თავი 15
ორგანიზაციის სტრუქტურის ჩამოყალიბება
იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მას შემდეგ, რაც 1870 წელს ჩარლზ ტეიზ რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა ბიბლიის ერთად გამოკვლევა დაიწყეს. როდესაც ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი რამდენიმე კაცისგან შედგებოდა, ცოტა თუ ჩათვლიდა მათ ორგანიზაციად. მაგრამ დღეს ხალხს აოცებს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში არსებული წესრიგი, როცა მათ კრებებს, კონგრესებსა და 200-ზე მეტ ქვეყანაში მათ მიერ სასიხარულო ცნობის ქადაგებას აკვირდებიან. როგორ მოხდა ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება?
ბიბლიის მკვლევარებს არა მხოლოდ ბიბლიის სწავლებების გაგება აინტერესებდათ, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ ღვთის მსახურება წმინდა წერილების შესაბამისად. მათ ესმოდათ, რომ ბიბლიის თანახმად არ უნდა ეარსება სასულიერო კლასს, რომელიც მრევლს უქადაგებდა. ძმა რასელი ცდილობდა, რომ ბიბლიის მკვლევარებს შორის ასეთი კლასი არ გაჩენილიყო.a „საგუშაგო კოშკი“ ხშირად შეახსენებდა მკითხველს იესოს სიტყვებს, რომლებიც მან თავის მიმდევრებს უთხრა: „ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“, „ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათ. 23:8, 10).
ბიბლიის მკვლევართა პირველი გაერთიანება
„საგუშაგო კოშკისა“ და ბიბლიის მკვლევართა სხვა პუბლიკაციების მკითხველებმა მალევე დაინახეს, რომ ღვთის მოწონების მისაღებად კავშირი უნდა გაეწყვიტათ ყველა რელიგიასთან, რომლებმაც ადამიანთა სწავლებები და ტრადიციები ღვთის სიტყვაზე მაღლა დააყენეს და ამგვარად ღმერთს უორგულეს (2 კორ. 6:14—18). მაგრამ, სად წავიდნენ ისინი ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების დატოვების შემდეგ?
სტატიაში, სათაურით „ეკლესია“b, ძმა რასელმა აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი ეკლესია ანუ ქრისტიანული კრება არ არის ის ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ადამიანთა მოგონილ სწავლებებს იცავენ ან მრევლის სიაში არიან. პირიქით, ის შედგება ადამიანებისგან, რომლებმაც თავიანთი დრო, ნიჭი და სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნეს და რომელთაც ქრისტესთან ერთად ზეცაში მეფობის იმედი აქვთ. ესენი არიან ქრისტიანები, რომელთაც აერთიანებთ ქრისტიანული სიყვარული და საერთო ინტერესები, მიჰყვებიან ღვთის სულის ხელმძღვანელობას და ემორჩილებიან ქრისტეს მეთაურობას. ძმა რასელს არ სურდა სხვა რამის დამატება და ეწინააღმდეგებოდა სექტანტური სულის ნებისმიერ გამოვლინებას, რაც ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებში ჩვეულებრივი იყო.
ამავე დროს, ძმა რასელი ხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფლის მსახურები ერთად შეკრებილიყვნენ ებრაელების 10:23—25-ში ჩაწერილი რჩევის თანახმად. ის მოგზაურობდა იმ მიზნით, რომ მოენახულებინა და გაემხნევებინა „საგუშაგო კოშკის“ მკითხველები და გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამოაზრეები ერთად შეეკრიბა. 1881 წლის დასაწყისში მან სთხოვა ყველას, ვინც რეგულარულად ატარებდა შეხვედრებს, „საგუშაგო კოშკის“ გამომცემლობისთვის ეცნობებინათ შეხვედრების ჩატარების ადგილი. ის ხედავდა, რომ საჭირო იყო, მათ მჭიდრო ურთიერთობა შეენარჩუნებინათ.
ძმა რასელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ ცდილობდნენ „მიწიერი ორგანიზაციის“ შექმნას. პირიქით, ის ამბობდა: „ჩვენ ვუერთდებით მხოლოდ ზეციერ ორგანიზაციას, რომელიც იმ ადამიანებისგან შედგება, ვისი სახელებიც ზეცაშია ჩაწერილი (ებრ. 12:23; ლუკ. 10:20). ქრისტიანული სამყაროს ბინძური წარსულის გამო გამოთქმა „საეკლესიო ორგანიზაცია“ ხალხში, ჩვეულებრივ, ასოცირდებოდა სექტანტობასთან, მღვდლების ბატონობასა და იმ სწავლებების დაცვასთან, რომლებიც რელიგიური პირების მიერ ეკლესიის კრებებზე იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ ძმა რასელი თვლიდა, რომ ბიბლიის მკვლევარებზე საუბრისას უკეთესი იყო, გამოეყენებინათ ტერმინი „გაერთიანება“.
რასელმა კარგად იცოდა, რომ ქრისტეს მოციქულებმა კრებები ჩამოაყალიბეს და მათში უხუცესები დანიშნეს. მაგრამ მას სწამდა, რომ ქრისტე მოსული იყო, თუმცა უხილავად, და თავად ხელმძღვანელობდა საბოლოო მკას, ანუ მათ შეკრებას, ვინც მასთან ერთად იქნებოდა ზეცაში. ითვალისწინებდა რა გარემოებას, ძმა რასელი თავიდან ფიქრობდა, რომ მკის პერიოდში საჭირო არ იყო უხუცესების დანიშვნა, როგორც ეს პირველი საუკუნის კრებებში ხდებოდა.
მაგრამ ბიბლიის მკვლევარების რიცხობრივ ზრდასთან ერთად რასელი მიხვდა, რომ უფალი ისე არ ხელმძღვანელობდა მოვლენებს, როგორც თავად რასელს ეგონა. ამიტომ საჭირო იყო თვალსაზრისის შეცვლა. მაგრამ, რის საფუძველზე?
მზარდი გაერთიანების თავდაპირველი საჭიროებები
1895 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ თითქმის მთლიანი ნომერი ეთმობოდა საკითხს „წესიერად და ორგანიზებულად“. ძმა რასელმა გულწრფელად აღიარა: „მოციქულები ბევრს ესაუბრებოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომ წმინდათა შესაკრებლებში წესრიგი უნდა ყოფილიყო; როგორც ჩანს, ჩვენ უგულებელვყავით ეს გონივრული რჩევა და ნაკლებად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ იმის გამო, რომ ცხებულთა ეკლესია მალე დაასრულებს თავის გზას, მკა კი გამოცალკევების პერიოდია“. რამ აღძრა ისინი, რომ ახლებურად შეეხედათ ამ რჩევისთვის?
სტატიაში ოთხი მიზეზი იყო მოყვანილი: 1) ნათელი იყო, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად იზრდებოდა სულიერად. მაგრამ ყველა ერთნაირად არ იყო მომზადებული ცდუნებებთან, განსაცდელებთან, სირთულეებსა თუ საშიშროებებთან გასამკლავებლად. ამიტომ საჭირონი იყვნენ გონიერი და წინდახედული ზედამხედველები ანუ გამოცდილი და უნარიანი უხუცესები, რომლებიც იზრუნებდნენ თანამორწმუნეების სულიერ კეთილდღეობაზე და ჭეშმარიტებით მათ დამოძღვრას შეძლებდნენ; 2) აშკარა იყო, რომ სამწყსოს სჭირდებოდა „ცხვრის სამოსში გახვეული მგლებისგან“ დაცვა (მათ. 7:15). მათ სჭირდებოდათ გაძლიერება და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მისაღებად დახმარების აღმოჩენა; 3) გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ სამწყსოს დასაცავად კრებებში არ დაინიშნებოდნენ უხუცესები, სხვები თვითნებურად დაიკავებდნენ ამ მდგომარეობას და სამწყსოს თავიანთ საკუთრებად ჩათვლიდნენ; 4) თუ კრებებში სათანადო წესრიგი არ იქნებოდა, ჭეშმარიტების ერთგულ ადამიანებს კრების ზოგიერთი წევრის ზეგავლენით, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მათ, შეიძლება ეფიქრათ, რომ მათი მსახურება უსარგებლო იყო.
ამის შესახებ „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „დაბეჯითებით გირჩევთ ყველა ეკლესიასc, დიდსა თუ პატარას, რომ მოციქულების მითითებების თანახმად თქვენგან აირჩიოთ უხუცესები, რომლებიც სულიერად გამოკვებავენ და ზედამხედველობას გაუწევენ სამწყსოს“ (საქ. 14:21—23; 20:17, 28). კრებებმა გაითვალისწინეს ეს გონივრული ბიბლიური მითითება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კრების ისეთივე სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად, როგორიც მოციქულების დროს არსებობდა.
თუმცა, როგორც მაშინ ესმოდათ, უხუცესებისა და მათი დამხმარე დიაკვნების არჩევა კრებებში ხმის მიცემით ხდებოდა. ყოველ წელს, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხშირად, განიხილებოდა შესაფერისი კანდიდატურები და ტარდებოდა არჩევნები. ძირითადად, არჩევნები დემოკრატიულად მიმდინარეობდა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით გარკვეული შეზღუდვები არსებობდა. კრების ყველა წევრს მოუწოდებდნენ, გულდასმით გამოეკვლიათ ამ მსახურებთან დაკავშირებული ბიბლიური მოთხოვნები და ხმის მიცემით ეჩვენებინათ არა ის, რასაც თავად ფიქრობდნენ, არამედ, მათი აზრით, რა იყო უფლის ნება. რამდენადაც არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ „სრულად მიძღვნილებს“, ფიქრობდნენ, რომ, თუ ხმის მიცემა ჩატარდებოდა ბიბლიის მითითებების თანახმად და ღვთის სულის ხელმძღვანელობით, არჩევნების შედეგი უფლის ნების გამოხატულება იქნებოდა. ძმა რასელი შესაძლოა ბოლომდე ვერ ხედავდა ასეთი არჩევნების ყველა მხარეს, მაგრამ შეიძლება კრებებს ასეთი არჩევნები იმიტომ შესთავაზა, რომ არ წარმოქმნილიყო სხვებზე აღმატებული სამღვდელო კლასი ან მის თვალსაზრისზე ჯერ კიდევ გავლენას ახდენდა კონგრეგაციონალური ეკლესია, რომელსაც ახალგაზრდობაში მიეკუთვნებოდა.
„ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ მეექვსე ტომში, სათაურით „ახალი ქმნილება“ (გამოიცა 1904 წელს), რომელშიც კიდევ ერთხელ დეტალურად ირჩეოდა უხუცესების როლი და ის, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მათი არჩევა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქმეების 14:23-ზე. წიგნში ავტორიტეტულ წყაროდ ციტირებული იყო ჯეიმზ სტრონგისა და რობერტ იანგის ბიბლიის სიმფონია იმის დასადასტურებლად, რომ ფრაზა „უხუცესები დანიშნეს“ შემდეგნაირად უნდა თარგმნილიყო: „უხუცესები აირჩიეს ხელის აწევით“.d ბიბლიის ზოგ თარგმანში ისიც კი იყო ნათქვამი, რომ უხუცესები „ხმის მიცემით აირჩიეს“ (Young’s „Literal Translation of the Holy Bible“; Rotherham’s „Emphasised Bible“). მაგრამ, ვის უნდა მიეცა ხმა?
ამ აზრის გათვალისწინებას და არჩევნებში ხმის მიცემით მთელი კრების მონაწილეობას ყოველთვის სასურველი შედეგი არ გამოჰქონდა. არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ღმერთზე „სრულად მიძღვნილებს“ შეეძლოთ. არჩეულთაგან ზოგიერთი ნამდვილად შეესაბამებოდა ბიბლიურ მოთხოვნებს და თავმდაბლად ემსახურებოდა ძმებს. მაგრამ ხშირად არჩევანი პირადი შეხედულებით კეთდებოდა და არა ღვთის სიტყვისა და სულის ხელმძღვანელობით. მაგალითად, ჰალეში (გერმანია) ზოგიერთმა, ვინც ფიქრობდა, რომ უხუცესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია, კრებაში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია. 1927 წელს ბარმენში (გერმანია) არჩევნების დროს კანდიდატებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობას ეწინააღმდეგებოდნენ, და ამომრჩევლების ხელის აწევას ყვირილი და ხმაური მოსდევდა. ამიტომ საჭირო გახდა, ეს არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარებულიყო.
1916 წელს, ამ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე, ძმა რასელმა დიდი წუხილი გამოთქვა: „არჩევნების დროს ზოგ კლასში საშინელება ხდება. ეკლესიის მსახურები ცდილობენ, მმართველები და დიქტატორები გახდნენ. ზოგჯერ თავმჯდომარის პასუხისმგებლობასაც კი აშკარად იმისთვის იყენებენ, რომ თვითონ და მათი მეგობრები უხუცესებად და დიაკვნებად იყვნენ არჩეულნი . . . ზოგიერთი ჩუმად ცდილობს კლასის გამოყენებას და არჩევნებს მათთვის და მათი მეგობრებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს ნიშნავს. ზოგს არჩევნებზე თავისი მეგობრები მოჰყავს, თითქმის უცხოები, რომლებიც კლასში რეგულარულად სიარულს არც კი ფიქრობენ და მხოლოდ თავიანთი მეგობრებისთვის ხმის მისაცემად მოდიან“.
მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ ბიბლიის მკვლევარებს გაეუმჯობესებინათ არჩევნები, რომლებიც დემოკრატიული გზით ტარდებოდა, თუ ღვთის სიტყვაში იყო პრინციპები, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმოდათ?
მომზადება სასიხარულო ცნობის საქადაგებლად
ძმა რასელი თავიდანვე მიხვდა, რომ ქრისტიანული კრების თითოეული წევრის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ქადაგება იყო (1 პეტ. 2:9). „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ ესაიას 61:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები: „იეჰოვამ მცხო . . . სასიხარულო ცნობის საუწყებლად“, ეხებოდა არა მხოლოდ იესოს, რომელმაც თქვა: „მან მცხო, რომ . . . სასიხარულო ცნობა ვაუწყო“, არამედ ყველა მის სულით ცხებულ მიმდევარს (ლუკ. 4:18).
1881 წლის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი იყო სტატია: „საჭიროა 1 000 მქადაგებელი“. ეს მოწოდება კრების თითოეული წევრისთვის იყო, რომ თავიანთი დრო (იქნებოდა ეს ნახევარი, ერთი, ორი თუ სამი საათი) ბიბლიური ჭეშმარიტების გასავრცელებლად გამოეყენებინათ. ქალებსა და კაცებს, რომლებსაც არ ეკისრათ ოჯახური პასუხისმგებლობები და შეეძლოთ თავიანთი დროის ნახევარი ან მეტი უფლის საქმისთვის დაეთმოთ, მოუწოდებდნენ, რომ წიგნების დამტარებლებად ემსახურათ. ასეთი ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად მერყეობდა, მაგრამ 1885 წლისთვის მათი რიცხვი დაახლოებით 300-ს შეადგენდა. ამ საქმეში სხვებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ამისთვის შედარებით ნაკლებ დროს გამოყოფდნენ. წიგნების დამტარებლებს თავიანთი დავალების შესასრულებლად რჩევები ეძლეოდათ. სამქადაგებლო ტერიტორია ძალიან დიდი იყო, ამიტომ თავიდან ისინი თვითონ ირჩევდნენ, სად იქადაგებდნენ და თავიანთი შეხედულებისამებრ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ. შემდეგ, როცა კონგრესებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, საჭირო ცვლილებებს ახდენდნენ, რომ უფრო ორგანიზებულად ექადაგათ.
იმ წელს, როცა წიგნების დამტარებლები თავიანთ მსახურებას შეუდგნენ, ძმა რასელმა რამდენიმე ტრაქტატი და ბროშურა გამოსცა, რომ უფასოდ გაევრცელებინათ. მათ შორის იყო „სულიერი საზრდო მოაზროვნე ქრისტიანებისთვის“, რომლის 1 200 000 ეგზემპლარი ოთხ თვეში გავრცელდა. ამ პუბლიკაციის დასაბეჭდად და გასავრცელებლად საჭირო გახდა „სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოების“ შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ორგანიზაციულ საკითხებზე. ძმა რასელმა მოითხოვა ამ საზოგადოების დარეგისტრირება, რათა მისი სიკვდილის შემთხვევაში ეს საქმე არ შეჩერებულიყო და სამეფოს საქმისთვის ნებაყოფლობითი შესაწირავების გამოყენება გაადვილებულიყო. შედეგად, 1884 წლის 15 დეკემბერს ორგანიზაცია ოფიციალურად გატარდა რეგისტრაციაში. ამგვარად, შეიქმნა ბიბლიის მკვლევარების იურიდიული პირი.
საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებშიც გაიხსნა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალები. პირველი ფილიალი გაიხსნა ლონდონში (ინგლისი) 1900 წლის 23 აპრილს, მეორე — ელბერფელდში (გერმანია) 1902 წელს, ორი წლის შემდეგ კი — მელბურნში (ავსტრალია), დედამიწის მეორე ბოლოში. 1992 წლისთვის მთელ მსოფლიოში 99 ფილიალი იყო.
თუმცა ბიბლიური ლიტერატურით უზრუნველყოფის საკითხს ორგანიზაცია აწესრიგებდა, მათ გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავიდან თითოეულ კრებას ინდივიდუალურად უნდა ეზრუნა. 1900 წლის 16 მაისით დათარიღებულ წერილში, „ალექსანდრე გრემსა და ბოსტონის (მასაჩუსეტსის შტატი) კრებას“, ძმა რასელი ამ საკითხზე თავის აზრს გამოთქვამდა: „როგორც იცით, საჭიროდ ვთვლი, შესაძლებლობა მივცე უფლის ხალხის თითოეულ ჯგუფს, რომ შიდა საქმეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოაგვარონ. როდესაც რაიმეს ვთავაზობ, მათ საქმეში არ ვერევი — ეს უბრალოდ რჩევაა“. ეს ეხებოდა არა მხოლოდ შეხვედრების ჩატარებას, არამედ სამქადაგებლო საქმიანობასაც. ამიტომ, ძმებისთვის პრაქტიკული რჩევის მიცემის შემდეგ, რასელი დასძენდა: „ეს უბრალოდ შემოთავაზებაა“.
ზოგ საკითხზე ორგანიზაციიდან უფრო კონკრეტული მითითების მიცემა იყო საჭირო. „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენებასთან დაკავშირებით თითოეულ კრებას თავად უნდა გადაეწყვიტა, ჰქონდა თუ არა სურვილი და შესაძლებლობა, დაექირავებინა თეატრი ან სხვა შენობა მის საჩვენებლად. მაგრამ „ფოტოდრამის“ მოწყობილობების ქალაქიდან ქალაქში გადატანა გეგმასთან შეთანხმებულად უნდა მომხდარიყო, ამიტომ ორგანიზაციამ კრებებს სათანადო მითითებები მისცა. თითოეულ კრებას უნდა შეექმნა „ფოტოდრამის“ ჩვენების კომიტეტი, რომელიც ადგილობრივ საქმეებს მოაგვარებდა. თუმცა ორგანიზაცია აგზავნიდა დამკვირვებელსაც, რომელიც თვალყურს ადევნებდა ადგილზე ყველაფრის სათანადოდ ჩატარებას.
1914 და 1915 წლების გასვლის შემდეგ ცხებული ქრისტიანები კვლავაც მოუთმენლად ელოდნენ თავიანთი ზეციური ჯილდოს მიღებას. ამავე დროს, ისინი უფლის საქმით იყვნენ დაკავებულნი. თუმცა მათი აზრით, ზეცად ამაღლებამდე ბევრი დრო აღარ ჰქონდათ დარჩენილი, აშკარა გახდა, რომ სასიხარულო ცნობის სათანადოდ გასაცხადებლად უფრო მეტი ხელმძღვანელობა სჭირდებოდათ, ვიდრე მაშინ, როცა მათი რიცხვი რამდენიმე ასეულს შეადგენდა. მას შემდეგ მალევე, რაც ჯოზეფ რუტერფორდი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მეორე პრეზიდენტი გახდა, ამ ხელმძღვანელობის გაწევა სხვანაირად მოხდა. 1917 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო, რომ კრებებს წიგნების დამტარებლებისა და სამწყემსო მსახურებისe მიერ დასამუშავებელ ტერიტორიებს ორგანიზაცია დაუნიშნავდა. თუ ადგილობრივ ძმებთან ერთად ქალაქსა თუ ოლქში წიგნების დამტარებლებიც ქადაგებდნენ, სამქადაგებლო ტერიტორიას ნიშნავდა ადგილობრივად შექმნილი ოლქის კომიტეტი. ასეთი ორგანიზებულობის წყალობით, 1917—1918 წლებში სულ რაღაც რამდენიმე თვეში გავრცელდა წიგნ „დასრულებული საიდუმლოს“ შთამბეჭდავი რაოდენობა; აგრეთვე ელვის სისწრაფით გავრცელდა 10 000 000 ტრაქტატი, სათაურით „ბაბილონის დაცემა“, რომელშიც დაუფარავად იყო მხილებული ქრისტიანული სამყარო.
ამის შემდეგ მალევე ორგანიზაციის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა დააპატიმრეს და 1918 წლის 21 ივნისს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასიხარულო ცნობის ქადაგება თითქმის შეჩერდა. ნუთუ დადგა ის დრო, როცა ისინი საბოლოოდ შეუერთდებოდნენ უფალს ზეციურ დიდებაში?
რამდენიმე თვის შემდეგ ომი დასრულდა. მომდევნო წელს ორგანიზაციის პასუხისმგებელი ძმები ციხიდან გაათავისუფლეს. მაგრამ ისინი ისევ დედამიწაზე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა, ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ღმერთს კვლავაც ჰქონდა მათთვის საქმე დედამიწაზე.
მათ რწმენის სასტიკი გამოცდა გაიარეს. მაგრამ 1919 წელს ისინი სულიერად გააძლიერა „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილმა სასწავლო სტატიებმა თემაზე „კურთხეულნი არიან უშიშარნი“. მათ მოჰყვა სტატია სათაურით „მსახურების შესაძლებლობები“. მაგრამ ძმები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა გრანდიოზული ცვლილებები მოხდებოდა მომდევნო ათწლეულების მანძილზე ორგანიზაციაში.
სამწყსოსთვის კარგი მაგალითის მიცემა
ძმა რუტერფორდს ესმოდა, რომ საქმის ორგანიზებულად და გაერთიანებულად შესასრულებლად, რაც არ უნდა ცოტა დრო ყოფილიყო დარჩენილი, მნიშვნელოვანი იყო სამწყსოსთვის კარგი მაგალითის მიცემა. იესომ თავისი მიმდევრები ცხვრებს შეადარა, ცხვარი კი თავის მწყემსს მიჰყვება. უდავოა, იესო კარგი მწყემსია, მაგრამ თავისი ხალხის დასამწყემსად ის უხუცესებსაც იყენებს, რომლებიც მას ემორჩილებიან (1 პეტ. 5:1—3). ამ უხუცესებმა უნდა შეასრულონ იესოს მიერ დავალებული საქმე და სხვებიც უნდა აღძრან ამისკენ. ისინი სულითა და გულით მქადაგებლები უნდა იყვნენ. თუმცა წიგნ „დასრულებული საიდუმლოს“ გავრცელების დროს ზოგ უხუცესს არ სურდა ქადაგება, ზოგი კი აშკარად მოუწოდებდა სხვებს, რომ ამ საქმეში არ მიეღოთ მონაწილეობა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 1919 წელს, როცა დაიწყო ჟურნალ „ოქროს ხანის“ გამოცემა. ის ძლიერი იარაღი გახდა ღვთის სამეფოს შესახებ საუწყებლად, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა კაცობრიობის პრობლემებს. სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მსურველ კრებას თხოვნით უნდა მიემართა ორგანიზაციისთვის, რომ რეგისტრაციაში გაეტარებინათ როგორც „სამსახურებრივი გაერთიანება“. შემდეგ ორგანიზაციამ დაიწყო ხელმძღვანელების დანიშვნა, რომლებიც მოგვიანებით სამსახურებრივ ხელმძღვანელებად გახდნენ ცნობილნი და რომელთა მდგომარეობაც კრების ყოველწლიურ არჩევნებზე არ იყო დამოკიდებული.f როგორც ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენელს, მას ორგანიზება უნდა გაეწია სამქადაგებლო საქმისთვის, დაენიშნა ტერიტორიები და კრების წევრები მსახურებაში მონაწილეობისკენ აღეძრა. ამგვარად, უხუცესებისა და დიაკვნების დემოკრატიულ არჩევნებთან ერთად სხვა ორგანიზაციულმა სისტემამაც დაიწყო მოქმედება, რომლის დროსაც პასუხისმგებელ ძმებს ორგანიზაცია ნიშნავდა და დიდი ყურადღება ექცეოდა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას.g
მომდევნო წლებში სამეფოს შესახებ ქადაგების საქმემ ფართო მასშტაბებს მიაღწია, თითქოს რაღაც ძლიერმა ძალამ უბიძგა. 1914 წელსა და მომდევნო წლებში მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სრულდებოდა ძველი სისტემის აღსასრულის შესახებ უფალ იესო ქრისტეს დიდებული წინასწარმეტყველება. 1920 წლის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო, რომ მათეს 24:14-ში ნაწინასწარმეტყველების თანახმად, ეს იყო „ძველი სისტემის აღსასრულისა და მესიანური სამეფოს დამყარების“ შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადების დრო (მათ. 24:3—14).h 1922 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიოს შტატი) ჩატარებული ბიბლიის მკვლევართა კონგრესის შემდეგ დელეგატებს დიდხანს ახსოვდათ მოწოდება: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. 1931 წელს, როცა მათ ეწოდათ სახელი „იეჰოვას მოწმეები“, ჭეშმარიტი ქრისტიანების როლზე უფრო მეტად გამახვილდა ყურადღება.
ნათელი იყო, რომ იეჰოვამ თავის მსახურებს ისეთი საქმის შესრულება დაავალა, რომელშიც თითოეული შეძლებდა მონაწილეობის მიღებას. ამ დავალებას მრავალი სიხარულით გამოეხმაურა. ბევრმა ძირეული ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში, რომ ღვთისთვის სრული დროით ემსახურათ. მათი უმეტესობა კი, ვისაც სრული დროით მსახურება არ შეეძლო, ყოველ შაბათ-კვირას მსახურებას უთმობდა. 1938 და 1939 წლებში „საგუშაგო კოშკისა“ და „ინფორმატორის“ (ამჟამად ეწოდება „ჩვენი სამეფო მსახურება“) მოწოდების საპასუხოდ მრავალი იეჰოვას მოწმე მთელ ძალისხმევას ახმარდა, რომ ყოველთვე 60 საათი დაეთმო მსახურებისთვის.
იმ გულმოდგინე მოწმეთა შორის იყო მრავალი თავმდაბალი და ერთგული უხუცესი. მაგრამ ზოგ ადგილას 1920-იან წლებში და 1930-იანი წლების დასაწყისში არაერთი უთანხმოება გამოიწვია აზრმა, რომ სამქადაგებლო საქმიანობაში ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. დემოკრატიული გზით არჩეული უხუცესები ხშირად აშკარად გამოდიოდნენ „საგუშაგო კოშკის“ მოწოდების წინააღმდეგ, რომ კრების გარეთ ხალხისთვის ექადაგათ. იმის უგულებელყოფა, რასაც ღვთის სული ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ საუკუნეში კრებებს წმინდა წერილების მეშვეობით ეუბნებოდა, ხელს უშლიდა ასეთ ჯგუფებში ღვთის სულის მოქმედებას (გამოცხ. 2:5, 7).
მდგომარეობის გამოსასწორებლად 1932 წელს ზომები მიიღეს. ძმების მთავარი საზრუნავი ის კი არ იყო, რომ ზოგი გამოჩენილი უხუცესი შეიძლებოდა ნაწყენი დარჩენილიყო ან ზოგიერთი კრებიდან წასულიყო, არამედ ის, რომ იეჰოვასთვის ესიამოვნებინათ და მისი ნება შეესრულებინათ. ამ მიზნით იმავე წლის 15 აგვისტოსა და 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ ნომრებში ყურადღება გამახვილდა საკითხზე „იეჰოვას ორგანიზაცია“.
სტატიებში ნაჩვენები იყო, რომ იეჰოვას ორგანიზაციის ერთგული წევრები შეასრულებდნენ იმ საქმეს, რომელიც ღვთის სიტყვის თანახმად იმ დროს უნდა შესრულებულიყო. იქვე მოყვანილი იყო არგუმენტები, რომ უხუცესობა არ იყო თანამდებობა, რომელზეც ირჩევდნენ, არამედ ეს იყო სულიერი ზრდის შედეგად მიღწეული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იესოს ლოცვაზე, რომელშიც მამას სთხოვდა, რომ მისი მიმდევრები ერთნი ყოფილიყვნენ, ანუ ერთობაში ყოფილიყვნენ ღმერთთან და ქრისტესთან, და ამგვარად გაერთიანებულებს შეესრულებინათ ღვთის ნება (იოან. 17:21). რა იქნებოდა ასეთი ერთიანობის შედეგი? მეორე სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „ცხებულთა დარჩენილი ნაწილიდან ყველა დაამოწმებდა იეჰოვა ღმერთის სახელისა და მისი სამეფოს შესახებ“. კრების ხელმძღვანელობა არ უნდა მიენდოთ მათთვის, ვინც საერთოდ არ ქადაგებდა ან იმდენს არ ქადაგებდა, რამდენიც რეალურად შეეძლო.
ამ სტატიების შესწავლის შემდეგ კრებებს სთავაზობდნენ, რომ თანხმობის ნიშნად მიეღოთ რეზოლუცია. ამგვარად, უხუცესებისა და დიაკვნების ყოველწლიური არჩევნები გაუქმდა. ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია) და სხვა ადგილებშიც ზოგიერთმა ყოფილმა „არჩეულმა უხუცესმა“ დატოვა კრება და მათ მხარდამჭერებიც თან გაჰყვნენ. შედეგად, იეჰოვას მოწმეთა რიგები შეთხელდა, მაგრამ ორგანიზაცია მთლიანობაში გაძლიერდა. კრებაში დარჩენილები მზად იყვნენ, ეკისრათ ქადაგების ქრისტიანული პასუხისმგებლობა. უხუცესების არჩევა შეწყდა, მაგრამ კრებები კვლავაც დემოკრატიული გზით ირჩევდნენ სულიერად მოწიფული მამაკაცებისგან შემდგარ სამსახურებრივ კომიტეტს.i ეს ძმები სახალხოდ აქტიურად ქადაგებდნენ. კრების წევრები ასევე ხმის მიცემით ირჩევდნენ კრების თავმჯდომარეს, მდივანსა და ხაზინადარს. ეს მამაკაცებიც იეჰოვას აქტიური მოწმეები იყვნენ.
როდესაც კრებაზე ზრუნვა მიანდეს მათ, ვინც გამოჩენილი მდგომარეობით არ იყო დაინტერესებული, არამედ ღვთის საქმის შესრულებით — ღვთის სახელისა და სამეფოს შესახებ ქადაგებით — და სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობით კარგ მაგალითს იძლეოდა, საქმემ საგრძნობლად წაიწია წინ. იმ დროს მათ არ იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე ელოდათ — იმაზე მეტად უნდა დაემოწმებინათ, ვიდრე ოდესმე, და გაცილებით მეტი ადამიანი უნდა შეეკრიბათ, ვიდრე ელოდნენ (ეს. 55:5). იეჰოვა აშკარად ამზადებდა თავის ხალხს ამ საქმისთვის.
თანდათანობით მოწმეებს შეუერთდა ზოგიერთი ადამიანი, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონდა.j მაგრამ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო უამრავი ხალხის შეკრება, რომლებიც მოახლოებულ დიდ გასაჭირს გადაიტანენ (გამოცხ. 7:9—14). 1935 წელს ცნობილი გახდა, თუ ვინ წარმოადგენდა უამრავ ხალხს. 1930-იან წლებში კრების ზედამხედველების არჩევასთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა უკეთ მოამზადა ორგანიზაცია უამრავი ხალხის შეკრებისა და მათი სწავლების საქმისთვის.
იეჰოვას მოწმეების უმეტესობა სიხარულით შეხვდა სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებას. ისინი დიდი ყურადღებით მოეკიდნენ ამ საქმეს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ ქადაგებდნენ და თავის გამართლების მიზნით ირწმუნებოდნენ, რომ უამრავი ხალხის შეკრება არმაგედონის შემდეგ მოხდებოდა. მაგრამ ღვთის ხალხიდან უმრავლესობამ დაინახა, რომ ამ საქმის შესრულება იეჰოვასადმი ერთგულებისა და თანაქრისტიანებისადმი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევდა.
რა ადგილი დაიკავა უამრავმა ხალხმა იეჰოვას ორგანიზაციაში? მათ გაიგეს, ღვთის სიტყვის თანახმად, რა როლს შეასრულებდა სულითცხებულებისგან შემდგარი „მცირე სამწყსო“, რის შედეგადაც სიხარულით დაუჭირეს ცხებულებს მხარი (ლუკ. 12:32—44). მათ ისიც გაგიგეს, რომ სულითცხებულების მსგავსად, სასიხარულო ცნობის ქადაგების პასუხისმგებლობა ეკისრათ (გამოცხ. 22:17). რამდენადაც მათ სურდათ, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები ყოფილიყვნენ დედამიწაზე, ეს სამეფო პირველ ადგილზე უნდა დაეყენებინათ ცხოვრებაში და მის შესახებ გულმოდგინედ უნდა ეუწყებინათ. იმისთვის, რომ უამრავი ხალხის წევრები მათ შორის ყოფილიყვნენ, ვისზეც ბიბლია ამბობს, რომ დიდ გასაჭირს გადაიტანენ და ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ, მათ ხმამაღლა უნდა გაეცხადებინათ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“ (გამოცხ. 7:10, 14). როდესაც 1937 წლიდან უამრავი ხალხის რიცხვმა ზრდა დაიწყო და ცხადი გახდა, რომ უფლის საქმეს მთელი გულმოდგინებით ეკიდებოდნენ, ზოგიერთ მათგანს კრების ხელმძღვანელობის საქმეში დახმარების გაწევა შესთავაზეს.
მაგრამ მათ შეახსენებდნენ, რომ ეს იეჰოვას ორგანიზაცია იყო და არა რომელიმე ადამიანის. არანაირი დაყოფა არ უნდა ყოფილიყო დედამიწაზე დარჩენილ სულითცხებულებსა და სხვა ცხვრისგან შემდგარ უამრავ ხალხს შორის. მათ, როგორც და-ძმებს, ერთად უნდა ემსახურათ იეჰოვასთვის. იესომ თქვა: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოან. 10:16). ამ სიტყვების ჭეშმარიტება თანდათანობით დამტკიცდა.
საკმაოდ მოკლე დროში ორგანიზაციაში საოცარი ცვლილებები მოხდა. მაგრამ იყო საჭირო კიდევ ცვლილების მოხდენა, რომ კრებების საქმიანობა მთლიანად იეჰოვას ნების თანახმად წარმართულიყო, რაზეც ღვთის სიტყვა მიუთითებდა?
თეოკრატიული ორგანიზაცია
„თეოკრატია“ ნიშნავს ღვთის მმართველობას. თეოკრატიულად ხდებოდა კრებებში ხელმძღვანელობის გაწევა? გარდა იმისა, რომ ორგანიზაციის წევრები იეჰოვას სცემდნენ თაყვანს, მიჰყვებოდნენ ისინი იეჰოვას ხელმძღვანელობას კრების საქმეებში? სრულად ემორჩილებოდნენ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიაში ჩაწერილ მითითებებს? 1938 წლის 1 ივნისისა და 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ ორ ნაწილად გამოქვეყნდა სტატია „ორგანიზაცია“, რომელშიც ეწერა: „იეჰოვას ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში არ არის დემოკრატიული. იეჰოვა უზენაესია და მისი ხელისუფლება ანუ ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ თეოკრატიულია“. თუმცა იმ დროისთვის იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ კრებებში ხელმძღვანელი ძმების უმეტესობას, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ შეხვედრების ჩატარებასა და მსახურებაზე, კვლავაც დემოკრატიული გზით ირჩევდნენ. საჭირო იყო შემდგომი ცვლილებები.
მაგრამ საქმეების 14:23-ის თანახმად, განა „ხელის გაწვდენით“ არ უნდა აერჩიათ კრებებში უხუცესები, როგორც ამას არჩევნების დროს აკეთებდნენ? „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატიის „ორგანიზაციის“ პირველ ნაწილში აღნიშნული იყო, რომ წარსულში ეს მუხლი არასწორად ესმოდათ. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პირველ საუკუნეში კრების ყველა წევრი კი არ მონაწილეობდა „ხელის გაწვდენით“ პასუხისმგებელი ძმების არჩევაში, არამედ მხოლოდ მოციქულები და მათ მიერ უფლებამოსილი ძმები. „ხელის გაწვდენაში“ იგულისხმებოდა არა ხმის მიცემა, არამედ ხელმძღვანელობისთვის შესაფერისი ძმების ხელდასხმა. ასეთი მოქმედება იყო დამტკიცების, მოწონებისა და დანიშვნის სიმბოლო.k პირველი საუკუნის კრებები დროდადრო რეკომენდაციას უწევდნენ ხელმძღვანელობისთვის შესაფერის მამაკაცებს, მაგრამ საბოლოოდ მათი დანიშვნა დამოკიდებული იყო მოციქულებზე, რომლებიც უშუალოდ ქრისტესგან იყვნენ უფლებამოსილნი, ან მათზე, ვისაც მოციქულები მისცემდნენ ამის უფლებას (საქ. 6:1—6). „საგუშაგო კოშკში“ ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ღვთის სულის ხელმძღვანელობით პავლე მოციქული მხოლოდ პასუხისმგებელი ზედამხედველებისთვის (ტიმოთე და ტიტე) მიწერილ წერილებში იძლეოდა მითითებებს ძმების ზედამხედველებად დანიშვნის თაობაზე (1 ტიმ. 3:1—13; 5:22; ტიტ. 1:5). მსგავს მითითებებს არ შეიცავდა არც ერთი ღვთის შთაგონებული წერილი, რომლებიც კრებებისთვის იყო განკუთვნილი.
მაშ, როგორ უნდა მომხდარიყო კრებებში ძმებისთვის პასუხისმგებლობების მიცემა? „საგუშაგო კოშკში“ საუბარი იყო თეოკრატიულ ორგანიზაციაზე და იხსნებოდა, რომ წმინდა წერილების თანახმად, ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა „კრების თავად“; დაბრუნების შემდეგ ქრისტე, როგორც ბატონი, „მთელ თავის ქონებას“ „ერთგულ და გონიერ მონას“ ჩააბარებდა; და რომ ეს ერთგული და გონიერი მონა შედგებოდა დედამიწაზე მცხოვრები ყველა წმინდა სულით ცხებული ქრისტიანისგან, რომლებიც ქრისტეს მემკვიდრეები იყვნენ და მისი ხელმძღვანელობით მსახურობდნენ გაერთიანებულად; აგრეთვე ქრისტე ამ მონის კლასს, როგორც მის წარმომადგენლობას, გამოიყენებდა კრებებში საჭირო ხელმძღვანელობის გასაწევად (კოლ. 1:18; მათ. 24:45—47; 28:18). მონის კლასი ვალდებული იყო, ელოცა იმისთვის, რომ მიჰყოლოდა ღვთის შთაგონებულ სიტყვაში ჩაწერილ ნათელ მითითებებს და გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდა ამ პასუხისმგებლობებისთვის შესაფერისი.
რამდენადაც ხილული წარმომადგენელი, რომელსაც ქრისტე გამოიყენებდა, ერთგული და გონიერი მონაა (თანამედროვე ისტორიული ფაქტები, რომლებიც უკვე განვიხილეთ, ადასტურებს, რომ „მონა“ იყენებს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“, როგორც იურიდიულ პირს), „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ თეოკრატიულად კრებებში ძმები ამ წარმომადგენლობის მეშვეობით უნდა დანიშნულიყვნენ. პირველ საუკუნეში კრებები იერუსალიმში არსებულ ხელმძღვანელ საბჭოს ემორჩილებოდნენ. დღესაც კრებები სულიერად ვერ გაიზრდება, თუ ამ ხელმძღვანელობას არ მიჰყვება (საქ. 15:2—30; 16:4, 5).
ამ საკითხის უკეთ გასაგებად, აღნიშნული იყო, რომ „საგუშაგო კოშკში“ მოხსენიებულ „ორგანიზაციაში“ იგულისხმებოდა არა მხოლოდ იურიდიული პირი, არამედ მისი დამფუძნებელი ცხებული ქრისტიანების ჯგუფი, რომლებიც მას იყენებენ. ამგვარად, სიტყვა „ორგანიზაციაში“ იგულისხმება ერთგული და გონიერი მონა და ხელმძღვანელი საბჭო.
1938 წელს „საგუშაგო კოშკში“ სტატია „ორგანიზაციის“ გამოქვეყნებამდე ლონდონის, ნიუ-იორკის, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესის კრებები იმდენად გაიზარდა, რომ გონივრული იქნებოდა მათი გაყოფა პატარა ჯგუფებად. ამიტომ მათ თხოვნით მიმართეს ორგანიზაციას, რომ ამ პატარა ჯგუფებში კრების მსახურები დაენიშნა. 1938 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“ მოუწოდებდა ყველა კრებას, მსგავსად მოქცეულიყვნენ. ამ მიზნით შეთავაზებული იყო რეზოლუცია:
«ჩვენ, ღვთის ხალხის ჯგუფი, მისი სახელისთვის არჩეულნი და . . . . . . . . . . . . კრებაში მყოფნი, ვაღიარებთ, რომ ღვთის ხელისუფლება არის წმინდა თეოკრატია, იესო ქრისტე ტაძარშია და სრულად ხელმძღვანელობს იეჰოვას ხილულ თუ უხილავ ორგანიზაციას და „საზოგადოება“ დედამიწაზე უფლის ხილული წარმომადგენელია. ამიტომ „საზოგადოებას“ ვთხოვთ, ორგანიზება გაუწიოს ჩვენს ჯგუფს და დანიშნოს მსახურები, რათა ყველამ მშვიდობიანად, სამართლიანად, შეთანხმებულად და გაერთიანებულად შევძლოთ მსახურება. თან ვურთავთ ჩვენი ჯგუფიდან იმ ადამიანთა სიას, რომლებიც ჩვენი აზრით, მოწიფულები არიან და საუკეთესოდ შეძლებენ მსახურებაში დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულებას».l
ეს რეზოლუცია იეჰოვას მოწმეთა თითქმის ყველა კრებამ სიხარულით მიიღო. ძმებიდან მცირე ნაწილმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ასეთ ცვლილებას, თანდათან შეწყვიტეს სამეფოს შესახებ ქადაგება და საბოლოოდ უარი თქვეს იეჰოვას მოწმედ ყოფნაზე.
თეოკრატიული ხელმძღვანელობის უპირატესობები
აშკარაა, რომ ორგანიზაცია მალე დაკარგავდა თავის სახეს და ერთიანობას, თუ სწავლებების, ქცევის ნორმების, ორგანიზაციულ და ქადაგების საკითხებს თითოეული კრება ინდივიდუალურად გადაწყვეტდა. საძმო შეიძლება ადვილად დაყოფილიყო სოციალურ, კულტურულ და ეროვნულ ჯგუფებად. თეოკრატიული ხელმძღვანელობა კი იმის გარანტია იყო, რომ მთელ მსოფლიოში ვერაფერი შეუშლიდა ხელს კრებების სულიერ კეთილდღეობას. ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს შორის იქნებოდა ნამდვილი ერთიანობა, რაზეც იესო ლოცულობდა, და მის მიერ დავალებული სამქადაგებლო საქმე წარმატებით შესრულდებოდა (იოან. 17:20—22).
მაგრამ ზოგი აცხადებდა, რომ ამ ორგანიზაციული ცვლილებით ჯოზეფ რუტერფორდი მოწმეებზე მეტი უფლებამოსილების მოპოვებას ცდილობდა, რათა თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა. შეესაბამებოდა ეს სიმართლეს? უდავოა, რომ ძმა რუტერფორდი მტკიცე შეხედულებების მქონე კაცი იყო, დამაჯერებლად საუბრობდა და არასდროს თმობდა იმას, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნდა. ის პირდაპირი იყო, როცა ხედავდა, რომ ვინმე საკუთარ თავზე უფრო იყო კონცენტრირებული, ვიდრე უფლის საქმეზე. მაგრამ ძმა რუტერფორდი ნამდვილ თავმდაბლობას ავლენდა ღვთის წინაშე. კარლ კლაინმა, რომელიც 1974 წელს ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, მოგვიანებით დაწერა: „დილის თაყვანისცემაზე ძმა რუტერფორდის ლოცვები . . . ჩემში ძალიან თბილ გრძნობებს იწვევდა. თუმცა მას ძლიერი ხმა ჰქონდა, ლოცვისას ისე მიმართავდა ღმერთს, როგორც პატარა ბავშვი თავის მამას. აქედან ჩანდა, რომ მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან!“. ძმა რუტერფორდს ღრმად სწამდა, რომ ეს იეჰოვას ხილული ორგანიზაცია იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა არც ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ხელი არ შეეშალა ძმებისთვის კრებებში სულიერი საზრდოსა და ხელმძღვანელობის მიღებაში, რომელსაც იეჰოვა თავის მსახურებს აძლევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძმა რუტერფორდი 25 წელი მსახურობდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტად და მთელ ძალასა და ენერგიას ორგანიზაციის საქმეში ხარჯავდა, ის არ ყოფილა იეჰოვას მოწმეების ლიდერი და არც ამის სურვილი ჰქონია. 1941 წელს სენტ-ლუისში (მისურის შტატი) ჩატარებულ კონგრესზე, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, რუტერფორდმა ხელმძღვანელობის საკითხზე ისაუბრა: «მინდა, აქ მყოფმა უცხოებმა გაიგონ, რას ფიქრობთ რომელიმე ადამიანის ლიდერობაზე, და არასდროს დაივიწყონ ეს. ყოველთვის, როცა რომელიმე მოძრაობა გამოჩნდება და ზრდას იწყებს, ამბობენ, რომ მის სათავეში დგას ლიდერი, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს. თუ აქ მყოფთაგან ვინმე ფიქრობს, რომ მე, თქვენ წინაშე მდგომი კაცი, იეჰოვას მოწმეების ლიდერი ვარ, თქვას „დიახ“». დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც დაარღვია რამდენიმე წამოძახილმა: „არა“. მომხსენებელმა განაგრძო: «თუ თქვენ, აქ დამსწრეთ, გჯერათ, რომ მეც თქვენსავით უფლის მსახური ვარ და მხარდამხარ ვემსახურებით ღმერთსა და ქრისტეს, თქვით „დიახ“». პასუხად ხმამაღლა და ერთხმად გაისმა: „დიახ!“. მომდევნო თვეში ამ კითხვაზე მსგავსი პასუხი გასცეს ინგლისში ჩატარებული კონგრესის დელეგატებმაც.
ზოგ ადგილას თეოკრატიული ორგანიზაციის დადებითი გავლენა მალევე გახდა შესამჩნევი. სხვაგან ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა. მათ, ვინც არ გამოავლინა მოწიფულობა და თავმდაბლობა, დაკარგეს თავიანთი პასუხისმგებლობები და მათ ნაცვლად სხვა ძმები დანიშნეს.
და მაინც, თეოკრატიის ზრდასთან ერთად იეჰოვას მოწმეებს ახარებდათ ესაიას 60:17-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულება. ამ მუხლში ხატოვნად არის აღწერილი, როგორ გაუმჯობესდებოდა ღვთის მსახურების მდგომარეობა. იეჰოვა ამბობს: „სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან, რკინის ნაცვლად — ვერცხლს, ხის ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. მშვიდობას დაგიყენებ ზედამხედველად და სიმართლეს — სამუშაოს გამნაწილებლად“. აქ საუბარი ადამიანთა საქმეებზე კი არ არის, არამედ იმაზე, თუ თავად ღმერთი რას გააკეთებს და რა სარგებლობას მოუტანს ღვთისადმი მორჩილება მის მსახურებს. მათ შორის მშვიდობას უნდა დაესადგურა, სამართლიანობისადმი სიყვარულს კი ისინი ღვთის მსახურებისკენ უნდა აღეძრა.
ბრაზილიის ფილიალის ზედამხედველის ცოლმა, მოდ იულიმ ძმა რუტერფორდს მისწერა: «[1938 წლის] „საგუშაგო კოშკის“ 1 ივნისისა და 15 ივნისის ნომრებში გამოქვეყნებულმა სტატიამ „ორგანიზაცია“ აღმძრა, რამდენიმე სიტყვით მომეწერა შენთვის, იეჰოვას ერთგული მსახურისთვის, რომ ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი იმ საოცარი ცვლილებებისთვის, რომლებიც მან თავის ხილულ ორგანიზაციაში მოახდინა და რის შესახებაც „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომრებში იყო საუბარი . . . რამხელა შვებაა იმის დანახვა, რომ წერტილი დაესვა თვითმმართველობას, მათ შორის ეგრეთ წოდებულ „ქალთა უფლებებს“ და არაბიბლიურ იდეებს, რომელთა მიხედვითაც ზოგიერთი ადამიანი სხვების შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდა და არა [იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს], რაც იეჰოვას სახელს შეურაცხყოფს. თუმცა ორგანიზაციამ ბოლო დროს დაიწყო იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ მისი ყველა წევრი „მსახურია“, მანამდე შევნიშნე, რომ ძმებისთვის მიწერილ წერილებში შენ საკუთარ თავს ყოველთვის „ღვთის წყალობით თქვენს ძმასა და მსახურს“ უწოდებდი».
ამ ორგანიზაციულ ცვლილებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ფილიალიდან იტყობინებოდნენ: „ამან საოცარი შედეგი გამოიღო. ესაიას მე-60 თავში პოეტური და წინასწარმეტყველური ენით აღწერილი ეს ცვლილება ძალიან ლამაზია და საერთოდ არ არის გადამეტებული. ამის შესახებ ლაპარაკობს ყველა, ვინც ჭეშმარიტება იცის. ისინი ახალი ძალებით არიან აღსავსენი და მზად არიან, ჩაებან მიზანმიმართულ ბრძოლაში. ქვეყნიერებაში დაძაბულობის მატების მიუხედავად, თეოკრატიის წყალობით და-ძმები დიდად ხარობენ“.
მიმომსვლელი ზედამხედველები კრებებს აძლიერებენ
მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობამ უფრო მეტად განამტკიცა ორგანიზაცია. პირველ საუკუნეში პავლე მოციქული დიდ დროს უთმობდა მიმოსვლით საქმიანობას. გარკვეული ხნის მანძილზე ამავე საქმით იყვნენ დაკავებულნი ბარნაბა, ტიმოთე და ტიტე (საქ. 15:36; ფილ. 2:19, 20; ტიტ. 1:4, 5). გარდა იმისა, რომ სასიხარულო ცნობას გულმოდგინედ ქადაგებდნენ, ისინი თავიანთი მოხსენებებით კრებებსაც ამხნევებდნენ. საკითხებზე, რომლებიც კრების ერთიანობაზე მოახდენდა გავლენას, ხელმძღვანელი საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას. შემდეგ ეს პასუხისმგებელი ძმები „ქალაქებში გავლისას, იქაურებს გადასცემდნენ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს, რომლებიც უნდა დაეცვათ“. შედეგად, „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 15:1—16:5; 2 კორ. 11:28).
ჯერ კიდევ 1870-იან წლებში ძმა რასელი ინახულებდა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფებს, რომლებიც ორი, სამი ან მეტი ადამიანისგან შედგებოდა, რათა სულიერად გაემხნევებინა ისინი. 1880-იან წლებში ამ საქმიანობით კიდევ რამდენიმე ძმა დაკავდა. 1894 წელს მიიღეს ზომები, რომ ორგანიზაციის კარგად მომზადებულ მომხსენებლებს რეგულარულად მოენახულებინათ კრებები, დახმარებოდნენ ბიბლიის მკვლევარებს ჭეშმარიტების ცოდნის გაღრმავებაში, მის მეტად დაფასებასა და ერთმანეთთან დაახლოებაში.
თუ შესაძლებელი იყო, ორგანიზაციის წარმომადგენელი ერთ ან რამდენიმე დღეს რჩებოდა ჯგუფთან და ერთ ან ორ მოხსენებას წარმოთქვამდა. შემდეგ ინახულებდა პატარა ჯგუფებს და ცალკეულ ადამიანებს, რათა მათთან ერთად ღვთის სიტყვიდან ღრმა საკითხები განეხილა. შეერთებულ შტატებსა და კანადაში ცდილობდნენ, რომ თითოეული ჯგუფი წელიწადში ორჯერ მოენახულებინათ, თუმცა არა ყოველთვის ერთი და იმავე ძმას. ასეთი ძმების დანიშვნისას ყურადღება ექცეოდა თვინიერებას, თავმდაბლობას, ჭეშმარიტების ღრმა ცოდნასა და მისდამი ერთგულებას, ასევე რამდენად გასაგებად შეეძლოთ სხვებისთვის სწავლება. ამაში მათ ხელფასს არავინ უხდიდა. ადგილობრივი ძმები მხოლოდ საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფდნენ და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია მათი მგზავრობის ხარჯებს ფარავდა. ისინი პილიგრიმებად გახდნენ ცნობილნი.
ორგანიზაციის მრავალი წარმომადგენელი ძალიან უყვარდათ მათ, ვისაც ისინი ემსახურებოდნენ. კანადელი ძმა მაკმილანი ყველას ისეთ ადამიანად ახსოვს, ვისთვისაც ღვთის სიტყვა ცეცხლივით გიზგიზებდა (იერ. 20:9). მას არ შეეძლო ღვთის სიტყვაზე არ ელაპარაკა. ის მოხსენებებით გამოდიოდა არა მხოლოდ კანადაში, არამედ შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. ბევრი თბილად იხსენებს კიდევ ერთ პილიგრიმს, უილიამ ჰერსის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდებს. მისი ლოცვები მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან მის სულიერობაზე მეტყველებდა და როგორც ახალგაზრდების, ისე უფროსების გულებს ეხებოდა.
იმ დროს პილიგრიმებისთვის მგზავრობა ადვილი არ იყო. მაგალითად, კლამათ-ფოლსთან (ორეგონის შტატი) მდებარე ჯგუფი რომ მოენახულებინა, ედუარდ ბრენისენს თავიდან მატარებლით მოუწია მგზავრობა, შემდეგ მთელი ღამე დილიჟანსით იმგზავრა, ბოლოს კი დანგრეული გზით მთაზე ურმით ავიდა, სადაც ფერმაში შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო. მეორე დღეს, დილით ადრე ერთმა ძმამ მას ცხენი ათხოვა, რითაც მან დაახლოებით ასი კილომეტრი გაიარა უახლოეს რკინიგზის სადგურამდე, რომ მატარებლით შემდეგი დანიშნულების ადგილზე ჩასულიყო. პილიგრიმებს დაძაბული ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ მათ შრომას კარგი შედეგი მოჰქონდა. ღვთის ხალხი მტკიცდებოდა; ისინი უკეთ იგებდნენ ღვთის სიტყვას და უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან დიდი მანძილი აშორებდათ.
1926 წელს ძმა რუტერფორდმა პილიგრიმების საქმიანობაში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ახლა ისინი არა მხოლოდ მოხსენებებით გამოვიდოდნენ, არამედ დააკვირდებოდნენ, როგორ მიმდინარეობდა კრებებში საქმიანობა და კრებას მსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდნენ. 1928 წელს მათ რეგიონალური სამსახურებრივი ხელმძღვანელები ეწოდათ, რაც მათ ახალ პასუხისმგებლობას უსვამდა ხაზს. ისინი ადგილობრივ ძმებთან ერთად მსახურობდნენ და ქადაგებასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევდნენ. იმ დროს შესაძლებელი იყო, რომ შეერთებულ შტატებსა და ზოგ სხვა ქვეყანაში წელიწადში ერთხელ ყველა კრება მოენახულებინათ და შეხვედროდნენ იმ ადამიანებს და პატარა ჯგუფებს, რომლებიც მსახურებისთვის არ იყვნენ ორგანიზებულნი.
წლების განმავლობაში მიმოსვლით საქმიანობაში ცვლილებები ხდებოდა.a ეს საქმიანობა გაძლიერდა 1938 წლიდან, როცა კრების ყველა მსახური თეოკრატიულად ინიშნებოდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კრებების რეგულარულად მონახულებამ თითოეულ დანიშნულ მსახურს გამოცდილება შესძინა, კრებები კი უკეთ მოამზადა სამქადაგებლო მსახურებისთვის. 1942 წელს, სანამ მიმომსვლელი ზედამხედველები ისევ შეუდგებოდნენ კრებების მონახულებას, მათ სწავლების ინტენსიური კურსი გაიარეს. შედეგად მათი საქმიანობა უფრო შეთანხმებული გახდა. კრების მონახულება დიდხანს არ გრძელდებოდა (ერთიდან სამ დღემდე, კრების სიდიდის მიხედვით). მონახულებისას მიმომსვლელი ზედამხედველები ამოწმებდნენ კრების დოკუმენტაციას, ხვდებოდნენ ყველა მსახურს და საჭირო რჩევებს აძლევდნენ, წარმოთქვამდნენ ერთ ან მეტ მოხსენებას და ორგანიზებას უწევდნენ სამქადაგებლო საქმიანობას. 1946 წლიდან კრების მონახულების ხანგრძლივობა ერთ კვირამდე გაიზარდა.
კრებებზე ზრუნვა იმაშიც გამოიხატა, რომ 1938 წლიდან რეგიონალური მსახურების პასუხისმგებლობა გარკვეულწილად შეიცვალა. რეგიონალური მსახურის მოსანახულებელი ტერიტორია უფრო გაიზარდა და მას დროდადრო თითო კვირით უნდა ეთანამშრომლა სამხარეო (სარაიონო) მსახურებთან, რომლებიც კრებებს ინახულებდნენ. მონახულების დროს ის მოხსენებებით გამოდიოდა კონგრესებზე, რომელთაც ერთ მხარეში არსებული კრებები ესწრებოდნენ.b ეს ძმებისთვის დიდი სტიმული იყო და ახალ მოწაფეებს ნათლობის შესაძლებლობას აძლევდა.
„ის, ვისაც მსახურება უყვარს“
მათ შორის, ვინც 1936 წელს ასეთი სახის მსახურება დაიწყო, იყო ჯონ ბუთი, რომელიც 1974 წელს ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა. მიმომსვლელ ზედამხედველად დანიშვნამდე, გასაუბრების დროს მას უთხრეს: „ჩვენ მჭევრმეტყველი მომხსენებელი კი არ გვჭირდება, არამედ ის, ვისაც მსახურება უყვარს, ვინც ორგანიზებას გაუწევს მას და შეხვედრების დროს მსახურებაზე ილაპარაკებს“. იეჰოვას მსახურებისადმი ძმა ბუთის ასეთი სიყვარული იქიდანაც ჩანდა, რომ ის 1928 წლიდან გულმოდგინედ მსახურობდა პიონერად და თავისი მაგალითით და გამამხნევებელი სიტყვებით სხვებს მსახურებისკენ აღძრავდა.
პირველი კრება, რომელიც მან 1936 წლის მარტში მოინახულა, იყო ისტონში (პენსილვანიის შტატი). მოგვიანებით ბუთმა დაწერა: „დილით, დანიშნულ დროს, სამქადაგებლო შეხვედრის ადგილზე მივდიოდი, ნაშუადღევს კრების მსახურებთან მქონდა შეხვედრა, შემდეგ კი — მთელ კრებასთან. ჩვეულებრივ, კრებაში ორ დღეს ვრჩებოდი, პატარა ჯგუფთან კი — ერთ დღეს. ზოგჯერ კვირაში ექვს პატარა ჯგუფს ვინახულებდი. ყოველთვის ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდი“.
ორი წლის შემდეგ, 1938 წელს ძმა ბუთი რეგიონალურ მსახურად დანიშნეს, რათა ყოველკვირა სამხარეო (დღევანდელი სარაიონო) კონგრესებისთვის გაეწია ზედამხედველობა. ეს ძალიან გამამხნევებელი იყო იმ მხარეში მცხოვრები ძმებისთვის, სადაც დევნა მატულობდა. ძმა ბუთმა იმ დროისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების გახსენებისას თქვა: „იმავე კვირას [როცა ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი) დაახლოებით სამოცი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე სასამართლოში მოწმედ გამოვედი] სხვა საქმეზე მოპასუხე ვიყავი ჯოლიეტში (ილინოისი შტატი) და ერთ ძმას ვიცავდი მედისონის (ინდიანას შტატი) სასამართლოში. ამასთანავე, პასუხისმგებელი ვიყავი სამხარეო კონგრესებზე, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას ტარდებოდა“.
1946 წელს სამხარეო კონგრესების (ახლანდელი სარაიონო კონგრესები) განახლებიდან ორი წლის შემდეგ, იმ ძმებს შორის, რომლებიც საოლქო მსახურებად დანიშნეს, იყო კერი ბარბერი. ამ დროისთვის მას უკვე 25 წელი ჰქონდა ნამსახურები ბრუკლინის ბეთელში (ნიუ-იორკის შტატი). ოლქი, სადაც მას უნდა ემსახურა, შეერთებული შტატების მთელ დასავლეთ ნაწილს მოიცავდა. თავიდან ძმა ბარბერს ერთი კონგრესიდან მეორეზე ჩასასვლელად ყოველკვირა დაახლოებით 1 600 კილომეტრის გავლა უწევდა. კრებების რიცხვის ზრდასთან ერთად მათ შორის მანძილი მცირდებოდა და ხშირად დიდი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სარაიონო კონგრესი ტარდებოდა. 1977 წელს, მიმოსვლითი მსახურების დაწყებიდან 29 წლის შემდეგ, ძმა ბარბერი ისევ მიიწვიეს მსოფლიო მთავარ სამმართველოში, რათა ხელმძღვანელ საბჭოში ემსახურა.
ომისა და დევნების დროს ხშირად მიმომსვლელი ზედამხედველები საკუთარ სიცოცხლესა და თავისუფლებას საფრთხეში იგდებდნენ, რომ და-ძმები სულიერად გაემხნევებინათ. ნაცისტების მიერ ბელგიის ოკუპაციის დროს ანდრე ვოზნიაკი კვლავაც განაგრძობდა კრებების მონახულებას და მათ ლიტერატურით მომარაგებაში ეხმარებოდა. გესტაპო ხშირად კვალდაკვალ დაჰყვებოდა მას, მაგრამ ვერ იჭერდა.
1970-იანი წლების ბოლოს როდეზიაში (ახლანდელი ზიმბაბვე) ხალხი შიშში ცხოვრობდა და სამოქალაქო ომის დროს ქვეყანაში გადაადგილება რთული იყო. მაგრამ მიმომსვლელმა ზედამხედველებმა, როგორც მოსიყვარულე მწყემსებმა, დაამტკიცეს, რომ თავშესაფარი იყვნენ ქარში (ეს. 32:2). ზოგიერთს დაშორებულ ტერიტორიებზე არსებული კრებები რომ მოენახულებინა და და-ძმები რწმენაში განემტკიცებინა, უდაბური და მთაგორიანი ადგილების გავლა, საშიში მდინარეების გადაკვეთა და ღია ცის ქვეშ ღამეების გათევა უწევდა. ერთ-ერთი ასეთი მსახური იყო აიზაია მაკორე, რომელიც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს სამთავრობო ჯარებისა და „თავისუფლებისთვის მებრძოლთა“ დაპირისპირების დროს, როცა მის თავს ზემოთ ტყვიები ზუზუნებდა.
სხვა მიმომსვლელი ზედამხედველები მრავალი წლის მანძილზე ინახულებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ კრებებს. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტები ხშირად ჩადიოდნენ სხვა ქვეყნებში ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად და კონგრესებზე მოხსენებების წარმოსათქმელად. ასეთი მონახულებები ძალიან დამხმარე აღმოჩნდა იეჰოვას მოწმეებისთვის, რომ საერთაშორისო საძმოს წევრებად ეგრძნოთ თავი. ამ საქმეს განსაკუთრებით დიდ დროს უთმობდა ძმა ნორი, რომელიც რეგულარულად ინახულებდა ფილიალებსა და მისიონერთა სახლებს. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად მსოფლიო ათ საერთაშორისო მხარედ დაიყო. 1956 წლის 1 იანვრიდან დაწყებული ორგანიზაციის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სპეციალურად მომზადებული ძმები სამხარეო მსახურებას შეუდგნენ, რათა ამას რეგულარული სახე მიეღო. დღეს სამხარეო მონახულებები ხორციელდება ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივი კომიტეტის ზედამხედველობით და ხელს უწყობს საერთაშორისო საძმოს ერთობასა და ორგანიზაციის საქმიანობის წინსვლას.
მაგრამ ორგანიზაციაში ჯერ კიდევ დიდი ცვლილებები უნდა მომხდარიყო, სანამ ის დღევანდელ სახეს მიიღებდა.
შემდგომი თეოკრატიული ცვლილებები
მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, როცა 1942 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა ჯოზეფ რუტერფორდი და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მესამე პრეზიდენტი ნეითან ნორი გახდა. ორგანიზაცია დიდ სირთულეებს ხვდებოდა, რადგან მრავალ ქვეყანაში მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო, პატრიოტიზმს ამოფარებული ბრბო მათ თავს ესხმოდა და მსახურებაში ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებისთვის და-ძმებს აპატიმრებდნენ. შეფერხდებოდა ორგანიზაციის საქმიანობა ამ მძიმე პერიოდში ხელმძღვანელი ძმების შეცვლის გამო? ადმინისტრაციულ საკითხებზე პასუხისმგებელი ძმები ხელმძღვანელობისა და კურთხევისთვის იეჰოვას მიმართავდნენ. მათ ძალიან სურდათ ღვთიური ხელმძღვანელობის მიყოლა, ამიტომ გადახედეს ორგანიზაციულ სტრუქტურას, რათა დაენახათ, ხომ არ იყო ისეთი მხარე, რომელშიც უფრო მეტად უნდა დაეცვათ იეჰოვას პრინციპები.
1944 წელს პიტსბურგში (პენსილვანიის შტატი) საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიურ შეხვედრასთან დაკავშირებით კონგრესი ჩატარდა. 30 სექტემბერს ყოველწლიური შეხვედრის წინ წარმოითქვა მნიშვნელოვანი მოხსენებათა სერია იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბიბლია იეჰოვას მსახურთა ორგანიზაციაზე.c ძირითადი ყურადღება ხელმძღვანელ საბჭოზე გამახვილდა. მოხსენებებში ხაზი გაესვა იმას, რომ ყველა გაერთიანება, რომელსაც ერთგული და გონიერი მონა იყენებს, ბიბლიური პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს. აგრეთვე აიხსნა, რომ ღვთისადმი მიძღვნილი ხალხიდან ყველა არ შედის ამ იურიდიულ გაერთიანებაში. ეს გაერთიანება უბრალოდ მათი სახელით მოქმედი იურიდიული პირია. მაგრამ, რამდენადაც ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეებისთვის ბიბლიურ ლიტერატურას გამოსცემს, გონივრულია და აუცილებელიც, რომ ხელმძღვანელი საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდეს ამ იურიდიული გაერთიანების წევრებთან და დირექტორებთან. სრულად იყენებდნენ ისინი თეოკრატიულ პრინციპებს ამ საკითხებში?
ორგანიზაციის წესდების თანახმად, დირექტორთა საბჭოს წევრებისა და ორგანიზაციის პასუხისმგებელი წევრების ასარჩევად შეტანილი ყოველი 10 ამერიკული დოლარი ერთ ხმას ნიშნავდა. ერთი შეხედვით, ასეთი შენატანი ორგანიზაციის საქმიანობისადმი გულწრფელ ინტერესზე მიანიშნებდა, მაგრამ ამან პრობლემები წარმოშვა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ძმა ნორმა თქვა: „ორგანიზაციის წესდებიდან ისე ჩანს, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრობა იურიდიულ გაერთიანებაში შეტანილ შესაწირავზეა დამოკიდებული. მაგრამ ღვთის ნების თანახმად ასე არ უნდა ხდებოდეს ღვთის მიერ ამორჩეულ ხალხში“.
ფაქტია, რომ ჩარლზ ტეიზ რასელი, რომელიც 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ საბჭოს ედგა სათავეში, ორგანიზაციის მხარდასაჭერად არ იშურებდა ფინანსურ, ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებს. მაგრამ იმას, თუ როგორ იყენებდა მას უფალი, არ განსაზღვრავდა ფულადი შესაწირავი. ღვთის თვალში ის იყო სრულად მიძღვნილი, დაუღალავი მსახური, რომელიც მტკიცედ იცავდა სამეფოს ინტერესებს და ურყევ ერთგულებას ავლენდა. თეოკრატიულ ორგანიზაციაში შემდეგი წესი მოქმედებს: „ღმერთმა სხეულის თითოეული ნაწილი თავისი ნებისამებრ განალაგა“ (1 კორ. 12:18). „მაგრამ, — თქვა ძმა ნორმა, — რამდენადაც ორგანიზაციის წესდების თანახმად, ხმათა რაოდენობა ორგანიზაციის საქმიანობის მხარდასაჭერად შეტანილ თანხაზე იყო დამოკიდებული, ეს ეწინააღმდეგებოდა ხელმძღვანელ საბჭოსთან დაკავშირებულ თეოკრატიულ პრინციპებს და საფრთხესა და დაბრკოლებას უქმნიდა ორგანიზაციის საქმიანობას“.
ამიტომ 1944 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა მათი შეხვედრა, ვისაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა. ამ შეხვედრაზე ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი იმას, რომ გადაეხედათ ორგანიზაციის წესდებისთვის და ის თეოკრატიულ პრინციპებთან შეეთანხმებინათ. შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ ამომრჩეველ მამაკაცთა რაოდენობა 300-დან 500-მდე იქნებოდა. თითოეულ მათგანს ამოირჩევდა დირექტორთა საბჭო არა ფულადი შესაწირავის საფუძველზე, არამედ იმის საფუძველზე, იყვნენ თუ არა ისინი მოწიფული, აქტიური და ერთგული იეჰოვას მოწმეები, რომლებიც სრული დროით იყვნენ დაკავებული ორგანიზაციის საქმეებით. ეს წევრები აირჩევდნენ დირექტორთა საბჭოს, დირექტორთა საბჭო კი, თავის მხრივ, ორგანიზაციის მმართველ წევრებს აირჩევდა. ეს ახალი კანონი 1945 წლის 1 ოქტომბერს შევიდა ძალაში. ამან დიდად დაიცვა ორგანიზაცია იმ პირებისგან, რომლებიც ფინანსური მაქინაციებით არაერთხელ ცდილობდნენ, იურიდიული გაერთიანება ხელში ჩაეგდოთ და ის თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ.
აშკარა იყო, რომ იეჰოვამ აკურთხა ძმების მცდელობა, მის ორგანიზაციას თეოკრატიის პრინციპებთან შეთანხმებით ემოქმედა. იმ სირთულეების მიუხედავად, რომელთაც ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროს შეხვდა, სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი იზრდებოდა. მოწმეები კვლავაც გულმოდგინედ ქადაგებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ. 1939—1946 წლებში მოწმეების რიცხვი 157 პროცენტით გაიზარდა და მათ კიდევ ექვს ქვეყანაში დაიწყეს სასიხარულო ცნობის ქადაგება. მომდევნო 25 წლის განმავლობაში აქტიური მოწმეების რიცხვი თითქმის 800 პროცენტით გაიზარდა და მაუწყებლებმა დამატებით 86 ქვეყანაში დაიწყეს ანგარიშების რეგულარულად ჩაბარება.
ზედამხედველების მომზადება
ისინი, ვინც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, ფიქრობდნენ, რომ ორგანიზაციის ზრდასთან ერთად მისი ნორმები გაუბრალოვდებოდა. მაგრამ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იეჰოვას მსახურებში სამართლიანობა და მშვიდობა იქნებოდა (ეს. 60:17). ამისთვის საჭირო იყო, ზედამხედველებს გამუდმებით ესწავლათ ღვთის სიტყვა, კარგად გაეგოთ ღვთის სამართლიანობასთან დაკავშირებული პრინციპები და პრაქტიკაში გამოეყენებინათ. ამიტომ „საგუშაგო კოშკში“ გამუდმებით განიხილებოდა ღვთის სამართლიანი პრინციპები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში არსებულ იეჰოვას მოწმეთა კრებებში სისტემატურად სწავლობდნენ. გარდა ამისა, სამწყსოს ზედამხედველებს დამატებითი მითითებებიც ეძლეოდათ.
საერთაშორისო კონგრესების დროს ორგანიზაციის ფილიალების ზედამხედველი ძმები სწავლების სპეციალურ კურსს გადიოდნენ. 1961—1965 წლებში ნიუ-იორკში მათთვის ტარდებოდა 8-10-თვიანი სპეციალური სკოლა. 1977—1980 წლებში მათთვის კიდევ ერთი, 5-კვირიანი კურსი ტარდებოდა. ამ კურსის დროს ისინი დაწვრილებით სწავლობდნენ ბიბლიის ყველა წიგნს, ასევე ორგანიზაციულ საკითხებს და სასიხარულო ცნობის ქადაგების მეთოდებს. იეჰოვას მოწმეები ერთმანეთს ეროვნების მიხედვით არ ყოფენ. სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ისინი ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს იცავენ, ერთნაირი რელიგიური შეხედულებები აქვთ და ერთი და იმავეს ასწავლიან.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა აგრეთვე სარაიონო და საოლქო ზედამხედველების სწავლებას. მრავალმა მათგანმა დაამთავრა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ ან მისი ერთ-ერთი კლასი, რომელიც სხვა ქვეყანაში ჩატარდა. დროდადრო ისინი იკრიბებიან ორგანიზაციის ფილიალებში ან სწავლებისთვის მოსახერხებელ სხვა ადგილებში სემინარებზე, რომლებიც რამდენიმე დღე ან ერთი კვირა გრძელდება.
1959 წლიდან კიდევ ერთ განსაკუთრებულ სკოლას ჩაეყარა საფუძველი. ეს იყო სამეფო მსახურების სკოლა სარაიონო, საოლქო და კრების ზედამხედველებისთვის. თავიდან ის ერთთვიანი იყო. შეერთებულ შტატებში ამ სკოლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ სასწავლო მასალა გადაითარგმნა სხვა ენებზე და თანდათანობით მთელ მსოფლიოში დაიწყეს ძმებმა ამ კურსის გავლა. ვინაიდან კრებების ყველა ზედამხედველს არ შეეძლო სამსახურიდან ერთი თვით გათავისუფლება, 1966 წლიდან ეს სკოლა ორკვირიანი გახდა.
სამეფო მსახურების სკოლა სასულიერო სემინარია არ არის, რომლის დამთავრების შემდეგაც მამაკაცები სასულიერო წოდებას იღებენ. ისინი, ვინც ეს სკოლა გაიარეს, უკვე ღვთის მსახურები იყვნენ. მრავალი მათგანი უკვე ათობით წელი იყო ღვთის სამწყსოს მწყემსი და ზედამხედველი. სწავლის დროს ამ ძმებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, დაწვრილებით განეხილათ ღვთის სიტყვიდან ის მითითებები, რომლებიც მათ საქმიანობას ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა სამქადაგებლო მსახურებასა და ეფექტურად ქადაგებაზე. მსოფლიოში ზნეობრივი ნორმების დაცემის გამო სკოლაში დიდი დრო ეთმობოდა ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებზე მსჯელობას. დღეს ორ-სამ წელიწადში ერთხელ ტარდება სემინარები, რომლებზეც ძმები სწავლების მსგავს კურსს გადიან. აგრეთვე მიმომსვლელი ზედამხედველები წელიწადში რამდენჯერმე ხვდებიან კრების უხუცესებს, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კრების საჭიროებებს. ეს ეხმარება ქრისტიანებს, არ გადაუხვიონ ბიბლიურ ნორმებს და კრებებში შექმნილ სიტუაციებთან გასამკლავებლად ერთი და იმავე პრინციპებით იხელმძღვანელონ.
იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ 1 კორინთელების 1:10-ში ჩაწერილ მოწოდებას: „ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით“. ასეთი ერთიანობა იძულებით კი არ მიიღწევა, არამედ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის გზების სწავლით. იეჰოვას მოწმეებს ახარებთ ღვთის მცნებებისა და განზრახვების თანახმად ცხოვრება. თუ ვინმეს არ სიამოვნებს ბიბლიური ნორმების დაცვა, მას შეუძლია დატოვოს ორგანიზაცია. მაგრამ, თუ ვინმე სხვა სწავლებების ქადაგებას იწყებს ან ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს უგულებელყოფს, ზედამხედველები სამწყსოს დასაცავად გარკვეულ ზომებს მიმართავენ. ორგანიზაცია ითვალისწინებს შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ“ (რომ. 16:17; 1 კორ. 5:9—13).
ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი თავის მსახურებს შეუქმნიდა შესანიშნავ პირობებს, სადაც გაიხარებდა სიმართლე და მშვიდობიან ნაყოფს გამოიღებდა (ეს. 32:1, 2, 17, 18). ასეთი პირობები იზიდავს სიმართლის მოყვარულთ.
რამდენი სიმართლის მოყვარული მოიყრის თავს ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე? იეჰოვას მოწმეებმა არ იციან ეს. მაგრამ იეჰოვამ იცის, რა იქნება საჭირო ამ საქმის შესასრულებლად და თავის დროზე უზრუნველყოფს ორგანიზაციას ყოველივე აუცილებლით.
არნახული ზრდისთვის მზადება
როცა ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით მზადდებოდა წიგნი „ბიბლიის საკვლევი სახელმძღვანელო“, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ იყო ორგანიზებული პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება. გულდასმით იყო გარჩეული ისეთი ბიბლიური ტერმინები, როგორიცაა „უხუცესი“, „ზედამხედველი“ და „მსახური“. შესაძლებელი იყო, რომ იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ორგანიზაცია უფრო მეტად მიჰყოლოდა პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს?
იეჰოვას მოწმეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ყოველთვის დამორჩილებოდნენ ღვთის ხელმძღვანელობას. 1971 წელს ჩატარებულ კონგრესებზე ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობა. აღნიშნული იყო, რომ ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა პრესბიტერი (უხუცესი) არ გამოიყენებოდა ყოველთვის ხანდაზმულებთან ან კრებაში სულიერად მოწიფულ ყველა ქრისტიანთან; ხშირად, ის კრების ზედამხედველების ოფიციალური სახელწოდება იყო (საქ. 11:30; 1 ტიმ. 5:17; 1 პეტ. 5:1—3). ეს ძმები წმინდა წერილებში ჩაწერილი მოთხოვნების შესაბამისად ინიშნებოდნენ (საქ. 14:23; 1 ტიმ. 3:1—7; ტიტ. 1:5—9). იმ კრებებში, სადაც ამ მოთხოვნებს რამდენიმე ძმა აკმაყოფილებდა, იმდენივე უხუცესს ნიშნავდნენ (საქ. 20:17; ფილ. 1:1). ისინი ქმნიდნენ „უხუცესთა საბჭოს“, რომელშიც ყველა თანასწორი იყო და არავინ იყო სხვებზე აღმატებული ან უფლებამოსილი (1 ტიმ. 4:14). უხუცესებს ეხმარებოდნენ „მომსახურეები“, რომლებიც პავლე მოციქულის მიერ მოხსენიებული მოთხოვნების შესაბამისად ინიშნებოდნენ (1 ტიმ. 3:8—10, 12, 13).
დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები, რომ ორგანიზაციული წყობა უფრო მეტად ყოფილიყო ამ ბიბლიურ ნიმუშთან შეთანხმებული. ცვლილებები უპირველესად ხელმძღვანელ საბჭოს შეეხო. ახლა მასში მხოლოდ „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ დირექტორთა საბჭოს შვიდი წევრი არ შედიოდა. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრების რაოდენობა უკვე განსაზღვრული აღარ იყო. 1971 წლისთვის ხელმძღვანელ საბჭოში 11 ძმა მსახურობდა, რამდენიმე წელიწადში — 18, 1992 წელს კი — 12. ისინი ღვთისგან არიან ცხებულები, როგორც იესო ქრისტეს თანამემკვიდრეები. 1992 წელს ხელმძღვანელ საბჭოში მომსახურე 12 ძმას იეჰოვა ღმერთისადმი სრული დროით მსახურებაში, საერთო ჯამში, 728 წელზე მეტი ჰქონდა გატარებული.
1971 წლის 6 სექტემბერს გადაწყდა, რომ ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრების თავმჯდომარე ყოველ წელს ანბანის მიხედვით შეიცვლებოდა. ეს ცვლილება 1 ოქტომბერს შევიდა ძალაში. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები აგრეთვე ყოველკვირა რიგრიგობით ატარებდნენ დილის თაყვანისცემას და მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას.d ეს ცვლილება ძალაში შევიდა 1971 წლის 13 სექტემბერს, როცა ბრუკლინში (ნიუ-იორკის შტატი) ორგანიზაციის მთავარ სამმართველოში დილის თაყვანისცემის პროგრამა ფრედერიკ ფრენცს მიჰყავდა.
შემდეგ წელს დაიწყეს მზადება კრების ზედამხედველობაში ცვლილებების შესატანად. კრებას მეტად აღარ ეყოლებოდა მხოლოდ ერთი მსახური, რომელსაც განსაზღვრული რაოდენობის ძმები ეხმარებოდნენ, არამედ ყველა ძმა, რომელიც ბიბლიაში ჩაწერილ საჭირო მოთხოვნებს შეესაბამებოდა, უხუცესად დაინიშნებოდა. სხვები კი, რომლებიც ასევე დააკმაყოფილებდნენ ბიბლიის მოთხოვნებს, მომსახურეებად დაინიშნებოდნენ. ამან ბევრ ძმას კრებაში პასუხისმგებლობების მიღებისა და ძვირფასი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა მისცა. იმ დროს იეჰოვას მოწმეები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მომდევნო 21 წლის განმავლობაში კრებების რიცხვი 156 პროცენტით გაიზრდებოდა და 1992 წლისთვის 69 558-ს მიაღწევდა. თუმცა აშკარა იყო, რომ კრების თავი, უფალი იესო ქრისტე თავის ხალხს მომავალი ცვლილებებისთვის ამზადებდა.
1970-იანი წლების დასაწყისში ყურადღება მიექცა ხელმძღვანელი საბჭოს შემდგომ რეორგანიზაციას. 1884 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ რეგისტრაციაში გატარების მომენტიდან ლიტერატურის გამოცემა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაზე ზრუნვა და სკოლებისა თუ კონგრესების ჩატარება ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტის ოფისის ზედამხედველობით ხორციელდებოდა. მაგრამ მრავალთვიანი გულმოდგინე გამოკვლევის შემდეგ ერთსულოვნად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 1975 წლის 4 დეკემბრიდან კიდევ ერთი სიახლე დანერგილიყო. ხელმძღვანელ საბჭოში შეიქმნა ექვსი კომიტეტი.
თავმჯდომარეების კომიტეტი (რომელშიც შედის ხელმძღვანელი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე და შემდგომი თავმჯდომარე) იღებს შეტყობინებებს საგანგებო მდგომარეობის, სტიქიური უბედურებისა და დევნის შესახებ და პასუხისმგებელია, რომ ეს საკითხები ხელმძღვანელმა საბჭომ დროულად განიხილოს. სამწერლო კომიტეტი ზრუნავს, რომ იეჰოვას მოწმეებმა და სხვებმა მიიღონ სულიერი საზრდო ლიტერატურის, აუდიოჩანაწერებისა და ვიდეოჩანაწერების სახით და ზედამხედველობს ამ მასალის ასობით ენაზე თარგმნას. სასწავლო კომიტეტი ზედამხედველობას უწევს იმას, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის ჩატარდეს სხვადასხვა სკოლა, აგრეთვე სარაიონო, საოლქო და საერთაშორისო კონგრესები, პასუხისმგებელია ბეთელის ოჯახის სწავლებაზე და ამ ღონისძიებებისთვის საჭირო მასალის მიწოდებაზე. სამსახურებრივი კომიტეტი თვალყურს ადევნებს ოლქებში სამქადაგებლო საქმის წინსვლას და კრებებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობას. საგამომცემლო კომიტეტის მოვალეობაში შედის ლიტერატურის ბეჭდვა, გამოცემა და ტრანსპორტირება, აგრეთვე სტამბების საქმიანობა და სამართლებრივი თუ ფინანსური საკითხები. კადრების კომიტეტი ზრუნავს ბეთელის ოჯახის წევრების ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობაზე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბეთელებში ახალი წევრების მოწვევაზე (1992 წლის შემდეგ ამ კომიტეტებიდან ზოგიერთმა გარკვეული ცვლილებები განიცადა).
ამ კომიტეტებს დიდ დახმარებას უწევს დამატებითი კომიტეტები, რომლებიც ზედამხედველობენ მსოფლიო მთავარი სამმართველოს სტამბებს, ბეთელებსა და ფერმებს. ამ კომიტეტებში ხელმძღვანელი საბჭო აქტიურად თანამშრომლობს „უამრავი ხალხის“ წარმომადგენლებთან (გამოცხ. 7:9, 15).
ორგანიზაციის ფილიალების მართვის საქმეშიც მოხდა ცვლილებები. 1976 წლის 1 თებერვლიდან ყოველ ფილიალს ზედამხედველობს ფილიალის კომიტეტი, რომელიც საჭიროების ან ფილიალის ზომის მიხედვით შედგება სამი ან მეტი წევრისგან. ეს კომიტეტები ექვემდებარება ხელმძღვანელ საბჭოს და ეხმარება მას ადგილობრივ ტერიტორიაზე სამეფოს ინტერესებზე ზრუნვაში.
1992 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ დამატებითი მხარდაჭერა მიიღო, როცა სამწერლო, სასწავლო, სამსახურებრივი, საგამომცემლო და კადრების კომიტეტების შეხვედრებსა და საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად დანიშნეს ბევრი დამხმარე, უმთავრესად „უამრავი ხალხის“ წარმომადგენლები.e
პასუხისმგებლობების ასეთი გადანაწილება სასარგებლო აღმოჩნდა. კრებების საქმეების წინსვლასთან ერთად ასეთი ცვლილებები დაეხმარა თითოეულ ქრისტიანს იმ დაბრკოლებების გადალახვაში, რომლებსაც შესაძლოა ხელი შეეშალა მათთვის, რომ ქრისტე კრების თავად ეღიარებინათ. ცხადი გახდა, რომ, როცა რამდენიმე ძმა ერთად მსჯელობს სამეფოს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამას საუკეთესო შედეგები მოაქვს. ამასთანავე, ასეთმა ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა, ძმებს ყურადღება მიექციათ იმ საკითხებისთვის, რომლებიც ორგანიზაციის ზრდის გამო სასწრაფოდ საჭიროებდა მოგვარებას. დიდი ხნის წინათ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ეს. 60:22). ღმერთმა არა მარტო დააჩქარა ზრდა, არამედ თავისი ხილული ორგანიზაცია საჭირო ხელმძღვანელობით უზრუნველყო.
იეჰოვას მოწმეების მთავარი მიზანი ის არის, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ღვთის მიერ დაკისრებული საქმე შეასრულონ, რისთვისაც სათანადოდ არიან ორგანიზებულნი. მოწმეებს უტყუარი მტკიცება აქვთ იმისა, რომ ორგანიზაციას ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე ხელმძღვანელობენ და არა ადამიანები. იესო, როგორც მმართველი მეფე, დიდ გასაჭირში დაიცავს ერთგულ ქვეშევრდომებს და დაეხმარება, რომ კარგად იყვნენ ორგანიზებულნი მომავალი ათასწლიანი მმართველობის პერიოდში ღვთის ნების შესასრულებლად.
[სქოლიოები]
a 1894 წელს ძმა რასელის ინიციატივით „სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოებამ“ მომზადებული ძმები სხვადასხვა ადგილას გაგზავნა მოხსენებების წარმოსათქმელად. მათ ეძლეოდათ ხელმოწერილი მოწმობები ბიბლიის მკვლევართა ადგილობრივი ჯგუფებისთვის წარსადგენად. ასეთი მოწმობის ქონა არ ნიშნავდა იმას, რომ მხოლოდ მის მფლობელს ჰქონდა ქადაგების უფლება და მისი ნათქვამი ბიბლიიდან აღარ უნდა შეემოწმებინათ. მაგრამ ზოგმა ძმამ არასწორად გაიგო ამ მოწმობების დანიშნულება, ამიტომ ძმა რასელმა ისინი იმავე წელს უკან დააბრუნებინა ყველას. რასელი ერიდებოდა ყველაფერს, რაც სხვებს აფიქრებინებდა, რომ მათ შორის სასულიერო კლასი არსებობდა.
b 1881 წლის ოქტომბერ-ნოემბრის „სიონის საგუშაგო კოშკი“, გვ. 8, 9.
c იმ დროს ბიბლიის მკვლევართა ადგილობრივ ჯგუფებს ბიბლიის ბერძნული ტექსტის მიხედვით ეწოდებოდა „ეკლესია“. ასევე მათ ერქვათ „კლასები“, რადგან ამ ჯგუფების წევრები რეგულარულად იკრიბებოდნენ სწავლისთვის. მოგვიანებით მათ „გაერთიანებები“ ეწოდა, რადგან იცოდნენ, რომ სულიერ ომში იყვნენ ჩაბმულნი (იხილეთ ფსალმუნის 67:12, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). 1950 წელს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოსვლის შემდეგ მრავალ ქვეყანაში დაიწყეს თანამედროვე ბიბლიური ტერმინის, „კრების“ გამოყენება.
d ბერძნულ დედნისეულ ტექსტში გამოყენებული სიტყვა ხიროტონეო ნიშნავს „ხელის გაწევას, გაწვდენას ან აწევას“. ეს სიტყვა აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს „რაიმე თანამდებობაზე ხელის აწევით არჩევას ან ამორჩევას“ (A Greek and English Lexicon to the New Testament, ჯონ პარხურსტი, 1845 წელი, გვ. 673).
e დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 25, „სახალხოდ და კარდაკარ ქადაგება“.
f 1919 წლიდან დაწყებული სამსახურებრივ ხელმძღვანელს კრების ან ჯგუფის წევრების სამქადაგებლო ანგარიშები ყოველკვირა უნდა გაეგზავნა ორგანიზაციისთვის.
g სახელმძღვანელოში „ორგანიზაციული მეთოდები“ აღნიშნული იყო, რომ თითოეულ კრებაში უნდა აერჩიათ ხელმძღვანელის დამხმარე და ლიტერატურაზე პასუხისმგებელი. ორგანიზაციის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელთან ერთად ისინი კრების კომიტეტს შეადგენდნენ.
h 1920 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 195—200.
i იმ დროს სამსახურებრივ კომიტეტში ათზე მეტი ძმა არ უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მათგანი იყო სამსახურებრივი ხელმძღვანელი, რომელსაც კრება კი არ ირჩევდა, არამედ ორგანიზაცია ნიშნავდა. დანარჩენები მასთან თანამშრომლობდნენ ორგანიზაციულ და მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
j 1932 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მათ იონადაბებს უწოდებდნენ.
k ზოგ ლექსიკონში ბერძნულ ზმნას ხიროტონეო მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს: „ხელის გაწვდენით არჩევა“. თუმცა ამ დროს მხედველობიდან რჩებათ ის მნიშვნელობა, რომელიც ამ სიტყვამ მოგვიანებით შეიძინა. ლიდელისა და სკოტის „ბერძნულ-ინგლისურ ლექსიკონში“, რომელიც გამოსცეს ჯონსმა და მაკენზიმ, ეს სიტყვა განიმარტება, როგორც „ხელის გაწვდენა შესაკრებელში ხმის მიცემის მიზნით . . . II. ბრალდებითი ბრუნვა [აკუზატივი, რომელიც გამოიყენება პიროვნებასთან], არჩევა, როგორც წესი, ხელის აწევით . . . ბ) მოგვიანებით, ძირითადად, დანიშვნა, . . . ეკლესიაში მსახურებისთვის დანიშვნა, [პრესბიტერუს] მოციქ. საქმ. [მოციქულთა საქმეები] 14:23“ (1968 წლის გამოცემა). ამ სიტყვის ბოლო მნიშვნელობა ფართოდ იყო გავრცელებული მოციქულების დროს. ზუსტად ამ მნიშვნელობით იყენებდა ამ სიტყვას პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი თავის ნაშრომში „იუდეველთა სიძველენი“, წიგნი 6, თავი 4, აბზაცი 2 და თავი 13, აბზაცი 9. ბერძნულ დედნისეულ ენაზე საქმეების 14:23-ის გრამატიკული აგებულება გვიჩვენებს, რომ მოქმედებას ასრულებდნენ პავლე და ბარნაბა.
l იმავე წელს, მოგვიანებით, გამოქვეყნდა ოთხგვერდიანი ბროშურა „ორგანიზაციული ინსტრუქციები“, რომელიც დამატებით მითითებებს შეიცავდა. მასში ახსნილი იყო, რომ ადგილობრივ კრებაში უნდა დაენიშნათ კომიტეტი, რომელიც კრების სახელით იმოქმედებდა. ამ კომიტეტს ბიბლიის საფუძველზე უნდა განეხილა ძმების კანდიდატურები და ორგანიზაციისთვის გაეგზავნა რეკომენდაციები. როცა მიმომსვლელი წარმომადგენლები მოინახულებდნენ კრებებს, ისინი განიხილავდნენ, რამდენად შეძლებდნენ ესა თუ ის ძმები სხვადასხვა პასუხისმგებლობის შესრულებას და რამდენად ერთგულად ასრულებდნენ უკვე დაკისრებულ დავალებებს. ორგანიზაცია ძმების დანიშვნის დროს მიმომსვლელი წარმომადგენლების რეკომენდაციებსაც ითვალისწინებდა.
a 1894—1927 წლებში ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ მიმომსვლელ მომხსენებლებს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლები ეწოდებოდათ, შემდეგ კი — პილიგრიმები. 1928—1936 წლებში, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამქადაგებლო საქმიანობას, მათ რეგიონალური სამსახურებრივი ხელმძღვანელები ეწოდათ. 1936 წლის ივლისიდან, ადგილობრივ ძმებთან დაკავშირებით მათი როლის ხაზგასასმელად, მათ რეგიონალური მსახურები უწოდეს. 1938—1941 წლებში განსაზღვრული რაოდენობის კრებების მოსანახულებლად ნიშნავდნენ სამხარეო მსახურებს, რომლებიც გარკვეული დროის ინტერვალით რეგულარულად ინახულებდნენ ერთი და იმავე ჯგუფებს. ერთი წლის განმავლობაში მათი საქმიანობა შეჩერებული იყო, მაგრამ 1942 წელს განახლდა და მათ საძმოს მსახურები ეწოდათ. 1948 წლიდან ისინი ცნობილნი არიან, როგორც სარაიონო მსახურები, დღეს კი — სარაიონო ზედამხედველები.
1938—1941 წლებში რეგიონალური მსახურები რეგულარულად გამოდიოდნენ ადგილობრივ კონგრესებზე, სადაც სპეციალური პროგრამის მოსასმენად ერთ მხარეში მცხოვრები მოწმეები იკრიბებოდნენ. როდესაც 1946 წელს ეს საქმიანობა განახლდა, ამ მიმომსვლელ ზედამხედველებს საოლქო მსახურები ეწოდათ. დღეს მათ საოლქო ზედამხედველები ეწოდებათ.
b ეს ცვლილება 1938 წლის 1 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. ომით გამოწვეული სირთულეების გამო 1941 წლის მიწურულს სამხარეო კონგრესების ჩატარება შეჩერდა. მაგრამ 1946 წელს განახლდა შეკრებები, რომლებზეც კრებები სპეციალურ მითითებებს იღებდნენ, და მათ სარაიონო კონგრესები ეწოდა.
c ამ მოხსენებების ძირითადი აზრები გადმოცემულია 1944 წლის „საგუშაგო კოშკის“ 15 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის ნომრებში.
d მოგვიანებით ამ შეხვედრების ჩასატარებლად მათ ბეთელის ოჯახის სხვა წევრებიც აირჩიეს.
e 1992 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 7—17, 31.
[ჩანართი 204 გვერდზე]
მათ შორის არ იყო სასულიერო კლასი
[ჩანართი 205 გვერდზე]
ისინი არ ცდილობდნენ „მიწიერი ორგანიზაციის“ შექმნას
[ჩანართი 206 გვერდზე]
როგორ ირჩევდნენ უხუცესებს?
[ჩანართი 212 გვერდზე]
ხელმძღვანელებს ორგანიზაცია ნიშნავდა
[ჩანართი 213 გვერდზე]
ზოგ უხუცესს არ სურდა კრების გარეთ ქადაგება
[ჩანართი 214 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეთა რიგები შეთხელდა, მაგრამ ორგანიზაცია მთლიანობაში გაძლიერდა
[ჩანართი 218 გვერდზე]
როგორ ხდებოდა ძმებისთვის პასუხისმგებლობების მიცემა?
[ჩანართი 220 გვერდზე]
ცდილობდა რუტერფორდი, რომ მეტი უფლებამოსილება მოეპოვებინა?
[ჩანართი 222 გვერდზე]
კავშირს არ წყვეტდნენ იმ ჯგუფებთან, რომლებშიც ორი, სამი ან მეტი ადამიანი იყო
[ჩანართი 223 გვერდზე]
მიმომსვლელ ზედამხედველებს ახალი პასუხისმგებლობები დაეკისრათ
[ჩანართი 234 გვერდზე]
ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და თავმჯდომარე ყოველ წელს იცვლებოდა
[ჩანართი 235 გვერდზე]
აუცილებელი ხელმძღვანელობის გაწევა არნახული ზრდის დროს
[ჩარჩო 207 გვერდზე]
რატომ მოხდა ცვლილება?
როდესაც ძმა რასელს ჰკითხეს, რატომ შეიცვალა თვალსაზრისი უფლის ხალხის სხვადასხვა ჯგუფში უხუცესების არჩევასთან დაკავშირებით, მან უპასუხა:
„უპირველესად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არასდროს ვამტკიცებდი ჩემს უცოდველობას . . . ჩვენ არ უარვყოფთ, რომ თანდათანობით ვიძენთ ცოდნას და ახლა ცოტა სხვაგვარად ვხედავთ, როგორია უფლის ნება ღვთის ხალხის პატარა ჯგუფებში უხუცესებთან ანუ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ძალიან ბევრს ვითხოვდით იმ ძვირფასი ძმებისგან, რომლებიც ჭეშმარიტებაში მოსვლისთანავე გახდნენ ამ პატარა ჯგუფების ხელმძღვანელები. ჩვენ გავაიდეალეთ ისინი და გულწრფელად გვჯეროდა, რომ ცოდნის მიღება მათ უფრო თავმდაბლებს გახდიდა. შედეგად, ისინი გაათვითცნობიერებდნენ, რომ უმნიშვნელონი იყვნენ და ყველაფერი, რაც იცოდნენ და რისი გადაცემაც სხვებისთვის შეეძლოთ, იმის წყალობით ჰქონდათ, რომ ღმერთი მათ თავის წარმომადგენლებად იყენებდა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ისინი ყოველმხრივ სამაგალითონი იქნებოდნენ სამწყსოსთვის, და თუ უფლის ნებით ამ პატარა ჯგუფში ერთი ან ორი ასეთივე, ან უფრო უნარიანი ადამიანი გამოჩნდებოდა ჭეშმარიტების გადასაცემად, სიყვარული აღძრავდა მათ, საკუთარ თავზე აღმატებულად ჩაეთვალათ ერთმანეთი; ამგვარად, ისინი დაეხმარებოდნენ და აღძრავდნენ ერთმანეთს ეკლესიაში მსახურებისკენ, რომელიც ქრისტეს სხეულია.
ამიტომ დავასკვენით, რომ საჭირო აღარ იყო მოციქულების გზის მიყოლა, რადგან ასე უხვად გვქონდა წყალობა და ჭეშმარიტება, რომლებიც ძალიან ძვირფასია უფალზე მიძღვნილი ხალხისთვის. ჩვენ ვცდებოდით, რადგან არ გვესმოდა, რომ მოციქულების ღვთივშთაგონებული დადგენილებები აღემატებოდა ნებისმიერი ადამიანის დადგენილებებს და რომ ეკლესია უნდა მიჰყოლოდა მათ, სანამ აღდგომის შემდეგ არ შევიცვლებოდით, სისრულესა და სრულყოფილებას არ მივაღწევდით და მოძღვარს არ შევუერთდებოდით.
თანდათანობით მივხვდით ჩვენს შეცდომას, როცა დავინახეთ, რომ ჩვენს ძვირფას ძმებს შორის მეტოქეობის სული იყო და ბევრს შეხვედრებზე პირველობა სურდა, რადგან უხუცესობა წოდებად აღიქმებოდა და არა ძმებისთვის მსახურების შესაძლებლობად. ისინი ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ სხვა ძმებისთვის ხელმძღვანელობის უნარის განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძმები ბუნებით უნარიანები იყვნენ, მათსავით იცოდნენ ჭეშმარიტება და შეეძლოთ, მარჯვედ გამოეყენებინათ სულის მახვილი“ (1906 წლის 15 მარტის „სიონის საგუშაგო კოშკი“, გვ. 90).
[ჩარჩო⁄სურათები 208, 209 გვერდებზე]
უძრავი ქონება, რომელსაც ორგანიზაცია იყენებდა ერთი საუკუნის წინ პიტსბურგში
„ბიბლიის სახლი“, რომელშიც 1890—1909 წლებში მთავარი სამმართველო იყო განთავსებული
1879 წელს მთავარი სამმართველო პიტსბურგში (პენსილვანიის შტატი) მეხუთე ავენიუს 101-ში მდებარეობდა. 1884 წელს ის ალეგანიში (პიტსბურგის ჩრდილოეთი ნაწილი) ფედერალ-სტრიტის 44-ში გადავიდა, იმავე წელს მოგვიანებით — ფედერალ-სტრიტის 40-ში (1887 წელს რობინსონ-სტრიტის 151-ში გადაიტანეს). როდესაც უფრო მეტი ადგილი გახდა საჭირო, 1889 წელს ძმა რასელმა ააშენა „ბიბლიის სახლი“ (ნაჩვენებია მარცხნივ) ალეგანიში, არჩ-სტრიტის 56—60-ში (მოგვიანებით მისამართი შეიცვალა და გახდა არჩ-სტრიტის 610—614). 1918—1919 წლებში მთავარი სამმართველო დროებით კვლავ განთავსებული იყო პიტსბურგში, ფედერალ-სტრიტის 119-ში მესამე სართულზე.
ძმა რასელი თავის კაბინეტში
„ბიბლიის სახლის“ ოჯახის წევრები, 1902 წელი
შენობაში განთავსებული იყო გრაფიკული განყოფილება (ზემოთ მარჯვნივ), გზავნილთა განყოფილება (ქვემოთ მარჯვნივ) ლიტერატურის საწყობი, საცხოვრებელი ოთახები და 300-ადგილიანი დარბაზი შეხვედრებისთვის
[ჩარჩო 211 გვერდზე]
ვინ ასრულებს საქმეს?
თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს ჩარლზ ტეიზ რასელმა დაწერა: «ხშირად, ღვთის ხალხს გვავიწყდება, რომ უფალი თავის საქმეს თავად ასრულებს. ხშირად, ვფიქრობთ, რომ საქმეს ჩვენ გავაკეთებთ, ღმერთი კი დაგვეხმარება ამ საქმის გაკეთებაში. მოდი ამ საკითხს სწორად შევხედოთ და გავაცნობიეროთ, რომ ღმერთმა გრანდიოზული საქმე განიზრახა და თავად ასრულებს მას; ეს საქმე აუცილებლად შესრულდება, რადგან ის არც ჩვენზეა დამოკიდებული და არც ჩვენს ძალისხმევაზე; ღვთის ხალხისთვის დიდი პატივია შემოქმედთან თანამშრომლობა, რათა მისი გეგმები, განზრახვები და დადგენილებები მისი ნების თანახმად განხორციელდეს. თუ საკითხებს ამ კუთხით შევხედავთ, ჩვენს ლოცვებსა და ფხიზლად ყოფნაში უნდა ჩანდეს, რომ ვიცით და ვასრულებთ უფლის ნებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გვავალია, რადგან წინ ჩვენი ღმერთი მიგვიძღვის. სწორედ ამ გზას ადგას ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“» (1915 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“).
[ჩარჩო⁄სურათი 215 გვერდზე]
ანკეტა V.D.M.
ეს ასოები V.D.M. არის ლათინური სიტყვების Verbi Dei Minister აბრევიატურა და ნიშნავს „ღვთის სიტყვის მსახურს“.
1916 წელს ორგანიზაციამ წმინდა წერილებთან დაკავშირებით მოამზადა კითხვების სია. მათ, ვინც ორგანიზაციის სახელით მოხსენებებით გამოვიდოდა, სთხოვდნენ, რომ ამ კითხვებზე წერილობით ეპასუხათ. ეს შესაძლებლობას აძლევდა ორგანიზაციას, გაეგო, რას ფიქრობდნენ ეს ძმები ამა თუ იმ საკითხზე და რამდენად კარგად ესმოდათ ძირითადი ბიბლიური სწავლებები. პასუხებს ამოწმებდა ორგანიზაციის მიერ სპეციალურად შექმნილი კომიტეტი. მოხსენებებით გამოსვლას შეძლებდა ის, ვინც ამ კითხვებიდან 85 პროცენტს მაინც უპასუხებდა.
მოგვიანებით ბევრმა უხუცესმა, დიაკვანმა და ბიბლიის სხვა მკვლევარმა სთხოვა ორგანიზაციას, რომ თუ შესაძლებელი იყო, მათთვისაც მიეცათ ეს ანკეტა. დროთა განმავლობაში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ჯგუფები მხოლოდ მათ აირჩევდნენ თავიანთ წარმომადგენლებად, ვინც კარგად უპასუხებდა ამ ანკეტაში დასმულ კითხვებს.
როცა ორგანიზაცია ვინმეს „ღვთის სიტყვის მსახურად“ აღიარებდა, ეს მისთვის სასულიერო წოდების მინიჭებას არ ნიშნავდა. ეს უბრალოდ იმაზე მიუთითებდა, რომ სპეციალურმა კომიტეტმა გადახედა მის სულიერ მდგომარეობას, რეპუტაციას და დაასკვნა, რომ ის ღირსი იყო, „ღვთის სიტყვის მსახური“ ყოფილიყო.
კითხვები V.D.M. ანკეტიდან:
1) რომელი ქმნილება შექმნა ღმერთმა პირველად?
2) რას ნიშნავს ღვთის ძესთან დაკავშირებით გამოყენებული სიტყვა „ლოგოსი“? რას ნიშნავს სიტყვები „მამა“ და „ძე“?
3) როდის და როგორ შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში?
4) რა არის ცოდვის სასჯელი და ვინ არიან ცოდვილები?
5) რატომ გახდა საჭირო, რომ „ლოგოსი“ განკაცებულიყო? და იყო თუ არა ეს გარდასახვა?
6) როგორი სხეული ჰქონდა ქრისტე იესოს ბავშვობიდან სიკვდილამდე?
7) როგორი სხეული აქვს იესოს აღდგომის შემდეგ და რა მდგომარეობა უკავია იეჰოვასთან მიმართებით?
8) რით არის დაკავებული იესო „ევანგელიზაციის ეპოქაში“ — ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დღემდე?
9) რა გააკეთეს კაცობრიობისთვის იეჰოვა ღმერთმა და იესომ?
10) რა განზრახვა აქვს ღმერთს ცხებულებისგან შემდგარ ეკლესიასთან დაკავშირებით, როცა ყველა წევრი შეიკრიბება?
11) რა განზრახვა აქვს ღმერთს კაცობრიობასთან დაკავშირებით?
12) რა ელით გამოუსწორებელ ცოდვილებს?
13) რა ჯილდო და კურთხევები ელით იმ ადამიანებს, რომლებიც მესიანურ სამეფოს ემორჩილებიან?
14) რა ნაბიჯები უნდა გადადგას ცოდვილმა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა განავითაროს ქრისტესთან და ზეციერ მამასთან?
15) რომელ გზაზე სიარულისკენ მოუწოდებს ღვთის სიტყვა ქრისტიანს მას შემდეგ, რაც ის ღვთის წმინდა სულით შობილი გახდება?
16) მიატოვე შენი ცოდვები, რომ ცოცხალ ღმერთს ემსახურო?
17) სრულად მიუძღვენი შენი ცხოვრება, ძალა და უნარი ღმერთსა და მის მსახურებას?
18) მოინათლე ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში ჩაძირვით?
19) დადე სიცოცხლის სიწმინდის აღთქმა, როგორც ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის წევრმა?
20) წაიკითხე ყურადღებით „საღვთო წერილის გამოკვლევის“ ექვსივე ტომი?
21) მოგიტანა წაკითხულმა სარგებლობა და შეგძინა მეტი ცოდნა?
22) დარწმუნებული ხარ, რომ გაქვს ბიბლიის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც დაგეხმარება, მთელი ცხოვრების მანძილზე უფლის გამოცდილი მსახური იყო?
[ჩარჩო⁄სურათები 216, 217 გვერდებზე]
შენობები, რომლებსაც ძმები ბრუკლინში იყენებდნენ ადრეულ წლებში
ბეთელის სახლი
კოლუმბია-ჰაიტსის 122—124
ბეთელის სახლის სასადილო
კარავი
ჰიქს-სტრიტის 17. აქ 1909—1918 წლებში განთავსებული იყო ოფისები, ლიტერატურის საწყობი, გზავნილთა განყოფილება, საბეჭდი მოწყობილობები და 800-ადგილიანი დარბაზი
დარბაზი
პირველი სტამბები
მირტლ-ავენიუს 35 (1920—1922)
ბეთელის ოჯახის წევრები, რომლებიც 1920 წელს მირტლ-ავენიუზე მდებარე სტამბაში მუშაობდნენ (მარჯვნივ)
კონკორდ-სტრიტის 18 (1922—1927)
ადამს-სტრიტის 117 (1927— )
[ჩარჩო⁄სურათები 224, 225 გვერდებზე]
მიმომსვლელი ზედამხედველები
ათასებიდან რამდენიმე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მსახურობდნენ
კანადა, 1905—1933
ინგლისი, 1920—1932
ფინეთი, 1921—1926, 1947—1970
შეერთებული შტატები, 1907—1915
ინახულებენ კრებებს:
გრენლანდია
ვენესუელა
ლესოთო
მექსიკა
პერუ
სიერა- ლეონე
სახლი ბორბლებზე (ნამიბია)
მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმიანობაში ადგილობრივ მოწმეებთან ერთად (იაპონია)
ხვდებიან ადგილობრივ უხუცესებს (გერმანია)
პრაქტიკულ რჩევებს აძლევენ პიონერებს (ჰავაი)
ასწავლიან კრებას (საფრანგეთი)
[ჩარჩო⁄სურათი 229 გვერდზე]
პირველი იურიდიული გაერთიანებები
„სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება“. დაარსდა 1881 წელს და რეგისტრაციაში გატარდა 1884 წლის 15 დეკემბერს პენსილვანიის შტატში. 1896 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“». 1955 წლიდან მას ეწოდება „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“.
„მქადაგებელთა ასოციაცია“. დაარსდა 1909 წელს, როცა ორგანიზაციის ძირითადი განყოფილებები გადავიდა ბრუკლინში (ნიუ-იორკის შტატი). 1939 წელს სახელი შეეცვალა და ეწოდა „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება (კორპორაცია)“. 1956 წელს ის ცნობილი გახდა როგორც „ნიუ-იორკის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება (კორპორაცია)“.
„ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია“. დაარსდა ლონდონში (ინგლისი) 1914 წლის 30 ივნისს.
კანონის მოთხოვნის გათვალისწინებით იეჰოვას მოწმეებმა სხვა ქვეყნებშიც დააარსეს სხვა იურიდიული გაერთიანებები. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები არ არიან დაყოფილნი ეროვნულ თუ გეოგრაფიულ ორგანიზაციებად. ისინი საერთაშორისო საძმოს ქმნიან.
[ჩარჩო 234 გვერდზე]
„პირველი ქრისტიანების მსგავსნი“
ერთი რელიგიური ჟურნალის 1956 წლის ივლისის ნომერში აღნიშნული იყო: „თავიანთი ორგანიზაციული სტრუქტურითა და ქადაგებით ისინი [იეჰოვას მოწმეები] უფრო ჰბაძავენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, ვიდრე სხვა რომელიმე ჯგუფი . . . ეს არის იმ რამდენიმე რელიგიური ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომლებიც ხშირად იყენებენ ბიბლიურ მუხლებს ზეპირ თუ წერილობით ქადაგებებში“ (Interpretation).
[სურათი 210 გვერდზე]
ხელმძღვანელობის უკეთ გასაწევად დაარსდა ფილიალები. პირველი ფილიალი იყო ლონდონში (ინგლისი) ამ შენობაში
[სურათი 221 გვერდზე]
ჯოზეფ რუტერფორდი, 1941 წელი. მოწმეებმა იცოდნენ, რომ ის მათი ლიდერი არ იყო
[სურათი 226 გვერდზე]
ჯონ ბუთი მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა შეერთებულ შტატებში 1936—1941 წლებში
[სურათი 227 გვერდზე]
კერი ბარბერი საოლქო ზედამხედველად მსახურობდა შეერთებული შტატების ვრცელ ტერიტორიაზე
[სურათი 228 გვერდზე]
ძმა ნორი რეგულარულად ინახულებდა ფილიალებსა და მისიონერთა სახლებს
[სურათი 230 გვერდზე]
ფილიალების ზედამხედველები სწავლების სპეციალურ კურსს გადიან (ნიუ-იორკი, 1958)
[სურათები 231 გვერდზე]
მთელ მსოფლიოში ზედამხედველები სამეფო მსახურების სკოლაში ძვირფას ცოდნას იძენენ
სამეფო მსახურების სკოლა ტაილანდის ლტოლვილთა ბანაკში, 1978 წელი; ფილიპინებზე, 1966 წელი (ზემოთ მარცხნივ)
[სურათები 232 გვერდზე]
ორგანიზაციული მითითებებით სულ უფრო მეტი ლიტერატურა გამოიცემოდა (თავიდან ინგლისურად, შემდეგ სხვა ენებზე), რათა მოწმეების საქმიანობა შეთანხმებული ყოფილიყო და ყველას სცოდნოდა, რა კეთდებოდა მსახურებაში მათ დასახმარებლად