თავი 16
შეხვედრები თაყვანისცემისთვის, სწავლებისა და გამხნევებისთვის
კრების შეხვედრებს იეჰოვას მოწმეების ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ისინი რთულ სიტუაციებშიც კი ცდილობენ, რეგულარულად დაესწრონ ამ შეხვედრებს, რისკენაც მათ ბიბლია მოუწოდებს: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). სადაც შესაძლებელი იყო, შეხვედრები კვირაში სამჯერ ტარდებოდა და მთლიანობაში პროგრამა 4 საათსა და 45 წუთს გრძელდებოდა. მაგრამ შეხვედრების პროგრამა და რაოდენობა საჭიროებიდან გამომდინარე იცვლებოდა.
პირველ საუკუნეში იესოს მოწაფეები ქრისტიანულ შეხვედრებზე სასწაულებრივი სახით იღებდნენ სულის ძღვენს. რა იყო ამის მიზანი? ღმერთი აჩვენებდა ამით, რომ მეტად აღარ იყენებდა იუდეველთა რელიგიურ სისტემას და თავისი სულის ძღვენს ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას აძლევდა (საქ. 2:1—21; ებრ. 2:2—4). პირველი ქრისტიანები შეხვედრებზე ლოცულობდნენ, სიმღერებით განადიდებდნენ ღმერთს, წარმოთქვამდნენ წინასწარმეტყველებებს (ღვთის ნებისა და განზრახვების შესახებ გამოცხადებებს), აგრეთვე ყურადღებას აქცევდნენ სწავლებას, რაც მსმენელს რწმენას განუმტკიცებდა. იმ დროს ღვთის განზრახვების შესრულებასთან დაკავშირებით საოცარი მოვლენები ხდებოდა. ამიტომ საჭირო იყო, ქრისტიანებს გაეგოთ მათი მნიშვნელობა და შესაბამისად ემოქმედათ. მაგრამ ზოგჯერ შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად მათ გაწონასწორებულობა აკლდათ და, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, რჩევები სჭირდებოდათ მათივე საკეთილდღეოდ (1 კორ. 14:1—40).
ემსახურებოდა ბიბლიის მკვლევართა შეხვედრები 1870-იანი წლებიდან მოყოლებული იმავე მიზანს, რა მიზანიც პირველი საუკუნის ქრისტიანთა შეხვედრებს ჰქონდა?
ბიბლიის მკვლევართა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
1870 წელს ჩარლზ ტეიზ რასელმა და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ, რომლებიც ალეგანიში (პენსილვანიის შტატი) და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ, ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოაყალიბეს. შეხვედრები დაეხმარა მათ, რომ თანდათანობით გაზრდილიყვნენ ღვთისა და მისი სიტყვის სიყვარულში და უკეთ გაეგოთ ბიბლიის სწავლებები. შეხვედრებზე ისინი სასწაულებრივად არ ლაპარაკობდნენ ენებზე, რადგან ასეთმა სასწაულებრივმა ძღვენმა პირველ საუკუნეში თავის მიზანს მიაღწია და, ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, შეწყდა. ძმა რასელმა ახსნა, რომ „შემდეგი ნაბიჯი სულის ნაყოფის გამოვლენა იყო, რაზეც პავლე მოციქული მიუთითებდა“ (1 კორ. 13:4—10). უფრო მეტიც, პირველი ქრისტიანების მსგავსად, ბიბლიის მკვლევარებს ქადაგების გადაუდებელი საქმე უნდა შეესრულებინათ, ამიტომ მათ გამხნევება სჭირდებოდათ (ებრ. 10:24, 25). მალევე ისინი ყოველკვირა ორ რეგულარულ შეხვედრას ატარებდნენ.
ძმა რასელი მიხვდა, რომ იეჰოვას მსახურები, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ეცხოვრათ, გაერთიანებულები უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომ 1879 წელს, მას შემდეგ მალევე, რაც „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა დაიწყო, ჟურნალი მოუწოდებდა მკითხველებს, თხოვნით მიემართათ ორგანიზაციისთვის, რომ ისინი რასელს ან მის რომელიმე თანამოაზრეს მოენახულებინა. იქვე აღნიშნული იყო, რომ „ამისთვის ფულის გადახდა საჭირო არ იყო“. რამდენიმე ასეთი მიწვევის შემდეგ ძმა რასელი ერთი თვით გაემგზავრა ჯგუფების მოსანახულებლად. ყველაზე შორს არსებული ჯგუფი, რომელიც მან მოინახულა, იყო ქალაქ ლინში (მასაჩუსეტსის შტატი). ყოველ ჯგუფში ძმა რასელი 4-6-საათიან შეხვედრას ატარებდა. მისი მოხსენების სათაური იყო: „საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია ღვთის სამეფოსთან“.
1881 წლის დასაწყისში „საგუშაგო კოშკის“ იმ მკითხველებს, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე რეგულარულ შეხვედრებს არ ატარებდნენ, ძმა რასელმა მოუწოდა: „ჩაატარეთ შეხვედრები თქვენს სახლში ოჯახის წევრებთან ან მათთან ერთად, ვისაც ბიბლიური ჭეშმარიტება აინტერესებს. წაიკითხეთ, გამოიკვლიეთ და ღმერთს ერთად ეცით თაყვანი; სადაც ორი ან სამი შეიკრიბებით მისი სახელით, უფალი, თქვენი მოძღვარი, თქვენ შორის იქნება. სწორედ ასეთი შეხვედრები ტარდებოდა მოციქულების დროს (იხილეთ ფილიმონის 2)“.
შეხვედრების პროგრამის შედგენა თანდათანობით მოხდა. ორგანიზაცია რჩევებს სთავაზობდა კრებებს, თუმცა თითოეული კრება ადგილობრივად წყვეტდა, რა იყო მათი სიტუაციისთვის საუკეთესო. დროდადრო მოხსენებებსაც წარმოთქვამდნენ, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება იმ შეხვედრებს ექცეოდა, რომელშიც ყველას თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება. თავიდან ბიბლიის მკვლევართა ზოგ ჯგუფში ორგანიზაციის პუბლიკაციებს არ იყენებდნენ, მაგრამ მიმომსვლელი მსახურები ანუ პილიგრიმები დაეხმარნენ მათ იმის დანახვაში, თუ რამდენად ძვირფას ინფორმაციას შეიცავდა ეს პუბლიკაციები.
„ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ რამდენიმე ტომის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრებზე უკვე ამ პუბლიკაციას განიხილავდნენ. 1895 წელს ამ ჯგუფებს „ბიბლიის შესწავლის მილენიუმელთა წრეები“a ეწოდა. მოგვიანებით ნორვეგიაში მათ „კითხვისა და მსჯელობის შეხვედრები“ უწოდეს, რომელთა დროსაც „ძმა რასელის წიგნიდან ხმამაღლა კითხულობდნენ მონაკვეთებს და თუ ვინმეს კომენტარის გაკეთება ან კითხვის დასმა სურდა, ხელს იწევდა“. ძმა რასელი ურჩევდა მათ, რომ შეხვედრებზე გამოეყენებინათ წმინდა წერილების სხვადასხვა თარგმანი, ბიბლიის სიმფონიები და მოეძებნათ მარგინალური მუხლები. შესწავლები საშუალო სიდიდის ჯგუფებად ტარდებოდა საღამოობით ვინმესთან სახლში ყველასთვის მოსახერხებელ დროს. ეს შეხვედრები კრების წიგნის შესწავლის წინამორბედი იყო.
ძმა რასელი მიხვდა, რომ მხოლოდ ბიბლიური სწავლებების განხილვა საკმარისი არ იყო. აუცილებელი იყო, რომ ღვთისადმი სიყვარულს აღეძრა ხალხი, პატივი მიეგოთ ღვთისთვის, ერთგულება გამოევლინათ და ემსახურათ მისთვის. ჯგუფებს მოუწოდეს, რომ ამ მიზნით კვირაში ერთხელ სპეციალური შეხვედრა ჩაეტარებინათ. ზოგჯერ მათ „საშინაო შეხვედრებს“ უწოდებდნენ, რადგან სახლებში ტარდებოდა. შეხვედრის პროგრამაში შედიოდა ლოცვები, სადიდებელი სიმღერები და შემთხვევები მსახურებიდან.b ზოგჯერ დამსწრეები ყვებოდნენ, როგორ უმკლავდებოდნენ სხვადასხვა სირთულესა და განსაცდელს, რაც ძალიან გამამხნევებელი იყო. ზოგ ადგილას ასეთი შეხვედრები ვერ აღწევდა მიზანს, რადგან დამსწრეები დიდ ყურადღებას ამახვილებდნენ საკუთარ თავზე. მდგომარეობის გამოსასწორებლად „საგუშაგო კოშკში“ ტაქტიანად იყო რჩევები მიცემული.
ედიტ ბრენისენმა, რომლის ქმარიც ერთ-ერთი პირველი პილიგრიმი იყო შეერთებულ შტატებში, ამ შეხვედრების შესახებ გაიხსენა: „ამ საღამოებზე იეჰოვას სიყვარულით გაწეულ მზრუნველობასა და და-ძმებთან ახლო ურთიერთობაზე ვფიქრობდით. როცა ერთმანეთის შემთხვევებს ვისმენდით, უკეთ ვეცნობოდით ერთმანეთს. ჩვენ ვხედავდით, როგორ უმკლავდებოდნენ და-ძმები სირთულეებს, რაც ხშირად პირად პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარებოდა“. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ მეტი სარგებლობა მოჰქონდა იმ შეხვედრებს, რომლებიც თითოეულს სამქადაგებლო მსახურებაში ეხმარებოდა.
ზოგან ძმებს აღელვებდა ის, თუ როგორ ტარდებოდა საკვირაო შეხვედრები. ზოგი ჯგუფი ცდილობდა, რომ ბიბლიის თითოეული მუხლი განეხილათ. მაგრამ მუხლების გაგებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სულაც არ იყო გამამხნევებელი. მდგომარეობის გამოსასწორებლად ლოს-ანჯელესის (კალიფორნიის შტატი) კრებების ზოგმა წევრმა შეადგინა ბიბლიის გამოკვლევის თემატური გეგმა კითხვებითა და წყაროებით, რათა ყველას შეძლებოდა შეხვედრისთვის წინასწარ მომზადება. 1902 წელს ორგანიზაციამ გამოსცა ბიბლია, რომელსაც დართული ჰქონდა „ბიბლიის კვლევაში დამხმარე ბერეული სახელმძღვანელოები“ თემატური საძიებლით.c ამ საკითხების გასამარტივებლად 1905 წლის 1 მარტიდან „საგუშაგო კოშკში“ დაიწყეს კრებაზე განსახილველი მასალის გეგმის დაბეჭდვა, რომელსაც დართული ჰქონდა კითხვები და წყაროები ბიბლიიდან და ორგანიზაციის პუბლიკაციებიდან. ასე გაგრძელდა 1914 წლამდე, სანამ არ გამოიცა „საღვთო წერილის გამოკვლევის“ ტომების შესასწავლი კითხვები „ბერეული კვლევებისთვის“.
ყველა ჯგუფი ერთსა და იმავე მასალას განიხილავდა, მაგრამ ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარე ყოველკვირეული შეხვედრების რიცხვი 1-დან 4-მდე მერყეობდა ან უფრო მეტი იყო. 1914 წლიდან დაწყებული კოლომბოში (ცეილონი, ამჟამად შრი-ლანკა) შეხვედრები ჩვეულებრივ კვირაში შვიდჯერ ტარდებოდა.
ბიბლიის მკვლევარებს მოუწოდებდნენ, ესწავლათ მასალის გამოკვლევა, ყველაფერში დარწმუნებულიყვნენ და აზრები საკუთარი სიტყვებით გადმოეცათ (1 თეს. 5:21). ძმა რასელი აღძრავდა და-ძმებს, რომ თავისუფლად და დაწვრილებით განეხილათ შესასწავლი მასალა და, ამავე დროს, აფრთხილებდა: „არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი ეტალონი ბიბლიაა და როგორიც არ უნდა იყოს ღვთისგან მოცემული დამხმარე საშუალებები, ისინი მაინც დამხმარე საშუალებებად რჩება და ვერასდროს შეცვლის ბიბლიას“.
უფლის სიკვდილის აღნიშვნა
დაახლოებით 1876 წლიდან მოყოლებული ბიბლიის მკვლევარები ყოველ წელს აღნიშნავდნენ უფლის სიკვდილის გახსენების საღამოს.d თავიდან პიტსბურგსა (პენსილვანიის შტატი) და მის შემოგარენში მცხოვრები ბიბლიის მკვლევარები ერთ-ერთი თანამორწმუნის სახლში იკრიბებოდნენ. 1883 წლისთვის დამსწრეთა რიცხვი ასამდე გაიზარდა, რისთვისაც დარბაზი დაიქირავეს. 1905 წელს ძმები მოელოდნენ, რომ პიტსბურგში გახსენების საღამოს ბევრი დაესწრებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, კარნეგი-ჰოლი დაექირავებინათ.
ბიბლიის მკვლევარები მიხვდნენ, რომ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო წელიწადში ერთხელ უნდა აღენიშნათ და არა ყოველკვირა. ამ საღამოს აღნიშვნის თარიღი შეესაბამებოდა ებრაული კალენდრით 14 ნისანს, როდესაც იესო მოკვდა. წლების განმავლობაში ამ თარიღის გამოთვლა უფრო ზუსტად ხდებოდა.e მაგრამ მთავარი ყურადღება ყოველთვის ამ მოვლენის მნიშვნელობაზე მახვილდებოდა.
მართალია, ბიბლიის მკვლევარები ბევრ ადგილას დიდ თუ პატარა ჯგუფებში აღნიშნავდნენ გახსენების საღამოს, მაგრამ ნებისმიერს, ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო პიტსბურგში დასწრებოდა მას. 1886—1893 წლებში „საგუშაგო კოშკი“ მკითხველს განსაკუთრებით მოუწოდებდა, რომ თუ შეეძლოთ, პიტსბურგში ჩასულიყვნენ საღამოზე დასასწრებად. ამ მოწოდებას შეერთებულ შტატებსა და კანადაში მცხოვრები მრავალი და-ძმა გამოეხმაურა. ამან მხოლოდ იმის შესაძლებლობა კი არ მისცა მათ, რომ ერთად აღენიშნათ გახსენების საღამო, არამედ ერთიანობის განმტკიცებაშიც დაეხმარა. მაგრამ შეერთებულ შტატებსა თუ სხვა ქვეყნებში ჯგუფების ზრდის გამო პრაქტიკული აღარ იყო ერთ ადგილას შეკრება. ამიტომ ბიბლიის მკვლევარები მიხვდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებნი ერთად შეიკრიბებოდნენ.
როგორც „საგუშაგო კოშკში“ იყო აღნიშნული, ამ ყოველწლიურ დღესასწაულზე დასწრება შეეძლო ყველას, ვისაც გამოსასყიდის სწამდა. მაგრამ ამ საღამოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის, ვინც ქრისტეს „მცირე სამწყსოს“ მიეკუთვნებოდა, ანუ ვინც ზეციერ სამეფოში იმეფებდა. თავისი სიკვდილის წინა ღამეს, როცა გახსენების საღამო დააფუძნა, ქრისტემ ზეციერი იმედის მქონეთ უთხრა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკ. 12:32; 22:19, 20, 28—30).
განსაკუთრებით 1930-იან წლებში გამოჩნდა ის ხალხი, რომლებიც ბიბლიის აღწერილობით „უამრავ ხალხს“ შეესაბამებოდა და „სხვა ცხვრის“ ნაწილი იყო (გამოცხ. 7:9, 10; იოან. 10:16). იმ დროს მათ „იონადაბებს“ უწოდებდნენ. 1938 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ პირველად იწვევდა მათ, დასწრებოდნენ გახსენების საღამოს: „15 აპრილს საღამოს 6 საათის შემდეგ ვიწვევთ ყველა სულითცხებულს, შეიკრიბონ და აღნიშნონ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. აგრეთვე მოწვეულნი არიან მათი თანამსახური იონადაბები“. იონადაბები გახსენების საღამოს ესწრებოდნენ, მაგრამ სიმბოლოებს არ იღებდნენ. შედეგად, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვმა ზრდა დაიწყო. 1938 წელს დამსწრეთა საერთო რაოდენობა 73 420 იყო, აქედან სიმბოლოები 39 225-მა მიიღო. მომდევნო წლებში გახსენების საღამოზე იონადაბებთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი ისეთი ადამიანი მოდიოდა, ვინც ჭეშმარიტებით იყო დაინტერესებული ან ჯერ კიდევ არ იყო აქტიური იეჰოვას მოწმე. ასე რომ, 1992 წლისთვის, როცა მაუწყებლების უმაღლესმა რიცხვმა 4 472 787-ს მიაღწია, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 11 431 171 ადამიანი ესწრებოდა და სიმბოლოები მხოლოდ 8 683-მა მიიღო. ზოგ ქვეყანაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი ხუთჯერ ან ექვსჯერ აღემატებოდა აქტიური მოწმეების რიცხვს.
იეჰოვას მოწმეები აცნობიერებენ, რამდენად ძვირფასია ქრისტეს მსხვერპლი, ამიტომ მისი სიკვდილის გახსენების საღამოს უკიდურესად რთულ სიტუაციებშიც კი აღნიშნავენ. 1970-იან წლებში, როცა როდეზიაში (ახლანდელი ზიმბაბვე) ომის დროს კომენდანტის საათი შემოიღეს და საღამოს ქუჩაში გამოსვლა შეუძლებელი იყო, ზოგ ადგილას და-ძმები დღისით იკრიბებოდნენ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის სახლში და დღის ბოლოს აღნიშნავდნენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. რა თქმა უნდა, ისინი შეხვედრის შემდეგ სახლში ვერ დაბრუნდებოდნენ, ამიტომ ღამის გასათევად იქვე რჩებოდნენ. ისინი მღეროდნენ სამეფოს სიმღერებს და ყვებოდნენ გამამხნევებელ შემთხვევებს.
გახსენების საღამოს მოწმეები მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი აღნიშნავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი სასჯელი ელოდათ, თუ დარაჯები გაიგებდნენ. ჰაროლდ კინგი, რომელიც 1958—1963 წლებში ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დროს სამარტოო საკანში იჯდა, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებდა, რომ გახსენების საღამო სათანადოდ აღენიშნა. მოგვიანებით მან თქვა: „საკნის სარკმლიდან ვაკვირდებოდი, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად როგორ ივსებოდა მთვარე. ვცდილობდი, რომ გახსენების საღამოს აღნიშვნის თარიღი რაც შეიძლება ზუსტად გამომეთვალა“. შავი მოცხარით ის ამზადებდა ღვინოს, ბრინჯით კი — უფუარ პურს. მან დასძინა: „ვმღეროდი, ვლოცულობდი და მოხსენებას წარმოვთქვამდი ისე, როგორც ეს, ჩვეულებრივ, კრებებში ხდება. ყოველ წელს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნის დროს ვგრძნობდი, რომ საერთაშორისო საძმოსთან ვიყავი გაერთიანებული“.
ახალგაზრდების ადგილი ორგანიზაციაში
ადრეულ წლებში ბიბლიის მკვლევარების პუბლიკაციებში და შეხვედრებზე არ იყო გათვალისწინებული ახალგაზრდების მოთხოვნილებები. მათ შეეძლოთ შეხვედრებზე დასწრება და ვინც ამას აკეთებდა, ყურადღებით ისმენდა პროგრამას. მაგრამ არაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდები კრების საქმიანობაში ჩაებათ.
იმ დროს ძმები ფიქრობდნენ, რომ ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, სანამ ქრისტეს სიმბოლური პატარძლის წევრები შეუერთდებოდნენ მას ზეციურ დიდებაში. 1883 წლის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო: «ჩვენ, ვინც ზეციერი ცხოვრებისთვის ვართ მოწოდებულნი, თავს ვერ ავარიდებთ ამ ეპოქის მთავარ საქმიანობას — „პატარძლის ანუ კრავის ცოლის“ მომზადებას. პატარძალმა საკუთარი თავი თვითონ უნდა მოამზადოს; და ახლა, როცა საქორწინო მორთულობის ბოლო შტრიხების გავლება ხდება, თითოეული, ვინც ამ სიმბოლურ პატარძალს მიეკუთვნება, მონაწილეობას უნდა იღებდეს ამ უმთავრეს საქმიანობაში».
მშობლებს დაბეჯითებით მოუწოდებდნენ, რომ შეესრულებინათ ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობა და ეზრუნათ შვილების სულიერ აღზრდაზე. მათ არ ურჩევდნენ, რომ შვილები საკვირაო სკოლებში ეტარებინათ. ნათელი იყო, რომ ქრისტიანული სამყაროს საკვირაო სკოლებს დიდი ზიანი მოჰქონდა ბავშვებისთვის. მშობლები, რომლებიც შვილებს ასეთ სკოლებში ატარებდნენ, ფიქრობდნენ, რომ თავისუფლდებოდნენ მათი რელიგიური აღზრდის პასუხისმგებლობისგან. ბავშვები კი, თავის მხრივ, სათანადოდ არ სცემდნენ პატივს და არ ემორჩილებოდნენ მშობლებს, რადგან მათგან ვერ იღებდნენ ღვთის შესახებ საჭირო ცოდნას.
თუმცა 1892—1927 წლებში „საგუშაგო კოშკში“ გამოყოფილი იყო ადგილი კომენტარისთვის, რომელიც პროტესტანტულ რელიგიებში პოპულარულ „საერთაშორისო საკვირაო სკოლის გაკვეთილებიდან“ აღებულ ტექსტს უკეთდებოდა. ამ ტექსტებს წლების განმავლობაში კონგრეგაციონალური ეკლესიის მღვდელი ფ. ნ. პელუბე და მისი თანაშემწე ირჩევდნენ. „საგუშაგო კოშკში“ ეს ტექსტები განიხილებოდა ბიბლიის მკვლევარების შეხედულებაზე დაყრდნობით, რომელიც წმინდა წერილებზე იყო დაფუძნებული და არა ქრისტიანული სამყაროს დოგმებზე. ძმები იმედოვნებდნენ, რომ ეკლესიები გამოიყენებდნენ „საგუშაგო კოშკს“ და ზოგიერთი მისი წევრი მიიღებდა მასში ჩაწერილ ჭეშმარიტებას. ცხადია, ბიბლიის მკვლევარების სწავლებები განსხვავდებოდა სხვა რელიგიების სწავლებებისგან, რაც პროტესტანტების გაღიზიანებას იწვევდა.
დადგა 1918 წელი და სულითცხებულთა დარჩენილი ნაწილი ისევ დედამიწაზე იყო. მათ შეხვედრებზე დამსწრე ბავშვების რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა. ხშირად, შეხვედრის დროს მშობლები ბავშვებს თამაშის უფლებას აძლევდნენ. მაგრამ ბავშვებსაც უნდა ეძებნათ სიმართლე და თვინიერება, თუ სურდათ, თავშესაფარი ეპოვათ იეჰოვას რისხვის დღეს (სოფ. 2:3). ამიტომ 1918 წელს ორგანიზაციამ მოუწოდა კრებებს, რომ ჩამოეყალიბებინათ კლასები 8—15 წლამდე ბავშვებისთვის. ზოგ ადგილას უფრო პატარებისთვისაც შეიქმნა კლასები. ამასთანავე, ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრათ.
ამან სხვა ცვლილებებიც განაპირობა. 1920 წელს ჟურნალ „ოქროს ხანაში“ გაჩნდა რუბრიკა „ნორჩი ბიბლიის მკვლევარები“, რომელშიც იყო კითხვები და ბიბლიური ციტატები ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად. იმავე წელს გამოიცა „ოქროს ხანის ანბანი“; ეს იყო დასურათებული ბროშურა, რათა მშობლებს შვილებისთვის ბიბლიის ძირითადი სწავლებები და ქრისტიანული თვისებები ჩაენერგათ. 1924 წელს გამოიცა უილიამ ვან ამბერგის წიგნი „გზა სამოთხისკენ“. წიგნი განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც უკვე იცოდა ბიბლიის ძირითადი სწავლებები. რაღაც დროის მანძილზე მას ბავშვების შეხვედრებზე იყენებდნენ. გარდა ამისა, ამერიკაში „ახალგაზრდა მოწმეებს“ თავიანთი სამქადაგებლო შეხვედრები ჰქონდათ. შვეიცარიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი „იეჰოვას ახალგაზრდები“, რომელშიც 13—25 წლამდე ახალგაზრდები შედიოდნენ. მათ ბერნში ჰქონდათ საკუთარი სამდივნო განყოფილება და სპეციალური ჟურნალი „იეჰოვას ახალგაზრდები“, რომლის რედაქტირება და ბეჭდვა ხდებოდა ორგანიზაციის იქვე არსებულ სტამბებში. ეს ახალგაზრდები ატარებდნენ თავიანთ შეხვედრებს და ბიბლიურ დრამებსაც კი დგამდნენ; ერთ-ერთი ასეთი დრამა დადგეს ფოლკსჰაუსში (ციურიხი), რომელსაც 1 500 ადამიანი ესწრებოდა.
ამან ის გამოიწვია, რომ იეჰოვას მსახურების ორგანიზაციაში კიდევ ერთი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. ეს არ უწყობდა ხელს ერთიანობას, ამიტომ 1936 წელს ახალგაზრდების ცალკე ჯგუფებად შეკრება შეწყდა. 1938 წლის აპრილში ავსტრალიაში კონგრესზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯოზეფ რუტერფორდმა შენიშნა, რომ ბავშვებს ცალკე უტარდებოდათ პროგრამა. მან დაუყოვნებლივ იზრუნა, რომ ყველა ბავშვი ძირითად კონგრესს დასწრებოდა, რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მათთვის.
იმავე წელს „საგუშაგო კოშკში“ კიდევ ერთხელ განიხილეს საკითხი კრებებში ახალგაზრდების ცალკე კლასების არსებობის შესახებ. ხაზი გაესვა იმას, რომ მშობლებს თავად უნდა ესწავლებინათ შვილებისთვის (ეფეს. 6:4; შეადარეთ კანონის 4:9, 10; იერემიას 35:6—10). ბიბლიაში არსად იყო ნათქვამი, რომ ბავშვებს პატარების კლასებში უნდა ესწავლათ. პირიქით, მათ მშობლებთან ერთად უნდა მოესმინათ ღვთის სიტყვა (კან. 31:12, 13; იეს. 8:34, 35). თუ ბავშვები კრებაზე შესასწავლ მასალას ვერ გაიგებდნენ, მშობლები სახლში აუხსნიდნენ მათ. ამასთანავე, ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ ასეთი კლასების არსებობა აფერხებდა სასიხარულო ცნობის კარდაკარ ქადაგების საქმეს, რადგან მასწავლებლები ქადაგებისთვის განკუთვნილ დროს კლასში ჩასატარებელი გაკვეთილებისთვის მომზადებასა და მათ ჩატარებას ანდომებდნენ. ამიტომ ახალგაზრდების კლასები გაუქმდა.
იმ დროიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეთა ოჯახები ერთად ესწრებიან კრების შეხვედრებს. მშობლები შვილებს პროგრამის მომზადებაში ეხმარებიან, რომ მონაწილეობის მიღება შეძლონ. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ გამოცემული მრავალი პუბლიკაცია მშობლებს დიდ დახმარებას უწევს, რომ შვილებს სახლში ასწავლონ ჭეშმარიტება. ამ პუბლიკაციებს შორისაა წიგნები: „ბავშვები“ (1941 წელი), „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“ (1971 წელი), „საუკეთესოდ გამოიყენე ახალგაზრდობის წლები“ (1976 წელი), „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (1978 წელი) და „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (1989 წელი).
სახარების საქადაგებლად მომზადებულნი
„საგუშაგო კოშკი“ პირველივე ნომრიდან რეგულარულად შეახსენებდა მკითხველს, რომ ღვთის განზრახვების შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. კრების შეხვედრებმა მათ იეჰოვასადმი სიყვარული გაუღრმავა და მისი განზრახვების შესახებ მეტი ცოდნა შესძინა, რამაც მათი გული და გონება ქადაგებისთვის მოამზადა. 1922 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიოს შტატი) ჩატარებულ კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა სამქადაგებლო მსახურება და როგორ შეიძლებოდა უფრო ეფექტურად ქადაგება.
„ბიულეტენი“f, რომელშიც უშუალოდ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იბეჭდებოდა, შეიცავდა მოკლე შეთავაზებას, რაც მაუწყებელს უნდა დაემახსოვრებინა და ქადაგების დროს გამოეყენებინა. მაუწყებლები სამეფოს შესახებ ქადაგებისკენ რომ აღეძრათ, 1923 წელს ყოველი თვის დასაწყისში, ოთხშაბათ საღამოს ლოცვის, განდიდებისა და დამოწმების შეხვედრის ნახევარი ქადაგებისას მომხდარი შემთხვევების მოყოლას ეთმობოდა.
1926 წლისთვის ყოველთვიურ შეხვედრას, რომელზეც სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა, „თანამშრომელთა შეხვედრა“ ეწოდა. ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ ისინი, ვინც მსახურებაში მონაწილეობდა. მასზე განიხილებოდა ქადაგების მეთოდები და მასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. 1928 წლიდან ორგანიზაცია მოუწოდებდა კრებებს, რომ ასეთი შეხვედრა ყოველკვირა ჩაეტარებინათ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კრებებმა დამოწმების (ანუ ქადაგების) შეხვედრის ნაცვლად დაიწყეს სხვა შეხვედრის ჩატარება, რომელსაც „სამსახურებრივი შეხვედრა“ ეწოდა და ორგანიზაცია ყველას მოუწოდებდა, დასწრებოდნენ მას. კრებები დღემდე ატარებენ ამ ყოველკვირეულ შეხვედრას. სამსახურებრივ შეხვედრაზე წარმოდგენილი მოხსენებები, ინსცენირებები და ინტერვიუები, აგრეთვე ამა თუ იმ საკითხის აუდიტორიასთან განხილვა, განსაკუთრებით ეხმარება მაუწყებლებს, ქრისტიანული მსახურების ყველა სფეროში გაუმჯობესდნენ.
ასეთი შეხვედრების ჩატარება მეოცე საუკუნეში არ დაწყებულა. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იესომ თავის მოწაფეებს დაწვრილებითი მითითებები მისცა, სანამ საქადაგებლად გაგზავნიდა (მათ. 10:5—11:1; ლუკ. 10:1—16). მოგვიანებით ისინი ერთად იკრიბებოდნენ და მსახურებაში მომხდარი შემთხვევების მოყოლით ერთმანეთს ამხნევებდნენ (საქ. 4:21—31; 15:3).
ძმებისთვის ორატორული ხელოვნების განვითარებაში დასახმარებლად თავიდან კრების შეხვედრებზე არაფერი კეთდებოდა. მაგრამ 1916 წლისთვის ორგანიზაციამ შესთავაზა იმ ძმებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ საჯაროდ გამოსვლას, თვითონ ჩამოეყალიბებინათ კლასები; მათ შეეძლოთ ეთხოვათ უხუცესისთვის, მოესმინა მათი მოხსენებები და საჭირო რჩევები მიეცა. ამ შეხვედრას, რომელზეც მხოლოდ ძმები ესწრებოდნენ, მოგვიანებით „წინასწარმეტყველთა სკოლა“ ეწოდა. გრანტ სუიტერმა გაიხსენა: „შენიშვნები, რომლებიც ამ სკოლაში მივიღე, არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მამაჩემმა პირადად მითხრა ჩემი ერთ-ერთი მოხსენების მოსმენის შემდეგ“. მომხსენებელი ძმების დასახმარებლად კონფიდენციალურად მომზადდა და დაიბეჭდა სახელმძღვანელო, რომელშიც შესული იყო მითითებები და მოხსენებების გეგმები. მაგრამ დროთა განმავლობაში „წინასწარმეტყველთა სკოლა“ გაუქმდა. იმ დროს არსებული განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, მთელი ყურადღება გადაიტანეს კრების თითოეული წევრის კარდაკარ ქადაგებისთვის მომზადებაზე.
შესაძლებელი იყო, ამ მზარდი საერთაშორისო ორგანიზაციის თითოეული წევრის ისე მომზადება, რომ არა მხოლოდ მოკლედ დაემოწმებინათ ხალხისთვის და ბიბლიური ლიტერატურა შეეთავაზებინათ, არამედ ეფექტურად ექადაგათ და ღვთის სიტყვა ესწავლებინათ? სწორედ ამ მიზნით 1943 წლის დასაწყისში იეჰოვას მოწმეთა კრებებში სპეციალური სკოლა დაარსდა. ეს სკოლა 1942 წლის თებერვლიდან უკვე ფუნქციონირებდა იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში. სკოლა ყოველკვირა ტარდებოდა, განიხილებოდა სხვადასხვა მითითება, მოსწავლეები მოხსენებებით გამოდიოდნენ და მათ რჩევები ეძლეოდათ. თავიდან მასში მხოლოდ ძმები გამოდიოდნენ მოხსენებებით, თუმცა კრების ყველა წევრს მოუწოდებდნენ, რომ დასწრებოდნენ შეხვედრას, მოემზადებინათ გაკვეთილები და მონაწილეობა მიეღოთ გამეორებაში. 1959 წლიდან დებსაც მიეცათ შესაძლებლობა, ამ სკოლაში ჩაწერილიყვნენ და ესწავლათ დიალოგის სახით ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობა.
ამ სკოლის შედეგების შესახებ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფილიალი იტყობინებოდა: „ეს შესანიშნავი ღონისძიება ძალიან მოკლე დროში დაეხმარა მრავალ ძმას, რომლებიც ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მომხსენებლები გახდებოდნენ, დახელოვნებულად გამოსულიყვნენ აუდიტორიის წინაშე და ეფექტურად ექადაგათ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყველა ნაწილში ძმებმა სიხარულით მიიღეს იეჰოვასგან ეს დახმარება და დიდი ენთუზიაზმით ატარებდნენ ამ სკოლას. თუმცა ბევრმა ენა არ იცოდა და განათლება არ ჰქონდა მიღებული, ამას სერიოზული დაბრკოლება არ შეუქმნია“.
„თეოკრატიული მსახურების სკოლა“ იეჰოვას მოწმეების კრებებში კვლავაც მნიშვნელოვან შეხვედრად რჩება. მასში ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ მსურველს — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, ახალ მაუწყებელსა თუ დიდი ხნის მოწმეს. ამ სკოლაში უწყვეტი სწავლების პროგრამაა.
ყველას შეუძლია მოსვლა და მოსმენა
იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია საიდუმლო ორგანიზაცია არ არის. მათი ბიბლიური შეხედულებები სრულად არის ახსნილი მათ პუბლიკაციებში და ხელმისაწვდომია ყველასთვის. გარდა ამისა, ისინი ყველას მოუწოდებენ, დაესწრონ მათ შეხვედრებს და ნახონ, რა ხდება იქ.
იესო ქრისტე მხოლოდ თავის მოწაფეებს კი არ აძლევდა მითითებებს, არამედ ქადაგებდა ყველგან, სადაც ხალხი იყო — ზღვის სანაპიროზე, მთაზე, სინაგოგებში და იერუსალიმის ტაძარში (მათ. 5:1, 2; 13:1—9; იოან. 18:20). მსგავსად, 1870-იანი წლების დასაწყისში ბიბლიის მკვლევარებმა დაიწყეს შეხვედრების ჩატარება, სადაც მათი ნათესავები, მეზობლები თუ სხვა დაინტერესებულები შეძლებდნენ კაცობრიობასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვების შესახებ მოხსენებების მოსმენას.
ძმები ცდილობდნენ, მოხსენებები ისეთ ადგილებში წარმოეთქვათ, სადაც ბევრი ადამიანი შეძლებდა მოსმენას. ამის წყალობით კლასებს უფრო მეტი ადამიანი ესწრებოდა. 1911 წელს კრებებს, რომლებშიც უნარიანი მომხსენებლები იყვნენ, მოუწოდეს, ზოგიერთი მათგანი ახლომდებარე ქალაქებსა თუ სოფლებში გაეგზავნათ, რათა შეხვედრები დიდი აუდიტორიისთვის ჩაეტარებინათ. სადაც შესაძლებელი იყო, ისინი ექვს მოხსენებას წარმოთქვამდნენ. ბოლო მოხსენების დროს მომხსენებელი აუდიტორიას ეკითხებოდა, ჰქონდათ თუ არა ბიბლიისადმი იმდენად დიდი ინტერესი, რომ რეგულარულად შეკრებილიყვნენ. იმ წელს 3 000-ზე მეტი ასეთი მოხსენება წარმოითქვა.
1914 წლიდან ორგანიზაციამ ქადაგების მიზნით „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენება დაიწყო. დასწრება უფასო იყო. მოგვიანებით ძმებმა მოძრავი სურათებისა და სლაიდების ჩვენება დაიწყეს. 1920-იანი წლებიდან დაწყებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ინტენსიურად იყენებდა რადიოს, რამაც მრავალ ადამიანს სახლებში ბიბლიური მოხსენებების მოსმენის შესაძლებლობა მისცა. შემდეგ, 1930-იან წლებში რუტერფორდის მიერ წარმოთქმულ მოხსენებებს იწერდნენ და ათასობით შეკრებილ ადამიანს ასმენინებდნენ.
თეოკრატიული მსახურების სკოლის დახმარებით 1945 წლისთვის უკვე მრავალი ძმა დახელოვნებული მომხსენებელი გახდა. ამავე წლის იანვარში დაიწყო კამპანია საჯარო შეხვედრების ჩასატარებლად. ორგანიზაციამ მოამზადა გეგმები რვა აქტუალური მოხსენებისთვის. ხალხისთვის ამ ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ მოსაწვევ ბარათებს და ზოგჯერ პლაკატებსაც. გარდა იმისა, რომ საჯარო შეხვედრების ჩასატარებლად ძმები კრების შეხვედრებისთვის განკუთვნილ ადგილებს იყენებდნენ, ისინი ცდილობდნენ, ეს შეხვედრები იმ ადგილებშიც ჩაეტარებინათ, სადაც კრებები არ იყო. ასეთი შეხვედრების ჩატარებაში კრების თითოეულ წევრს შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა — მოეწვია სხვები, თავად დასწრებოდა შეხვედრას, თბილად შეხვედროდა ახალმოსულებს და მათ კითხვებზე ეპასუხა. ამ კამპანიის პირველ წელს შეერთებულ შტატებში 18 646 ასეთი საჯარო შეხვედრა ჩატარდა და მთლიანობაში მათ 917 352 ადამიანი დაესწრო. მომდევნო წელს ამ შეხვედრების რიცხვი 28 703-მდე გაიზარდა. კანადაში 1945 წელს ასეთი 2 552 შეხვედრა ჩატარდა, 1946 წელს კი — 4 645.
დღეს საჯარო შეხვედრა იეჰოვას მოწმეების კრებებში ყოველკვირეული პროგრამის ნაწილია. ამ შეხვედრაზე წარმოითქმება მოხსენება, რომლის დროსაც ყველას მოუწოდებენ, თვალი მიადევნონ ბიბლიურ მუხლებს, რომელსაც მომხსენებელი კითხულობს და განიხილავს. ეს შეხვედრა უხვ სულიერ საზრდოს წარმოადგენს როგორც კრების წევრებისთვის, ისე დაინტერესებულებისთვის.
ვინც პირველად ესწრება იეჰოვას მოწმეების შეხვედრას, ხშირად გაოცებას ვერ მალავს. ზიმბაბვეში ცნობილი პოლიტიკოსი სამეფო დარბაზში მივიდა, რომ გაეგო, რა ხდებოდა იქ. ეს კაცი მტრულად იყო განწყობილი მოწმეების მიმართ. ის დარბაზში სპეციალურად წვერგაუპარსავი და თმაგაჩეჩილი მივიდა. ის ფიქრობდა, რომ გამოაგდებდნენ. მაგრამ მოწმეებმა მისდამი გულწრფელი ინტერესი გამოავლინეს და ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს. ახლა ის თავმდაბალი და მშვიდობისმოყვარე ქრისტიანი მოწმეა.
მილიონობით ადამიანი, ვინც იეჰოვას მოწმეების შეხვედრას დაესწრო, შემდეგი სიტყვების სათქმელად აღიძრა: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორ. 14:25).
მოსახერხებელი ადგილები შეხვედრებისთვის
იესო ქრისტეს მოციქულების დროს ქრისტიანები შეხვედრებს ხშირად სახლებში ატარებდნენ. ზოგან მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, იუდეველთა სინაგოგებში გამოსულიყვნენ სიტყვით. ეფესოში პავლე მოციქული ორი წლის მანძილზე გამოდიოდა სიტყვით სკოლის შენობაში (საქ. 19:8—10; 1 კორ. 16:19; ფლმ. 1, 2). მსგავსად, მე-19 საუკუნის ბოლოს ბიბლიის მკვლევარები სახლებში იკრიბებოდნენ, ზოგჯერ კი ეკლესიის სამლოცველოებსა და დაქირავებულ დარბაზებში წარმოთქვამდნენ ქადაგებებს. მოგვიანებით მათ რამდენიმე შენობა იყიდეს, რომლებსაც ადრე სხვა რელიგიური ჯგუფები იყენებდნენ, და რეგულარულად დაიწყეს იქ შეკრება. ასეთები იყო, მაგალითად, ბრუკლინის კარავი და ლონდონის კარავი.
ბიბლიის მკვლევარებს არც სჭირდებოდათ და არც სურდათ, შეხვედრები მდიდრულ შენობებში ჩაეტარებინათ. რამდენიმე კრებამ იყიდა და გაარემონტა შესაფერისი ნაგებობები, ზოგმა კი ახალი დარბაზები ააშენა. 1935 წლიდან იმ ადგილებს, სადაც მოწმეები კრების შეხვედრებს ატარებენ, სამეფო დარბაზები ეწოდება. ეს შენობები, ჩვეულებრივ, საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ არა მდიდრული. ადგილმდებარეობის მიხედვით სამეფო დარბაზების დიზაინი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ ისინი ერთ მიზანს ემსახურება.
ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამა
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში კრებების სულიერი მდგომარეობა და აქტიურობა განსხვავდებოდა. მათ აერთიანებდა ძირითადი ბიბლიური სწავლებები, რითაც ისინი ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავდებოდნენ. მართალია, ზოგიერთი ძმა ძალიან აფასებდა იმას, თუ როგორ კვებავდა იეჰოვა თავის ხალხს სულიერად, მაგრამ ზოგიერთები ადვილად ექცეოდნენ მათ გავლენაში, ვისაც ყველა საკითხზე საკუთარი აზრი ჰქონდა.
სიკვდილამდე იესო ლოცულობდა, რომ მისი მიმდევრები ერთნი ყოფილიყვნენ — ანუ ერთობაში ყოფილიყვნენ ღმერთთან, ქრისტესთან და ერთმანეთთან (იოან. 17:20, 21). ეს იძულებითი ერთიანობა კი არ იქნებოდა, არამედ ის მიიღწეოდა ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამით, რომელსაც გულწრფელი ადამიანები გამოეხმაურებოდნენ. დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველები იყო: „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების მშვიდობა“ (ეს. 54:13). ღვთის მსახურებს ასეთი მშვიდობა რომ ჰქონოდათ, აუცილებელად უნდა ესწავლათ იეჰოვასგან, რომელიც სულიერ საზრდოს თავისი ხილული არხის მეშვეობით რეგულარულად აწვდის მათ.
მრავალი წლის მანძილზე ბიბლიის მკვლევარები ძირითად სასწავლო მასალად ბიბლიასთან ერთად იყენებდნენ „საღვთო წერილის გამოკვლევის“ ტომებს. ისინი მართლაც შეიცავდა დროულ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). მაგრამ ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობით წმინდა წერილების გამოკვლევამ ცხადი გახადა, რომ იეჰოვას მსახურებს კიდევ ბევრი უნდა ესწავლათ და სულიერად კვლავაც უნდა განწმენდილიყვნენ (მალ. 3:1—3; ეს. 6:1—8). გარდა ამისა, 1914 წელს ზეციერი სამეფოს დამყარების შემდეგ მრავალი წინასწარმეტყველება სწრაფად სრულდებოდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი გადაუდებელ საქმეში უნდა ჩაბმულიყო. ეს დროული ბიბლიური ინფორმაცია რეგულარულად იბეჭდებოდა „საგუშაგო კოშკში“.
ორგანიზაციის მიმომსვლელმა წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ კრების ყველა წევრი სულიერად ვერ იკვებებოდა ამ სტატიებით. ამიტომ მათ მთავარ სამმართველოს შესთავაზეს, რომ „საგუშაგო კოშკი“ კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე განეხილათ. ხელმძღვანელმა საბჭომ ეს რეკომენდაცია ყველა კრებას გადასცა. 1922 წლის 15 მაისის ნომრიდან დაწყებული „საგუშაგო კოშკის“ ძირითადი სტატიების შესასწავლად რეგულარულად დაიწყო „ბერეული კითხვების“ დაბეჭდვა. კრებების უმეტესობა ასეთ შესწავლას კვირაში ერთხელ ან მეტჯერ ატარებდა, მაგრამ შესწავლის ხანგრძლივობა განსახილველი სტატიის სიდიდეზე იყო დამოკიდებული. ზოგან შესწავლა ორ საათს ან მეტხანს გრძელდებოდა, რადგან ჩამტარებელი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა.
1930-იან წლებში დემოკრატიული პროცედურები თეოკრატიულმა შეცვალა. ამან დიდად იმოქმედა „საგუშაგო კოშკის“g შესწავლის ჩატარებაზე. უფრო დიდი ყურადღება მიექცა უშუალოდ სტატიაში მოყვანილ აზრებს. მათ, ვინც შეხვედრებს საკუთარი აზრების გამოსახატავად იყენებდა და ვინც უარს ამბობდა ქადაგებაზე, თანდათანობით დატოვეს კრება. ორგანიზაცია მოთმინებით ეხმარებოდა ჩამტარებელ ძმებს, რომ შესწავლის ხანგრძლივობა ერთ საათამდე დაეყვანათ. შედეგად, მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და შეხვედრები უფრო აქტიური გახდა. ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამის წყალობით, რომელიც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაზე იყო დაფუძნებული, კრებებში ნამდვილმა ერთობამ დაისადგურა.
1938 წელს „საგუშაგო კოშკი“ დაახლოებით 20 ენაზე გამოიცემოდა. თავიდან მთელი ლიტერატურა ინგლისურად იბეჭდებოდა. სხვა ენებზე კი რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგ გამოდიოდა, რადგან თარგმანის გაკეთება და დაბეჭდვა დროს მოითხოვდა. თუმცა ბეჭდვითი მეთოდის შეცვლის შემდეგ 1980-იან წლებში „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციები ერთდროულად მრავალ ენაზე გახდა ხელმისაწვდომი. 1992 წლისთვის 66 ენაზე მოლაპარაკე კრებებში ერთდროულად ერთი და იმავე მასალას განიხილავდნენ. ამგვარად, იეჰოვას მოწმეთა უმეტესობა ყოველკვირა ერთი და იმავე სულიერი საზრდოთი იკვებება მთელ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპის დიდ ნაწილში, აზიის ზოგ ქვეყანაში, მრავალ აფრიკულ ქვეყანაში და უამრავ კუნძულზე. მოწმეები გაერთიანებულნი არიან გონებითა და აზრით (1 კორ. 1:10).
კრების შეხვედრებზე დასწრება იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან კრებებზე სიარულს. იტალიაში, სადაც 1989 წელს დაახლოებით 172 000 მოწმე იყო, ყოველკვირა სამეფო დარბაზში შეხვედრებს 220 458 ადამიანი ესწრებოდა. ამისგან განსხვავებით, როგორც კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა, იტალიის მოსახლეობის 80 პროცენტი აცხადებდა, რომ კათოლიკეა, მაგრამ მხოლოდ 30 პროცენტი ესწრებოდა ეკლესიურ მსახურებას და ისიც არარეგულარულად. სტატისტიკა ბრაზილიაშიც მსგავსია. 1989 წელს დანიაში მოსახლეობის 89,7 პროცენტი აცხადებდა, რომ „ეროვნული ეკლესიის“ წევრი იყო, მაგრამ ეკლესიაში ყოველკვირა მხოლოდ 2 პროცენტი დადიოდა, მაშინ როცა იეჰოვას მოწმეების 94,7 პროცენტი ესწრებოდა ყოველკვირეულად კრების შეხვედრებს. 1989 წელს გერმანიაში ალენსბახის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ეკლესიაში რეგულარულად დადიოდა ლუთერანების 5 პროცენტი და კათოლიკების 25 პროცენტი. მაგრამ ყოველკვირა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში დამსწრეთა რიცხვი მოწმეების რიცხვს აღემატებოდა.
ხშირად მოწმეები კრების შეხვედრებზე დასწრებას დიდ ძალისხმევას ახმარენ. 1980-იან წლებში კენიაში 70 წლის ქალბატონს ყოველკვირა შეხვედრაზე მისასვლელად ჯერ 10 კილომეტრი უნდა გაევლო ფეხით, შემდეგ კი მდინარე გადაეკვეთა. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი კორეელი ქალი მშობლიურ ენაზე კრების მოსასმენად სამი საათი მგზავრობდა მხოლოდ ერთი მიმართულებით ჯერ ავტობუსით, შემდეგ მატარებლით, ნავით და ბოლოს ფეხით. სურინამში ერთ ოჯახს, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა, ყოველკვირა ავტობუსით კრების შეხვედრაზე მისასვლელად მთელი დღიური შემოსავლის დახარჯვა უწევდა. არგენტინაში ერთი ოჯახი ყოველკვირა 50 კილომეტრს გადიოდა კრებაზე მისასვლელად და ოჯახის შემოსავლის მეოთხედს ხარჯავდა. როცა ავადმყოფობის გამო ვინმეს არ შეუძლია კრების შეხვედრაზე დასწრება, თანამორწმუნეები ზრუნავენ, რომ პროგრამა მათ ტელეფონით ან აუდიოჩანაწერით მოისმინონ.
იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან ბიბლიურ რჩევას, არ მიატოვონ თავიანთი შესაკრებელი, რომელიც მათთვის სულიერი გამხნევების წყაროა (ებრ. 10:24, 25). მაგრამ ისინი მხოლოდ კრების შეხვედრებს კი არ ესწრებიან, არამედ კონგრესებსაც, რომლებიც მათი ყოველწლიური სულიერი პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
[სქოლიოები]
a მოგვიანებით ამ შეხვედრებს „ბიბლიის შესწავლის ბერეული წრეები“ ეწოდა, რადგან ეს ბიბლიის მკვლევარები პირველ საუკუნეში მცხოვრებ ბერეელებს ჰბაძავდნენ, რომლებიც „გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ (საქ. 17:11).
b შინაარსიდან გამომდინარე, ამ შეხვედრებს აგრეთვე ეწოდებოდა „ლოცვის, განდიდებისა და დამოწმების შეხვედრები“. მოგვიანებით ლოცვის მნიშვნელობაზე ყურადღების გასამახვილებლად ჯგუფებს მოუწოდეს, რომ სამ თვეში ერთხელ მხოლოდ ლოცვის შეხვედრები ჩაეტარებინათ და სადიდებელი სიმღერები ემღერათ, მაგრამ მსახურების შემთხვევები არ მოეყოლათ.
c 1907 წელს „ბიბლიის კვლევაში დამხმარე ბერეულ სახელმძღვანელოებს“ გადახედეს, საკმაოდ განავრცეს და განაახლეს. მას გამოკვლევისთვის დამხმარე მასალის დაახლოებით 300 გვერდი დაამატეს და 1908 წელს გამოსცეს.
d ზოგჯერ მას განსაკუთრებულ პასექად მოიხსენიებდნენ, რადგან იმ დღეს იესო ქრისტეს სიკვდილს აღნიშნავდნენ, რომლის პირველსახეც საპასექო კრავი იყო. ამიტომ ეწოდება 1 კორინთელების 5:7-ში ქრისტეს „ჩვენი პასექი“. 1 კორინთელების 11:20-ის თანახმად, მას „უფლის ვახშამიც“ ეწოდება, ზოგჯერ კი „საიუბილეო ვახშამს“ უწოდებდნენ, რითაც ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ეს მოვლენა წელიწადში ერთხელ უნდა აღნიშნულიყო.
e შეადარეთ „საგუშაგო კოშკის“ ნომრები: 1891 წლის მარტი, გვერდები 33, 34; 1907 წლის 15 მარტი, გვერდი 88; 1935 წლის 1 თებერვალი, გვერდი 46 და 1948 წლის 1 თებერვალი, გვერდები 41—43.
f ჯერ კიდევ 1900 წლამდე ბროშურა „რჩევები წიგნების დამტარებელთათვის“ ეგზავნებოდა ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული სახის მსახურებაში მონაწილეობდა. 1919 წელს დაიწყო „ბიულეტენის“ გამოცემა, რომელიც მაუწყებლებს სამქადაგებლო მსახურებისკენ აღძრავდა. თავიდან ის და-ძმებს „ოქროს ხანის“ გავრცელებაში ეხმარებოდა, მოგვიანებით კი — სასიხარულო ცნობის ქადაგების სხვადასხვა სფეროში.
g 1909 წლის 1 იანვრის ნომრიდან სახელწოდება „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“ შეიცვალა და გახდა „საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“ (The Watch Tower and Herald of Christ’s Presence). 1931 წლის 15 ოქტომბრიდან ამ ჟურნალის ინგლისურ სახელწოდებაში უმნიშვნელო ცვლილება მოხდა (The Watchtower and Herald of Christ’s Presence).
[ჩანართი 237 გვერდზე]
კრებებში მონაწილეობისკენ ყველას აღძრავდნენ
[ჩანართი 238 გვერდზე]
აქედან არა მხოლოდ აზროვნება ჩანს, არამედ გულწრფელი რწმენაც
[ჩანართი 246 გვერდზე]
მოწმეებს მოუწოდებდნენ, რომ მთელი ოჯახი ერთად დასწრებოდა კრებებს
[ჩანართი 252 გვერდზე]
სულიერი კვების ერთიანი პროგრამა
[ჩანართი 253 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან კრების შეხვედრებზე დასწრებას
[ჩარჩო⁄სურათები 239 გვერდზე]
პირველი კრებები
1916 წლისთვის მთელ მსოფლიოში ბიბლიის მკვლევართა დაახლოებით 1 200 ჯგუფი იყო
დურბანი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), 1915 წელი (ზემოთ მარჯვნივ); ბრიტანეთის გვიანა (გაიანა), 1915 წელი (შუაში მარჯვნივ); ტრონჰეიმი (ნორვეგია), 1915 წელი (ქვემოთ მარჯვნივ); ჰამილტონი (ონტარიოს პროვინცია, კანადა), 1912 წელი (ქვემოთ); ცეილონი (შრი-ლანკა), 1915 წელი (ქვემოთ მარცხნივ); ინდოეთი, 1915 წელი (ზემოთ მარცხნივ)
[ჩარჩო⁄სურათები 240, 241 გვერდებზე]
იეჰოვას განდიდება სიმღერებით
იეჰოვას მოწმეებიც ისევე მღერიან თაყვანისცემის დროს სიმღერებს, როგორც ძველად ისრაელები და იესო მღეროდნენ (ნეემ. 12:46; მარ. 14:26). იეჰოვასა და მისი საქმეების განსადიდებელი სიმღერები ეხმარება ქრისტიანებს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება გულსა და გონებაში ჩაიბეჭდონ.
კარლ კლაინი კონგრესზე ორკესტრს დირიჟორობს, 1947 წელი
წლების მანძილზე იეჰოვას მოწმეები სიმღერების სხვადასხვა კრებულს იყენებდნენ. სიმღერების ტექსტები ღვთის სიტყვის გაგებასთან ერთად იცვლებოდა.
1879 წელი: „პატარძლის სიმღერები“
(144 სადიდებელი სიმღერა ქრისტეს პატარძლის სურვილებსა და იმედებზე)
1890 წელი: „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის ლექსები და სადიდებელი სიმღერები“
(151 ლექსი და 333 სადიდებელი სიმღერა ნოტების გარეშე. უმეტესობა შექმნილი იყო ცნობილი ავტორების მიერ)
1896 წელი: 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ ეძღვნებოდა „სიონის დილის სასიხარულო სიმღერებს“
(11 სიმღერა ნოტებით. ტექსტის ავტორები იყვნენ ბიბლიის მკვლევარები)
1900 წელი: „სიონის სასიხარულო სიმღერები“
(82 სიმღერა, რომელთა უმეტესობაც ერთ-ერთმა ბიბლიის მკვლევარმა დაწერა ძველი გამოცემის შესავსებად)
1905 წელი: „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის სადიდებლები“
(333 სიმღერა, რომლებიც 1890 წელს იყო გამოცემული; ამჯერად ნოტებით)
1925 წელი: „სამეფოს სადიდებელი სიმღერები“
(80 სიმღერა მუსიკით, განსაკუთრებით ბავშვებისთვის)
1928 წელი: „იეჰოვას სადიდებელი სიმღერები“
(337 სიმღერა. ბიბლიის მკვლევარების მიერ დაწერილი ახალი სიმღერებისა და ძველი სიმღერების კრებული. ტექსტები შესწორდა, რადგან ირეკლავდა ცრურელიგიურ აზროვნებას და განადიდებდა ქმნილებებს)
1944 წელი: „სამეფო მსახურების სიმღერების წიგნი“
(62 სიმღერა სამეფო მსახურებასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე. მოხსენიებულნი აღარ იყვნენ ტექსტებისა და მუსიკის ავტორები)
1950 წელი: „სიმღერები იეჰოვას დიდებაზე“
(91 სიმღერა. კრებულში შევიდა სიმღერები იმ დროს აქტუალურ თემებზე და მოძველებული სიტყვები და გამოთქმები შეიცვალა. ითარგმნა 18 ენაზე)
1966 წელი: „გულში უმღერეთ და განადიდეთ“
(119 სიმღერა, რომლებიც ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების ყველა მხარეს ეხებოდა. აღარ შეიცავდა ქვეყნიური ავტორების მუსიკას და ცრურელიგიურ ელემენტებს. შეიქმნა ყველა სიმღერის საორკესტრო ჩანაწერი, რომელთაც კრების შეხვედრებზე რეგულარულად იყენებდნენ აკომპანიმენტად. გაკეთდა ზოგიერთი სიმღერის ვოკალური ჩანაწერი. 1980 წლიდან დაიწყეს „სამეფოს მელოდიების“ ორკესტრული ჩანაწერების გამოშვება, რომ სახლებშიც შესაძლებელი ყოფილიყო გამამხნევებელი მუსიკის მოსმენა)
1984 წელი: „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“
(225 სამეფოს სიმღერა, რომელთა ტექსტიცა და მელოდიაც დაწერეს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებმა იეჰოვას მიძღვნილმა მსახურებმა. სიმღერების მუსიკა გამოიცა ფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე)
[სურათი]
ბიბლიის მკვლევარები თავიდან სახლებში შეხვედრების ჩატარების დროს მღეროდნენ ღვთის განსადიდებელ სიმღერებს. მალე მათ კონგრესებზეც დაიწყეს სიმღერების მღერა. ზოგი საუზმემდე თაყვანისმცემლობის დროს რომელიმე სიმღერას მღეროდა, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ბიბლიის სახლში კეთდებოდა. თუმცა 1938 წლიდან კრების შეხვედრებზე თითქმის აღარ მღეროდნენ სიმღერებს, 1944 წლიდან მოწმეებმა ისევ დაიწყეს მღერა და დღემდე ეს იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებისა და კონგრესების პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
[სურათი 242 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო
აქტიური მოწმე
დამსწრეთა რაოდენობა
11 000 000
10 000 000
9 000 000
8 000 000
7 000 000
6 000 000
5 000 000
4 000 000
3 000 000
2 000 000
1 000 000
1935 1945 1955 1965 1975 1985 1992
[სურათი 243 გვერდზე]
ჰაროლდ კინგი ჩინეთში სამარტოო საკანშიც კი რეგულარულად აღნიშნავდა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს
[სურათი 244 გვერდზე]
ბავშვების ბიბლიური კლასი გერმანიაში, 1930-იანი წლების დასაწყისი
[სურათები 244 გვერდზე]
შვეიცარიაში ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეები 1930-იანი წლების შუა პერიოდში გამოსცემდნენ ამ ჟურნალს (ქვემოთ) და დიდი აუდიტორიისთვის დრამებს დგამდნენ (ქვემოთ შუაში)
[სურათები 247 გვერდზე]
„ბიულეტენი“ (1919—1935), „ხელმძღვანელი“ (1935—1936), „ინფორმატორი“ (1936—1956) და „ჩვენი სამეფო მსახურება“, რომელიც 100-ზე მეტ ენაზე გამოიცემა — ამ პუბლიკაციების მიზანი იყო და არის იეჰოვას მოწმეებისთვის სამქადაგებლო მსახურებაში ერთნაირი მითითებების მიცემა
[სურათი 248 გვერდზე]
სამსახურებრივ შეხვედრაზე წარმოდგენილი ინსცენირებები მოწმეებს ქადაგების მეთოდების დახვეწაში ეხმარება (შვედეთი)
[სურათი 249 გვერდზე]
კენიაში ახალგაზრდა მოწმე მამასთან ერთად გამოდის დავალებით „თეოკრატიული მსახურების სკოლაში“
[სურათი 250 გვერდზე]
1992 წლისთვის იეჰოვას მოწმეთა კრებებში ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო ერთდროულად 66 ენაზე გამოიცემოდა. ენების რიცხვი გამუდმებით იზრდება