საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • T-23 გვ. 2-6
  • ვინ არის იეჰოვა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ არის იეჰოვა?
  • ვინ არის იეჰოვა?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ვინ არის შემოქმედი?
  • მისი სახელის მნიშვნელობა
  • იეჰოვას ძირითადი თვისებები
  • სარგებლობა, რომელიც იეჰოვას გაცნობას მოაქვს
  • ვინ შექმნა ყოველივე ეს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ვინ არის იეჰოვა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • განადიდე იეჰოვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
იხილეთ მეტი
ვინ არის იეჰოვა?
T-23 გვ. 2-6

ვინ არის იეჰოვა?

ერთხელ, როდესაც ჰენრი მოუჰოტი, XIX საუკუნის ფრანგი მკვლევარი, კამბოჯას ჯუნგლებში გზას მიიკვლევდა, ტაძარს წააწყდა, რომელსაც ირგვლივ განიერი თხრილი ჰქონდა შემოვლებული. ეს იყო ანგკორ-ვატი, დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური მონუმენტი. თვალის შევლებისთანავე მოუჰოტს შეეძლო ეთქვა, რომ ხავსით დაფარული ეს ნაგებობა ადამიანის ხელით იყო შექმნილი. «ვინმე ძველი „მიქელანჯელოს“ მიერ აღმართული ეს გრანდიოზული კომპლექსი ბევრად აღემატება ბერძნული ან რომაული არქიტექტურის ნიმუშებს», — წერდა ის. თუმცა კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში უპატრონოდ იყო მიგდებული, მოუჰოტს არ ეეჭვებოდა, რომ მას ხუროთმოძღვარი ჰყავდა.

საინტერესოა, რომ საუკუნეების წინათ დაწერილი სიბრძნის წიგნი მსგავსადვე მსჯელობს: „ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია“ (ებრაელთა 3:4). მაგრამ ვინმე შეიძლება შემოგვედაოს: „არ შეიძლება ადამიანის ნახელავის შედარება იმასთან, რაც ბუნებაში ხდება“.

ამ აზრს ყველა მეცნიერი არ იზიარებს. პენსილვანიის (აშშ) ერთ-ერთი უნივერსიტეტის (Lehigh University) ბიოქიმიის ადიუნქტ-პროფესორმა მაიკლ ბიჰიმ აღნიშნა, რომ „ბიოქიმიური სისტემები არ არის უსიცოცხლო ობიექტები“, და შემდეგ იკითხა: „შეიძლება თუ არა ცოცხალი ბიოქიმიური სისტემების შექმნა?“ მან განაგრძო, რომ ახლა გენური ინჟინერიის გამოყენებით მეცნიერები მიზანდასახულად ახდენენ ძირეულ ცვლილებებს ცოცხალ ორგანიზმებში. დიახ, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი მატერიის „შექმნა“ შესაძლებელია! უჯრედების მიკროსკოპულ სამყაროში ჩაფლული ბიჰი ყურადღებას ამახვილებს საოცრად ურთულეს სისტემებზე, რომელთა შემადგენელი ნაწილების უერთმანეთოდ ფუნქციონირება შეუძლებელია. რა დასკვნამდე მიდის ის? „უჯრედის გამოკვლევის, ანუ სიცოცხლის მოლეკულურ დონეზე გამოკვლევის ერთობლივი მცდელობების შედეგები ხმამაღლა, ნათლად ღაღადებს შემოქმედებაზე“.

მაშ, ვინ არის ყოველივე ამის შემოქმედი?

ვინ არის შემოქმედი?

პასუხის პოვნა შესაძლებელია ზემოხსენებულ უძველეს სიბრძნის წიგნში, ბიბლიაში. შესავალში ბიბლია საოცრად მარტივად და ნათლად პასუხობს კითხვაზე, ვინ შექმნა ყოველივე: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1).

საკუთარი თავის ცრუ ღმერთებისგან გამოყოფის მიზნით შემოქმედი თავის სახელს გვამცნობს, რომელიც სხვა არავის ჰქვია: „ასე ამბობს ღმერთი იეჰოვა, ცათა შემოქმედი. . . მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მასზე მცხოვრები ხალხისთვის“ (ესაია 42:5, 8, არქიმანდრიტ მაკარის თარგმანი). დიახ, იეჰოვაა იმ ღვთის სახელი, რომელმაც სამყარო და ადამიანის მოდგმა შექმნა. მაგრამ ვინ არის იეჰოვა? როგორი ღმერთია ის? და რატომ უნდა ვუსმინოთ მას?

მისი სახელის მნიშვნელობა

უპირველესად, გავიგოთ, რას ნიშნავს შემოქმედის სახელი იეჰოვა. ღვთის სახელი, რომელიც ოთხი ებრაული ასოთი იწერება (יהוה), ებრაულ ენაზე დაწერილ ბიბლიის წიგნებში დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. მიიჩნევენ, რომ ეს სახელი ებრაული ზმნის „ჰავაჰ“ („გახდომა“, „გადაქცევა“) კაუზატიური ფორმაა და მისი მნიშვნელობაა „აქცევინებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა ბრძნულად ხდება, ანუ იქცევა ისეთად, როგორიც საჭიროა თავისი განზრახვების შესასრულებლად. თავისი აღთქმების შესასრულებლად ის შემოქმედად, მოსამართლედ, მხსნელად, სიცოცხლის შემნარჩუნებლად იქცევა. გარდა ამისა, ებრაული სახელის, იეჰოვას, აღმნიშვნელი ზმნის ფორმა განგრძობით მოქმედებას აღნიშნავს. ეს მიუთითებს, რომ იეჰოვა დღესაც ხდება თავისი აღთქმების შემსრულებელი. დიახ, ის ცოცხალი ღმერთია!

იეჰოვას ძირითადი თვისებები

ბიბლია გვიჩვენებს, რომ შემოქმედი, თავისი აღთქმების შემსრულებელი, ძალიან მიმზიდველი პიროვნებაა. იეჰოვა თავად გვამცნობს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს: ‘უფალი, უფალი! ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი. შემნახავი სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელი’ (გამოსვლა 34:6, 7). იეჰოვა აღწერილია როგორც „დიდმადლიანი“ ღმერთი. აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა შეიძლება „ერთგულ სიყვარულადაც“ ითარგმნოს. თავისი მარადიული განზრახვის შესასრულებლად იეჰოვა ერთგულად განაგრძობს თავისი ქმნილებებისადმი სიყვარულის გამოვლენას. განა არ გწყურიათ ასეთი სიყვარული?

იეჰოვა აგრეთვე რისხვაში ნელი და შეცდომების მიტევებაში სწრაფი ღმერთია. ძალიან სასიამოვნოა, ახლო ურთიერთობა გვქონდეს პიროვნებასთან, რომელიც შეცდომებს კი არ ეძებს ჩვენში, არამედ ყოველთვის მზადაა პატიებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვა თვალს ხუჭავს ბოროტებაზე. ის აცხადებს: „მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება“ (ესაია 61:8). როგორც სამართლიანი ღმერთი, ის ყოველთვის არ მოუთმენს უტიფარ შემცოდველებს, რომლებიც ბოროტებას არ იშლიან. ამგვარად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თავის დროზე იეჰოვა მოსპობს უსამართლობას.

სიყვარულისა და სამართლიანობის სრულყოფილად გაწონასწორებას სიბრძნე სჭირდება. ჩვენთან დამოკიდებულებაში იეჰოვა შესანიშნავი გაწონასწორებულობით ავლენს ამ ორ თვისებას (რომაელთა 11:33–36). რასაკვირველია, მისი სიბრძნის დანახვა ყველგან შეიძლება. ბუნების საოცრებები ამის ნათელ მტკიცებას წარმოადგენს (ფსალმუნი 103:24; იგავნი 3:19).

მაგრამ მარტო სიბრძნე არ კმარა. თავისი ნების შესასრულებლად შემოქმედს ძალაც უნდა ჰქონდეს. ბიბლია გვიჩვენებს, რომ მას აქვს ძალა: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა. . . არავინ დააკლდება ძალამოსილს“ (ესაია 40:26). მართლაც, იეჰოვა „ძალამოსილია“, მას შეუძლია შეასრულოს თავისი ნება. განა არ გიზიდავთ იეჰოვასკენ მისი თვისებები?

სარგებლობა, რომელიც იეჰოვას გაცნობას მოაქვს

ღმერთს დედამიწა „საუკაცრიელოდ კი არ შეუქმნია“, არამედ მასთან ახლო ურთიერთობის მქონე ადამიანების „დასასახლებლად (ესაია 45:18; დაბადება 1:28). ის ზრუნავს თავის მიწიერ ქმნილებებზე. მან ადამიანებს სრულყოფილი საწყისი მისცა და ბაღისმაგვარ სახლში, სამოთხეში, დაასახლა. დღეს კი ადამიანები ანადგურებენ დედამიწას, რაც იეჰოვას დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მაგრამ, თავისი სახელის მნიშვნელობის თანახმად, იეჰოვა შეასრულებს ადამიანებისა და დედამიწის მიმართ თავის პირვანდელ განზრახვას (ფსალმუნი 113:24; გამოცხადება 11:18). ის დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს, სადაც ისინი იცხოვრებენ, ვისაც სურს მისი მორჩილი შვილი იყოს (იგავნი 8:17; მათე 5:5).

ბიბლიის უკანასკნელი წიგნი აღწერს, როგორი ცხოვრება იქნება სამოთხეში: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). აი ასეთ ჭეშმარიტ ცხოვრებას გვპირდება იეჰოვა. რა კეთილმოსურნე მამაა ის! არ გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ ვინ არის ის და რას მოითხოვს თქვენგან, სამოთხეში ცხოვრების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ?

თუ არაფერია მითითებული, ციტატები ებრაული წერილებიდან მოყვანილია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლიიდან (სსგ), ციტატები ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან კი — წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი (კს). თუ ციტატას მოყვება შემოკლება აქ, ეს ნიშნავს, რომ ის თარგმნილია ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიიდან „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება