ბიბლიისა და მისი ისტორიის კვლევა
გამოკვლევა 7 — ბიბლია ჩვენს დროში
ბიბლიური საზოგადოებების დაარსება; „საგუშაგო კოშკის“ წვლილი ბიბლიების ბეჭდვასა და გამოცემაში; „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა.
1. ა) რატომ გადასცემდა იეჰოვა თავის სიტყვას წინასწარმეტყველებს და რატომ არ დაიწერა ყველაფერი? ბ) რა მითითება მისცა იეჰოვამ ზოგ წინასწარმეტყველს და რა დახმარებას გვიწევს ღვთის სიტყვა „ბოლო დღეებში“?
ბიბლია, რომელიც 66 წიგნისგან შედგება, „იეჰოვას სიტყვას“ გვამცნობს (ეს. 66:5). საუკუნეების მანძილზე ამ „სიტყვას“ იეჰოვა თავის წინასწარმეტყველებსა და მსახურებს გადასცემდა. ღვთის „სიტყვა“ ყოველთვის აღწევდა თავის უშუალო მიზანს კონკრეტულ მომენტში და, ამასთან ერთად, მის მსახურებს ზუსტ წარმოდგენას უქმნიდა შორეულ მომავალზე. წინასწარმეტყველებს ყოველთვის არ მოეთხოვებოდათ „იეჰოვას სიტყვის“ დაწერა. მაგალითად, ზოგი რამ, რაც ღმერთმა ელიასა და ელისეს უთხრა მათ თანამედროვეებზე, არ დაწერილა. მათგან განსხვავებით, მოსეს, ესაიას, იერემიას, აბაკუმსა და სხვა წინასწარმეტყველებს იეჰოვა პირდაპირ ეუბნებოდა, რომ ‘დაეწერათ’ ან ‘წიგნში ჩაეწერათ’ მის მიერ გადაცემული სიტყვა (გამ. 17:14; ეს. 30:8; იერ. 30:2; აბაკ. 2:2; გამოცხ. 1:11). ასე მოვიდა ჩვენამდე „წმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები“ და სხვა წმინდა ჩანაწერები, რათა გააღვიძოს იეჰოვას მსახურთა საღი აზროვნების უნარი და სწორი მიმართულება მისცეს მათ ამ „ბოლო დღეებში“ (2 პეტ. 3:1—3).
2. რა ეტაპები გაიარა ბიბლიის გადაწერისა და თარგმნის საქმიანობამ?
2 ეზრას დროიდან აქტიურად დაიწყეს ებრაული წერილების გადაწერა. ახ. წ. პირველი საუკუნიდან წმინდა წერილების ასლების გადაწერით ქრისტიანები იყვნენ დაკავებულნი. ამ ასლების მეშვეობით ისინი მთელ იმდროინდელ მსოფლიოში ამოწმებდნენ იეჰოვას განზრახვისა და იესო ქრისტეს შესახებ. XV საუკუნეში ასაწყობშრიფტიანი საბეჭდი დაზგის გამოგონებამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ბიბლიის ხელნაწერების გამრავლებისა და გავრცელების პროცესი. XVI-XVII საუკუნეებში ბიბლიის თარგმნითა და ბეჭდვით არაერთი ჯგუფი იყო დაკავებული ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. 1800 წლისთვის ბიბლია მთლიანად ან ნაწილობლივ უკვე 71 ენაზე იყო ხელმისაწვდომი.
ბიბლიური საზოგადოებები
3. რამ დააჩქარა ბიბლიის გავრცელების საქმიანობა XIX საუკუნის დასაწყისიდან?
3 ამ საქმიანობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია XIX და XX საუკუნეებში, როცა ახლადჩამოყალიბებული ბიბლიური საზოგადოებები ბიბლიის გავრცელების გრანდიოზულ პროექტს შეეჭიდნენ. მათგან ერთ-ერთი პირველი იყო 1804 წელს ლონდონში შექმნილი „ბრიტანეთისა და უცხოეთის ბიბლიური საზოგადოება“. ამას მოჰყვა სხვა მსგავსი საზოგადოებების დაარსებაa.
4. ა) რომელი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ სიცოცხლის მომტანი „სიტყვა“ მთელ დედამიწაზე გავრცელდა? ბ) რა მხრივ არის საინტერესო 322-ე გვერდზე მოცემული ცხრილი? მოიყვანეთ რამდენიმე თარგმანის მაგალითი.
4 ბიბლიური საზოგადოებების საქმიანობამ უამრავ ადამიანს მისცა ბიბლიის წაკითხვის შესაძლებლობა. 1900 წლისთვის ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ 567 ენაზე იყო ნათარგმნი, 1928 წლისთვის კი — 856 ენაზე. 1938 წლისთვის ენების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და დღეს ბიბლიის წაკითხვა 2 300-ზე მეტ ენაზე შეიძლება. იეჰოვას სიცოცხლის მომტანი „სიტყვა“ მთელ დედამიწაზე გავრცელდა. ამრიგად, ყველა ეროვნების ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოხმაურებოდნენ მოწოდებას: „ადიდეთ იეჰოვა, ერებო, და აქონ ის ხალხებმა“ (რომ. 15:11). ბიბლიის გავრცელების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ 322-ე გვერდზე მოცემულ ცხრილში „ბიბლიის ავტორიტეტული თარგმანები შვიდ გავრცელებულ ენაზე“.
5. რა არის ბიბლიის გავრცელებაზე უფრო მნიშვნელოვანი და რისთვის არიან იეჰოვას მოწმეები მადლიერნი?
5 ბიბლიის მთელ დედამიწაზე გავრცელება ნამდვილად სანაქებო საქმეა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხმა შეძლოს ბიბლიის გაგება. ძველად, როცა წმინდა წერილების ხელნაწერები არცთუ ისე მრავლად ჰქონდათ, ებრაელებისა და პირველი ქრისტიანებისთვის უმთავრესი სწორედ ღვთის სიტყვის გაგება იყო. ეს ასეა დღესაც (მათ. 13:23; ნეემ. 8:8). ბიბლიის გავრცელებამ საგრძნობლად დააჩქარა ყველა ერისთვის ღვთის სიტყვის სწავლების საქმე. იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან, რომ დღეს ბიბლია მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი, რისი წყალობითაც შესაძლებელი ხდება ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
იეჰოვას მოწმეები იწყებენ ბიბლიების გამოცემას
6. რით გამოირჩეოდნენ ყოველთვის იეჰოვას მსახურები?
6 იეჰოვას მსახურები ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წმინდა წერილების გამრავლებას. ეს ასე იყო ეზრას დროს. მსგავსად იქცეოდნენ იესო ქრისტეს მოწაფეებიც. მათ მიერ გადაწერილი ხელნაწერები მთელ იმდროინდელ მსოფლიოში იყო გავრცელებული და დღესაც კი იმდენი ხელნაწერია შემორჩენილი, რომ რაოდენობით ვერც ერთი ანტიკური ნამუშევარი ვერ შეედრება. ბიბლიების გამოცემითა და გავრცელებით ანალოგიურ ენთუზიაზმს ავლენენ იეჰოვას თანამედროვე მსახურები.
7. რა გაერთიანება შექმნეს იეჰოვას მოწმეებმა და როდის? რას აკეთებდნენ ისინი თავდაპირველად, ღვთის სიტყვა რომ ექადაგათ?
7 იმ მიზნით, რომ ბიბლიის გაგების შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა, 1884 წელს იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს გაერთიანება, რომელიც დღეს „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ სახელით არის ცნობილი. იეჰოვას მოწმეები, რომლებიც იმ დროისთვის უკვე იწყებდნენ კარდაკარ ქადაგებას, თავდაპირველად სხვა ბიბლიური საზოგადოებებისგან ყიდულობდნენ ბიბლიებს გასავრცელებლად. ბიბლიის შესწავლისთვის ისინი ძირითადად იყენებდნენ ინგლისურ ენაზე გამოცემულ „მეფე ჯეიმზის თარგმანს“ (King James Version).
8. ა) როგორ გაამართლა თავისი სახელწოდება „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებამ“? ბ) როგორ და რა მიზნით იყენებდა ორგანიზაცია ბიბლიის სხვადასხვა თარგმანს?
8 „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ შეუდგა ბიბლიების, წიგნების, ტრაქტატებისა და სხვა პუბლიკაციების გავრცელების საქმიანობას, რომლის მიზანიც ღვთის სიტყვის სწავლებების სწორად გადაცემა იყო. შედეგად, სიმართლის მოყვარული ადამიანები გათავისუფლდნენ ცრურელიგიური სწავლებებისა თუ ქვეყნიური ფილოსოფიისგან. მათ შეიცნეს ჭეშმარიტება იმ სახით, როგორც ეს იესომ და ბიბლიის დამწერებმა თავდაპირველად გააცხადეს (იოან. 8:31, 32). 1879 წლიდან მოყოლებული, როცა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა დაიწყო, ჩვენს პუბლიკაციებში ბიბლიის არაერთი თარგმანი იყო მითითებული და ციტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ ჯეროვნად აფასებდა ასეთ ნაშრომებს და მაქსიმალურად იყენებდა მათ რელიგიური სიცრუის გასაბათილებლად და ღვთიური ჭეშმარიტების გასაცხადებლად.
9. როგორ წამოიწყეს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის გამოცემის საქმიანობა?
9 პირველი ორი გამოცემა. 1890 წლიდან იეჰოვას მოწმეებმა თვითონ მოჰკიდეს ხელი ბიბლიების გამოცემის საქმეს. ამ დროისთვის საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ ბრიტანელი მთარგმნელისგან, ჯოზეფ როდერემისგან, მოიპოვა მის მიერ ნათარგმნი „ახალი აღთქმის“ მეთორმეტე გამოცემის დაბეჭდვის უფლება. დაბეჭდილი ეგზემპლარების სატიტულო ფურცელზე მითითებული იყო „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება, ალეგანი, პენსილვანია“ (მთავარი სამმართველო მაშინ ალეგანში მდებარეობდა). 1901 წელს დაიწყეს მზადება Holman Linear Bible-ის დასაბეჭდად, რომლის მარგინალურ შენიშვნებშიც მითითებული იყო 1895—1901 წლებში გამოცემული ჩვენი პუბლიკაციები. უშუალოდ ბიბლიური ტექსტი აღებული იყო King James Version-ისა და Revised Version-ის ებრაული და ბერძნული წერილებიდან. 1903 წლისთვის ამ გამოცემის 5 000 ეგზემპლარი იყო გავრცელებული.
10. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების რომელი თარგმანი გამოსცა საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ 1902 წელს?
10 „ემფატიკ დიაგლოტი“ (The Emphatic Diaglott). 1902 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ მოიპოვა „ემფატიკ დიაგლოტის“ გამოცემისა და გავრცელების ექსკლუზიური უფლება. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ეს თარგმანი მოამზადა წარმოშობით ინგლისელმა ბენჯამინ უილსონმა. „ემფატიკ დიაგლოტზე“ მუშაობა მან 1864 წელს დაასრულა. მასში შესული იყო იოჰან გრისბახის ბერძნული ტექსტი, რომელსაც ქვემოთ გასდევდა ინგლისური სიტყვასიტყვითი თარგმანი. უილსონის თარგმანი მოცემული იყო მარჯვენა სვეტში.
11. როდის გამოვიდა „ბიბლიის მკვლევართა გამოცემა“ და რა იყო მასში შესული?
11 „ბიბლიის მკვლევართა გამოცემა“. 1907 წელს „საგუშაგო კოშკმა“ გამოსცა „ბიბლიის მკვლევართა გამოცემა“. მასში შესული იყო „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ და იეჰოვას მოწმეთა მიერ მომზადებული ფასდაუდებელი მარგინალური შენიშვნები და დანართი. ამ დანართს, რომლის მოცულობამაც მოგვიანებით 550 გვერდს გადააჭარბა, უწოდეს „ბერეელი ბიბლიის მასწავლებლების სახელმძღვანელო“. ის ცალკე წიგნადაც გამოვიდა. მასში იყო ბევრი ბიბლიური მუხლის განმარტებითი კომენტარი და წყაროები „საგუშაგო კოშკიდან“ და სხვა პუბლიკაციებიდან; აგრეთვე მოკლედ იყო გადმოცემული ბიბლიური სწავლებები შესაბამის მუხლებთან ერთად. ის ჰგავდა ინგლისურ ენაზე მოგვიანებით გამოცემულ წიგნს „ყველაფერში დარწმუნდით“. გარდა ამისა, დანართში იყო თემატური საძიებელი, რთული მუხლების განმარტებები, ჩამატებული მონაკვეთების სია, ბიბლიური მუხლების საძიებელი, ქრონოლოგიური მონაცემები და 12 რუკა. ბიბლიის ეს შესანიშნავი გამოცემა ათწლეულების მანძილზე დიდ სამსახურს უწევდა იეჰოვას მოწმეებს სამქადაგებლო საქმიანობაში.
ბიბლიების ბეჭდვა
12. როდის დაიწყო საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ ბეჭდვითი საქმე დამოუკიდებლად?
12 ოცდაათი წლის მანძილზე საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ბიბლიებს სხვადასხვა სტამბას აბეჭდინებდა. „ემფატიკ დიაგლოტი“ იყო პირველი გამოცემა, რომელიც „საგუშაგო კოშკმა“ ბრუკლინში (ნიუ-იორკი) საკუთარ საბეჭდ დაზგაზე დაბეჭდა. ეს მოხდა 1926 წლის დეკემბერში. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ამ გამოცემის დაბეჭდვის შემდეგ გაჩნდა იმის იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს „საგუშაგო კოშკი“ საკუთარი ძალებით მთლიან ბიბლიას დაბეჭდავდა.
13. ა) სრული ბიბლიის რომელი გამოცემა დაბეჭდა პირველად „საგუშაგო კოშკმა“ და როდის გამოიცა ის? ბ) რა დამხმარე მასალა იყო ამ გამოცემის დანართში?
13 King James Version. II მსოფლიო ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა ბიბლიების დამოუკიდებლად ბეჭდვის საჭიროება. როცა მსოფლიო ომის ქარცეცხლში იყო, „საგუშაგო კოშკმა“ მოახერხა „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ (King James Version) საბეჭდი ფორმების შეძენა. 1942 წლის 18 სექტემბერს კლივლენდში (ოჰაიოს შტატი) ჩატარებულ იეჰოვას მოწმეების კონგრესზე საზოგადოების პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ „საგუშაგო კოშკის“ სტამბაში პირველად დაიბეჭდა მთლიანი ბიბლიის ეს გამოცემა. ამ გამოცემის დანართში მოცემული იყო ბიბლიური სახელებისა და სახელწოდებების სია მნიშვნელობებითურთ, ბიბლიური სიტყვების საძიებელი და სხვა დამხმარე მასალა. გარდა ამისა, ყოველ გვერდს ჰქონდა შესაფერისი კოლონტიტულები.
14. რომელი თარგმანი დაიბეჭდა 1944 წელს და რით გამოირჩეოდა ეს გამოცემა?
14 American Standard Version. ბიბლიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარგმანი არის 1901 წელს გამოცემული American Standard Version („ამერიკული სტანდარტული თარგმანი“). ეს თარგმანი გამოირჩევა იმით, რომ ებრაულ წერილებში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ „საგუშაგო კოშკმა“ 1944 წელს მოიპოვა American Standard Version-ის სრული გამოცემის საბეჭდი ფორმების დამზადებისა და გამოყენების უფლება. 1944 წლის 10 აგვისტოს ბუფალოში (ნიუ-იორკის შტატი) ჩატარებულ კონგრესზე, საიდანაც 16 ქალაქში მიმდინარეობდა სატელეფონო ტრანსლაცია, საზოგადოების პრეზიდენტმა კონგრესის დელეგატებს აცნობა, რომ „საგუშაგო კოშკმა“ გამოსცა American Standard Version. ამ გამოცემას ჰქონდა ბიბლიური სიტყვების უფრო ვრცელი საძიებელი. 1958 წელს ბიბლიის ეს თარგმანი ჯიბის ფორმატითაც გამოიცა.
15. რომელი თარგმანი გამოიცა 1972 წელს?
15 The Bible in Living English. 1972 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გამოსცა სტივენ ბაინგტონის The Bible in Living English („ბიბლია ცოცხალ ინგლისურზე“). ამ თარგმანში ყველგან არის გადმოტანილი სახელი „იეჰოვა“.
16. რა საქმეს ასრულებენ იეჰოვას მოწმეები?
16 ამგვარად, იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებით არ შემოიფარგლებიან. გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში, 230-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ უნიკალური წიგნის ბეჭდვასა და გამოცემას, რომელიც იეჰოვა ღმერთისგანაა შთაგონებული და გვაძლევს სამეფოს იმედს.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
17. ა) რატომ აფასებენ იეჰოვას მოწმეები ბიბლიის ბევრ თარგმანს და რა ხარვეზები აქვს ამ თარგმანებს? ბ) რა აზრი გამოთქვა 1946 წელს „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა?
17 იეჰოვას მოწმეები აფასებენ ბიბლიის იმ თარგმანებს, რომლებსაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების შესასწავლად იყენებდნენ. თუმცა ყველა მათგანს, ბოლო გამოცემების ჩათვლით, ხარვეზები აქვს; ადგილ-ადგილ აზრები ურთიერთგამომრიცხავი და არაზუსტია. მათში იგრძნობა დამახინჯებული რელიგიური შეხედულებებისა და ფილოსოფიური წარმოდგენების გავლენა, რის გამოც სრულად არ შეესაბამება იეჰოვასგან მომდინარე წმინდა ჭეშმარიტებას. 1946 წელს „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ პრეზიდენტმა გამოთქვა აზრი, რომ დედნისეული ენებიდან მოემზადებინათ ზუსტი თარგმანი; თარგმანი, რომელსაც ისევე ადვილად გაიგებდა თანამედროვე მკითხველი, როგორც თავის დროზე დედნის ენა ესმოდათ უბრალო და საზრიან ადამიანებს.
18. რა უძღოდა წინ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემასა და დაბეჭდვას?
18 ბრუკლინის მთავარ სამმართველოში 1949 წლის 3 სექტემბერს „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეხვედრაზე დირექტორთა საბჭოს აცნობა, რომ ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა დაასრულა მუშაობა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმანზე. წაკითხულ იქნა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ კომიტეტმა თარგმანის ქონებრივი და საგამომცემლო უფლებები გადასცა საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“, რითაც აღიარა მისი როლი მსოფლიო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. აგრეთვე წაიკითხეს ნაწყვეტები მომზადებული ნაშრომიდან თარგმანის სტილისა და ხარისხის საჩვენებლად. დირექტორთა საბჭომ ერთხმად მიიღო ზემოაღნიშნული უფლებები. დაიგეგმა თარგმანის სასწრაფოდ დაბეჭდვა. ტექსტის აწყობა დაიწყო 1949 წლის 29 სექტემბერს, 1950 წლის ზაფხულისთვის კი უკვე მზად იყო თარგმანის ათიათასობით ეგზემპლარი.
19. ა) როგორ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“? ბ) რას დასჭირდა დიდი შრომა ამ თარგმანის მომზადებისას?
19 „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა რამდენიმე ნაწილად. 1950 წლის 2 აგვისტოს, ოთხშაბათს, საერთაშორისო კონგრესის მეოთხე დღეს იანკის სტადიონზე (ნიუ-იორკში) შეკრებილ 82 075 იეჰოვას მოწმეს დიდი სიურპრიზი ელოდა — გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ამას მოჰყვა ბრწყინვალე გამოხმაურება, რამაც ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტს დამატებითი სტიმული მისცა საიმისოდ, რომ შესდგომოდა ებრაული წერილების თარგმნას. ებრაული წერილები გამოიცა ხუთ ნაწილად 1953—1960 წლებში. ამრიგად, თანამედროვე ინგლისურ ენაზე უკვე არსებობდა ექვსტომიანი სრული ბიბლია. თითოეულ ტომში იყო ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი დამატებითი მასალაც. ბიბლიით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის ეს დიდ საგანძურს წარმოადგენდა. ხანგრძლივი შრომა დასჭირდა სანდო წყაროების მოძიებას, რათა „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ზუსტად და გასაგებად გადმოცემულიყო ის, რაც თავდაპირველად დაიწერა ღვთის შთაგონებით.
20. ა) რა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი გამოცემის სქოლიოები და მარგინალური მუხლები? ბ) კიდევ რა საინტერესო მასალა ჰქონდა დართული ამ გამოცემას?
20 „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველ ექვსტომიან გამოცემას სხვა სასარგებლო მასალასთან ერთად დართული ჰქონდა სქოლიოები, საიდანაც ჩანდა, თუ რას ეყრდნობოდნენ მთარგმნელები ამა თუ იმ სიტყვის ან ფრაზის გადმოტანის დროს. ეს სქოლიოები მხარს უჭერდა თარგმანის სიზუსტეს. გამოცემას ჰქონდა მითითებები, რომელთა საშუალებითაც მკითხველს შეეძლო ამა თუ იმ სწავლებასთან დაკავშირებით ძირითადი მუხლების მოძებნა. გარდა ამისა, მასში იყო მარგინალური მუხლები. მათი დახმარებით მკითხველს შეეძლო ენახა ა) პარალელური სიტყვები, ბ) პარალელური აზრები და მოვლენები, გ) ბიოგრაფიული ინფორმაცია, დ) გეოგრაფიული ინფორმაცია, ე) მუხლები, რომლებიც წინასწარმეტყველებების შესრულებაზე მიუთითებდა და ვ) მუხლები, რომლებშიც ან რომლებიდანაც იყო ციტირებული ესა თუ ის მონაკვეთი. ამ გამოცემას აგრეთვე დართული ჰქონდა წინასიტყვაობა, რამდენიმე უძველესი ხელნაწერის ილუსტრაცია, დანართები, საძიებლები და ბიბლიური ადგილების რუკები. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ეს პირველი გამოცემა ძალზედ პრაქტიკული საშუალება იყო როგორც პირადი გამოკვლევისთვის, ისე გულწრფელი ადამიანებისთვის ბიბლიის სასწავლებლად. 1963 წლის 30 ივნისს მილუოკში (უისკონსინის შტატი, აშშ) გამართულ კონგრესზე „მარადიული სასიხარულო ცნობა“ გამოცხადდა, რომ ერთ ტომად გამოიცა გამოკვლევისთვის განკუთვნილი სპეციალური გამოცემა. ის დაიბეჭდა 150 000 ეგზემპლარად.
21. ა) როდის გამოვიდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა? ბ) რისი თქმა შეიძლება ამ გამოცემაზე?
21 გადამუშავებული გამოცემის ერთტომეული. შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში 1961 წლის ზაფხულში გამართულ კონგრესებზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვარიანტი ერთ ტომად, რომელიც განკუთვნილი იყო გასავრცელებლად. ამ სიახლემ ძალიან გაახარა ასიათასობით დამსწრე. ეს 1 472-გვერდიანი გამოცემა, რომელსაც მწვანე ყდა ჰქონდა, შეიცავდა საძიებელს, დანართსა და რუკებს.
22, 23. კიდევ რომელი გამოცემები გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი და რით გამოირჩეოდა ისინი?
22 მომდევნო გამოცემები. 1969 წელს გამოიცა „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“ (მეორე გამოცემა გამოვიდა 1985 წელს). მასში არის უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტის სიტყვასიტყვითი ინგლისური თარგმანი და 1984 წელს თანამედროვე ინგლისურ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ტექსტი. მისი საშუალებით ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარს შეუძლია დაინახოს, თუ რა ეწერა ბერძნულ ტექსტში.
23 1970 წელს დაიბეჭდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მეორე შესწორებული გამოცემა, ხოლო ერთი წლის შემდეგ — მესამე გამოცემა სქოლიოებთან ერთად. 1984 წელს იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესებზე გამოცხადდა, რომ ინგლისურ ენაზე გამოვიდა გადამუშავებული სქოლიოებიანი გამოცემა. მასში შესული იყო 1950—1960 წლების გამოცემებში დაბეჭდილი მარგინალური მუხლების სრული განახლებული რედაქცია. გამოკვლევისთვის განკუთვნილი ეს გამოცემა შეიცავს 125 000-ზე მეტ მარგინალურ მუხლს, 11 000-ზე მეტ სქოლიოს, ვრცელ საძიებელს, რუკებს და 43 ნაწილისგან შემდგარ დანართს. გარდა ამისა, 1984 წელს ჩვეულებრივი ფორმატითაც გამოვიდა ამავე წელს გადამუშავებული გამოცემა. მასში იყო მარგინალური მუხლები, თუმცა არ იყო სქოლიოები.
24. ა) რა პრაქტიკული თავისებურება აქვს როგორც ჩვეულებრივ, ისე სქოლიოებიან გამოცემებს? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება კოლონტიტულების გამოყენება.
24 ზოგიერთი პრაქტიკული თავისებურება. როგორც ჩვეულებრივი, ისე სქოლიოებიანი გამოცემების ყველა გვერდს აქვს კარგად შერჩეული კოლონტიტულები, რაც მკითხველს ეხმარება სასურველი ადგილების სწრაფად მოძებნაში. კოლონტიტულებიდან ჩანს, თუ რაზეა ლაპარაკი შესაბამის გვერდზე. ეს ძალიან პრაქტიკულია ქადაგების დროს, როცა საჭიროა დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბიბლიური მუხლების მოძებნა. დავუშვათ, მაუწყებელი ეძებს რჩევას შვილების აღზრდასთან დაკავშირებით. „იგავებში“, 908-ე გვერდზე კოლონტიტულებში ნახულობს ფრაზას „აღზრდისას ჯოხის გამოყენება“. ვინაიდან ეს კოლონტიტულის პირველი ფრაზაა, სასურველი მუხლი გვერდის დასაწყისთან უფრო ახლოს იქნება. ასე ნახულობს ის იგავების 22:15-ს. კოლონტიტულები განსაკუთრებით დამხმარეა მაშინ, როცა დაახლოებით იცი, სად წერია ესა თუ ის აზრი.
25. რა არის შესული „ბიბლიური სიტყვების საძიებელში“ და როგორ შეიძლება პრაქტიკულად მისი გამოყენება?
25 ჩვეულებრივ და სქოლიოებიან გამოცემებს ბოლოში დართული აქვს „ბიბლიური სიტყვების საძიებელი“. მასში მოცემულია ათასობით საკვანძო სიტყვა, რომლებსაც გასწვრივ მიწერილი აქვს მოკლე მონაკვეთი კონტექსტიდან. სიტყვების საძიებლის დახმარებით შეიძლება იმ ბიბლიური მუხლების მოძებნა, რომლებიც სწავლების საკითხებს უკავშირდება, მაგალითად „სულს“ ან „გამოსასყიდს“. ქადაგების დროს მაუწყებელს შეუძლია უმოკლეს დროში ნებისმიერ ასეთ თემაზე იპოვოს სასურველი მუხლი კონტექსტიდან აღებული მონაკვეთის მეშვეობით. საძიებლის დახმარებით აგრეთვე შესაძლებელია გეოგრაფიულ ადგილებთან, ცნობილ პერსონაჟებთან და სხვა მნიშვნელოვან სიტყვებთან დაკავშირებული მუხლების მოძებნა. ასე რომ, ეს თარგმანი ბიბლიის მკვლევარებს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს.
26. რა მხრივ გვეხმარება „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართი?
26 სასარგებლო და დეტალურად შესწავლილი ინფორმაციაა მოცემული დანართში. მასში შესული თემებით შეიძლება ბიბლიის ძირითადი სწავლებებისა და მათთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანად ახსნა. მაგალითად, ნაწილებში 2ა და 2ბ განიხილება სიტყვა „სული“ და ჩამოთვლილია ბიბლიური მუხლები, სადაც „სული“ სხვადასხვა მნიშვნელობით მოიხსენიება. დანართში აგრეთვე არის სქემები და რუკები. სქოლიოებიან გამოცემას აქვს უფრო ვრცელი დანართი და სქოლიოები, რომლებშიც მარტივად არის გადმოცემული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამდენად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მრავალმხრივ არის პრაქტიკული და მკითხველს ღრმა ცოდნის შეძენაში ეხმარება.
27. არის თუ არა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მანამდე არსებული თარგმანების გაუმჯობესებული ვერსია და როგორ შეიძლება ამის დასაბუთება?
27 სრულიად ახალი თარგმანი. ინგლისურ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ პირდაპირ დედნისეული ენებიდან, კერძოდ ებრაული, არამეული და ბერძნული ენებიდან ითარგმნა. ის არ წარმოადგენს რომელიმე ინგლისური თარგმანის გადამუშავებულ ვერსიას და ლექსიკითა და სტილით არც ერთ თარგმანზე არ არის ორიენტირებული. ებრაულ-არამეული წერილების თარგმნისას იყენებდნენ რუდოლფ კიტელის საყოველთაოდ აღიარებულ ტექსტს, სახელდობრ, „ბიბლია ჰებრაიკის“ მე-7, მე-8 და მე-9 გამოცემებს (1951—1955 წწ.). ებრაული წერილების ტექსტის ახალი გამოცემის, „ბიბლია ჰებრაიკა შტუტგარტენზიის“ (1977 წ.) საფუძველზე განახლდა სქოლიოები „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან გამოცემაში. ბერძნული წერილები ძირითადად ითარგმნა უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტიდან, რომელიც 1881 წელს გამოქვეყნდა. თუმცა ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა მოიშველია სხვა ბერძნული ტექსტები, მათ შორის ნესტლეს ბერძნული ტექსტი (1948 წლის გამოცემა). ამ შესანიშნავი ბერძნული ტექსტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია მე-5 და მე-6 გამოკვლევებში. ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა მოამზადა ბიბლიის ზუსტი, ცოცხალი და გასაგები თარგმანი, რომელიც ღვთის სიტყვის ღრმა და საფუძვლიანი გამოკვლევის საშუალებას იძლევა.
28. როგორ შეაფასა ერთმა კრიტიკოსმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?
28 ერთმა კრიტიკოსმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ასე შეაფასა: «ებრაული წერილების ინგლისური თარგმანებიდან თითებზე ჩამოსათვლელია ორიგინალური თარგმანები. ამიტომ მისასალმებელია, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ [ებრაული წერილების] პირველი ნაწილი, „დაბადებიდან“ „რუთამდე“ . . . როგორც ჩანს, დიდი შრომა დასჭირდა იმას, რომ ის ადვილი წასაკითხი ყოფილიყო. ვერავინ იტყვის, რომ ეს თარგმანი მოკლებულია ორიგინალურობას. მის ლექსიკაში არანაირად არ შეიმჩნევა აქამდე გამოცემული თარგმანების გავლენა»b.
29. როგორ შეაფასა ერთმა ჰებრაისტმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?
29 ძველებრაული ენის სპეციალისტმა, პროფესორმა ბენიამინ კედარმა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლისთვის მიცემულ ინტერვიუში „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ აღნიშნა: «ბიბლიის ებრაული ტექსტისა და თარგმანების ლინგვისტური კვლევის დროს ხშირად მივმართავ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურ გამოცემას. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მთარგმნელები, რომლებიც ამ ნაშრომზე მუშაობდნენ, კეთილსინდისიერად ცდილობდნენ ტექსტის რაც შეიძლება ზუსტად გაგებას. თარგმანი გასაგებია, მაქსიმალურად არის მიახლოებული ებრაულთან და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი კარგად ფლობდნენ დედნისეულ ენას . . . მთარგმნელს ყოველთვის აქვს ორიგინალის ინტერპრეტაციისა და თარგმნის გარკვეული თავისუფლება. ამიტომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს დავის საგანი. მაგრამ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ვერც ერთ მონაკვეთზე ვერ ვიტყვი, რომ მთარგმნელები შეგნებულად ცდილობდნენ იმის გადმოცემას, რაც ორიგინალში არ იყო ნაგულისხმევი»c.
30. რას ექცეოდა ყურადღება „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობისას და რა უპირატესობა აქვს ასეთ თარგმანს?
30 ზედმიწევნითი თარგმანი. ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტი ცდილობდა ზედმიწევნით მიჰყოლოდა დედნისეულ ტექსტს. სადაც შესაძლებელი იყო, ებრაული და ბერძნული ტექსტი თითქმის სიტყვასიტყვით თარგმნეს. გარდა ამისა, დიდი ყურადღება ექცეოდა სიტყვების წყობას ებრაულ და ბერძნულ ტექსტებში, რათა სწორი აქცენტი არ დაკარგულიყო. ამრიგად, ინგლისურ თარგმანში შენარჩუნდა დედნისეული ტექსტის ელფერი და სტილი. ამან კი, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სხვა ენებზე ხარისხიანი თარგმანების შესრულებას.
31. როგორ შეუძლია მკითხველს იმის დანახვა, თუ სად არის გაკეთებული აზრობრივი თარგმანი?
31 მთარგმნელებს, რომლებიც ინგლისურ გამოცემაზე მუშაობდნენ, დროდადრო უწევდათ აზრობრივად თარგმნა, რათა რთული ებრაული და ბერძნული იდიომები გასაგები სიტყვებით გადმოეცათ. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან გამოცემაში მითითებულია ბევრი ასეთი ადგილი და სქოლიოებში მოცემულია სიტყვასიტყვითი თარგმანი.
32. ა) რა ხდება, როცა მთარგმნელები ზედმიწევნით არ იცავენ ტექსტის სიზუსტეს? ბ) მოიყვანეთ მაგალითი.
32 ბიბლიის ბევრი მთარგმნელი ზედმიწევნით არ მიჰყვებოდა დედნისეულ ტექსტს, რადგან თვლიდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თარგმანი უსიცოცხლო, მძიმე წასაკითხი და არამხატვრული იქნებოდა. მაგრამ ასეთი თავისუფალი მიდგომითა და საკუთარი ინტერპრეტაციით, ისინი ბევრგან ასცდნენ ტექსტის სიზუსტეს. შედეგად, მათ ძალა დაუკარგეს ღვთის სიტყვებს. ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა იეჰოვას მოწმეები იმაში დაადანაშაულა, რომ ბიბლიას სილამაზე და ხიბლი დაუკარგეს. ბიბლიაში ის გულისხმობდა „მეფე ჯეიმზის თარგმანს“, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ინგლისური ენის სილამაზის ეტალონად იყო მიჩნეული. მან თქვა: «ნახეთ, რას დაამსგავსეთ 23-ე ფსალმუნი. თქვენ გიწერიათ: Je/ho/vah is/ my/ shep/herd [„იეჰოვაა ჩემი მწყემსი“]. ექვსის ნაცვლად შვიდი მარცვალია. ეს დაუშვებელია. მას აღარც სილამაზე შერჩა და აღარც რითმა. „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ ექვსი მარცვალია — The/ Lord/ is/ my/ shep/herd [„უფალი ჩემი მწყემსია“]». ამ პროფესორის კრიტიკას იეჰოვას მოწმეებმა მარტივად უპასუხეს: რითმაზე მნიშვნელოვანი იმის შენარჩუნება იყო, რაც თავად ამ ფსალმუნის დამწერმა, დავითმა, თქვა. რა დაწერა დავითმა — „უფალი“ თუ „იეჰოვა“? პროფესორმა აღიარა, რომ დედანში „იეჰოვა“ ეწერა, მაგრამ ის მაინც იმ აზრზე იდგა, რომ ტექსტი „უფალს“ უფრო იხდენდა. ვერაფერი მიზეზია ამ ფსალმუნიდან ღვთის სახელის ამოსაღებად!
33. რისთვის უნდა ვემადლიერებოდეთ ღმერთს და რა არის ჩვენი სურვილი?
33 სამწუხაროდ, ენის სილამაზეს ათასობით აზრის სიზუსტე შეეწირა და ბიბლიის ბევრ თარგმანში არაერთი მონაკვეთი დამახინჯდა. მაგრამ ღვთის წყალობით ჩვენ გვაქვს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც გასაგებად და ზუსტად გადმოგვცემს დედნისეულ ტექსტს. დაე, ყოველმა გულწრფელმა მკითხველმა წმინდაჰყოს ღვთის დიდებული სახელი!
[სქოლიოები]
a 1804 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა „ამერიკის ბიბლიური საზოგადოება“ (1816 წ.) მანამდე არსებული ადგილობრივი საზოგადოებების ბაზაზე, „ედინბურგის ბიბლიური საზოგადოება“ (1809 წ.) და „გლაზგოს ბიბლიური საზოგადოება“ (1812 წ.). ბოლო ორი მოგვიანებით (1861 წ.) დარეგისტრირდა „შოტლანდიის ნაციონალურ ბიბლიურ საზოგადოებად“. 1820 წლისთვის ბიბლიური საზოგადოებები უკვე არსებობდა შვეიცარიაში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ფინეთში, შვედეთში, დანიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ისლანდიაში, რუსეთსა და გერმანიაში.
b ალექსანდრე ტომსონი, The Differentiator, ივნისი, 1954 წ., გვ. 131.
c 1989 წლის 12 ივნისი.
[ცხრილი 322 გვერდზე]
ბიბლიის ავტორიტეტული თარგმანები შვიდ გავრცელებულ ენაზე
თარგმანის სახელწოდება პირველი გამოცემა ძირითადი წყარო ებრაული წერილებისთვის ღვთის სახელი ნათარგმნია როგორც . . . ძირითადი წყარო ბერძნული წერილებისთვის
ინგლისური [1]
Rheims-Douay* 1582—1610 ვულგატა უფალი (ორგან ადონაი) ვულგატა
King James Version* 1611 მ უფალი (რამდენიმე ადგილას იეჰოვა) „ტექსტუს რეცეპტუს“
Young 1862—1898 მ იეჰოვა „ტექსტუს რეცეპტუს“
English Revised* 1881—1895 მ უფალი (რამდენიმე ადგილას იეჰოვა) უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი
Emphasised Bible 1878—1902 მ (გინზბურგი) იაჰვე უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი, ტრეგელსის ტექსტი
American Standard 1901 მ იეჰოვა უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი
An American Translation (სმითი-გუდსპიდი)* 1923—1939 მ უფალი (რამდენიმე ადგილას იაჰვე) უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი
Revised Standard* 1946—1952 მ უფალი უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი, ნესტლეს ტექსტი
New English Bible* 1961—1970 მ (ბჰკ) უფალი (რამდენიმე ადგილას იეჰოვა) „ახალი ეკლექტიკური ტექსტი“
Today’s English Version 1966—1976 მ (ბჰკ) უფალი გბს
New King James Bible/Revised Authorised Version 1979—1982 მ (ბჰშ) უფალი (რამდენიმე ადგილას იაჰ) „ტექსტუს რეცეპტუს“
New Jerusalem Bible* 1985 მ იაჰვე ბერძნული
ესპანური [2]
Valera 1602 მ იეჰოვა „ტექსტუს რეცეპტუს“
Moderna 1893 მ იეჰოვა სქრივენერის ტექსტი
Nácar-Colunga* 1944 მ იაჰვე ბერძნული
Evaristo Martín Nieto* 1964 მ იაჰვე ბერძნული
Serafín de Ausejo* 1965 მ (ბჰკ) იაჰვე, უფალი ნესტლე-ალანდის ტექსტი
Biblia de Jerusalén* 1967 მ იაჰვე ბერძნული
Cantera-Iglesias* 1975 მ (ბჰკ) იაჰვე ბერძნული
Nueva Biblia Española* 1975 მ უფალი ბერძნული
პორტუგალიური [3][4]
Almeida 1681, 1750 მ იეჰოვა „ტექსტუს რეცეპტუს“
Figueiredo* 1778—1790 ვულგატა უფალი ვულგატა
Matos Soares* 1927—1930 ვულგატა უფალი ვულგატა
Pontifício Instituto Bíblico* 1967 მ იაჰვე მერკის ტექსტი
Jerusalém* 1976, 1981 მ იაჰვე ბერძნული
გერმანული [5]
Luther* 1522, 1534 მ უფალი ერაზმ როტერდამელის ტექსტი
Zürcher 1531 მ უფალი, იაჰვე ბერძნული
Elberfelder 1855, 1871 მ იეჰოვა „ტექსტუს რეცეპტუს“
Menge 1926 მ უფალი ბერძნული
Luther (გადამუშავებული)* 1964, 1984 მ უფალი ბერძნული
Bibel in heutigem Deutsch(Gute Nachricht)* 1967 მ (ბჰშ) უფალი ნესტლე-ალანდის ტექსტი, გბს
Einheitsübersetzung* 1972, 1974 მ უფალი, იაჰვე ბერძნული
Revidierte Elberfelder 1975, 1985 მ უფალი, იაჰვე ბერძნული
ფრანგული [6]
Darby 1859, 1885 მ მარადარსებული ბერძნული
Crampon* 1894—1904 მ იეჰოვა მერკის ტექსტი
Jérusalem* 1948—1954 ვულგატა, ებრაული იაჰვე ვულგატა, ბერძნული
TOB Ecumenical Bible* 1971—1975 მ (ბჰშ) უფალი ნესტლეს ტექსტი, გბს
Osty* 1973 მ იაჰვე ბერძნული
Segond Revised 1978 მ (ბჰშ) მარადარსებული ნესტლე-ალანდის, ბლეკის, მეცგერისა და უიკგრენის ტექსტები
Français courant 1982 მ (ბჰშ) უფალი ნესტლეს ტექსტი, გბს
ჰოლანდიური [7]
Statenvertaling 1637 მ უფალი „ტექსტუს რეცეპტუს“
Leidse Vertaling 1899—1912 მ იაჰვე ნესტლეს ტექსტი
Petrus-Canisiusvertaling* 1929—1939 მ იაჰვე ნესტლეს ტექსტი
NBG-vertaling 1939—1951 მ უფალი ნესტლეს ტექსტი
Willibrordvertaling* 1961—1975 მ იაჰვე ნესტლეს ტექსტი
Groot Nieuws Bijbel* 1972—1983 მ უფალი ნესტლეს ტექსტი
იტალიური [8]
Diodati 1607, 1641 მ უფალი ბერძნული
Riveduta (Luzzi) 1925 მ მარადარსებული ბერძნული
Nardoni* 1960 მ უფალი, იაჰვე ბერძნული
Pontificio Istituto Biblico* 1923—1958 მ უფალი, იაჰვე მერკის ტექსტი
Garofalo* 1960 მ იაჰვე, უფალი ბერძნული
Concordata* 1968 მ (ბჰკ) უფალი, იაჰვე ნესტლეს და მერკის ტექსტები
CEI* 1971 მ უფალი ბერძნული
Parola del Signore* 1976—1985 მ (ბჰშ) უფალი გბს
* შესულია აპოკრიფული წიგნებიც, თუმცა შეიძლება ყველა გამოცემაში არ იყოს.
„მ“ — მასორეტული ტექსტი. თუ გვერდზე არაფერი აქვს მითითებული, არ არის ნაგულისხმევი კონკრეტული გამოცემა.
„ბჰკ“ — კიტელის „ბიბლია ჰებრაიკა“ (Biblia Hebraica).
„გბს“ — გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების მიერ გამოცემული ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტი (The Greek New Testament).
„ბჰშ“ — „ბიბლია ჰებრაიკა შტუტგარტენზია“ (Biblia Hebraica Stuttgartensia).
„ბერძნული“ — ბერძნულიდან შესრულებული თარგმანი, არაა ნაგულისხმევი რომელიმე კონკრეტული ტექსტი.