„გამოიღვიძეთ!“ — ჟურნალი ფართო მკითხველისთვის
თავიდან ჟურნალს ერქვა „ოქროს ხანა“. პირველი ნომერი გამოვიდა 1919 წლის პირველ ოქტომბერს. ჟურნალი ადამიანთა საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს ეხებოდა. ის აფრთხილებდა ხალხს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ანახვებდა, რომ კაცობრიობის პრობლემები მხოლოდ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს გადაიჭრებოდა და ეს კაცობრიობისთვის „ოქროს ხანა“ იქნებოდა. ჟურნალის გარეკანი იცვლებოდა, მასში ჩაწერილი ცნობა კი იგივე რჩებოდა. „ოქროს ხანა“ გასავრცელებლად გამოიცემოდა და მრავალი წლის მანძილზე მისი ტირაჟი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე „საგუშაგო კოშკის“.
1937 წლის 6 ოქტომბრის ნომრიდან მოყოლებული ჟურნალის ახალი სახელი იყო „ნუგეში“. ეს სახელწოდება შესაფერისი იყო, რადგან იმ დროს ბევრი ადამიანი იჩაგრებოდა, მეორე მსოფლიო ომმა კი დიდი ქაოსი გამოიწვია. თუმცა ნუგეში ამ ჟურნალს მხოლოდ მათთვის მოჰქონდა, ვისაც გულწრფელად უყვარდა ჭეშმარიტება.
1946 წლის 22 აგვისტოს ნომრიდან ჟურნალს ახალი სახელი „გამოიღვიძეთ!“ ეწოდა. მასში ყურადღება მახვილდება ხალხის გამოღვიძებაზე, რათა მათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობა დაინახონ. ჟურნალში ძირითადად საინფორმაციო წყაროებიდან აღებული ინფორმაცია იბეჭდება, მაგრამ მას მთელ მსოფლიოში საკუთარი კორესპონდენტებიც ჰყავს. „გამოიღვიძეთ!“-ში იბეჭდება გაწონასწორებული, პრაქტიკული და ფართო სპექტრის სტატიები, რომლებიც მკითხველს ყურადღებას უმახვილებს ჟურნალის მთავარ ცნობაზე, კერძოდ იმაზე, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რაც ცხადყოფს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ და მალე ღვთის სამეფო მარადიულ კურთხევებს მოუტანს მათ, ვინც გაიგებს და შეასრულებს ღვთის ნებას. ეს ჟურნალი ეფექტური საშუალებაა ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის მთელ მსოფლიოში გასაცხადებლად და ხიდის როლს ასრულებს იმ ღრმა მასალის შესწავლაში, რომელიც „საგუშაგო კოშკსა“ და სხვა წიგნებშია მოცემული.
1993 წლის დასაწყისისთვის „გამოიღვიძეთ!“ 67 ენაზე გამოიცემოდა და თითოეული ნომრის ტირაჟი 13 240 000 იყო.