თავი 33
კვლავაც იფხიზლეთ!
«ვინაიდან იესომ გარკვევით თქვა, რომ არც ერთმა ადამიანმა არ იცის „იმ დღეზე ან საათზე“, რა დროსაც მამა დაავალებს ძეს, მოვიდეს სატანის ბოროტი სისტემის გასანადგურებლად, შეიძლება ვინმემ იკითხოს: „რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ აღსასრულის მოლოდინით ვიცხოვროთ?“. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იესომ ამ სიტყვების თქმისთანავე დასძინა: „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ . . . ამიტომ იფხიზლეთ“ (მარ. 13:32—35)» (1984 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“).
იეჰოვას მოწმეები უკვე არაერთი ათწლეულია ფხიზლობენ. რას ელიან ისინი? ისინი ელიან, რომ იესო თავისი სამეფო ძალაუფლებით მოვა სატანის ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსასრულებლად და მთელ დედამიწას მოაფენს კურთხევებს, რომლებსაც მისი მმართველობა მოიტანს! (მათ. 6:9, 10; 24:30; ლუკ. 21:28; 2 თეს. 1:7—10). მათ, ვინც ფხიზლობენ, იციან, რომ 1914 წლიდან აშკარად გამოჩნდა ქრისტეს მოსვლის ნიშანი და იმ წელს დაიწყო ამ ქვეყნიერების ბოლო დღეები (მათ. 24:3—25:46).
მაგრამ იესო ჯერ ხომ არ მოსულა როგორც აღმასრულებელი და მხსნელი?! მაშ, როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ მდგომარეობას?
ბოლომდე დარწმუნებულნი
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო კრებამ მიაღწია „გაგების სრულ სიმდიდრეს“ (კოლ. 2:2). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იეჰოვას განზრახვის ყველა დეტალს სწვდებიან. ისინი კვლავაც მიუკერძოებლად იკვლევენ წმინდა წერილებს და იღრმავებენ ცოდნას. მაგრამ, რასაც ისინი სწავლობენ, არ ცვლის მათ შეხედულებას ღვთის სიტყვის ძირითად სწავლებებზე. ისინი ბოლომდე დარწმუნებულნი არიან ამ ძირითად სწავლებებში, რომლებიც ათწლეულების წინ გაიგეს და მიიღეს. თუმცა, რასაც ისინი იგებენ, ეხმარება მათ, რომ ბოლომდე ჩასწვდნენ იმას, თუ რა ადგილი უკავია ამა თუ იმ მუხლს ბიბლიური ჭეშმარიტების მთლიან კონტექსტში და როგორ შეუძლიათ, შეძლებისდაგვარად, სრულად გამოიყენონ ღვთის სიტყვის რჩევები ცხოვრებაში.
იეჰოვას მოწმეები ღვთის დაპირებებშიც სრულად არიან დარწმუნებულნი. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ღვთის ყველა დაპირება უმცირეს დეტალებში შესრულდება და ეს ღვთის მიერ დანიშნულ დროს მოხდება. ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება, რომელიც მათ დაინახეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს, სრულად არწმუნებს მათ, რომ „ქვეყნიერების აღსასრული“ და ღვთის დაპირებული სამართლიანი ახალი ქვეყნიერება მალე დადგება (დან. 12:4, 9; გამოცხ. 21:1—5).
აქედან გამომდინარე, რას უნდა აკეთებდნენ ისინი? „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო“, — გააფრთხილა ისინი იესომ, შემდეგ კი დასძინა: „ამიტომ იფხიზლეთ . . . რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარეებს არ მოგისწროთ. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარ. 13:33, 35—37). იეჰოვას მოწმეებს კარგად ესმით, რომ მათ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ.
ამა თუ იმ წინასწარმეტყველების შესრულებასთან დაკავშირებით მათ მიერ დროდადრო გამოვლენილი ზედმეტი გულმოდგინება არ გვაძლევს საფუძველს, უარვყოთ, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიმდინარე მოვლენები ქვეყნიერების აღსასრულზე მიუთითებს. უეჭველია, ბევრად უკეთესია, გულმოდგინე იყო, ზოგჯერ ზედმეტად გულმოდგინეც კი, რომ დაინახო, როგორ სრულდება ღვთის ნება, ვიდრე სულიერად გეძინოს მისი განზრახვების შესრულების დროს (შეადარეთ ლუკას 19:11; საქმეების 1:6; 1 თესალონიკელების 5:1, 2, 6).
რას ნიშნავს სიფხიზლის შენარჩუნება?
როგორ შეგვიძლია ვიფხიზლოთ?
ქრისტიანები, რომლებიც ფხიზლობენ, გულხელდაკრეფილნი არ ელოდებიან მოვლენების განვითარებას. პირიქით, ისინი კარგ სულიერ მდგომარეობას ინარჩუნებენ, რათა იესო, რომელიც განაჩენის აღსასრულებლად მოვა, მათი მხსნელი გახდეს (ლუკ. 21:28). „დაუკვირდით საკუთარ თავს, — გააფრთხილა ისინი იესომ, — რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე . . . იფხიზლეთ“ (ლუკ. 21:34—36). ამგვარად, ქრისტიანები, რომლებიც ფხიზლობენ, უპირველესად საკუთარ თავს უნდა დაუკვირდნენ და თითოეული დღე ისე განვლონ, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ. მათ უნდა იფხიზლონ თავიანთ ქრისტიანულ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით და უნდა მოერიდონ ბოროტის ხელში მყოფი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ არაქრისტიანულ საქციელს (1 იოან. 5:19; რომ. 13:11—14). ქრისტეს მოსვლას ისინი მომზადებულები უნდა შეხვდნენ.
ვინ შეინარჩუნა სიფხიზლე და კარგი სულიერი მდგომარეობა? ამ წიგნის წინა თავებში მოყვანილი ისტორიული ჩანაწერები იეჰოვას მოწმეებზე მიანიშნებს. ნათელია, რომ ისინი სერიოზულად ეკიდებიან იმ პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ქრისტიანობა მოითხოვს. მაგალითად, ომის დროს ისინი მზად იყვნენ, ციხეში ჩამსხდარიყვნენ და სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდოთ, რადგან ესმოდათ, რომ ქვეყნიერების ნაწილი არ უნდა ყოფილიყვნენ და ერთმანეთისადმი თავგანწირული სიყვარული უნდა გამოევლინათ (იოან. 13:34, 35; 17:14, 16). ადამიანებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მათი კარგი საქციელი არა მხოლოდ სამეფო დარბაზებში და დიდ კონგრესებზე, არამედ მათ სამსახურებშიც (1 პეტ. 2:12). ამ „ყველანაირად ზნედაცემულ“ ქვეყნიერებაში, ისინი პატიოსან და ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწევიან (ეფეს. 4:19—24; 5:3—5).
თუმცა სიფხიზლის შენარჩუნებაში იმაზე მეტი იგულისხმება, ვიდრე ის, რომ დავუკვირდეთ საკუთარ თავს. გუშაგმა სხვებს უნდა შეატყობინოს ის, რასაც ხედავს. ამ უკანასკნელ დროში ფხიზლად მყოფმა ქრისტიანებმა, რომლებიც ნათლად ხედავენ ქრისტეს მოსვლის ნიშანს, სხვებს უნდა აუწყონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ და უნდა გააფრთხილონ, რომ ქრისტე მალე მოვა და განაჩენს გამოუტანს ბოროტ ქვეყნიერებას (მათ. 24:14, 30, 44). ამგვარად, ისინი სხვებსაც ეხმარებიან, რომ გადარჩნენ (ლუკ. 21:28).
ვინ ქადაგებს დღეს გამაფრთხილებელ ცნობას, რითაც ამტკიცებს, რომ ფხიზლობს? იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილნი ღვთის სახელისა და მისი სამეფოს შესახებ გულმოდგინე ქადაგებით. ისინი არ თვლიან, რომ სამღვდელოების კონკრეტული კლასი უნდა ქადაგებდეს. მათ სწამთ, რომ ეს ყველა მორწმუნე ადამიანის ვალდებულებაა. მათთვის ეს თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია (რომ. 10:9, 10; 1 კორ. 9:16). რა შედეგი გამოიღო მათმა ქადაგებამ?
დღეს მსოფლიოს 220-ზე მეტ ქვეყანაში მათ მზარდ კრებებში მილიონობით აქტიური წევრია (ეს. 60:22; შეადარეთ საქმეების 2:47; 6:7; 16:5). კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მთავრობები კრძალავდნენ იეჰოვას მსახურების საქმიანობას და აპატიმრებდნენ კიდეც მათ, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას! მათი გადაწყვეტილება ჰგავს იმ მოციქულების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ქადაგების შეწყვეტის მოთხოვნაზე განაცხადეს: „ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“; „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქ. 4:18—20; 5:27—29).
„დაელოდე“
დღეს იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანების მდგომარეობის მსგავსია. იესომ მათ მისცა ნიშანი, რომლის დახმარებითაც ისინი გაიგებდნენ, როდის უნდა გაქცეულიყვნენ იერუსალიმიდან, რათა გადარჩენილიყვნენ მისი განადგურების დროს. იესომ თქვა: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს“, გაიქეცით (ლუკ. 21:20—23). 30 წელზე ცოტა მეტი ხნის გასვლის შემდეგ, ახ. წ. 66 წელს, იერუსალიმს რომის ჯარმა შემოარტყა ალყა. როდესაც რომის ჯარმა უმიზეზოდ დაიხია უკან, არა მხოლოდ იერუსალიმში, არამედ მთელ იუდეაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა გაითვალისწინეს იესოს მითითება და პერეას ქალაქ პელაში გაიქცნენ.
ისინი იქ უსაფრთხოდ იყვნენ და ელოდებოდნენ. დადგა ახ. წ. 67 წელი, შემდეგ — 68 წელი, შემდეგ — 69 წელი, მაგრამ იერუსალიმში არაფერი იცვლებოდა. ხომ არ უნდა დაბრუნებულიყვნენ ისინი იერუსალიმში? ბოლოს და ბოლოს, იესოს ხომ არ უთქვამს, რამდენ ხანს უნდა დალოდებოდნენ. მაგრამ ქრისტიანები უკან რომ დაბრუნებულიყვნენ, ეს სანანებელი გაუხდებოდათ, რადგან ახ. წ. 70 წელს რომის ჯარი დაბრუნდა. რიცხობრივად ისინი იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ მათი დარტყმა წარღვნასავით ძლიერი იყო, რომელსაც ვერავინ შეაჩერებდა; ამჯერად, მათ უკან აღარ დაუხევიათ. რომაელებმა გაანადგურეს ქალაქი და მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს. პელაში მყოფი ქრისტიანები მართლაც ბედნიერები იქნებოდნენ, რომ ბოლომდე ელოდებოდნენ, როდის აღასრულებდა იეჰოვა მის მიერ დადგენილ დროს იერუსალიმისთვის გამოტანილ განაჩენს!
ისინი, ვინც დღეს ფხიზლობენ, მსგავს მდგომარეობაში არიან. მათ კარგად ესმით, რომ რაც უფრო უახლოვდებიან ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო რთულია იესოს მოსვლის ლოდინი. მაგრამ მათ კვლავაც სჯერათ იესოს სიტყვების: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“ (მათ. 24:34). სიტყვა „ყველაფერი“ მიანიშნებს „ნიშნის“ შემადგენელ სხვადასხვა ნაწილზე. ამ ნიშნის შესრულება 1914 წლიდან დაიწყო და კულმინაციას „დიდი გასაჭირის“ დროს მიაღწევს (მათ. 24:21). აღსასრული შეიძლება არც ისე შორს არის.
მანამდე კი იეჰოვას მოწმეებს გადაწყვეტილი აქვთ, იფხიზლონ, რადგან ბოლომდე არიან დარწმუნებულები, რომ ღმერთი დანიშნულ დროს შეასრულებს თავის დაპირებებს! ისინი ყურად იღებენ იეჰოვას სიტყვებს, რომლებიც მან წინასწარმეტყველ აბაკუმს უთხრა. იმის შესახებ, რომ თითქოსდა იწყნარებდა ძვ. წ. მეშვიდე საუკუნის მიწურულს იუდას სამეფოში არსებულ ბოროტებას, იეჰოვამ წინასწარმეტყველს უთხრა: „ჩაიწერე ხილვა [ძნელად ასატანი მდგომარეობის დასრულების შესახებ], გარკვევით ამოკვეთე ფილებზე, რათა თავისუფლად შეძლოს მისი წაკითხვა ხმამაღლა წამკითხველმა. ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს [თუ ასე მოგეჩვენება], დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“ (აბაკ. 1:2, 3; 2:2, 3). მსგავსად, მოწმეები დარწმუნებულნი არიან იეჰოვას სიმართლესა და სამართლიანობაში, რაც მათ ეხმარება, გაწონასწორებული თვალსაზრისი შეინარჩუნონ და იეჰოვას მიერ „დანიშნულ დროს“ დაელოდონ.
ფრედერიკ ფრენცმა, რომელიც 1913 წელს მოინათლა, 1991 წელს, როგორც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა, კარგად გამოხატა იეჰოვას მოწმეების გრძნობები:
«ჩვენი იმედი უსაფუძვლო არ არის. ის შესრულდება მცირე სამწყსოს 144 000 წევრიდან თითოეულისთვის და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. ჩვენ, დარჩენილ ნაწილს, რომლებიც 1914 წელს ველოდით, რომ ზეცაში წავიდოდით, არ დაგვვიწყებია, რამდენად ძვირფასია ეს იმედი. დღეს ისე ველოდებით ამ იმედის შესრულებას, როგორც არასდროს და რაც უფრო დიდხანს გვიწევს ლოდინი, მით უფრო ვაფასებთ მას. ამ იმედისთვის მილიონი წელიც კი ღირს ლოდინი. მე ვაფასებ ჩვენს იმედს ისე, როგორც არასდროს, და მინდა, რომ ის ჩემთვის არასდროს გაუფასურდეს. მცირე სამწყსოს იმედი იმაში გვარწმუნებს, რომ სხვა ცხვრისგან შემდგარი უამრავი ხალხის მოლოდინი ყოველ მიზეზ გარეშე შესრულდება და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ ველოდებით იმ საათს და დაველოდებით მანამ, სანამ ღმერთი არ დაამტკიცებს, რომ ის არის „ძვირფასი და დიდებული დაპირებების“ შემსრულებელი» (2 პეტ. 1:4; რიცხ. 23:19; რომ. 5:5).
სწრაფად გვიახლოვდება ის დრო, როდესაც მთელი კაცობრიობა დაინახავს სამეფო ძალაუფლებით მოსულ ქრისტეს. შემდეგ დაპირებულს მიიღებენ ისინი, ვინც ფხიზლობენ (ებრ. 10:36). მართლაც, მათი იმედი ისე გამართლდება, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. რა ბედნიერები და მადლიერები იქნებიან ისინი, რომ ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში ფხიზლობდნენ და გულმოდგინედ აუწყებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ!
[ჩანართი 713 გვერდზე]
ისინი სრულად დარწმუნებულნი არიან, რომ „ქვეყნიერების აღსასრული“ მალე დადგება
[ჩანართი 714 გვერდზე]
უნდა დაუკვირდნენ საკუთარ თავს და თითოეული დღე ისე განვლონ, როგორც ქრისტიანს შეეფერება
[ჩანართი 715 გვერდზე]
ვინ ქადაგებს დღეს გამაფრთხილებელ ცნობას, რითაც ამტკიცებს, რომ ფხიზლობს?
[ჩანართი 716 გვერდზე]
„მე ვაფასებ ჩვენს იმედს ისე, როგორც არასდროს, და მინდა, რომ ის ჩემთვის არასდროს გაუფასურდეს“ (ფ. ფრენცი).
[ჩარჩო⁄სურათი 717 გვერდზე]
მსახურების ანგარიშები მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების რაოდენობა
წელი ქვეყანა
1920 ....... 46
1925 ....... 83
1930 ....... 87
1935 ....... 115
1940 ....... 112
1945 ....... 107
1950 ....... 147
1955 ....... 164
1960 ....... 187
1965 ....... 201
1970 ....... 208
1975 ....... 212
1980 ....... 217
1985 ....... 222
1992 ....... 229
ქვეყნების რაოდენობა
ქვეყნების რაოდენობა დათვლილია 1990-იანი წლების მსოფლიო პოლიტიკური რუკის მიხედვით და არა მანამდე არსებული რუკების მიხედვით, რომლებზეც ეს ქვეყნები დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დიდი იმპერიების შემადგენლობაში შედიოდნენ.
წელი კრება
1940 ...... 5 130
1945 ...... 7 218
1950 ...... 13 238
1955 ...... 16 044
1960 ...... 21 008
1965 ...... 24 158
1970 ...... 26 524
1975 ...... 38 256
1980 ...... 43 181
1985 ...... 49 716
1992 ...... 69 558
კრებების რაოდენობა
1938 წლამდე არ ხდებოდა მსოფლიოში არსებული კრებების რაოდენობის თანამიმდევრული აღწერა.
წელი კრება
1935 ...... 56 153
1940 ...... 96 418
1945 ...... 156 299
1950 ...... 373 430
1955 ...... 642 929
1960 ...... 916 332
1965 ...... 1 109 806
1970 ...... 1 483 430
1975 ...... 2 179 256
1980 ...... 2 272 278
1985 ...... 3 024 131
1992 ...... 4 472 787
სამეფოს მაუწყებლების რაოდენობა
1920-იანი და 1930-იანი წლების დასაწყისში მაუწყებლების რაოდენობის აღრიცხვის მეთოდი არაერთხელ შეიცვალა. კრების ანგარიშები ორგანიზაციას ეგზავნებოდა კვირაში ერთხელ, ნაცვლად იმისა, რომ თვეში ერთხელ გაეგზავნათ (ანგარიშების ყოველთვე ჩაბარება მხოლოდ 1932 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს). 1929 წლის 1 იანვრის „ბიულეტენის“ თანახმად, ადამიანი ჯგუფის წევრად (კრების მაუწყებლად) რომ ჩათვლილიყო, კვირაში სულ მცირე 3 საათი უნდა ექადაგა (ან თვეში 12 საათი). მაუწყებლებს, რომლებიც დაშორებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, მოეთხოვებოდათ, რომ კვირაში სულ მცირე ორი საათი ექადაგათ.
წელი პიონერები
1920 ......... 480
1925 ......... 1 435
1930 ......... 2 897
1935 ......... 4 655
1940 ......... 5 251
1945 ......... 6 721
1950 ......... 14 093
1955 ......... 17 011
1960 ......... 30 584
1965 ......... 47 853
1970 ......... 88 871
1975 ......... 130 225
1980 ......... 137 861
1985 ......... 322 821
1992 ......... 605 610
პიონერები
ეს არის პიონერების, დამხმარე პიონერების, სპეციალური პიონერების, მისიონერების, სარაიონო და საოლქო ზედამხედველების საერთო რიცხვი. პიონერებს ადრე წიგნების დამტარებლებს უწოდებდნენ, დამხმარე პიონერებს კი — დამხმარე წიგნების დამტარებლებს. უმეტეს წლებში მოყვანილია მათი ყოველთვიური საშუალო რაოდენობა.
წელი ბიბლ. შესწ.
1945 ....... 104 814
1950 ....... 234 952
1955 ....... 337 456
1960 ....... 646 108
1965 ....... 770 595
1970 ....... 1 146 378
1975 ....... 1 411 256
1980 ....... 1 371 584
1985 ....... 2 379 146
1992 ....... 4 278 127
ბიბლიის შესწავლები
1930-იან წლებში ზოგ შესწავლას ცალკეულ ადამიანთან ატარებდნენ, თუმცა ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ადამიანებს ბიბლიის დამოუკიდებლად შესწავლაში დახმარებოდნენ და ორგანიზება გაეწიათ შეხვედრებისთვის, რომლებსაც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა დაინტერესებულებიც დაესწრებოდნენ. მოგვიანებით, როცა დაინტერესებულები გულწრფელ ინტერესს გამოავლენდნენ, მათთან შესწავლას მანამდე ატარებდნენ, სანამ არ მოინათლებოდნენ. უფრო მოგვიანებით კი ბიბლიის მკვლევარებს მოუწოდებდნენ, რომ დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლის ჩატარება მანამდე გაეგრძელებინათ, სანამ ის მოწიფული ქრისტიანი არ გახდებოდა.
წლები საათი
1930—1935 ....... 42 205 307
1936—1940 ....... 63 026 188
1941—1945 ....... 149 043 097
1946—1950 ....... 240 385 017
1951—1955 ....... 370 550 156
1956—1960 ....... 555 859 540
1961—1965 ....... 760 049 417
1966—1970 ....... 1 070 677 035
1971—1975 ....... 1 637 744 774
1976—1980 ....... 1 646 356 541
1981—1985 ....... 2 276 287 442
1986—1992 ....... 5 912 814 412
საათი
1920-იანი წლების ბოლომდე მსახურების ანგარიშებს, ჩვეულებრივ, არ აბარებდნენ. საათების დათვლის მეთოდი არაერთხელ შეიცვალა: 1930-იანი წლების დასაწყისში ითვლებოდა მხოლოდ კარდაკარ ქადაგების საათები, განმეორებითი მონახულებების კი არა. აქ მოყვანილი რიცხვები შთამბეჭდავია, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია იმ დროისა, რასაც იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას უძღვნიდნენ.
წლები გავრც. ლიტ.
1920—1925 ....... 38 757 639
1926—1930 ....... 64 878 399
1931—1935 ....... 144 073 004
1936—1940 ....... 164 788 909
1941—1945 ....... 178 265 670
1946—1950 ....... 160 027 404
1951—1955 ....... 237 151 701
1956—1960 ....... 493 202 895
1961—1965 ....... 681 903 850
1966—1970 ....... 935 106 627
1971—1975 ....... 1 407 578 681
1976—1980 ....... 1 380 850 717
1981—1985 ....... 1 504 980 839
1986—1992 ....... 2 715 998 934
გავრცელებული ლიტერატურა
1940 წლამდე მოყვანილი მაჩვენებლები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ შეიცავს გავრცელებული ჟურნალების რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მილიონობით ავრცელებდნენ. 1940 წლიდან მოყვანილია გავრცელებული წიგნების, ბროშურებისა და ჟურნალების რაოდენობა, თუმცა არ არის დაფიქსირებული ასობით მილიონი ტრაქტატის რაოდენობა, რომელთაც სამეფოს ცნობისადმი ინტერესის გასაღვივებლად ავრცელებდნენ. 1920—1992 წლებში მთლიანობაში ლიტერატურის 10 107 565 269 ეგზემპლარი გავრცელდა 290-ზე მეტ ენაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით დამოწმების ნათელი მტკიცებაა.
წელი დამსწ. მონაწ.
1935 ...... 63 146 ... 52 465
1940 ...... 96 989 ... 27 711
1945 ...... 186 247 ... 22 328
1950 ...... 511 203 ... 22 723
1955 ...... 878 303 ... 16 815
1960 ...... 1 519 821 ... 13 911
1965 ...... 1 933 089 ... 11 550
1970 ...... 3 226 168 ... 10 526
1975 ...... 4 925 643 ... 10 550
1980 ...... 5 726 656 ... 9 564
1985 ...... 7 792 109 ... 9 051
1992 ...... 11 431 171 ... 8 683
გახსენების საღამოზე დამსწრენი და მონაწილენი
1932 წლამდე გახსენების საღამოზე დამსწრეთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ძირითადად არასრულია. ზოგჯერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში იხსენიებდნენ მხოლოდ 15, 20, 30 ან მეტკაციან ჯგუფებს. საინტერესოა, რომ იმ წლების მონაცემთა უმეტესობის თანახმად, დამსწრეთაგან მხოლოდ რამდენიმე არ იღებდა სიმბოლოებს. 1933 წლისთვის მათ შორის სხვაობა 3 000 იყო.