თავი 13
ჩვენი საქციელით გვიცნობენ
დღეს ბევრი არაფრად აგდებს ზნეობრივ ნორმებს, რომლებიც ოდითგანვე ფასობდა. მსგავსად იქცევა ქრისტიანული სამყაროს რელიგიების უმეტესობა, რომლებიც ან შემწყნარებლობას ავლენენ, ან მიზეზად ის მოჰყავთ, რომ დრო შეიცვალა და ძველი თაობების დადგენილმა წესებმა თავისი დრო მოჭამა. შედეგად, როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, სამუელ მილერმა განაცხადა, „ეკლესიამ დაკარგა თავისი გავლენა და თანამედროვე კულტურას მოერგო“. ეს დამღუპველად მოქმედებს ყველაზე, ვინც ამ ეკლესიებისგან ელის ხელმძღვანელობას.
ამის საპირისპიროდ, იეჰოვას მოწმეების შესახებ მონრეალის (კანადა) კათოლიკური ეპარქიის ყოველკვირეულ გამოცემაში ნათქვამი იყო: „ისინი გამოირჩევიან მაღალზნეობრივი ნორმებით“ (L’Eglise de Montréal). ამ სიტყვებს მრავალი მასწავლებელი, დამსაქმებელი და სახელმწიფო მოხელე ეთანხმება. რამ შეუქმნა იეჰოვას მოწმეებს ასეთი რეპუტაცია?
იეჰოვას მოწმედ ყოფნა რომელიმე სწავლების აღიარებასა და სხვებისთვის ამ სწავლების ქადაგებაზე მეტს მოიცავს. პირველ საუკუნეში ქრისტიანობას „გზა“ ეწოდებოდა, ამიტომ იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ჭეშმარიტი რელიგია დღესაც ცხოვრების გზა უნდა იყოს (საქ. 9:2). თუმცა, როგორც სხვა შემთხვევებში, იეჰოვას მოწმეებს თავიდან არ ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი.
„ხასიათი თუ აღთქმა?“
მართალია, ბიბლიის მკვლევარებმა თავიდანვე ყურად იღეს ბიბლიური რჩევა, რომ ქრისტესთვის მიებაძათ, მაგრამ იმ ადრეულ წლებში ზოგიერთმა მათგანმა უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა „ხასიათის ჩამოყალიბებას“, როგორც ამას თავად უწოდებდნენ; ამით მათ ნამდვილი ქრისტიანობის ზოგ ასპექტს ძალა დაუკარგეს. ზოგი ფიქრობდა, რომ ზეცაში წასვლა გარანტირებული ექნებოდათ, თუ ყოველთვის თავაზიანები და კეთილები იქნებოდნენ, რბილად ისაუბრებდნენ, მოერიდებოდნენ ყოველგვარ რისხვას და ყოველდღე წაიკითხავდნენ ბიბლიას. მაგრამ მათ მხედველობიდან გამორჩათ ის საქმე, რაც ქრისტემ დაავალა თავის მიმდევრებს.
ეს პრობლემა კარგად გაშუქდა 1926 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „ხასიათი თუ აღთქმა?“a. ამ სტატიაში ნაჩვენები იყო, რომ ჯერ კიდევ ხორცში ყოფნისას „სრულყოფილი ხასიათის“ განვითარების მცდელობის გამო ზოგი სულით დაეცა, ზოგი კი ფარისევლურად ზემოდან დაჰყურებდა სხვებს და მხედველობიდან რჩებოდა ქრისტეს გამოსასყიდის ფასი. ქრისტეს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის გამოვლენის მნიშვნელოვნებაზე მსჯელობის შემდეგ სტატიაში ხაზგასმული იყო, თუ რამდენად აუცილებელია, ადამიანი აქტიური დარჩეს ღვთისადმი მსახურებაში იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთისმოსაწონად ცხოვრობს (2 პეტ. 1:5—10). იმ დროს, როცა ქრისტიანული სამყაროს რელიგიების უმრავლესობას პრეტენზია ჰქონდა, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად იქცეოდა, იეჰოვას მოწმეები ყურადღებას ამახვილებდნენ იმ საქმეებზე, რომლებითაც მკვეთრად განსხვავდებოდნენ ქრისტიანული სამყაროს რელიგიებისგან. ეს სხვაობა უფრო მეტად ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით გამოჩნდა.
„მოერიდეთ სიძვას“
ზნეობასთან დაკავშირებული ქრისტიანული ნორმები ბიბლიაში დიდი ხნის წინათ ჩაიწერა. „ღვთის ნებაა, რომ განიწმინდოთ, მოერიდოთ სიძვას . . . ღმერთმა უწმინდურებისკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმინდისკენ. ამიტომ უგულებელმყოფელი უგულებელყოფს არა ადამიანს, არამედ ღმერთს“ (1 თეს. 4:3—8). „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრ. 13:4). „როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები . . . ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორ. 6:9, 10).
ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ამ ნორმებზე ჯერ კიდევ 1879 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ მახვილდებოდა ყურადღება. თუმცა მას შემდეგ ეს საკითხები ხშირად და დაწვრილებით არ ირჩეოდა, რადგან იმ დროს ბიბლიის მკვლევარებისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. მაგრამ რაც უფრო აუბრალოებდა ხალხი ზნეობრივ ნორმებს, მით მეტ ყურადღებას უთმობდნენ მას ბიბლიის მკვლევარები, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის წინა და მომდევნო წლებში. ეს აუცილებელი იყო, რადგან ზოგიერთი იეჰოვას მოწმე ფიქრობდა, რომ თუ ქადაგებით აქტიურად იქნებოდა დაკავებული, შეეძლო საკუთარი თავისთვის ზნეობრივ საკითხებში გარკვეული თავისუფლება მიეცა. 1935 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ გარკვევით ეწერა, რომ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობა არ ამართლებს უზნეობას. მაგრამ ყველამ როდი იღო ყურად ეს სიტყვები. ამიტომ 1941 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“ ეს საკითხი კიდევ ერთხელ დაწვრილებით განიხილებოდა სტატიაში „ნოეს დღეები“. მასში ნათქვამი იყო, რომ სექსუალური უზნეობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ღმერთმა ნოეს დროს ქვეყნიერება გაანადგურა და ამით დაგვანახვა, თუ რას გააკეთებს ჩვენს დღეებში. სტატიაში პირდაპირ ეწერა, რომ შეუძლებელია ღვთის უმწიკვლო მსახურმა დღის გარკვეული ნაწილი უფლის ნების შესრულებას მიუძღვნას, რამდენიმე საათის შემდეგ კი „ხორცის საქმეები“ აკეთოს (გალ. 5:17—21). 1942 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი კიდევ ერთი სტატია განსჯიდა ყველა მოქმედებას, რომლებიც არ შეესაბამებოდა ბიბლიაში დაუქორწინებლებისა და დაქორწინებულებისთვის ჩაწერილ ნორმებს. არც ერთმა იეჰოვას მოწმემ არ უნდა იფიქროს, რომ სამეფოს შესახებ სახალხოდ ქადაგება თავაშვებული ცხოვრების უფლებას აძლევს (1 კორ. 9:27). დროთა განმავლობაში ორგანიზაციამ უფრო მკაცრი ზომები მიიღო ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად.
ზოგიერთი, ვინც იეჰოვას მოწმედ ყოფნის სურვილს გამოთქვამდა, ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც მიღებული იყო „საცდელი ქორწინება“, დანიშნულებს შორის სქესობრივი ურთიერთობა ან რეგისტრაციის გარეშე წყვილის ერთად ცხოვრება. ზოგი ცოლ-ქმარი ცდილობდა, საერთოდ შეეკავებინათ თავი სქესობრივი ურთიერთობისგან. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ იყვნენ განქორწინებულები, მაგრამ ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. სათანადო ხელმძღვანელობის გასაწევად 1950-იან წლებში „საგუშაგო კოშკში“ ყველა ამ სიტუაციას მიექცა ყურადღება. ჟურნალებში განიხილებოდა ცოლქმრული მოვალეობები, ხაზი ესმებოდა იმას, რომ ბიბლია კრძალავს სიძვას და იხსნებოდა, თუ რა იგულისხმება სიძვაში. შედეგად, ეს საკითხები ყველასთვის გასაგები გახდა (საქ. 15:19, 20; 1 კორ. 6:18).b
ზნეობასთან დაკავშირებულ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი ინტერესს ავლენდა და იეჰოვას მოწმეებთან იწყებდა ურთიერთობას, მაგრამ სერიოზულად არ ეკიდებოდა ბიბლიურ ნორმებს. 1945 წელს, როცა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მესამე პრეზიდენტი ნეითან ნორი კოსტა-რიკაში იმყოფებოდა, მან ქრისტიანულ ზნეობაზე წარმოთქმულ მოხსენებაში თქვა: „ერთ რჩევას მოგცემთ ყველას, ვინც ამ საღამოს აქ იმყოფებით და რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობთ ქალთან. წადით და გახდით კათოლიკური ეკლესიის წევრები, რადგან იქ შეგიძლიათ ასე მოიქცეთ. მაგრამ აქ ღვთის ორგანიზაციაა და ასეთი რამ მიუღებელია“.
1960-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჰომოსექსუალისტები აღარ მალავდნენ თავიანთ საქმეებს, ბევრმა ეკლესიამ დებატები გამართა, ბოლოს კი ისინი თავიანთ წევრებად მიიღო. დღეს ზოგ ეკლესიაში ჰომოსექსუალისტებს მღვდლებადაც კი ნიშნავენ. გულწრფელ ადამიანებს რომ დახმარებოდნენ ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების მიღებაში, იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ პუბლიკაციებში ეს საკითხიც განიხილეს. თუმცა მოწმეებს არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით. ეს იმიტომ, რომ ისინი არასდროს უყურებდნენ ბიბლიურ მოთხოვნებს ისე, თითქოს ისინი უბრალოდ სხვა ეპოქაში მცხოვრები მამაკაცების აზრები ყოფილიყო (1 თეს. 2:13). მოწმეებს უხარიათ, რომ შეუძლიათ ჰომოსექსუალისტებს იეჰოვას მოთხოვნების გაგებაში დაეხმარონ და მათ ბიბლიას ასწავლიან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ დაესწრონ მოწმეების შეხვედრებს და მოისმინონ პროგრამა, მაგრამ თუ არ შეიცვლიან თავიანთი ცხოვრების წესს, ვერ გახდებიან იეჰოვას მოწმეები (1 კორ. 6:9—11; იუდ. 7).
ბოლო წლებში დაუქორწინებელ ახალგაზრდებს შორის ჩვეულებრივი გახდა სქესობრივი კავშირი. იეჰოვას მოწმეთა ოჯახებში მცხოვრები ახალგაზრდებიც განიცდიდნენ ზეწოლას და ზოგმა გარშემომყოფთ მიჰბაძა. რა გააკეთა ორგანიზაციამ მათ დასახმარებლად? „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში იბეჭდებოდა სტატიები, რომლებიც ეხმარებოდა როგორც მშობლებს, ისე შვილებს, რომ ბიბლიური თვალსაზრისი ჰქონოდათ ამ საკითხზე. კონგრესებზე წარმოდგენილი იყო ცხოვრებისეული დრამები, რათა ყველას დაენახა, სადამდე მიჰყავს ადამიანი ბიბლიაში ჩაწერილი ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფას და რა სარგებლობა მოაქვს ღვთის მითითებების მორჩილებას. ერთ-ერთი პირველი დრამის სახელწოდება, რომელიც 1969 წელს დაიდგა, იყო „ეკლები და ხაფანგია მათ გზაზე, ვინც დამოუკიდებლად მოქმედებს“. ახალგაზრდებს რომ ბიბლიური დარიგებების სიბრძნე დაენახათ, გამოიცა სპეციალური წიგნები: „საუკეთესოდ გამოიყენე ახალგაზრდობის წლები“ (გამოიცა 1976 წელს) და „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (გამოიცა 1989 წელს). კრების უხუცესებიც სულიერად ეხმარებოდნენ როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ოჯახებს. იეჰოვას მოწმეთა კრებების დაცვის მიზნით მოუნანიებელი შემცოდველები კრებიდან ირიცხებოდნენ.
ქვეყნიერებაში ზნეობრივი ნორმების დაცემას არ გამოუწვევია იეჰოვას მოწმეებს შორის უზნეობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება. პირიქით, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო მეტ აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მოწმეებს არა მხოლოდ თავი შეეკავებინათ უკანონო სქესობრივი ურთიერთობებისგან, არამედ მორიდებოდნენ ისეთ სიტუაციებსა და გავლენას, რომლებიც ძირს უთხრიდა ზნეობას. გასული სამი ათწლეულის განმავლობაში არაერთი მითითება დაიწერა მათ დასახმარებლად, ვინც ისეთ „ფარულ ცოდვას“ ებრძოდა, როგორიცაა მასტურბაცია; აგრეთვე ყურადღება გამახვილდა პორნოგრაფიისა და ტელესერიალების ყურების საფრთხეზე და გამხრწნელი მუსიკის მოსმენაზე. ამგვარად, როცა ქვეყნიერებაში მორალი ეცემოდა, ზნეობრივი ნორმებისადმი იეჰოვას მოწმეების დამოკიდებულება იზრდებოდა.
ღვთის ნორმების გათვალისწინება ოჯახში
იეჰოვას მოწმეთა ოჯახებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ზნეობასთან დაკავშირებული ბიბლიური ნორმების დაცვა. მაგრამ იეჰოვას მოწმედ ყოფნა იმის გარანტიას არ წარმოადგენს, რომ ოჯახში პრობლემები არ შეიქმნება. და მაინც, მოწმეებს სჯერათ, რომ პრობლემებთან გასამკლავებლად საუკეთესო რჩევები ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ბევრს აკეთებს, რომ მათ ეს რჩევები გამოიყენონ და, როდესაც ოჯახები ამ რჩევებს მიჰყვებიან, საუკეთესო შედეგებს იღებენ.
ჯერ კიდევ 1904 წელს „საღვთო წერილის გამოკვლევის“ მეექვსე ტომში დეტალურად იყო გარჩეული ცოლ-ქმრისა და მშობლების მოვალეობები. მას შემდეგ ასობით სტატია დაიბეჭდა და უამრავი მოხსენება წარმოითქვა იეჰოვას მოწმეთა კრებებში, რათა ოჯახის თითოეულ წევრს დაეფასებინა ღვთის მიერ დაკისრებული როლი. ოჯახთან დაკავშირებული რჩევები ეხება არა მხოლოდ ახლად დაქორწინებულებს, არამედ მთელ კრებას (ეფეს. 5:22—6:4; კოლ. 3:18—21).
მისაღებია პოლიგამია?
ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიციები არსებობს, მაგრამ იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ბიბლიური ნორმები ყველასთვის ერთია. როდესაც მეოცე საუკუნეში იეჰოვას მოწმეებმა ქადაგება დაიწყეს აფრიკაში, ისინი, როგორც ყველგან, იქაც ასწავლიდნენ, რომ ქრისტიანს მხოლოდ ერთი მეუღლე უნდა ჰყოლოდა (მათ. 19:4, 5; 1 კორ. 7:2; 1 ტიმ. 3:2). მიუხედავად იმისა, რომ ასობით ადამიანი ეთანხმებოდა ბიბლიის სწავლებებს კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით და სიხარულით იღებდა იეჰოვას მოწმეების სწავლებებს ღვთის სამეფოს შესახებ, ისინი ისე მოინათლნენ, რომ პოლიგამია არ მიუტოვებიათ. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად 1947 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო, რომ ადგილობრივი ტრადიციების მიუხედავად, ქრისტიანობისთვის მიუღებელი იყო პოლიგამია. კრებებს გაეგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდნენ ყველა იეჰოვას მოწმეს, ვისაც რამდენიმე ცოლი ჰყავდა, რომ ბიბლიური ნორმების მიხედვით ოჯახური ცხოვრების მოსაწესრიგებლად ექვსი თვე ეძლეოდათ. იმავე წელს ძმა ნორმა აფრიკაში ყოფნის დროს სწორედ ამ აზრზე გაამახვილა ყურადღება თავის მოხსენებაში.
ნიგერიაში მრავალი, ვინც მოწმე არ იყო, ამბობდა, რომ თუ იეჰოვას მოწმეები არ დაუშვებდნენ პოლიგამიას, ძალიან ბევრი დატოვებდა მათ ორგანიზაციას. მართლაც, 1947 წლის ბოლოსაც კი არ მოუხდენია ცვლილებები ყველას, ვისაც რამდენიმე ცოლი ჰყავდა და მონათლული იყო. ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა ასუკუო აკპაბიომ გაიხსენა, რომ ერთ ღამეს იფიაიონგში მოწმემ, ვის სახლშიც რჩებოდა, გააღვიძა და მოსთხოვა, რომ მონოგამიის მოთხოვნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეეცვალა. ბუნებრივია, მან უარი მიიღო, ამიტომ იმ ღამით ჩვენი მიმომსვლელი ზედამხედველი თავსხმა წვიმაში ქუჩაში აღმოჩნდა.
მაგრამ იეჰოვას სიყვარულმა ბევრს მისი მითითებების შესრულების ძალა მისცა. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიხსენიებთ. ზაირში ერთ კათოლიკე კაცს სამი ცოლი ჰყავდა. იეჰოვას მოწმე რომ გამხდარიყო, მას ორ ცოლთან გაყრა მოუწია. მისთვის რწმენის გამოცდა იყო საყვარელი ცოლის გაშვება, რომელიც მისი „ახალგაზრდობის ცოლი“ არ იყო (იგავ. 5:18). დაჰომეაში (ამჟამად ბენინი) ერთ მამაკაცს, რომელიც ადრე მეთოდისტური ეკლესიის წევრი იყო და ხუთი ცოლი ჰყავდა, დიდი იურიდიული დაბრკოლებების გადალახვა მოუწია, რომ ოთხ ცოლთან გაყრა მიეღო და ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. თუმცა გაყრის შემდეგ, სხვების მსგავსად, ისიც ზრუნავდა თავის ყოფილ ცოლებსა და შვილებზე. ნიგერიელი ვარიგბან უიტინგტონი თავისი ქმრის მეორე ცოლი იყო. როდესაც მან გადაწყვიტა, ესიამოვნებინა ჭეშმარიტი ღვთისთვის, იეჰოვასთვის, რადგან ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ქმრისა და თავისი ოჯახისგან დიდ სირთულეებს შეხვდა. ქმარმა ის თავის ორ შვილთან ერთად გაუშვა, მაგრამ ფინანსურად არანაირად არ დაეხმარა და მგზავრობის ფულიც კი არ მისცა. მიუხედავად ამისა, ვარიგბანმა თქვა: „მატერიალური კეთილდღეობა, რაზეც უარი ვთქვი, არაფერია იმასთან შედარებით, რომ შემიძლია იეჰოვას ვასიამოვნო“.
რის თქმა შეიძლება გაყრაზე?
დასავლეთის ქვეყნებში პოლიგამია ფართოდ არ არის გავრცელებული, მაგრამ იქ საკმაოდ მიღებულია ქორწინებისადმი ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ბიბლიას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ბევრი ფიქრობს, რომ ჯობია გაეყარო მეუღლეს, ვიდრე უბედური ქორწინება გქონდეს. გასულ წლებში ასეთმა აზროვნებამ ზოგიერთ იეჰოვას მოწმეზეც იმოქმედა. ისინი „შეუთავსებლობის“ გამო ეყრებოდნენ ერთმანეთს. რის გაკეთება შეიძლებოდა მათ დასახმარებლად? ორგანიზაცია რეგულარულად ატარებს საგანმანათლებლო პროგრამას გაყრაზე იეჰოვას თვალსაზრისის დასანახვებლად, რაც ეხმარება როგორც დიდი ხნის მოწმეებს, ისე ათასობით ადამიანს, რომლებიც ყოველ წელს ემატებიან ღვთის ორგანიზაციას.
რომელ ბიბლიურ პრინციპებზე მახვილდება ხოლმე ყურადღება „საგუშაგო კოშკში“? ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი მათგანი. პირველი ქორწინების შესახებ ბიბლიურ ჩანაწერში ცოლისა და ქმრის ერთობაზე მახვილდება ყურადღება: „მიეკვრება [კაცი] ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24). მოგვიანებით ისრაელებს კანონი უკრძალავდა მრუშობას და ნებისმიერი, ვინც იმრუშებდა, სიკვდილით უნდა დაესაჯათ (კან. 22:22—24). ისრაელებს მრუშობის გარდა სხვა მიზეზითაც შეეძლოთ გაყრა, მაგრამ როგორც იესომ თქვა, ეს მათი გულქვაობის გამო იყო დაშვებული (მათ. 19:7, 8). რას ფიქრობდა იეჰოვა, როცა ვინმე სხვისი შერთვის მიზნით ცოლს ეყრებოდა? მალაქიას 2:16-ში ღმერთი ამბობს: „მძულს გაყრა“. მიუხედავად ამისა, ღმერთი უფლებას აძლევდა ცოლთან გაშორებულებს, რომ ისრაელის კრებულში დარჩენილიყვნენ. თუ ასეთი ადამიანები მიიღებდნენ იეჰოვას დარიგებას, რომელსაც ის თავის ხალხს აძლევდა, თანდათანობით შეიძლებოდა ლმობიერები გამხდარიყვნენ და ნამდვილი სიყვარული გამოევლინათ იეჰოვას წესებისადმი (შეადარეთ ეზეკიელის 11:19, 20).
„საგუშაგო კოშკი“ ხშირად ამახვილებდა ყურადღებას, რომ ძველი ისრაელის ოჯახების გაყრაზე საუბრისას იესომ თავის მიმდევრებს უფრო მაღალი ნორმების დაცვის აუცილებლობა დაანახვა. როგორც იესომ თქვა, თუ ვინმე სიძვის (პორნია, უკანონო სქესობრივი კავშირი) მიზეზის გარეშე გაეყრებოდა ცოლს და სხვას შეირთავდა, ეს მრუშობა იქნებოდა; მაშინაც კი, თუ სხვას არ მოიყვანდა ცოლად, ყოფილ ცოლს ის მრუშობის საბაბს აძლევდა (მათ. 5:32; 19:9). ამგვარად, „საგუშაგო კოშკში“ გამოიკვეთა ის აზრი, რომ გაყრა ქრისტიანისთვის უფრო სერიოზული საკითხი იყო, ვიდრე ისრაელებისთვის. მართალია, ბიბლია არ ამბობს, რომ ქრისტიანული კრებიდან გაირიცხება ყველა, ვინც მეუღლეს გაეყრება, მაგრამ ის, ვინც ამასთანავე იმრუშებს და არ მოინანიებს, კრებიდან გაირიცხება (1 კორ. 6:9, 10).
ბოლო წლებში ქვეყნიერების დამოკიდებულებამ ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ძირეული ცვლილებები განიცადა. ამის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები კვლავაც ჭეშმარიტი ღვთის, ქორწინების დამფუძნებლის ნორმებით ცხოვრობენ, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი. ამ ნორმების გამოყენებით ისინი ცდილობენ, დაეხმარონ გულწრფელ ადამიანებს რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში.
ამის წყალობით დიდი ცვლილებები მოხდა მათ ცხოვრებაში, ვინც იეჰოვას მოწმეების დახმარებით ბიბლიური რჩევები გაითვალისწინა. ათასობით მამაკაცი, რომლებიც ცოლებს სცემდნენ, არ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს, არ ზრუნავდნენ ოჯახის წევრების ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე, შეიცვალნენ და მოსიყვარულე ქმრები და ოჯახზე მზრუნველი მამები გახდნენ. აგრეთვე შეიცვალნენ ის ქალები, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდნენ, არ ზრუნავდნენ ბავშვებზე, ოჯახსა და საკუთარ თავზე. მათ აღიარეს მეთაურობის პრინციპი ოჯახში და ისეთი ცხოვრება დაიწყეს, რომ ძვირფასი ცოლები და დედები გახდნენ. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც არაფრად აგდებდნენ მშობლებს, მოჯანყე სულს ავლენდნენ, თავს იღუპავდნენ საკუთარი ქცევებით და მშობლებს დიდ ტკივილს აყენებდნენ, ღვთისმოსაწონი მიზნები დაისახეს, რაც მათ ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარა.
ცხადია, ოჯახის ბედნიერებისთვის აუცილებელია, ოჯახის წევრები ერთმანეთს პატიოსნად ექცეოდნენ. ამ თვისების გამოვლენა აგრეთვე მნიშვნელოვანია ცხოვრების სხვა სფეროებშიც.
რამდენად პატიოსანი უნდა იყოს ადამიანი?
იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ პატიოსნება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უნდა გამოავლინონ. საფუძვლად მათ სხვადასხვა ბიბლიური მუხლი მოჰყავთ. მაგალითად, ერთ-ერთ მუხლში იეჰოვას „ჭეშმარიტების ღმერთი“ ეწოდება (ფსალმ. 31:5). ამის საპირისპიროდ, იესომ სატანას „სიცრუის მამა“ უწოდა (იოან. 8:44). გასაგებია, იეჰოვასთვის საძულველ საქმეებში რატომ მოიხსენიება „მატყუარა ენა“ (იგავ. 6:16, 17). ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფეს. 4:25). ქრისტიანმა არა მხოლოდ უნდა ილაპარაკოს ჭეშმარიტება, არამედ პავლე მოციქულის მსგავსად ყველაფერში პატიოსნად უნდა მოიქცეს (ებრ. 13:18). იეჰოვას მოწმეები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ამ პრინციპებს იყენებენ.
როდესაც იესო გადასახადების ამკრეფ ზაქეს ესტუმრა, ზაქემ აღიარა, რომ თავის საქმიანობას უპატიოსნოდ ეწეოდა და გამოძალული ფული ხალხს უკან დაუბრუნა (ლუკ. 19:8). გასულ წლებში იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ ზოგი ზაქეს მსგავსად მოიქცა, რათა ღვთის წინაშე სუფთა სინდისი ჰქონოდა. მაგალითად, ესპანეთში ერთმა ქურდმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ცოტა ხნის შემდეგ ის სინდისმა შეაწუხა. ამიტომ მან მოპარული ნივთები ყოფილ დამსაქმებელსა და მეზობლებს დაუბრუნა, დანარჩენი კი პოლიციას ჩააბარა. მართალია, მას ჯარიმის გადახდა და ცოტა ხნით ციხეში ყოფნაც მოუწია, მაგრამ ახლა სუფთა სინდისი აქვს. ინგლისში იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ თვეში ბრილიანტების ქურდი პოლიციას ჩაბარდა, რამაც ისინი ძალიან გააოცა. პოლიცია მას ექვსი თვე ეძებდა. მან ორწელიწად-ნახევარი ციხეში გაატარა, რომლის განმავლობაშიც გულმოდგინედ შეისწავლა ბიბლია და გაიგო, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება სხვებისთვისაც უნდა ექადაგა. გათავისუფლების შემდეგ ის მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა (ეფეს. 4:28).
იეჰოვას მოწმეების პატიოსნება ყველასთვის ცნობილია. დამსაქმებლებმა არა მხოლოდ ის იციან, რომ მოწმეები არ მოიპარავენ, არამედ ისიც, რომ არ მოიტყუებიან და მათი დავალებითაც კი არ გააყალბებენ მონაცემებს, თუნდაც სამუშაოდან გათავისუფლებით დაემუქრონ. იეჰოვას მოწმეებისთვის ღმერთთან კარგი ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანისგან მოწონების დამსახურება. მოწმეებს ესმით, რომ სადაც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრ. 4:13; იგავ. 15:3).
იტალიაში გამომავალი გაზეთი „სტამპა“ იეჰოვას მოწმეების შესახებ წერდა: «ისინი იმას აკეთებენ, რასაც ქადაგებენ . . . მოყვასისადმი სიყვარული მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია; ისინი არ ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ, არ მიმართავენ ძალადობას და პატიოსნები არიან (ეს ყველაფერი ქრისტიანთა უმრავლესობისთვის მხოლოდ „საკვირაო წესებია“, რომლებიც კათედრიდან ქადაგებისთვის თუ გამოდგება)». ვაშინგტონში (შეერთებული შტატები) „იუნაიტედ პრეს ინტერნეიშენალის“ რელიგიური განყოფილების რედაქტორი ლუის კასელსი წერდა: „მოწმეები თავიანთი რწმენის ერთგულები რჩებიან მაშინაც კი, როცა ეს დიდ ფასად უჯდებათ“.
რატომ არ იდგა მწვავედ აზარტული თამაშების საკითხი?
წარსულში პატიოსნება, როგორც წესი, შრომისმოყვარეობას უკავშირდებოდა. აზარტულ თამაშებს, ანუ ფულზე თამაშს და თამაშის შედეგზე ან სხვა რამეზე სანაძლეოს დადებას, ხალხი ძირითადად არ იწონებდა. თუმცა მეოცე საუკუნეში, როცა მსოფლიოში ფეხი მოიკიდა ეგოიზმმა და გამდიდრების სურვილმა, აზარტული თამაშები, იქნებოდა ეს ლეგალური თუ არალეგალური, ძალიან პოპულარული გახდა. მოგების მიზნით ხშირად ამ საქმეში ფულს არა მარტო კრიმინალური სამყარო დებდა, არამედ ეკლესიებიც და ხელისუფლებაც. რა დაეხმარა იეჰოვას მოწმეებს, რომ საზოგადოების აზროვნების ასეთ ცვლილებაზე სწორი შეხედულება ჰქონოდათ? ბიბლიის პრინციპები.
როგორც პუბლიკაციებში იყო აღნიშნული, ბიბლიაში პირდაპირ არ წერია: „არ ითამაშო აზარტული თამაშები“. თუმცა აზარტულ თამაშებს ყოველთვის ცუდი შედეგები მოჰყვება, რაც ნახევარი საუკუნის მანძილზე კარგად იყო დანახვებული „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში. ამ ჟურნალებში ისიც იყო ნაჩვენები, რომ აზარტული თამაშის დროს ადამიანი ისეთ თვისებებს ავლენს, რომლებსაც ბიბლია განსჯის. ასეთი თვისებებია: ფულის სიყვარული — „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმ. 6:10); ეგოიზმი — „არ ისურვო . . . არაფერი, რაც შენი მოძმისაა“ (კან. 5:21; შეადარეთ 1 კორინთელების 10:24); სიხარბე — „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ . . . ხარბია“ (1 კორ. 5:11). ამასთანავე, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ არ გვწამდეს იღბლის, რაღაც ზებუნებრივი ძალის, რომელსაც თითქოს შეუძლია წყალობა გამოავლინოს ადამიანების მიმართ (ეს. 65:11). იეჰოვას მოწმეებს გულთან მიაქვთ ეს გაფრთხილებები, ამიტომ ერიდებიან აზარტულ თამაშებს. 1976 წლიდან მოყოლებული მათთვის მიუღებელია, რომ მოწმეებიდან ვინმემ ისეთი სამუშაო შეასრულოს, რითაც მხარს დაუჭერდა აზარტულ თამაშებს.
იეჰოვას მოწმეებში არასდროს იდგა მწვავედ აზარტული თამაშების საკითხი. მათ იციან ბიბლიის მოწოდება, რომ სხვის ხარჯზე გამდიდრების ნაცვლად, საკუთარი ხელით იშრომონ, გაუფრთხილდნენ მინდობილს, იყვნენ გულუხვები და გაჭირვებულთათვის გამზიარებლები (ეფეს. 4:28; ლუკ. 16:10; რომ. 12:13; 1 ტიმ. 6:18). ადვილად ამჩნევენ სხვები მათ თვისებებს? რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მათთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ. ხშირად დამსაქმებლებს იეჰოვას მოწმეები აჰყავთ სამუშაოზე, რადგან იციან, რომ ისინი კეთილსინდისიერები და სანდოები არიან. მათ ესმით, რომ მოწმეები თავიანთი რელიგიის წყალობით გახდნენ კარგი ადამიანები.
როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ თამბაქოსა და ნარკოტიკების მიმართ?
ბიბლიაში არ მოიხსენიება არც თამბაქო და არც ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებსაც დღეს ბოროტად იყენებენ. თუმცა მასში ჩაწერილია პრინციპები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს ღვთისმოსაწონად მოქცევაში ეხმარება. ჯერ კიდევ 1895 წლის „საგუშაგო კოშკში“ თამბაქოს გამოყენებასთან დაკავშირებით მოყვანილი იყო 2 კორინთელების 7:1, სადაც წერია: „ამიტომ, საყვარელნო, რადგან ეს დანაპირები გვაქვს, განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“.
მრავალი წლის მანძილზე ეს რჩევები თითქოს საკმარისი იყო. მაგრამ, როცა თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა სარეკლამო აქციები წამოიწყეს და მოწევა მიმზიდველად წარმოაჩინეს, არალეგალური ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება კი ძალზე პოპულარული გახდა, საჭირო იყო დამატებითი რჩევების მიცემა. ყურადღება გამახვილდა ისეთ ბიბლიურ პრინციპებზე, როგორიცაა: პატივი ეცი იეჰოვას, როგორც სიცოცხლის მბოძებელს (საქ. 17:24, 25), გიყვარდეს მოყვასი (იაკ. 2:8), თუ არ გიყვარს მოყვასი, ვერ გეყვარება ღმერთი (1 იოან. 4:20), დაემორჩილეთ მმართველებს (ტიტ. 3:1). აგრეთვე ახსნილი იყო, რომ ბერძნულ სიტყვა ფარმაკიას, რომელიც ძირითადად ნარკოტიკების გამოყენებას ნიშნავს, ბიბლიის დამწერები სპირიტიზმთან მოიხსენიებდნენ, რადგან ნარკოტიკები სპირიტული სეანსების დროს გამოიყენებოდა (გალ. 5:20).
1946 წელს ჟურნალი „ნუგეში“ ამხელდა სიგარეტის სარგებლობის შესახებ თაღლითურ განაცხადებს, რომლებიც ხშირად სიგარეტის ძვირადღირებულ რეკლამებში კეთდებოდა. როცა ხელმისაწვდომი გახდა მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები, ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-შიც (გამოდის ჟურნალ „ნუგეშის“ შემდეგ) გამოქვეყნდა იმის მტკიცებები, რომ თამბაქოს გამოყენება იწვევს კიბოს, გულსისხლძარღვთა დაავადებას და ნიკოტინზე დამოკიდებულებას, ვნებს ჩანასახს და არამწევლებს, რომლებიც იძულებულები არიან სიგარეტის კვამლი ისუნთქონ. ყურადღება მახვილდებოდა მარიხუანას გამაბრუებელ ეფექტზე და იმაზე, რომ ის ტვინს აზიანებს. „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში მკითხველთა სასარგებლოდ არაერთხელ განიხილებოდა ის დამღუპველი გავლენა, რომელსაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულება იწვევს.
მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ სამთავრობო დაწესებულებები შეთანხმდებოდნენ, რა ზომით გაეფრთხილებინათ ხალხი თამბაქოთი გამოწვეულ ზიანზე, 1935 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ თამბაქოს მწეველები ვერ იმსახურებდნენ ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოში და ვერც მისი წარმომადგენლები იქნებოდნენ. მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეთა კრებებში ორგანიზაციამ დაიწყო მსახურების დანიშვნა (1938 წლიდან), 1942 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, რომ თამბაქოს აკრძალვა მათაც ეხებოდა. ზოგ ადგილას ამ მოთხოვნის ბოლომდე შესრულებას წლები დასჭირდა. თუმცა იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობამ გაითვალისწინა ბიბლიური რჩევა და მიჰბაძა მათ კარგ მაგალითს, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობები ეკისრა.
ამ ბიბლიური პრინციპის ბოლომდე გასათვალისწინებლად გადადგმული შემდეგი ნაბიჯი ის იყო, რომ 1973 წლიდან სიგარეტის მწეველი ვეღარ მოინათლებოდა. მომდევნო თვეებში მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა თამბაქოს წარმოებასა და გაყიდვაში, დაეხმარნენ იმის გაგებაში, რომ იეჰოვას მოწმედ ყოფნა თუ სურდათ, მეტად აღარ უნდა ყოფილიყვნენ ამით დაკავებულნი. ღვთის სიტყვაში ჩაწერილ პრინციპებს ადამიანი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უნდა იყენებდეს. თამბაქოსთან, მარიხუანასა და უფრო ძლიერმოქმედ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ დაიცვა იეჰოვას მოწმეები. წმინდა წერილების გამოყენებით ისინი სხვა ათასობით ადამიანსაც დაეხმარნენ, რომელთა სიცოცხლესაც ნარკოტიკები ანადგურებდა.
შეიძლება ალკოჰოლის მიღება?
„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში არასდროს შეხვდებოდით აზრს, რომ ალკოჰოლური სასმელების მიღება ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ტოლფასი იყო. რატომ? მათში ახსნილი იყო, რომ შემოქმედმა იცის, როგორ ვართ შექმნილნი, და მისი სიტყვა არ კრძალავს ალკოჰოლის ზომიერად მიღებას (ფსალმ. 104:15; 1 ტიმ. 5:23). თუმცა ბიბლია გვაფრთხილებს, რომ არ დავლიოთ უზომოდ და მკაცრად განსჯის ლოთობას (იგავ. 23:20, 21, 29, 30; 1 კორ. 6:9, 10; ეფეს. 5:18).
რამდენადაც სპირტიანი სასმელების ჭარბად მოხმარება ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე დამღუპველად მოქმედებს, ჩარლზ ტეიზ რასელი სასმელისგან სრულ თავშეკავებას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა აღიარებდა, რომ იესო სვამდა ღვინოს. მე-19 საუკუნის განმავლობაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში სპირტიანი სასმელების ოფიციალურად აკრძალვის მიზნით აგიტაცია მიმდინარეობდა. „საგუშაგო კოშკი“ იწონებდა მათ მცდელობას, ვინც სპირტიანი სასმელებით გამოწვეული ზიანის შესაჩერებლად იბრძოდა, თუმცა არ უერთდებოდა ალკოჰოლის აკრძალვის კამპანიას. ჟურნალი მოიხსენიებდა ალკოჰოლის გადაჭარბებული გამოყენებით გამოწვეულ საზიანო შედეგებს და ხშირად მოუწოდებდა მკითხველს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ საერთოდ არ დალევდნენ ღვინოსა და სხვა სპირტიან სასმელებს. ვინც ფიქრობდა, რომ სპირტიან სასმელებს ზომიერად იყენებდა, ჟურნალი ურჩევდა, დაფიქრებულიყვნენ რომაელების 14:21-ზე, სადაც წერია: „კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას“.
მაგრამ 1930 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ალკოჰოლის წინააღმდეგ მებრძოლი გაერთიანების დირექტორმა გამოაცხადა, რომ მათი ორგანიზაცია „ღვთის მიერ იყო შექმნილი“, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა ჯოზეფ რუტერფორდმა ისარგებლა შემთხვევით და რადიოთი წარმოთქვა მოხსენებები, რომლებშიც აღნიშნა, რომ ასეთი განცხადება ცილს სწამებდა ღმერთს. უპირველესად იმიტომ, რომ ღვთის სიტყვა არ კრძალავს ღვინის დალევას; ასევე სპირტიანი სასმელების აკრძალვამ ვერ გადაჭრა ლოთობის პრობლემა, რომელსაც ღმერთი განსჯის, და ეს კანონი ხელს უწყობდა ალკოჰოლით არალეგალურ ვაჭრობასა და კორუფციას.
იეჰოვას მოწმეებს შორის თითოეული თავად წყვეტს, დალიოს ალკოჰოლური სასმელები თუ თავი შეიკავოს მისგან. მაგრამ ისინი ითვალისწინებენ ბიბლიურ მოთხოვნას, რომ ზედამხედველები ზომიერები უნდა იყვნენ. ეს გამოთქმა ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ნეფალიონ, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ფხიზელს, ზომიერს; ღვინისგან თავის შეკავებას სრულიად ან მისი ჭარბად მიღებისგან მაინც“. მომსახურეებიც არ უნდა იყვნენ „ღვინოს მიძალებულები“ (1 ტიმ. 3:2, 3, 8). ასე რომ, მსმელი ადამიანი კრებაში პასუხისმგებლობებს ვერ მიიღებს. მათ, ვისაც იეჰოვას მოწმეთა შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ და კარგ მაგალითს იძლევიან, სიტყვაში სითამამე აქვთ, რომ დაეხმარონ სხვებს, ვინც შეიძლება მიეჩვია ალკოჰოლით სტრესის მოხსნას ან მათ, ვინც საერთოდ უარი უნდა თქვას ალკოჰოლის მიღებაზე. რა შედეგი გამოიღო ამან?
აი, რას იტყობინებოდა ცენტრალური აფრიკის ერთ ქვეყანაში გამომავალი გაზეთი: „აშკარაა, რომ იმ რაიონებში, სადაც ხალხი ყველაზე მეტად უსმენს იეჰოვას მოწმეებს, უფრო ნაკლები პრობლემაა, ვიდრე საშუალოდ მთელ ქვეყანაში. მოწმეები გმობენ აჯანყებას, ჯადოქრობას, ლოთობას და ყველანაირ ძალადობას“ (The Northern News, ზამბია).
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რითაც იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან ქვეყნიერებისგან.
სიცოცხლის დაფასება
ადამიანმა სიცოცხლე იმიტომ უნდა დააფასოს, რომ ის ღვთისგან ბოძებული ძღვენია (ფსალმ. 36:9; საქ. 17:24, 25). აღსანიშნავია ისიც, რომ ღვთის თვალში ჯერ არშობილი ბავშვის სიცოცხლეც კი ძვირფასია (გამ. 21:22—25; ფსალმ. 139:1, 16). უნდა გვახსოვდეს, რომ „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12).
ამ ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეებისთვის აბორტი ყოველთვის მიუღებელი იყო. მკითხველებისთვის სათანადო ხელმძღვანელობის გასაწევად ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში ეწერა, რომ უბიწობა ღვთის მოთხოვნაა; მასში დაწვრილებით იყო განხილული ბავშვის ჩასახვისა და განვითარების სასწაულებრივი პროცესი და ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფაქტორები. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როცა აბორტები გახშირდა, „საგუშაგო კოშკში“ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აბორტის გაკეთება ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიტყვას. 1969 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ არაორაზროვნად ეწერა, რომ „არასასურველი ბავშვის მოცილების მიზნით აბორტის გაკეთება განზრახ მკვლელობის ტოლფასია“.
რატომ არ ისხამენ მოწმეები სისხლს?
სიცოცხლისადმი პატივისცემამ გავლენა მოახდინა სისხლის გადასხმისადმი იეჰოვას მოწმეთა დამოკიდებულებაზე. როდესაც სისხლის გადასხმის საკითხი მწვავედ დადგა, 1945 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ დაწვრილებით განიხილებოდა ქრისტიანული შეხედულება სისხლის სიწმინდეზე.c მასში ნაჩვენები იყო, რომ ნოესა და მისი შთამომავლებისთვის ღვთის მიერ მიცემული აკრძალვა ეხებოდა როგორც ცხოველის, ისე ადამიანის სისხლს (დაბ. 9:3—6). აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირველ საუკუნეში, როცა ქრისტიანებს მიეცათ მითითება, თავი შეეკავებინათ სისხლისგან (საქ. 15:28, 29). იმავე სტატიაში ბიბლიის საფუძველზე ახსნილი იყო, რომ ღმერთი მხოლოდ მსხვერპლშეწირვის დროს იწონებდა სისხლის გამოყენებას. მოსეს კანონის თანახმად შეწირული ცხოველური მსხვერპლი ქრისტეს მსხვერპლის პირველსახე იყო, ამიტომ თუ ქრისტიანები დაარღვევდნენ მოთხოვნას, თავი შეეკავებინათ სისხლისგან, ისინი იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი დიდ უპატივცემულობას გამოავლენდნენ (ლევ. 17:11, 12; ებრ. 9:11—14, 22). ამგვარი ახსნის საფუძველზე, 1961 წლიდან მოყოლებული, ვინც დაარღვევდა ამ მოთხოვნას, სისხლს გადაისხამდა და არ მოინანიებდა, იეჰოვას მოწმეთა კრებიდან ირიცხებოდა.
თავდაპირველად, „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში სისხლის გადასხმით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა, ის ორგანიზაციის პუბლიკაციებში გამოქვეყნდა. თუმცა ეს არ მოჰყავდათ იმის მთავარ მიზეზად, თუ რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები უარს სისხლის გადასხმაზე. მოყვანილი ინფორმაცია დაეხმარებოდა მათ, უფრო მეტად დაეფასებინათ ღვთის აკრძალვა სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით (ეს. 48:17). ამ მიზნით 1961 წელს გამოიცა ბროშურა „სისხლი, მედიცინა და ღვთის კანონი“. 1977 წელს კი დაიბეჭდა სხვა ბროშურა სათაურით „იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი სისხლზე“, რომელშიც კიდევ ერთხელ ესმებოდა ხაზი იმას, რომ იეჰოვას მოწმეების პოზიცია არ იყო დაკავშირებული სამედიცინო რისკ-ფაქტორებთან, არამედ იყო რელიგიური და ეფუძნებოდა ბიბლიას. მოგვიანებით უფრო ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა 1990 წელს გამოცემულ ბროშურაში „როგორ შეუძლია სისხლს სიცოცხლის ხსნა?“ (ქართულ ენაზე ეს ბროშურა გამოიცა 2006 წელს). ამ პუბლიკაციების გამოყენებით იეჰოვას მოწმეებმა დიდი ძალისხმევა მოახმარეს იმას, რომ ექიმებს მათთან ეთანამშრომლათ და დაეფასებინათ მოწმეების პოზიცია. მიუხედავად ამისა, მრავალი წლის მანძილზე ექიმები ძირითადად სისხლის გადასხმას მიმართავდნენ.
თუმცა იეჰოვას მოწმეები ამბობდნენ, რომ მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები არ ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიურ თვალსაზრისს, სისხლის გადასხმაზე უარის თქმა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ხშირად, დიდ ზეწოლას ახდენდნენ მოწმეებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რათა ისინი დათანხმებულიყვნენ მკურნალობის ისეთ მეთოდზე, რაც იმ დროს ფართოდ იყო გავრცელებული. 1976 წლის ნოემბერში პუერტო-რიკოელი 45 წლის ანა პას დე როსარიო დათანხმდა ოპერაციაზე და საჭირო მედიკამენტებით მკურნალობაზე, მაგრამ თავისი რელიგიური შეხედულების გამო უარი თქვა სისხლის გადასხმაზე. მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. შუაღამისას მის პალატაში ხუთი პოლიციელი და სამი ექთანი შევიდა, რომელთაც ხელთ სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდათ. მათ საწოლზე დააბეს პაციენტი და მისი ნებისა და მისი ოჯახის წევრების ნების საწინააღმდეგოდ სისხლი ძალით გადაუსხეს. ანა პასი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. პუერტო-რიკოში მომხდარი ეს შემთხვევა ერთადერთი არ იყო და მსგავსი აღმაშფოთებელი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა.
1975 წელს დანიაში პოლიცია დასდევდა იეჰოვას მოწმე წყვილს იმ მიზეზით, რომ მათ შვილისთვის სისხლის გადასხმის ნაცვლად მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები აირჩიეს. 1982 წელს იტალიაში ერთმა წყვილმა ოთხი ქვეყანა შემოიარა, რომ თავიანთი უკურნებელი სენით შეპყრობილი გოგონასთვის სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვს სისხლი გადაუსხეს და ის დაიღუპა, მშობლები შვილის სიკვდილში დაადანაშაულეს და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ხშირად, იეჰოვას მოწმე ბავშვებისთვის სისხლის ძალით გადასხმის მცდელობებთან დაკავშირებულ შემთხვევებს პრესა საზოგადოებაში მოწმეებისადმი მტრული დამოკიდებულების გასაღვივებლად იყენებდა. ზოგჯერ სასამართლოებში მშობლების მოსმენის გარეშე მოსამართლე წყვეტდა, რომ მათი შვილებისთვის სისხლი გადაესხათ. კანადაში ასეთი 40-ზე მეტი შემთხვევის დროს ბავშვები სისხლის გადასხმის შედეგად დაიღუპნენ.
მაგრამ ყველა ექიმი და მოსამართლე არ ეთანხმებოდა ასეთ თვითნებურ მეთოდებს. ზოგიერთმა მათგანმა იმაზე დაიწყო საუბარი, რომ საჭირო იყო პაციენტებთან თანამშრომლობა და მათი დახმარება. ზოგმა ექიმმა სისხლის გადასხმის გარეშე დაიწყო პაციენტების მკურნალობა. შედეგად, მათ უსისხლო ქირურგიის სხვადასხვა სფეროში დიდი გამოცდილება შეიძინეს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ დიდებისთვის თუ პატარებისთვის ყველანაირი ოპერაცია შეიძლებოდა სისხლის გადასხმის გარეშე წარმატებით ჩატარებულიყო.d
სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასარიდებლად 1960-იან წლებში იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი პოზიციის ასახსნელად და სათანადო ლიტერატურის მისაწოდებლად თავიანთი მკურნალი ექიმების მონახულება დაიწყეს. მოგვიანებით მოწმეებმა მოითხოვეს, რომ მათ სამედიცინო ანკეტაში ჩაედოთ სისხლის გადასხმაზე უარის თქმის წერილობითი განაცხადი. 1970-იანი წლებისთვის იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს სპეციალური ბარათის ტარება, რომლითაც ექიმებს ატყობინებდნენ, რომ ამ ბარათის მფლობელი პაციენტისთვის არავითარ შემთხვევაში არ გადაესხათ სისხლი. ექიმებთან და იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ ბარათში შესწორებები შეიტანეს, რათა დოკუმენტისთვის იურიდიული ძალა მიენიჭებინათ.
უსისხლო მკურნალობაზე იეჰოვას მოწმეების გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, ასევე ექიმებთან და საავადმყოფოებთან გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად და პაციენტ მოწმეებსა და საავადმყოფოებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს მითითებით ჩამოყალიბდა საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები. 1979 წელს ასეთი კომიტეტები ცოტა იყო, მაგრამ 1992 წლისთვის მათმა რიცხვმა 70-ზე მეტ ქვეყანაში 800-ს გადააჭარბა. ჩრდილოეთ ამერიკაში, შორეულ აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის დიდ ქვეყნებში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ამ კომიტეტებში მსახურებისთვის ინიშნებიან უხუცესები, რომლებიც სწავლების სპეციალურ კურსს გადიან. ისინი მედპერსონალს არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეების პოზიციას აცნობენ, არამედ ატყობინებენ იმასაც, რომ არსებობს სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები; გადაუდებელ სიტუაციებში ეხმარებიან სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომ კონსულტაცია გაიარონ ქირურგებთან, რომელთაც მოწმეების უსისხლოდ მკურნალობის გამოცდილება აქვთ; საჭიროების შემთხვევაში ხვდებიან არა მარტო ექიმებს, არამედ იმ მოსამართლეებსაც, რომლებსაც სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით საავადმყოფოები სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას სთხოვენ.
როდესაც იეჰოვას მოწმეები სხვა საშუალებებით ვერ აღწევდნენ იმას, რომ პატივი ეცათ სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით მათი თვალსაზრისისთვის, ისინი ექიმებსა და საავადმყოფოებს სასამართლოებში უჩიოდნენ. ჩვეულებრივ, მოწმეების მიზანი ის იყო, რომ ექიმებისა და საავადმყოფოებისთვის სასამართლოს აეკრძალა სისხლის თვითნებურად გადასხმა. მაგრამ გასულ წლებში მოწმეებს მათ წინააღმდეგ იმის გამოც შეჰქონდათ სარჩელი, რომ მატერიალური ზარალი აენაზღაურებინათ. 1990 წელს ონტარიოში (კანადა) სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ასეთი მოთხოვნა, რადგან ექიმმა არაფრად ჩააგდო პაციენტის ჩანთაში ნაპოვნი სისხლის ბარათი, რომელშიც ნათლად იყო ახსნილი, რომ მოწმე არც ერთ შემთხვევაში სისხლს არ გადაისხამდა. 1985 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა რაიონში მოწმეებმა სულ მცირე ათი ასეთი სარჩელი შეიტანეს სასამართლოებში. ხშირად, მოპასუხე მხარე არჩევდა, დავა სასამართლო პროცესის დაწყებამდე გადაეწყვიტა და კომპენსაციის სახით მოსარჩელესთვის პირობითი თანხა გადაეხადა, რადგან შიშობდა, რომ სასამართლო ზარალის ასანაზღაურებლად მათ უფრო მეტ თანხას დააკისრებდა. იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ დაემორჩილონ სისხლთან დაკავშირებით ღვთის აკრძალვას. მათ არ სურთ, სასამართლოში უჩივლონ ექიმებს, მაგრამ თუ ექიმები არ შეწყვეტენ მოწმეებისთვის მიუღებელი მკურნალობის მეთოდების დაძალებას, ისინი გააკეთებენ ამას.
დღეს საზოგადოება უფრო და უფრო დაინტერესებულია, მეტი გაიგოს სისხლის გადასხმით გამოწვეული საშიშროებების შესახებ. ნაწილობრივ, ეს იმით არის განპირობებული, რომ შიდს-ით დაავადების ეშინიათ. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს გულწრფელად სურთ, ღმერთს ასიამოვნონ. 1987 წელს გამოცემულ ყოველდღიურ ფრანგულ სამედიცინო გაზეთში ეწერა: „შესაძლოა, იეჰოვას მოწმეები სწორად იქცევიან, რომ არ იყენებენ სისხლის შემცველ პრეპარატებს, რადგან შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ უამრავი დაავადების გადაცემა სწორედ სისხლის გადასხმით ხდება“ (Le Quotidien du Médecin).
იეჰოვას მოწმეების პოზიცია არ არის დაფუძნებული უმაღლეს სამედიცინო განათლებაზე, არამედ ისინი, უბრალოდ, დარწმუნებულები არიან, რომ იეჰოვას მითითებები სრულყოფილია და ის „კარგს არ დაუკავებს“ თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმ. 19:7, 11; 84:11). მაშინაც კი, თუ იეჰოვას მოწმე სისხლის დაკარგვის გამო მოკვდება, და ასეთი შემთხვევები ყოფილა კიდეც, მოწმეები დარწმუნებულები არიან, რომ ღმერთი არ დაივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს და მკვდრეთით აღადგენს (საქ. 24:15).
თუ ადამიანი შეგნებულად არღვევს ბიბლიურ ნორმებს
მილიონობით ადამიანი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობს, მაგრამ მათგან ყველა არ ხდება იეჰოვას მოწმე. როცა ზოგი ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს ეცნობა, ფიქრობს, რომ ამ ნორმების თანახმად ვერ იცხოვრებს. ნათლობის მსურველები თავიდან ბიბლიის ძირითად სწავლებებს უნდა გაეცნონ. შემდეგ (განსაკუთრებით 1967 წლიდან) ამ სწავლებებს მათთან უხუცესები განიხილავენ. ძმები ყველანაირად ცდილობენ, დარწმუნდნენ, რომ მონათვლის შემდეგ პიროვნებას არა მხოლოდ სწავლებები ესმოდეს კარგად, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქრისტიანები. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ მონათლული დაუშვებს, რომ ქვეყნიერების სიყვარულმა სერიოზული ცოდვა ჩაადენინოს?
ჯერ კიდევ 1904 წელს წიგნ „ახალ ქმნილებაში“ ყურადღება მახვილდებოდა, რომ საჭირო იყო სათანადო ზომების მიღება, რათა კრება გამხრწნელი ზეგავლენისგან დაცული ყოფილიყო. ბიბლიის მკვლევარების იმდროინდელი გაგების თანახმად, შემცოდველთან დაკავშირებით ის ნაბიჯები უნდა გადაედგათ, რომლებიც მათეს 18:15—17-შია განხილული. იყო შემთხვევები, როცა ამ პრინციპის შესაბამისად ეწყობოდა „კრების სასამართლო“ და სერიოზული ცოდვის დამადასტურებელ ფაქტებს კრებას აცნობდნენ. წლების შემდეგ, 1944 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“ კიდევ ერთხელ განიხილებოდა ეს საკითხი მთელი ბიბლიის საფუძველზე და ნაჩვენები იყო, რომ კრებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გადაეჭრათ პასუხისმგებელ ძმებს, რომელთაც კრებაში ზედამხედველობა ეკისრათ (1 კორ. 5:1—13; შეადარეთ კანონის 21:18—21). 1952 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ სტატიებში ხაზი ესმებოდა არა მხოლოდ სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, არამედ იმის საჭიროებასაც, რომ აუცილებელი ზომები მიეღოთ ორგანიზაციის წმინდად დასაცავად. მას შემდეგ ეს საკითხი არაერთხელ ირჩეოდა პუბლიკაციებში. მაგრამ მიზანი არ იცვლებოდა: 1) ორგანიზაციის სიწმინდის შენარჩუნება და 2) შემცოდველისთვის იმის დანახვება, რომ გულწრფელი მონანიება აუცილებელი იყო სულიერი ჯანმრთელობის აღსადგენად.
პირველ საუკუნეში ზოგმა თავაშვებული ცხოვრების გამო რწმენა დატოვა. სხვები განდგომილთა სწავლებების გამო წავიდნენ კრებიდან (1 იოან. 2:19). დღესაც იგივე ხდება იეჰოვას მოწმეებში. სამწუხაროდ, გასულ წლებში კრებიდან ყოველ წელს ათიათასობით მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვა გახდა საჭირო. მათ შორის უხუცესებიც იყვნენ. ბიბლიური მოთხოვნები ყველას ერთნაირად ეხება (იაკ. 3:17). იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ იეჰოვას კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად საჭიროა, ორგანიზაცია წმინდად დაიცვან.
ახალი პიროვნებით შემოსვა
იესო ქრისტემ მოუწოდა ხალხს, რომ სუფთები არა მხოლოდ გარეგნულად ყოფილიყვნენ, არამედ შინაგანადაც (ლუკ. 11:38—41). მან დაგვანახვა, რომ ჩვენი სიტყვები და საქციელი იმის ანარეკლია, რაც გულში გვაქვს (მათ. 15:18, 19). როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, თუ ნამდვილად ქრისტეს მიერ ვართ განსწავლულნი, განვიახლებთ გონების აღმძვრელ ძალას და შევიმოსებით ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით (ეფეს. 4:17—24). ვინც ქრისტესგან სწავლობს, ის ცდილობს, განივითაროს „ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“, რათა მის მსგავსად იაზროვნოს და იმოქმედოს (რომ. 15:5). თითოეული იეჰოვას მოწმის საქციელი ცხადყოფს, რა ზომით განივითარა მან ქრისტეს აზროვნება.
იეჰოვას მოწმეები არ აცხადებენ, რომ მათი საქციელი უნაკლოა. მაგრამ ისინი მთელი გულით ცდილობენ, მიჰბაძონ ქრისტეს იმით, რომ დაიცვან ბიბლიაში ჩაწერილი მაღალზნეობრივი ნორმები. ისინი არ უარყოფენ, რომ ქვეყნიერებაში ცალკეული ადამიანებიც ცხოვრობენ მაღალზნეობრივი ნორმებით. თუმცა იეჰოვას მოწმეების შემთხვევაში, არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი საერთაშორისო საძმო ცხოვრობს ბიბლიის ნორმების თანახმად, რასაც სხვები ადვილად ამჩნევენ. ისინი მიჰყვებიან ღვთის შთაგონებულ მოწოდებას, რომელიც 1 პეტრეს 2:12-შია ჩაწერილი: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა . . . დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი“.
[სქოლიოები]
a ეს საკითხი კიდევ ერთხელ მოკლედ გაშუქდა 1941 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში სათაურით „ხასიათი თუ ერთგულება?“.
b 1951 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო, რომ სიძვა ნიშნავს „დაუქორწინებელ ადამიანებს შორის სქესობრივ კავშირს“. 1952 წლის 1 იანვრის გამოცემაში დამატებული იყო, რომ ბიბლიური გაგებით სიძვაში აგრეთვე იგულისხმებოდა დაქორწინებული ადამიანის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება მეუღლის გარდა სხვასთან.
c უფრო ადრე სისხლის სიწმინდის შესახებ სტატიები დაიბეჭდა 1927 წლის 15 დეკემბრისა და 1944 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ გამოცემებში, რომლებშიც განსაკუთრებით სისხლის გადასხმაზე იყო საუბარი.
d Contemporary Surgery, 1990 წლის მარტი, გვ. 45—49; The American Surgeon, 1987 წლის ივნისი, გვ. 350—356; Miami Medicine, 1981 წლის იანვარი, გვ. 25; New York State Journal of Medicine, 1972 წლის 15 ოქტომბერი, გვ. 2524—2527; The Journal of the American Medical Association, 1981 წლის 27 ნოემბერი, გვ. 2471, 2472; Cardiovascular News, 1984 წლის თებერვალი, გვ. 5; Circulation, 1984 წლის სექტემბერი.
[ჩანართი 172 გვერდზე]
„ისინი გამოირჩევიან მაღალზნეობრივი ნორმებით“
[ჩანართი 174 გვერდზე]
მოწმეებმა ყოველთვის კარგად იცოდნენ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით
[ჩანართი 175 გვერდზე]
ქვეყნიერებაში ზნეობრივი ნორმების დაცემას არ გამოუწვევია იეჰოვას მოწმეებში უზნეობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება
[ჩანართი 176 გვერდზე]
ზოგს სურდა, იეჰოვას მოწმეც ყოფილიყო და პოლიგამიაც არ მიეტოვებინა
[ჩანართი 177 გვერდზე]
საგანმანათლებლო პროგრამა ეხმარება მოწმეებს, რომ იეჰოვას თვალსაზრისი ჰქონდეთ გაყრაზე
[ჩანართი 178 გვერდზე]
ადამიანთა ცხოვრება ძირეულად შეიცვალა
[ჩანართი 181 გვერდზე]
არა — თამბაქოს!
[ჩანართი 182 გვერდზე]
თუ მიიღებთ ალკოჰოლს, ზომიერად მიიღეთ
[ჩანართი 183 გვერდზე]
მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ მიიღონ სისხლი
[ჩანართი 187 გვერდზე]
კრებიდან გარიცხვა ორგანიზაციის წმინდად დაცვას ემსახურება
[ჩარჩო 173 გვერდზე]
„ხასიათის გასრულყოფილებას“ ყოველთვის არ მოჰქონდა კარგი შედეგი
დანია: „ბევრნი, განსაკუთრებით ხანში შესულები, გულწრფელად ცდილობდნენ ქრისტიანული პიროვნებით შემოსვას და ერიდებოდნენ ყველაფერს, რითაც ოდნავ მაინც იქნებოდნენ ახლოს ამ ქვეყნიერებასთან, და ამგვარად ცდილობდნენ, უფრო ღირსეულები გამხდარიყვნენ ზეციერი სამეფოსთვის. ხშირად, შეუფერებლად თვლიდნენ კრებაზე გაღიმებას; ბევრ ხანდაზმულ ძმას შავი კოსტიუმი და შავი ფეხსაცმელი ეცვა და შავი ჰალსტუხი ეკეთა. ხშირად, ისინი კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი წყნარი და მშვიდობიანი ცხოვრებით უფალში. მათ სწამდათ, რომ საკმარისი იყო შეხვედრების ჩატარება, ქადაგებით კი, დაე, წიგნების დამტარებლებს ექადაგათ“.
[ჩარჩო 179 გვერდზე]
რას ფიქრობენ სხვები მოწმეებზე
◆ ერთ გერმანულ გაზეთში იეჰოვას მოწმეების შესახებ ეწერა: „მთელ ფედერაციულ რესპუბლიკაში ისინი ყველაზე პატიოსანი და პუნქტუალური გადამხდელები არიან. მათ კანონმორჩილებაზე მეტყველებს ის, თუ როგორ მართავენ ავტომანქანებს, აგრეთვე დამნაშავეობის სტატისტიკა . . . ისინი ემორჩილებიან უფლებამოსილთ (მშობლებს, მასწავლებლებს, მთავრობას) . . . მოწმეები ბიბლიას ეყრდნობიან და ყველა საქმეში ბიბლიით ხელმძღვანელობენ“ (Münchner Merkur).
◆ ლანსის (საფრანგეთი) სტადიონზე კონგრესის ჩატარების შემდეგ ქალაქის მერმა მოწმეებს უთხრა: „თქვენში ძალიან მომწონს ის, რომ ყველა პირობასა და ხელშეკრულებას ასრულებთ, სისუფთავის მოყვარულები, მოწესრიგებულები და ორგანიზებულები ხართ. მოხიბლული ვარ თქვენი ორგანიზაციით. არ მომწონს უწესრიგობა და ისეთი ხალხი, ვინც ტერიტორიას ანაგვიანებს და ინვენტარს აზიანებს“.
◆ ერთმა პოლონელმა ქალმა, რომელმაც ოსვენციმისა და რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებები გამოიარა, ერთ წიგნში დაწერა: „ისეთი ხალხიც ვნახე, რომლებიც ძალიან, ძალიან კარგები გახდნენ და ისეთებიც, რომლებიც ძალიან დაეცნენ ზნეობრივად. იეჰოვას მოწმეები მათ შორის ყველაზე სასიამოვნო ხალხი იყო. ქედს ვიხრი მათ წინაშე . . . მათ ბევრი სიკეთე გაუკეთეს გარშემომყოფთ: ეხმარებოდნენ ავადმყოფებს, პურს უყოფდნენ სხვებს და ყველას, ვინც ახლოს იყო, სულიერად განამტკიცებდნენ. გერმანელებს სძულდათ ისინი და, ამავე დროს, პატივს სცემდნენ. მათ ყველაზე მძიმე საქმეს ავალებდნენ, მაგრამ მოწმეები თავაწეულები ასრულებდნენ მას“ (Voices From the Holocaust).