად. ფაქტობრივად, მეფეებისა და იერემიას წიგნები ავსებს ერთმანეთს. მათში აღწერილია ერთი და იგივე ამბები, მაგალითად, 2 მეფეების 24:18—25:30-სა და იერემიას 39:1—10-ში, 40:7—41:10-ში, 52:1—34-ში. იუდეველთა ტრადიციის თანახმად, პირველი და მეორე მეფეები იერემიას დაწერილია. იერემიამ ამ წიგნების წერა იერუსალიმში დაიწყო და, როგორც ჩანს, მეორე წიგნის წერა ეგვიპტეში დაასრულა დაახლოებით ძვ. წ. 580 წელს, რადგან წიგნის დასასრულს ის ამ წელს მომხდარ მოვლენებს აღწერს (2 მეფ. 25:27). „პირველ მეფეებში“ გრძელდება იმ ამბების თხრობა, რომლებიც „მეორე სამუელში“ გაწყდა და სრულდება ძვ. წ. 911 წელს იეჰოშაფატის სიკვდილით (1 მეფ. 22:50).
4. როგორ ადასტურებს ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები „პირველი მეფეების“ უტყუარობას?
4 „პირველმა მეფეებმა“ თავისი ადგილი დაიმკვიდრა წმინდა წერილების კანონში, რადგან ის ყველა ავტორიტეტულმა წყარომ აღიარა. გარდა ამისა, „პირველ მეფეებში“ აღწერილი მოვლენები დადასტურებულია ეგვიპტისა და ასურეთის ისტორიით. წიგნში მოყვანილი აზრების უტყუარობას არქეოლოგიაც ადასტურებს. მაგალითად, 1 მეფეების 7:45, 46-დან ვიგებთ, რომ ხირამმა სოლომონის ტაძრისთვის სპილენძის ნივთები ჩამოასხა „იორდანის მხარეში, სუქოთსა და ცარეთანს შორის“. არქეოლოგებმა, რომლებიც ძველი სუქოთის გათხრებს აწარმოებდნენ, აღმოაჩინეს მტკიცებები, რომ იმ მხარეში ლითონს ადნობდნენa. გარდა ამისა, კარნაკის (ძველი თებე) ტაძრის კედლის რელიეფზე ნაჩვენებია იუდაზე ეგვიპტის ფარაონის შეშონქის (შიშაკი) თავდასხმა, რომელიც 1 მეფეების 14:25, 26-შია აღწერილიb.
5. როგორ ადასტურებს „პირველი მეფეების“ უტყუარობას ბიბლიის სხვა წიგნები?
5 ამ წიგნის უტყუარობას ამტკიცებს შესრულებული წინასწარმეტყველებები და ის, რომ ბიბლიის სხვა დამწერებს ამ წიგნიდან მოჰყავდათ აზრები. იესო ისტორიულ ფაქტად მიიჩნევდა ელიასა და სარეფთელი ქვრივის ისტორიას (ლუკ. 4:24—26). იოანე ნათლისმცემელზე იესომ თქვა: «ის არის „ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“» (მათ. 11:13, 14). ამ სიტყვებით იესო გულისხმობდა მალაქიას წინასწარმეტყველებას: „აი, გიგზავნით ელია წინასწარმეტყველს იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე“ (მალ. 4:5). იესომ აგრეთვე მოიხსენია ამ წიგნში აღწერილი სოლომონ მეფისა და სამხრეთის დედოფლის ამბავი და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა წიგნის კანონიკურობა (მათ. 6:29; 12:42; შეადარეთ 1 მეფეების 10:1—9).
შინაარსი
6. რა ვითარებაში ავიდა ტახტზე სოლომონი და როგორ განმტკიცდა სამეფო მის ხელში?
6 სოლომონის გამეფება (1:1—2:46). „პირველ მეფეებში“ თხრობა იწყება დავითის 40-წლიანი მეფობის ბოლოს მომხდარი მოვლენების აღწერით. დავითი უკვე ღრმად მოხუცებული იყო. მისი ვაჟი ადონია ტახტის ხელში ჩასაგდებად მხედართმთავარ იოაბთან და მღვდელ აბიათართან შეითქვა. წინასწარმეტყველმა ნათანმა ამის შესახებ აცნობა დავითს და ბათ-შებას პირით შეახსენა, რომ მის შემდეგ სოლომონი უნდა გამეფებულიყო. დავითმა ცადოკ მღვდელს უბრძანა, მეფედ ეცხო სოლომონი. ამ დროს შეთქმულები ადონიას გამეფებას ზეიმობდნენ. დავითმა სოლომონს მოუწოდა, გამაგრებულიყო, ვაჟკაცურად ყოფილიყო და ევლო თავისი ღვთის, იეჰოვას გზით. ამის შემდეგ მალევე განისვენა დავითმა და ის „დავითის ქალაქში“ დამარხეს (2:10). სოლომონმა განდევნა აბიათარი, მოჯანყე ადონია და იოაბი სიკვდილით დასაჯა. შიმეიმ არ დააფასა ის, რაც სოლომონმა მის შესაწყალებლად გააკეთა, ამიტომ ისიც სიკვდილით დასაჯეს. სოლომონის მეფობა დიდად განმტკიცდა.
7. სოლომონის რომელი ლოცვა შეისმინა იეჰოვამ და როგორ იმოქმედა ამან ისრაელზე?
7 ბრძენი მეფე სოლომონი (3:1—4:34). სოლომონი დაუმოყვრდა ეგვიპტის ფარაონს და მისი ასული შეირთო ცოლად. სოლომონმა ლოცვაში იეჰოვას სთხოვა, მორჩილი გული მიეცა მისთვის, რათა გონივრულად ემართა იეჰოვას ხალხი. რადგან მან არ ითხოვა დღეგრძელობა და სიმდიდრე, იეჰოვა დაჰპირდა, რომ ბრძენ და გაგებულ გულთან ერთად სიმდიდრესა და დიდებასაც მისცემდა. სოლომონმა თავისი მეფობის დასაწყისშივე გამოავლინა სიბრძნე. ერთხელ მასთან ერთი ბავშვისთვის მოდავე ორი ქალი მივიდა. სოლომონმა ბრძანა, რომ ‘ორად გაეჭრათ ცოცხალი ბავშვი’ და ერთი ნახევარი ერთი ქალისთვის მიეცათ, მეორე ნახევარი კი — მეორესთვის (3:25). ნამდვილმა დედამ მეფეს სთხოვა, ბავშვი ცოცხალი დაეტოვებინათ და მეორე ქალისთვის მიეცათ. ამგვარად სოლომონი მიხვდა, სინამდვილეში ვისი იყო ბავშვი და ის ნამდვილ დედას დაუბრუნა. სოლომონი ღვთისგან ბოძებული სიბრძნით განაგებდა ქვეყანას. ხალხს არაფერი აკლდა, უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ და მხიარულობდნენ. სოლომონის სიბრძნის მოსასმენად ყველა ერიდან მოდიოდნენ.
8. ა) როგორ ააშენა სოლომონმა ტაძარი? აღწერეთ ტაძარი. ბ) კიდევ რა ააშენა სოლომონმა?
8 სოლომონის ტაძარი (5:1—10:29). სოლომონმა გაიხსენა, რას დაჰპირდა იეჰოვა მამამისს, დავითს: „ჩემს სახელზე სახლს შენი ვაჟი ააშენებს, რომელსაც შენ შემდეგ დავსვამ ტახტზე“ (5:5). სოლომონმა დაიწყო ტაძრის მშენებლობისთვის მზადება. ტვიროსის მეფე ხირამმა სოლომონი ლიბანური კედრისა და ღვიის მორებით მოამარაგა და ხელოსნები გაუგზავნა. ხელოსნებმა სოლომონის ხალხთან ერთად დაიწყეს იეჰოვას ტაძრის მშენებლობა სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს (6:1). მშენებლობის ადგილზე არ იყენებდნენ ჩაქუჩებს, ცულებსა და რკინის სხვა იარაღებს. ტაძრისთვის საჭირო ქვებს სამტეხლოში თლიდნენ და გამზადებული მიჰქონდათ ადგილზე. ტაძრის შიგნიდან კედლები კედრით მოაპირკეთეს, იატაკი კი — ღვიით. შემდეგ ყველაფერი ოქროთი მოავარაყეს. შიდა ოთახში ზეთისხილის ხისგან გაკეთებული ორი ქერუბიმი დადგეს, სიმაღლით ათ-ათი წყრთა (4,5 მ.). ფრთები მათ ათ-ათ წყრთაზე ჰქონდათ გაშლილი. ტაძრის კედლებზე ქერუბიმები, პალმები და ყვავილები ამოკვეთეს. დიდებული ტაძრის აგება შვიდ წელიწადში დასრულდა. მაგრამ სოლომონს მშენებლობა ამით არ დაუსრულებია. მან ააშენა თავისი სასახლე, ლიბანის ტყის სახლი, სვეტებიანი წინკარი, სატახტო წინკარი და სახლი ფარაონის ასულისთვის. მან აგრეთვე გააკეთა სპილენძის ორი დიდი სვეტი იეჰოვას ტაძრის წინკარისთვის, ეზოში დასადგმელი სპილენძის ზღვა, სპილენძის საზიდრები, ავზები და ოქროს ნივთებიc.
9. რა მოხდა ტაძარში შეთანხმების კიდობნის შეტანის შემდეგ და რის შესახებ ილოცა სოლომონმა?
9 დადგა დრო, რომ მღვდლებს იეჰოვას შეთანხმების კიდობანი ტაძრის შიდა ოთახში, წმინდათაწმინდაში, ქერუბიმების ფრთებქვეშ დაედგათ. როცა მღვდლები გამოვიდნენ წმინდა ადგილიდან, „იეჰოვას დიდებამ აავსო იეჰოვას სახლი“. ამიტომ მათ ვეღარ შეძლეს იქ დგომა მსახურების შესასრულებლად (8:11). სოლომონმა აკურთხა ისრაელის მთელი კრებული და განადიდა იეჰოვა. მან მუხლი მოიდრიკა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ლოცვაში უთხრა იეჰოვას, რომ ზეცათა ზეცა ვერ იტევდა და მისი აშენებული სახლი როგორღა დაიტევდა მას. მან სთხოვა იეჰოვას, რომ შეესმინა მის მოშიშთა თხოვნა, რომლებიც ტაძრისკენ მიბრუნებულნი ილოცებდნენ, აგრეთვე შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ უცხოელთა ლოცვა, ‘რათა დედამიწის ყველა ხალხს სცოდნოდა მისი სახელი და ისეთივე შიში ჰქონოდათ, როგორც მის ხალხს, ისრაელს’ (8:43).
10. რას დაჰპირდა იეჰოვა სოლომონს ლოცვის პასუხად და რა წინასწარმეტყველური გაფრთხილება მისცა?
10 სოლომონმა 14 დღე იდღესასწაულა და 22 000 ხარი და 120 000 ცხვარი შესწირა იეჰოვას. იეჰოვამ უთხრა მას, რომ შეისმინა მისი ლოცვა და განწმინდა ტაძარი ‘სამარადისოდ თავისი სახელის დასავანებლად’. თუ სოლომონი სიმართლით ივლიდა იეჰოვას წინაშე, მისი ტახტი განმტკიცდებოდა. მაგრამ, თუ სოლომონი და მისი შვილები მიატოვებდნენ იეჰოვას თაყვანისცემას და სხვა ღმერთებს დაუწყებდნენ მსახურებას, მაშინ იეჰოვა ასე მოიქცეოდა: „მეც ამოვძირკვავ ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც მას მივეცი; მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემი სახელისთვის განვწმინდე, და ხალხთა სალაპარაკო და დასაცინი გახდება ისრაელი. ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა“ (9:3, 7, 8).
11. რამდენად მდიდარი და ბრძენი იყო სოლომონი?
11 სოლომონს ოცი წელი დასჭირდა იეჰოვას სახლისა და მეფის სასახლის ასაშენებლად. სოლომონმა თავის სამფლობელოში მრავალი ქალაქი ააშენა. მან გემებიც ააგო, შორეულ ქვეყნებთან ვაჭრობა რომ ეწარმოებინა. საბას დედოფალმა შეიტყო სოლომონის სიბრძნის ამბავი, რომელიც მას იეჰოვასგან ჰქონდა ბოძებული, და ეწვია მას, რომ რთული კითხვებით გამოეცადა. მას შემდეგ, რაც მოუსმინა სოლომონს და ნახა მისი სიმდიდრე და მისი ბედნიერი ხელქვეითები, უთხრა: „ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის“ (10:7). „დედამიწის ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი სიმდიდრითა და სიბრძნით“, რადგან იეჰოვა სწყალობდა ისრაელს (10:23).
12. ა) როგორ შესცოდა სოლომონმა და რა სირთულეები შეექმნა მას? ბ) რა იწინასწარმეტყველა ახიამ?
12 სოლომონის ორგულობა და სიკვდილი (11:1—43). იეჰოვას მითითების საწინააღმდეგოდ, სოლომონმა ბევრი უცხოელი ქალი მოიყვანა ცოლად; მას 700 ცოლი და 300 ხარჭა ჰყავდა (კან. 17:17). უცხოელმა ცოლებმა მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს. იეჰოვამ უთხრა სოლომონს, რომ გამოჰგლეჯდა სამეფოს, ოღონდ ამას მისი ვაჟის მეფობის დროს გააკეთებდა. თუმცა სამეფოს ნაწილი, იუდა და კიდევ ერთი ტომი, სოლომონის ვაჟებს დარჩებოდათ. ღმერთმა მეზობელი ერები მტრად უქცია სოლომონს; ეფრემელი იერობოამიც აუმხედრდა მეფეს. წინასწარმეტყველმა ახიამ უთხრა იერობოამს, რომ ისრაელის ათ ტომზე გამეფდებოდა. მანამდე იერობოამს სოლომონის შიშით ეგვიპტეში მოუწია გაქცევა. სოლომონმა 40 წელი იმეფა, მისი სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. 997 წელს, მისი ვაჟი რობოამი გამეფდა.
13. როგორ მოხდა სამეფოს გაყოფა რობოამის მეფობის დასაწყისში და რა გააკეთა იერობოამმა თავისი მეფობის განსამტკიცებლად?
13 სამეფოს გაყოფა (12:1—14:20). იერობოამი დაბრუნდა ეგვიპტიდან, ხალხთან ერთად მივიდა რობოამთან და სთხოვა, შეემსუბუქებინა სოლომონის მიერ დაკისრებული მძიმე უღელი. რობოამმა ისრაელის უხუცესების ბრძნულ რჩევას კი არ დაუგდო ყური, ახალგაზრდებს მოუსმინა და ხალხს უღელი უფრო დაუმძიმა. ისრაელი განუდგა რობოამს და ჩრდილოეთის ათტომიან სამეფოზე იერობოამი გამეფდა. რობოამმა, რომელსაც მხოლოდ იუდა და ბენიამინი დარჩა, შეკრიბა ჯარი, რომ აჯანყებულებს შებრძოლებოდა, მაგრამ იეჰოვამ უკან დააბრუნა. იერობოამმა ააშენა შექემი, რომელიც მისი სატახტო ქალაქი გახდა. იმის შიშით, რომ ხალხს იეჰოვას თაყვანსაცემად იერუსალიმში არ ევლო და ისევ რობოამს არ დაბრუნებოდა, მან ორი ოქროს ხბო გააკეთა: ერთი დანში დადგა, მეორე კი — ბეთელში. მღვდლებად მან ლევიანების ნაცვლად ჩვეულებრივი ხალხი დანიშნაd.
14. რა უწინასწარმეტყველეს იერობოამის სახლს და რა უბედურებები დაატყდა იერობოამს?
14 როცა იერობოამი ბეთელში მსხვერპლს სწირავდა, იეჰოვამ წინასწარმეტყველი გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ დავითის საგვარეულოდან მოვიდოდა მეფე იოშია, რომელიც მიწასთან გაასწორებდა ცრუღმერთებისთვის დადგმულ სამსხვერპლოს. სამსხვერპლო მაშინვე დაიშალა. თავად წინასწარმეტყველი მოგვიანებით ლომმა მოკლა, რადგან არ დაემორჩილა იეჰოვას მითითებას, რომ არ ეჭამა და არ ესვა ამ დავალების შესრულების დროს. ამის შემდეგ იერობოამის სახლს უბედურებები დაატყდა. იეჰოვას სიტყვისამებრ მისი ვაჟი მოკვდა; ღვთის წინასწარმეტყველმა ახიამ იწინასწარმეტყველა, რომ იერობოამის სახლეულობა გაწყდებოდა, რადგან ცრუღმერთები დაუყენა ისრაელს და დიდად შესცოდა. 22 წლის მეფობის შემდეგ იერობოამი მოკვდა და მის ნაცვლად მისი ვაჟი ნადაბი გამეფდა.
15. რა მოხდა იუდაში მომდევნო სამი მეფის მმართველობის დროს?
15 იუდას სამეფო: რობოამი, აბიამი და ასა (14:21—15:24). ამ პერიოდში იუდაში რობოამი მეფობდა. ხალხი იქაც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში და კერპებს ეთაყვანებოდა. იუდას თავს დაესხა ეგვიპტის მეფე და ტაძრიდან უამრავი ძვირფასი ნივთი წაიღო. რობოამმა 17 წელი იმეფა და მისი სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი აბიამი გამეფდა. ისიც სცოდავდა იეჰოვას წინაშე და სამი წლის მეფობის შემდეგ მოკვდა. მის შემდეგ მისი ვაჟი ასა გამეფდა, რომელიც მამამისისგან განსხვავებით მთელი გულით ემსახურებოდა იეჰოვას და ქვეყნიდან მოაშორა ნეხვიანი კერპები. ისრაელსა და იუდას შორის გაუთავებელი ომი იყო. ასამ დახმარება სირიას სთხოვა, ამიტომ ისრაელის ჯარმა უკან დაიხია. ასამ 41 წელი იმეფა და მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოშაფატი გამეფდა.
16. რა არეულობა იყო ისრაელში და რატომ?
16 ისრაელის სამეფო: ნადაბი, ბააშა, ელაჰი, ზიმრი, თიბნი, ომრი და ახაბი (15:25—16:34). ეს ბოროტთა კრებული იყო. ნადაბი თავისი მეფობის ორი წლის თავზე ბააშამ მოკლა და გაწყვიტა იერობოამის მთელი სახლი. ბააშაც ცრუთაყვანისმცემლობას ეწეოდა და ებრძოდა იუდას. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ პირწმინდად აღგვიდა ბააშას სახლს, ისევე როგორც იერობოამის სახლი აღგავა. 24-წლიანი მეფობის შემდეგ ბააშას ნაცვლად მისი ვაჟი ელაჰი გამეფდა. ორწლიანი მეფობის შემდეგ ის მისივე მსახურმა ზიმრიმ მოკლა. ტახტზე ასვლისთანავე ზიმრიმ ბააშას მთელი სახლი გაანადგურა. როცა ხალხმა ამის შესახებ შეიტყო, გაამეფეს მხედართმთავარი ომრი და ზიმრის სატახტო ქალაქ თირცას წინააღმდეგ გაილაშქრეს. ზიმრიმ დაინახა, რომ მისი აღსასრული ახლოს იყო, სასახლეს ცეცხლი წაუკიდა და თავადაც შიგ ჩაიწვა. მის შემდეგ მეფობა თიბნიმ მოინდომა, მაგრამ ომრის მომხრეებმა დაამარცხეს და მოკლეს ის.
17. ა) რით გამოირჩეოდა ომრის მეფობა? ბ) რატომ აღმოჩნდა ახაბის დროს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სავალალო მდგომარეობაში?
17 ომრიმ სამარიის მთა შეიძინა და მასზე ქალაქი სამარია გააშენა. ის იერობოამის გზებით დადიოდა და კერპთაყვანისმცემლობით შეურაცხყოფდა იეჰოვას. ომრი თავის წინამორბედებზე უარესად იქცეოდა. 12-წლიანი მეფობის შემდეგ ის მოკვდა და მის ნაცვლად მისი ვაჟი ახაბი გამეფდა. ახაბმა ცოლად მოიყვანა სიდონის მეფის ასული იზებელი და სამარიაში ბაალის სამსხვერპლო ააგო. ის თავის წინამორბედებზე მეტად შეურაცხყოფდა იეჰოვას. იმ დროს ბეთელელმა ხიელმა იერიხონი აღადგინა თავისი ვაჟების, პირმშოსა და უმცროსის სიცოცხლის ფასად. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მეტად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
18. რა განუცხადა ელიამ ახაბს, როცა ისრაელში წინასწარმეტყველება დაიწყო და როგორ ახსნა ისრაელის უბედურების ნამდვილი მიზეზი?
18 წინასწარმეტყველი ელია ისრაელში (17:1—22:40). წიგნში მოულოდნელად ახალი პერსონაჟი შემოდის. ეს არის იეჰოვას მაცნე, თიშბელი ელიაe. მან მეფე ახაბს გამაოგნებელი წინასწარმეტყველება განუცხადა: „ცოცხალია იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, არ იქნება ამ წლებში არც ნამი და არც წვიმა, სანამ მე არ ვიტყვი“ (17:1). შემდეგ ელია იეჰოვას მითითებისამებრ იორდანის აღმოსავლეთით ხევში დაიმალა. ისრაელში გვალვა ჩამოვარდა. ელიასთან ყორნებს მიჰქონდათ საჭმელი. როცა ხევი ამოშრა, იეჰოვამ წინასწარმეტყველი სიდონის სარეფთაში გაგზავნა. ერთმა ქვრივმა სიკეთე გამოავლინა ელიას მიმართ, ამიტომ იეჰოვამ სასწაული მოახდინა და ქალს ფქვილი და ზეთი არ გამოლევია. ის და მისი შვილი შიმშილით სიკვდილს გადაურჩნენ. მოგვიანებით ქვრივის ვაჟი ავად გახდა და მოკვდა. ელიას თხოვნით იეჰოვამ გააცოცხლა ბიჭი. გვალვის დაწყებიდან მესამე წელს იეჰოვამ კვლავ გაგზავნა ელია ახაბთან. ახაბმა ელიას ისრაელის დამაქცეველი უწოდა, მაგრამ მან გაბედულად მიუგო: „შენ და მამაშენმა დააქციეთ [ისრაელი] . . . რადგან ბაალებს გაჰყევით“ (18:18).
19. რა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და როგორ დამტკიცდა იეჰოვას უზენაესობა?
19 ელიამ ახაბს უთხრა, ბაალის წინასწარმეტყველები ქარმელის მთაზე შეეკრიბა. ახლა საბოლოოდ უნდა გამხდარიყო ცხადი, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი — იეჰოვა თუ ბაალი. ბაალის 450-მა ქურუმმა მთელი ხალხის წინაშე მოამზადა მოზვერი და სამსხვერპლოზე დადეს. შემდეგ ლოცვა დაიწყეს, რომ ცეცხლი ჩამოსულიყო ზეციდან და შესაწირავი შთაენთქა. დილიდან შუადღემდე ისინი ამაოდ უხმობდნენ ბაალს, ელია კი დასცინოდა მათ. ისინი ყვიროდნენ და სხეულს ისერავდნენ, მაგრამ პასუხს არავინ სცემდათ. შემდეგ წინასწარმეტყველმა ელიამ, რომელიც მარტო იყო, იეჰოვას სახელზე სამსხვერპლო ააგო, ზედ შეშა დააწყო და შესაწირავად მოზვერი მოამზადა. მან ხალხს სამჯერ დაასხმევინა წყალი შესაწირავსა და შეშაზე, შემდეგ კი ლოცვით მიმართა იეჰოვას: „მიპასუხე, იეჰოვა, მიპასუხე, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი“. ზეციდან მაშინვე ჩამოვარდა ცეცხლი, შთანთქა შესაწირავი, შეშა, სამსხვერპლოს ქვები, მტვერი და წყალი. ამის დანახვაზე ხალხი პირქვე დაემხო. მათ შესძახეს: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ (18:37, 39). ბაალის წინასწარმეტყველებს სიკვდილი არ ასცდებოდათ. ელიამ საკუთარი ხელით დახოცა ისინი, არც ერთი არ გადარჩენილა. იეჰოვამ წვიმა მოავლინა და ისრაელში გვალვა შეწყდა.
20. ა) როგორ გამოეცხადა იეჰოვა ელიას ხორებში, რა მითითებები მისცა და როგორ გაამხნევა? ბ) რა და რა დანაშაული ჩაიდინა ახაბმა?
20 როცა იზებელმა ბაალის დამცირების შესახებ შეიტყო, ელიას მოკვლა დააპირა. შეშინებული ელია უდაბნოში თავის მსახურთან ერთად გაიქცა და იეჰოვას მითითებისამებრ ხორებში მივიდა. იქ იეჰოვა გამოეცხადა მას არა ძლიერი ქარით, მიწისძვრითა და ცეცხლით, არამედ ‘მშვიდი და ჩუმი ხმით’ (19:11, 12). მან დაავალა ელიას, სირიის მეფედ ხაზაელი ეცხო, ისრაელის მეფედ — იეჰუ, თავისი საქმის გამგრძელებლად კი — ელისე. იეჰოვამ გაამხნევა ის, რომ ისრაელში 7 000 კაცი იყო, რომელთაც მუხლი არ ჰქონდათ მოდრეკილი ბაალის წინაშე. ელია მაშინვე გაუდგა გზას, რომ ელისე წინასწარმეტყველად ეცხო. ამის ნიშნად მან მოსასხამი გადაუგდო ელისეს. ახაბმა ორჯერ სძლია სირიელებს, მაგრამ მოკვლის ნაცვლად სირიის მეფეს შეთანხმება დაუდო. ამიტომ იეჰოვამ გაკიცხა ის. თხრობა გრძელდება ნაბოთის ამბით, რომლის ვენახის ხელში ჩაგდებაც ახაბს უნდოდა. იზებელმა ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე მოაკვლევინა ნაბოთი და მის ვენახს ახაბი დაეპატრონა. მათ სასჯელი არ ასცდებოდათ!
21. ა) რა განაჩენი გაუცხადა ელიამ ახაბს, მის სახლსა და იზებელს? ბ) რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ახაბზე?
21 თხრობა კვლავ ელიაზე გადადის. მან უთხრა ახაბს, რომ იქ, სადაც ნაბოთის სისხლს ლოკავდნენ ძაღლები, მის სისხლსაც ალოკავდნენ და მისი სახლი იერობოამისა და ბააშას სახლებივით განადგურდებოდა; იზებელს კი ძაღლები შეჭამდნენ იზრეელის მიწაზე. „იეჰოვას თვალში ბოროტების ჩასადენად არავის გაუყიდია თავი ახაბივით, რომელსაც თავისი ცოლი, იზებელი აქეზებდა“ (21:25). ელიას სიტყვების მოსმენაზე ახაბმა თავი დაიმდაბლა. ამიტომ იეჰოვამ თქვა, რომ ეს უბედურება ახაბის სიცოცხლეში კი არა, მისი ვაჟის სიცოცხლეში მოხდებოდა. ახაბმა იუდას მეფე იეჰოშაფატთან ერთად სირიის წინააღმდეგ გაილაშქრა, თუმცა იეჰოვას წინასწარმეტყველ მიქაიას გაფრთხილებული ჰყავდა ისინი, არ გასულიყვნენ საბრძოლველად. ბრძოლის დროს ახაბი სასიკვდილოდ დაჭრეს. როცა ახაბის საომარ ეტლს სამარიის ავზთან რეცხავდნენ, მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ, როგორც ელიამ იწინასწარმეტყველა. ახაბის შემდეგ მისი ვაჟი ახაზია გამეფდა.
22. რით გამოირჩეოდა იუდაზე იეჰოშაფატის მმართველობა და ისრაელზე ახაზიას მმართველობა?
22 იეჰოშაფატის მმართველობა იუდაში (22:41—53). იეჰოშაფატი, რომელიც ახაბთან ერთად სირიის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, მამამისის, ასას მსგავსად იეჰოვას ერთგული იყო. თუმცა ცრუთაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი მაღლობები ბოლომდე არ გაუნადგურებია. მან 25 წელი იმეფა და მისი სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი იეჰორამი გამეფდა. ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში ახაზია მამის კვალს მიჰყვებოდა და ბაალის თაყვანისმცემლობით შეურაცხყოფდა იეჰოვას.
რატომ არის სასარგებლო
23. რაში გვარწმუნებს და როგორ გვამხნევებს „პირველი მეფეები“?
23 „პირველ მეფეებში“ ღვთის შთაგონებით ჩაწერილი დარიგებები მართლაც სასარგებლოა ჩვენთვის. მაგალითად, ამ წიგნში დიდი ყურადღება ექცევა ლოცვას. როცა სოლომონს ისრაელის მეფის უდიდესი პასუხისმგებლობები დაეკისრა, მან ბავშვივით თავმდაბლურად მიმართა იეჰოვას ლოცვით. სოლომონმა მხოლოდ განსჯის უნარი და მორჩილი გული სთხოვა იეჰოვას, მაგრამ დიდ სიბრძნესთან ერთად იეჰოვამ მას სიმდიდრე და დიდებაც უბოძა (3:7—9, 12—14). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს სიბრძნეს და გაგვიწევს ხელმძღვანელობას, თუ თავმდაბლურად ვთხოვთ ლოცვაში (იაკ. 1:5). ყოველთვის მხურვალედ ვილოცოთ და მადლიერნი ვიყოთ იეჰოვას სიკეთისთვის, როგორც ეს სოლომონმა გააკეთა ტაძრის მიძღვნის დროს! (1 მეფ. 8:22—53). ჩვენი ლოცვებიდან ყოველთვის უნდა გამოჩნდეს, რომ სრულად ვენდობით იეჰოვას, როგორც ამას ელია აკეთებდა განსაცდელის დროს და დემონების თაყვანისმცემელ ერთან დაპირისპირებისას. იეჰოვა საოცრად ზრუნავს მათზე, ვინც ლოცვით მიმართავს (1 მეფ. 17:20—22; 18:36—40; 1 იოან. 5:14).
24. რა გამაფრთხილებელ მაგალითებს შეიცავს „პირველი მეფეები“ და რატომ უნდა მიაქციონ ზედამხედველებმა ამას ყურადღება?
24 გარდა ამისა, ჩვენთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს მათი მაგალითი, ვინც თავი არ დაიმდაბლა იეჰოვას წინაშე, რადგან „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება“ (1 პეტ. 5:5). მაგალითად, ადონიამ არაფრად ჩააგდო იეჰოვასგან დანიშნული მეფე (1 მეფ. 1:5; 2:24, 25); შიმეის ეგონა, რომ დადგენილ საზღვრებს შეეძლო დაუსჯელად გასცდენოდა (2:37, 41—46); ხანში შესულ სოლომონს დაუმორჩილებლობის გამო იეჰოვამ მტრები გაუჩინა (11:9—14, 23—26); ისრაელის მეფეებმა ცრუთაყვანისმცემლობით თავი დაიღუპეს (13:33, 34; 14:7—11; 16:1—4). ახაბის ტახტს ამოფარებული ბოროტი და ხარბი იზებელის სიკვდილიდან ათასი წელი იყო გასული, როცა იესომ თიატირის კრებას უთხრა: „შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ ქალ იზებელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, ასწავლის ჩემს მონებს და შეცდომაში შეჰყავს ისინი, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ“ (გამოცხ. 2:20). ზედამხედველებმა კრებაში სიწმინდე უნდა შეინარჩუნონ და დაიცვან ის იზებელის მსგავსი ადამიანების გავლენისგან (შეადარეთ საქმეების 20:28—30).
25. „პირველ მეფეებში“ ჩაწერილი რა წინასწარმეტყველებები შესრულდა და როგორ გვეხმარება მათზე ფიქრი?
25 „პირველ მეფეებში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ იეჰოვას წინასწარ განჭვრეტის უნარი აქვს. მაგალითად, იეჰოვამ 300 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ იოშია ბეთელში იერობოამის სამსხვერპლოს დაანგრევდა. ეს ასეც მოხდა (1 მეფ. 13:1—3; 2 მეფ. 23:15). განსაკუთრებით აღსანიშნავია წინასწარმეტყველებები, რომლებიც სოლომონის მიერ აშენებულ იეჰოვას სახლს ეხებოდა. იეჰოვამ უთხრა სოლომონს, რომ ისრაელი თუ განუდგებოდა და ცრუღმერთებს დაუწყებდა თაყვანისცემას, ამოძირკვავდა მათ იმ მიწიდან და მოიშორებდა სახლს, რომელიც თავისი სახელისთვის განწმინდა (1 მეფ. 9:7, 8). 2 მატიანეს 36:17—21-დან ვიგებთ, როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება. მოგვიანებით იესომ თქვა, რომ ძველი ტაძრის ადგილას აგებული ჰეროდე დიდის ტაძარი იმავე მიზეზით განადგურდებოდა (ლუკ. 21:6). ეს წინასწარმეტყველებაც შესრულდა. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს უბედურებები და მათი გამომწვევი მიზეზები; მათ უნდა შეგვახსენონ, რომ ყოველთვის ჭეშმარიტი ღვთის გზით ვიაროთ.
26. რა წარმოდგენას გვიქმნის „პირველი მეფეები“ იეჰოვას ტაძარსა და სამეფოზე?
26 შორეული ქვეყნიდან ჩასულმა საბას დედოფალმა გაოცება ვერ დამალა, როცა სოლომონის სიბრძნე მოისმინა, მისი ხალხის კეთილდღეობა, მისი სამეფოს დიდება და იეჰოვას საუცხოო სახლი იხილა. მიუხედავად ამისა, სოლომონმა იეჰოვას უთხრა: „ვერ გიტევს შენ ზეცა, ზეცათა ზეცა, და ჩემი აშენებული სახლი როგორღა დაგიტევს?!“ (1 მეფ. 8:27; 10:4—9). საუკუნეების შემდეგ დედამიწაზე იესო ქრისტე მოვიდა, რათა სულიერი მშენებლობა დაეწყო და იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღედგინა (ებრ. 8:1—5; 9:2—10, 23). იესოზე, დიდ სოლომონზე, სრულდება იეჰოვას დაპირება: „სამარადისოდ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე“ (1 მეფ. 9:5; მათ. 1:1, 6, 7, 16; 12:42; ლუკ. 1:32). „პირველი მეფეები“ წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვას სულიერი ტაძრის დიდებაზე, ასევე იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, სიხარულსა და უსაზღვრო ბედნიერებაზე, რომლებიც იეჰოვას მიერ დანიშნული ბრძენი მეფის, იესო ქრისტეს მმართველობის დროს იცხოვრებენ. ახლა ჩვენ უკეთ გვესმის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა და იეჰოვას სამეფოს მნიშვნელობა.
[სქოლიოები]
a The International Standard Bible Encyclopedia, ტ. IV, 1988, გვ. 648, ჯ. ბრომილი.
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 149, 952 (ინგლ.).
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 750, 751 (ინგლ.).
d „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 947, 948 (ინგლ.).
e „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ ტ. I, გვ. 949, 950 (ინგლ.).