ბიბლიის წიგნი 22 — ქებათა ქება
დამწერი: სოლომონი
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 1020
1. რა გაგებით არის ეს წიგნი „სიმღერათა სიმღერა“?
„მთელი მსოფლიო არ ღირდა იმ დღედ, როცა ეს დიდებული სიმღერა მიეცა ისრაელს“. ამგვარად გამოხატა პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იუდეველმა რაბინმა აკიბამ მადლიერება „ქებათა ქებისთვის“a. წიგნი დასათაურებულია შესავალი სიტყვების მიხედვით, რაც ებრაულ ენაზე სიტყვასიტყვით „სიმღერათა სიმღერას“ ანუ „ქებათა ქებას“ ნიშნავს. ეს ფრაზა აღმატებულობაზე მიუთითებს. მსგავსი გამოთქმაა „ზეცათა ზეცა“ (კან. 10:14). წიგნი სიმღერების კრებული არ არის; ის ერთი სიმღერაა, „სრულყოფილი და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სიმღერა ოდესმე არსებულთაგან და დაწერილთაგან“b.
2. ა) ვინ დაწერა „ქებათა ქება“, რატომ შეეძლო მას ამ წიგნის დაწერა და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სიმღერა ცალმხრივ სიყვარულზე? ბ) სად დაიწერა წიგნი და როდის?
2 როგორც შესავალი სიტყვებიდან ჩანს, ეს სიმღერა იერუსალიმის მეფე სოლომონმა დაწერა. მას ყველანაირი წინაპირობა ჰქონდა ებრაული პოეზიის ამ ულამაზესი შედევრის შესაქმნელად (1 მეფ. 4:32). ეს აზრით აღსავსე იდილია ხატოვნად აღწერს სილამაზეს. მკითხველი, რომელსაც შეუძლია წარმოიდგინოს აღმოსავლური გარემო, უკეთესად ჩასწვდება მის სულს (ქებ. 4:11, 13; 5:11; 7:4). სიმღერის შექმნა განსაკუთრებულმა მიზეზმა განაპირობა. დიდებულ მეფე სოლომონს, რომელმაც თავისი უზომო სიბრძნით, ძლევამოსილებითა და თვალისმომჭრელი სიმდიდრით აღტაცებაში მოიყვანა საბას დედოფალი, შეუყვარდა უბრალო სოფლელი ქალიშვილი, რომლის გულის მოგებაც ვერ შეძლო. ქალიშვილს მწყემსი უყვარდა და მისი ერთგული იყო, ამიტომ მეფემ წარმატებას ვერ მიაღწია. ამგვარად, წიგნს შეგვიძლია მართებულად ვუწოდოთ სიმღერა სოლომონის ცალმხრივ სიყვარულზე. სოლომონმა ეს სიმღერა იერუსალიმში დაახლოებით ძვ. წ. 1020 წელს იეჰოვას შთაგონებით დაწერა ბიბლიის მომავალი მკითხველებისთვის. ეს, შესაძლოა, ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. თავისი მეფობის ბოლო წლებთან შედარებით, როცა სოლომონს „შვიდასი ცოლი ჰყავდა და სამასი ხარჭა“, ამ სიმღერის დაწერის დროისთვის მას „სამოცი დედოფალი და ოთხმოცი ხარჭა“ ჰყავდა (ქებ. 6:8; 1 მეფ. 11:3).
3. რა ადასტურებს „ქებათა ქების“ კანონიკურობას?
3 „ქებათა ქების“ კანონიკურობაში ძველად ეჭვი არავის ეპარებოდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მას ებრაული კანონის განუყოფელ ნაწილად და ღვთისგან შთაგონებულ წიგნად მიიჩნევდნენ. ის ბერძნულ სეპტუაგინტაშიც შევიდა. იოსებ ფლავიუსმა ის მის მიერ შედგენილ წმინდა წერილების ნუსხაში შეიტანა. ამიტომ ის იმავე მტკიცებების საფუძველზე ითვლება კანონიკურ წიგნად, რის საფუძველზეც ებრაული წერილების სხვა ნებისმიერი წიგნი.
4. ა) აყენებს ეჭვქვეშ „ქებათა ქების“ კანონიკურობას ის ფაქტი, რომ მასში სიტყვა „ღმერთი“ არ მოიხსენიება? ბ) რატომ უკავია „ქებათა ქებას“ ღირსეული ადგილი ბიბლიის კანონში?
4 ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს წიგნის კანონიკურობას, რადგან ღმერთი მასში საერთოდ არ მოიხსენიება. წიგნში ღვთის მოხსენიება-არმოხსენიება არ წყვეტს მის კანონიკურობას. ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა მე-8 თავის მე-6 მუხლში გვხვდება, სადაც სიყვარულს „იაჰის ალი“ ეწოდება. ეს წიგნი, უდავოდ, იმ წერილების ნაწილია, რომლებსაც იესო ქრისტემ წმინდა წერილები უწოდა. მან თქვა: „წმინდა წერილებს იკვლევთ, რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით გექნებათ მარადიული სიცოცხლე“ (იოან. 5:39). წიგნი შთამბეჭდავად აღწერს სრულყოფილ სიყვარულს, რომელიც სულიერი გაგებით ქრისტესა და მის „პატარძალს“ შორის არსებობს, რის გამოც „ქებათა ქებას“ ღირსეული ადგილი უკავია ბიბლიის კანონში (გამოცხ. 19:7, 8; 21:9).
შინაარსი
5. ა) საიდან ვხვდებით, ვინ არიან წიგნის მოქმედი პირები? ბ) რა არის წიგნის თემა?
5 წიგნი დიალოგებისგან შედგება. ხშირად იცვლებიან მოქმედი პირები: იერუსალიმის მეფე სოლომონი, მწყემსი, მისი შეყვარებული შულამელი ქალიშვილი, შულამელის ძმები, სეფექალები („იერუსალიმის ასულები“) და იერუსალიმელი ქალები („სიონის ასულები“) (ქებ. 1:5—7; 3:5, 11). მათი ნათქვამით ან მათთვის ნათქვამი სიტყვებით ვხვდებით, ვინ იგულისხმება. მოვლენები განვითარდა შუნემის, ანუ შულამის მახლობლად, სადაც სოლომონი სამეფო ამალით იყო დაბანაკებული. წიგნის თემაა სოფელ შუნემში მცხოვრები ქალიშვილისა და მწყემსი ბიჭის სიყვარული.
6. რა დიალოგი შედგა შულამელსა და სეფექალებს შორის სოლომონის ბანაკში?
6 შულამელი ქალიშვილი სოლომონის ბანაკში (1:1—14). მეფემ თავის მდიდრულ ბანაკში წაიყვანა შულამელი ქალიშვილი, მაგრამ ის თავის შეყვარებულ მწყემს ბიჭზე დარდობდა და ისე ლაპარაკობდა, თითქოს მასთან იყო. სეფექალები, „იერუსალიმის ასულები“, ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ შავგვრემან შულამელს. მან აუხსნა სეფექალებს, რომ მზეზე გაირუჯა, როცა თავისი ძმების ვენახებს იცავდა. შემდეგ თავის შეყვარებულს ჰკითხა, სად იყო, თითქოს მასთან მისვლას შეძლებდა. სეფექალებმა ურჩიეს შულამელს, წასულიყო და თავისი ფარა მწყემსთა კარვებთან ეძოვებინა.
7. რა გააკეთა სოლომონმა და რა იყო შულამელის პასუხი?
7 ამ დროს სოლომონი გამოჩნდა. მას არ სურდა შულამელის გაშვება. მან შეაქო მისი სილამაზე და დაჰპირდა, რომ „ოქროს გვირგვინებითა“ და ვერცხლით შეამკობდა. შულამელმა უარი უთხრა მეფეს და გააგებინა, რომ მხოლოდ მწყემსი ბიჭი უყვარდა (1:11).
8. როგორ გაამხნევა შეყვარებულმა შულამელი და რას ნატრობდა ის?
8 მწყემსი ბიჭი (1:15—2:2). მწყემსი ბიჭი სოლომონის ბანაკში მივიდა, გაამხნევა თავისი შეყვარებული და თავის სიყვარულში დაარწმუნა. შულამელი ნატრობდა სატრფოსთან სიახლოვეს. ის მზად იყო, მასთან ერთად მინდორში ან ტყეშიც კი ეცხოვრა.
9. როგორ შეაფასა შულამელმა საკუთარი თავი და რა თქვა მწყემსმა მის სილამაზეზე?
9 შულამელი უბრალო გოგო იყო. „ზღვისპირა დაბლობზე ამოსული ზაფრანა ვარ“, — თქვა მან. მწყემსისთვის კი ის ყველაზე ლამაზი იყო. მან თქვა: „როგორც შროშანი ეკლიან სარეველებს შორის, ასევეა ჩემი სატრფო ქალიშვილებს შორის“ (2:1, 2).
10. რა გაიხსენა შულამელმა თავის შეყვარებულზე?
10 მწყემსს მონატრებული შულამელი (2:3—3:5). შეყვარებულთან განშორებულმა შულამელმა თქვა, რომ მისი სატრფო ყველაზე კარგი იყო, და დააფიცა იერუსალიმის ასულები, სხვა ადამიანისადმი სიყვარული არ გაეღვიძებინათ მასში. მან გაიხსენა, როგორ გაიგო შეყვარებულმა მისი ძახილი და გაზაფხულზე მთაში დაპატიჟა. დაინახა მთებზე სიხარულით მოხტუნავე მწყემსი და გაიგო მისი ძახილი: „ადექი, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, და გამოდი“. მაგრამ მისმა ძმებმა, რომლებსაც ეშინოდათ, ცუდი არაფერი ჩაედინა, შულამელი ვენახში სამუშაოდ გაუშვეს. მან თქვა: „ჩემი სატრფო ჩემია, მე კი — მისი“, და სთხოვა შეყვარებულს, მალე მისულიყო მასთან (2:13, 16).
11. რა შეახსენა შულამელმა იერუსალიმის ასულებს?
11 შულამელმა აღწერა თავისი ტყვეობა სოლომონის ბანაკში. ღამ-ღამობით ის თავის შეყვარებულს ნატრობდა. მან კვლავ დააფიცა იერუსალიმის ასულები, რომ არ გაეღვიძებინათ მასში სხვა ადამიანისადმი სიყვარული.
12. როგორ გაამხნევა შეყვარებულმა შულამელი, როცა სოლომონს ის იერუსალიმში მიჰყავდა?
12 შულამელი იერუსალიმში (3:6—5:1). სოლომონი თავისი სამეფო დიდებით დაბრუნდა იერუსალიმში და ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა მის ამალას. ამ კრიტიკულ მომენტში მწყემსმა არ მიატოვა შულამელი. ის გაჰყვა ამალას და მოახერხა შულამელთან შეხვედრა, რომელსაც პირბადე ეკეთა. მან კვლავ გაამხნევა ის თბილი სიტყვებით. შულამელმა თქვა, რომ თავისუფლება და ქალაქიდან წასვლა უნდოდა. შეყვარებულმა მწყემსმა წამოიძახა: „ყოველმხრივ ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო!“ (4:7). შულამელის ერთმა გამოხედვამ მწყემსს გული აუძგერა. მისი ალერსი ღვინოს სჯობდა, ის ლიბანის სურნელებას აფრქვევდა და კანი ბროწეულის სამოთხეს მიუგავდა. შულამელმა ის „თავის ბაღში“ მიიწვია და ისიც მივიდა. იერუსალიმის კეთილმა ქალებმა უთხრეს მათ: „ჭამეთ, მეგობრებო! სვით და ალერსით დათვერით!“ (4:16; 5:1).
13. რა სიზმარი ნახა შულამელმა და როგორ აღუწერა სეფექალებს თავისი შეყვარებული?
13 შულამელის სიზმარი (5:2—6:3). შულამელმა სეფექალებს სიზმარი მოუყვა: მას კაკუნის ხმა შემოესმა. კარის უკან მისი შეყვარებული იდგა და სთხოვდა, შიგნით შეეშვა. მაგრამ ის უკვე იწვა. ბოლოს მან გააღო კარი, მაგრამ მისი სატრფო ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. ის საძებნელად გაემართა, მაგრამ ვერსად იპოვა. ქალაქის გუშაგები ცუდად მოექცნენ მას. მან სეფექალებს სთხოვა, მის შეყვარებულს თუ ნახავდნენ, ეთქვათ, რომ სიყვარულით იყო დასნეულებული. მათ აინტერესებდათ, რით იყო მისი სატრფო სხვებზე უკეთესი. შულამელმა ულამაზესი სიტყვებით აღწერა ის და თქვა, რომ ‘თვალწარმტაცი და წითური იყო, ათი ათასში გამორჩეული’ (5:10). სეფექალებმა ჰკითხეს, სად იპოვიდნენ მას. მან მიუგო, რომ ის ბაღებში წავიდა ფარის დასამწყემსად.
14. მჭევრმეტყველების მიუხედავად, რატომ ვერ მოიგო სოლომონმა შულამელის გული?
14 სოლომონის ბოლო მცდელობა (6:4—8:4). სოლომონი ისევ მივიდა შულამელთან და უთხრა, რომ „სამოც დედოფალსა და ოთხმოც ხარჭაზე“ ლამაზი და მშვენიერი იყო. შულამელი ისევ უარზე იდგა (6:8). ის მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა სოლომონის ბანაკთან, რომ იქვე ახლოს საქმე ჰქონდა. ‘რა დაინახე ჩემში?’ — ჰკითხა მან სოლომონს. სოლომონმა ისარგებლა შემთხვევით და თავიდან ფეხამდე შეაქო ის. შულამელზე არ იმოქმედა მისმა მჭევრმეტყველებამ. მან თამამად განუცხადა მეფეს, რომ მწყემსის ერთგული იყო, და მოუხმო მას. შულამელმა მესამედ შეახსენა ფიცი იერუსალიმის ასულებს, რომ არ გაეღვიძებინათ მასში სხვისი სიყვარული. სოლომონმა ვერაფრით მოიგო მისი გული, ამიტომ სახლში დაბრუნების უფლება მისცა.
15. ა) რა სთხოვა შულამელმა თავის ძმებს? ბ) როგორ გაიმარჯვა ერთგულებამ?
15 შულამელის სახლში დაბრუნება (8:5—14). ძმებმა დაინახეს, რომ სახლში მიმავალი შულამელი მარტო არ იყო. ის „თავის სატრფოზე დაყრდნობილი“ მიდიოდა. მან გაიხსენა, რომ „ვაშლის ხის ქვეშ“ შეხვდა თავის შეყვარებულს და ირწმუნებოდა, რომ მისი სიყვარული ძლიერი იყო. ადრე ძმები წუხდნენ თავიანთ „პატარა დაზე“, მაგრამ შულამელმა განუცხადა, რომ ზრდასრული და მტკიცე იყო (8:8). ძმები მის გათხოვებაზე უნდა დათანხმებულიყვნენ. მეფე სოლომონის სიმდიდრე მას არ სჭირდებოდა. ის კმაყოფილი იყო თავისი ვენახით და ჰყავდა საყვარელი ადამიანი. მისი სიყვარული სიკვდილივით ძლიერი იყო და მისი ბრიალი „იაჰის ალს“ ჰგავდა. „სამარესავით შეუდრეკელმა“ მისმა ერთგულებამ გაიმარჯვა და საყვარელ მწყემსთან შეაკავშირა (8:5, 6).
რატომ არის სასარგებლო
16. რას ვსწავლობთ ამ სიმღერიდან?
16 რის სწავლა შეუძლია დღეს „ღვთის კაცს“ ამ სატრფიალო სიმღერიდან? სიმღერიდან კარგად ჩანს, რა არის ერთგულება და რას ნიშნავს ღვთის პრინციპების დაცვა. ასევე რაოდენ მშვენიერია შეყვარებული ადამიანის ზნეობრივი სიწმინდე და უმწიკვლობა. ნამდვილი სიყვარული დაუმარცხებელი, ჩაუქრობელი და მოუსყიდველია. დაუქორწინებელი თუ დაქორწინებული ქრისტიანებისთვის უმწიკვლობის ეს მაგალითი ცდუნებების დროს შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს.
17. ა) როგორ ცხადყო პავლემ, რომ ეს სიმღერა ქრისტიანული კრების სასწავლებლად დაიწერა? ბ) სავარაუდოდ, რას გულისხმობდა პავლე, როცა კორინთელ და ეფესოელ ქრისტიანებს სწერდა? გ) რა საინტერესო მსგავსება არსებობს ამ სიმღერასა და იოანეს წერილებს შორის?
17 ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სიმღერა მთელი ქრისტიანული კრებისთვისაც სასარგებლოა. ამ წიგნს ღვთივშთაგონებულად მიიჩნევდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები, რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ პავლე, წერდა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). პავლე, როგორც ჩანს, მწყემსისადმი შულამელი გოგოს ურყევ სიყვარულს გულისხმობდა, როცა ქრისტიანულ კრებას სწერდა: „მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან მე თვითონ დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა თქვენი თავი წმინდა ქალწულად წარვუდგინო ქრისტეს“. პავლემ კრებისადმი ქრისტეს სიყვარული შეადარა ცოლისადმი ქმრის სიყვარულს (2 კორ. 11:2; ეფეს. 5:23—27). იესო ქრისტე არა მარტო ქრისტიანული კრების კარგი მწყემსია, არამედ მეფეცაა და თავის სულითცხებულ მიმდევრებს ზეცაში მასთან ქორწინების შეუდარებელ სიხარულს ჰპირდება (გამოცხ. 19:9; იოან. 10:11).
18. რას სწავლობენ შულამელი გოგოსგან ქრისტეს ცხებული მიმდევრები?
18 ქრისტე იესოს სულითცხებულ მიმდევრებს ბევრის სწავლა შეუძლიათ შულამელი გოგოსგან. ქრისტესადმი მათი სიყვარული ურყევი უნდა იყოს, არ უნდა ცდუნდნენ ამ ქვეყნიერების გარეგნული ბრწყინვალებით და ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ უმწიკვლობა, ვიდრე ჯილდოს მიიღებენ. მთელი ყურადღება ზეციერზე უნდა ჰქონდეთ გადატანილი და ‘უპირველესად სამეფო უნდა ეძებონ’. სულითცხებულებს სიამოვნებთ ის სითბო, რომელსაც მათი მწყემსი, იესო ქრისტე ავლენს მათდამი. დიდ სიხარულს ანიჭებთ იმის ცოდნა, რომ მათი „სატრფო“, თუმცა უხილავია, მათ გვერდითაა და მოუწოდებს, გამაგრდნენ და სძლიონ ქვეყნიერებას. თავიანთი მწყემსისა და მეფისადმი მათი უშრეტი სიყვარული „იაჰის ალივით“ ძლიერია. ამის წყალობით ისინი მძლეველები გახდებიან და მასთან ერთად დაიმკვიდრებენ დიდებულ ზეციერ სამეფოს. ამგვარად განიწმინდება იაჰის სახელი (მათ. 6:33; იოან. 16:33).
[სქოლიოები]
a მიშნა (იადაიმ 3:5).
b Commentary, კლარკი, ტ. III, გვ. 841.