მეფეები (ბიბლიის წიგნები)
ბიბლიის ეს წიგნები მოგვითხრობს ისრაელის ისტორიას დავითის მეფობის ბოლო დღეებიდან ბაბილონში მეფე იეჰოიაქინის საპყრობილიდან გათავისუფლებამდე.
თავდაპირველად ეს წიგნები ერთი გრაგნილი იყო, რომელსაც „მეფეები“ (ებრ. მელაქიმ ) ეწოდებოდა. თანამედროვე ებრაულ ბიბლიებშიც ისინი ერთ წიგნად ითვლება და ე. წ. ადრინდელ წინასწარმეტყველებს შორის რიგით მეოთხე წიგნია. ვინაიდან სეპტუაგინტაში სამუელის წიგნებს „პირველი სამეფო“ და „მეორე სამეფო“ ეწოდებოდა, მეფეების წიგნებს „მესამე სამეფო“ და „მეოთხე სამეფო“ უწოდეს. ლათინურ ვულგატაში ოთხივე წიგნს „მეფეები“ ეწოდება, რადგან იერონიმემ სეპტუაგინტიდან „სამეფოების“ (Regnorum) თარგმნას ებრაული სახელწოდების თარგმნა არჩია და წიგნებს „მეფეები“ (Regum) დაარქვა. სეპტუაგინტაში ტექსტის ორ წიგნად დაყოფა გონივრული იყო, რადგან ხმოვნებიან ბერძნულ ტექსტს თითქმის ორჯერ მეტი ადგილი სჭირდებოდა ებრაულთან შედარებით, რომელიც ახ. წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევრამდე ხმოვნებს არ შეიცავდა. ბერძნულ თარგმანებში „მეორე სამუელსა“ და „პირველ მეფეებს“ ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას არ ყოფდნენ. მაგალითად, ლუკიანეს მიერ შესწორებულ სეპტუაგინტაში „პირველი მეფეები“ იწყებოდა იმ ადგილიდან, რომელიც თანამედროვე ბიბლიებში შეესაბამება 1 მეფეების 2:12-ს.
წიგნების შედგენა. მართალია, მეფეების წიგნები დამწერის სახელს არ მოიხსენიებს, მაგრამ წმინდა წერილებსა და იუდაური ტრადიციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დამწერი იერემია იყო. ამ ორ წიგნში წერია მრავალი ებრაული სიტყვა თუ გამოთქმა, რომლებიც იერემიას წინასწარმეტყველების გარდა ბიბლიის სხვა წიგნებში არ გვხვდება. მეფეების წიგნები და იერემიას წიგნი ერთმანეთს ავსებს. მაგალითად, ერთ წიგნში მოკლედ ჩაწერილ მოვლენებს მეორე წიგნი უფრო ვრცლად აღწერს. თუმცა იერემია ცნობილი წინასწარმეტყველი იყო, მეფეების წიგნში მისი, როგორც ავტორის სახელის გამოტოვება იმით იქნებოდა განპირობებული, რომ იერემიას საქმიანობა დაწვრილებით იყო განხილული მისი სახელით წოდებულ წიგნში. „მეფეებში“ აღწერილია გადასახლების შემდეგ იერუსალიმში არსებული მდგომარეობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დამწერი ბაბილონში გადასახლებული არ იყო. ეს ფაქტიც იერემიას ავტორობაზე მოწმობს (იერ. 40:5, 6).
ზოგი ბიბლეისტის აზრით, მეფეების წიგნებიდან ჩანს, რომ მათ არაერთი დამწერი ჰყავდათ. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში წიგნების ენა, სტილი, ლექსიკა და გრამატიკული წყობა ერთიანია, თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა წყაროს გამოყენებით განპირობებულ ცვლილებებს.
„პირველი მეფეები“ მოიცავს დაახლოებით 129-წლიან პერიოდს ძვ. წ. 1040 წელს დავითის მეფობის დასასრულიდან ძვ. წ. 911 წელს იუდას მეფე იეჰოშაფატის სიკვდილამდე (1მფ. 22:50). „მეორე მეფეები“ მოგვითხრობს დაახლოებით 340-წლიან პერიოდში მომხდარ მოვლენებს ახაზიას მმართველობიდან (დაახლ. ძვ. წ. 920) იეჰოიაქინის გადასახლების 37-ე წლის მიწურულამდე (ძვ. წ. 580) (2მფ. 1:1, 2; 25:27—30). ასე რომ, საერთო ჯამში მეფეების წიგნები მოიცავს ებრაელთა ისტორიის დაახლოებით ოთხსაუკუნე-ნახევარს. ვინაიდან „მეფეებში“ ჩაწერილია ძვ. წ. 580 წლის ჩათვლით მომხდარი მოვლენები, შეუძლებელია, ისინი მანამდე ყოფილიყო დაწერილი. აგრეთვე მათში არ მოიხსენიება ბაბილონის გადასახლების დასასრული, რაც იმას ნიშნავს, რომ „მეფეები“, რომელიც ერთ გრაგნილად იყო შედგენილი, მანამდე დაიწერებოდა.
როგორც ჩანს, წიგნების დიდი ნაწილი იუდაში დაიწერა, რადგან სწორედ იქ მოიძებნებოდა საჭირო წყაროები. თუმცა „მეორე მეფეების“ წერა ალბათ ეგვიპტეში დასრულდა, სადაც იერემია წაიყვანეს მიცფაში გედალიას მოკვლის შემდეგ (იერ. 41:1—3; 43:5—8).
მეფეების წიგნები თავიდანვე იყო შეტანილი იუდაისტურ კანონში და ისინი დღესაც კანონიკურად არის აღიარებული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ წიგნებში ვითარდება ბიბლიის მთავარი თემა — იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება და დედამიწასთან დაკავშირებული მისი განზრახვის საბოლოოდ შესრულება ღვთის სამეფოს მეშვეობით, რომელსაც სათავეში უდგას იესო ქრისტე, აღთქმული შთამომავალი. გარდა ამისა, წიგნებში ყურადღება მახვილდება სამ გამოჩენილ წინასწარმეტყველზე — ელიაზე, ელისესა და ესაიაზე, და მათ მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებების ზედმიწევნით შესრულებაზე. „მეფეებში“ ჩაწერილი მოვლენები მოხსენიებულია და ახსნილია ბიბლიის სხვა წიგნებში. იესომ სამჯერ მოიყვანა აზრები ამ წიგნებიდან სოლომონზე (მთ. 6:29), სამხრეთის დედოფალზე (მთ. 12:42; შდრ. 1მფ. 10:1—9) სარეფთელ ქვრივსა და ნაამანზე საუბრისას (ლკ. 4:25—27; შდრ. 1მფ. 17:8—10; 2მფ. 5:8—14). პავლემ მოიხსენია ეპიზოდი ელიასა და იმ 7 000 კაცის შესახებ, რომლებმაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე (რმ. 11:2—4; შდრ. 1მფ. 19:14, 18). იაკობი წერდა გვალვისა და წვიმის შესახებ ელიას ლოცვებზე (იაკ. 5:17, 18; შდრ. 1მფ. 17:1; 18:45). მეფეების წიგნებში მოხსენიებულ ადამიანთა საქმეების ბიბლიის სხვა წიგნებში მოხსენიება მათ კანონიკურობას ადასტურებს.
„მეფეებში“ ჩაწერილი ინფორმაციის დიდი ნაწილი წერილობითი წყაროებიდან არის აღებული, რასაც თავად დამწერიც ადასტურებს. ის მოიხსენიებს „სოლომონის მატიანეს“ (1მფ. 11:41), „იუდას მეფეთა მატიანესა“ (1მფ. 15:7, 23) და „ისრაელის მეფეთა მატიანეს“ (1მფ. 14:19; 16:14).
ჩვენამდე მოღწეული უძველესი ებრაული ხელნაწერი, რომელიც სრულად შეიცავს მეფეების წიგნებს, ახ. წ. 1008 წლით თარიღდება. ვატიკანის კოდექსი №1209 და ალექსანდრიის ხელნაწერი შეიცავს ამ წიგნებს (ბერძნულად), სინური ხელნაწერი კი — არა. კუმრანის გამოქვაბულებში აღმოაჩინეს მეფეების წიგნების ფრაგმენტები, რომლებიც სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვით თარიღდება.
წიგნების წყობიდან ჩანს, რომ ქრონოლოგიის დასადგენად და მეფეებისადმი ღვთის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულების დასანახვებლად დამწერი თითოეულ მეფეზე სათანადო ფაქტებს გვაწვდის. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მათი მმართველობის დროს ერის სულიერ მდგომარეობაზე. სოლომონის მმართველობის აღწერის შემდეგ, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, წიგნი ერთ სტილში ერთმანეთის პარალელურად აღწერს ორი სამეფო ხაზის ისტორიას. იუდას მეფეებზე საუბრისას დამწერი თავიდან მოიხსენიებს მათ თანამედროვე ისრაელის მეფეებს, შემდეგ იუდას მეფის ასაკს, მმართველობის ხანგრძლივობას, სატახტო ქალაქს, დედის სახელსა და მშობლიურ ქალაქს. უკანასკნელი ორი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან იუდას მეფეთაგან ზოგს მრავალი ცოლი ჰყავდა. დასასრულ, მოიხსენიება ინფორმაციის წყარო, მეფის დაკრძალვის ადგილი და მომდევნო მეფე. მსგავსი ინფორმაციაა ისრაელის მეფეებზეც, თუმცა არ მოიხსენიება გამეფების დროს მეფეების ასაკი და მათი დედების სახელები და მშობლიური ქალაქები. „მეფეებში“ ჩაწერილი ინფორმაცია დიდად დამხმარეა ბიბლიური ქრონოლოგიის შესასწავლად (იხ. ქრონოლოგია).
მეფეების წიგნები ანალებსა თუ ქრონიკაზე მეტია, რადგან ისტორიულ ფაქტებთან ერთად ხსნის მათ მნიშვნელობას. როგორც ჩანს, მათში გამოტოვებულია ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება ღვთის განზრახვის შესრულებას და ნათელს არ ჰფენს იმ პრინციპებს, რომლითაც იეჰოვა თავის ხალხთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობს. სოლომონის, იუდასა და ისრაელის მეფეების შეცდომები მიჩქმალული არ არის და მათზე დაუფარავად და გულწრფელად არის საუბარი.
არქეოლოგიური მასალები. მრავალი არქეოლოგიური ძეგლის აღმოჩენის შედეგად დადასტურდა, რომ მეფეების წიგნები ისტორიულად და გეოგრაფიულად ზუსტია. არქეოლოგია და დღემდე შემორჩენილი ლიბანის კედრები ადასტურებს, რომ სოლომონის დროს ლიბანში კედრის ტყეები არსებობდა, საიდანაც სოლომონს იერუსალიმში სამშენებლო მასალა შეჰქონდა (1მფ. 5:6; 7:2). იორდანეს აუზში, იქ სადაც ერთ დროს სუქოთი და ცარეთანი იდგა, ნაპოვნია სამრეწველო საქმიანობის ნივთიერი მტკიცებები (1მფ. 7:45, 46).
რობოამის დროს იუდაში შიშაკის შეჭრას (1მფ. 14:25, 26) ადასტურებს ეგვიპტეში კარნაკის ტაძრის კედელზე ფარაონის მიერ გაკეთებული წარწერა. 1846 წელს ნიმრუდში ნაპოვნი ასურეთის მეფე სალმანასარ III-ის შავი კირქვის ობელისკზე სავარაუდოდ ასახულია იეჰუს მაცნე, რომელიც სალმანასარის წინაშე ქედს იხრის. მართალია, ეს შემთხვევა მეფეების წიგნებში არ არის მოხსენიებული, მაგრამ დამაჯერებლობას სძენს ისრაელის მეფე იეჰუს ისტორიულობას. სამარიაში აღმოჩენილი ნანგრევები ადასტურებს ახაბის ფართომასშტაბიან სამშენებლო საქმიანობას, მათ შორის „სპილოს ძვლის სასახლის“ აშენებას (1მფ. 22:39).
მოაბური ქვა შეიცავს ისრაელის წინააღმდეგ მოაბის მეფე მეშას აჯანყების ზოგიერთი მომენტის მეშასეულ ვერსიას (2მფ. 3:4, 5). ამ ანბანურ წარწერაში ტეტრაგრამატონიც წერია.
ტიგლათფილესერ III-ს მიკუთვნებულ ისტორიულ ტექსტში მოხსენიებულია სახელი ფეკახი (2მფ. 15:27). ისრაელის წინააღმდეგ ტიგლათფილესერ III-ის გალაშქრება ნახსენებია მის სამეფო ანალებსა და ასურულ კედლის წარწერაში (2მფ. 15:29). მისი ლაშქრობის შესახებ წარწერებში აგრეთვე ამოიკითხეს სახელი ჰოშეა (2მფ. 15:30; Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 282—284).
ასურეთის მეფე სინახერიბის ანალები მოიხსენიებს მის ზოგიერთ ლაშქრობას, თუმცა ნახსენებიც კი არ არის, როგორ გაანადგურა ანგელოზმა მისი 185 000 მეომარი, როცა ის იერუსალიმს ემუქრებოდა (2მფ. 19:35). არც უნდა მოველოდეთ, რომ ამ მკვეხარა მეფის ჩანაწერებში ასეთი დიდი დამარცხება იქნებოდა მოხსენიებული. ბაბილონში აღმოჩენილი ლურსმული თიხის ფირფიტები მეფეების წიგნის ბოლო სიტყვების უტყუარობის ღირსშესანიშნავი არქეოლოგიური მტკიცებაა. ამ წარწერებიდან ჩანს, რომ იაუკინი (იეჰოიაქინი) ბაბილონში იყო დაპატიმრებული და სარჩოს მეფისგან იღებდა (2მფ. 25:30; Ancient Near Eastern Texts, გვ. 308).
შესრულებული წინასწარმეტყველებები. მეფეების წიგნებში ჩაწერილია მრავალი წინასწარმეტყველება და წინასწარმეტყველების შესრულება. მაგალითად, 1 მეფეების 2:27-დან ვიგებთ, როგორ შესრულდა იეჰოვას მიერ ელის სახლის წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვა (1სმ. 2:31—36; 3:11—14). აგრეთვე ნაჩვენებია ახაბსა და მის სახლზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებების შესრულება (1მფ. 21:19—21 შდრ. 1მფ. 22:38-სა და 2მფ. 10:17-ს). შესრულდა წინასწარმეტყველება იზებელისა და მისი სიკვდილის შესახებ (1მფ. 21:23 შდრ. 2მფ. 9:30—36-ს). ამასთან, ისტორიული ფაქტებით დასტურდება იერუსალიმის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველების უტყუარობა (2მფ. 21:13).
სხვა საკითხებთან ერთად მეფეების წიგნები ხაზს უსვამს იეჰოვას მოთხოვნების შესრულების აუცილებლობასა და მისი სამართლიანი კანონების უგულებელყოფით გამოწვეულ სავალალო შედეგებს. ამ წიგნებიდან ნათელი ხდება, რომ იეჰოვა ღმერთისადმი მორჩილებასა თუ დაუმორჩილებლობას სწორედ ის მოჰყვება შედეგად, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები პირველი მეფეებიდან
წიგნში მოკლედ არის ჩაწერილი იუდასა და ისრაელის სამეფოების ისტორია დავითის მმართველობის ბოლო დღეებიდან იეჰოშაფატის სიკვდილამდე.
თავდაპირველად „პირველი მეფეები“ და „მეორე მეფეები“ ერთი გრაგნილი იყო.
მმართველობის დასაწყისში სოლომონი გამოირჩევა სიბრძნით, მმართველობის ბოლოს კი განდგომილი ხდება
ნათანი გაბედულად მოქმედებს და ადონიას ისრაელზე გამეფებაში უშლის ხელს. სოლომონი მეფე ხდება (1მფ. 1:5—2:12).
როცა იეჰოვა ეკითხება, რა სურს, სოლომონი სიბრძნეს ითხოვს. დამატებით ის სიმდიდრესა და დიდებას იღებს (3:5—15).
ღვთისგან ბოძებული სიბრძნით სოლომონი სამართალს უჩენს ორ მეძავს, რომლებიც ერთი ბიჭუნას დედად აცხადებენ თავს (3:16—28).
კურთხევები არ აკლდება მეფე სოლომონსა და მის სამეფოს, ისრაელს. თავისი უბადლო სიბრძნით ის ცნობილი ხდება მთელ მსოფლიოში (4:1—34; 10:14—29).
სოლომონი აშენებს იეჰოვას ტაძარსა და სასახლის შენობებს. მიძღვნას ესწრება ისრაელის ყველა უხუცესი (5:1—8:66).
იეჰოვა წმენდს ტაძარს და ჰპირდება სოლომონს, რომ მისი სამეფო ხაზი არასდროს გაწყდება, თუმცა ორგულობაზეც აფრთხილებს (9:1—9).
საბას დედოფალი მიდის სოლომონთან, რომ საკუთარი თვალით ნახოს მისი სიბრძნე და დიდებულება (10:1—13).
სიბერეში სოლომონი უცხოელი ცოლების გავლენაში ექცევა და უცხო ღმერთებს სცემს თაყვანს (11:1—8).
ერი ორ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ სამეფომ რომ იერუსალიმში აღარ სცეს თაყვანი, ხბოს თაყვანისმცემლობას ეყრება საფუძველი
სოლომონის განდგომილების გამო იეჰოვა ერის დაყოფას წინასწარმეტყველებს (11:11—13).
სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი რობოამი ხალხს ემუქრება, რომ ტვირთს დაუმძიმებს. ათი ტომი განუდგება მას და იერობოამს ამეფებს (12:1—20).
იერობოამი ჩრდილოეთ სამეფოში საფუძველს უყრის ოქროს ხბოების თაყვანისცემას, რათა ხალხმა იერუსალიმში აღარ იაროს თაყვანისმცემლობისთვის და სამეფოს გაერთიანება არ მოინდომოს (12:26—33).
იუდას სამხრეთი სამეფოს კარგი და ცუდი მეფეები
რობოამი და მისი მემკვიდრე აბიამი თვალს ხუჭავენ საზიზღარ ცრუთაყვანისმცემლობაზე (14:21—24; 15:1—3).
აბიამის ვაჟი, ასა და ასას ვაჟი, იეჰოშაფატი მხარს უჭერენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (15:9—15; 22:41—43).
ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ღუპავს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მკვლელობები და კერპთაყვანისმცემლობა
იერობოამის ვაჟი ნადაბი მეფე ხდება. ბააშა კლავს მას და ტახტზე ადის (15:25—30).
ბააშას შემდეგ მისი ვაჟი ელაჰი ადის ტახტზე და მას ზიმრი კლავს. როცა ომრისგან მარცხდება, ზიმრი თავს იკლავს (16:6—20).
ომრის გამარჯვებას მოჰყვება სამოქალაქო ომი. საბოლოოდ ომრი იმარჯვებს, მეფდება და მოგვიანებით სამარიას აშენებს. ის წინამორბედ მეფეებთან შედარებით უფრო მძიმე ცოდვებს სჩადის (16:21—28).
ახაბი ხდება მეფე და სიდონელთა მეფის, ეთბაალის ქალიშვილს ირთავს ცოლად. ის ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობას ნერგავს (16:29—33).
ომები იუდასა და ისრაელს შორის და მოკავშირეობა
იერობოამი ებრძვის რობოამსა და აბიამს, ბააშა კი — ასას (15:6, 7, 16—22).
იეჰოშაფატი კავშირს კრავს ახაბთან (22:1—4, 44).
იეჰოშაფატი და ახაბი ერთად იბრძვიან გალაადის რამოთის წინააღმდეგ. ახაბს კლავენ (22:29—40).
წინასწარმეტყველთა საქმიანობა ისრაელსა და იუდაში
ახია წინასწარმეტყველებს, რომ დავითის სახლს ათი ტომი წაერთმევა. მოგვიანებით ის იერობოამს იეჰოვას განაჩენს უცხადებს (11:29—39; 14:7—16).
შემაია აცხადებს იეჰოვას სიტყვას, რომ რობოამი და მისი ქვეშევრდომები არ შეებრძოლონ ურჩ ათ ტომს (12:22—24).
ღვთის კაცი იეჰოვას განაჩენს აცხადებს ბეთელში ხბოს თაყვანისმცემლობის სამსხვერპლოს წინააღმდეგ (13:1—3).
ხანანის ვაჟი იეჰუ იეჰოვას განაჩენს აცხადებს ბააშას წინააღმდეგ (16:1—4).
ელია წინასწარმეტყველებს ხანგრძლივ გვალვას ისრაელში. გვალვის დროს ის ახდენს სასწაულს, რის შედეგადაც ქვრივ ქალს საკვები არ ელევა, და აღადგენს მის ვაჟს (17:1—24).
ქარმელის მთაზე ელია ჭეშმარიტი ღვთის დასადგენად აწყობს გამოცდას. როცა ცხადი ხდება, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, ბაალის წინასწარმეტყველებს კლავენ. სიკვდილის შიშით ელია გაურბის ახაბის ცოლს, იზებელს. ღმერთი გზავნის მას, რომ სცხოს ხაზაელი, იეჰუ და ელისე (18:17—19:21).
მიქაია წინასწარმეტყველებს ბრძოლაში ახაბის განგმირვას (22:13—28).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები მეორე მეფეებიდან
წიგნში გრძელდება „პირველ მეფეებში“ ჩაწერილი ისტორია იუდასა და ისრაელის სამეფოების შესახებ, რომელიც მთავრდება ორგულობის გამო სამარიის, შემდეგ კი იერუსალიმის განადგურებით.
როგორც ჩანს, წერა ეგვიპტეში დასრულდა ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურებიდან დაახლ. 27 წლის შემდეგ.
ელიას შემდეგ იეჰოვას წინასწარმეტყველად ელისე მსახურობს
ელია წინასწარმეტყველებს ახაზიას სიკვდილს. ის უხმობს ზეციდან ცეცხლს, რომ შთანთქას მის შესაპყრობად გაგზავნილი ორი ორმოცდაათისთავი და მათი 50-50 მეომარი (2მფ. 1:2—17).
იეჰოვა ქარიშხლით იტაცებს ელიას ზეცაში. ელისე იღებს წინასწარმეტყველის მოსასხამს (2:1—13).
ელისე შუაზე ყოფს იორდანეს და კურნავს იერიხონის წყალს. ღვთივშთაგონებული მისი რჩევა ისრაელის, იუდასა და ედომის გაერთიანებულ ჯარებს უწყლოობისგან იხსნის და ისინი მოაბს ამარცხებენ. მის მიერ მოხდენილი სასწაულით ქვრივის ზეთის მარაგი ივსება. ის აღადგენს შუნამელი ქალის ვაჟს, შხამიან შეჭამადს უვნებელს ხდის, ამრავლებს ძღვნად მიტანილ პურსა და მარცვლეულს, კურნავს კეთრისგან ნაამანს, აცხადებს, რომ ნაამანის კეთრი შეეყრება ხარბ გეხაზსა და მის შთამომავლობას და ნათხოვარ ჩაძირულ ცულს ამოატივტივებს (2:14—6:7).
წინასწარ აფრთხილებს ისრაელის მეფეს სირიელთა მოულოდნელი თავდასხმის შესახებ. სირიის ჯარი მიდის მის შესაპყრობად, მაგრამ იეჰოვა დროებით გონებას უბრმავებს მათ. სირიელები ალყაში აქცევენ სამარიას, სადაც გამეფებულ შიმშილობაში ელისეს ადანაშაულებენ. ის შიმშილობის შეწყვეტას წინასწარმეტყველებს (6:8—7:2).
ელისე ასრულებს ელიასთვის მიცემულ დავალებას — ხაზაელს ეუბნება, რომ ის გამეფდება სირიაზე და გზავნის მაცნეს, რომ ისრაელის მეფედ იეჰუ სცხოს (8:7—13; 9:1—13).
იეჰუ ანადგურებს ახაბის სახლს და სპობს ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობას (9:14—10:28).
სიკვდილის პირას მყოფ ელისესთან მიდის იეჰუს შვილიშვილი მეფე იეჰოაში. ელისე წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელი სამჯერ დაამარცხებს სირიას (13:14—19).
იეჰოვასადმი უპატივცემულობის გამო ისრაელს ასურეთში ასახლებენ
იერობოამის მიერ შემოღებული ხბოს თაყვანისმცემლობა იეჰუსა და მისი მემკვიდრეების — იეჰოახაზის, იეჰოაშის, იერობოამ II-ისა და ზაქარიას მმართველობის დროსაც გრძელდება (10:29, 31; 13:6, 10, 11; 14:23, 24; 15:8, 9).
ისრაელის სამეფოს არსებობის ბოლო პერიოდში შალუმი კლავს მეფე ზაქარიას, მენახემი — შალუმს, ფეკახი — მენახემის ვაჟ ფეკახიას და ჰოშეა — ფეკახს (15:8—30).
ფეკახის მეფობის დროს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ს ბევრი ისრაელი ტყვედ მიჰყავს. ჰოშეას მეფობის მეცხრე წელს ასურეთი ანადგურებს სამარიას, ისრაელი კი იეჰოვასადმი უპატივცემულობის გამო გადასახლებაში მიჰყავთ. ისრაელის ტერიტორიაზე სხვა ხალხი სახლდება (15:29; 17:1—41).
იუდაში გატარებული რელიგიური რეფორმების შედეგები ხანმოკლეა. ბაბილონელები ანადგურებენ იერუსალიმს და ღვთის ხალხი გადასახლებაში მიჰყავთ
იუდას მეფე იეჰორამი ცოლად ირთავს ახაბისა და იზებელის ქალიშვილ ათალიას. იეჰორამი ტოვებს იეჰოვას თაყვანისმცემლობას, მსგავსად იქცევა მისი ვაჟი ახაზიაც (8:16—27).
ახაზიას სიკვდილის შემდეგ ათალია ცდილობს დავითის ყველა შთამომავლის მოკვლას, რათა თავად გამეფდეს. ახაზიას ვაჟს, იეჰოაშს სიკვდილისგან იხსნის მამიდამისი. საბოლოოდ ის მეფე ხდება. ათალიას კლავენ (11:1—16).
ვიდრე მღვდელმთავარი იეჰოიადა ცოცხალია და რჩევებს აძლევს, იეჰოაში აღადგენს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, თუმცა ხალხი მაღლობებზე სწირავს მსხვერპლს მისი და მისი მემკვიდრეების — ამაციას, აზარიასა (უზია) და იოთამის მმართველობის დროს (12:1—16; 14:1—4; 15:1—4, 32—35).
იოთამის ვაჟი ახაზი კერპებს სცემს თაყვანს. ახაზის ვაჟი ხიზკია სასიკეთო რეფორმებს ატარებს, თუმცა ისინი უქმდება მენაშესა და ამონის ცუდი მმართველობის დროს (16:1—4; 18:1—6; 21:1—22).
ამონის ვაჟი იოშია მკაცრ ზომებს იღებს ქვეყნიდან კერპთაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად. მას ფარაონ ნექოსთან ბრძოლის დროს კლავენ (22:1—23:30).
იუდას უკანასკნელი ოთხი მეფე ორგულია. იოშიას ვაჟი იეჰოახაზი ეგვიპტის ტყვეობაში კვდება; მის შემდეგ გამეფდება მისი ძმა იეჰოიაკიმი; იეჰოიაკიმის ვაჟსა და მემკვიდრეს, იეჰოიაქინს ბაბილონში ასახლებენ; იეჰოიაკიმის ძმა ციდკია მეფობს ბაბილონელების მიერ იერუსალიმის დაპყრობამდე. გადარჩენილთა უმეტესობა გადასახლებაში მიჰყავთ (23:31—25:21).